მართლაც 1928 წელს შეიტყვეს პირველად საქართველოში გრაცის უნივერსიტეტის ქართული ხელნაწერების შესახებ?
გრაცი ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქია. მისი XVI საუკუნეში დაარსებული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია ძველისძველი ქართული ხელნაწერები. ერთი მათგანი, VII საუკუნით დათარიღებული ხანმეტი ლექციონარი, ბიბლიოთეკის მშვენებაა, რადგან ბიბლიოთეკის თაროებზე შემოწყობილ მრავალენოვან ხელნაწერთაგან ყველაზე ძველი ეგზემპლარია. ამ ხელნაწერებს არაერთი ქართველი თუ უცხოელი მკვლევრის ყურადღება მიუპყრია. ძველქართულ ხელნაწერთა ისტორია ჰუგო შუხართის სახელთან არის დაკავშირებული. ჰუგო შუხართი (4.II.1842 - 21.IV.1927) იყო გამოჩენილი ავსტრიელი ენათმეცნიერი, რომანული ენების ცნობილი სპეციალისტი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, ვენის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. შუხართის მეცნიერული დამსახურების აღიარებაზე მეტყველებს მისი საპატიო ტიტულების ჩამონათვალი: ბოლონიის, ბუდაპეშტის, ოსლოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, ბერლინის, მიუნხენის, რომის, ამსტერდამის, ლისაბონის, კოპენჰაგენის, კრაკოვის მეცნიერებათა აკადემიების წევრი, ჯაკარტის ხელოვნებისა და მეცნიერებათა საზოგადოების წევრი, საპატიო წევრი სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიუტისა სან-სებასტიანში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. სხვათა შორის, ჰუგო შუხართი ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წევრიც იყო. შთამბეჭდავია შუხართის გამოქვეყნებულ მეცნიერულ ნაშრომთა რაოდენობა: მათი რიცხვი 770-მდე აღწევს. ჰუგო შუხართი, ჩანს, XIX საუკუნის 80-იან წლებში დაინტერესდა ქართულით, მან საქმიანი ურთიერთობა დაამყარა ქართველ სწავლულებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და მათგან სისტემატურად იღებდა ქართულ სამეცნიერო თუ სხვა სახის ლიტერატურას. შუხართის ქართველ ნაცნობთა შორის შეიძლება დავასახელოთ ილია ჭავჭავაძე, პეტრე მელიქიშვილი, ნიკო მარრი, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ნოე ჟორდანია, დავით სარაჯიშვილი, ნიკო ღოღობერიძე და სხვანი. მათ არა მარტო მიმოწერა ჰქონდათ შუხართთან, არამედ ზოგიერთი მათგანი ევროპაში ყოფნისას პირადადაც გაეცნო გამოჩენილ მეცნიერს .
შუხართს ორ ათეულამდე გამოკვლევა აქვს დაბეჭდილი ქართულის შესახებ. თავის ერთ-ერთ უკანასკნელ წერილში ის აღნიშნავს, რომ ქართული მისთვის სიმპათიური და საინტერესო ენაა. სწორედ ამ დიდმა სიმპათიამ და გამოკვეთილმა მეცნიერულმა ინტერესმა ქართული ენისადმი უბიძგა შუხართს, რომ ქართული მატერიალური კულტურის უბერებელი ძეგლები, რომლებიც ვიღაც გადამყიდველების ხელში მოხვდა და, ვინ იცის, ბედი რა გზას გაუყენებდა ამ უკვე დაფურცლილ და ყდაშემოძარცულ მოწმეებს ჩვენი სახელოვანი წინაპრების თავაუღებელი საქმიანობისას შორეულ სინაზე თუ იერუსალიმში, შემდგომი დაზიანების ან, უარეს შემთხვევაში, დაკარგვისაგან ეხსნა და თავის საიმედო ხელში მოექცია. ხანგრძლივი სავაჭრო პერიპეტიების შემდეგ შუხართმა ქართული ხელნაწერები საკუთარი სახსრებით შეიძინა, შეისწავლა და სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე გრაცის უნივერსიტეტს დაუტოვა ანდერძით.
სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია აზრი, რომ გრაცის ქართული ხელნაწერების შესახებ ქართულმა სამეცნიერო სამყარომ პირველად დაწვრილებით 1929 წელს შეიტყო, როცა აკაკი შანიძემ "ტფილისის უნივერსიტეტის მოამბის" IX ტომში გამოაქვეყნა "ქართული ხელნაწერები გრაცში", თუმცა მანამდე, ერთი წლით ადრე, იმავე ორგანოს VIII ტომში ჰუგო შუხართის ვრცელი ნაშრომი დაიბეჭდა - "Mitteilungen aus georgischen Handschriften" ("ცნობები ქართული ხელნაწერებიდან"), მაგრამ გერმანულ ენაზე დასტამბული ეს გამოკვლევა, ალბათ, მხოლოდ ერთეულებმა თუ გაიცნობიერეს, რადგან იმხანად თბილისში იმ წრეში, რომელთანაც ჰუგო შუხართს ჰქონდა საქმე, ძირითადად ფრანგულს ფლობდნენ. როგორც არტურ ლაისტმა ურჩია შუხართს ერთ პირად წერილში (2.IX.1895), ჯობდა, გრაცელ პროფესორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისათვის ფრანგულად მიეწერა, რადგან იქ გერმანული არავინ იცოდა. თუკი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაშიც კი არავინ ფლობდა გერმანულს, ადვილი წარმოსადგენია, სხვაგან რა ვითარება იქნებოდა .
გრაცის უნივერსიტეტში დაცული ძველი ქართული ხელნაწერების კვლევას დასაბამი თითქოს 1928 წელს დაედო. მომდევნო წლებში დაიბეჭდა აკაკი შანიძის, გრიგოლ ფერაძის, მიქელ თარხნიშვილისა და სხვათა გამოკვლევები, გამოქვეყნდა ცალკეული ტექსტები... მაინც, ფართო საზოგადოებამ აკაკი შანიძის მეშვეობით შეიტყო გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების არსებობის შესახებ. გავრცელებული შეხედულებით, მანამდე არავის დაუძრავს კრინტი ამ მრავალტანჯულ ხელნაწერებზე.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ა. შანიძე არ იყო პირველი, ვისაც შუხართმა მის ხელში მოხვედრილ ქართულ ხელნაწერებზე უამბო, და არც მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ხელნაწერებია ჰუგო შუხართის არქივის ქართულ კოლექციაში: იქ კიდევაა ერთი სრულიად უცნობი ქართული ხელნაწერის ფრაგმენტი, რომლის შესახებ საქართველოში მართლა არავის სმენია შუხართისაგან.
თბილისშიც და, სხვათა შორის, მოსკოვშიც XIX საუკუნის მიწურულს, 30 წლით ადრე, ვიდრე ეს ხელნაწერები თბილისელი მკვლევრებისთვის გახდებოდა ცნობილი, უკვე იცოდნენ, რომ შუხართი რაღაც ძველ ქართულ ხელნაწერებს ფლობდა. მეტად საინტერესოა ამ ხელნაწერების ისტორია.
პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა ამჟამად გრაცში დაცული ძველი ქართული ხელნაწერები 1883 წელს სინას მონასტერში ნახა და აღწერა, ხოლო 5 წლის შემდეგ მათი აღწერილობა გამოაქვეყნა კიდეც სინურ ხელნაწერთა კატალოგში [Цагарели, 1888]. 1902 წელს ნიკო მარრსა და ივანე ჯავახიშვილს ხელნაწერები უკვე აღარ დახვდათ ადგილზე. ახლა დაბეჯითებით ძნელია თქმა, ვინ და როდის გაიტანა ისინი მონასტრის საცავიდან. დაახლოებით 1894 წლის ბოლოსთვის ამ ხელნაწერების ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ომი გაიმართაო, - წერს ავსტრიელი მხატვარი ალფონს ლეოპოლდ მილიხი, რომელიც, ეტყობა, ამ "ომის" ერთ-ერთი მონაწილე იყო და, ბოლოს და ბოლოს, თვითონ დაინარჩუნა ქართული ხელნაწერები. მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა არც მათი შინაარსი და არც მათი ნამდვილი ღირებულება, მისივე სიტყვებით, მხოლოდდა მხოლოდ მათი გარეგნული მიმზიდველობის გამო გარისკა და ხელიდან გამოსტაცა კონკურენტებს ძვირფასი ფოლიანტები ¬ საფიქრებელია, ეგვიპტის მიწაზე, სადაც იგი წლების განმავლობაში დადიოდა ანტიკვარული ნივთების შესაძენად, რათა მათი რეალიზაციით მოეთბო ხელი (ხელნაწერების შეძენის ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად ბეირუთსაც ახსენებენ, მაგრამ, ვფიქრობ, იგი კვალის ასარევად უნდა იყოს დასახელებული).
