გივი მარგველაშვილის „მუცალი“: პოსტმოდერნიზმის ესთეტიკა და კლასიკური ტექსტების დეკონსტრუქციის პრობლემა

პოსტმოდერნიზმი განვითარებული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მოვლენაა, პოსტმოდერნისტული აზროვნება კი  – თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მეტად სპეციფიკური ნიშანი. იგი XX საუკუნის კულტურის უნივერსალური კატეგორიაა და, როგორც ხშირად მიუთითებენ ხოლმე, გამოხატავს „ეპოქის სულს”. დღევანდელი მსოფლიოს „კულტურული ლანდშაფტი” წარმოუდგენელია პოსტმოდერნიზმის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში პოსტმოდერნისტული სამყაროს კულტურის წიაღში ცხოვრობს. პოსტმოდერნიზმი კულტურული ეპოქების ჯაჭვის ერთ–ერთი შემაერთებელი რგოლია, რომლითაც ერთმანეთს უკავშირდება სხვადასხვა კულტურული ეპოქა.

პოსტმოდერნიზმის პარადიგმისათვის დამახასიათებელია ესთეტიკური სისტემების მთლიანობის, სიმწყობრის, დასრულებულობის შესახებ არსებული წარმოდგენების გამიზნული დარღვევა, ყველა სტაბილური ესთეტიკური კატეგორიის წაშლა, ტაბუსა და საზღვრებზე უარის თქმა. ამავე დროს წარმოუდგენელია, თუნდაც ფორმალურ დონეზე, არსებობდეს ნაშრომი, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება პოსტმოდერნისტული ნაწარმოებების ორგანიზაციის წესები.

პოსტმოდერნიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულენოვანმა ქართველმა მწერლმა გივი მარგველაშვილმა, რომელიც ბერლინში ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. თუმცა, მწერლის ბიოგრაფია იმდენად არაორიდინალურია, რომ შეუძლებელია კლასიკური ემიგრანტობის რომელიმე მოდელს მიესადაგებოდეს. ასე მაგალითად:

  • ემიგრანტული ლიტერატურა, როგორც წესი, იქმნება მშობლიურ ენაზე. გივი მარგველაშვილისათვის მშობლიური ენა გერმანული იყო;
  • ემიგრანტული ლიტერატურა იქმნება სამშობლოსაგან მოშორებით, შორს, ემიგრაციაში, გივი მარგველაშვილი კი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა თავის ისტორიულ სამშობლოში;
  • ემიგრაციაში მწერალს შეეძლო ღიად გაეკრიტიკებინა სამშობლოში არსებული მისთვის მიუღებელი წეს-წყობილება. გივი მარგველაშვილს ღია და საჯარო კრიტიკას საბჭოთა სპეცსამსახურები არ გააბედვინებდნენ. ისიც დიდ „გამართლებად” და საბჭოთა „ჰუმანიზმის გამოვლინებად” უნდა ჩაითვალოს, რომ მამამისთან, ტიტე მარგველაშვილთან, ერთად არ დახვრიტეს 1946 წელს;
  • ემიგრანტი მწერლების შემოქმედებაში სხვადასხვა დოზით, მაგრამ ყოველთვის არის ნოსტალგია. ნოსტალგია გივი მარგველაშვილის ნაწერებშიც გვხვდება, მაგრამ მას, თავის ისტორიულ სამშობლოში მყოფს, ენატრება ბერლინი და იქაური თავისუფალი ცხოვრება;
  • ემიგრანტი მწერლები მოწყვეტილნი იყვნენ სამშობლოსა და მშობელი ხალხის თანამედროვე ცხოვრებას, გივი მარგველაშვილი კი საქართველოში მოვლენების ეპიცენტრში ცხოვრობდა [გაფრინდაშვილი, მირესაშვილი, 2014: 263].

 გივი მარგველაშვილის შემოქმედების ემიგრანტული ლიტერატურისათვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნები ბიკულტურიზმი, ბილიტერატურიზმი და ბილინგვიზმია.

