ქართული წერილობითი წყაროები კირილე ალექსანდრიელის ეგზეგეტიკური კატენების შესახებ
ქართულ ენაზე არსებულ უძველეს თარგმანთა კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული, ასევე იმ ქვეყნების ლიტერატურათა შესასწავლად, საიდანაც ძეგლი ითარგმნა. იმის გამო, რომ თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქართულ ლიტერატურას ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიურ მწერლობასთან, შეიძლება ითქვას, რომ ბიზანტინისტიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიის მთელი რიგი საკითხების მეცნიერული კვლევა შეუძლებელი ხდება ქართული მასალის გაუთვალისწინებლად .
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი ქართული მწერლობა იმ თვალსაზრისით, რომ მასში შენახულია ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ცნობები ბიზანტიელ ავტორებზე. უაღრესად მდიდარი და საინტერესო მასალის შემცველი აღმოჩნდა ამ მხრივ XI საუკუნის ქართველი მთარგმნელის, ეფრემ მცირის, კოლოფონები, "მთარგმნელის მოზრახული" ანდერძები და სქოლიო-კომენტარები, რომლებშიც, გარდა ცალკეული ბიზანტიელი ავტორის შესახებ მოწოდებული ცნობებისა, ბერძნული ქრისტიანული ლიტერატურის არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვხვდებით მსჯელობას.
ეფრემის ერთ-ერთი "მოზრახული", კერძოდ, პავლეს ეპისტოლეთა კომენტარების მისეულ თარგმანზე დართული მთარგმნელის ანდერძი [Ath.18:235-238] და მასში აღნიშნული ფაქტების დასამოწმებლად მთარგმნელის მიერ წყაროდ დასახელებული კირილე ალექსანდრიელის ერთი ეპისტოლე [Ath.18:238-241; Ath.39:16v-17v] საყურადღებო მასალას გვაწვდის ქრისტიანული ეგზეგეტიკის ისტორიის რამდენიმე საკითხის დასაზუსტებლად, კერძოდ: როდის და ვის მიერ შეიქმნა პირველი ეგზეგეტიკური კრებული, კატენები [ლათ.catenae, ბერძნ.seirai], რომლებშიც ბიბლიური წიგნებისათვის ეკლესიის მამათა მიერ დაწერილი განმარტებებია თავმოყრილი; რა წყაროებს იყენებდა ამ კრებულის შემდგენელი; როგორი იყო პირველი კატენების შინაარსობრივი და გარეგნული მხარე; რა ცვლილება განიცადა შემდგომში ამ კრებულმა; მისი რომელი რედაქცია ჰქონდათ დედნად ქართველ მთარგმნელებს და როგორია ქართულ ენაზე დაცული თარგმანების მნიშვნელობა საზოგადოდ, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიისა და, კერძოდ, კირილე ალექსანდრიელის ლიტერატურული მემკვიდრეობის მკვლევართათვის.
როგორც აღვნიშნეთ, ეფრემ მცირის ანდერძი პავლეს ეპისტოლეთა განმარტების მისეულ თარგმანს ერთვის. მანუსკრიპტი, რომელსაც უნიკალური ბიბლიოგრაფიული ცნობების შემცველი მთარგმნელის კოლოფონი შემოუნახავს, XV-XVI საუკუნით თარიღდება და შეიცავს პავლე მოციქულის ეპისტოლეთა თარგმანების ტექსტის ერთ ნაწილს [დანელია,1982:315-318; პავლეს ეპისტოლეთა...2003:310-352], კერძოდ, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს თარგმანებიდან - ბოლომდე [Ath.18:13-235], რასაც მოსდევს მთარგმნელის ანდერძი [Ath.18:235-238], რომელსაც ხელნაწერში ასეთი სათაური აქვს: "უწყებაჲ მიზეზსა წიგნისა ამის მრავალთა წიგნთაგან ერთად შემოკრებულისაჲ".
ანდერძის მიზანი, როგორც სათაურიდანაც ჩანს, შემდეგია: მთარგმნელმა შეწევნითა ღმრთისაჲთა მოკლედ უნდა განაცხადოს, "თუ ვითარ დიდთა თარგმანთაგან შემოკრებითი ესე თარგმანი გამოკრებულ არს" [Ath.18:235]. მაგრამ სანამ იმაზე დაიწყებდეს საუბარს, თუ ვინ და როგორ შეადგინა გამოკრებული თარგმანება, ეფრემი მსჯელობას იმ მიზეზის დასახელებით იწყებს, რამაც გამოიწვია იოანე ოქროპირის მიერ დაწერილი ვრცელი ეგზეგეტიკური თხზულების შემოკლება, სადაც სამოციქულოს წიგნების ყოველი თავის მუხლობრივ განმარტებას ოქროპირის ვრცელი "სწავლაჲ" მოსდევს ("ვრცლად თავ-თავოან და სწავლიან არს და მრავალწიგნად განყოფილი თარგმანი...იოანე ოქროპირისაჲ" ) [Ath.18:235]. ქართველი მწიგნობარი ამის მიზეზად ასახელებს ტექსტის სიდიდის გამო მის რამდენიმე წიგნად დაყოფას და ამის გამო წიგნის შეძენის გაძნელებას: "მრავალწიგნობისაგან საჭირო არს გლახაკთა კაცთა მიერ მოგებაჲ მათი" [Ath.18:235]. მისი აზრით, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი იოანე ოქროპირის მიერ თავად პავლე მოციქულის კარნახით დაწერილი ეპისტოლეთა განმარტებების შემოკლება. ყოვლისა წინაგანმგებელმან ღმერთმან ამისთვისაც წინასწარ იზრუნა და არა ლიტონი კაცის, არამედ წმინდა კირილე ალექსანდრიელის ხელით იოანე ოქროპირის ვრცელი კომენტარების მიხედვით შედგენილ იქნა შემოკლებული თარგმანება, რომელსაც ალექსანდრიელმა მთავარეპისკოპოსმა სხვა წმინდა მამათა ნააზრევიდან ამოკრებილი განმარტებებიც დაურთო და ამგვარად ერთ წიგნში მოუყარა თავი სხვადასხვა ავტორის მიერ მოციქულის სიტყვის განსამარტავად დაწერილ კომენტარებს.
