ანტისაბჭოთა პარტიების ბრძოლა ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ აჭარაში (1921 წელი)
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტებმა გამოსცა სპეციალური დეკრეტი: `გამოცხადდეს ყველა პოლიტიკური პარტიის, ცალკეული პიროვნებებისა და ჯგუფების ამინისტია, რომლებიც აქტიურად გამოდიოდნენ საბჭოთა ხელისუფლებისა და საქართველოს კომპარტიის წინააღმდეგ." [კაჭარავა, 1958:182] საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ასე მიმართავდა: `დაემორჩილეთ საქართველოს საბჭოთა მთავრობას, რომელიც დაივიწყებს თავისი მტრების ყველა წარსულს, დანაშაულს და რომელიც მზადაა ასევე მოიქცეს თქვენს მიმართაც". [კაჭარავა, 1958:191]
ასეთივე განცხადებები კეთდებოდა აჭარის კომუნისტების მიერ, მაგრამ ეს ანტისაბჭოთა პარტიებმა და ყოფილმა მთავრობამ არაფრად ჩააგდეს, არ სცნეს საბჭოთა ხელისუფლება, არ მოისურვეს მასთან თანამშრომლობა და გადავიდნენ არალეგალურ მდგომარეობაზე. ისინი საბოტაჟისა და კონტრევოლუციის გზას დაადგნენ. შესაბამისად, საბჭოთა ხელისუფლება მათ მიმართ მკაცრ ზომებს იღებდა. 29 აპრილს კომპარტიის ბათუმის საოლქო კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება: ,,დაუყოვნებლივ მოშორებულნი იქნან ყველა ის პიროვნებები, რომლებმაც რაღაცით ჩირქი მოსცხეს და სახელი გაუტეხეს საქართველოსა და აჭარას მენშევიკების ბატონობის დროს." აცსა[1], (პარტიული ფონდი), ფ. 1, აღწ. 1, ს. 13, ფურც. 52] შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა, საბჭოთა დაწესებულებებიდან, ფაბრიკა-ქარხნებიდან, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და ა.შ. განედევნათ კონტრრევოლუციონერები.
აღნიშნული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მიმართული იყო დემოკრატიისა და მრავალპარტიულობის წინააღმდეგ და ამავე დროს ხელს უწყობდა ერთპარტიული დიქტატურის შემოღებას. კომისიაში შედიოდნენ: კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრი ი. პევცოვი, რევოლუციური კომიტეტის წევრი კ. საჯაია და აჭარის პროფკავშირების ცენტრალური საბჭოს პრეზიდიუმის წარმომადგენელი. კომისია უშუალოდ ხელმძღვანელობდა ,,ჩეკას" მიერ საწარმო-დაწესებულებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან ანტისაბჭოთა პარტიებისა და ჯგუფების წარმომადგენლების გაძევებასა და მათ მიმართ რეპრესიების გატარებას. იმ დროისათვის აჭარაში რამდენიმე ანტისაბჭოთა პოლიტიკური ორგანიზაცია და ჯგუფი იყო. მათ შორის ყველაზე გავლენიანად ითვლებოდნენ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური), ეროვნულ-დემოკრატიული, სოციალისტ-ფედერალისტური, სოციალისტ-რევოლუციონერთა, ქემალისტური და სხვა პარტიების ორგანიზაციები. ქემალისტური ორგანიზაციის გარდა, აღნიშნული პარტიები წარმოიშვნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში. კომუნისტური და ქემალისტური პარტიებისაგან განსხვავებით თითქმის ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მისი სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის, ბურჟუაზიული წყობილებისა და დემოკრატიისათვის. ანტაგონისტური კლასობრივი საზოგადოების პირობებში მათი მოღვაწეობა მიმართული იყო ეროვნული კონსოლიდაციისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ისინი წინააღმდეგი იყვნენ და შეურიგებელ ბრძოლას ეწეოდნენ სოციალისტური იდეოლოგიისა და სოციალიზმის პრინციპების წინააღმდეგ. სოციალისტ-ფედერალისტების, ეროვნულ-დემოკრატების პროგრამები თითქმის არ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ისინი ერთ სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში იყვნენ გაერთიანებული. აღნიშნული პარტიის წევრების უმრავლესობა პირველ ხანებში პირდაპირ და გადაჭრით არ მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მას სურდა, საქართველოს მიეღო ეროვნული ავტონომია რუსეთის იმპერიის ფარგლებში. პარტიის შექმნისთანავე მასში რადიკალები გაჩნდნენ. ისინი საუკუნის დასაწყისშივე ტოვებენ ფედერალისტების პარტიას და ქმნიან ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც არაორაზროვნად აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაა. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას აქტიურად უჭერს მხარს ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ამ პარტიის პირველი პროგრამა თვითონ დაწერა. სოციალისტ-ფედერალისტების იდეას რუსეთის იმპერიის ფარგლებში საქართველოსათვის ეროვნული ავტონომიის მინიჭების შესახებ არ იზიარებს მემედ აბაშიძე და 1908 წელს იგი ტოვებს ამ პარტიას. მისი ზოგადსაკაცობრიო იდეები სცილდებოდა ვიწრო პარტიულ ჩარჩოს. მისი მოღვაწეობა მიმართული იყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისკენ. სწორედ ამან განაპირობა მისი არჩევა 1917 წლის 9 აპრილს შექმნილ ინტერპარტიულ /ზეპარტიულ/ საბჭოში, რომელიც საქართველოს პირველი პარლამენტის როლს ასრულებდა. იგი მონაწილეობდა 1917 წლის 19-24 ნოემბერს ჩატარებული პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში, როგორც სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელი. მემედ აბაშიძე აირჩიეს ეროვნულ საბჭოში /პარლამენტი/ და 15 წევრისაგან შემდგარ პრეზიდიუმში. [აცსა,(პარტიული ფონდი), ფ. 1, აღწ. 1, ს. 13, ფურც. 104]
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროს, მის პირველ წლებში, აჭარაში სოციალისტ-ფედერალისტური და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების ორგანიზაციები სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის აჭარის ორგანიზაციასთან შედარებით მცირერიცხოვანი იყო. ისინი, ძირითადად, ბათუმის სასწავლებლებში, წარმოება-დაწესებულებებში, რკინიგზისა და საზღვაო პორტის სამმართველოებში იყვნენ თავმოყრილი.
სოციალისტ-ფედერალისტური ორგანიზაცია თავის რიგებში აერთიანებდა 300-მდე წევრს, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაცია - 330-მდე წევრს, მაგრამ მათ რიგებში ერთიანობა არ იყო. ისინი გაიყვნენ მემარჯვენეებად და მემარცხენეებად. მათ ჰქონდათ ბეჭდვითი ორგანოები: ეროვნულ-დემოკრატებს გაზეთი - ,,საქართველო", სოციალისტ-ფედერალისტებს - ,,სოციალისტ-ფედერალისტი." [აცსა, (პარტიული ფონდი), ფ. 1, აღწ.1, ს. 210, ფურც. 104]
მემარჯვენეებისაგან განსხვავებით, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას მტრულად შეხვდნენ და კატეგორიულად ითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენას, მემარცხენეებმა გამოაცხადეს ლოიალური დამოკიდებულება. ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ საბჭოთა ხელისუფლებასთან, თუკი ეს უკანასკნელი საქართველოს დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულ პრინციპებს აღიარებდა და არ დაუშვებდა პროლეტარიატის დიქტატურას, მემამულეებისა და კაპიტალისტების მიმართ რეპრესიებს, არ გააჩაღებდა კლასობრივ ბრძოლას. მემარცხენეები სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკებთან ნებისმიერი ფორმით გაერთიანებისა, აჭარის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიებისა. საკმაოდ მცირერიცხოვანნი იყვნენ და აჭარაში არავითარ ძალას არ წარმოადგენდნენ ანარქისტები. ბათუმში გაბნეული 50-მდე ანარქისტი უარყოფითად შეხვდა საბჭოთა ხელისუფლებას, პროლეტარიატის დიქტატურას, სოციალიზმის პრინციპებსა და მშენებლობას, ამიერკავკასიის ფედერაციას, სსრ კავშირს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნას. [აცსა, (პარტიული ფონდი), ფ.1, აღწ.1, ს. 210, ფურც. 442]
აჭარაში შედარებით მეტნი იყვნენ საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერები /ესერები/, რომლებიც რუსეთის მემარცხენე ესერთა პარტიის შტოს შეადგენდნენ. ეს პარტია როგორც რუსეთში, ისე საქართველოშიც საუკუნის დასაწყისში, 1902 წელს, ხალხოსნებისაგან შეიქმნა. ამიტომაც ჰქონდათ ესერებს ხალხოსნური შეხედულებები და იმეორებდნენ ხალხოსნების იმ შეცდომებს, რომლებიც საბოლოოდ საბედისწერო აღმოჩნდა ამ იდეოლოგიისათვის.
კაპიტალიზმის, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციის, უარყოფა, მისი გავლის გარეშე სოციალიზმში შესვლა, გლეხობის რევოლუციურ კლასად გამოცხადება, სოციალისტური რევოლუციის მოწყობა და სოციალიზმის მშენებლობა, მუშათა კლასის, როგორც მთავარი ძალის, უარყოფა, სოციალიზმში შესვლისათვის ინდივიდუალური ტერიტორიის აუცილებლობის აღიარება და ა.შ. - აი, იმ შეხედულებების არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც იზიარებდა მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია. სოციალისტ-რევოლუციონერები მენშევიკებთან ერთად ბურჟუაზიული დემოკრატიული რევოლუციის პირველსავე დღეებში როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების ხელში აღების წინააღმდეგი იყვნენ.
