გრიგოლ რობაქიძის რომანების პოეტიკა

სტატიაში მოცემულია გრიგოლ რობაქიძის რომანების პოეტიკის განსაზღვრის პირველი ცდა, გატარებულია თვალსაზრისი, რომ რობაქიძის რომანები წარმოადგენს მოდერნისტული რომანის განსხვავებულ ტიპს, კერძოდ, ონტოლოგიურ რომანს. 

საკვანძო სიტყვები: პოეტიკა, ონტოლოგიური რომანი, სახისმეტყველება, მითოსი.

 
 
 
 

პლატონის “სოფისტის” სტრუქტურული და კომპოზიციური ორგანიზაცია

აღნიშნული სტატია ეხება პლატონის დიალოგის, „სოფისტის," სტრუქტურული და კომპოზიციური ორგანიზაციის საკითხის კვლევას. ნაშრომში გამოყენებულია სტრუქტურული ანალიზის მეთოდი და წარმოდგენილია ამ დიალოგისა და მისი ცალკეული ეპიზოდების კვლევის შედეგად მიღებული სტრუქტურები და მათი მახასიათებლები.

საკვანძო სიტყვები: პლატონი, „სოფისტი“, სტრუქტურა, კომპოზიცია, დიალოგი.

 
 
 
 

სოცრეალისტური დისკურსი და ქართული საბჭოთა ლიტერატურის რამდენიმე თავისებურება

ქართული საბჭოთა ლიტერატურის სიღრმისეული,  დეიდეოლოგიზებული და  მიუკერძოებლი ანალიზის გარეშე  შეუძლებელია ქართული ლიტერატურის  სრულყოფილ ისტორიის შექმნა. სტატიაში განხილულია ქართული სოცრეალისტური  ლიტერატურის რამდენიმე თავისებურება: მისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ტრადიციებისადმი და "სოცრეალისტური ჰეპი ენდი".

საკვანძო სიტყვები: სოცრეალიზმი, ქართული, ლიტერატურა, იდეოლოგია, “ჰეპი ენდი“.

 
 
 
 

გალაკტიონის სიმბოლისტური და ნოვალისის რომანტიკული პოეზიის ტიპოლოგიისათვის

სტატიაში ტიპოლოგიური თვალსაზრისით განხილულია გალაკტიონისა და გერმანული რომანტიზმის უმთავრესი წარმომადგენლის, ნოვალისის, პოეზიის ძირითადი სახისმეტყველებითი კონცეპტები და წარმოჩენილია მათი როგორც კონცეპტუალური სიახლოვე, ისე თავისებურებანი  და განსხვავება.

საკვანძო სიტყვები: გალაკტიონი, ნოვალისი, ტიპოლოგია, სიმბოლო, სახისმეტყველება

 
 
 
 

არისტოტელე ჰომეროსისეული ნოვატორობის შესახებ და „ილიადის“ IX სიმღერა: გაფართოების ზეპირი და წერილობითი ეტაპები

სტატიაში არისტოტელეს „პოეტიკა" ჰომეროსისეული ნოვატორობის ერთ მნიშვნელოვან ასპექტთან მიმართებითაა განხილული. აღნიშნული წყაროსა და თანამედროვე ჰომეროლოგიური კონცეფციების გათვალისწინებით ჩამოყალიბებულია „ილიადის" ფორმირების ხანგრძლივ პროცესში სავარაუდოდ არსებული ზეპირი და წერილობითი ეტაპების გასამიჯნი კრიტერიუმები, რის საილუსტრაციოდაც გაანალიზებულია პოემის IX სიმღერა.

საკვანძო სიტყვები: არისტოტელეს „პოეტიკა“, ჰომეროსი, მარტინ მუელერი, „ილიადის“ გაფართოების ზეპირი და წერილობითი ეტაპები, „ილიადის“ IX სიმღერის გაფართოება დიალოგური პარტიების საშუალებით

 
 
 
 

ვერაგობა, როგორც სტრატეგია, ხორხე ლუის ბორხესის „მზაკვრობის მსოფლიო ისტორიაში“

სტატიაში განხილულია არგენტინელი მწერლისა და  მოაზროვნის, ხორხე ლუის ბორხესის, შემოქმედების ადრეული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნაწარმოები „მზაკვრობის მსოფლიო ისტორია", მთავარი გმირების ხასიათი და მათი პიროვნების წარმოჩენის ავტორისეული მეთოდები.

საკვანძო სიტყვები: ბორხესი, მზაკვრობა, ლათინური ამერიკის ლიტერატურა

 
 
 
 

რეალობა და ლიტერატურული ფიქცია (ოთარ ჩხეიძის „არტისტული გადატრიალება“)

ჩვენი კვლევის მიზანია, ოთარ ჩხეიძის თხზულების, „არტისტული გადატრიალების," მაგალითზე წარმოვადგინოთ, როგორ აისახა პოსტსაბჭოთა საქართველოს სამოქალაქო და ეთნოკონფლიქტები ლიტერატურულ ტექსტებში, როგორია ავტორის დამოკიდებულება სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებისადმი  და ლიტერატურული ფიქციისა და რეალობის   ურთიერთმიმართების  პრობლემა.

საკვანძო სიტყვები: „არტისტული გადატრიალება,“ პოსტსაბჭოთა საქართველო, ლიტერატურული ფიქცია, რეალობა, ზვიად გამსახურდია

 
 
 
 

დავით გურამიშვილის ლოცვისა და სამებისადმი ვედრების ინტერპრეტაციისათვის

სტატიაში განხილულია დავით გურამიშვილის ორი ლექსის („ლოცვა, ოდეს დავითს ტყვეობასა შინა მოშივდა და ღმერთს პური სთხოვა" და „სამების ვედრება: გზის წარმართვის თხოვნა დავითისაგან") რაობა და არსი, რომელთა წყაროა საუფლო ლოცვა „მამაო ჩვენო". ამ ლექსებით წარმოჩნდა პოეტის ქრისტიანული მსოფლმხედველობა და გამოვლინდა მისი პოეტური შესაძლებლობები. 

საკვანძო სიტყვები: ლოცვა-ვედრება, „მამაო ჩვენო“, ლიტურგიული ცნობიერება, პოეტის ყოფნა უცხოობაში, უზენაესისაკენ ლტოლვა

 
 
 
 

მოდერნისტული ლირიკის დისკურსი და გალაკტიონის “ლურჯა ცხენები”

სტატიაში მოდერნისტული ლირიკული დისკურსის კონტექსტში ინტერპრეტირებულია გალაკტიონ ტაბიძის ლირიკული ტექსტი - „ლურჯა ცხენები". სწორედ „ლურჯა ცხენებით" ფუძნდება ახალი მოდერნისტული ლირიკული დისკურსი ქართულ ლირიკაში. „ლურჯა ცხენების" გამოქვეყნების თარიღი (1915) შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ქართული მოდერნისტული ლირიკის დაბადება.

საკვანძო სიტყვები: გალაკტიონ ტაბიძე, „ლურჯა ცხენები“, მოდერნიზმი, სიმბოლიზმი, სახისმეტყველება

 
 
 
 

ქალი ავტორების იდენტიფიკაციის საკითხისათვის თანამედროვე თურქულ ლიტერატურაში

სტატიაში განხილულია თანამედროვე თურქულ ლიტერატურაში ქალი ავტორების სამწერლობო სივრცეში დამკვირდების პროცესი. მოყვანილია სხვადასხვა ქალი ავტორის მოსაზრება ცნება „ქალური ლიტერატურის" შესახებ. ყურადღება გამახვილებულია ქალური ისტერიულობის ტექნიკაზე, რომელიც პატრიარქალური დისკურსის რღვევის  ქალურ სტრატეგიას წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები: ქალი ავტორი, ქალური ისტერია, „ქალური“ და „მამაკაცური „ლიტერატურა“, ექსცესიური მიმესისი

 
 
 
 

ჰოფმანსთალის „ენობრივი კრიზისი“ ფრიდრიხ ნიცშეს ლინგვისტურ–სემიოტიკური მსოფლმხედველობის კონტექსტში

სტატიაში განხილულია ჰუგო ფონ ჰოფმანსთალის მხატვრულ-ესეისტური შემოქმედების ცენტრალური ტექსტის - „ლორდი ჩანდოსის წერილი" - ფილოსოფიურ-თეორიული საფუძვლები და მისი მიმართება ფრიდრიხ ნიცშეს ლინგვისტური შეხედულებების მთავარ დებულებებთან. 

