აფხაზეთის ტოპონიმიის მეტამორფოზები
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზური (აფსუური) ენის ნორმებით გაფორმებული პირველი გეოგრაფიული სახელწოდებანი ჩნდება XVI ს-ის დასაწყისიდან. ტოპონიმების ისტორიულ ცვლაზე დაკვირვება ადასტურებს, რომ მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც აფხაზები (აფსუები) მიჩნეულნი არიან ამ ტერიტორიის ერთადერთ აბორიგენ მოსახლეობად, მცდარია.
საკვანძო სიტყვები: აფხაზეთი, ტოპონიმთა ცვლა, აბორიგენი მოსახლეობა, ფალსიფიკაცია
დაძაბულობის ინდიკატორები ზეპირ და წერილობით ტექსტებში
ზეპირ ტექსტში დაძაბულობის გამოხატვის უმნიშვნელოვანესი წყაროა პროსოდია, წერილობით ტექსტში კი - ვერბალური საშუალებები. ორივე შემთხვევაში დაძაბულობის აკუმულირებას ადგილი აქვს ტექსტის საზრისისა (თემის) და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სპეციფიკაციის, კონტრასტული დაპირისპირების, მეტაფორის და ა.შ. გადმოცემისას.
საკვანძო სიტყვები: დაძაბულობის ველი, პროსოდია, ტექსტის ლინგვისტიკა
ჟარგონიზმები ქართულ–რუსულ ენობრივ ურთიერთობათა კონტექსტში
ნაშრომი ეხება ქართულ-რუსული ენობრივი ურთიერთობების ერთ-ერთ განსაკუთრებულ სფეროს, ჟარგონულ ლექსიკას. მასში განხილულია რუსული ლექსიკა თანამედროვე ქართულ ჟარგონში და ქართული ლექსიკა თანამედროვე რუსულ ჟარგონში. ნაჩვენებია ამ ლექსიკურ ერთეულთა გამოყენების სპეციფიკა და თავისებურებანი.
საკვანძო სიტყვები: ჟარგონი, ლექსიკური ერთეული, ქართული ენა, რუსული ენა, სიტყვათა სესხება
ორთოგრაფიული ვარიაცია ფრანგულ მოკლე ტექსტურ დისკურსში
სტატია ეხება ფრანგულ მოკლე ტექსტურ დისკურსში გამოყენებულ არასტანდარტულ ორთოგრაფიულ ფორმებს. ფორმალური და სუბიექტური კრიტერიუმების მიხედვით მათი განხილვის შედეგად ვასკვნით, რომ შემოკლებები არა მხოლოდ ტექნიკური შეზღუდვების „დასამარცხებლად" გამოიყენება, არამედ ენობრივი იდენტიფიკატორის როლშიც გვევლინება.
საკვანძო სიტყვები: მოკლე ტექსტური დისკურსი, ორთოგრაფია, აბრევიაცია, ენობრივი იდენტიფიკაცია
შემოქმედებითი მიდგომა ფერთა ნომინაციის პროცესში და ფერის აღმნიშვნელი სიტყვების მნიშვნელობის ზღვარი
სტატიაში აღწერილი და შესწავლილია ფერის აღმნიშვნელი ერთეულების პროცესის ფსიქოლოგიურ-ვერბალური და კულტურულ-სოციალური ფაქტები. აგრეთვე, გამოკითხვის საფუძველზე შესწავლილია, ნომინაციის პროცესის შედეგად სადამდე ვრცელდება სიტყვების მნიშვნელობის ზღვარი.
საკვანძო სიტყვები: ფერთა ნომინაცია, სიტყვის მნიშვნელობა, პოლისემია
„არ“, „ც“, „კი“ ნაწილაკები ქართულში და მათი შესაბამისობები ინგლისურში
სტატიაში განხილულია ქართულში „ც" და „კი" ნაწილაკების „არ" ნაწილაკთან კომბინაციით გამოხატული უარყოფა. ნაჩვენებია, რომ ქართულში არსებობს სახელური უარყოფა; „ც" ნაწილაკს შემოაქვს შკალარული პრედიკაცია, „კი" ნაწილაკს კი - პრესუპოზიცია. განხილულია ლექსიკური საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ხდება იმავე ფუნქციების გადმოცემა ინგლისურში.
საკვანძო სიტყვები: ზმნური უარყოფა, სახელური უარყოფა, მარკირება, სკალარული პრედიკაცია, პრესუპოზიცია
ადამიანის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის აღმნიშვნელი ფრაზეოლოგიზმები ქართულ და ინგლისურ ენებში
ნაშრომში შესწავლილია თანამედროვე ქართულ და ინგლისურ ენებში არსებული ფრაზეოლოგიური ერთეულები, რომლებიც ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას გადმოსცემს. ფრაზეოლოგიზმები განხილულია ლექსიკურ-თემატური თვალსაზრისით და ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტებით. გამოვლენილია ენებს შორის არსებული მსგავსება-განსხვავებანი.
საკვანძო სიტყვები: ქართული/ინგლისური ფრაზეოლოგიზმები; ლინგვოკულტუროლოგია; სემანტიკა
სტაბილურობა და ვარირება ესპანური ენის ბინარულ თანხმოვანთჯგუფებში
სტატია ეხება ბინარული კონსონანტური კომპლექსების კვლევას სიტყვის შუაში როგორც ეტიმონის, ასევე დერივატის დონეზე. სტატიაში აღწერილია თანხმოვანთჯგუფების მიერ განვლილი ევოლუციის პროცესი და ახსნილია მათი ვარირების გამომწვევი მიზეზები.