მემარჯვენე ესერები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მტრულად შეხვდნენ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას. მემარცხენეები შედარებით თავშეკავებული იყვნენ საბჭოთა რუსეთის მიმართ და დასთანხმდნენ, შესულიყვნენ მთავრობის შემადგენლობაში. საქართველოს ბოლშევიკებმა არ მოისურვეს ესერებთან თანამშრომლობა. მათ არ გადაუდგამთ პრაქტიკული ნაბიჯები არც ესერებთან და არც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დაახლოების მიზნით.
აჭარაში ესერები, ისევე როგორც სხვა ანტისაბჭოთა პარტიები, ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ისინი, ძირითადად, ბათუმის წარმოება-დაწესებულებებსა და ჯარის ნაწილებში იყვნენ (მათი რიცხვი 400-მდე აღწევდა), ეწეოდნენ ანტისაბჭოთა პროპაგანდას, გამოდიოდნენ ამიერკავკასიის ფედერაციისა და სსრ კავშირის შექმნის, აჭარის ავტონომიის წინააღმდეგ. განსაკუთრებით მკაცრად აკრიტიკებდნენ პროლეტარიატის დიქტატურას. ესერები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში მენშევიკებთან ერთად სასტიკ ბრძოლას ეწეოდნენ კომუნისტების წინააღმდეგ. ქართველი ესერები აცხადებდნენ, რომ საქართველოს შესვლა ამიერკავკასიის ფედერაციაში და სსრ კავშირში მისი ეროვნული და პოლიტიკური დაღუპვააო. [აცსა, (პარტიული ფონდი), ფ.1, აღწ.1, ს. 283, ფურც. 5]
აჭარაში ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციად ითვლებოდა თურქეთის მხარდამჭერი ქემალისტური პარტია, რომელიც შეიქმნა 1919 წელს. იგი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ქემალ ათათურქის, სახელს ატარებდა. მასში თურქეთის ეროვნული ბურჟუაზიის წარმომადგენლებთან ერთად აჭარის თურქეთის მომხრე აღაბეგებისა და მუსლიმანური სამღვდელოების წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული. ქემალისტური ორგანიზაცია განსაკუთრებული აქტიურობით საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ამოქმედდა. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისაგან განსხვავებით ქემალისტური პარტიის აჭარის ორგანიზაციას, რომლის ცენტრი ბათუმი იყო, არა მარტო სასაზღვრო სოფელ მერისში, თითქმის ყველა სოფელში ჰყავდა თავისი ჯგუფები და ცალკეული პირები, რომლებიც პროპაგანდისა და მოსყიდვის ყველა საშუალებას იყენებდნენ და მოსახლეობაში იარაღს ავრცელებდნენ. აჭარის საგანგებო კომისიის /ჩეკა/ თავმჯდომარე 1922 წლის 21 თებერვალს წერდა, რომ მხოლოდ ერთ სოფელში, დღვანში, ქემალისტებმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუტანეს 1500 რუსული და თურქული წარმოების შაშხანა. ქემალისტები განსაკუთრებით ბევრი იყვნენ დიდაჭარის, სხალთისა და რიყეთის ხეობის სოფლებში, მთლიანად აჭარაში კი ისინი 3000-ზე მეტ წევრს ითვლიდნენ. [სუიცა[2], ფ. 14, აღწ. 1, ნაწ. 1, ს. 976, ფურც. 545]
ქემალისტები აჭარელ გლეხებს უწინასწარმეტყველებდნენ, რომ ბოლშევიკები მათ წაართმევდნენ ყველა ფასეულობას და დაუხურავდნენ მეჩეთს; რომ უახლოეს დროში აჭარაში მოსალოდნელი იყო ქემალის ჯარის შემოსვლა, რომელიც იხსნიდა მთელ მოსახლეობას ბოლშევიკების უღლისაგან. ისინი მოუწოდებდნენ გლეხებს, ბოიკოტი გამოეცხადებინათ საბჭოთა ხელისუფლებისათვის. ქემალისტური პარტიის აჭარის ორგანიზაცია ამიერკავკასიის ფედერაციისა და სსრკ-ის შექმნის წინააღმდეგი იყო, უნდოდა აჭარისთვის ავტონომიის მიცემა, ოღონდ თურქეთის ფარგლებში. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ცდილობდნენ, შეეღწიათ სოფლის რევოლუციურ კომიტეტებში, მილიციაში და სხვა საბჭოთა დაწესებულებებში. მათ, ერთი მხრივ, აგიტაციით, მეორე მხრივ, დაშინებით, მიაღწიეს იმას, რომ თავიანთ მხარეს გადაიყვანეს სოფლის მოსახლეობის ნაწილი. 1922 წელს ქემალისტების წინააღმდეგ საბჭოთა ხელისუფლების მიერ საგანგებო ზომების მიღების შედეგად /მეთაურებისა და სხვა აქტივისტების დაპატიმრება/ მათი აჭარის ორგანიზაცია დასუსტდა. 1924 წლისათვის ქემალისტებმა, იმაში დარწმუნებულებმა, რომ მათ არ ძალუძთ არც აჭარის შეერთება თურქეთთან და არც საბჭოთა ხელისუფლების დამხობა აჭარაში, შეწყვიტეს არსებობა. [სუიცა, ფ.14, აღწ. 1, ნაწ. 1, ს. 976, ფურც. 548]