საკვანძო სიტყვები: ენობრივი კრიზისი, ფილოსოფია, პოეზია, ფრაგმენტაცია, დეპერსონალიზაცია

 
 
 
 

1930-იანი წლების ამერიკა ოლდოს ჰაქსლის რომანში ,,და ბოლოს გედი მაინც კვდება"

სტატიაში განხილულია ინგლისელი მწერლის, ოლდოს ჰაქსლის, მოღვაწეობის ამერიკულ ეტაპზე შექმნილი  პირველი რომანი -  „და ბოლოს გედი მაინც კვდება“ -  და მწერლის თვალით დანახული ამერიკა, როგორც არქეტიპული ტექნოკრატიის საუკეთესო მაგალითი, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს ტექნოლოგიური და სამეცნიერო პროგრესის გავლენა ადამიანზე.

საკვანძო სიტყვები: ჰაქსლი, ამერიკა, ტექნოლოგიური, სიკვდილი, მარადიული

 
 
 
 

ბასილი კესარიელი „გარეშე სიბრძნისა“ და ეთიკურ-ზნეობრივი პრინციპების შესახებ (ტრაქტატის „რა სარგებელი უნდა მივიღოთ ელინური ლიტერატურისგან“ მიხედვით)

სტატიაში განხილულია ბასილი დიდის დამოკიდებულება წარმართული კულტურისადმი, ლიტერატურისადმი.  ტექსტის დეტალური ანალიზის საფუძველზე   შესწავლილია ტრაქტატის სავარაუდო წყაროები,  ინტერტექსტუალური მიმართებანი პლატონსა და პლუტარქესთან.  ნაჩვენებია კესარიელი წმინდა მამის ცდა, მოარგოს ერთმანეთს ანტიკური და ქრისტიანული ღირებულებები. 

საკვანძო სიტყვები: „გარეშე სიბრძნე“, ბასილი კესარიელი, ქრისტიანობა, პლატონი, პლუტარქე.

 
 
 
 

„გონზაგოს მკვლელობა“, „ჰამლეტი“ და „მეტაჰამლეტი“

სტატიაში განხილულია შექსპირის „ჰამლეტსა“ და მასში დადგმულ პიესა „გონზაგოს მკვლელობას“ შორის არსებული მეტადრამატული მიმართება. ორივე პიესა არსებითად ერთსა და იმავე სინამდვილეს ასახავს, რითაც მინიშნებულია, რომ ჩვენი სინამდვილეც მსგავსი არსის მატერებელია. ამიტომ სტატიაში შემოგვაქვს პირობითი ტერმინი „მეტაჰამლეტი“.

საკვანძო სიტყვები: შექსპირი, „ჰამლეტი“, „გონზაგოს მკვლელობა“, „მეტაჰამლეტი“, რობერტ სტურუა.

 
 
 
 

ირლანიური მითოსის ერთი ასპექტი ჯეიმზ ჯოისის რომანში ,,ღამისთევა ფინეგანისთვის’’

ჯეიმზ ჯოისის რომანი ,,ღამისთევა ფინეგანისათვის’’ დღესაც მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევს. მასში მრავალი ბიბლიური, ლიტერატურული თუ მითოსური ალუზიაა. სტატიაში განხილულია რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ჰამფრი ჩიმპდენი ეართვიკერის, სახე, კერძოდ, გაანალიზებულია მისი კავშირი ირლანიურ მითოლოგიასთან და ის წარმოჩენილია, როგორც ირლანდიის მაღალი მეფე.

საკვანძო სიტყვები: ირლანიური მითოსი, ჰამფრი ჩიმპდენი ეართვიკერი, ფინეგანი, ირლანდიის მაღალი მეფე

 
 
 
 

Gedankenlyrik-ისა და ფილოსოფიური ლექსის ურთიერთმიმართების საკითხისთვის

სტატიაში განხილულია Gedankenlyrik-ის ცნების წარმოშობისა და განვითარების ცენტრალური ასპექტები და ფილოსოფიურ პოეზიასთან მისი ურთიერთმიმართების საკითხები.  არის ცდა ფილოსოფიური პოეზიის ძირითადი მარკერების დადგენისა.

საკვანძო სიტყვები: Gedankenlyrik, ფილოსოფიური პოეზია, ელეგია, რეფლექსირებადი ლექსი, რომანტიზმი, სენტიმენტალური პოეზია

 
 
 
 

აქილევსის ორგვარი „მისალმება“ - „ილიადა“, 9.198/204

„ილიადის“ 9.198 სტრიქონში აქილევსი, სავარაუდოდ, მხოლოდ სამ ელჩს - მის მეგობრებს - ორობითი რიცხვით მიმართავს, რაც მეორდება 204-ე სტრიქონშიც, თუმცა, მრავლობითი რიცხვის ფორმით. ამ საკითხის გასარკვევად პასუხი უნდა გასცემოდა რამდენიმე პრობლემურ კითხვას, რისთვისაც საჭირო გახდა ელჩობის მთელი სცენის გადააზრება, თუმცა, კვლავაც, უნიტარისტული პოზიციიდან.

საკვანძო სიტყვები: „ილიადა“, ელჩობა, მრავლობითები ორობითებთან, შეცვლილი ფორმულა, ელჩობის რეკონსტრუქცია.

 
 
 
 

გივი მარგველაშვილის „მუცალი“: პოსტმოდერნიზმის ესთეტიკა და კლასიკური ტექსტების დეკონსტრუქციის პრობლემა

გივი მარგველაშვილის „მუცალი“ ევროპული პოსტმოდერნიზმის საინტერესო ნიმუშია,  რომელშიც ქართული ლიტერატურული მასალა (ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“)   და თემატიკა   დასავლურ დისკურსსაა  მისადაგებული. „მუცალში“  პოსტმოდერნიზმის ესთეტიკის გამოვლენის ფორმებიდან   ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კლასიკური ლიტერატურული ტექსტების  დეკონსტრუქციაა.  

საკვანძო სიტყვები: გივი მარგველაშვილის რომანი „მუცალი“, ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, კლასიკური ტექსტების დეკონსტრუქცია, პოსტმოდერნიზმი.

 
 
 
 

სიცოცხლე, როგორც სასწაული იუსტაინ გორდერის შემოქმედებაში

სტატია ნორვეგიელი მწერლის იუსტაინ გორდენის ბესტსელერს „ფორთოხლის გოგონა“ შეეხება და მოგვითხრობს ინტერტექსტუალური ძიებების შესახებ გორდენის შემოქმედებაში. ხაზგასმულია მწერლის უნარი: მსუბუქად, ცოტა გულუბრყვილოდაც კი და საინტერესოდ ისაუბროს ყველაზე რთულზე, „შეიტყუოს“ მკითხველი ინტერაქციაში საკუთარ თავთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმ უამრავი შესაძლებლობებიდან, რასაც ლიტერატურა გვთავაზობს.

საკვანძო სიტყვები: დრო, სამყარო, რეტროსპექცია, ალბათობა

 
 
 
 

ავტოფიქციური ნარატივი, როგორც წარსულის თავიდან დაწერის საშუალება ირაკლი ჩარკვიანის ავტორომანი ავტოფიქციური პროზის კონტექსტში

სტატია შეისწავლის ირაკლი ჩარკვიანის რომანს "მშვიდი ცურვა" ავტოფიქციურ პროზასთან მიმართებით და მასში გამოყენებული ნარატივების ფორმებსა და ფუნქციებს. სტატია ასევე განიხილავს ავტოფიქციის ფენომენს და მასთან დაკავშირებულ ძირითად ტერმინებსა და საკითხებს.