საკვანძო სიტყვები: ბინარული კონსონანტური კომპლექსები, სტაბილურობა, ვარირება
ახალგაზრდების ინტერაქციის გენდერული დინამიკა (ქართული და გერმანული ენობრივი მასალის მიხედვით)
სტატიაში განხილულია ქართველი და გერმანელი გოგონებისა და ბიჭების დისკურსის გენდერული დინამიკა, მათი საუბრების კოოპერაციული და კომპეტიტიური სტილი (საბრძოლო, კონკურენციით აღსავსე) აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მოპოვებული ემპირიული მასალის ანალიზის მიხედვით.
საკვანძო სიტყვები: დისკურსის დინამიკა, ახალგაზრდების ენა, გერმანელი და ქართველი გოგონები და ბიჭები, საუბრის მხარდამჭერი რეაქციები
დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი - ორენოვანი ევროპულ-ქართული ლექსიკონების საფუძველი
სტატიაში განხილულია „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის" ბაზაზე ორენოვანი, ევროპულ-ქართული ლექსიკონების შექმნის პრაქტიკული მეთოდები და ზოგადი პერსპექტივები. ამგვარი ლექსიკონების შექმნის მეთოდიკა ნაჩვენებია კონკრეტული სიტყვა-სტატიების მაგალითზე იტალიურ-ქართული, ფრანგულ-ქართული, გერმანულ-ქართული და შვედურ-ქართული ლექსიკონებიდან.
საკვანძო სიტყვები: ორენოვანი ლექსიკოგრაფია, რომანულ-ქართული ლექსიკონები, გერმანიკულ-ქართული ლექსიკონები
ციური სფერო ნ. გუმილიოვის პოეზიაში
ნ. გუმილიოვის პოეტური მანერის თავისებურება ხასიათდება მისი შემოქმედებისათვის მთავარი სიტყვების ციურ სფეროსთან დაკავშირებული სემანტიკური მოცულობის გაფართოებით, რადგან ეს სიტყვები ერთდროულად ორივე კონოტაციური მუხტის მატარებელი ხდება (ისინი დამუხტულია როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად). ხანდახან კონოტაციურად დამუხტულ სიტყვაში ხდება „გადართვა" დადებითიდან უარყოფით რეგისტრში.
საკვანძო სიტყვები: ნ. გუმილიოვი, „ციური სფერო“, კომპონენტური ანალიზი, კონოტაციური მუხტი
თანამედროვე გერმანული ლინგვოდიდაქტიკის ინტერკულტურალური ასპექტები
უცხო ენის შესწავლის მეთოდიკა ცვლილებას განიცდის დროთა განმავლობაში და ორიენტირებულია შესაბამის რეალობასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე. სტატიაში მოცემულია ინტერკულტურული მეთოდის ზოგადი ანალიზი და გამოყოფილია მისი ინდივიდუალური მახასიათებლები; პრობლემა შესწავლილია ქართულ რეალობასთან მიმართებით და მოცემულია სამომავლო პერსპექტივების პროგნოსტიცირება.
საკვანძო სიტყვები: უცხო ენის სწავლება, ინტერკულტურული მეთოდი; ინტერაქცია კულტურებს შორის; გისენის ლინგვოდიდაქტიკოსთა სკოლა.
ირონია მეტყველების აქტების თვალთახედვით
სტატია ეძღვნება ირონიის აღქმისა და დეკოდირების პრობლემებს მეტყველების აქტების თეორიის ჭრილში. იგი ეყრდნობა ემპირიულ მასალას და წარმოაჩენს ირონიას, როგორც ფორმის, მნიშვნელობისა და კონტექსტის ერთობლიობას.
საკვანძო სიტყვები: ირონია, მეტყველების აქტი, ნეგატიური და პოზიტიური ინტენცია, იმპლიციტური აზრი, ფონური ცოდნა.
სიტყვაწარმოების ადგილისათვის ლინგვისტიკაში ქართული და გერმანულენოვანი საენათმეცნიერო ლიტერატურის მიხედვით
სტატიაში განხილულია სიტყვაწარმოების ადგილი თანამედროვე ლინგვისტიკაში, წარმოდგენილი და გაანალიზებულია ამ საკითხთან დაკავშირებული ქართველი და უცხოელი ლინგვისტების მოსაზრებები, ნაჩვენებია ის განსხვავებები, რომლებიც ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შეინიშნება ქართულ და უცხოურ ლინგვისტურ ლიტერატურაში.
საკვანძო სიტყვები: სიტყვაწარმოება; სიტყვაწარმოების ტიპები; სიტყვაწარმოებითი ტერმინოლოგია.
ევროპული ენების ჟარგონებში არსებული ნასესხობები ბოშური ენიდან: მათი წარმომავლობა, მნიშვნელობა და იდეოლოგია
ევროპული ენების სლენგი შეიცავს სიტყვებს, რომლებიც ბოშური ენიდან გაჩნდნენ. სტატია იკვლევს ამგვარ სიტყვებს ესპანურსა და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. სემანტიკური ჯგუფების მცირე მიმოხილვის შემდეგ გამოვყოფ ეთნიკური დატვირთვის მქონე სიტყვებს. სტატიაში დეტალურად არის განხილული და გაანალიზებული კვლევის შედეგები, რომელიც უპასუხებს კითხვებს: რატომ შევიდნენ ეს სიტყვები სხვადასხვა ენაში და რატომ შეიცვალეს მათ თავიანთი თავდაპირველი მნიშვნელობა.