საქართველოში სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს შორის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია იყო. ცნობილია, რომ ამ პარტიისა და მისი საქართველოს ორგანიზაციის ისტორია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული ბოლშევიკური პარტიისა და მისი საქართველოს ორგანიზაციის მსგავსად 1903 წლის ზაფხულზე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მეორე ყრილობიდან იწყება. ასე რომ, 1912 წლამდე, ბოლშევიკების პრაღის კონფერენციამდე, ერთ ორგანიზაციაში იყო ერთი პარტიის ორი ფრთა - მენშევიკური და ბოლშევიკური, მათ შორის - საქართველოს ორგანიზაციები. თუ ბოლშევიკების პარტიის საქართველოს ორგანიზაცია (მათ შორის აჭარის), მიუხედავად 1920 წლის მაისში საქართველოს კომპარტიის ფორმალურად შექმნისა, ბოლომდე რჩება რუსეთის კომპარტიის ერთ-ერთ შტოდ, ქართველი მენშევიკები ეროვნულ-დემოკრატიულ, სოციალისტ-ფედერალისტურ და სხვა პარტიებთან ერთად იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქართველი მენშევიკები რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მენშევიკურ პარტიას საბოლოოდ ტოვებენ და ქმნიან დამოუკიდებელი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ (მენშევიკურ) პარტიას, სადაც ბოლშევიკებზე თითქმის ათჯერ მეტი იყვნენ.
1924 წლის მაისში ჩატარდა საქართველოს კომპარტიის /ბოლშევიკების/ მესამე ყრილობა. ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბ. ლომინაძის, მოხსენებაში წერია: ,,საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მენშევიკურ პარტიაში, ერთი ცნობით, 130.000 კაცი იყო, მეორეთი - 80.000, მესამეთი - 60.000." [სუიცა, ფ.14, აღწ. 1, ს. ნაწ. 1, ს. 976, ფურც.562] იგი უმსხვილესი პარტია იყო.
ამავე დროს საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ (მენშევიკურ) პარტიას ჰყავდა ისეთი ძლიერი, თეორიულად კარგად მომზადებული პოლიტიკური მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: კარლო ჩხეიძე - თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის დღეებში შექმნილი მუშათა დეპუტატების პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე; აკაკი წერეთელი - დროებითი მთავრობის მინისტრი; ევგენი გეგეჭკორი - ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე; დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური - ნოე ჟორდანია, აგრეთვე, ნოე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი და მრავალი სხვა.
მენშევიკური პარტიის გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, გენერლები, მეცნიერები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის, დამფუძნებელი კრების წევრები, სხვა ანტისაბჭოთა აპარატების მეთაურები 1921 წლის 17 მარტს, ღამით, ბათუმიდან 16 დატვირთული გემით გაემგზავრნენ. ეროვნულ პარტიებს ახალი ხელმძღვანელები ჩაუდგნენ სათავეში, რომლებიც საზღვარგარეთ წასული ლიდერების მითითებებითა და დირექტივებით მოქმედებდნენ. ეროვნულმა პარტიებმა აიღეს საბჭოთა ხელისუფლების შიგნიდან ,,აფეთქების" კურსი. მენშევიკური პარტიის ორგანოს გაზეთ ,,ერთობის" ბოლო ნომერში პარტიის წევრებს დირექტივა მიეცათ, დარჩენილიყვნენ საქართველოში, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე, ეცადათ, ფეხი მოეკიდებინათ ყველა საბჭოთა დაწესებულებაში, საქართველოს წითელ არმიაში და მოემზადებინათ საბჭოთა ხელისუფლების ,,აფეთქება" საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დაბრუნების დროს.