საკვანძო სიტყვები: ავტოფიქცია, ნარატივი, ავტობიოგრაფია, რომანი, ფიქცია

 
 
 
 

აღმოსავლეთ-დასავლეთის შეხვედრის თემა მე-20 საუკუნის არაბულ ლიტერატურაში (1935-1966)

წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეხვედრის თემას და კულტურათა კონფრონტაციის საკითხს მე-20 საუკუნის (1935-1966) არაბული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლების: ტაჰა ჰუსეინის, იაჰია ჰაკკის, სუჰაილ იდრისისა და ტაიბ სალიჰის - რომანების მაგალითზე.

საკვანძო სიტყვები: არაბული ლიტერატურა, აღმოსავლეთ-დასავლეთის შეხვედრა

 
 
 
 

„გაერთიანების“ იდეის მხატვრულ-ისტორიული კონტექსტისათვის კ. მონტისის შემოქმედებაში

ნაშრომში მოცემულია „გაერთიანების“ იდეის მნიშვნელობა და განგრძობადობა კოსტას მონტისის ცხოვრებასა და მხატვრულ შემოქმედებაში. კვლევის თავისებურებას წარმოადგენს პოეტის ორიგინალური წერის მანერა და სტილი, რომლებიც თარგმანებშიც შევინარჩუნეთ. ყურადღება გავამახვილეთ  ისტორიული პერიპეტიების გაცოცხლების მისეულ ტექნიკასა და ავტორის შეფასებაზე, რომელთა მიხედვითაც, ისტორიული ფაქტების ზედმიწევნით ასახვა აუცილებელია ლიტერატურაში.

საკვანძო სიტყვები: „გაერთიანების“ იდეა, აჯანყება, თავისუფლება, ისტორია, კვიპროსი

 
 
 
 

აგამემნონის აქილევსისადმი ელჩობის აღდგენილი ვერსიები და ზეპირი „წინარე-ილიადის“ სტრუქტურული სიმეტრია

სტატიაში წარმოდგენილი მსჯელობის ფარგლებში აღდგენილია აგამემნონის მიერ აქილევსისადმი გაგზავნილი ელჩობის რამდენიმე ადრეული (მათ შორის უძველესი, თავდაპირველი) ვერსია, რომლებიც მკვლევარის მიერ მიჩნეულია „ილიადის“ მე-9 წიგნის გაფართოების პროცესში სავარაუდოდ არსებული ზეპირი, ე.წ. ჩაწერილი (ანუ წერილობით დაფიქსირებული) და წერითი ეტაპების გამოვლენისათვის რელევანტურ ფაქტობრივ მონაცემებად; აღნიშნული მსჯელობის ფარგლებშივეა გამოვლენილი ჰიპოთეტური ზეპირი „წინარე-ილიადის“ სტრუქტურული სიმეტრიაც.

საკვანძო სიტყვები: ჰომეროსი, აგამემნონის ელჩობა, ზეპირი-ჩაწერილი-წერილობითი, „წინარე-ილიადა“, სტრუქტურული სიმეტრია

 
 
 
 

აღაზას მხატვრული სახის გაგებისათვის ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელში“

აღაზა ვაჟა-ფშაველას ეპიკური პოეზიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომლის შესახებაც ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები არსებობს. სტატიაში წარმოდგენილია აღაზას მხატვრული სახის გააზრების მცდელობა.

საკვანძო სიტყვები: ვაჟა-ფშაველა, პოემა „სტუმარ-მასპინძელი“, აღაზა

 
 
 
 

ეზრა პაუნდი - ჩინური პოეზიის მთარგმნელი

წარმოდგენილ სტატიაში შესწავლილია მეოცე საუკუნის ცნობილი პოეტის, მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ეზრა პაუნდის მთარგმნელობითი საქმიანობა და პაუნდის  საყურადღებო თვალსაზრისები თარგმანის შესახებ.

საკვანძო სიტყვები: ვერლიბრი, იმაჟი, იმაჟიზმი, მთარგმნელის ინტენცია, მოდერნიზმი

 
 
 
 

განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების განსახოვნების საფუძვლები: ემოცია და კოგნიცია (აკაკი წერეთლის ჩემი თავგადასავლის მიხედვით)

წინამდებარე სტატიაში ნაჩვენებია, რომ ვერბალური ფიქრის არარსებობის გამო ემოციებზე დაკვირვება „ჩემს თავგადასავალში“ განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების შესწავლის ერთადერთი საშუალებაა. მეთოდოლოგიურ საფუძვლად აღებულია ალან პალმერის მიერ სერლის ტაქსონომიაზე დაყრდნობით შემუშავებული მენტალობის მთლიანობის კონცეპტი.

საკვანძო სიტყვები: ავტობიოგრაფია, ემოცია, კოგნიცია, ნარატოლოგია, აკაკი წერეთელი

 
 
 
 

ვაჟა-ფშაველას ზღაპრის – ,,წისქვილი“, სიმბოლურ-ალეგორიული ინტერპრეტაცია

ვაჟა-ფშაველას პროზის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის საფუძვლიანად შესწავლილი. ერთ-ერთი მათგანია ზღაპარი „წისქვილი“, რომელსაც საინტერესო მიმართებები აქვს ქრისტიანობასთან და მწერლის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტთან. სტატიაში წარმოდგენილია ამ თხზულების ინტერპრეტაციის მცდელობა.

საკვანძო სიტყვები: ვაჟა-ფშაველა, ზღაპარი „წისქვილი“, სიმბოლო, ალეგორია, „გველის-მჭამელი“.

 
 
 
 

მხატვრობა და ლია სტურუას რემინისცენციები

წარმოდგენილი სტატია ეხება ლია სტურუას პოეტურ რემინისცენციებს, ლირიკულ ნიმუშებზე დაყრდნობით ნაჩვენებია მათი კავშირი მხატვრობასთან და განხილულია ამ ლექსებში გამოკვეთილი საკითხები, როგორებიცაა: ფასეულობების რღვევა, მხატვართა შემოქმედებითი თავისებურება, კულტურის მნიშვნელობა და ხელოვნების როლი ადამიანთა ცხოვრებაში.

საკვანძო სიტყვები: მხატვრობა, პოეზია,იმპრესიონისტები, ფიროსმანი.

 
 
 
 

პოსტმოდერნისტული ელემენტები ჰაროლდ პინტერის პიესაში “The Homecoming“ („შინდაბრუნება“)

ჰაროლდ პინტერის პიესაში „შინდაბრუნება“ პოსტმოდერნისტული ელემენტები გვხვდება. პინტერი იყენებს უმარტივეს და ყოველდღიურ ლექსიკას დიალოგებისთვის. ამ დიალოგებიდან კი მკითხველს საშუალება ეძლევა გაიაზროს, რამდენად ყალბია ჩვენს ყოფაში ოჯახური ურთიერთობა და რამდენად დაცლილია იგი ჭეშმარიტი ფასეულობებისაგან. ვფიქრობთ, რთულ და მოუწესრიგებელ სამყაროში ჰაროლდ პინტერის პიესების შესწავლა კვლავაც აქტუალური და მნიშვნელოვანია.

საკვანძო სიტყვები: პოსტმოდერნიზმი, რეალობა, ირეალობა, აბსურდი, ჰაროლდ პინტერი.

 
 
 
 

რამდენიმე რელიგიური სიმბოლო დ.ჰ. ლორენსის რომანში „ბუმბულიანი გველი“

დ. ჰ. ლორენსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრიტანელი მოდერნისტი მწერალია, რომლის შემოქმედება, მსგავსად მისი თანამედროვე მოდერნისტი მწერლებისა, სავსეა ინტერტექსტუალური შრეებითა და მწერლისეული ინდივიდუალური ინტერპრეტაციებით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ლორენსის 1926 წელს გამოქვეყნებული რომანი „ბუმბულიანი გველი“.