გივი მარგველაშვილის პოსტმოდერნისტულ ნაწარმოებებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს რომან „მუცალს”. ეს თხზულება 1991 წელს დაიბეჭდა გერმანიაში, ხოლო მისი ქართული თარგმანი 2001 წელს გამოიცა. რომან „მუცალისათვის” ამოსავალ ტექსტებად იქცნენ „მერანი” და „ალუდა ქეთელაური”. რომანი მრავალპლანიანია და მასში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პლასტის გამოყოფა შეიძლება:

  • ფილოსოფიურის;
  • სოციოლოგიურის;
  • პოლიტიკურის;
  • ავტობიოგრაფიულის;
  • წმინდა ლიტერატურულის [გაფრინდაშვილი, 2014: 264].

პოსტმოდერნიზმის არსებითი მახასიათებლები „მუცალის” ფორმაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ მის შინაარსსა და  ეპოქის იდეოლოგიაში. თხრობის ფრაგმენტულობა, ეკლექტიკა, რადიკალური პლურალიზმი, ინტერტექსტუალობა, ტოტალური ირონია, მინიშნების ტექნიკა, ორმაგი კოდირება, კოლაჟურობა, ციტატური აზროვნება და პოსტმოდერნიზმის სხვა ნიშნები შეიძლება ყოველთვის არ არის ასახული  პოსტმოდერნისტული რომანის ტექსტის სტილსა და ფორმაში, მაგრამ ასახულია ტექსტის იდეოლოგიაში და სიუჟეტითაა გამყარებული.

            რომან „მუცალს” ახასიათებს პოსტმოდერნიზმის ესთეტიკის ყველა ძირითადი ნიშანი: პლურალურობა, დეკონსტრუქციულობა, ციტატურობა, რეალობის გაქრობა, ირონიულობა, ინტერტექსტუალობა, მრავალკულტურულობა და სხვა. მაგალითად: „მუცალში” დაცულია პალიმფსესტის პრინციპი, გივი მარგველაშვილიც უგულებელყოფს „ცარიელ ფურცელზე“ წერის პრინციპს, როგორც პოსტმოდერნისტ მწერალს, ტექსტი მას ესმის, როგორც პალიმფსესტი, ძველ ტექსტზე გადაწერილი ტექსტი, რომელშიც ძველი ტექსტის ცალკეული ფრაგმენტებია შემორჩენილი. „მუცალი” პალიმფსესტური ტექსტია, რადგან უკვე არსებულ ტექსტებს - „მერანსა” და „ალუდა ქეთელაურს” - ავტორმა „გადააწერა” ახალი ტექსტი და მიიღო ახალი ესთეტიკური რეალობა რომან „მუცალის” სახით; ავტორი წარმატებით მიმართავს პოსტმოდერნისტული კულტურის ერთი-ერთ მახასიათებელსა და ცენტრალურ მხატვრულ ხერხს–პასტიშს: ხელოვნების ნიმუშის შეგნებულად დეფორმირებულ ასლს. იგი მიმართავს ირონიას და აქცენტს აკეთებს ორიგინალის გარკვეულ  ნიშნებზე. განათლებული მკითხველისათვის მარგველაშვილისეული პასტიშის მხატვრულ-ესთეტიკური მიზანი სრულიად გასაგები და ლოგიკურია.  რადგან ამ სამყაროში იდეალური აღარაფერია, პაროდიის ადგილი დაიკავა ემოციურად ნეიტრალურმა, უარყოფის ენერგიას, სატირულ საწყისსა და სიცილს მოკლებულმა პასტიშმა; „მუცალი” არასწორხაზოვნად ორგანიზებული რიზომული ტექსტია, რაც თანამედროვე პოსტმოდერნისტული ესთეტიკის უმნიშვნელოვანესი ნიშანია.