საკვანძო სიტყვები: სოციოლინგვისტიკა, ჟარგონი, ნასესხობები ბოშათა ენიდან, ესპანეთი, ცენტრალური ევროპა.
ნეოლოგიზმების ფუნქციონირება ფრანგულ და ქართულ მედიადისკურსში
სტატიაში განხილულია ფრანგულ და ქართულ ნეოლოგიზმთა ინტეგრაციისა და ადაპტაციის გზები. ბეჭდური და ელექტრონული მედიის მაგალითებზე დაყრდნობით ნაჩვენებია მათი თავისებურებები, საერთო ნიშნები და განსხვავებები.
საკვანძო სიტყვები: ქართული ენა, ფრანგული ენა, ნეოლოგიზმები, ნეოლოგია, ანგლიციზმები.
ლექსიკოგრაფიის სამეცნიერო რაობისათვის (ლექსიკოგრაფიის სამეცნიერო და გამოყენებითი ასპექტების ანალიზის საფუძველზე)
სტატია შეეხება ლექსიკოგრაფიის რაობისა თუ სტატუსის პრობლემას. განხილულია საკითხი, არის ლექსიკოგრაფია მეცნიერება, თუ მარტოოდენ ხელობა. სტატიაში მოყვანილია არგუმენტები ლექსიკოგრაფიის სამეცნიერო სტატუსის სასარგებლოდ. კერძოდ, განხილულია მოღვაწეობის სფეროები, რომელთაც გამოყენებითი ასპექტის ქონის მიუხედავად, საზოგადოება საფუძვლიანად მეცნიერებად მიიჩნევს.
საკვანძო სიტყვები: ლექსიკოგრაფიის სტატუსი, ხელობა თუ მეცნიერება, ეკვივალენტობა.
„ნათლის სვეტის” პარადიგმული სახისმეტყველება ნიკოლოზ გულაბერისძის „საკითხავსა” და „საგალობელში”
სტატიაში შესწავლილია „ნათლის სვეტის” პარადიგმული სახისმეტყველება ნიკოლოზ გულაბერისძის „საკითხავსა” და „საგალობელში”, დაძებნილია მისი ბიბლიური არქეტიპები, წარმოჩენილია ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებში მისი განსახოვნებანი და საზრისი. ზემოაღნიშნულის საფუძველზე და სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემთა გათვალისწინებით გამოტანილია შესაბამისი დასკვნები.
საკვანძო სიტყვები: სვეტი, ნათელი, პარადიგმა , გულაბერისძე
სვანური ბგერწერითი ლექსიკის სემანტიკური კლასიფიკაციისათვის
სტატიაში განხილულია სვანური ბგერწერითი ლექსიკის სემანტიკური კლასიფიკაცია სვანური ენის ტრადიციულად ცნობილი დიალექტებისა (ბალსზემოურის, ბალსქვემოურის, ლაშხურის, ლენტეხურის) და ჩოლურული მეტყველების მიხედვით. როგორც ფონოსემანტიკურ მასალაზე დაკვირვებამ აჩვენა, სვანურშიც დომინანტურია ოთხი დიდი სემანტიკური ჯგუფი (საკუთრივ ხმაბაძვითი ლექსიკა (ანუ სხვადასხვა სახის ხმიანობის გამოხატვა); სინათლისა და ცეცხლის ნათება-მოძრაობის აღმნიშვნელი ლექსიკა; დინამიკურობის – მოძრაობისა და მოქმედების – ამსახველი ლექსიკა; სტატიკურობის – ფიზიონომიის, ყურების, გამოხედვის, მენტალური მდგომარეობის – აღმნიშვნელი ლექსიკა. აღნიშნული ჯგუფების გამოყოფა კი ეფუძნება საენათმეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილ ჩარლზ ოსგუდის სემანტიკური დიფერენციაციის მეთოდს. ცხადია, აღნიშნული ჯგუფები, ქართულის მსგავსად, ვერც სვანურში ამოწურავენ ბგერწერითი ლექსიკის ძალიან მდიდარ შესაძლებლობებს.
საკვანძო სიტყვები: ფონოსემანტიკა, ბგერწერა, ხმაბაძვა, ლექსიკა.
„მომხმარებლის გზამკვლევების“ გაგებისათვის საბანკო სფეროში
ნაშრომის მიზანია საბანკო სფეროში არსებული გერმანულ- და ქართულენოვანი გზამკვლევების კონტრასტული ანალიზი, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია ტექსტის გაგების მოდელზე, რადგან საბანკო სფეროში არსებული ინსტრუქციული ტექსტების კვლევისას საქმე გვაქვს ტექსტის იმ ენობრივ მახასიათებლებთან, რომლებიც მკითხველისთვის გასაგები უნდა იყოს, რათა მან სამართლებრივად გამართული საბანკო ოპერაციები აწარმოოს.