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის ლიდერი ნოე ჟორდანია, მთავრობის იძულებით წასვლის შესახებ იტყობინებოდა, ყველა ქართველს მოუწოდებდა, არ ეცნოთ ახალი მთავრობა, არ შეესრულებინათ მისი განკარგულებები და ჩაეთვალათ, რომ ნამდვილი მთავრობა დროებით არ იმყოფება საქართველოში.
მენშევიკებმა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე მის მიმართ მტრული დამოკიდებულების კურსი აიღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ლოზუნგით მენშევიკები ისწრფოდნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ, ანტისაბჭოთა პარტიებთან კოალიციის შექმნისაკენ. 1921 წლის ივნისში ნ. ჟორდანია თავის თანამოაზრეებს საზღვარგარეთიდან წერდა: ,,დაივიწყეთ ყველა პარტიული უთანხმოებანი, რაც გვანსხვავებს ჩვენ დანარჩენი პარტიებისგან, საჭიროა ბოლშევიკების განდევნა, პარტიული უთანხმოებების შესახებ შემდგომში მოვასწრებთ ლაპარაკს." [ცქვიტარია, 1963:25] თავისი ლიდერის, ნ. ჟორდანიას, მითითებების შესაბამისად, მენშევიკებმა 1922 წლის დასაწყისში დაიწყეს მოლაპარაკებები დანარჩენ ანტისაბჭოთა პარტიებთან ისეთი ორგანოს შექმნის შესახებ, რომელიც ცალკეული პარტიების მოქმედებას გაუწევდა კოორდინირებას, მით უმეტეს, რომ ყველა ეს პარტია ერთი და იმავე მიზნისაკენ - ბურჟუაზიული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ - მიილტვოდა.
1922 წლის აგვისტოში ყველა ანტისაბჭოთა პარტიამ, გარდა ქემალისტებისა, მოილაპარაკა და შეიმუშავა ხუთი მუხლისაგან შემდგარი შეთანხმება:
,,1. პარტიები ერთიანდებიან იმისთვის, რომ საერთო ძალით იბრძოლონ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.
2. იმ შემთხვევაში, თუ აღსდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, მოიწვევა დამფუძვნებელი კრება, რომელსაც ანგარიშს ჩააბარებენ თავიანთი მოღვაწეობის შესახებ როგორც საზღვარგარეთ მყოფი მთავრობა, ასევე ის, რომელიც შეიქმნება გარდამავალ დროში.
3. დამფუძვნებელი კრების სხდომაზე კოალიციის პრინციპით იქმნება ახალი მთავრობა, ამასთან არც ერთ პარტიას არ ექნება უფლება, დაიკავოს ერთ მესამედზე მეტი ადგილი.
4. წინა მთავრობის მოღვაწეობის გარჩევისათვის, რომელმაც ქვეყანა კრახამდე მიიყვანა, იქმნება პარიტეტული კომისია.
5. აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერიდან პარიტეტულ საწყისებზე აირჩევა ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი." [აცსა, (პარტიული არქივი), ფ.1, აღწ.1, საქ.210, ფურც.498]
ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა და ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი" ზუსტად ორ წელიწადს ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საზღვარგარეთ კი ამავე მიზნის მისაღწევად მონდომებით იღვწოდნენ საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრები, მინისტრები და ანტისაბჭოთა პარტიების მეთაურები. მენშევიკებმა პარიზში, ლონდონში, ჟენევასა და სხვა ქალაქებში შექმნეს საქართველოს დახმარების კომიტეტები. მათი ლიდერები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ მოხსენებებით გამოდიოდნენ. მენშევიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კ. ჩხეიძე ჟენევაში გამოსვლის დროს ინგლისს ურჩევდა, არ მიეცა ბოლშევიკებისათვის სესხი. საფრანგეთის სოციალისტური პარტიის მემარჯვენე ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, 1915-1918 წ.წ. გაზეთ ,,იუმანიტეს" დირექტორი პიერ რენოდელი მენშევიკების ერთ-ერთ გამოჩენილ ლიდერს, აკ. წერეთელს, წერდა, რომ საფრანგეთის სოციალისტები შეეცდებიან ჩაერიონ საქართველოს საქმეებში და ზეიმისა თუ უბედურების შემთხვევაში მხარი დაუჭირონ ქართველ სოციალ-დემოკრატებს. [ცქვიტარია, 1963:32]
აჭარაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სხვა ანტისაბჭოთა ორგანიზაციებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის აჭარის ორგანიზაცია იყო, რომელიც ხუთი ათასამდე ადამიანს აერთიანებდა. მარტო 1921 წლის ივნის-ივლისში აჭარის საგანგებო კომისიის მიერ გამოვლენილი იქნა 700-ზე მეტი მენშევიკი. ყველა მათგანი მსახურობდა საბჭოთა დაწესებულებებში და ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას (აგიტაცია, საბოტაჟი, პროვოკაცია). ამ ადამიანებს კავშირი ჰქონდათ მენშევიკებთან, რომლებიც ღრმა იატაკქვეშეთში იმყოფებოდნენ და მათ დავალებებს ასრულებდნენ.