ქართველი პოსტმოდერნისტი ავტორის გატაცების საგანი ფრანგი ფილოსოფოსის ჟილ დელიოზის კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც ჩვენ წერტილებს არ ვსვამთ, არამედ ხაზებს ვავლებთ. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ ლიტერატურული გმირები მხოლოდ საკუთარ ტექსტებში კი არ ,,იმარხებიან,“ არამედ ისინი გარბიან ტექსტებიდანაც კი! გაქცევა სიმხდალის სინონიმი როდია ყოველთვის! [მარგველაშვილი,1991:5] საკუთარი ცხოვრებისთვის წერტილის დასმას გაურბიან მარგველაშვილის პერსონაჟები და მიეშურებიან იქითკენ, სადაც შეიძლება ხაზების გავლება. აკი ამბობს კიდეც ავტორი რომანის წინათქმაში: ,,მკვლელობა ქისტი მუცალის ცხოვრებაში მხოლოდ ფინალურ წერტილს კი არ სვამს, არამედ ქეთელაურის ახლებურად აზროვნებისა და მისი ღრმად მონანიე ცხოვრების წესის ამოსავალი წერტილის მნიშვნელობასაც იძენს. ეს არის გაქცევის ხაზის დასაწყისი საზოგადოებიდან - საკუთარი თემიდან, სადაც არ ესმით მოკლული ქისტის მიმართ ქეთელაურის მოწიწება და ის სინანული, რომელსაც იგი მომხდარის გამო განიცდის...“ [მარგველაშვილი,1991:5].

გივი მარგველაშვილის ,,მუცალი“ კონიუნქციურ მეთოდზეა აგებული.  აქ ,,და“ კავშირი ქმნის წარსულისა და აწმყოს კომბინაციას; ტექსტის სიმბოლისტური გადაწყვეტა ცნებებად აქცევს გამომსახველობით საშუალებებს და მკითხველს უჭირს, გრძნობა-განცდათა დახლართული გორგლის ნასკვი იპოვოს. ავტორი აღნიშნავს, რომ ხევსურულ თემში შავი მერნით ქისტი მუცალის მოტაცების სცენით სუკის მიერ ადამიანის მძევლად აყვანა წარმოადგინა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს გარკვეულწილად მისი ცხოვრების დრამის გადმოცემასაც ემსახურება მიზნად.   

,,მუცალის“, როგორც საკვლევი ტექსტის, თემატიკა ეფუძნება დეკონსტრუქტივიზმისა და ჰერმენევტიკის პრინციპებს;  ესთეტიკური სინამდვილე, ამ შემთხვევაში პოსტმოდერნული ტექსტი, მიმართულია სინამდვილის გახსნისა და გამოაშკარავებისკენ; მკითხველმა უნდა შეძლოს დეკოდირება და ტექსტის გათავისუფლება იმ ხელისშემშლელი ფაქტორებისგან, რომლებიც აფერხებენ ტექსტისმიერი სინამდვილის აღქმას. ამიტომაც ამბობს ჟან-ფრანსუა ლიოტარი - პოსტმოდერნული ფილოსოფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ავტორი:  ,,მოდერნული ხელოვნება წარმოადგენს ხელოვნების ტრადიციული არსის რღვევას და აღარ იქმნება ხელოვნების ქმნილებები ხელოვნების ტრადიციული, ერთიანი ცნების მნიშვნელობით...“ [ლიოტარი, 1999:39].  იგი აქვე დასძენს, რომ მკითხველი იძულებულია, აღიქვას შემოქმედებითი პროდუქტის ცალკეული ელემენტები, ფრაგმენტები, ერთიან ფენომენს მოკლებული შემადგენელი ნაწილები [ლიოტარი, 1999: 39].  ეს კი სხვას არაფერს გულისხმობს, თუ არა იმას, რომ კლასიკური ტექსტი მთელისა და ნაწილების ურთიერთობის მაგალითია. გივი მარგველაშვილი კარგად იცნობს ფუკოსა და დერიდას ფილოსოფიურ კონცეფციას, ამის დადასტურებაა ის გარემოება, რომ ,,ფერისცვალების“ გზაზე შემდგარი ალუდა თვალახვეული საზოგადოების გზის გამკვალავად გვევლინება და ჩვენს გონებაშიც უმალ გაიხმიანებს ნიკოლოზ ბარათაშვილის სტრიქონი: ,,და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება...“ სწორედაც რომ ნიშანი, კვალი, ცნობიერების შეცვლაა ის მთავარი კონცეპტები, ასე რომ ერწყმიან ერთმანეთს დერიდას ფილოსოფიასა და მარგველაშვილის ინტერპრეტირებულ ტექსტში.