მილიხმა არ მოინდომა ხელნაწერების მაშინვე გაყიდვა, ორ წელიწადს მოიცადა და მხოლოდ 1896 წლის ოქტომბერში გადადგა პირველი ენერგიული ნაბიჯები მათს გასასაღებლად. ამ მიზნით მან კოლექცია, რომელშიც, ქართულის გარდა, სლავური ხელნაწერებიც შედიოდა, ვენაში კარის ბიბლიოთეკას შესთავაზა. ბიბლიოთეკის დირექტორი, ჰაინრიხ ფონ ცაისბერგი, მეტად ფრთხილი და წესიერი კაცი იყო და, სანამ შეიძენდა ხელნაწერებს, რომლებიც მას პირველივე შეხედვით მოეწონა, გადაწყვიტა, ჯერ შეემოწმებინა - რა შინაარსისა იყო ისინი, და სავარაუდო ღირებულებაც დაედგინა. ვენაში იმხანად ქართულის რიგიანი მცოდნე მხოლოდ ფრიდრიხ მიულერი ეგულებოდა - ვენის უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერებათა აკადემიის წევრი, რომელსაც უკვე ჰქონდა ერთი გამოკვლევა ქართულის შესახებ ("ქართული ზმნის უღლებისათვის" 1868/69), ახლა კი ქართული ანბანის წარმომავლობის შესახებ აპირებდა სტატიის დაწერას, მაგრამ მიულერმა რატომღაც თავი აარიდა ამ საქმეს და ცაისბერგს გრაცში მცხოვრებ ჰუგო შუხართზე მიუთითა, რომელსაც ამ დროს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა პირველი ნაშრომები ქართულის შესახებ. ცაისბერგმა ყურად იღო მიულერის რჩევა და შუხართს სთხოვა დახმარების აღმოჩენა, ხოლო ამ უკანასკნელის თანხმობის შემდეგ მის ხელთ არსებული 4 ხელნაწერი გადაუგზავნა გრაცში (ბიბლიოთეკის კატალოგის დღევანდელი №№2058/1,2,3,4 ხელნაწერები).
შუხართმა არ დაახანა და ა. ცაგარლის კატალოგის მეშვეობით დაადგინა, რომ მის ხელში მოხვედრილი ხელნაწერები ოფიციალურად სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის კუთვნილება იყო. რაკი ცაისბერგმა ეს შეიტყო, მილიხისგან მოითხოვა ხელნაწერების ფლობის კანონიერების დამადასტურებელი საბუთი, რაც მილიხს არ გააჩნდა. მაშინ ცაისბერგმა ხელნაწერების შეძენაზე უარი თქვა ¬ ჩემი ბიბლიოთეკის თაროებზე მოპარულ ხელნაწერებს ვერ დავაწყობო, რისთვისაც დირექტორი მკაცრად გააკრიტიკა ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ვატროსლავ იაგიჩმა, რომელიც სლავისტიკის კათედრას განაგებდა უნივერსიტეტში. იაგიჩი მაშინვე მიხვდა, რა ხელნაწერებთან ჰქონდა საქმე და ბევრი ვაჭრობის გარეშე შეიძინა სლავური ხელნაწერები, თანაც დასძინა: "მე არ მესმის ეჭვი კარის ბი¬ბლიოთეკის დირექტორისა, რომელსაც არ სურს ხელნაწერების შეძენა, სანამ მათი წარმომავლობის საბუთს არ წარუდგენენ. ასე რომ მოქცეულიყვნენ, ევროპის ძალიან ცოტა ბიბლიოთეკას ექნებოდა მათი ახლანდელი განძი" (წერილი შუხართისადმი, 26.XII.1896). მაგრამ არც ცაისბერგის გამტყუნება შეიძლება, რადგან მის წრეში პატიოსნებასა და უმწიკვლო რეპუტაციას დიდი ფასი ჰქონდა.
