რუსული ტექსტის ქართული პრობლემები: ლინგვოკულტუროლოგიური კონცეპტები ორი კულტურის კონტექსტში
ეროვნული კულტურის თარგმანი ამოუწურავ მასალას იძლევა შედარებითი კულტუროლოგიური ძიებისათვის. სტატიაში გაანალიზებულია, თავისი კულტურული იდენტურობის დაკარგვის გარეშე როგორ სცდება საკუთარ კულტურას და იძენს კულტურის მედიატორეს თვისებებს ქართული ლინგვოკულტუროლოგიური კონცეპტები რუსულ დისკურსში .
საკვანძო სიტყვები: ლინგვოკულტუროლოგიური კონცეპტები, ტექსტი-მატრიცა, კულტურული შოკი
მულტფილმის თარგმნის თავისებურებები („მადაგასკარის“ ქართული თარგმანის მაგალითზე)
სტატიაში ე. დარნელისა და თ. მაკგრასის მულტფილმის, „მადაგასკარის", მაგალითზე შესწავლილია აუდიო-ვიზუალური თარგმანის თავისებურებები, წარმოჩენილია, როგორ იქმნება პერსონაჟის სახე თარგმანში, აუდიო-ვიზუალური თარგმანის რომელ სახეობას ენიჭება უპირატესობა, რა საშუალებებს იყენებს მთარგმნელი ორიგინალის მსგავსი კომუნიკაციური ეფექტის მისაღწევად და სხვა.
საკვანძო სიტყვები: დუბლირება, სლენგი, კილო, ალუზია, პარალინგვისტური ეფექტები
ემილი დიკინსონის შემოქმედების აღქმის თავისებურებები ქართულ ლიტერატურაში
ბოლო ხანებში ქართულ ენაზე სულ უფრო და უფრო ინტენსიურად თარგმანიან ამერიკელი ქალი პოეტების შემოქმედებას. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ემილი დიკინსონის პოეზია, რომლის განხილვისას იკვეთება საინტერესო ასპექტები არა მხოლოდ თარგმანმცოდნეობის, არამედ ლიტერატურული ურთიერთობების ჭრილშიც.
საკვანძო სიტყვები: ქალური პოეზია, დიკინსონი, თარგმანი, პორტრეტირება, პოეტური სტილის ტრანსფერი
დიალოგურობა, თავისუფალი ირიბი სტილი და ირონია, როგორც მხატვრული მეთოდი, ლორენსის მოთხრობის, „The Lovely Lady“, ერთი ფრაგმენტის ინტერპრეტაციის პრობლემის ფონზე
დევიდ ჰერბერტ ლორენსის ტექსტების დიალოგური ხასიათისა და ირონიის, როგორც მის მიერ მომარჯვებული მამხილებელი მხატვრული მეთოდის, ერთდროულმა გამოვლინებამ გვიჩვენა, თუ რა დარღვევების თავიდან აცილება შეგვეძლო მწერლის შემოქმედების ამ ორი მახასიათებლის გათვალისწინებით ეკვივალენტური თარგმანის შესრულებისას.
საკვანძო სიტყვები: დიალოგი, თარგმანი, ირონია, ლორენსი, სტილი.
იდეოლოგია და მთარგმნელის სტრატეგია (ემილი დიკინსონისა და სილვია პლათის ლექსების საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული თარგმანების შედარებითი მიმოხილვა)
წინამდებარე ნაშრომი შეისწავლის თარგმანის სტრატეგიას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. საბჭოთა პერიოდში დიკინსონისა და პლათის მთარგმნელები ამერიკელი პოეტი ქალების ლექსებს ტრადიციულ პოეტურ გემოვნებას უმორჩილებდნენ, პოსტ-საბჭოთა პერიოდში კი ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
საკვანძო სიტყვები: იდეოლოგია, თარგმანი, პოეზია, ემილი დიკინსონი, სილვია პლათი.