ქართველი პოსტმოდერნისტი ავტორის  მთელი ნაწარმოები ცნობიერების ნაკადის საბურველითაა შემოსილი და არ გვიკვირს, როცა თავად შემოქმედისთვის ,,თემა“ და ,,თემი“ ერთ სააზროვნო სიბრტყეზე აღმოჩნდება და მერანზე ამხედრებული ვაჟა-ფშაველა იარაღიან ალუდა ქეთელაურს გადააწყდება; მხატვრულ-სიუჟეტურ ქარგაში აშიშვლებს ავტორი ტოტალიტარული რეჟიმის სახეს და ეგზისტენციალურ უპერსპექტივობაზე  მიანიშნებს მკითხველს.  გივი მარგველაშვილის ,,მუცალი“ საშუალებას იძლევა, გადამერს თუ დავესესხებით [ყულიჯანიშვილი, 2006: 312] უფრო ღრმად შევიდეთ წიგნისმიერ  რეალობაში,  უფრო მივუახლოვდეთ დამალულ ჭეშმარიტებას, რათა  კოდები მოვხსნათ იმ ქმნილებას, რომელიც თავისთავში ატარებს ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას.

რომანის მთავარი პერსონაჟი უფრო მთხრობელია, ვიდრე მოქმედი გმირი. იგი საოცარი გულწრფელობით მოგვითხრობს კულისებში მიმდინარე მოვლენებს. მთხრობელი თანდათან იტაცებს მკითხველს და სრულიად ორიგინალურ სამყაროში მიუძღვება მას.   

აქ ასახული კოსმოგონია  ცისა და  მიწის ახალ, უცნაურ ნიმუშად წარმოგვიდგება: პოსტმოდერნისტული ტექსტის მიწა წიგნის პერსონაჟებითაა დასახლებული. ისინი თავიანთ საქმიანობას მანამ ეწევიან, სანამ წიგნს მკითხველი არ მიუახლოვდება. გადაშლილ წიგნს კი მოულოდნელად ორმხრივი მზერა მსჭვალავს: მკითხველი ასოებს მიჰყვება და, თავისი მზაობის შესაბამისად, სწვდება ცალკეულ სიუჟეტებს, ხოლო პერსონაჟი საკუთარ თავზე გადაჭიმულ ცის კაბადონს მკითხველის თვალებში ხედავს და ხსნასაც იქიდან ელის. ჩვენს შემთხვევაში მთხრობელი ვაჟას ,,ალუდა ქეთელაურის” პერსონაჟი მუცალია, რომელიც ჩვენ თვალწინ თომინოს თამაშობს და თანაც დამატებითი ქვებით ცდილობს სხვა პერსონაჟების ,,გაცურებას”. თამაშის ესთეტიკის პოსტმოდერნულგააზრებას ტექსტში ქართული რომანტიკული შემოჰყავს აზროვნების ანტიპოდები: რამდენადაც ნ. ბარათაშვილთან ,,ავბედითი შავი ყორანის” ძახილს მერანის თავაწყვეტილი და დაუზოგავი ჭენება მოსდევს, თომინოს ხელში იგი ფანტასტიკურ კოზირად ინტერპრეტაციის მეშვეობით გადაიქცევა – გალეშილ ხევსურებს ქისტი მუცალი თეთრი მერანისა და თეთრი მტრედის გამოჩენით აღწევს თავს, მაგრამ ეს თავდაღწევა დროებითია, რადგან წარმატება მკითხველ თავზეა დამოკიდებული და რადგანაც ყველაზე უფრო გონებამახვილი მკითხველიც კი სამყაროს შეცვლას ვერ შესჭიდებია, თეთრ ცხენს მოფრენილი მუცალი მიწაზე უმოწყალოდ გაადენს ზღართანს.  