ამ მომენტით ისარგებლა შუხართმა, რომელმაც ხელნაწერები გარკვეული დროით თავისთან დაიტოვა და კარგადაც გაჩხრიკა. რაკი მილიხს დაემუქრნენ, ამ საქმეში ეგვიპტეში ავსტრიის ელჩს ჩავრთავთო, იგი შეშინდა, ხელნაწერები არ წამართვანო, ხანგრძლივი ვაჭრობის შემდეგ თავდაპირველ ფასს საგრძნობლად ჩამოუკლო და 1896 წლის 12 იანვარს ხელნაწერები თითქმის ნახევარ ფასად მიჰყიდა შუხართს, თან უსასყიდლოდ 3 ცალკეული ფურცელიც დაუმატა (დღევანდელი №№ 2058/6,7). ცოტა ხანში მან შუხართს კიდევ ერთი ხელნაწერი, გრაგნილი, ამჟამინდელი №2058/5, შესთავაზა და ხანგრძლივი ვაჭრობის შემდეგ ეს გრაგნილიც გრაცელი პროფესორის ხელში აღმოჩნდა.
სხვათა შორის, იმ ხანებში ჰუგო შუხართი და ალექსანდრე ხახანაშვილი ქართული ენის გერმანულენოვანი გრამატიკის დაწერას აპირებდნენ და ინტენსიური მიმოწერა გააჩაღეს ერთმანეთთან ისე, რომ ჩაფიქრებული გრამატიკის რაღაც კონტურები უკვე მოხაზულიც ჰქონდათ. მაგრამ ეს წამოწყება რაღაც მიზეზის გამო ხანგრძლივი დროით შეწყდა, მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში განაახლა შუხართმა ფიქრი ამ იდეის განსახორციელებლად (თვითონ იდეა ხახანაშვილისა იყო და იგი ვარაუდობდა სახელმძღვანელოს ვენაში დაბეჭდვას). საფიქრებელია, სწორედ ამ ხელნაწერებმა გადაადებინა შუხართს გრამატიკაზე მუშაობა. ახლადშეძენილმა ხელნაწერებმა იგი გაიტაცა და მთლიანად ჩაითრია, ძეგლები პალეოგრაფის თვალითაც გამოიკვლია და, როცა დასჭირდა სათანადო წყაროები და ლიტერატურა, დახმარებისთვის ისევ ხახანაშვილსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა. უკვე 1896 წლის 7 ნოემბერს მან წერილი გაუგზავნა წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობას: "ძალიან ვჩქარობ, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ვიკვლევ ქართულ მასალებს: მე გამომიგზავნეს პერგამენტზე ნაწერი ოთხი ქართული ხელნაწერი. ასოები «ხუცურია». ხელნაწერები ეკუთვნის გარდასულ ეპოქებს: მათგან ორი ლიტურგიკული წიგნია, ერთი დავითნი და ერთიც წმ. სიმონის ცხოვრება. მთხოვეს, რომ ისინი უნდა შევამოწმო და მიახლოებით მაინც შევაფასო მათი ღირებულება, რადგან მათს ყიდვას აპირებენ. ეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს" (7.XI.1896).
მომდევნო წლის 28 თებერვალს იგი კვლავ სწერს წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობას: "მე ვამზადებ ცნობებს ქართულ ხელნაწერებზე, რომლებიც ჩემს ხელთაა (ამათგან სამი «ასო-მთავრ.»). თუ გაქვთ ჩემთვის გამოსადეგი ერთი ან ორი ლიტურგიკული წიგნი, დაბეჭდილი «ხუცურით», ძალიან დამავალებდით, თუკი მათ გამომიგზავნიდით. მე მათ გამოვიყენებდი ჩემი იმ ნარკვევისათვის, რომლის შესახებ ეს-ესაა მოგახსენეთ" (28.II.1897).
