წმ. მსხვერპლის თაყვანისცემის სცენა გელათის მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთი ეკვდერის მოხატულობაში
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-1
წინამდებარე სტატიაში განხილულია კათოლიკოს ზაქარია ქვარიანის მოღვაწეობის პერიოდში (1637-1660 წწ.) შექმნილი წმ. მსხვერპლის თაყვანისცემის კომპოზიცია და მისი იკონოგრაფიული თავისებურებები გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთი ეკვდერის საკურთხეველში.
საკვანძო სიტყვები: მსხვერპლის თაყვანისცემა, წმ. პეტრე ალექსანდრიელი, წმ. ნიკოლოზი, გელათის ჩრდილო-დასავლეთი ეკვდერი, ზაქარია ქვარიანი
შექსპირის თემა ქართულ სახვით ხელოვნებაში
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-2
ნაშრომი ,,შექსპირის თემა ქართულ სახვით ხელოვნებაში" მიზნად ისახავს შექსპირის პიესების მიხედვით ქართველ მხატვართა შემოქმედების ანალიზს, რომლის საფუძველზე გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ ქართულმა ხელოვნებამ და მისმა ოსტატებმა არაერთი შედევრი შექმნეს, რამაც ქართულ შექსპირიანას მსოფლიო ხელოვნების მონაპოვრთა შორის ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა.
საკვანძო სიტყვები: სცენოგრაფიული შექსპირიანა, სათეატრო მხატვრობა, სოლიკო ვირსალაძე, რობერტ სტურუა,
სამკუთხა ფორმის საკიდები წინარეანტიკური ხანის კოლხეთში
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-3
წინამდებარე კვლევის მიზანია, განვიხილოთ წიანრეანტიკური ხანის უძველესი კოლხური ოქრომჭედლობისთვის სახასიათო ერთი ჯგუფის ნივთები – სამკუთხა ფორმის საკიდები. დღევანდელი მონაცემებით, მსგავსი ტიპის საკიდების გავრცელების არეალია საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. კომპლექსების თარიღებიდან გამომდინარე მათი ქრონოლოგიური ჩარჩოებია ძვ. წ. VIII-III სს. მსგავსი ტიპის საკიდები დადასტრებულია სამარხებში, ნამოსახლარზე და განძების სახით ცნობილ შემთხვევით აღმოჩენებში.
საკვანძო სიტყვები: ოქრომჭედლობა, კოლხეთი, საკიდები, წინარეანტიკური
ტოპონიმი ჰაიზან/ხაიზანი და მასთან დაკავშირებული იბნ რუსთას ერთი ცნობა ჰერეთის ისტორიისთვის
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-4
ტოპონიმი ®აyზ›ნ/ხაyზ›ნ შუა საუკუნეების არაბული ისტორიული თუ გეოგრაფიული ხასიათის ლიტერატურაში საკმაოდ ხშირად გვხვდება. თუმცა, ცნობები აღნიშნული სახელის გარშემო მწირი და ფრაგმენტულია. ძირითადად ნახსენებია საკუთრივ ტოპონიმი და მასთან ირიბად დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი ართულებს ტოპონიმის იდენტიფიკაციის საკითხს. წინამდებარე ნაშრომის მიზანია, სხვადასხვა ცნობისა თუ არსებულ კვლევაზე დაყრდნობით, თავი მოუყაროს ტოპონიმ ®აyზ›ნის/ხაyზ›ნის ადგილმდებარეობის შესაძლო ვერსიებსა და ვარიანტებს. მათ შორის, მოცემულია ახალი ვარიანტ(ებ)იც, რომლებიც შესაძლოა იდენტიფიცირდნენ ტოპონიმ ®აyზ›ნად. აგრეთვე, განხილულია იბნ რუსთას ერთი კონკრეტული ცნობა, რომელიც ეხება მეფობის შემოღებას ჰერეთის მთავრებს შორის და აღნიშნული ცნობა წარმოადგენს ერთგვარ სიახლეს, რამდენადაც აქამდე ის არ ყოფილა სათანადო დაკვირვების ობიექტი.
საკვანძო სიტყვები: ®აyზ›ნ/ხაyზ›ნ, იბნ რუსთა, ჰერეთი, შუა საუკუნეები, არაბული წყაროები
რა შეიძლება იყოს წარსულის მომავალი: გრემის ისტორიული ლანდშაფტის პოტენციური ღირებულება
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-5
კვლევის მიზანია გამქრალი კახეთის სამეფოს დედაქალაქის, გრემის ღირებულებებისა და კულტურული მნიშვნელობის ხელახალი შეფასება, მისი ისტორიული წარსულის დეკონსტრუქციის მეშვეობით. კვლევა მიზნად ისახავს დაადგინოს, თუ რამდენად შესაძლებელია გრემის ისტორიულმა ლანდშაფტმა, მეზობელი ქვეყნების შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ერთად, დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, რომლებსაც ითვალისწინებს UNESCO-ს „აბრეშუმის გზების ტრანსნაციონალური სერიული მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაცია“.
საკვანძო სიტყვები: გრემის ისტორიული ლანდშაფტი, მსოფლიო მემკვიდრეობა, აბრეშუმის გზების ტრანსნაციონალური ნომინაცია
ფენტეზის ჟანრისა და რელიგიის ურთიერთმიმართება (ჯ. როულინგის, ჯ.რ.რ. მარტინისა და ჯ.რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებების მიხედვით)
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-6
წინამდებარე სტატია წარმოადგენს სადოქტორო დისერტაციის ნაწილს. სტატიაში რელიგიურ ჭრილში განხილულია ჯ. როულინგის, ჯ.რ.რ. მარტინისა და ჯ. რ.რ. ტოლკინის რომანები. ნაჩვენებია, თუ რა მიმართებაშია ფენტეზის ჟანრის სამი ნაწარმოები („ჰარი პოტერის თავგადასავალი“, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ , „ბეჭდების მბრძანებელი“) რელიგიასთან და რა როლი აქვს რელიგიას ჩამოთვლილ ავტორთაგან თითოეულის მიერ გამოგონილ სამყაროში.
საკვანძო სიტყვები: მარტინი, რელიგია, როულინგი, ტოლკინი, ფენტეზი
იდეოლოგიური ტექსტების ორგანიზება საბჭოთა საბავშვო მხატვრულ ლიტერატურაში
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-7
მოცემული სტატია განიხილავს საბჭოთა საბავშვო ლიტერატურაში იდეოლო-გიური ტექსტების ორგანიზებას, როგორც ზეგავლენის მეთოდს. განსაზღვრულია ტექსტების ორგანიზების სამი ტიპი კონკრეტული ლიტერატურული მაგალითების საფუძველზე. კვლევისას გამოყენებულია ნარატივის ანალიზის მეთოდი და სტრუქტურალიზმი, როგორც თეორიული ჩარჩო.
საკვანძო სიტყვები: იდეოლოგია; საბჭოთა იდეოლოგია; საბავშვო ლიტერატურა
ძველ ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში მოხსენიებული აბუკურასა და თეოდორე ედესელის ურთიერთმიმართების საკითხისათვის
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-8
სტატია განიხილავს ქართულ წერილობით წყაროებში დაცული ტექსტის „წმ. მიქაელის წამების“ ერთ-ერთი პერსონაჟის, თეოდორე აბუკურას, საკითხს. თავად თეოდორე აბუკურა არის ამ თხზულების ერთ-ერთი მოქმედი პირი, მიქაელის ამბის მთხრობელი და არა ავტორი. „მიქაელის წამების” პარალელურად ქართულ წყაროებში დაცულია კიდევ ერთი ტექსტი, „თეოდორე ედესელის ცხოვრება”, რომელიც ბერძნულიდან, სავარაუდოდ, ეფრემ მცირემ თარგმნა. მასში, როგორც თხზულების შემადგენელი ნაწილი, ჩართულია ე.წ. „აბუკურაც“, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებებით – საერთოდ ამოღებულია შესავალი ნაწილი, რომელშიც თეოდორე აბუკურა იხსენიება, როგორც მიქაელის ამბის მთხრობელი, ხოლო თავად მიქაელი კი გამოყვანილია თეოდორე ედესელის, ედესის ეპისკოპოსის, ნათესავად.
ჩვენს ინტერესს წარმოადგენს თეოდორე აბუკურასა და თეოდორე ედესელის ურთიერთმიმართების საკითხი. ვეცდებით, გავარკვიოთ, თუ რა საერთო აქვს ამ ორ მოღვაწეს, მოხდა თუ არა მათი ერთმანეთთან გაიგივება და რამ განაპირობა ეს ფაქტი? თეოდორე ედესელი თეოდორე აბუკურას მხოლოდ ლიტერატურულ ალტერ ეგოს წარმოადგენს, თუ იგი რეალურად არსებული ადამიანია? რატომ მოხდა „თეოდორე ედესელის” ცხოვრებაში თეოდორე აბუკურას, მიქაელის ამბის მთხრობლის, ჩანაცვლება თეოდორე ედესელით? განპირობებულია თუ არა ეს ბასილი ემესელის – „თეოდორე ედესელის ცხოვრების” ავტორის – მოტივით, კიდევ უფრო მეტად განადიდოს ბიძამისის ღვაწლი, აკავშირებს რა მას ისეთ დიდ მოღვაწესთან, როგორიც წმ. მიქაელ საბაწმინდელია, თუ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან? ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ „მიქაელის მარტვილობის” თავდაპირველ ვერსიაში თეოდორე აბუკურას ნაცვლად მიქაელის ამბავს საბაწმინდელ ბერებს თეოდორე ედესელი უყვებოდა, რომლის შეცვლაც თეოდორე აბუკურათი მოგვიანებით მოხდა კონკრეტული პირის მიერ დაშვებული შეცდომის გამო. გარდა ამისა, შევეხებით იოანე დამასკელისა და თეოდორე აბუკურას ურთიერთმიმართების საკითხსაც და წარმოვადგენთ ჩვენს ვარაუდს, თუ როგორ უნდა მომხდარიყო იოანე დამასკელისა და თეოდორე ედესელის კავშირის საფუძველზე თეოდორე აბუკურასა და იოანე დამასკელის მოწაფეობა-მასწავლებლობის შესახებ ტრადიციის შექმნა.
საკვანძო სიტყვები: თეოდორე, მიქაელი, მოწამე, ედესა, ხარანი
მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ქალაქი და ძაღლები“ მთავარი პერსონაჟების დუალისტური ბუნება
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-9
ნაშრომის მიზანია მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ქალაქი და ძაღლები“ მთავარი გმირების დუალისტური ბუნების, ორსახოვნების განსაზღვრა და ანალიზი. ორ დაპირისპირებულ სამყაროში - სასწავლებელსა და ქალაქში ცხოვრება გმირების დუალისტურ ბუნებას განაპირობებს და მათ არჩევანის წინაშე აყენებს. დიქტატორული რეჟიმის პირობებში მორალური გამარჯვებისათვის ბრძოლა და კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანი მარადიული პრობლემებია და მკითხველისთვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.
საკვანძო სიტყვები: „ქალაქი და ძაღლები“, პარალელური სამყაროები, დუალისტური ბუნება, არჩევანი
რამდენიმე ელამურ ზმნასთან დაკავშირებული ახალი ეტიმოლოგიების ანალიზი
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-10
სტატიაში განხილულია ელამურ ენაზე შესრულებულ ტექსტებში დაფიქსირებული რამდენიმე ზმნა. ყურადღება გამახვილებულია იმ ერთეულებზე, რომლებიც გარკვეულ ტიპოლოგიურ მსგავსებას ავლენენ ქართველურ, დრავიდულ და ინდოევროპულ ენებში არსებულ ერთეულებთან. მაგალითების საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდები ამა თუ იმ ზმნის ძირის ეტიმოლოგიის შესახებ.
საკვანძო სიტყვები: ელამური, დრავიდული, ქართველური, ასირიოლოგია
კონტრასტული დისკურსის მარკერების გრამატიკულ-პრაგმატიკული ფუნქციურობის შეპირისპირებითი ანალიზი ინგლისურსა და ქართულ ენებში ტოკშოუს მაგალითზე
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-11
სტატია მიზნად ისახავს კონტრასტული დისკურსის მარკერების ფუნქციურობის კვლევას ამერიკული და ქართული ტოკშოუების მაგალითზე. ნაშრომის მეთოდოლოგიურ ჩარჩოს წარმოადგენს ფრეიზერის ტაქსონომია, რომელიც დისკურსის მარკერებს იკვლევს მათი პრაგმატიკული და მეტალინგვისტური ფუნქციების მიხედვით. ფრეიზერის გრამატიკულ-პრაგმატიკული თეორია შეისწავლის გარკვეულ კონტექსტში აქტუალიზებულ ენას და დაინტერესებულია ტექსტის კონტექსტური მნიშვნელობით. სტატია მიზნად ისახავს: (1) დაადგინოს, რომელი კონტრასტული დისკურსის მარკერები გამოიყენება ტოკშოუს დისკურსში; (2) განმარტოს მოსაუბრეების საკომუნიკაციო განზრახვა მათ მიერ გამოყენებული კონტრასტული დისკურსის მარკერების მიხედვით; (3) უზრუნველყოს ინგლისური და ქართული დისკურსის მარკერების შეპირისპირებითი ლინგვოპრაგმატიკული ანალიზი.