ეფრემ მცირე თავის მსჯელობას, თუ როგორ, რა მეთოდით და რა წყაროების გამოყენებით შეადგინა კირილემ თავისი კომპილაციური შრომა, წარმართავს პირველწყაროზე დაყრდნობით, კერძოდ, ის იმოწმებს კირილე ალექსანდრიელის ეპისტოლეს ("ამას ვითარებასა ვისწავებთ ეპისტოლისა მისგან დიდისა კჳრილე ალექსანდრიელისა") [Ath.18:235], რომელსაც ხელნაწერში ასეთი სათაური აქვს: "წმიდისა მამისა ჩუჱნისა კჳრილე ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისაჲ, რომელმან თარგმნნა ყოველნივე საწინაწარმეტყუელონი წიგნნი და აღწერნა სხუანი წიგნნი მრავალნი, ებისტოლე სხჳსა ვისმე ებისკოპოზისა მიმართ, რომელი ვედრებულიყო მისდა, რაჲთამცა აღეწერა მოკლე თარგმანებაჲ წმიდისა მოციქულისა პავლეს ებისტოლეთაჲ" [Ath.18:238-241;Ath.39:16v-17v]. სათაურის მიხედვით, კირილეს ამ ეპისტოლეს ადრესატი - "სხუაჲ ვინმე ეპისკოპოსი" - სამოციქულოს მოკლე თარგმანების დამკვეთი ჩანს, რასაც ეთანხმება ეფრემის ანდერძში დაცული ბიბლიოგრაფიული ცნობაც: ეფრემის თქმით, "ვისმე მოსწრაფესა ეთხოვა დიდისა კჳრილესგან, რაჲთა პატივთა ზედა სამოციქულოჲსა წიგნისათა წარუწეროს შემოკლებული ძალი სიტყჳსაჲ, რაჲთა აქუნდეს მას ერთ წიგნად პავლე თარგმნიანი" [Ath.18:236].
ანდერძში ქართველი მთარგმნელი მოგვითხრობს მის მიერ თარგმნილი ეგზეგეტიკური კრებულის შექმნის ისტორიას და ასახელებს მის შემდგენელს. ამ საკითხზე მსჯელობისას ეფრემ მცირისთვის წყაროა კირილე ალექსანდრიელის ზემოთ დასახელებული ეპისტოლე. ეფრემის ცნობით, კირილე "გულსმოდგინებასა მისსა (დამკვეთი ეპისკოპოსისას) აქებს და ცხად-ჰყოფს, ვითარმედ ოქროპირის თარგმანთაგან გამოუკრებიეს მას მოკლე ძალი სიტყჳსაჲ და ადგილ-ადგილ სხუათაცა წმიდათაჲ დაურთავს, სადაცა უპოვიეს საკითხავთა შინა განმარტებაჲ სამოციქულოჲსა სიტყჳსაჲ"[Ath.18:235]. ეფრემი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კირილეს მიერ შედგენილი პავლეს კომენტარების გამოკრებული თარგმანება, არ არის მისი ორიგინალური შრომა: "ვინაჲცა ვითარცა აწ ბერძულისაგან გჳსწავიეს, არა კჳრილეს თარგმნილი არს გარემოწერილი იგი თარგმანი პავლეს სიტყუათაჲ, არამედ ვითარცა იტყჳს დასაბამსა, ოქროპირისა თარგმნილთაგან წიგნთა შემოუკრებიეს მოკლე ძალი თითოეულისა სიტყჳსაჲ"[Ath.18:336]. ეფრემის ეს ცნობა კირილე ალექსანდრიელის ეპისტოლეს დასაწყისში მოცემულ მსჯელობას ეყრდნობა: ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ასე მიმართავს თავისი წერილის ადრესატს: "მოსწრაფებაჲ და სწავლისმოყუარებაჲ სიწმიდისა შენისაჲ ფრიად მთნდა მე, წმიდაო მამაო, და ამისთჳს მორჩილებითა შენითა ძნელსა საქმესა ჴელ-ვყავ და მოსწრაფებაჲ ფრიადი შორის შემოვიღე, რაჲთამცა დავაწესე ეპისტოლეთა თანა წმიდისა მოციქულისა პავლესთა თარგმანიცა მათი, რაჲთა ადვილ იყოს გულისჴმისყოფაჲ მათი ყოველთა მიერ, რომელნი იკითხვიდენ მოსწრაფებით სიტყუათა მისთა. ვინაჲთგან უკუე წმიდასა მამასა ჩუენსა იოანე ოქროპირსა უთარგმნიან ეპისტოლენი ესე წმიდისა პავლესნი და რავდენნიმე სიტყუანი მისნი ვპოვენ დიდისა ბასილის მიერცა კესარიელისა და გრიგოლ ღმრთისმეტყუელისა და წმიდისა ათანასის მიერცა თარგმნილი, არამედ მათ წმიდათა მიერ აღწერილისაგან გამოვკრიბე და რომელიმე ჩემმიერიცა შევსძინე და განვაწესე სიტყუათა მათ თანა მის მოციქულისათა მოკლედ თარგმანი მათი გარემო მათსა" [Ath.18:238-239; Ath.39:16v].
ამ წერილიდან კარგად ჩანს, თუ რა სახის სამუშაო შეუსრულებია კირილეს. მას შეუდგენია კატენური თარგმანება, ანუ კრებული პავლეს ეპისტოლეთა განმარტებებისა, რისთვისაც ძირითად წყაროდ გამოუყენებია იოანე ოქროპირის თარგმანება, ამოუკრებია სხვადასხვა თხზულებაში გაბნეული კომენტარები ბასილი კესარიელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, ათანასი ალექსანდრიელისა და ზოგი მუხლი თვითონაც განუმარტავს. კირილეს შრომა არაა მხოლოდ შემოკლება იოანე ოქროპირის ვრცელი თარგმანებისა, ის კომპილაციური ხასიათის ნაშრომია, ანუ სწორედ იმგვარი კატენური კრებული (ბერძნ.seirai), რომელშიც წმინდა წერილის მუხლების სხვადასხვა ავტორთა განმარტებებია თავმოყრილი.