მანამდე ხელნაწერების შესახებ შუხართმა ალექსანდრე ხახანაშვილსაც აცნობა მოსკოვში. მართალია, შუხართის არქივში ხახანაშვილის მხოლოდ ერთი გვიანდელი წერილია და ერთიც ვრცელი ფრაგმენტი წერილისა, რომელშიც ჩაფიქრებული გრამატიკისთვის მომზადებული სავარჯიშოებია, მაგრამ, სამაგიეროდ, თბილისში აღმოჩნდა შუხართის წერილები, რის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რას პასუხობდა შუხართს მოსკოველი პროფესორი: "ამჟამად მთლიანად ქართულ ხელნაწერებში ვარ ჩაფლული. ჩემი ოთხი ხელნაწერი რომ მართლაც ძალზე ძველია, როგორც უკვე მოგწერეთ, ამას ირწმუნებთ, როცა ჩემს დაბეჭდილ მოხსენებას გამოგიგზავნით. ხელნაწერებიდან სამი ასომთავრულითაა ნაწერი, მეოთხე, რომელიც ნუსხურადაა, დათარიღებულია (X საუკ.). შემდგომში ორი კერძო პირისაგან ვითხოვე «ხუცურით» ნაწერი ერთი სქელი ლიტურგიკული წიგნი და ერთიც გრძელი გრაგნილი, რომელიც თავდაპირველად რაღაც ისტორიული დოკუმენტი მეგონა, მაგრამ შემდეგ მისმა წითლად ნაწერმა ძნელად გასარჩევმა სათაურმა იმედი გამიცრუა: «ს˜ოჲ ჟ˜მის წ˜რვაჲ წ˜ისა ი˜ე ოქ¬როპირის˜ჲ» - წმინდა იოვანე ოქროპირის მესა!"(31.I.1897).
ამ წერილიდან ჩანს, რომ შუხართმა ხელნაწერების შესახებ უკვე აუწყა ხახანაშვილს (ოღონდ ეს წერილი არსად ჩანს). შუხართის სხვა წერილიდან ირკვევა, რომ 1897 წლის მარტის ბოლოსთვის იგი ვარაუდობდა ხელნაწერების შესახებ გამოკვლევის დასრულებას: "მე ახლა მთლიანად ქართულ პალეოგრაფიაში ვარ ჩაფლული და იმედი მაქვს, რომ პირველი "ცნობა ქართული ხელნაწერებიდან" (ორი ფოტოტიპიური ტაბულით) [გოთაში] ჩემს გამგზავრებამდე გავამზადო დასაბეჭდად" (6.III.1897). გოთაში დედამისთან ჩასვლას კი შუხართი მარტის ბოლოსთვის გეგმავდა, რაზეც იმავე წერილშია საუბარი: "ამ თვის ბოლოსთვის გოთაში გავემგზავრები."
ამ ხელნაწერების შესახებ იციან მოსკოვის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში (ე.წ. ლაზარევის ინსტიტუტში). სომხური ლიტერატურის პროფესორი გრეგორ ხალათიანი შუხართს სწერს: "ვენიდან მხითარისტებმა მაცნობეს, რომ თქვენ ქართული სახარება აღმოაჩინეთ, რომელიც პალიმფსესტია. თუკი იგი მართლაც IX საუკუნისაა, ბუნებრივია, სომხური ნაწერი უფრო ძველი უნდა იყოს, თუმცა ჩვენი პროფესორი ხახანაშვილი გვარწმუნებს, რომ ქართული ნაწერი არ შეიძლება XI საუკუნეზე ადრინდელი იყოს, რისი თქმის უფლებას მას ხუცური ასოების მოყვანილობა აძლევს" (VII, 1897). ცნობა, რომ სომხურ-ქართული პალიმფსესტი IX საუკუნისაა, ალბათ, თვითონ შუხართმა გაავრცელა. რაც შეეხება ქართულ ტექსტს, იგი სახარება კი არა, ფსალმუნია. ამჟამად მიღებულია, რომ იგი X საუკუნის I ნახევრისაა (ა. შანიძე).