სტატიაში განვიხილავ ამ რომანში მოცემულ რამდენიმე რელიგიურ სიმბოლოს, როგორებიცაა – გველისა და ჩიტის სიმბოლიკა, ხარების ორთაბრძოლის რიტუალური დატვირთვა, ტბისა და მენავის სიმბოლიკა.

მოცემული სიმბოლოების შინაარსობრივი დატვირთვა დამატებით მინიშნებებს იძლევა რომანში მთავარი მოქმედი გმირის, ევროპელი ქეითის, მოგზაურობაზე მექსიკაში, ხოლო თავად მოგზაურობა კი მიმდინარეობს ამ პერსონაჟის სულიერი განახლების პროცესის კვალდაკვალ.

საკვანძო სიტყვები: რელიგიური სიმბოლოები, ბუმბულიანი გველი, ტბა, მენავე, დაბადება

 
 
 
 

სანდრო ცირეკიძის შეხედულება მინიატურული ჟანრის შესახებ

სტატიაში განხილულია სანდრო ცირეკიძის შეხედულება მინიატურული ჟანრის შესახებ. სანდრო ცირეკიძემ ნათლად ჩამოაყალიბა საკუთარი თვალსაზრისი მინიატურული ჟანრის წარმოშობასა და მის დანიშნულებაზე. მან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მინიატურის მხატვრულ-ესთეტიკურ პრინციპებს და შეეცადა მინიატურა გაემიჯნა სხვა მცირე პროზაული ჟანრებისგან.

საკვანძო სიტყვები: მინიატურა, რიტმი, პროზა, სანდრო ცირეკიძე

 
 
 
 

ტენესი უილიამსის „ტრამვაი, რომელსაც სურვილი ჰქვიას“ ვ.ნედელინის გ.ჯაბაშვილისა და ლ.ინასარიძის თარგმანების შეპირისპირებითი ანალიზის პრინციპები

ნაშრომში მოცემულია ტენესი უილიამსის დრამის – „ტრამვაი, რომელსაც „სურვილი“ ჰქვია“ – ვ. ნედელინის, გ. ჯაბაშვილისა და ლ. ინასარიძის თარგმანების შეპირისპირებითი ანალიზი, რომლის დროსაც დადგინდა შემდეგი: სამივე მათგანს ახასიათებს ვერბოცენტრული ვერსიისთვის დამახასიათებელი ერთიანი სტრატეგიული მიდგომა; სახეზეა განსხვავებებიც, რომლებიც საფუძვლად უდევს შესაბამისი რეციპიენტი კულტურებისა (რუსულისა და ქართულის) და მთარგმნელთა შემოქმედებითი მანერების არაერთგვაროვნებას.

საკვანძო სიტყვები: თარგმანი, შეპირისპირებითი ანალიზი, ლინგვოპერსონა, ტოპონიმი, სიმბოლო.

 
 
 
 

ფრიდრიხ ნიცშეს ტრაგიკული ხელოვნების კონცეფცია – გალაკტიონისეული რეცეფციის კრიტიკა

სტატიაში განხილულია ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიის რეცეფცია ქართველი პოეტის – გალაკტიონ ტაბიძის – ჩანაწერებსა თუ დღიურებში. დასაბუთებულია გალაკტიონისეული რეცეფციის შესაბამისობა ან შეუსაბამობა ნიცშეს ფილოსოფიასთან, ფილოსოფოსის ნაშრომიდან მოხმობილი რელევანტური ციტატების და ასევე უფრო ზოგადი ანალიზის მეშვეობით.

საკვანძო სიტყვები: ტანჯვა, დასტურყოფა, მეტაფიზიკა, დიონისური, ტრაგიკული

 
 
 
 

ქალური სექსუალობის განსაზღვრის საკითხი თურქი ქალი ავტორების შემოქმედებაში (ფინარ ქური და დუიგუ ასენა)

სტატიაში „ქალური სექსუალობის განსაზღვრის საკითხი თურქი ქალი ავტორების შემოქმედებაში (ფინარ ქური და დუიგუ ასენა)“ განხილულია ფემინისტური კრიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქალის სხეულსა და სექსუალობას ეხება. აღნიშნული საკითხი შევისწავლეთ თანამედროვე თურქი ქალი ავტორების, ფინარ ქურისა და დუიგუ ასენას, შემოქმედების მაგალითზე. საკითხის გაანალიზებისას ყურადღება გავამახვილეთ იმ სტრატეგებზე, რომლებიც ქალურ სექსუალობას განსაზღვრას.

საკვანძო სიტყვები: ფემინისტური კრიტიკა, ქალური სექსუალობა, ქალი ავტორები, თურქული ლიტერატურა

 
 
 
 

ხელოვნებისა და ხელოვანის არსი აირის მერდოკის რომანში „შავი პრინცი“

სტატიის ძირითადი მიზანია, დაგვანახოს ხელოვნების ძირითადი არსი საზოგადოებაში მერდოკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის „შავი პრინცის“ მაგალითზე. ეს რომანი იძლევა საშუალებას მკითხველს ნათელი წარმოდგენა შეექმნას ხელოვნებაზე, მის არსსა და დანიშნულებაზე; ეს თემა მერდოკის თითქმის ყველა რომანს, კრიტიკულ ესესა თუ სტატიას თან სდევს. ჩვენს ნაშრომში სხვადასხვა კუთხით წარმოდგენილია ხელოვნების ფუნქცია და მისი მიზანი საზოგადოებაში. დასკვნაში კი შეჯამებულია საბოლოო შეხედულება ხელოვნებაზე აირის მერდოკის მსოფლმხედველობისა და მისი რომანის „შავი პრინცის“ მაგალითზე.

საკვანძო სიტყვები: ხელოვნება, სიყვარული, გაუცხოება.

 
 
 
 

„ახალი ყრმის“ იდეალი დავით გურამიშვილის „დავითიანის“ მიხედვით

ნაშრომში გაანალიზებულია თვითშემეცნების პრობლემა დავით გურამიშვილის „დავითიანში“. ნაწარმოების მიხედვით, ყრმობა, ერთი მხრივ, მოიაზრება, როგორც ასაკობრივი სიმცირე და, მეორე მხრივ, როგორც ადამიანის სულიერი გაჭაბუკების სიმბოლო. თვითშემეცნების მოსურნე დავით გურამიშვილი ცდილობს, სახელი დაიმკვიდროს მომავალ თაობებში. ბიბლიური მოწოდების კვალობაზე, პოეტს თავად სურს სულიერი გაჭაბუკება, რათა ჩასწვდეს ღვთაებრივ ჭეშმარიტებას.

საკვანძო სიტყვები: თვითშემეცნება self-peception; სულიერი გაჭაბუკება; ყრმობა; პირველსაწყისი

 
 
 
 

„ვეფხისტყაოსნის“ ჰიპერბოლიზაცია შუასაუკუნეობრივი აზროვნების ჭრილში

წინამდებარე სტატიაში განხილულია რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა ჰიპერბოლიზებული ქმედებანი. მსჯელობას წარვმართავთ უშუალოდ ეპოქის,  შუასაკუნეობრივი  აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ჭრილში, რაც, ვფიქრობთ, საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ერთგვარი სიახლეა ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში.

საკვანძო სიტყვები: შუასაუკუნეობრივი მსოფლმხედველობა; სასწაული; „ვეფხისტყაოსანი“; ჰიპერბოლიზება

 
 
 
 

იმაჟიზმი და მისი რეცეფციის თავისებურებანი ქართულ სალიტერატურო სამყაროში

წინამდებარე ნაშრომის საკვლევი თემაა ერთ-ერთი მოდერნისტული მიმდინარეობა – იმაჟიზმი, რომელმაც დასავლურ ლიტერატურაში სულ რამდენიმე წელი იარსება, მაგრამ მის განვითარებაში ღრმა და სერიოზული კვალი დატოვა, იმჟამინდელ ქართულ ლიტერატურულ სინამდვილეს კი თითქოს გვერდი აუარა. სტატიაში საუბარია იმაჟიზმის რეცეფციაზე ქართულ ლიტერატურათმცოდნეობასა და თანამედროვე თარგმანებში; განხილულია იმაჟიზმის ესთეტიკა და იმაჟის შექმნის სპეციფიკა; მოკლედაა მიმოხილული ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ეზრა ლუმის პაუნდის პოეზიის ქართული თარგმანები. 