გივი მარგველაშვილის ქისტი მუცალი ვაჟას მუცალი აღარ არის, რომელიც  სიტყვაძვირად ემშვიდობება სიცოცხლეს და ჭრილობებში ბრძამის ჩაფენით ცდილობს გადარჩენას. მარგველაშვილისეული მუცალი გახსნილი მოსაუბრეა და თავის პროტოტიპს რადიკალურად უპირისპირდება. ,,მუცალს რომ ეცოცხლა” და ,,სამყაროც რომ ასე სასტიკი არ ყოფილიყო” -ამგვარ პირობით ფრაზებში კარგად ექცევა სათქმელი, რომელიც ასე ძლიერ აწუხებს პერსონაჟს.Mმისი ტკივილი ფარდას ჩამოგლეჯს წიგნის ყდას და გულგრილს არ ტოვებს მკითხველს.Eეს დელიოზის ფილოსოფიაა – წერტილების უარყოფისა და ხაზების გავლების ფილოსოფია (ხაზი ჩვენია, ნ.გ., ნ.ა., მ.ს.) და ,,მუცალის” კომპოზიციაც სასრულო პროგრესიით ბრუნავს საკუთარ თავში, მარადიული თვითდაბრუნებისა და განახლების პრობლემის აქტუალიზება მკითხველს ამჯერად მე-20 საუკუნის პერსპექტივიდან აყენებს არჩევნის წინაშე – გადაჭრას მუცალად ყოფნის კარდუსეული დეფინიცია და გადალახოს ტაბუდებული საზღვრები, ან მოჯადოებულ წრეში მოაქციოს საკუთარი ეგზისტენცია და დელიოზის წრე ჩაკეტილ სისტემად შეკრას.

         „მუცალში“ ყურადსაღებია თეთრი მტრედისა და თეთრი მერნის მეტაფორული სახეები. თავისი სტრუქტურით მათ უახლოვდება თხის მწყემსების სიმბოლური სახე, შეიძლება ითქვას, რომ მათი შინაგანი კავშირები ერთგვარ გასაღებსაც წარმოადგენს რომანის სიმბოლური თავისებურების დასადგენად.

         საყოველთაოდ ცნობილია, რომ ,,მუცალის” პოსტმოდერნული ტექსტის დამუშავებისას ავტორი ორ ძირითად წყაროს ეყრდნობა. ესენია: ნ. ბარათაშვილის პოეზია (განსაკუთრებით კი, მისი ,,მერანი”) და ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური”.

პირველი მათგანის პოსტმოდერნული რეფლექსია ასეთ სურათს  გვაძლევს:

ბარათაშვილისეული წყარო:

მარგველაშვილისეული ინტერპრეტაცია:

შავი ყორანი

თეთრი მტრედი

 

მერანი

თეთრი მერანი

 

 

                       ამრიგად, როდესაც ფერი გარკვეულია (შავი ყორანი), მისი პოსტმოდერნული გადამუშავების შედეგად გივი მარგველაშვილი საპირისპირო ფერს წარმოადგენს (თეთრი მტრედი) და გამოკვეთილად უარყოფითი დატვირთვის მქონე სახე გამოკვეთილად დადებით სიმბოლურ სახედ იქცევა. აქვე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ სიმბოლოების თეოლოგიურ დატვირთვაზე: პოსტმოდერნიზმისათვის ბიბლია მეტად საინტერესო ტექსტი და წყაროა, იმის მიუხედავად, ავტორი მას ეთანხმება თუ  ეკამათება.

                       რაც შეეხება მერანს, ნ. ბარათაშვილის მერნის, მისი ფერი დაუდგენელია. მკითხველზე მეტად ემოციურად მოქმედებს მასში აკუმულირებული საბრძოლო შემართება. მერნისა და მისი მხედრის ბოლო  ტრაგიკულია. ლექსში არაერთხელ ვხვდებით მინიშნებას ლირიკული გმირის მოსალოდნელ დაღუპვაზე, მაგრამ იგი ზვარაკად ეწირება იდეალისათვის ბრძოლას. ავტორი აღნიშნავს:

„ტყუილად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება”

 [ქართული პოეზია, 1975: 280-281);

როგორც აღვნიშნეთ კიდეც, პოსტმოდერნულ სახეს კავშირი თავის პირველწყაროსთან, ერთი მხრივ, აახლოებს, მეორე მხრივ, ხშირად აშორებს კიდეც.  პოსტმოდერნისტი მწერალი-ინტერპრეტატორი იღებს პირველწყაროს მხატვრულ სახეს და რადიკალურად შეცვლილს უბრუნებს მკითხველს. სწორედ ამ მიდგომის მხატვრულ ხორცშესხმას უნდა წარმოადგენდეს გივი მარგველაშვილთან ,,თეთრი მერანისა” და ,,თეთრი მტრედის” სახე-სიმბოლოები.

                       ამგვარად, “X” ნიშანი პოსტმოდერნისტულ ტექსტში “–X” ნიშნად გარდაქმნილი წარმოგვიდგება და თითქოს საკუთარ თავზე საკუთარი თავის უარყოფით მიგვანიშნებს. სწორედ ასე გარდაიქმნება ,,მუცალში” შავი ყორანი თეთრი მტრედად.