ბოლო წერილები ხელნაწერების შესახებ 1897 წლითაა დათარიღებული. მერე რა მოხდა, ძნელი სათქმელია. ფაქტი ისაა, რომ შუხართი მათზე უკვე აღარაფერს ამბობს. იქნებ ჩათვალა, რომ გამოკვლევა მარტში დაასრულა და საკითხიც ამით ამოიწურა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოკვლევის ტექსტს, რომელიც ავტორმა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე (16.04.1927) თბილისში გამოუგზავნა აკაკი შანიძეს, გარკვევით აწერია ავტორის ხელით -დაუსრულებელიაო!
გავეცნოთ რამდენიმე ფრაგმენტს შუხართის წერილებიდან: "ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ სემესტრში შვებულება ავიღე. მე ახლა დაკავებული ვარ ორი კორექტურითა და ერთი სტატიით, რომელიც კარგა ხნის წინ მოვხაზე (იგი რომანულს ეხება) და, როგორც კი ამ სამუშაოს დავამთავრებ, ვიმედოვნებ, კვლავ მოვკიდო ხელი ქართულს, შემდეგ მინდა მივხედო ერთ ჩემს ნაშრომს ქართული ხელნაწერების შესახებ, რომელიც დიდი ხანია თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და მინდა, რომ, ბოლოსდაბოლოს, დავასრულო" (27.XII.1897).
იქვე: "თქვენ არ შეგიძლიათ წარმოდგენა, როგორ დაქვეითებულია ჩემი სამუშაო ძალა. ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება აღარ შემიძლია და წინ კუს ნაბიჯით მივდივარ".
"ჩემი განზრახვაა, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი, რაც კი გარკვეული დროიდან ქართველური და სხვა კავკასიური ენათმეცნიერების შესახებ ქართულად ან რუსულად გამოიცა, გამოწვლილვით დავამუშაო. ცხადია, ჩვენს ჟურნალებს საამისოდ ადგილი არა აქვთ, ამიტომ მე შემიძლია მხოლოდ ისინი მივიღო მხედველობაში, რომელთა სტამბებსაც ქართული შრიფტი აქვთ... დეკემბრის შუა რიცხვებში ვფიქრობ რამდენიმე თვით ეგვიპტეში გამგზავრებას... ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ, თუ რამემ ხელი არ შემიშალა, ვაპირებ, განვაახლო დიდი ხნის წინ დაწყებული სამუშაო ქართული გრამატიკის შესახებ. ამ საქმეში დიდ სარგებლობას მომიტანდა გრამატიკა, რომელიც პეტერბურგის სააზიო მუზეუმშია" (23.XI.1902). აქ მოსე ჯანაშვილის ქართული გრამატიკის ხელნაწერი იგულისხმება (მოსე ჯანაშვილს განზრახული ჰქონდა, ქართული გრამატიკა შუხართის შემწეობით ვენაში გამოეცა).