საკვანძო სიტყვები: დარგობრივი ენა, გზამკვლევი, ინსტრუქციული ტექსტი
პოლისემიური სიტყვების სწავლება მაღალ კლასებში
ნაშრომში წარმოდგენილია პოლისემიური სიტყვების სწავლების მეთოდი მაღალ კლასებში უცხო ენების სწავლებისას, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება, ადვილად აღიქვას და დაიმახსოვროს პოლისემიური სიტყვებისა და იდიომების მნიშვნელობები. კვლევები კოგნიტიურ ლინგვისტიკაში აჩვენებს, რომ პოლისემიური სიტყვები სხვადასხვა აზრობრივი კავშირით ურთიერთდაკავშირებული მნიშვნელობების სტრუქტურას წარმოქმნის, რომელიც შეიძლება აღიწეროს სისტემურად. ეს მიდგომა შეიძლება გადმოვიტანოთ და გამოვიყენოთ უცხო ენის სწავლებისას.
ნაშრომში ასევე მოცემულია გაკვეთილის გეგმა, რომელიც ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს ინგლისური ენის პედაგოგებისათვის პოლისემიური სიტყვების სწავლებისას.
საკვანძო სიტყვები: უნივერსალური მოდელები, პოლისემიური არსებითი სახელები, დეფინიციათა ანალიზის მეთოდი, სემანტიკური კომპონენტები, კონტექსტუალური ანალიზი.
- "სპეკალის" მეთვრამეტე ნომერი
- ენათმეცნიერება
- მაია ლომია, რამაზ ქურდაძე, ნინო ჭუმბურიძე, ქეთევან მარგიანი
რთული უარყოფითი სახელური ლექსემები ქართულ ენაში: სტრუქტურა და ფუნქციური განაწილების პრინციპები
სტატიაში განხილულია რთული უარყოფითი სახელური ლექსემების სტრუქტურა, ქრო¬ნოლოგია და ფუნქციური განაწილების პრინციპები. პირობითად გამოყოფილი ოთ¬ხი ჯგუფიდან ყველაზე პროდუქტიულია არა-/არ- უარყოფითნაწილაკიანი სახელები. ისი¬ნი დას¬ტურ¬დება ძველ ქართულში და თანდათან იფართოებენ გავრცელების არეს თა¬ნამედროვე ქართულში. არა-/არ- ნაწილაკები ქართულ სალიტერატურო ენა¬ში ქმნიან ან¬ტონიმურ წყვილებს, ტერმინოლოგიურ სისტემას, ხოლო ქართულ ცოცხალ მეტყვე¬ლე¬¬ბაში ‒ თა¬ვი¬სებურ სახელურ ფორმებს. ამ ფორ¬მა-თა ანალიზი წარმოაჩენს არა-/არ- ნაწი¬ლაკების ძირითად და ფა¬კულ¬ტატურ ფუნ-ქციებს: ესაა უარყოფის კატეგორიული გამო¬ხატვა და მისი აქტუალიზაცია (ხაზგასმა). არა-/არ- ნაწილაკებს ამ ორი მნიშვნელობის შეთავსება-გადმოცემა ერ¬თ¬დროულად შეუძლიათ, რაც კარგად ჩანს უქონლობის უ- პრე¬ფიქსიან სახელებთან შედა¬რე¬ბითაც.
საკვანძო სიტყვები: უარყოფა, ქართული ენა, სტრუქტურა, ქრონოლოგია, ფუნქცია.
იდეოლოგიისა და ძალაუფლების გამოხატვის ენობრივი საშუალებები პოლიტიკურ დისკურსში (ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მარგველაშვილის მიმართვათა ტექსტების მაგალითზე)
წინამდებარე სტატია ეძღვნება ორი ქართველი პრეზიდენტის სიტყვებისა და მიმართვათა ტექსტების ლინგვისტურ ანალიზს ნ. ფეარკლოს მიერ აღწერილ მოდელზე დაყრდნობით. კერძოდ, საანალიზო მასალად გამოყენებულია საქართველოს პირველი და მეოთხე პრეზიდენტების – ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მარგველაშვილის – სიტყვები და მიმართვები (1 საათი და 15 წუთი, 8500 სიტყვა). ამ მიმართვათა ტექსტების (ახალი წლის და 26 მაისის აღლუმზე გაკეთებული მიმართვები, ზ. გამსახურდიას მიერ დევნილობაში გაკეთებული მიმართვები...) ანალიზისას ყურადღება გამახვილებულია იმ ლინგვისტურ მარკერებზე, რომელთა საშუალებითაც ორივე პრეზიდენტი ცდილობს საკუთარი პოზიციისა და სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის წარმოჩენას, მისი ვალიდურობის დასაბუთებასა და, შესაბამისად, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ან შენარჩუნებას.