კირილეს შედგენილი კომპილაციური კრებული ეგზეგეტიკური კატენებისთვის დამახასიათებელი წესით ყოფილა ნაწერი: ეტრატის შუაგულში მოთავსებული ყოფილა კიმენი, ხოლო ოქროპირისა და "სხუათა მამათა", მათ შორის კირილეს კომენტარები კი - "პატივსა ზედა", ანუ აშიაზე. განსამარტავი მუხლი შესაბამის კომენტარს საგანგებო ნიშნებით უკავშირდებოდა. კირილეს სიტყვებით, "ყოველსა სიტყუასა ზედა დამიწესებია რიცხჳ და იგივე რიცხჳ არს თარგმანსაცა ზედა, რაჲთა ადჳლ იყოს საპოვნელად, თუ რომელი თარგმანი რომლისა სიტყჳსაჲ არს"[ Ath.18:239; Ath.39:16v].
ეფრემის ცნობითაც, კირილეს შედგენილი თარგმანება "გარემოწერილია": "ხოლო გარემოწერაჲ იგი ამისთჳს უქმნია, რაჲთა არა განიკუეთოს სამოციქულოჲ სიტყუაჲ, არამედ რიცხჳთა ოდენ და ნიშნითა კიდეთა ზედა თარგმანი მოიღებოდის"[Ath.18:236].
ეფრემის ანდერძის მიხედვით, განმარტებებისათვის კირილეს ავტორთა სახელებიც მიუწერია, მხოლოდ იოანე ოქროპირის კომენტარები, "ვითარცა უმრავლესი, ზედაწარუწერელად დაუტევებიეს, ხოლო ადგილ-ადგილ ვისსა სადა ჰრთავს, ათანასის, გინა ბასილისსა, გრიგოლისსა ანუ თავისა თჳსისა სახელსა ზედა დასწერს"[Ath.18:236]. აქვე ეფრემი ერთ საყურადღებო ცნობას გვაწვდის: "მიწყებით და ვრცლად და სრულებით არავის ამათგანსა უთარგმნია პავლე, თჳნიერ იოანე ოქროპირისა, არამედ საკითხავთა შინა მათთა, სადაცა უპოვნია სამოციქულოჲ სიტყუაჲ განმარტებული, იგიცა ზედა დაურთავს ოქროპირისა თარგმნისადა" [Ath.18:236].
ცნობილია, რომ გრიგოლ ნაზიანზელს, ბასილი კესარიელს და ათანასი ალექსანდრიელს პავლეს ეპისტოლეთა სრული თარგმანებები მართლაც არ მოუციათ. მათს თხზულებებში მხოლოდ ეპისტოლეთა ცალკეული მუხლების განმარტებებს ვხვდებით. კირილე ალექსანდრიელს, ეფრემის ცნობით, სწორედ ეს განმარტებები ამოუკრებია, სადაც კი უპოვია საკითხავთა შინა, ზედადაურთავს ოქროპირის კომენტარებისთვის და ასე მიუღია "გარემოწერილი," ანუ "მოთხვითად მოწერილი," თარგმანება პავლეს ეპისტოლეებისა. მასში "განუკუეთელი სამოციქულოჲ სიტყუაჲ" ოთხივე მხრიდან გარშემორტყმულია წმინდა მამათა განმარტებებით. იოანე ოქროპირის ვრცელი, ანუ "მართლგაწყობილი," თარგმანებისაგან განსხვავებით, რომელსაც ეფრემი "პავლეს თარგმანს" უწოდებს, კირილეს შრომას, რომელიც "მოთხვითად მოწერილი," ანუ "გარემოწერილი," ყოფილა, ეფრემი "პავლე თარგმნიანს" ეძახის: "ამისთჳს მას არა პავლეს თარგმანი ჰქჳან, არამედ პავლე თარგმნიანი"[ Ath.18:236].
ცნობილია, რომ ეფერემ მცირე განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა წიგნის სათაურების, "ზედწარწერილების", თარგმნას, რომ მსგავსი სათაურის თხზულებები ერთმანეთში არ არეულიყო [თვალთვაძე, 2009:22-23]. ალბათ, იმავე მიზეზით ის აქაც ცდილობს, კირილეს მიერ შედგენილ კატენურ ეგზეგეტიკურ კრებულს სათაურიც სხვაგვარი შეურჩიოს, რომელიც მკითხველს მას იოანე ოქროპირის მიერ თანმიმდევრულად და ვრცლად განმარტებული, თავებად და სწავლებად დაყოფილი, "მართლგაწყობილი" თარგმანებისაგან განასხვავებინებს.
"პავლე თარგმნიანი", ეფრემის ცნობით, ერთ წიგნად ყოფილა აკინძული. სწორედ "ერთწიგნობა" მიაჩნია ქართველ მთარგმნელს მის ერთ-ერთ უპირატესობად, მისი აზრით, "რაოდენ იგი (ე.ი.ვრცელი თარგმანი) ჰმატს სივრცითა და სწავლათა სიმრავლითა, ეგოდენ ესე სხჳთ კერძო ჰმატს ერთწიგნად შემოკრებითა და მოკლედ ძალისა სიტყჳსა განცხადებულობითა"[Ath.18:237)]. მოკლე თარგმანი, მისი აზრით,"ძალსა სიტყჳსასა" უკეთ წარმოაჩენს, რადგან ვრცელ თარგმანებაში "განთესულსა ძალსა სიტყჳსასა" მცირედნიღა მიხვდებიან, აქ კი წმინდა კირილე ალექსანდრიელს არა მხოლოდ იოანე ოქროპირის "დიდისა პავლეს თარგმანისაგან" აღებული მოკლე განმარტებისა და სხვა წმინდა მამების საკითხავებში გაბნეული პავლეს ეპისტოლეთა თითოოროლა მუხლის კომენტარებისთვის მოუყრია თავი, არამედ თვით იოანე ოქროპირის სხვა თხზულებებშიც უპოვია ზოგიერთი მუხლის კომენტარი და ისინიც ამ წიგნში მოუთავსებია. ეფრემის სიტყვით, სადაც კი "იპოების სამოციქულოჲსა სიტჳსა თარგმანებაჲ, ყოველი აქა შემოუკრებიეს და თითოფერთა ყუავილთაგან ერთად გოლად საუკუნოჲსა სიტკბოებისა მორწმუნეთად დაუუნჯებიეს" [Ath.18:237].
ცხადია, ეფრემის ანდერძში მოცემული დახასიათებით, რასაც ეთანხმება თვით კირილეს ეპისტოლეც, კირილეს მიერ შედგენილი "გარემოწერილი", "მოთხვითად მოწერილი" თარგმანება, ანუ "პავლე თარგმნიანი," აშკარად კატენური კრებულია.