ევფემიზმები და მათი თარგმნის სტრატეგიები (ქართული და ინგლისური ენების მასალაზე)
წინამდებარე ნაშრომი ეხება ევფემიზმების თარგმანთან დაკავშირებულ პრობლემებს. განხილულია სხვადასხვა კატეგორიის ევფმიზმები და დასახულია მათი თარგმნის სტრატეგიები. ყურადღება გამახვილებულია ევფემისტური გამოთქმების კონოტაციური მნიშვნელობის სწორად გადატანაზე თარგმანში. მოხმობილია მაგალითები ინგლისური მხატვრული ნაწარმოებების ქართული თარგმანებიდან.
საკვანძო სიტყვები: ევფემიზმები, ეროვნული, უნივერსალური, სტილი, კონოტაცია
პოლიტიკური ნეოლოგიზმები მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში და მათი ინგლისურიდან ქართულში ტრანსპოზიციის საკითხი
წინამდებარე სტატია ეხება თანამედროვე თარგმანთმცოდნეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ - ნეოლოგიზმების თარგმანის - საკითხს. კერძოდ, სტატიაში განიხილება თანამედროვე ინგლისური პოლიტიკური ნეოლოგიზმების ქართულ თარგმანში გადმოტანის სპეციფიკა, თარგმნითი სტრატეგიები, ამასთანავე, გამოყოფილია ძირითადი ტენდენციები.
საკვანძო სიტყვები: პოლიტიკური ნეოლოგიზმები, თარგმნითი სტრატეგიები, ტრანსლიტერაცია
ბაირონის ლირიკის მოსე ქარჩავასეული თარგმანების დედანთან შეპირისპირებითი ანალიზი
ნაშრომი ეხება ინგლისური ენიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოების მთარგმნელს – მოსე ქარჩავასა და მის თარგმანებს. მკვლევარი მიმოიხილავს შემოქმედის ბიოგრაფიას (რომელიც დღემდე არ არის გამოკვლეული) და ბაირონის ლირიკის თარგმანებს, მსჯელობს მთარგმნელის მიერ გამოყენებულ მეთოდზე, ინგლისურ-ქართულ შესაბამისობებსა და მხატვრულ თავისებურებებზე და ა. შ.
საკვანძო სიტყვები: ბაირონი, თარგმანი, მოსე ქარჩავა, ლირიკა.
მხატვრული თარგმანი და მასთან დაკავშირებული ფილოლოგიური კვლევა (ედგარ პოს ერთი ლექსის ქართული და რუსული თარგმანების მასალაზე)
სტატიაში წარმოდგენილია ედგარ პოს ლექსის „to Helen“ რუსული და ქართული (მათ შორის საკუთარი) თარგმანების შეპირისპირებითი ანალიზი, რომელიც იმის გამოვლენას ემსახურება, თუ რამდენად ადეკვატურად არის მათში გადმოტანილი დედანში მოცემული ყველა სახის ინფორმაცია, ასევე ლექსის სტილი, ხატოვანება, რითმული წყობა და მუსიკალობა.
საკვანძო სიტყვები: პოეტური თარგმანი, ინტერპრეტაცია, ალუზიები, მაკროკონტექსტი
ბიბლიური აბრაამისა და სარას საკუთარ სახელთა ქართულად გადმოცემა-ტრანსლიტერაციის საკითხები
საკვანძო სიტყვები: საკუთარ სახელთა ტრანსლიტერაცია, აბრაამი, სარა, ბიბლიური თარგმანები
ბიბლიური საგალობლები წმინდა ანდრია კრიტელის „დიდი კანონის“ ძველბერძნულ და ქართულ ვერსიებში
ტიპიკონის განვითარების ადრეულ ეტაპზე წმინდა ანდრია კრიტელის „დიდი კანონი“ სრულდებოდა ბიბლიურ საგალობლებთან (ჰიმნებთან) ერთად. წინამდებარე სტატიაში განხილულია აქამდე შეუსწავლელ K-79 ხელნაწერში დაცული ბიბლიური საგალობლების ვარიანტის მიმართება სხვა ქართულ ვერსიებთან. ქართულ ვერსიები შედარებულია ძველბერძნულ წყაროში (Sinai Graecus 734-735) გამოვლენილ ვარიანტთან.