მენშევიკები თითქმის ყველა ქარხანაში, ფაბრიკასა და დაწესებულებაში იყვნენ. ყველაზე მეტი მენშევიკი ბათუმის საზღვაო სავაჭრო პორტში, ფოსტასა და ტელეგრაფში, საბაჟოში, სახალხო მეურნეობის საბჭოსა და მის ადგილობრივ ორგანოებში მუშაობდა. მენშევიკები იყვნენ მილიციასა და ზოგიერთ სამაზრო რემკომშიც. აჭარაში მათი მთავარი ცენტრი ბათუმის რკინიგზის დეპოში იყო. კარგად ორგანიზებული მენშევიკური ორგანიზაციები ჰქონდათ ჭაობში (ბათუმის უბანი), სოუქსუზე, ბარცხანაში, ასევე, რამდენიმე სხვა სოფელშიც (მახინჯაური, მწვანე კონცხი, ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი).
მენშევიკები ფაბრიკებისა და ქარხნების მუშებს მოუწოდებდნენ, ებრძოლათ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ დეზორგანიზება შეჰქონდათ ფაბრიკა-ქარხნების მუშებში და აჯანყებისკენ მოუწოდებდნენ. ასეთი აგიტაციისათვის 1921 წლის 14 ნოემბერს დაპატიმრებული იქნა კინტრიშის რაიონული რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ამავე რაიონის რევკომის საბინაო განყოფილების გამგე, მაგრამ ისინი გამცილებელ მილიციელთან ერთად მიიმალნენ. [ცქვიტარია, 1963:46]
ემიგრირებული მენშევიკების დიდი ნაწილი თავმოყრილი იყო ბათუმიდან 250 კმ-ით დაშორებულ თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში. თურქეთში მყოფ მენშევიკებს ყოველდღიური კავშირი ჰქონდათ აჭარის მენშევიკებთან, ეხმარებოდნენ მათ ანტისაბჭოთა მუშაობის წარმართვაში. მენშევიკები ცდილობდნენ, აჭარა გაეხადათ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ყოფილი მენშევიკური მთავრობისა და საქართველოში დარჩენილ მენშევიკებს შორის დამაკავშირებელ პუნქტად, მაგრამ არც მათ პარტიაში იყო ერთიანობა. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მენშევიკებს ჩამოშორდა და ოპოზიციად გამოცხადდა სოციალ-დემოკრატების ერთი ნაწილი, რომელმაც 1920 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კონფერენციაზე თავისი თავი დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ პარტიად გამოაცხადა. ოპოზიციონერებმა სახელად სხივისტები დაირქვეს, თავიანთ ბეჭდვის ორგანოს კი ,,სხივი" უწოდეს. სხივისტებს, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, აჭარაშიც ჰქონდათ თავიანთი ორგანიზაცია. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით სხივისტები ხელმეორედ შეუერთდნენ მენშევიკებს. ისინი მენშევიკებთან ერთად ამიერკავკასიის ფედერაციისა და სსრ კავშირის სასტიკი მოწინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიების შექმნის წინააღმდეგ არ წასულან. [აცსა, (პარტიული ფონდი), ფ.1, აღწ.1, ს. 168, ფურც. 68-71]
კონტრრევოლუციის მხარეზე დამდგარმა მენშევიკებმა და სხვა ანტისაბჭოთა პარტიებმა 1921 წლის აპრილ-მაისში გააგრძელეს ანტისაბჭოთა მუშაობა. თავის მხრივ, ბოლშევიკებმაც გააგრძელეს მათ წინააღმდეგ ბრძოლა. პირველ რიგში, გადაწყდა იატაკქვეშა ორგანიზაციების აკრძალვა. საქართველოს კომპარტიის ბათუმის საოლქო კომიტეტის პრეზიდიუმმა არაერთი სხდომა მიუძღვნა აღნიშნულ საკითხს, შეიმუშავეს კონკრეტული ღონისძიებები. იმავე წლის დეკემბერში აჭარის ბოლშევიკების საოლქო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მენშევიკების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყების შესახებ. ბოლშევიკებმა ფაბრიკა-ქარხნებში, სამხედრო ნაწილებში, დაწესებულებებში, სამაზრო ცენტრებში და სხვაგან აკრძალეს მენშევიკური და სხვა ანტისაბჭოთა ორგანიზაციები.