საეგზეგეტიკო კატენების მამამთავრად VI საუკუნის მწერალი პროკოპი ღაზელი (†528 წ.) ითვლება [Krumbacher,1897:210-216; კეკელიძე,1973:181-182]. ეფრემ მცირის მიერ მოწოდებული ცნობის გათვალისწინებით პირველი კატენური ხასიათის ეგზეტიკური კრებულის შემდგენელი კირილე ალექსანდრიელი ჩანს, რომელსაც პროკოპიმდე მთელი საუკუნით ადრე (კირილე გარდაიცვალა 444 წელს) შეუდგენია ეგზეგეტიკური კატენები, "პავლე თარგმნიანი".
ეფრემის ცნობით, კირილეს მიერ შედგენილი "პავლე თარგმნიანის" გვიანდელი რედაქციებიც არსებობს. კირილეს გარდაცვალების შემდეგ მის ამ შრომაში შემდგომი დროის მოღვაწეთა ნააზრევიც ჩაურთავთ: "არს, რომელ შემდგომად კჳრილეს ყოფილთაცა წმიდათა თქმულისაგანიცა რაოდენიმე სიტყუაჲ დაურთავს ადგილ-ადგილ ვიეთმე ბრძენთა და გულისჴმისმყოფელთა, და იგიცა დაგჳწერია მისით ზედაწარწერილითურ ბერძულთა დედათა შინა ვინა გჳპოვნია რჩეულთა და სარწმუნოთა" [Ath.18:237]. მართლაც, ცნობილია, რომ V საუკუნის შემდგომაც არაერთ წმინდა მამას განუმარტავს პავლეს ეპისტოლენი. საკმარისია, დავასახელოთ თუნდაც VIII საუკუნეში იოანე დამასკელის მიერ შედგენილი თოთხმეტივე ეპისტოლეს თარგმანება ან X საუკუნეში მოღვაწე თრაკიელი ეპისკოპოსის, ეკუმენიოსის, ეგზეგეტიკური შრომა. მათს სახელებს, კირილეს გარდაცვალების შემდეგ მოღვაწე სხვა მამების სახელებთან ერთად, არაერთხელ ვხვდებით "პავლე თარგმნიანის" ქართული თარგმანის ტექსტში.
ეფრემის ცნობით, "კირილეს შემდგომ ყოფილი" ამ მამების ნააზრევი შეტანილი ყოფილა კირილეს მიერ შედგენილი "მოთხვითად მოწერილი" პავლეს იმ ბერძნულ ხელნაწერში, რომელიც მისთვის სვიმეონწმიდელ ბერძენ მოღვაწეს, კლიმის, მიუწოდებია დედნად.
ეფრემ მცირეს "პავლე თარგმნიანის" ქართულად გადმოღების დაწყებამდე, როგორც სხვა დროს, ახლაც ღრმა და საფუძვლიანი წინასწარი მუშაობა ჩაუტარებია. მას წინასწარ მოუკვლევია და შეუსწავლია ბერძნული ხელნაწერები, რომლებიც პავლეს ეპისტოლეთა კომენტარებს შეიცავენ და იმ დასკვნამდე მისულა, რომ არსებობს: ა) ვრცელი, იოანე ოქროპირის "პავლეს თარგმანი", ბ) იოანე ოქროპირის ამ შრომის საფუძველზე კირილე ალექსანდრიელის მიერ შედგენილი გარემოწერილი თარგმანება ("პავლე თარგმნიანი"), რომელშიც სხვა მამათა განმარტებებიც არის თავმოყრილი და გ) გვიანდელ კომენტატორთაგან შევსებული რედაქცია "პავლე თარგმნიანისა", რომელიც შეურჩევია სწორედ სათარგმნად და რომლის ბერძნული დედნები მისთვის უშურველად მოუწოდებია" სჳმეონწმიდის ლავრის წინამძღუარყოფილს, კლიმის, როგორც ეფრემი წერს, "კაცსა ბრძენსა და ჩუჱნდა დიდად თანაშემწესა"[Ath.18:238]. მათგან პირველი იოანე ოქროპირის ვრცელი თარგმანება, ანუ პავლეს " თარგმანი" [PG.t.60-63], ძირითადი წყაროა კირილე ალექსანდრიელის მიერ შედგენილი კატენური "გარემოწერილი" თარგმანებისა, ანუ "პავლე თარგმნიანისთვის", რომელიც ბერძნულად მხოლოდ ფრაგმენტების სახითაა მოღწეული. ფრაგმენტები გვაქვს სომხურ, სირიულ და ლათინურ ენებზეც [P.G.t.74,col.774-1026]. "პავლე თარგმნიანის" გვიანდელი, კირილეს გარდაცვალების შემდგომ მოღვაწე კომენტატორთა განმარტებებით შევსებული რედაქციის ბეძნული ტექსტი მიკვლეული არ არის. ეფრემის ანდერძის ცნობებზე დაყრდნობით დღეს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს რედაქცია თითქმის სრული სახით არის შემონახული ქართულად ეფრემ მცირისა და ექვთიმე ათონელის თარგმანებში. ექვთიმე ათონელს უთარგმნია "პავლე თარგმნიანის" დასაწყისი (ჰრომაელთა და კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს განმარტება (8,2 მუხლამდე) კრებულის დასაწყისში მოთავსებული კირილე ალექსანდრიელის წერილითურთ). თარგმანის ტექსტი შემონახულია Ath.39 ხელნაწერში (16v-102r), ხოლო ეფრემ მცირეს გაუსრულებია მისი საქმე და მისთვის ჩვეული სიზუსტით ბოლომდე უთარგმნია "პავლე თარგმნიანი". ეფრემ მცირის მიერ შესრულებული თარგმანი სრული სახით არც ერთ ხელნაწერში არა გვაქვს დაცული, მაგრამ მოღწეულია რამდენიმე ხელნაწერი, რომლებიც ერთმანეთს ავსებს და აგრძელებს, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ კირილე ალექსანდრიელის მიერ შედგენილი ეგზეგეტიკური კატენების, "პავლე თარგმნიანის", მეათე საუკუნეში გადამუშავებული რედაქციის ქართული თარგმანის ტექსტი სრული სახით გვაქვს დაცული. ეს ხელნაწერებია: Q 1158 (XI ს.), რომელშიც შენახულია დასაწყისი "პავლე თარგმნიანისა", ჰრომაელთა და კორინთელთა მიმართ I ეპისტოლე; Jer.9(XI ს.) და A 390 (XI ს.), რომლებიც შეიცავენ თითქმის ერთნაირ ტექსტს, კორინთელთა მიმართ II ეპისტოლეს თარგმანებას სრულად, გალატელთა, ეფესელთა, ფილიპელთა, კოლასელთა, I თესალონიკელთა ეპისტოლეების კომენტარებს. ამის გარდა, A 390-ში დაცულია II თესალონიკელთა სრულად და ებრაელთა მიმართ ეპისტოლეების განმარტება ნაწილობრივ (12,15-მდე); Ath.18(XV-XVI ს.ს.) შეიცავს ტექსტებსა და კომენტარებს ებრაელთა მიმართ ეპისტოლისა (6,11-დან), ტიმოთეს მიმართ I და II, ტიტეს და ფილიმონის მიმართ ეპისტოლეთა თარგმანებას. ამ ხელნაწერში კომენტარების ტექსტს ბოლოში ერთვის მთარგმნელის - ეფრემ მცირის - ანდერძი და იამბიკო და კირილე ალექსანდრიელის ეპისტოლე. ეფრემისეული თარგმანების ცალკეული ფრაგმენტები შენახულია S 3656, H 2141, S 1172, S 1149, S 4812 და Q 831 ხელნაწერებშიც [კოჭლამაზაშვილი, 1995:27].
