წავკისის ეკლესიის „სამშენებლო“ წარწერის შესახებ
სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობდა მოსაზრება, რომ წავკისის ეკლესია აშენებული იყო 1493 წელს სომეხი მღვდლის მიერ, რასაც ეკლესიის კედელზე არსებული სომხურენოვანი წარწერით ადასტურებდნენ. სტატიაში გამორკვეულია, რომ აღნიშნულიწარწერა გვიან, სავარაუდოდ, XVIII საუკუნის II ნახევარშია მოტანილი და კედელში ჩასმული.
საკვანძო სიტყვები: წავკისის ეკლესია, წარწერა, სომხური
აფხაზური ენის ფუნქციონირება განათლების სფეროში
სტატიაში განხილულია განათლების სფეროში აფხაზური ენის ფუნქციონირების მოკლე ისტორია XIX საუკუნიდან დღემდე, აფხაზ და ქართველ მოღვაწეთა ბრძოლა ამ პრობლემის გადასაჭრელად. ნაჩვენებია, რომ ცარიზმისა და საბჭოთა ენობრივი პოლიტიკა ხელს უშლიდა ამ ენის სრულმასშტაბიან გამოყენებას, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა აფხაზი ხალხის ეთნიკურ იდენტობაზე.
საკვანძო სიტყვები: აფხაზური ენა, სკოლა, ენობრივი პოლიტიკა.
საქართველოს სასაზღვრო სისტემა: ჩრდილოეთი საზღვრის პრობლემები ანტიკურ ეპოქაში
ნაშრომი ეხება საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრების ისტორიას. ანტიკურ ეპოქაში ჩრდილოეთის უსაფრთხოებას დვალეთისა და დარიალის კარების დაცვა უზრუნველყოფდა. საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრები, ქართული ქვეყნების გარდა, მსოფლიო იმპერიების თვალსაწიერშიც იყო მოქცეული.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, საზღვარი, ჩრდილოეთი, ანტიკური ეპოქა
ქართული ხელნაწერი უცხოეთის საცავებში (საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა)
საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერების კოლექციაში დაცული ოთხი ხელნაწერის საფუძველზე განხილულია ქართული სამწიგნობრო ტრადიციის მჭიდრო კავშირი ქრისტიანული აღმოსავლეთის სამონასტრო-სალიტერატურო ცენტრებთან.
საკვანძო სიტყვები: ხელნაწერი, ქართული, საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა
ინდოევროპულ ენებზე მოსაუბრე ხალხების წინარესამშობლოს პრობლემა
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ე. წ. "პროტოინდოევროპული" ენობრივი სისტემის ფორმირების საკითხები, შემოთავაზებულია ინდოევროპული ენების თავდაპირველი გავრცელების არეალის სამხრეთ შუა აზიასა და ჩრდილოეთ ირანში ლოკალიზების მცდელობა.
საკვანძო სიტყვები: “პროტოინდოევროპული”, წინარესამშობლო, არქეოლოგიური კულტურა, ჰიპოთეზა, ინდოევროპეისტიკა
კულტურათა დიალოგი: ცნებითი აზროვნების სტერეოტიპული მოდელები (არაბული და ქართული ანდაზების კორპუსის მაგალითზე)
სტატია მიზნად ისახავს ანდაზის - მოცემულ მენტალობაში გარკვეულ ცნებად მოდელირებული ფორმულის - განსხვავებულ კულტურათა კონტექსტში გააზრებას. კონკრეტულ აზრობრივ მოდელში -,,ყველა თავის შესაფერს პოულობს" - შესული არაბული და ქართული პარალელების შეპირისპირებითი კვლევის საფუძველზე გამოვლენილია, როგორ იქმნება მოცემული სტერეოტიპული სიბრძნე.
საკვანძო სიტყვები: ანდაზა, ქართული, არაბული, ეთნოცნობიერება, მეტაფორა
აფხაზეთის ტოპონიმიის მეტამორფოზები
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზური (აფსუური) ენის ნორმებით გაფორმებული პირველი გეოგრაფიული სახელწოდებანი ჩნდება XVI ს-ის დასაწყისიდან. ტოპონიმების ისტორიულ ცვლაზე დაკვირვება ადასტურებს, რომ მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც აფხაზები (აფსუები) მიჩნეულნი არიან ამ ტერიტორიის ერთადერთ აბორიგენ მოსახლეობად, მცდარია.
საკვანძო სიტყვები: აფხაზეთი, ტოპონიმთა ცვლა, აბორიგენი მოსახლეობა, ფალსიფიკაცია
ჟარგონიზმები ქართულ–რუსულ ენობრივ ურთიერთობათა კონტექსტში
ნაშრომი ეხება ქართულ-რუსული ენობრივი ურთიერთობების ერთ-ერთ განსაკუთრებულ სფეროს, ჟარგონულ ლექსიკას. მასში განხილულია რუსული ლექსიკა თანამედროვე ქართულ ჟარგონში და ქართული ლექსიკა თანამედროვე რუსულ ჟარგონში. ნაჩვენებია ამ ლექსიკურ ერთეულთა გამოყენების სპეციფიკა და თავისებურებანი.
საკვანძო სიტყვები: ჟარგონი, ლექსიკური ერთეული, ქართული ენა, რუსული ენა, სიტყვათა სესხება
დაძაბულობის ინდიკატორები ზეპირ და წერილობით ტექსტებში
ზეპირ ტექსტში დაძაბულობის გამოხატვის უმნიშვნელოვანესი წყაროა პროსოდია, წერილობით ტექსტში კი - ვერბალური საშუალებები. ორივე შემთხვევაში დაძაბულობის აკუმულირებას ადგილი აქვს ტექსტის საზრისისა (თემის) და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სპეციფიკაციის, კონტრასტული დაპირისპირების, მეტაფორის და ა.შ. გადმოცემისას.
საკვანძო სიტყვები: დაძაბულობის ველი, პროსოდია, ტექსტის ლინგვისტიკა
რუსული ტექსტის ქართული პრობლემები: ლინგვოკულტუროლოგიური კონცეპტები ორი კულტურის კონტექსტში
ეროვნული კულტურის თარგმანი ამოუწურავ მასალას იძლევა შედარებითი კულტუროლოგიური ძიებისათვის. სტატიაში გაანალიზებულია, თავისი კულტურული იდენტურობის დაკარგვის გარეშე როგორ სცდება საკუთარ კულტურას და იძენს კულტურის მედიატორეს თვისებებს ქართული ლინგვოკულტუროლოგიური კონცეპტები რუსულ დისკურსში .