ჩვაბიანის ოთხთავი (H-1791 და მესტიის მუზეუმში დაცული მისი ფრაგმენტი (სიემ N 491)

სტატიაში იდენტიფიცირებულია XIX საუკუნის II ნახევრისა და  XX საუკუნის დასაწყისის სამეცნიერო ლიტერატურაში „მუჟალის პირველ ოთხთავად“ მოხსენიებული  სახარება-ოთხთავის ხელნაწერი, რომლის კვალი დღეისათვის სვანეთში დაცულ ან სვანეთიდან წამოღებულ  ხელნაწერ სახარებათა შორის არ ჩანდა. პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ „მუჟალის პირველ ოთხთავად“ წოდებული ხელნაწერი  იგივე კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში  დაცული H-1791 კოდექსია. გარკვეულია, რომ  1213-1216 წლებში შავი მთის სავანეში გადაწერილი ამ მანუსკრიპტის დიდი ნაწილი (153 ფ.) XX საუკუნის დასაწყისში სოფელ ჩვაბიანიდან ჯერ მესტიაში, შემდეგ კი თბილისში, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციაში, მოხვედრილა, ნაწილი კი ჩვაბიანშივე დარჩენილა.  კვლევის შედეგად  დადგენილია, რომ  მესტიის  მუზეუმში ჩვაბიანის ოთხთავის სახელით დაცული ოთხფურცლიანი ფრაგმენტი (სიემ N 491; კ-8)  H-1791-ის  ნაწილია და დასმულია საკითხი, რომ  ჩვაბიანის ოთხთავი ეწოდოს არა  მხოლოდ ამ ფრაგმენტს, არამედ H-1791 ხელნაწერსაც, რომელიც მესტიაში დაცულ ჩვაბიანურ ფრაგმენტთან ერთად უკვე არა 153, არამედ 157 ფურცელს შეიცავს. 

საკვანძო სიტყვები: ძველი ქართული ხელნაწერები; სახარების ხელნაწერები სვანეთიდან; მესტიის მუზეუმში დაცული ფრაგმენტები; ჩვაბიანის ოთხთავი.

 
 
 
 

შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა და აღმოსავლური კონტექსტი

სტატიაში ხაზგასმულია შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის კვლევის აუცილებლობა რეგიონალურ და გლობალურ კონტექსტში, მისი არა მხოლოდ ეროვნულ მწერლობად, არამედ მსოფლიო ლიტერატურული პროცესების მნიშვნელოვან ნაწილად გააზრების საჭიროება. მიმოხილულია ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის აღმოსავლურ მწერლობასთან მიმართებების კვლევისას. გაანალიზებულია, თუ რას გულისხმობს რეალურად „აღმოსავლური კონტექსტი“ ქართული საერო ლიტერატურისთვის, რა ფაქტებს უნდა მიექცეს ყურადღება სპარსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების ადეკვატურად და გადაუჭარბებლად შესაფასებლად.

გამოკვეთილია ხალხური დასთანის ჟანრის მნიშვნელობა ქართული საერო მწერლობისა და დასავლურ-აღმოსავლური ლიტერატურული კავშირების კვლევის საქმეში. გაკეთებულია დასკვნა, რომ შუა საუკუნეების ქართული სიტყვიერი შემოქმედება არა მხოლოდ გავლენის (აღმოსავლური თუ დასავლური) ობიექტი, არამედ ზოგჯერ ამ ორი სამყაროს დამაკავშირებელი იყო.

საკვანძო სიტყვები: შუა საუკუნეების ქართული მწერლობა, სპარსული ლიტერატურა, ხალხური რომანი, ამირანდარეჯანიანი, ვისრამიანი.

 
 
 
 

ფატმანის სახის რეცეფცია ტიციან ტაბიძის სონეტში

სტატიაში განხილულია ფატმანის სახის რეცეფცია ტიციან ტაბიძის სონეტში ,,фატმან-ხათუნ“. ნაჩვენებია, რა ჩანაფიქრი ჰქონდა ავტორს ლექსის დაწერისას და რა იყო სონეტის შექმნის მოტივაცია. ტექსტის უკეთ გასააზრებლად მოხმობილია ,,ვეფხისტყაოსნის“ ფატმანის არქეტიპი და, რაც მთავარია,  გამოთქმულია თვალსაზრისი, რატომ აირჩია პოეტმა ასახვის ობიექტად რუსთველის გამორჩეული პერსონაჟი.

საკვანძო სიტყვები: ,,фატმან-ხათუნ“, ,,ვეფხისტყაოსანი“, ,,სონეტების გვირგვინი“, ვალერი ბრიუსოვი.

 
 
 
 

აფხაზური მისტერიის რეპრეზენტაცია გ. ტაბიძის ლექსში „პირველ თაველებს“

სტატიაში განხილულია გ. ტაბიძის ლექსის - „პირველ თაველებს“ - მითოლოგიური არქეტიპები. კვლევამ აჩვენა, რომ ლექსს საფუძვლად უდევს ბუნების ძალთა აღორძინებისა და აღდგომის ძველი აფხაზური დღესასწაული. ნაშრომში კვლევის კომპარატივისტული და სტრუქტურული მეთოდების გამოყენებით გაანალიზებულია კონკრეტული მითოლოგიური პარალელები, რომლებიც გამოვლინდა გ. ტაბიძის ლექსსა და აფხაზურ მისტერიას შორის.

საკვანძო სიტყვები: გალაკტიონ ტაბიძე, აფხაზური მისტერია, არქეტიპები

 
 
 
 

ლიდერი და კომანდა ახალ ქართულ სამხედრო ტერმინოლოგიაში

სტატიაში განხილულია ტერმინოლოგიური პრობლემები, რომლებიც წარმოიშვა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო ურთიერთობების დაწყების შემდეგ ან რა სირთულეების წინაშეა ენა, როდესაც ერთდროულად უამრავი ახალი ტერმინი შემოდის და უკონტროლოდ მკვიდრდება. სტატიაში საფუძვლიანად განხილულია ორი ახალი ტერმინი.

საკვანძო სიტყვები: სამხედრო ტერმინები, ლიდერი, კომანდა, კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია

 
 
 
 

De Sectis-ის ავტორობის პრობლემა და თხზულების ძველი ქართული თარგმანი არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“

სტატია განიხილავს არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“ დაცული ტრაქტატის - „თეოდორე, ყოვლად ღმრთის-მოყუარისა მონაზონისა და უფროჲსად ბრძნისა ფილოსოფოსისა თუ ვითარ სათანადო არს გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაჲ“ - ავტორობის საკითხს. შრომა დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში  De Sectis-ის სახელით არის ცნობილი.

საკვანძო სიტყვები: ლეონტი ბიზანტიელი, ამბა თეოდორე