მართალია, "პავლე თარგმნიანის" ორივე ქართულ თარგმანს შიგადაშიგ აკლია თითოოროლა ფურცელი, მაგრამ, ცხადია, რომ იმ სახითაც, როგორითაც ჩვენამდე მოუღწევია, ის დიდ დახმარებას გაუწევს მკვლევრებს ამ თხზულების ბერძნული დედნის თავდაპირველი სურათის აღდგენაში. ასევე ნათელია იმ ცნობების მნიშვნელობა ბიზანტიური ეგზეგეტიკის ისტორიისათვის, რომლებიც ეფრემ მცირის თარგმნილ პავლეს ეპისტოლეთა კომენტარებზე დართულ ანდერძში გვაქვს. ეფრემის მიერ აქ მოწოდებული ცნობები სრულად გვიხასიათებს კირილე ალექსანდრიელის ღვაწლს სამოციქულოს წიგნების განმარტების საქმეში და წარმოგვიდგენს მას ეგზეგეტიკური კატენების ერთ-ერთ პირველ შემდგენელად.
ყურადღებას მივაქცევთ კიდევ ერთ ფაქტს. ეფრემმა, პავლეს ეპისტოლეთა კომენტარების გარდა, თარგმნა სამოციქულოს სხვა წიგნების განმარტებანიც და შეადგინა ერთგვარი კორპუსი "სამოციქულოს თარგმანებისა", რომელსაც ზემოთ განხილულ "ბოლოჲსა ანდერძთან"[Ath.18:235-238] ერთად "თავისა ანდერძიც" წაუმძღვარა [Jer.16,2r-4v], რომელშიც ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი საყურადღებო ცნობაა დაცული: "ესე საქმისა მოციქულთაჲსა თარგმანი სიტყუა სიტყუად მრავალთა თარგმნილისაგან შემოკრებულ არს და სიჴშოჲსაგან სახელები თჳს-თჳს არა ეგებოდა დაწერაჲ. ხოლო ვითარცა ზედაწარწერილი ცხად ჰყოფს, უმრავლესი და ყოველგან წმიდისა იოანე ოქროპირისა არს და ადგილ-ადგილღა დაერთვის სხუათაცა წმიდათაჲ მრავალთაგან წიგნთაგან ერთად შეკრებული წმიდისა კჳრილეს მიერ" [Jer.16:4r]. ეფრემის მიერ აქ ნახსენები კჳრილე უდავოდ კირილე ალექსანდრიელია, რომელსაც "საქმე მოციქულთას" გამოკრებილი თარგმანება შეუდგენია, ძირითად წყაროდ ისევ იოანე ოქროპირის ვრცელი თარგმანება გამოუყენებია და "ადგილ-ადგილ სხუთაცა წმიდათაჲ დაურთავს" ისევე, როგორც "პავლე თარგმნიანის" შედგენისას. ეფრემის სიტყვების შინაარსი ნათელია: "საქმე მოციქულთას" თარგმანების ბერძნულ დედნად აქ ისევ კირილეს მიერ შედგენილი ეგზეგეტიკული კატენებია დასახელებული, მაგრამ ამ ცნობას რატომღაც ანგარიშს არ უწევენ ეფრემის მიერ "სამოციქულოს თარგმანების" გადმოღებისას გაწეული მუშაობის შეფასებისას. კ. დანელია ამის გამო შენიშნავს: "გამოდის, რომ ეფრემს ძირითადად უსარგებლია იოანე ოქროპირის (+407) კომენტარებით და ალაგ-ალაგ გამოუყენებია კირილე ალექსანდრიელის (+444) შრომა" [დანელია,1982:319]. ეფრემი რომ იოანე ოქროპირის განმარტებებიდან გამოკრებილ და სხვათა ნააზრევით შევსებულ თხზულებას თარგმნის და არა პირდაპირ იოანე ოქროპირის ვრცელ თარგმანებას, ეს წიგნის სათაურიდანაც კარგად ჩანს: "წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა კოსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისაჲ განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკრებილი თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა, რომელსა შინა იშჳთ დაერთვის სხუათაცა წმიდათა თარგმანებულისაგან მოკლე ძალი სიტყჳსაჲ"[Jer.16:4r]. როგორც ჩანს, კირილეს შეუდგენია არა მარტო "პავლე თარგმნიანი", არამედ "თარგმნიანი საქმე მოციქულთა" და "თარგმნიანი კათოლიკე ეპისტოლეებიც", რომლებითაც ისარგებლა ეფრემ მცირემ.