საკვანძო სიტყვები: კრიტიკული დისკურსი, იდეოლოგია, ძალაუფლება
მადლიერების გამოხატვა სოციალურ ქსელებსა და ვირტუალურ მიმოწერაში (ინგლისური და ქართული ენების მასალაზე)
სტატიაში განხილულია მადლიერების გამოხატვის ვერბალური და არავერბალური საშუალებები ინტერნეტ-მიმოწერასა და სოციალური ქსელებით კომუნიკაციის პროცესში. კვლევის ძირითადი სფეროებია – პრაგმატიკა და სოციოლინგვისტიკა. კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს ენის ფუნქციები, სამეტყველო აქტების თეორია, თავაზიანობის თეორია და კულტუროლოგია. სტატიის სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენს ის, რომ მადლიერების გამოხატვის ფორმები გაანალიზებულია თანამედროვე საკომუნიკაციო არხებთან მიმართებით, ამასთან, მადლიერება განხილულია, როგორც ენის ექსპრესიული და ფატიკური ფუნქციების გამოხატულება. მადლიერება ასევე შესწავლილია, როგორც თავაზიანობისა და „სახის“ შენარჩუნების სტრატეგია. მადლიერების გამომხატველი გამონათქვამები მიჩნეულია „ბიჰებიტივებისა“ და „ექსპრესივების“ ჯგუფის სამეტყველო აქტებად. ემპირიული მასალა აღებულია ვირტუალური მონაცემებიდან, კერძოდ, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელიდან – Facebook. საანალიზო მასალად აღებულია ელ-ფოსტის საშუალებით გაგზავნილი წერილები, პირადი შეტყობინებები, „კედლის პოსტები“ და კომენტარები. კვლევის შედეგები საინტერესო იქნება პრაგმატიკის, სოციოლინგვისტიკის, სამეტყველო აქტების თეორიის, ენის ფუნქციების, სამეტყველო ეტიკეტის და თავაზიანობის თეორიის სფეროებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის.
საკვანძო სიტყვები: მადლიერება, სოციალური ქსელები, თავაზიანობა, სამეტყველო აქტები, სახის შენარჩუნების სტრატეგიები
ფრიკატივ ფონემათა დისტრიბუცია აფხაზურში (აფხაზური ენის ეროვნული კორპუსის მიხედვით)
სტატია ეხება აფხაზური ენის ფრიკატივი ფონემების დისტრიბუციულ-სტატისტიკური კანონზომიერების დადგენას. კვლევა ჩატარდა აფხაზური ენის ეროვნულ კორპუსზე დაყრდნობით. ამგვარი კვლევა სიახლეა აფხაზური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიის საკითხების შესწავლისას და მიზნად ისახავს კორპუსული კვლევების გამოყენებას დასახელებული საკითხის გამოწვლილვით გამოკვლევისთვის.
საკვანძო სიტყვები: ფონემათა დისტრიბუცია, კორპუსული კვლევები, აფხაზური ენა, ფრიკატივები
კონტრასტული დისკურსის მარკერების გრამატიკულ-პრაგმატიკული ფუნქციურობის შეპირისპირებითი ანალიზი ინგლისურსა და ქართულ ენებში ტოკშოუს მაგალითზე
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-11
სტატია მიზნად ისახავს კონტრასტული დისკურსის მარკერების ფუნქციურობის კვლევას ამერიკული და ქართული ტოკშოუების მაგალითზე. ნაშრომის მეთოდოლოგიურ ჩარჩოს წარმოადგენს ფრეიზერის ტაქსონომია, რომელიც დისკურსის მარკერებს იკვლევს მათი პრაგმატიკული და მეტალინგვისტური ფუნქციების მიხედვით. ფრეიზერის გრამატიკულ-პრაგმატიკული თეორია შეისწავლის გარკვეულ კონტექსტში აქტუალიზებულ ენას და დაინტერესებულია ტექსტის კონტექსტური მნიშვნელობით. სტატია მიზნად ისახავს: (1) დაადგინოს, რომელი კონტრასტული დისკურსის მარკერები გამოიყენება ტოკშოუს დისკურსში; (2) განმარტოს მოსაუბრეების საკომუნიკაციო განზრახვა მათ მიერ გამოყენებული კონტრასტული დისკურსის მარკერების მიხედვით; (3) უზრუნველყოს ინგლისური და ქართული დისკურსის მარკერების შეპირისპირებითი ლინგვოპრაგმატიკული ანალიზი.
საკვანძო სიტყვები: დისკურსის მარკერები, კონტრასტული დისკურსის მარკერები, ტოკშოუს დისკურსი
რამდენიმე ელამურ ზმნასთან დაკავშირებული ახალი ეტიმოლოგიების ანალიზი
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-10
სტატიაში განხილულია ელამურ ენაზე შესრულებულ ტექსტებში დაფიქსირებული რამდენიმე ზმნა. ყურადღება გამახვილებულია იმ ერთეულებზე, რომლებიც გარკვეულ ტიპოლოგიურ მსგავსებას ავლენენ ქართველურ, დრავიდულ და ინდოევროპულ ენებში არსებულ ერთეულებთან. მაგალითების საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდები ამა თუ იმ ზმნის ძირის ეტიმოლოგიის შესახებ.
საკვანძო სიტყვები: ელამური, დრავიდული, ქართველური, ასირიოლოგია
აგრესიული იუმორის რიტორიკა
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-17
წინამდებარე სტატია განიხილავს იმ ლინგვოპრაგმატიკული კვლევის შედეგებს, რომლებიც მიეძღვნა აგრესიული იუმორის რიტორიკული შესაძლებლობების ანალიზს მოცემული დისკურსის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შესწავლის საფუძველზე, პრაგმატიკის, სოციოპრაგმატიკისა და სემანტიკის თეორიულ ჩარჩოში, ინტერკულტურული ასპექტების დაკვირვების პარალელურად. ნაშრომის ემპირიულ მასალად აღებულია 20 ამერიკული და 20 ქართული „სტენდაპ“ მონოლოგი.
