ვახტანგ იმნაიშვილი
ვახტანგ იმნაიშვილი დაიბადა 1939 წელს. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1966-69 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ("კომპოზიტები ძველ ქართულში") და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1977 წელს _ სადოქტორო დისერტაცია ("მამათა ცხორებანი" /ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI საუკუნისა/) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი არის 5 მონოგრაფიისა და 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ძველი ქართული ენის ქვემიმართულების სრულ პროფესორად. ლექციებს კითხულობდა ვენის, ბერნისა და მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტებში.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: ძველი და ახალი ქართული ენა, ძველი ქართული ხელნაწერები, ქართული მართლწერის საკითხები.