                       რომანის იდეურ-სიუჟეტურ ქარგაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს თხის მწყემსების სიმბოლოს. მწყემსის გაგება ჯერ კიდევ თეოლოგიურ ლიტერატურაში პოვებს სიმბოლურ გააზრებას. თეოლოგიურ ლიტერატურაში მწყემსის მყარი ეპითეტია კეთილი, მწყემსი კეთილი. მის საპირიპიროდ ,,მუცალი” იმავე სქემით ახალ სახემდე მიდის:

წყარო(სახარება):

მარგველაშვილისეული  ნტერპრეტაცია

“მწყემსი კეთილი”                           “თხის მწყემსები”

 

სახარებაში წარმოჩებილი თხისა და ცხვრის სიმბოლიკა დაღუპულ და გადარჩენილ ადამიანებს განასახიერებს. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: ,,ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაÁ დიდებითა თვისითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა; და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაÁ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან. და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით” [მათე, 25:31-33].

რასაკვირველია, პოსტმოდერნულ ტექსტში შემთხვევითი არ შეიძლება იყოს თხის მწყემსების სახის შემოტანა იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელსაც ქრისტიანულ აზროვნებას სახარების ზემომოყვანილი სტრიქონები სთავაზობს. საინტერესოა, რომ აღნიშნული სიმბოლო მხოლოდ მწყემსებს კი არა, იმ საზოგადოებასაც კარგად ახასიათებს, რომელიც ტექსტში ხშირად თემი-თემა-თომინოს გათამაშების პირველწყაროდ გვევლინება. აქვე ამავე საზოგადოების, ან, უფრო ზუსტად, თემის დახასიათებისთვის მოვიხმოთ კიდევ ერთი ციტატა სახარებიდან: ,,უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი, ხოლო ბრმაი ბრმასა თუ წინაუძღვენ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან” [მათე,15:14). 

ამგვარად, გივი მარგველაშვილი პოსტმოდერნისტული სიმბოლიკის საკმაოდ საინტერესო მოდელს გვთავაზობს: იგი პირველწყაროდან იღებს მხატვრულ სახეს და მისი საპირისპირო ეკვივალენტით ქმნის ახალ მხატვრულ-ესთეტიკურ სამყაროს, რომელიც, როგორც ტექსტშია ნათქვამი, თავის რეალურ მკითხველს ელოდება. მკითხველი კი უსასრულოდ იგვიანებს და პერსონაჟების მომლოდინე მზერას დახურული წიგნის ამარა ტოვებს.