საკვანძო სიტყვები: აგრესიული იუმორი, რიტორიკა, ირონია, სარკაზმი
ანთროპონიმი ტარიელი ― „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული ენიგმა [ისტორიულ-ფილოლოგიური ძიება]
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-13
სტატიაში განხილულია საკითხი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირის, ტარიელის, სახელდებას შეეხება. დასახელებული ანთროპონიმი დაკავშირებულია ქართული წარმოშობის, კერძოდ, -იერ აფიქსით წარმოქმნილი ზედსართავი სახელის ფუძესთან. გამოთქმული თვალსაზრისის ერთ კონცეპტში მოქცევის მიზნით მიმოხილულია ლინგვისტური, ისტორიული და ლიტერატურული მასალა.
საკვანძო სიტყვები: „ვეფხისტყაოსანი“, რუსთველის კონცეპტი, ანთროპონიმი ტარიელი, ქართული წარმოშობის ფუძე
არათავაზიანობა და იდენტობა ოჯახის დისკურსის ჟანრში
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-15
წარმოდგენილ ნაშრომში არათავაზიანობა განხილულია, როგორც პიროვნების თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების ფორმა და, ასევე, გზა ინტერპერსონალური ურთიერთობების ფორმირებისა და შენარჩუნებისთვის; ხოლო ახლო სოციალური ურთიერთობები წარმოდგენილია, როგორც საფრთხის შემცველი პიროვნების იდენტობის ფორმირების პროცესში.
საკვანძო სიტყვები: იდენტობა, არათავაზიანობა, ოჯახი
დარწმუნება და ემოციის ფრეიმინგი საჯარო გამოსვლებში: აუდიტორიაზე ორიენტირებული მიდგომა
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-16
მოცემული კვლევა განიხილავს ემოციას, როგორც კომუნიკაციის მნიშვნელოვან ნაწილს და ხსნის მას, როგორც კოგნიტურ პროცესს, რომელიც სქემატურად არის წარმოდგენილი და აქტიურდება დარწმუნების კონტექსტში მოსაუბრესა და მსმენელს შორის გაზიარებული კულტურული გამოცდილების საფუძველზე.
საკვანძო სიტყვები: საჯარო გამოსვლა, დარწმუნება, ემოციის ფრეიმინგი
კოდების გადართვის ფუნქციები და გამოყენების სიხშირე ქართულ საგანმანათლებლო დისკურსში
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-18
სტატიაში წარმოდგენილი კვლევის მიზანია, შეისწავლოს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში ზოგადი ინგლისურის კურსის (EFL) ლექტორების მიერ კოდების გადართვის გამოყენების სიხშირე და ფუნქციები. სამაგიდე კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა მკვლევრის ნაშრომებს [Myers-Scotton, 1993; Ferguson, 2003 და ა.შ.]. რაოდენობრივი ხასიათის კვლევაში მონაწილეობდა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის ზოგადი ინგლისურის კურსის 92 ლექტორი და მათი 220 სტუდენტი. ნაშრომის მიზანია, გამოავლინოს: 1. EFL (ინგლისური, როგორც უცხო ენა) კურსის ლექტორების მიერ კოდების გადართვის გამოყენების სიხშირე უმაღლეს საგანმანათლებლო დისკურსში; 2. EFL კურსის ფარგლებში კოდების გადართვის გამოყენების ფუნქციები; 3. EFL კურსის ლექტორებისა და სტუდენტების დამოკიდებულება ლექტორის მიერ კოდების გადართვისადმი.
კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ ინგლისურის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროცესი კოდების გადართვით ხასიათდება. რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე, შევძელით კოდების გადართვის გამოყენების ფუნქციების კლასიფიკაცია ქართულ საგანმანათლებლო დისკურსში. ფუნქციები, ძირითადად, განსხვავებული კულტურული მახასიათებლის წარმოჩენასა და კომუნიკაციას (ლექტორსა და სტუდენტს შორის) ემსახურება. მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტები გაცილებით დადებითად აფასებენ, უფრო ეთანხმებიან ლექტორების ქართულ ენაზე გადართვას, ვიდრე – თავად ლექტორები.
ამგვარად, კვლევა აჩვენებს, რომ ინგლისური ენის (EFL) ლექციაზე ქართული ენის გამოყენებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება განპირობებულია ენის სწავლების მიმართ ლექტორების ტრადიციული შეხედულებით (conventional view), რაც გულისხმობს ენის სწავლების პროცესში მხოლოდ ერთი ენის გამოყენებას.
იმის მიუხედავად რომ ლექტორების უმრავლესობა მშობლიური ენის გამოყენებისადმი უარყოფითადაა განწყობილი, სწავლებისას გამოკითხულთა 50-60% მაინც იყენებს ქართულ ენას.
საკვანძო სიტყვები: კოდების გადართვა, ინგლისური, როგორც უცხო ენა (EFL), საგანმანათლებლო დისკურსი
სახელის დიონისესეული განმარტება ანტიკურ გრამატიკაში
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-14
გრამატიკის ერთ-ერთ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებად აღიარებულია არსებითი სახელის რეფერენციული განმარტება, რომლის თანახმად, ეს მეტყველების ნაწილი გამოხატავს საგანს. ევროპულ ლინგვისტურ ტრადიციაში არსებითი სახელის ამგვარ გაგებას არ აქვს ალტერნატივა. სახელის უნივერსალური ნიშნის - საგნობრიობის - გამოყოფამ განსაზღვრა ამ მეტყველების ნაწილის ერთნაირი გაგება ანტიკურ და შუა საუკუნეების გრამატიკებში. ევროპულ ტრადიციაში პირველი ცოდნა ენის შესახებ გაჩნდა ფილოსოფიაში, რომლის წარმომადგენლებს ენა აინტერესებდათ, მხოლოდ როგორც აზროვნების გამომხატველი. საგანგებოდ გამოიყოფა დიონისეს Τέχνη Γραμματική, რომელიც თეორიულად ამართლებს ლოგიციზმს ენის შესწავლის პრაქტიკაში.