საკვანძო სიტყვები: ხატი, იმაჟიზმი, ვერლიბრი, თარგმანი, მოდერნიზმი

 
 
 
 

სიუჟეტურ-კომპოზიციური ურთიერთმიმართებანი „ცხოვრებათა“ ჟანრის ნათარგმნ აგიოგრაფიაში

ნაშრომი მიზნად ისახავს „ცხოვრებათა“ ჟანრის ნათარგმნი აგიოგრაფიული თხზულებების, კერძოდ, ანტონი დიდის, ეფრემ ასურის,  საბა განწმენდილისა და იოვანე ოქროპირის „ცხოვრებათა“ სიუჟეტურ-კომპოზიციური თვალსაზრისით მიმოხილვას, მათ შორის არსებული პარალელების საფუძველზე მსგავსი თუ განსხვავებული კომპოზიციური შაბლონური ელემენტების გამოვლენას.

საკვანძო სიტყვები: სიუჟეტი, კომპოზიცია, ნათარგმნი აგიოგრაფია, „ცხოვრებათა“ ჟანრი

 
 
 
 

ჯონ დონის „წმინდანთა ნაწილები“, როგორც ინგლისური „მეტაფიზიკური“ პოეზიის ნიმუში

ნაშრომის მიზანი ჯონ დონის სატრფიალო ლექსში – „წმინდანთა ნაწილები“ –მოცემული მეტაფიზიკური მახვილგონიერებისთვის დამახასიათებელი ნიშნების განსაზღვრა და ანალიზია. „წმინდანთა ნაწილები“ დონისთვის ესოდენ დამახასიათებელი ურთიერთსაწინააღმდეგოთა ძალდატანებითი კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომელიც ასახავს ავტორის დაინტერესებას მატერიალური და „მეტაფიზიკური“ სამყაროს საერთო ნიშნებით. პრობლემები, რომელთაც ჯონ დონი საკუთარ პოეზიაში ეხება მარადიულია და თანამედროვე მკითხველისთვისაც საინტერესოა.

საკვანძო სიტყვები: მეტაფიზიკური მახვილგონიერება, პარადოქსი, ხორციელი სიყვარული, პლატონური სიყვარული, ჯონ დონი

 
 
 
 

იდეოლოგიური ტექსტების ორგანიზება საბჭოთა საბავშვო მხატვრულ ლიტერატურაში

DOI:  10.55804/jtsu-1987-8583-15-7

მოცემული სტატია განიხილავს საბჭოთა საბავშვო ლიტერატურაში იდეოლო-გიური ტექსტების ორგანიზებას, როგორც ზეგავლენის მეთოდს. განსაზღვრულია ტექსტების ორგანიზების სამი ტიპი კონკრეტული ლიტერატურული მაგალითების საფუძველზე. კვლევისას გამოყენებულია ნარატივის ანალიზის მეთოდი და სტრუქტურალიზმი, როგორც თეორიული ჩარჩო.


საკვანძო სიტყვები: იდეოლოგია; საბჭოთა იდეოლოგია; საბავშვო ლიტერატურა

 
 
 
 

მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ქალაქი და ძაღლები“ მთავარი პერსონაჟების დუალისტური ბუნება

DOI:  10.55804/jtsu-1987-8583-15-9

 

ნაშრომის მიზანია მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ქალაქი და ძაღლები“ მთავარი გმირების დუალისტური ბუნების, ორსახოვნების განსაზღვრა და ანალიზი. ორ დაპირისპირებულ სამყაროში - სასწავლებელსა და ქალაქში ცხოვრება გმირების დუალისტურ ბუნებას განაპირობებს და მათ არჩევანის წინაშე აყენებს. დიქტატორული რეჟიმის პირობებში მორალური გამარჯვებისათვის ბრძოლა და კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანი მარადიული პრობლემებია და მკითხველისთვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.


საკვანძო სიტყვები: „ქალაქი და ძაღლები“, პარალელური სამყაროები, დუალისტური ბუნება, არჩევანი

 
 
 
 

ფენტეზის ჟანრისა და რელიგიის ურთიერთმიმართება (ჯ. როულინგის, ჯ.რ.რ. მარტინისა და ჯ.რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებების მიხედვით)

 

DOI:  10.55804/jtsu-1987-8583-15-6

წინამდებარე სტატია წარმოადგენს სადოქტორო დისერტაციის ნაწილს. სტატიაში რელიგიურ ჭრილში განხილულია ჯ. როულინგის, ჯ.რ.რ. მარტინისა და ჯ. რ.რ. ტოლკინის რომანები. ნაჩვენებია, თუ რა მიმართებაშია ფენტეზის ჟანრის სამი ნაწარმოები („ჰარი პოტერის თავგადასავალი“, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ , „ბეჭდების მბრძანებელი“) რელიგიასთან და რა როლი აქვს რელიგიას ჩამოთვლილ ავტორთაგან თითოეულის მიერ გამოგონილ სამყაროში.

 

საკვანძო სიტყვები: მარტინი, რელიგია, როულინგი, ტოლკინი, ფენტეზი

 
 
 
 

ძველ ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში მოხსენიებული აბუკურასა და თეოდორე ედესელის ურთიერთმიმართების საკითხისათვის

DOI:  10.55804/jtsu-1987-8583-15-8

 

სტატია განიხილავს ქართულ წერილობით წყაროებში დაცული ტექსტის „წმ. მიქაელის წამების“ ერთ-ერთი პერსონაჟის, თეოდორე აბუკურას, საკითხს. თავად თეოდორე აბუკურა არის ამ თხზულების ერთ-ერთი მოქმედი პირი, მიქაელის ამბის მთხრობელი და არა ავტორი. „მიქაელის წამების” პარალელურად ქართულ წყაროებში დაცულია კიდევ ერთი ტექსტი, „თეოდორე ედესელის ცხოვრება”, რომელიც ბერძნულიდან, სავარაუდოდ, ეფრემ მცირემ თარგმნა. მასში, როგორც თხზულების შემადგენელი ნაწილი, ჩართულია ე.წ. „აბუკურაც“, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებებით – საერთოდ ამოღებულია შესავალი ნაწილი, რომელშიც თეოდორე აბუკურა იხსენიება, როგორც მიქაელის ამბის მთხრობელი, ხოლო თავად მიქაელი კი გამოყვანილია თეოდორე ედესელის, ედესის ეპისკოპოსის, ნათესავად. 

ჩვენს ინტერესს წარმოადგენს თეოდორე აბუკურასა და თეოდორე ედესელის ურთიერთმიმართების საკითხი. ვეცდებით, გავარკვიოთ, თუ რა საერთო აქვს ამ ორ მოღვაწეს, მოხდა თუ არა მათი ერთმანეთთან გაიგივება და რამ განაპირობა ეს ფაქტი? თეოდორე ედესელი თეოდორე აბუკურას მხოლოდ ლიტერატურულ ალტერ ეგოს წარმოადგენს, თუ იგი რეალურად არსებული ადამიანია? რატომ მოხდა „თეოდორე ედესელის” ცხოვრებაში თეოდორე აბუკურას, მიქაელის ამბის მთხრობლის, ჩანაცვლება თეოდორე ედესელით? განპირობებულია თუ არა ეს ბასილი ემესელის – „თეოდორე ედესელის ცხოვრების” ავტორის – მოტივით, კიდევ უფრო მეტად განადიდოს ბიძამისის ღვაწლი, აკავშირებს რა მას ისეთ დიდ მოღვაწესთან, როგორიც წმ. მიქაელ საბაწმინდელია, თუ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან? ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ „მიქაელის მარტვილობის” თავდაპირველ ვერსიაში თეოდორე აბუკურას ნაცვლად მიქაელის ამბავს საბაწმინდელ ბერებს თეოდორე ედესელი უყვებოდა, რომლის შეცვლაც თეოდორე აბუკურათი მოგვიანებით მოხდა კონკრეტული პირის მიერ დაშვებული შეცდომის გამო. გარდა ამისა, შევეხებით იოანე დამასკელისა და თეოდორე აბუკურას ურთიერთმიმართების საკითხსაც და წარმოვადგენთ ჩვენს ვარაუდს, თუ როგორ უნდა მომხდარიყო იოანე დამასკელისა და თეოდორე ედესელის კავშირის საფუძველზე თეოდორე აბუკურასა და იოანე დამასკელის მოწაფეობა-მასწავლებლობის შესახებ ტრადიციის შექმნა.