კირილეს სახელით ჩვენამდე მოღწეულია რამდენიმე ფრაგმენტი "საქმე მოციქულთას" თარგმანებისა [PG.t.74,col.758-774] და თითოოროლა ფურცელი იაკობის, I და II იოანესა და იუდას ეპისტოლეების თარგმანებიდან [PG. t.74, col.1007-1036]. სრული ტექსტი ამ ეგზეგეტიკური შრომისა ბერძნულად არ ჩანს. ვფიქრობთ, ეფრემის ანდერძებში დაცული ცნობები მყარ საფუძველს იძლევა ამ კუთხით ძიების წარსამართავად. მართალია, ეფრემი პავლეს ეპისტოლეთა თარგმანებასთან შედარებით გაცილებით ძუნწ ცნობებს გვაწვდის "სამოციქულოს" სხვა წიგნების განმარტებათა შედგენის ისტორიაზე, არ ასახელებს იმ ავტორებს, რომელთა კომენტარებიც გამოიყენა კირილემ კატენური კრებულის შესადგენად, არც ის ვიცით, დედნად ისევე „კირილეს შემდგომ ყოფილთაგან" შევსებული კატენები ჰქონდა თუ ადრეული რედაქცია ამ კრებულისა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, "საქმე მოციქულთას" და „კათოლიკე ეპისტოლეების" კომენტარების თარგმნისას ეფრემი უკვე გამოკრებილი ბერძნული დედნებით სარგებლობდა.
ვფიქრობთ, ეფრემ მცირის თარგმნილი "სამოციქულოს თარგმანების" ბერძნულ წყაროებთან შედარება, რაც მომავლის საქმედ გვესახება, უფრო კონკრეტულად გასცემს პასუხს მრავალ შეკითხვას, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება წამოიჭრას, ეფრემის ანდერძებში დაცული ცნობები კი უთუოდ კარგი გზამკვლევი იქნება ამ მუშაობისას.
ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: "1)ქართულ ენაზე შენახულია ისეთი თხზულებები ბიზანტიური მწერლობისა, რომელთა ბერძნული დედნები დაკარგულია, მათი აღდგენა მხოლოდ ქართული თარგმანებითაა შესაძლებელი; 2)ქართულ მწერლობაში შემონახულია ისეთი ცნობები ბიზანტიელ მწერალთა შესახებ, რომელნიც ავსებენ და ახალ ასპექტში აშუქებენ ამ მწერლების ცხოვრებასა და შემოქმედებას; 3)ქართულ მწერლობას შემოუნახავს ცნობები ბიზანტიური მწერლობის ისტორიაში სრულიად უცნობი მწერლების შესახებ; 4)ზოგიერთი ნაწარმოები ბიზანტიური ლიტერატურისა ქართულ მწერლობაში გადმოსულა ისეთი ვარიანტებით, რომელნიც სხვა აზრსა და მნიშვნელობას აძლევენ ამ ნაწარმოებთ; 5)ქართველებმა შესძინეს ბიზანტიურ ლიტერატურას ქართულიდან გადმოთარგმნილი არა ერთი თხზულება, მაგალითად, "სიბრძნე ბალავარისი", "აბუკურა" და სხუანი მრავალნი; 6)ქართველებს ბერძნულ ენაზე უწერიათ ორიგინალური თხზულებებიც, მაგალითად, ექვთიმე ათონელს დაუწერია ბერძნულად "წესი მარტოდმყოფის ცხოვრებისაჲ" [კეკელიძე,1980: 62-63].
"მთარგმნელის მოზრახული" ეფრემის ანდერძების მიხედვით ერთგვარი ტერმინია, რომელიც აერთიანებს სათარგმნი თხზულების გამო ხელნაწერის სხვადასხვა ადგილზე მთარგმნელის მიერ გაკეთებულ ყველა სახის კომენტარს: აშიაზე მიწერილ სქოლიოებს, წიგნის თავში მოთავსებულ წინასიტყვაობას და ბოლოში დართულ ანდერძს [თვალთვაძე, 2009:24-26].
კერძოდ, აქ საუბარია ეფრემის მიერ სათარგმნელად არჩეულ ბერძნულ დედნებზე, მათ სხვადასხვა რედაქციაზე, რედაქციათა ურთიერთმიმართებაზე, ცალკეულ თხზულებათა შექმნის ისტორიაზე, ბერძნულ ლექსიკონებსა და წიგნთსაცავებზე, ბერძნული ხელნაწერი წიგნების შედგენილობასა და გაფორმებაზე და სხვ. [თვალთვაძე, 2009].
ანდერძის ტექსტი გამოქვეყნებულია რამდენჯერმე: პირველად გამოიცა 1988 წელს [თვალთვაძე,1988: 210-221; იხ. აგრეთვე, პავლეს ეპისტოლეთა...2003:300-302; თვალთვაძე,2009:210-212].
გამოცემულია ორჯერ: პირველად გამოქვეყნდა Ath.18 ხელნაწერის მიხედვით [თვალთვაძე, 1995:359-361], მეორედ Ath.39 და Ath.18 ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ე.კოჭლამაზაშვილმა [პავლეს ეპისტოლეთა... 2003:8-11].
V საუკუნის ალექსანდრიელი მთავრეპისკოპოსის, კირილეს, თხზულებების ქართულად გადმოღება VIII-IX საუკუნეებში დაუწყიათ (მხედველობაში გვაქვს "განძი", რომელიც გრიგოლ ხანძთელის დროს უკვე ყოფილა თარგმნილი), უკანასკნელი თარგმანი კი XVIII საუკუნეშია შესრულებული. 1776 წელს ფილიპე ყაითმაზაშვილსა და ანტონ კათალიკოსს სომხურიდან უთარგმნიათ კირილე ალექსანდრიელის ეპისტოლენი და სიტყუანი, რომლებიც დაცულია A 266, A 618 ხელნაწერებში [კეკელიძე, 1957: 87-89].
ანდერძის დასწყისში ეფრემი აღნიშნავს, რომ პავლე მოციქულის ეპისტოლეების განმარტებების მთავარი წყარო წმინდა იოანე ოქროპირის თარგმანებაა, რომელიც თავად პავლე მოციქულის კარნახით დაუწერია წმინდა იოანე ოქროპირს, რის დასტურადაც "იოანე ოქროპირის ცხოვრებაში" დაცული ერთი ცნობა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც იოანეს მოწაფეს, პროკლეს, უხილავს, თუ როგორ კარნახობდა თვით მოციქული თავისი ეპისტოლების განმარტებას იოანე ოქროპირს: "იყო პავლე მოციქული მიყრდნობილ მისა ზურგით კერძო თავადმდე იოვანჱსა და პირი მისი ყურსა თანა მარჯუჱნესა იოვანესსა და ჰზრახვიდა მას,...ხოლო იგი წერდა" [იოანე ოქროპირის... 1986:51-56].