საკვანძო სიტყვები: არსებითი სახელის დეფინიცია, არისტოტელე, დიონისე, სახელი, გრამატიკა
-დ ფორმანტიან ფორმათა სინტაქსური ფუნქცია და ფორმალური შეთანხმების საკითხი (K14 ხელნაწერის საფუძველზე)
ძველ ქართულში სახელს მოთხრობით, მიცემითსა და ნათესაობით ბრუნვებში - თ სუფიქსიანი მრავლობითის საერთო ფორმა აქვს. ზოგჯერ თანიანი მრავლობითის ფორმა გამოიყენება მოქმედებითისა და ვითარებითის ფუნქციითაც. ენის განვითარების გარკვეულ ეტაპზე - თა სუფიქსიანი სახელები ფორმდება - დ(ა) მარკერით. შედეგად, ვიღებთ ასეთ ფორმებს: გონიერთადა, საუნჯეთად, სხეულთად... სტატიაში განხილულია მსგავსი, R-თა-დ(ა), სტრუქტურის ფორმები და მოცემულია მათი წარმოქმნის მიზეზების დადგენის ცდა.
საკვანძო სიტყვები: სინტაგმა, ფორმალური შეთანხმება, ხელნაწერი K14
გრამატიკალიზებული ჩანს ელემენტი და მასთან დაკავშირებული სირთულეები კორპუსლინგვისტიკაში
სტატიაში განხილულია ცოცხალ ენობრივ სისტემაში მიმდინარე გრამატიკალიზაციის პროცესი, წარმოდგენილია ამ პროცესის განმსაზღვრელი ძირითადი თეორიული დებულებები, აღწერილია გრამატიკალიზებული ჩანს ელემენტის ფუნქციურ-სემანტიკური მახასიათებლები, განხილულია მასთან დაკავშირებული სირთულეები კორპუსლინგვისტიკაში.
საკვანძო სიტყვები: გრამატიკალიზაცია, კორპუსლინგვისტიკა, ომონიმია, ფუნქციური-სემანტიკური ანალიზი
ლიდერი და კომანდა ახალ ქართულ სამხედრო ტერმინოლოგიაში
სტატიაში განხილულია ტერმინოლოგიური პრობლემები, რომლებიც წარმოიშვა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო ურთიერთობების დაწყების შემდეგ ან რა სირთულეების წინაშეა ენა, როდესაც ერთდროულად უამრავი ახალი ტერმინი შემოდის და უკონტროლოდ მკვიდრდება. სტატიაში საფუძვლიანად განხილულია ორი ახალი ტერმინი.
საკვანძო სიტყვები: სამხედრო ტერმინები, ლიდერი, კომანდა, კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია
- "სპეკალის" მეთვრამეტე ნომერი
- ენათმეცნიერება
- მანანა რუსიეშვილი; რუსუდან დოლიძე; სოფიო თოთიბაძე; მარიამ ქებურია
სიძულვილის ემოციის მეტაფორული კონცეპტუალიზაცია ქართულ და ინგლისურ ენებში
როგორც ცნობილია, კონცეპტუალური მეტაფორის თეორიამ ბიძგი მისცა მეტაფორის, როგორც ადამიანის მიერ სამყაროს შემეცნების ერთ-ერთი ხერხის, გააზრებას კოგნიტური ლინგვისტიკის პოზიციიდან. ჯ. ლეიკოფისა და მ. ჯონსონის (2003) კონცეპტუალური მეტაფორის ფუნდამენტური თეორიის მიხედვით, მეტაფორა აადვილებს ადამიანის მიერ სამყაროს აღქმას და ერთ-ერთ აუცილებელ იარაღად გვევლინება სამყაროს დიფერენციაციისა და კონცეპტუალიზაციის პროცესში. სტატიის მიზანია „სიძულვილის“ ემოციის მეტაფორული კონცეპტუალიზაციის სპეციფიკის შესწავლა ქართულ და ინგლისურ ენებში, ამ ენებსა და კულტურებში უნივერსალური და ვარიანტული მოდელების გამოყოფა და ანალიზი.
საკვანძო სიტყვები: კონცეპტუალური მეტაფორის თეორია, ქართული, ინგლისური, სიძულვილის ემოცია
ფერთა ტერმინების სტრუქტურული და ლექსიკურ-სემანტიკური ჯგუფები ქართველ სიმბოლისტებთან
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ „ცისფერყანწელთა“ შემოქმედების ფერთა ამსახველ სიტყვებს. გამოვარკვევთ, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ფერთა ლექსიკას „ცისფერყანწელთა“ პოეზიაში, რა სიხშირით არის გამოყენებული აღნიშნული ლექსიკა და რომელია დომინანტი ფერი. გავაანალიზებთ რ. ფრუმკინას, ა. ვეჟბიცკას, ვ. კანდინსკის, ბ. ბერლინისა და პ. ქეის თეორიის მნიშვნელობას ამ სპეციფიკური ლექსიკის ველთან მიმართებით; განვიხილავთ სხვა ლინგვისტების სემიოტიკურ მოსაზრებებსაც.