საკვანძო სიტყვები: თეოდორე, მიქაელი, მოწამე, ედესა, ხარანი

 
 
 
 

„მხიარული ზაფხული“ და ღვთაებრივი ქორწინების იდეალი

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-6

 

„დავითიანის“ ფინალურ ნაწილში მოცემული პოემა „მხიარული ზაფხული“ ქალვაჟური ურთიერთობის ჯვრისწერით დაგვირგვინებას ქადაგებს. იგი, აგრეთვე, საღვთო მიჯნურობის ჰიმნად მოიაზრება. პოემის მთავარი იდეალი – ქორწინება – აღიქმება, როგორც ცოდვებისგან განწმენდილი ადამიანის სიყვარულის გზით ღვთის საუფლოში დაბრუნების ალეგორია. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა აღნიშნული ტექსტის სახე-სიმბოლოთა გააზრება და მათი „დავითიანში“ წამოჭრილ მთავარ პრობლემასთან,  თვითშემეცნებასთან, მიმართების საკითხები.

საკვანძო სიტყვები: თვითშემეცნება, ქორწინება, შესამოსელი, ზაფხული.

 
 
 
 

XVIII-XIX საუკუნეების ისტორიული პროცესების მხატვრული ასახვა ვაჟა-ფშაველას პროზაში („ერემ-სერემ-სურემიანი“ / „ჩემი მოგზაურობა ერემ-სერემ-სურემიანეთში“)

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-7

 

ვაჟა-ფშაველამ თავის პროზაულ თხზულებებში − „ერემ-სერემ-სურემიანი“, „ჩემი მოგზაურობა ერემ-სერემ-სურემიანეთში“ − ასახა საქართველოში XVIII-XIX საუკუნეებში მომხდარი ისტორიულ-პოლიტიკური ცვლილებების ეროვნულ-სოციალური ასპექტები. ავტორმა ალეგორიულად გვიჩვენა საქართველოს დაუძლურება, რუსეთის მიერ მისი ანექსია და ამის შემდგომი სოციალურ-კულტურული შედეგები.

საკვანძო სიტყვები: XIX საუკუნის ქართული პროზა; ალეგორია ვაჟა-ფშაველას პროზაში, ეროვნულ-სოციალური მოტივები ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია

 
 
 
 

დრო ჯოზეფ კონრადის შემოქმედებაში

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-5

 

წინამდებარე სტატიაში განხილულია დროის პრობლემა ჯოზეფ კონრადის ხუთი  ნაწარმოების მიხედვით. კვლევა ეყრდნობა ფილოსოფოს ანრი ბერგსონისა და რელიგიათმცოდნე მირჩა ელიადეს კონცეფციებს და მათ საფუძველზე სტატიის ავტორი ჯ. კონრადის შემოქმედებაში გამოყოფს დროის ორგვარ კონცეფციას – ფსიქოლოგიურსა და მითოლოგიურს.

საკვანძო სიტყვები: კონრადი, ბერგსონი, ელიადე, დრო, მითოსი

 
 
 
 

კომენტარი უ. ბ. იეიტსის ლექსზე „ფიქრები სამოქალაქო ომის პერიოდში“

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-11

სტატიაში განხილულია უ. ბ. იეიტსის გვიანდელი პერიოდის საკვანძო კრებულის – The Tower („კოშკი“) – ერთ-ერთი ლექსი – „ფიქრები სამოქალაქო ომის პერიოდში“. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის უ. ბ. იეიტსის კრებულის ყველაზე მნიშვნელოვანი ლექსი, თუმცა, ვფიქრობთ, სწორედ ეს ნაკლებად დაფასებული   ტექსტი აერთიანებს და აღრმავებს „კოშკის“ სიმბოლოებსა და თემებს. სტატიაში დეტალურადაა გაანალიზებული ლექსის სტრუქტურა, თემები და პოეტური ხატები.

საკვანძო სიტყვები: იეიტსი, სამოქალაქო ომი, კოშკი

 
 
 
 

მითოსის აქტუალიზაცია ჯ. ჯოისის „ულისეში“: ლეოპოლდ ბლუმის მეტამორფოზები

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-12

 

„ულისეში“ აღწერილ სახეცვლილებათა უსასრულო წყება რომანს ჯეიმზ ჯოისის „მეტამორფოზებად“ აქცევს. ნაწარმოებში ასახული მეტამორფოზების სერია „ულისეს“ წაკითხვის პროცესს რიტუალურ ფუნქციას აკისრებს, რეალური დროის მომენტი უნდა ჩანაცვლდეს მითოსური მარადისობით.

საკვანძო სიტყვები: მითოსი, მეტამფსიქოზი, მეტამორფოზა

 
 
 
 

საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის კრიტიკა გივი მარგველაშვილის რომანში "კანტაქტი"

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-8

 

გივი მარგველაშვილის ერთ-ერთი მეტაფიქციური ნაწარმოები, რომელშიც საბჭოთა კავშირში გაბატონებული იდეოლოგიის კრიტიკას ვხვდებით, არის მეტარომანი "კანტაქტი" ("Der Kantakt", 2009). რომანი შედგება სამი სიუჟეტური შრისგან, რომელთაგან ორი მეტაფიქციური, ერთი კი – ესეისტური ხასიათისაა. წინამდებარე სტატიის ყურადღების ცენტრში ექცევა რომანის ესეისტური შრე, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა-გაკრიტიკებას ეთმობა, როგორებიცაა: საბჭოთა კავშირი და მისი ძალადობრივი სისტემა, კომუნისტური იდეოლოგია, რეპრესიები და სხვ.

საკვანძო სიტყვები: მარგველაშვილი, "კანტაქტი", საბჭოთა კავშირი, იდეოლოგია, "კაპიტანი ვაკუში", მეტაფიქციური

 
 
 
 

ტირესიასის სახის მოდერნისტული ინტერპრეტაცია ჯუნა ბარნსის „ღამის ტყეში“

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-10

სტატიაში განხილულია მითოლოგიური გმირის, ტირესიასის, მოდერნისტული ინტერპრეტაცია ამერიკელი მწერლის, ჯუნა ბარნსის რომანში „ღამის ტყე“; ნაჩვენებია მე-20 საუკუნის პარიზში მცხოვრები წინასწარმეტყველის სიმბოლური და ასოციაციური მრავალნიშნადობა.

საკვანძო სიტყვები: მოდერნიზმი, ჰერმაფროდიტი, ტირესიასი, დრო

 
 
 
 

ჰეპი-ენდი, როგორც სამყაროს აღქმის მოდელი (ქართული ხალხური ზღაპრებიდან სოცრეალიზმამდე)


ნაწარმოების დასასრულის მრავალფეროვანი პალიტრიდან დღეს საკმაოდ გავრცელებულია ჰეპი-ენდი. იგი ცხოვრებისა და სამყაროსადმი მწერლის დამოკიდებულების სპეციფიკური მოდელია, რომელიც მრავალი მხატვრულ-ესთეტიკური თუ სოციალ-პოლიტიკური ფაქტორით არის განპირობებული  და რომელსაც უამრავი ანალოგი აქვს სხვადასხვა ეპოქის ქართულ ლიტერატურაში (ხალხური შემოქმედება, სასულიერო და საერო მწერლობა).