მენშევიკებმა 1922 წლის 11 თებერვალს მოაწყვეს ბათუმის მოსწავლეთა დემონსტრაცია. ამასთან დაკავშირებით ბოლშევიკებმა ჩაატარეს მუშების, გლეხების, მოსამსახურეებისა და წითელარმიელთა კრებები და გააფრთხილეს მენშევიკები და სხვა ანტისაბჭოთა პარტიები, რომ არ დაუშვებდნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს. მიუხედავად ამისა, მაისში მენშევიკებმა მაინც სცადეს ბათუმში მუშებისა და მოსამსახურეების დემონსტრაციის მოწყობა.
აჭარის ბოლშევიკების წინადადებას კონტრრევოლუციის გზაზე დამდგარი მენშევიკებისა და სხვა ანტისაბჭოთა პარტიების წინააღმდეგ რეპრესიების ჩატარების შესახებ საქართველოს კპ/ბ/ცკ-ის ე.წ. ,,ნაციონალ-უკლონისტური" შემადგენლობა მხარს არ უჭერდა. მხოლოდ 1923 წლის მარტიდან საქართველოს კპ/ბ/ მეორე ყრილობის შემდეგ, როდესაც ცკ-ის ახალი შემადგენლობა იქნა არჩეული, დაიწყო ანტისაბჭოთა პარტიების წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა. საქართველოს კომპარტიის მეორე ყრილობამ მიიღო შემდეგი დადგენილება: ,,აუცილებელია ვაწარმოოთ დაუნდობელი ბრძოლა კონტრრევოლუციურ პარტიებთან, კერძოდ მენშევიკების პარტიასთან."[ცქვიტარია, 1963:67] თავის მხრივ, ყრილობის მიერ არჩეულმა ცენტრალურმა კომიტეტმა გასცა შემდეგი დირექტივა: ,,გაძლიერდეს რეპრესიები მენშევიკებისა და სხვა ანტისაბჭოთა პარტიების მიმართ, თუ ისინი არ შეწყვეტენ თავიანთ აგიტაციას ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ეროვნულ საკითხებში." [ცქვიტარია, 1963: 68]
საქართველოს, მათ შორის აჭარის, ბოლშევიკებმა, რუსეთის კომპარტიის მე-12 კონფერენციის მითითებიდან გამომდინარე, ანტისაბჭოთა პარტიების წინააღმდეგ რეპრესიების გატარებამდე გადაწყვიტეს, მათთვის წინადადება მიეცათ პარტიული ორგანიზაციების თვითლიკვიდაციის შესახებ, ხოლო, ვინც სურვილს გამოთქვამდა, ისინი მიეღოთ კომპარტიის რიგებში. დაიწყო ჯგუფური განცხადებების გამოქვეყნება ანტისაბჭოთა პარტიებიდან გამოსვლის შესახებ. ბათუმელი მენშევიკების მიერ 1923 წლის 13 აპრილს გაზეთ ,,ტრუდოვოი ბატუმში" გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: ,,ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერი საქართველოს მენშევიკური პარტიის წევრები, მივიჩნევთ, რომ მხოლოდ ეს პარტია არის ერთადერთი მშრომელი მასების დამცველი, რომ მენშევიკების პარტია არ გადაუხვევდა სოციალიზმის პრინციპებს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დავრწმუნდით, რომ ბოლშევიკების პარტია არის მშრომელი მასების ერთადერთი დამცველი. მენშევიკების პარტიამ კი თავისი მმართველობის წლებში დაამტკიცა, რომ ის ექსპლუატატორი კლასების ინტერესებს იცავდა. ამიტომ ჩვენ საბოლოოდ ვწყვეტთ კავშირს მენშევიკურ პარტიასთან". განცხადებას ხელს აწერდნენ ყოფილი მენშევიკები: ა. წოწონავა, ა. თოფურია, ს. ჩხაიძე, ნ. თავართქილაძე, კ. მოისწრაფიშვილი, ა. ქინქლაძე, ბ. ზამოროკო და სხვები. [აცსა, (პარტიული ფონდი), ფ.1, აღწ. 1, ს. 168, ფურც. 121-128]
ასეთი წერილები და განცხადებები ხშირად ქვეყნდებოდა პრესის ფურცლებზე, რა თქმა უნდა, კომუნისტების მხრიდან ეს იყო აშკარა ზეწოლის შედეგი, მაგრამ, თავის მხრივ, არც მენშევიკები და არც სხვა ანტისაბჭოთა პარტიები ტყუვდებოდნენ. ასეთ განცხადებებს ისინი ფორმალურად აკეთებდნენ, რომ ბოლშევიკების რეპრესიებისაგან დაეხსნათ თავი, სინამდვილეში კი ღრმა იატაკქვეშეთში გადადიოდნენ და ემზადებოდნენ შეიარაღებული აჯანყებისთვის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.