სწორედ ამ პრობლემაზე უნდა მიგვითითებდეს ,,მუცალის” ავტორიც რომანის თავში, რომელსაც ,,ალუს მძიმე სევდა” ჰქვია. როგორც მკითხველს ახსოვს, ვაჟა-ფშაველა თავის ტექსტში რთავს მეტად საინტერესო ფსიქოლოგიურ პასაჟს ალუდას სიზმრის სახით. აღნიშნულ ეპიზოდში პერსონაჟი დგება საკუთარი ქვეცნობიერის პირისპირ და უსმენს თავის  შინაგან ხმას, რომელიც მას და მის თანამოძმეებს სასტიკ დანაშაულში – კაციჭამიობაში – სდებს ბრალს. პოსტმოდერნისათვის ნიშანდობლივია მკითხველის ან, ზოგადად, რეციპიენტის წარმოჩენა სცენაზე, ოღონდ არა აქტორად, არამედ დაკვირვების ობიექტად, რომელსაც ნაწარმოების პერსონაჟები აკვირდებიან. ისინი ავტორის გონების ნაყოფს აღარ წარმოადგენენ – მათ თანამედროვე ეპოქა სუვერენულ სულს ანიჭებს და პერსონაჟებიც გაუუცხოვდებიან საკუთარ თავს, იწყებენ რა მის აღქმას, როგორც მსახიობები. გივი მარგველაშვილის ,,მუცალის” ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი სწორედ ამგვარი პოსტმოდერნისტული კვარცხლბეკიდან გადაჰყურებს თავის სიზმარს: მას იპყრობს შიში და თავის ამ სისუსტეს მხოლოდ დამეგობრებულ ქისტს უმხელს; ალუდას ამგვარი მსოფლაღქმა მის პერსონაჟს ვაჟასეული ალუდას სახეს უკარგავს და ტექსტის ინტენციას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის. ალუდას არ სურს, რომ მკითხველმა მისი შინაგანი სამყარო სიზმარში წარმოჩენილი ორეულის ადეკვატად წარმოიდგინოს. სწორედ ამიტომ აწყობს იგი ,,ექსპედიციას” და მუცალთან ერთად მკითხველის ცნობიერებაში სამოგზაუროდ მიემართება. მოგზაურობის მიზანი იმთავითვე გარკვეულია – მეგობრებმა უნდა დაადგინონ მკითხველის აღქმის რაგვარობა და  საჭიროების შემთხვევაში სწორი ვერსია მიაწოდონ მას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წიგნის უბნის მცხოვრებთათვის (ასე უწოდებს ავტორი მათ) მკითხველის თავი მათი წიგნის თავზე გადაჭიმული ზეცაა, ხოლო მკითხველის ცნობიერში მოგზაურობა ვარსკვლავებთან ხიდის გადებას და, შესაბამისად, ირეალურ და რეალურ სამყაროებს შორის კავშირის აღდგენას გულისხმობს. სწორედ ამიტომ გ. მარგველაშვილის პოსტმოდერნული ტექსტი უკვე აღარაა ცალმხრივი რეცეფცია: იგი ორმხრივი მსოფლაღქმის კომპლექსურ მოდელად იქცევა, რომლის გარღვევაც რეალური მკითხველისათვის ჭეშმარიტი არსის წვდომის, ხოლო წიგნის უბნელისთვის მარადისობასთან ზიარების ტოლფასია.

სწორედ ამიტომ ეს, ერთი შეხედვით, მარტივი სიუჟეტი, რომლის შინაარსობრივი ქარგა გარკვეულწილად ბავშვურ თამაშს მოგვაგონებს, პოსტმოდერნისტული ესთეტიკის  თვალსაჩინო ნიმუშად წარმოგვიდგება.

ამგვარად, გივი მარგველაშვილის „მუცალი“ წარმოადგენს ერთგვარ სარკეს, რომელშიც  პოსტმოდერნიზმის  ესთეტიკა   კლასიკური ტექსტების  დეკონსტრუქციითაა წარმოდგენილი და რომელიც არაჩვეულებრივი სინატიფით ირეკლავს ეპოქისა და ხელოვნების ურთიერთზეგავლენის საინტერესო პლასტებს. ქართული წყაროების განხილვა  ევროპული ლიტერატურის  კონტექსტში საინტერესო და აქტუალური ლიტერატურათმცოდნეობითი ამოცანაა. „მუცალი“ ევროპული პოსტმოდერნიზმის კლასიკური ნიმუშია,  რომელშიც ქართული ლიტერატურული მასალა და თემატიკა   დასავლურ დისკურსსაა  მისადაგებული.

ქართულმა პოსტმოდერნიზმმა თანამედროვე ქართულ კულტურულ სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ბუნებრივია, ქართულ ლიტერატურაში პოსტმოდერნიზმი „ცარიელ“ ადგილზე არ გაჩენილა. მის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონიეს მდიდარმა ქართულმა სალიტერატურო ტრადიციებმა,  XX საუკუნის მიწურულისა და XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოში შექმნილმა სოციალურ-პოლიტიკურმა მდგომარეობამ, დასავლური და რუსული პოსტმოდერნიზმის კულტურულ-ესთეტიკურ სამყაროსთან, მათ შორის, გივი მარგველაშვილის შემოქმედებასთან, ზიარებამ.

ლიტერატურა

გაფრინდაშვილი ნ. მირესაშვილი მ.
2014
ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლები, თბილისი
ლიოტარი ჟ.ფ.
1999
,,პოსტმოდერნიზმი, როგორც ,,ასეთი“, თბილისი
მარგველაშვილი გ.
1991
მუცალი, თბილისი
ქართული პოეზია
1975
ტ. 6, თბილისი
ყულიჯანიშვილი ა.
2006
ესთეტიკა, თბილისი