საკვანძო სიტყვები: „დიდი კანონი“, ბიბლიური საგალობლები, რედაქციული კუთვნილება
ევაგრე პონტოელის სწავლათა წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანები
სტატიაში განხილული და იდენტიფიცირებულია ევაგრე პონტოელის (IV ს.) შრომათა წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანები. ევაგრე მონაზონი, ცნობილი ორიგენისტი და V მსოფლიო საეკლესიო კრების (553 წ.) მიერ განკვეთილი, ბერძნულ ენაზე მრავალი ასკეტური ნაშრომის ავტორია. მისი შრომების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში სხვა საეკლესიო მწერალთა სახელით გავრცელდა, ზოგიერთის ორიგინალი კი საერთოდ დაიკარგა, ისინი მხოლოდ თარგმანებმა შემოინახა. ევაგრეს შეგონებები ქართულ ენაზე ფრაგმენტულად ადრევე გახდა ცნობილი (წინაათონურ პერიოდში), თუმცა ირკვევა, რომ მისი მრავალი თხზულება ექვთიმე ათონელსაც უთარგმნია წმ. ბასილი დიდისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელით.
საკვანძო სიტყვები: ევაგრე პონტოელი, ექვთიმე ათონელი, ბასილი დიდი, მაქსიმე აღმსარებელი
სარდიონ ალექსი-მესხიშვილი XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი მთარგმნელი
XIX საუკუნის ერთ-ერთი პირველი ქართველი ექიმი, მთარგმნელი სარდიონ ალექსი-მესხიშვილი ნაკლებად არის შესწავლილი თარგმანმცოდნეობის კუთხით. სტატიაში შესწავლილია ს. ალექსი-მესხიშვილის მთარგმნელობითი საქმიანობის პრინციპები, მისი აქტიური მონაწილეობა „მამათა და შვილთა“ დისკუსიაში („უსტარი ანტიკრიტიკული“).
შედარებითი კვლევის საფუძველზე, სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ჯ. გ. ბაირონის პოემის „ოსკარ დ’ ალვას“ ს. ალექსი-მესხიშვილისეული ქართული თარგმანის ე.წ. პირველწყარო შუალედური ფრანგული ტექსტია.
საკვანძო სიტყვები: ალექსი-მესხიშვილი, ბაირონი, ოსკარ დ’ალვა, ქართული თარგმანი
De Sectis-ის ავტორობის პრობლემა და თხზულების ძველი ქართული თარგმანი არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“
სტატია განიხილავს არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“ დაცული ტრაქტატის - „თეოდორე, ყოვლად ღმრთის-მოყუარისა მონაზონისა და უფროჲსად ბრძნისა ფილოსოფოსისა თუ ვითარ სათანადო არს გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაჲ“ - ავტორობის საკითხს. შრომა დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში De Sectis-ის სახელით არის ცნობილი.
საკვანძო სიტყვები: ლეონტი ბიზანტიელი, ამბა თეოდორე
ალენ გინზბერგის პოეზიის აღქმა ქართულ ლიტერატურაში (ლექსის ,,ყმუილი’’ შოთა იათაშვილისეული თარგმანის მაგალითზე)
სტატიაში წარმოდგენილია ალენ გინზბერგის ლექსის ,,ყმუილი’’ ანალიზი. ლექსი სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში პოეტი საუბრობს თავისი თაობის საუკეთესო მოაზროვნეებზე, რომლებიც სიგიჟისგან განადგურდნენ. მეორეში მკითხველი იგებს, რომ ადამიანების განადგურება მოლოქის ბრალია. მესამე ნაწილში პოეტი უშუალოდ კარლ სოლომონს, თავის მეგობარს, მიმართავს, რომელსაც ლექსი მიუძღვნა და მას თანაუგრძნობს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისა და იქ გატარებული რთული დღეების გამო. სტატიაში ასევე განხილულია ლექსის ძირითადი თემები. ,,ყმუილი’’ ქართულად თარგმნა შოთა იათაშვილმა. სტატიის ბოლო ნაწილი წარმოადგენს ორიგინალისა და მისი ქართული თარგმანის შეპირისპირებით ანალიზს.