1923 წლის აგვისტოში ბოლშევიკების ზეწოლით ბათუმში შედგა ყოფილი მენშევიკების კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მენშევიკური პარტიის (მათ შორის აჭარის ორგანიზაციის) დაშლის შესახებ. დაშლილად გამოცხადდა, აგრეთვე, აჭარის მენშევიკური ორგანიზაციის ახალგაზრდათა კავშირი - ,,ახალგაზრდა მარქსისტები". 1923 წელს როგორც მთლიანად საქართველოში, ისე აჭარაშიც დაშლის შესახებ გამოაცხადეს სხვა ანტისაბჭოთა პარტიებმა და მათმა ადგილობრივმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა.
,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" ხელმძღვანელობა, იატაკქვეშეთში გადასული ანტისაბჭოთა პარტიები მოქმედებდნენ ყოფილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების საზღვარგარეთული ორგანიზაციების მითითებებით. ისინი მათგან იღებდნენ ფულს, გეგმებს, რეკომენდაციებსა და დირექტივებს აჯანყების მომზადების შესახებ. 1924 წლის მაისში ჩატარებული საქართველოს კომპარტიის III ყრილობა კი ირწმუნებოდა: ,,საანგარიშო პერიოდში კომპარტიის უდიდეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მოხდა ანტისაბჭოთა ფრონტის მთლიანი ლიკვიდაცია. მენშევიკების პარტიამ გასულ წელს განიცადა საბოლოო დამარცხება. მენშევიკური პარტიის ძველი კადრები, წვრილბურჟუაზიული ინტელიგენციაც კი, რომლებზეც ცდილობდა დაყრდნობოდა მენშევიკური იატაკქვეშეთი, კავშირს სწყვეტენ არალეგალურ ორგანიზაციებთან და ფართო ფრონტით შემობრუნება ხდება საბჭოთა ხელისუფლებისაკენ." [სუიცა, აღწ, 1, ნაწ. 1, ს. 976, ფურც.584]
ასეთი მცდარი და ზერელე შეხედულებებიდან გამომდინარე, ყრილობამ პარტიის ცენტრალურ კომიტეტს და ყველა ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციას მიუთითა: ,,ახლა, როდესაც ძირითადი პოლიტიკური პრობლემები წარმატებით გადაჭრილია, ყველა ძალები მიმართული უნდა იქნეს სამეურნეო სამუშაოების აღსადგენად." [სუიცა, აღწ.1, ნაწ.1, ს.976, ფურც.586] ყრილობის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ საქართველოში მენშევიკური და სხვა ანტისაბჭოთა პარტიების ხელმძღვანელობით შეიარაღებული აჯანყება მოხდა. თავადებთან, აზნაურებთან, ყოფილ ოფიცრებთან, ვაჭრებთან, სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად იარაღით ხელში გლეხებიც გამოვიდნენ, რაც თვით ი. ბ. სტალინმაც აღიარა. 1924 წლის ოქტომბერში კომპარტიის სასოფლო უჯრედების მდივნების თათბირზე მან განაცხადა, რომ საქართველოს ,,ზოგიერთ ადგილებში მენშევიკებმა, მასებთან კომპარტიის ცუდი კავშირის გამო, შეძლეს აჯანყებაში გლეხების ნაწილის ჩათრევაც." [სტალინი, 1951:308]
იმის გამო, რომ აჭარაში ბოლშევიკებმა აჯანყებამდე ორი თვით ადრე დაიწყეს რეპრესიები, დააპატიმრეს ანტისაბჭოთა პარტიების ლიდერი, აქტივისტები, ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისა" და მისი ბათუმის სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, აჭარაში ანტისაბჭოთა პარტიებმა ვერ მოახერხეს აჯანყების მოწყობა.
1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების შემდეგ, რომელიც სისხლში იქნა ჩახშობილი, საქართველოში, მათ შორის აჭარაში, ყველა ანტისაბჭოთა პარტია და ორგანიზაცია ბოლშევიკების მიერ ლიკვიდირებული იქნა.
[1] აცსა - აჭარის ცენტრალური სახელმწიფო არქივი.
[2] სუიცა - საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი.
ლიტერატურა
კაჭარავა ი. 1958 |
საბჭოთა საქართველო სახალხო მეურნეობის აღდგენის პერიოდში /1921-1925./. თბილისი |
სტალინი 1951 |
თხზულებანი. ტომი 6. თბილისი. |
ცქვიტარია პ. 1963 |
აჭარაში რევოლუციური მოძრაობის ისტორიის ნარკვევები (ნაწილი მეორე). ბათუმი. |
აცსა (აჭარის ცენტრალური სახელმწიფო არქივი) |
|
სუიცა (საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი) |