ჰეპი-ენდი მეტად პროდუქტიული მოდელი აღმოჩნდა სოციალისტური რეალიზმის იდეოლოგიური მიზნებისათვის. ამიტომ მან იგი  აიტაცა და ინტენსიურად გამოიყენა, რათა მხატვრული ლიტერატურა კიდევ უფრო აქტიურად ჩაეყენებინა სოციალისტური საზოგადოების მშენებლობისა და კომუნისტური პარტიის სამსახურში.

საკვანძო სიტყვები: ჰეპი-ენდი, ხალხური ზღაპრები, ჰაგიოგრაფია, „ვეფხისტყაოსანი“, სოციალისტური რეალიზმი

 
 
 
 

„ქანდაკებების“ დილემა

სტატია განიხილავს უ. ბ. იეიტსის ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ და სადავო ლექსს „ქანდაკებები“, რომელიც პოეტმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერა. ნაშრომში გამოკვლეულია ლექსის სტრუქტურა, მისი თემა, სახე-ხატები, შეჯერებულია ლექსის შესახებ არსებული წინააღმდეგობრივი კრიტიკული შეხედულებები და გაანალიზებულია ინტერპრეტაციის პრობლემები.

საკვანძო სიტყვები: იეიტსი, ქანდაკებები, პითაგორა

 
 
 
 

ევრიპიდეს ფედრას მხატვრული სახის გარდასახვა ბრიტანულ და ქართულ თეატრალურ სივრცეში

სტატიაში განხილულია ფედრას მხატვრული სახე ანტიკურ, ბრიტანულ და ქართულ სივრცეში, ევრიპიდეს „ჰიპოლიტოსის“, ბრიტანელი დრამატურგისა და მწერლის, სარა კეინის, პიესის „ფედრას სიყვარულისა“ და ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის, თანამედროვე ბალეტის „დიპლიპიტოს“ მიხედვით.

საკვანძო სიტყვები: ევრიპიდე, ფედრა, სარა კეინი, ალექსიძე, გარდასახვა

 
 
 
 

ზეპირსიტყვიერების კვალი კლასიკურ არაბულ მაკამებში

მაკამა არაბული კლასიკური პროზის ერთადერთი მხატვრული ჟანრია. მას ანალოგი არ მოეპოვება ევროპულ მწერლობაში. მაკამა წარმოიშვა და ჩამოყალიბდა ეპოქაში, როცა ზეპირი და წერითი ლიტერატურა თანაარსებობდა. ამ ფაქტმა თავისი დაღი დაასვა მის ფორმასა და სტრუქტურას. ზეპირსიტყვიერების კვალი კლასიკური მაკამის კომპოზიციის თავისებურებებშიც აისახა.

საკვანძო სიტყვები: კანონიკური არაბული პროზა, ზეპირი ლიტერატურა, მაკამის ჟანრი

 
 
 
 

ზოია ფირზადის პერსონაჟი იდენტობის ძიებაში

სტატიაში განხილულია ქალის ადგილისა და დანიშნულების ძიების პროცესი თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის ზოია ფირზადის ნაწარმოებების მიხედვით. ყურადღება გამახვილებულია ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე პატრიარქალურ საზოგადოებაში, მათ მუდმივ მცდელობაზე, თავი დააღწიონ ფსიქიკასა და აზროვნებაში ღრმად ფესვგადგმულ ტრადიციულ მარწუხებს და იპოვონ საკუთარი იდენტობა.

საკვანძო სიტყვები: ქალთა ლიტერატურა, ფემინიზმი, სპარსული ლიტერატურა, ზოია ფირზადი, ქალთა უფლებები

 
 
 
 

ირმის მითოლოგემა და მითისქმნადობა ვაჟა-ფშაველას პროზაში

 

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ირმის მითოლოგემა და სიმბოლიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მწერლის ლიტერატურულ პარადიგმას, რადგან ხშირად და სხვადასხვა ფუნქციით იყენებს მას ავტორი.

 

საკვანძო სიტყვები: ირმის მითოლოგემა, მითისქმნადობა, ვაჟა-ფშაველას პროზა

 
 
 
 

კლიმატის სიმბოლიკა ტ.ს. ელიოტის პოემაში „უნაყოფო მიწა“

2022 წელს ტ.ს. ელიოტის „უნაყოფო მიწის“ 100 წლისთავი აღინიშნა. მრავალი საერთაშორისო აკადემიური ღონისძიება მიეძღვნა პოემასა და მისი გამოქვეყნების ისტორიას. წინამდებარე სტატიაში განხილულია ტ.ს. ელიოტის შემოქმედების გადაფასების ერთ-ერთი მაგალითი, კერძოდ, მისი ცნობილი პოემის, „უნაყოფო მიწის“ (1922), ეკოტრიტიკული წაკითხვის ტენდენციები. ტექსტის კლიმატთან დაკავშირებული სიმბოლური პოეტიკა ახლებურადაა გაანალიზებული და მისი სიმბოლიზმი მოდერნისტული ტექსტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ელემენტად არის გამოყოფილი.

საკვანძო სიტყვები: ტ.ს. ელიოტი, მოდერნიზმი, „უნაყოფო მიწა“, ეკოკრიტიკა

 
 
 
 

მაგიურ-რეალისტური ტექნიკა სალმან რუშდის რომანში „შუაღამის შვილები“

სტატიაში განხილულია მაგიურ-რეალისტური ელემენტები  ინგლისელი ავტორის, სალმან რუშდის, რომანში „შუაღამის შვილები“ ნაჩვენებია, თუ როგორ იყენებს  პოსტკოლონიალისტი ავტორი მაგიურ-რეალისტურ ტექნიკას სხვადასხვა სოციო-პოლიტიკურ პრობლემებზე სასაუბროდ და რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ტექნიკა პოსტკოლონიალიზმის პირობებში, მარგინალიზებული და ჩაგრული ჯგუფების თვითგამოხატვისათვის.

საკვანძო სიტყვები: სალმან რუშდი, პოსტკოლონიალიზმი, მაგიური რეალიზმი, შუაღამის შვილები

 
 
 
 

მართლმორწმუნე დედათა სახეები ,,წმინდა ნინოს ცხოვრების“ შატბერდული და ჭელიშური რედაქციების მიხედვით

ნაშრომში ჩანს, თუ რა როლი აკისრიათ მართლმორწმუნე დედებს ქართლის მოქცევის ისტორიაში. საკითხი შესწავლილია „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ შატბერდულ-ჭელიშური რედაქციების განხილვის საფუძველზე.  თხზულებებში წარმოდგენილ პერსონაჟ ქალთა სახეების, მათი ნაუბრისა და ქმედებების ყოველმხრივი ანალიზის შედეგად ცხადი ხდება, რომ წმინდა ნინომ ქართლის გაქრისტიანება  ერთმორწმუნე დედათა თანადგომით შეძლო.

საკვანძო სიტყვები: ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ“ , წმინდა ნინო, მართლმორწმუნე დედები

 
 
 
 

ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაკლებად შესწავლილი ოფიციალური წერილები

ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილები იძლევა უტყუარ მასალას მწერლის პირადი ცხოვრების, მისი შემოქმედებისა და მსოფლმხედველობის შესასწავლად. ეს წერილები იყოფა ახლობლებსა და ნათესავებზე მიწერილ პირად და სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში დაწერილ ოფიციალურ წერილებად. მკვლევრების დაკვირვების ობიექტში აქამდე ყოველთვის პოეტის პირადი ბარათები ექცეოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ოფიციალური წერილებიც ბევრ საინტერესო, აქამდე უცნობ დეტალს ხდის ფარდას.

საკვანძო სიტყვები: ნიკოლოზ ბარათაშვილი; ოფიციალური წერილები; ეპისტოლე

 
 
 
 

ოდისევსის მისია „ილიადაში“: იყო კი ის ყოველთვის წარუმატებელი?