საკითხის შესწავლას ბაზისურ ფერთა გამოყოფით ვიწყებთ, მაგრამ კვლევა არ შემოიფარგლება მხოლოდ ძირითადი ფერებით.
ნაშრომი შესრულებულია ქართველური ენათმეცნიერების პრინციპების მიხედვით, რომელთათვისაც მთავარია ინტერდისციპლინური კვლევები და მომიჯნავე სპეციალობების მონაცემების ფონზე სათანადო დასკვნების გამოტანა. ვასხვავებთ აღნიშნული მიდგომის ორ განზომილებას: ლინგვისტიკა-ლიტერატურათმცოდენობასა და კულტუროლოგიას, იმდენად, რამდენადაც ლინგვოკულტუროლოგია გულისხმობს ლინგვისტურ და კულტუროლოგიურ კვლევათა ურთიერთდაკავშირებას.
საკვანძო სიტყვები: ქართული სიმბოლიზმი, სიმბოლო, ფერთა ტერმინები.
ქართულ ტერმინთა წარმოების მეთოდები: ბოტანიკური, ზოოლოგიური და ანატომიური ტერმინების მაგალითზე
ნაშრომი „ქართულ ტერმინთა წარმოების მეთოდები: ბოტანიკური, ზოოლოგიური და ანატომიური ტერმინების მაგალითზე“ მიზნად ისახავს შეისწავლოს ტრადიციული დარგების ტერმინოლოგია და ტერმინთშემოქმედების მეთოდები. ეს ინტერესი განაპირობა იმან, რომ XXI საუკუნეში ქართული ტერმინოლოგია, უპირატესად, ინგლისური ენიდან პირდაპირი სესხების გზით შემოსული ტერმინებით ივსება. იმის შესწავლა, თუ როგორი იყო ქართული ტერმინთშემოქმედება კლასიკურ პერიოდში და როგორია მისი ტრადიცია, მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს ქვეყანაში ტერმინოლოგიური პოლიტიკის განსაზღვრისა და ტერმინოლოგიური საქმიანობის სწორად წარმართვის მიზნით.
საკვანძო სიტყვები: ქართული ტერმინთშემოქმედება, ტრადიციული დარგები, ტერმინთა წარმოების მეთოდები
ძველი ბერძნული მეტეოროლოგიური ტერმინოლოგიის ქართულ შესატყვისთა დადგენის თავისებურებები (კლავდიუს პტოლემაიოსის ნაშრომების მაგალითზე)
სტატიის მიზანია ძველი ბერძნული მეტეოროლოგიური ტერმინების ქართულ შესატყვისთა დადგენის თავისებურებების წარმოჩენა კლავდიუს პტოლემაიოსის ნაშრომების მაგალითზე: „ტეტრაბიბლოსი“ ანუ „ოთხწიგნეული“, „ალმაგესტი“ ანუ „მათემატიკური თხზულება“, „უძრავ ვარსკვლავთა ფაზები“ და „გეოგრაფია“.
საკვანძო სიტყვები: ძველი ბერძნული მეტეოროლოგია, პტოლემაიოსი, ასტრომეტეოროლოგია.
თბილისური მეტყველება (ისტორია და თანამედროვეობა)
სტატიაში განხილულია საქართველოს დედაქალაქის (თბილისის) სამეტყველო თავისებურებები. აღნიშნულია, რომ ჯერ კარგად არ არის გათავისებული თბილისის მეტყველების ერთ მთლიან თბილისურ დიალექტად ან ქალაქის სოციალურ სტრატებად (სოციალურ დიალექტებად) მოაზრების საკითხი. სტატია ქალაქური მეტყველებისათვის სპეციალური კვალიფიკაციის მინიჭებას ისახავს მიზნად.
საკვანძო სიტყვები: სოციალური დიალექტი, სტრატი, მდაბიური მეტყველება, ენობრივი იდენტობა, სასაუბრო ენა.
მრავლობითი რიცხვის გამოხატვის პრობლემა ერთი ტიპის რთული წინადადების კავშირში
კვლევა თანამედროვე ქართულ ენაში მაქვემდებარებელ კავშირში ("რომელიც") მრავლობითი რიცხვის ასახვას შეეხება. ნორმის მოწესრიგების მიზნით, მიგვაჩნია: გათვალისწინებულ იქნეს იმ წინადადების წევრის გრამატიკული ფორმა, რომელსაც კავშირი მიემართება და ამავე წევრის სინტაქსური ურთიერთობა ძირითად კოორდინატებთან - ზმნა-შემასმენლებთან - რიცხვის კატეგორიის თვალსაზრისით.
საკვანძო სიტყვები: ნორმატიული ენა, კავშირის როლი, შეთანხმება.
„საკუთრების მინდობასთან” დაკავშირებული ტერმინები ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებში (“საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კანონმდებლობისა“ და „მონტანას კოდექსის“ მიხედვით)
საკუთრების მინდობა" ინგლისურ-ამერიკული სამართლის სისტემისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტია. დღეს იგი სხვადასხვა მოდიფიკაციით მკვიდრდება კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემაშიც. ნაშრომში წარმოდგენილია „საკუთრების მინდობის" ინსტიტუტთან დაკავშირებული ქართული, რუსული და ინგლისური ტერმინების შესწავლის ცდა საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის კანონმდებლობათა შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე.