ძალაუფლების ბალანსის ანგლო-ამერიკული გამოცდილების ასახვა ქართულ პოლიტიკურ-სამართლებრივ რეალობაში

სტატია მიმოიხილავს ძალაუფლების დანაწილების ანგლო-ამერიკული პრინციპის ისტორიას და მის პრაქტიკულ გამოყენებას ამერიკის შეერთებული შტატების სადამფუძნებლო დოკუმენტებში. ნაშრომის მიზანია, წარმოაჩინოს ძალთა შეკავება-გაწონასწორების მექანიზმის მნიშვნელობა ზემოხსენებული ქვეყნის მაგალითზე და ქართულ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი გათვალისწინების აუცილებლობა.

საკვანძო სიტყვები: ძალაუფლების დანაწილების პრინციპი, შეკავება-გაწონასწორების მექანიზმი, ამერიკის შეერთებული შტატების სადამფუძნებლო დოკუმენტები, საქართველოს კონსტიტუციური ისტორია.

 
 
 
 

ჩვაბიანის ოთხთავი (H-1791 და მესტიის მუზეუმში დაცული მისი ფრაგმენტი (სიემ N 491)

სტატიაში იდენტიფიცირებულია XIX საუკუნის II ნახევრისა და  XX საუკუნის დასაწყისის სამეცნიერო ლიტერატურაში „მუჟალის პირველ ოთხთავად“ მოხსენიებული  სახარება-ოთხთავის ხელნაწერი, რომლის კვალი დღეისათვის სვანეთში დაცულ ან სვანეთიდან წამოღებულ  ხელნაწერ სახარებათა შორის არ ჩანდა. პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ „მუჟალის პირველ ოთხთავად“ წოდებული ხელნაწერი  იგივე კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში  დაცული H-1791 კოდექსია. გარკვეულია, რომ  1213-1216 წლებში შავი მთის სავანეში გადაწერილი ამ მანუსკრიპტის დიდი ნაწილი (153 ფ.) XX საუკუნის დასაწყისში სოფელ ჩვაბიანიდან ჯერ მესტიაში, შემდეგ კი თბილისში, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციაში, მოხვედრილა, ნაწილი კი ჩვაბიანშივე დარჩენილა.  კვლევის შედეგად  დადგენილია, რომ  მესტიის  მუზეუმში ჩვაბიანის ოთხთავის სახელით დაცული ოთხფურცლიანი ფრაგმენტი (სიემ N 491; კ-8)  H-1791-ის  ნაწილია და დასმულია საკითხი, რომ  ჩვაბიანის ოთხთავი ეწოდოს არა  მხოლოდ ამ ფრაგმენტს, არამედ H-1791 ხელნაწერსაც, რომელიც მესტიაში დაცულ ჩვაბიანურ ფრაგმენტთან ერთად უკვე არა 153, არამედ 157 ფურცელს შეიცავს. 

საკვანძო სიტყვები: ძველი ქართული ხელნაწერები; სახარების ხელნაწერები სვანეთიდან; მესტიის მუზეუმში დაცული ფრაგმენტები; ჩვაბიანის ოთხთავი.

 
 
 
 

სახელმწიფოებრიობის სათავეებთან აღმოსავლეთ საქართველოში (იორ-ალაზნის ორმდინარეთის მაგალითზე)

წინამდებარე სტატიაში განხილულია აღმოსავლეთ საქართველოში, იორ-ალაზნის აუზში, დიდი შირაქის ველზე მდებარე გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლი, სადაც ადრეული სახელმწიფოებრივი ფორმირების მკვეთრად გამოხატული ნიშნებია.

საკვანძო სიტყვები: სამხრეთ კავკასია, ადრესახელმწიფოებრიობა, გვიანბრინჯაო

 
 
 
 

რელიგიური ტოლერანტობის გაღვივება ისტორიის სწავლებისას თანამედროვე შეერთებულ შტატებსა და საქართველოში

სტატიის მიზანია, წარმოაჩინოს, თუ როგორ მოხდა რელიგიური ტოლერანტობის გაღვივება, ისტორიის სწავლების გზით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. სტატიაში აღნიშნული საკითხი ნაკვლვია შედარებითი ანალიზის გამოყენებით, განხილულია საქართველოს განათლების სამინისტროს, ასევე, რამდენიმე შტატის განათლების დეპარტამენტის მიერ მიღებული სოციალური კვლევების სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების მიხედვით. კვლევამ აჩვენა, რომ ისტორიის სწავლება დადებით როლს ასრულებს ტოლერანტობის გაღვივებაში, ხოლო ორივე ქვეყანაში დისკრიმინაციის შემთხვევები გამოწვეულია სხვა მიზეზებით. რაც შეეხება ამერიკული გამოცდილების გამოყენებას ქართულ სინამდვილეში, შესაძლებელია გავიზიაროთ მათ მიერ გამოყენებული სწავლების მეთოდები.

საკვანძო სიტყვები: ისტორიის სწავლება, რელიგიური ტოლერანტობა, განათლება, ღირებულებები, დემოკრატია.

 
 
 
 

აშშ-ის ეკონომიკური ინტერესები საქართველოში (XX საუკუნის დასაწყისი)

ნაშრომში გაანალიზებულია აშშ-ს ეკონომიკური ინტერესები საქართველოში ოფიციალური ამერიკული დოკუმენტაციის მიხედვით, კერძოდ,  სტატიაში გამოყენებული გვაქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მიმოწერები, მოგზაურთა ჩანაწერები, აღნიშნული წყაროების გარკვეული ნაწილი შესასწავლი და უცნობია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის.

საკვანძო სიტყვები: ამერიკა, შავი ზღვა, კავკასია, ბაიევსკი, standard oil.

 
 
 
 

მცხეთისა და მისი შემოგარენის სიძველეები დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის საარქივო მასალებში

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის პირად არქივში დაცული უცნობი მასალები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის შესახებ. ჩანს, რომ სწავლული სასულიერო პირი საგანგებოდ იყო  დაინტერესებული კათედრალით. თუმცა სვეტიცხოვლისადმი მიძღვნილი ნარკვევი, დღეისთვის ცნობილ მისეულ პუბლიკაციებში  არ ჩანს.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, კულტურული მემკვიდრეობა, მცხეთა, სვეტიცხოველი.

 
 
 
 

შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა და აღმოსავლური კონტექსტი

სტატიაში ხაზგასმულია შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის კვლევის აუცილებლობა რეგიონალურ და გლობალურ კონტექსტში, მისი არა მხოლოდ ეროვნულ მწერლობად, არამედ მსოფლიო ლიტერატურული პროცესების მნიშვნელოვან ნაწილად გააზრების საჭიროება. მიმოხილულია ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის აღმოსავლურ მწერლობასთან მიმართებების კვლევისას. გაანალიზებულია, თუ რას გულისხმობს რეალურად „აღმოსავლური კონტექსტი“ ქართული საერო ლიტერატურისთვის, რა ფაქტებს უნდა მიექცეს ყურადღება სპარსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების ადეკვატურად და გადაუჭარბებლად შესაფასებლად.

გამოკვეთილია ხალხური დასთანის ჟანრის მნიშვნელობა ქართული საერო მწერლობისა და დასავლურ-აღმოსავლური ლიტერატურული კავშირების კვლევის საქმეში. გაკეთებულია დასკვნა, რომ შუა საუკუნეების ქართული სიტყვიერი შემოქმედება არა მხოლოდ გავლენის (აღმოსავლური თუ დასავლური) ობიექტი, არამედ ზოგჯერ ამ ორი სამყაროს დამაკავშირებელი იყო.

საკვანძო სიტყვები: შუა საუკუნეების ქართული მწერლობა, სპარსული ლიტერატურა, ხალხური რომანი, ამირანდარეჯანიანი, ვისრამიანი.

 
 
 
 

ფატმანის სახის რეცეფცია ტიციან ტაბიძის სონეტში

სტატიაში განხილულია ფატმანის სახის რეცეფცია ტიციან ტაბიძის სონეტში ,,фატმან-ხათუნ“. ნაჩვენებია, რა ჩანაფიქრი ჰქონდა ავტორს ლექსის დაწერისას და რა იყო სონეტის შექმნის მოტივაცია. ტექსტის უკეთ გასააზრებლად მოხმობილია ,,ვეფხისტყაოსნის“ ფატმანის არქეტიპი და, რაც მთავარია,  გამოთქმულია თვალსაზრისი, რატომ აირჩია პოეტმა ასახვის ობიექტად რუსთველის გამორჩეული პერსონაჟი.

საკვანძო სიტყვები: ,,фატმან-ხათუნ“, ,,ვეფხისტყაოსანი“, ,,სონეტების გვირგვინი“, ვალერი ბრიუსოვი.

 
 
 
 

სულხან-საბა ორბელიანის „სამოთხის კარის“ დღემდე შეუსწავლელი ხელნაწერი – A-627

სტატია სულხან-საბა ორბელიანის დოგმატური ხასიათის თხზულების, „სამოთხის კარის“, ტექსტოლოგიური პრობლემატიკის კვლევის გაგრძელებაა. მასში დადგენილია წინარე კვლევებში გაუთვალისწინებელ ხელნაწერ A-627-ში დაცული ტექსტის ურთიერთმიმართება თხზულების არსებულ რედაქციებთან.

საკვანძო სიტყვები: სულხან-საბა ორბელიანი, სამოთხის კარი, ტექსტოლოგია, ხელნაწერი, რედაქცია.

 
 
 
 

აფხაზური მისტერიის რეპრეზენტაცია გ. ტაბიძის ლექსში „პირველ თაველებს“

სტატიაში განხილულია გ. ტაბიძის ლექსის - „პირველ თაველებს“ - მითოლოგიური არქეტიპები. კვლევამ აჩვენა, რომ ლექსს საფუძვლად უდევს ბუნების ძალთა აღორძინებისა და აღდგომის ძველი აფხაზური დღესასწაული. ნაშრომში კვლევის კომპარატივისტული და სტრუქტურული მეთოდების გამოყენებით გაანალიზებულია კონკრეტული მითოლოგიური პარალელები, რომლებიც გამოვლინდა გ. ტაბიძის ლექსსა და აფხაზურ მისტერიას შორის.

საკვანძო სიტყვები: გალაკტიონ ტაბიძე, აფხაზური მისტერია, არქეტიპები

 
 
 
 

ლიდერი და კომანდა ახალ ქართულ სამხედრო ტერმინოლოგიაში

სტატიაში განხილულია ტერმინოლოგიური პრობლემები, რომლებიც წარმოიშვა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო ურთიერთობების დაწყების შემდეგ ან რა სირთულეების წინაშეა ენა, როდესაც ერთდროულად უამრავი ახალი ტერმინი შემოდის და უკონტროლოდ მკვიდრდება. სტატიაში საფუძვლიანად განხილულია ორი ახალი ტერმინი.

საკვანძო სიტყვები: სამხედრო ტერმინები, ლიდერი, კომანდა, კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია

 
 
 
 

ძველი ბერძნული მეტეოროლოგიური ტერმინოლოგიის ქართულ შესატყვისთა დადგენის თავისებურებები (კლავდიუს პტოლემაიოსის ნაშრომების მაგალითზე)

სტატიის მიზანია ძველი ბერძნული მეტეოროლოგიური ტერმინების ქართულ შესატყვისთა დადგენის თავისებურებების წარმოჩენა კლავდიუს პტოლემაიოსის ნაშრომების მაგალითზე: „ტეტრაბიბლოსი“ ანუ „ოთხწიგნეული“, „ალმაგესტი“ ანუ „მათემატიკური თხზულება“, „უძრავ ვარსკვლავთა ფაზები“ და „გეოგრაფია“.

საკვანძო სიტყვები: ძველი ბერძნული მეტეოროლოგია, პტოლემაიოსი, ასტრომეტეოროლოგია.

 
 
 
 

ქართულ ტერმინთა წარმოების მეთოდები: ბოტანიკური, ზოოლოგიური და ანატომიური ტერმინების მაგალითზე

ნაშრომი „ქართულ ტერმინთა წარმოების მეთოდები: ბოტანიკური, ზოოლოგიური და ანატომიური ტერმინების მაგალითზე“ მიზნად ისახავს შეისწავლოს ტრადიციული დარგების ტერმინოლოგია და ტერმინთშემოქმედების მეთოდები. ეს ინტერესი განაპირობა იმან, რომ XXI საუკუნეში ქართული ტერმინოლოგია, უპირატესად, ინგლისური ენიდან პირდაპირი სესხების გზით შემოსული ტერმინებით ივსება. იმის შესწავლა, თუ როგორი იყო ქართული ტერმინთშემოქმედება კლასიკურ პერიოდში და როგორია მისი ტრადიცია, მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს ქვეყანაში ტერმინოლოგიური პოლიტიკის განსაზღვრისა და ტერმინოლოგიური საქმიანობის სწორად წარმართვის მიზნით.

საკვანძო სიტყვები: ქართული ტერმინთშემოქმედება, ტრადიციული დარგები, ტერმინთა წარმოების მეთოდები

 
 
 
 

სიძულვილის ემოციის მეტაფორული კონცეპტუალიზაცია ქართულ და ინგლისურ ენებში

როგორც ცნობილია, კონცეპტუალური მეტაფორის თეორიამ ბიძგი მისცა მეტაფორის, როგორც ადამიანის  მიერ სამყაროს შემეცნების ერთ-ერთი ხერხის, გააზრებას კოგნიტური ლინგვისტიკის პოზიციიდან. ჯ. ლეიკოფისა და მ. ჯონსონის (2003) კონცეპტუალური მეტაფორის ფუნდამენტური თეორიის მიხედვით, მეტაფორა აადვილებს ადამიანის მიერ სამყაროს აღქმას და ერთ-ერთ აუცილებელ  იარაღად გვევლინება სამყაროს დიფერენციაციისა და კონცეპტუალიზაციის პროცესში. სტატიის მიზანია „სიძულვილის“ ემოციის მეტაფორული კონცეპტუალიზაციის სპეციფიკის შესწავლა ქართულ და ინგლისურ ენებში, ამ ენებსა და კულტურებში  უნივერსალური და ვარიანტული მოდელების გამოყოფა და ანალიზი.

საკვანძო სიტყვები: კონცეპტუალური მეტაფორის თეორია, ქართული, ინგლისური, სიძულვილის ემოცია

 
 
 
 

თეოფორული სახელები წინარეგეტურ ოლბიაში

წინამდებარე კვლევის მიზანია ოლბიის  პოლისის ქრისტეს შობამდე VI-I საუკუნეების (წინარეგეტური პერიოდი) რელიგიური კულტურის შესწავლა ქალაქში გამოყენებული თეოფორული სახელების შემორჩენილი ჩანაწერის მიხედვით. აღნიშნული ქალაქი მდებარეობდა ბერძნული კულტურის უკიდურეს ჩრდილოეთში და ტექსტებისა და არქეოლოგიური მასალის მიხედვით,  ტრადიციული ოლიმპიური პანთეონის პატივისცემის გარდა,  აქილევსის  განსაკუთრებული  თაყვანისცემითაც გამოირჩეოდა.  წინამდებარე კვლევაში, მსგავსება-შეუსაბამობათა დადგენის მიზნით, ონომასტიკური მონაცემები შეფასებულია ქალაქთან დაკავშირებულ ფიზიკურ და ლიტერატურულ მტკიცებულებათა შემცველ მოცულობით კორპუსთან შეპირისპირების  საფუძველზე.  შესაბამისად, სტატია შეისწავლის ადგილობრივ სახელთა შერჩევის ტენდენციებს ფართო კულტურული და გეოგრაფიული არეალის ფარგლებში, რომელშიც ქალაქი იყო განთავსებული. თანმიმდევრობით შევისწავლეთ რამდენიმე  ღვთაება (აპოლონი, პოსეიდონი, აქილევსი), რომლებიც აისახა ქალაქში გავრცელებულ თეოფორულ სახელებში. დანარჩენი ღვთაებები კი დავაჯგუფეთ  ოლბიაში გავრცელებულ სახელთა ჩანაწერში მათი ასახვის დომინირებადი ტენდენციების მიხედვით. შესაბამისად, წინამდებარე სტატია შეისწავლის ოლიმპიური პანთეონის ექსკლუზიური ონომასტიკური კვლევის შეზღუდვებს და წარმოგვიდგინეს, თუ რამდენად გვეხმარება აღნიშნული მონაცემები ანტიკურ ბერძნულ ურბანულ რელიგიურ თემებში ნაკლებად გავრცელებული ღვთაებების (როგორიც არის, გმირთა კულტი) როლის განსაზღვრაში.

საკვანძო სიტყვები: ანტიკური ბერძნული რელიგია, ოლბია, ონომასტიკა, პროსოპოგრაფია, ძველი წელთაღრიცხვით VI – I საუკუნეები

 
 
 
 

ფერთა ტერმინების სტრუქტურული და ლექსიკურ-სემანტიკური ჯგუფები ქართველ სიმბოლისტებთან

წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ „ცისფერყანწელთა“ შემოქმედების ფერთა ამსახველ სიტყვებს. გამოვარკვევთ, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ფერთა ლექსიკას „ცისფერყანწელთა“ პოეზიაში, რა სიხშირით არის გამოყენებული აღნიშნული ლექსიკა და რომელია დომინანტი ფერი. გავაანალიზებთ რ. ფრუმკინას, ა. ვეჟბიცკას, ვ. კანდინსკის,  ბ. ბერლინისა და პ. ქეის თეორიის მნიშვნელობას ამ სპეციფიკური ლექსიკის ველთან მიმართებით; განვიხილავთ სხვა ლინგვისტების სემიოტიკურ მოსაზრებებსაც.

საკითხის  შესწავლას ბაზისურ ფერთა გამოყოფით ვიწყებთ, მაგრამ კვლევა არ შემოიფარგლება მხოლოდ ძირითადი ფერებით.

ნაშრომი შესრულებულია  ქართველური ენათმეცნიერების  პრინციპების მიხედვით, რომელთათვისაც მთავარია ინტერდისციპლინური კვლევები და მომიჯნავე სპეციალობების მონაცემების ფონზე სათანადო დასკვნების გამოტანა. ვასხვავებთ აღნიშნული მიდგომის ორ განზომილებას: ლინგვისტიკა-ლიტერატურათმცოდენობასა და კულტუროლოგიას, იმდენად, რამდენადაც ლინგვოკულტუროლოგია გულისხმობს ლინგვისტურ და კულტუროლოგიურ კვლევათა ურთიერთდაკავშირებას.

საკვანძო სიტყვები: ქართული სიმბოლიზმი, სიმბოლო, ფერთა ტერმინები.

 
 
 
 

ბიბლიური აბრაამისა და სარას საკუთარ სახელთა ქართულად გადმოცემა - ტრანსლიტერაციის საკითხები

შესაქმის წიგნში უფალი აღთქმას აძლევს აბრამს, რომ გახდება მრავალრიცხოვანი შთამომავლობის მამამთავარი და უდიდესი მისიით აღჭურვის ნიშნად სახელს უცვლის მასაც და მის მეუღლესაც – სარასაც [შეს. 17:5, 15]. სტატიის მიზანს წარმოადგენს, ვაჩვენოთ, რა ფორმით (ბერძნული თუ არაბერძნული, აღმოსავლური ლიტერატურულ-ტექსტობრივი ტრადიციის  გათვალისწინებით) გადმოჰქონდათ ძველ მთარგმნელ-რედაქტორებს ქართულად აბრაამისა და სარას ორიგინალური და მოდიფიცირებული სახელები. საკითხი შესწავლილია ყველა სავარაუდებელ უცხოენოვან წყაროსთან მიმართების გათვალისწინებით. მოცულობიდან გამომდინარე, სტატია იბეჭდება ორ ნაწილად: პირველ ნაწილში განხილულია აღნიშნულ საკუთარ სახელთა ტრანსლიტერაციის საკითხი ძველი აღთქმის წიგნებში, ხოლო მეორეში – ახალ აღთქმაში, ლექციონარებში, ასევე, ძველი და საშუალი ქართულის სხვა წერილობით ძეგლებსა და ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანებში.

საკვანძო სიტყვები: საკუთარ სახელთა ტრანსლიტერაცია, აბრაამი, სარა, ბიბლიური თარგმანები.

 
 
 
 

ალენ გინზბერგის პოეზიის აღქმა ქართულ ლიტერატურაში (ლექსის ,,ყმუილი’’ შოთა იათაშვილისეული თარგმანის მაგალითზე)

სტატიაში წარმოდგენილია  ალენ გინზბერგის ლექსის ,,ყმუილი’’ ანალიზი. ლექსი სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში პოეტი საუბრობს თავისი თაობის საუკეთესო მოაზროვნეებზე, რომლებიც სიგიჟისგან განადგურდნენ. მეორეში მკითხველი იგებს, რომ ადამიანების განადგურება მოლოქის ბრალია. მესამე ნაწილში პოეტი უშუალოდ კარლ სოლომონს, თავის მეგობარს, მიმართავს, რომელსაც ლექსი მიუძღვნა და მას თანაუგრძნობს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისა და იქ გატარებული რთული დღეების გამო. სტატიაში ასევე განხილულია ლექსის ძირითადი თემები. ,,ყმუილი’’ ქართულად თარგმნა შოთა იათაშვილმა. სტატიის ბოლო ნაწილი წარმოადგენს ორიგინალისა და მისი ქართული თარგმანის შეპირისპირებით ანალიზს.

საკვანძო სიტყვები: ყმუილი, ა. გინზბერგი, შ. იათაშვილი, თარგმანი

 
 
 
 

De Sectis-ის ავტორობის პრობლემა და თხზულების ძველი ქართული თარგმანი არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“

სტატია განიხილავს არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“ დაცული ტრაქტატის - „თეოდორე, ყოვლად ღმრთის-მოყუარისა მონაზონისა და უფროჲსად ბრძნისა ფილოსოფოსისა თუ ვითარ სათანადო არს გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაჲ“ - ავტორობის საკითხს. შრომა დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში  De Sectis-ის სახელით არის ცნობილი.

საკვანძო სიტყვები: ლეონტი ბიზანტიელი, ამბა თეოდორე