ეფრემის მიერ დამოწმებული კირილე ალექსანდრიელის ეპისტოლე, მიუხედავად კონკრეტული ადრესატის არსებობისა, თავისი დანიშნულებით შესავალი წერილია, რომელიც, ალბათ, წინ უძღოდა ბერძნულ დედანში კირილეს ხელიდან გამოსულ ეგზეგეტიკურ შრომას. ეფრემ მცირის ანდერძის ცნობითაც, ეს ეპისტოლე "თავსა წერილ იყო". "ამას ვითარებასა ვისწავებთ ეპისტოლისა მისგან დიდისა კჳრილე ალექსანდრიელისა, რომელი იძიე და ჰპოვო თავსა წიგნისა ამის პავლეს თარგმნად გარემოწერილისა" [Ath.18:236]; "თავით კერძოჲ იგი ეპისტოლე ამას ცხად ჰყოფსო," - ხაზგასმით აღნიშნავს ეფრემი. მართალია, Ath.18 ხელნაწერში ეს ეპისტოლე ბოლოშია და ეფრემის ანდერძს მოსდევს, მაგრამ ეს თავდაპირველ სურათს სწორად არ უნდა ასახავდეს, რასაც გვაფიქრებინებს მეორე ათონური ხელნაწერის [Ath.39,XI ს.] ჩვენებაც, სადაც კირილეს ეპისტოლე იწყებს პავლეს ეპისტოლეთა თარგმანების ტექსტს [Ath.39:16v-17v]. ვფიქრობთ, ეფრემი აქაც სწორ ინფორმაციას გვაწვდის: ეპისტოლე კირილე ალექსანდრიელისა, თავდაპირველად მართლაც "თავით კერძო წერილ იყო" და კირილეს მიერ შედგენილი კრებულის შესავლის ფუნქციას ასრულებდა.
ტექსტში მითითებულია შემდეგ კომენტატორთა სახელები: ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის, ევსები პამფილელის, მეთოდი პატრელის, ათანასე ალექსანდრიელის, სევერიანე გაბალოვნელის, გენადი კონსატანტინეპოლელის, მაქსიმე აღმსარებლის, გერმანოზ კონსტანტინეპოლელის, იოანე დამასკელის, ჳკუმენის და თვითონ კირილესი. მათგან კირილეს შეეძლო ესარგებლა რამდენიმეს (ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის, ევსები პამფილელის, მეთოდი პატრელის, ათანასე ალექსანდრიელის, სევერიანე გაბალოვნელის) კომენტარებით, დანარჩენები კი კირელეს გარდაცვალების შემდეგ მოღვაწეობდნენ, ცხადია, მათი სახელების გაჩენა "პავლე თარგმნიანის"ტექსტში მხოლოდ მისი გვიანდელი გადამუშავების შემდეგ იყო შესაძლებელი.
სიტყვა "მოთხვითს" საბა ასე განმარტავს: "მოთხვითი - ოთხკუთხი" [ორბელიანი სულხან-საბა,1991:492; იხ. აგრეთვე, აბულაძე, 1973:264; ეზეკიელის...1976:315]. ამდენად, "მოთხვითად მოწერილი" ოთხკუთხივ მოწერილს ნიშნავს.
უნდა აღინიშნოს, რომ კირილეს "პავლე თარგმნიანის" ბერძნული დედნისგან განსხავევით მისი ეფრემისეული თარგმანი არის არა "გარემოწერილი", "მოთხვითად მოწერილი", არამედ "მარლგაწყობილი". ეფრემს, რომელიც ყოველთვის მომხრე იყო ბერძნული დედნის ქართულად ზუსტად გადმოტანისა და ქართული ხელნაწერი წიგნების "ბერძნულსა წესსა ზედა გამართვისა", ამ შემთხვევაში თავისი მოძღვრების - საბა თუხარელისა და ანტონი ტბელის - მითითებით დაურღვევია ეს პრინციპი იმის გამო, რომ ამგვარი წიგნი "საეკლესიოდ საკითხავად და საწერელადცა ძნელ იყო" და დედანში განსამარტავი მუხლის ირგვლივ აშიებზე მიწერილი კომენტარები, რომლებიც საგანგებო პირობითი ნიშნებით უკავშირდებოდა ტექსტს, ერთმანეთის მიყოლებით "მართლგაწყობით" დაუწერია "უადვილესობად მწერალთა და მკითხველთა [Ath.18:237]. "ეგრეთ უმჯობესად წამეს ბერთა ჩუჱნთაო," - გვარწმუნებს ეფრემი.
პავლეს ეპისტოლეების ვრცელი თარგმანებები XI საუკუნის და შემდგომი დროის საეკლესიო მოღვაწეებსაც დაუწერიათ, კერძოდ, თეოფილაქტე ბულღარელსა [PG.t.124-125] და ეფთვიმე ზიგაბენს [PG.t.128-129], მაგრამ, ცხადია, მათი ნააზრევი ვერ მოხვდებოდა "პავლე თარგმნიანის" იმ ბერძნულ ტექსტში, რომელიც ჯერ ექვთიმე ათონელს, ხოლო შემდეგ კი ეფრემ მცირეს ჰქონიათ დედნად. ქართველმა მთარგმნელებმა, სავარაუდოდ, ეკუმენიოსის (†995წ.) მიერ პავლეს თოთხმეტივე ეპისტოლეს განმარტებების დაწერის შემდეგ (მეათე საუკუნის II ნახევარი) მისი ნააზრევით შევსებული გვიანდელი რედაქციით ისარგებლეს, რასაც მოწმობს ეკუმენიოსის (ჳკუმენის) სახელის ხშირი ხსენება ქართული თარგმანის ტექსტში.
ექვთიმე ათონელის მიერ "პავლე თარგმნიანის" დასაწყისის (ჰრომაელთა და კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს კომენტარების და წიგნის დასაწყისში მოთავსებული კირილე ალექსანდრიელის ეპისტოლეს) თარგმნის შესახებაც ცნობებს ეფრემ მცირე გვაწვდის თავის კოლოფონში: "ბერძულისაგან თარგმნად ეწყო ჩუენსა მას ახალსა ოქროპირსა, წყაროსა და ძირსა თარგმანებისასა, წმიდასა მამასა და მოძღუარსა ეკლესიათასა ეფთჳმეს მთაწმიდელსა და უთარგმნია ორთა ოდენ ებისტოლეთაჲ მცირედ ნაკლულ, ხოლო მიზეზი უსრულობის მათისაჲ ღმერთმან იცის" [Ath.18:235].