სტატიის მიზანია ჰომეროსის „ილიადის“ თავდაპირველი ზეპირი მოკლე ვერსიის, ანუ წინარე „ილიადის“, სავარაუდო ფაბულისა და პროტაგონისტ(ებ)ის დადგენა; მონუმენტურ პოემად მისი ჩამოყალიბების შესაძლო ეტაპების აღდგენა და ამასთან დაკავშირებული ზოგი კომპოზიციური პრინციპის გამოკვეთა, რისთვისაც ავტორი განიხილავს  „ილიადის“ მე-9 და მე-19 წიგნებს, ასევე პოემის ზოგიერთ სხვა ადგილს.

საკვანძო სიტყვები: ჰომეროსის „ილიადის“ მე-9 და მე-19 წიგნები, წინარე „ილიადის“ სტრუქტურული სიმეტრია, წინარე „ილიადის“ პროტაგონისტ(ებ)ი, წინარე „ილიადის“ გაფართოების სამი ეტაპი, ადაპტაცია ჩანართებით

 
 
 
 

ოღუზ ათაის რომანი „გარიყულები“ ჰაბიტუსის კონცეფციის კონტექსტში

სტატიაში გაანალიზებულია მე-20 საუკუნის გამორჩეულად საინტერესო თურქი მწერლის, ოღუზ ათაის,  რომანი „გარიყულები“ ფრანგი სოციოლოგის პიერ ბურდიეს მიერ შემუშავებული ჰაბიტუსის კონცეფციის კონტექსტში. სტატია მიზნად ისახავს პროტაგონისტებზე დაკვირვების შედეგად პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

ა) რა სახის  ველებსა და ჰაბიტუსებს ვხვდებით რომანში;

ბ) ობიექტური სოციალური გარემოს გავლენით ჩამოყალიბებული ჰაბიტუსი, რომელიც წინასწარგანწყობათა სქემებით არის გამყარებული, იცვლება თუა არა ინდივიდის მიერ მასში შეტანილი ახალი სქემების შედეგად;

საკვანძო სიტყვები: თურქული ლიტერატურა, ოღუზ ათაის რომანი „გარიყულები“, პიერ ბურდიე, ჰაბიტუსის კონცეფცია

 
 
 
 

ცრემლის ფენომენი XII-XIII საუკუნეების ქართულ საერო მწერლობაში

წინამდებარე ნაშრომში გამოვლენილი და შესწავლილია ცრემლის სიმბოლიკა და მასთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულების გამოყენების მნიშვნელობა და სპეციფიკა XII–XIII საუკუნეების ორიგინალურ ქართულ საერო მწერლობაში.

საკვანძო სიტყვები: ცრემლი, XII-XIIსაუკუნეების ქართული საერო მწერლობა

 
 
 
 

აფხაზური მისტერიის რეპრეზენტაცია გ. ტაბიძის ლექსში „პირველ თაველებს“

სტატიაში განხილულია გ. ტაბიძის ლექსის - „პირველ თაველებს“ - მითოლოგიური არქეტიპები. კვლევამ აჩვენა, რომ ლექსს საფუძვლად უდევს ბუნების ძალთა აღორძინებისა და აღდგომის ძველი აფხაზური დღესასწაული. ნაშრომში კვლევის კომპარატივისტული და სტრუქტურული მეთოდების გამოყენებით გაანალიზებულია კონკრეტული მითოლოგიური პარალელები, რომლებიც გამოვლინდა გ. ტაბიძის ლექსსა და აფხაზურ მისტერიას შორის.

საკვანძო სიტყვები: გალაკტიონ ტაბიძე, აფხაზური მისტერია, არქეტიპები

 
 
 
 

სულხან-საბა ორბელიანის „სამოთხის კარის“ დღემდე შეუსწავლელი ხელნაწერი – A-627

სტატია სულხან-საბა ორბელიანის დოგმატური ხასიათის თხზულების, „სამოთხის კარის“, ტექსტოლოგიური პრობლემატიკის კვლევის გაგრძელებაა. მასში დადგენილია წინარე კვლევებში გაუთვალისწინებელ ხელნაწერ A-627-ში დაცული ტექსტის ურთიერთმიმართება თხზულების არსებულ რედაქციებთან.

საკვანძო სიტყვები: სულხან-საბა ორბელიანი, სამოთხის კარი, ტექსტოლოგია, ხელნაწერი, რედაქცია.

 
 
 
 

ფატმანის სახის რეცეფცია ტიციან ტაბიძის სონეტში

სტატიაში განხილულია ფატმანის სახის რეცეფცია ტიციან ტაბიძის სონეტში ,,фატმან-ხათუნ“. ნაჩვენებია, რა ჩანაფიქრი ჰქონდა ავტორს ლექსის დაწერისას და რა იყო სონეტის შექმნის მოტივაცია. ტექსტის უკეთ გასააზრებლად მოხმობილია ,,ვეფხისტყაოსნის“ ფატმანის არქეტიპი და, რაც მთავარია,  გამოთქმულია თვალსაზრისი, რატომ აირჩია პოეტმა ასახვის ობიექტად რუსთველის გამორჩეული პერსონაჟი.

საკვანძო სიტყვები: ,,фატმან-ხათუნ“, ,,ვეფხისტყაოსანი“, ,,სონეტების გვირგვინი“, ვალერი ბრიუსოვი.

 
 
 
 

შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა და აღმოსავლური კონტექსტი

სტატიაში ხაზგასმულია შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის კვლევის აუცილებლობა რეგიონალურ და გლობალურ კონტექსტში, მისი არა მხოლოდ ეროვნულ მწერლობად, არამედ მსოფლიო ლიტერატურული პროცესების მნიშვნელოვან ნაწილად გააზრების საჭიროება. მიმოხილულია ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის აღმოსავლურ მწერლობასთან მიმართებების კვლევისას. გაანალიზებულია, თუ რას გულისხმობს რეალურად „აღმოსავლური კონტექსტი“ ქართული საერო ლიტერატურისთვის, რა ფაქტებს უნდა მიექცეს ყურადღება სპარსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების ადეკვატურად და გადაუჭარბებლად შესაფასებლად.

გამოკვეთილია ხალხური დასთანის ჟანრის მნიშვნელობა ქართული საერო მწერლობისა და დასავლურ-აღმოსავლური ლიტერატურული კავშირების კვლევის საქმეში. გაკეთებულია დასკვნა, რომ შუა საუკუნეების ქართული სიტყვიერი შემოქმედება არა მხოლოდ გავლენის (აღმოსავლური თუ დასავლური) ობიექტი, არამედ ზოგჯერ ამ ორი სამყაროს დამაკავშირებელი იყო.

საკვანძო სიტყვები: შუა საუკუნეების ქართული მწერლობა, სპარსული ლიტერატურა, ხალხური რომანი, ამირანდარეჯანიანი, ვისრამიანი.

 
 
 
 

აბსურდის პრობლემა ლიტერატურულ გროტესკში

თანამედროვე ლიტერატურულ გროტესკში განსხვავებული ინტონაცია  შემოიტანა „აბსურდის ლიტერატურამ". ეს ის შემთხვევაა, როდესაც გროტესკი შერწყმულია არა სატირასთან, როგორც ტრადიციულად კლასიკურ ლიტერატურაშია მიღებული, არამედ აბსურდთან. სტატიაში მე-20 საუკუნის ლიტერატურის  მაგალითზე განხილულია გროტესკი, როგორც მხატვრული პირობითობის განსაკუთრებული საშუალება.

საკვანძო სიტყვები: ლიტერატურა, გროტესკი, აბსურდი, მე-20 საუკუნე.

 
 
 
 

დიალოგისა და მონოლოგის ურთიერთქმედების საკითხისთვის

დიალოგსა და მონოლოგთან დაკავშირებული საკითხების კვლევა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში. გარკვეულ თავისებურებას ქმნის მათი ურთიერთკავშირი და მონაცვლეობა იმ დონეზე, რომ მათ შორის საზღვრები ქრება. სტატია შეისწავლის აღნიშნულ საკითხს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

საკვანძო სიტყვები: დიალოგი, მონოლოგი, ავტორი-ნარატორი, ალტერ-ეგო.