ექვთიმე ათონელის თარგმანის ტექსტი გამოცემულია ე.კოჭლამაზაშვილის მიერ [პავლეს ეპისტოლეთა...2003:8-215].
თუმცა, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეფრემის თარგმანი მისი ორიგინალური შრომაა, იოანე ოქროპირზე დაყრდნობით შესრულებული. კ. კეკელიძე აღნიშნავს, რომ ეფრემის თარგმნილი ეს თხზულება წარმოადგენს "ეფრემის შრომას იოანე ოქროპირის მიხედვით დაწერილს" [კეკელიძე,1980:257]; ი. აბულაძის აზრით, "ეფრემმა შერჩევით თარგმნა ოქროპირის განმარტებები" [საქმე მოციქულთა...1950:013]; კ. დანელია კი, რომელმაც საგანგებოდ შეისწავლა პავლეს ეპისტოლეთა კომენტარების ეფრემისეული თარგმანი, მიიჩნევს, რომ ეფრემმა იცის ოქროპირის (ისე როგორც სხვა ღვთისმეტყველთა) კომენტარები, მაგრამ კი არ თარგმნის მის თხზულებებს, არამედ კონსპექტურად გადმოგვცემს მის ნააზრევს [დანელია,1982:319-325]. ამგვარი დასკვნის საფუძველია ქართული თარგმანის იოანე ოქროპირის "პავლეს თარგმნიანის" ბერძნულ ტექსტთან შედარება, რაც, ცხადია, მრავალი არსებითი ხასიათის სხვაობის წარმოჩენის საშუალებას მისცემდა მკვლევრებს. ეფრემის ანდერძში დაცული ბიბლიოგრაფიული ცნობის გამოვლენის შემდეგ საკითხი გადაწყვეტილად უნდა ჩაითვალოს. ამ ანდერძში ეფრემი პირდაპირ მიუთითებს მის მიერ დედნად გამოყენებულ თხზულებაზე და აღნიშნავს, მას კირილე ალექსანდრიელის მიერ შედგენილი კატენური "პავლე თარგმნიანის" გვიანდელი რედაქციის ხელნაწერი ჰქონდა დედნად. ეფრემი თვითონ კი არ ასრულებდა კომპილაციურ სამუშაოს (კრებდა, აკონსპექტებდა, ამოკლებდა და ა.შ.), არამედ ისეთი დედნით სარგებლობდა, რომელშიც ამგვარი სამუშაო უკვე შესრულებული იყო, თანაც "არა ლიტონი კაცის, არამედ წმინდა კჳრილეს მიერ". ეფრემის ანდერძიდან კარგად ჩანს ისიც, რომ ეს ეგზეგეტიკური თხზულება ეფრემის ორიგინალური შრომა არაა. ვფიქრობთ, ზემოთ განხილულ ეფრემის ანდერძში დაცული ცნობები საკმაო საბუთია იმისათვის, რომ ქართულ ხელნაწერებში შენახული პავლეს ეპისტოლეთა კომენტარების ეფრემ მცირისეული თარგმანის ტექსტის დედნად კირილე ალექსანდრიელის "პავლე თარგმნიანის" გვიანდელი რედაქცია მივიჩნიოთ. შემდგომი კვლევა-ძიება, ბერძნული და ქართული ტექსტების ერთმანეთთან შედარებაც სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს [თვალთვაძე,1995; პავლეს ეპისტოლეთა...2003:294-299].
„საქმე მოციქულთას" და "კათოლიკე ეპისტოლეთა" განმარტებების ქართული თარგმანი გამოცემულია ე.კოჭლამაზაშვილის მიერ [განმარტება... 2000].
ლიტერატურა
საქმე მოციქულთა... 1950 |
საქმე მოციქულთა . ძველი ხელნაწერების მიხედვით / გამოსცა ილია აბულაძემ. თბილისი . |
აბულაძე ი. 1973 |
ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბილისი. |
დანელია კ. 1982 |
ქართული სამწერლობო ენის ისტორიის საკითხები. თბილისი. |
ეზეკიელის ... 1976 |
ეზეკიელის წიგნის ძველი ქართული ვერსიები. ტექსტი გამოსცა და და გამოკვლევა დაურთო თ. ცქიტიშვილმა. თბილისი. |
განმარტება ... 2000 |
განმარტება სამოციქულოსი გამოკრებილი იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებებიდან თარგმნილი ეფრემ მცირის (კარიჭის ძის) მიერ. I. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა. თბილისი. |
თვალთვაძე დ. 1988 |
ეფრემ მცირის ერთი უცნობი ანდერძი. თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები. 27. თბილისი. |
თვალთვაძე დ. 1995 |
პავლეს ეპისტოლეთა კომენტარების ძველი ქართული თარგმანები. ფილოლოგიური ძიებანი. II. თბილისი. |
თვალთვაძე დ. 2009 |
ეფრემ მცირის კოლოფონები. თბილისი. |
იოანე ოქროპირის... 1986 |
იოანე ოქროპირის ცხოვრების ძველი ქართული თარგმანი და მისი თავისებურებანი. 986 წლის ხელნაწერის მიხედვით ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო რ. გვარამიამ. თბილისი. |
კეკელიძე კ. 1957 |
ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტომი V. თბილისი. |
კეკელიძე კ. 1972 |
ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტომი XI. თბილისი. |
კეკელიძე კ. 1980 |
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. ტომი I. თბილისი. |
კოჭლამაზაშვილი ე. 1995 |
სამოციქულოს განმარტების ქართულ ენაზე თარგმნის ისტორიიდან. რელიგია, N 10-11-12. თბილისი. |
ორბელიანი სულხან-საბა 1991 |
ლექსიკონი ქართული. ტომი I. ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ. თბილისი. |
პავლეს ეპისტოლეთა... 2003 |
პავლეს ეპისტოლეთა განმარტება გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებებიდან თარგმნილი ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა. თბილისი. |
Krumbacher K. 1897 |
Geschichte der byzantinishen Literatur von Justinian bis zum Ende des öströmishen Reiches (57-1453), 2 vols. (Handbuch der Altertumswissenschaft IX, 1). München. |
PG |
Patrologia Graeca. |