შუხართის ყველაზე საყვარელი საკვლევი ენა ბასკური იყო. ამას გარდა, მას ბევრი სხვა ენაც იზიდავდა და არა მარტო ენა ¬ სხვადასხვა ხალხის ყოფითი საკითხები, ფსიქოლოგია, საუნივერსიტეტო პოლიტიკა, საიდუმლო ენა, თევზჭერა, მათემატიკა, მედიცინა, ბოტანიკა, გეოლოგია, ეტიმოლოგია, ენათა გეოგრაფია, ფილოსოფია, ლექსიკოგრაფია, ეთნოგრაფია, კულტურის ისტორია, ფოლკლორი... ერთხელ ფილიპე გოგიჩაიშვილს სთხოვა, ეცნობებინა მისთვის საქართველოში გავრცელებული სათევზაო იარაღები და ზოგადად ¬ მეთევზეობასთან დაკავშირებული საკითხები. ბუნებრივია, იგი მხოლოდ ქართულით ვერ შემოიფარგლებოდა, იმდენად ფართო იყო მისი საკვლევი თემების დიაპაზონი. მაგრამ დროდადრო მაინც მიუბრუნდებოდა ხოლმე ქართულს. უკანასკნელი შრომები ქართულის შესახებ, მეტწილად რეცენზიები, 1904 წლითაა დათარიღებული. ამის შემდეგ შუხართს ქართულზე არაფერი გამოუქვეყნებია. 1912 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის სასკოლო ინსპექტორმა, ლევ ლოპატინსკიმ, იგი თბილისში მოიწვია საერთაშორისო კონგრესზე, მაგრამ შუხართს უკვე აღარ შეეძლო ასე შორს მოგზაურობა. 1920 წელს რიხარდ მეკელაინის მეშვეობით ა. შანიძემ თავისი სადოქტორო დისერტაცია გაუგზავნა გრაცში. არ ვიცი, უპასუხა თუ არა ამაზე შუხართმა, ყოველ შემთხვევაში ამის დოკუმენტები არა მაქვს, მაგრამ როცა 1926 წელს ა. შანიძემ მას "უმლაუტი სვანურში" და "ქართული ზმნის საქცევი" გაუგზავნა, გრაციდან საპასუხო წერილი მიიღო. ამის შემდეგ მათ შორის მიმოწერა დაიწყო, რაც შუხართის ავადმყოფობამ შეწყვიტა. 1926 წლის სექტემბერში იგი ლოგინად ჩავარდა, თუმცა თბილისში წერილებს მაინც აგზავნიდა, ჯერ თვითონ, შემდეგ კი, როცა ძალიან გაუჭირდა, სხვებს კარნახობდა. შუხართი შემცვლელზე ფიქრობდა, ვინც მის დაწყებულ საქმეს გააგრძელებდა. სიცოცხლის ბოლო დღეებში, ეტყობა, კვლავ ქართულზე ფიქრობდა. 1927 წლის 18 აპრილს შანიძეს თავისი სტატია გაუგზავნა, მეორე დღეს კი ბოლოსწინა წერილი: "როგორც იქნა, ვახერხებ, რაღაც მოგწეროთ დაწვრილებით. რადგან გული მტკიოდა, რომ ჩემთვის ისეთი სიმპათიური და საინტერესო ენა, როგორიც ქართულია, უნდა მიმეტოვებინა, უკანასკნელ დღეებში ჩემი ქაღალდები გადავქექე და მათში წავაწყდი "ცნობებს ქართული ხელნაწერებიდან", რომელიც, როგორც მოწმე ჩემი ინტერესისა, გუშინ დაზღვეული ბანდეროლით გამოგიგზავნეთ".
19 აპრილს ღია ბარათი გამოგზავნა თბილისში, ხელნაწერთან დაკავშირებით რაღაც განმარტების მიცემა სურდა. ამავე დღეს გონება დაკარგა და ცნობიერება არ დაჰბრუნებია, ისე გარდაიცვალა 2 დღის შემდეგ. ეს ბარათი შუხართის სულ ბოლო თუ არა, ერთ-ერთი უკანასკნელი წერილია.
ზემოთქმულიდან აშკარად ჩანს, რომ შუხართის ხელში მოხვედრილი ძველი ქართული ხელნაწერების შესახებ იცოდნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, პროფ. ა. ხახანაშვილმა მოსკოვში, ასევე, მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტის თანამშრომლებმაც. მეტიც, უკანასკნელნი ყოველგვარი მეცნიერული თუ ზნეობრივი ეთიკის დარღვევით შუხართს სთხოვდნენ, სომხურ-ქართული პალიმფსესტი გვათხოვე, ძველ სომხურ ტექსტს (ქვედა ფენას) უთქვენოდ გამოვიკვლევთო. უტაქტო თხოვნაა. შუხართი ნამდვილად არ იყო ის მკვლევარი, რომელსაც თუნდაც სომხურის შესახებ არ შეეძლო თავისი სიტყვა ეთქვა, თუკი საკითხი დააინტერესებდა. იგი სამ ათეულამდე ენას ფლობდა ისე, რომ XIX საუკუნის მიწურულამდე სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე კოლეგებსა თუ ნაცნობებს მათს მშობლიურ ენაზე სწერდა წერილებს და სიმწრით მოპოვებულ ძველ ძეგლებს სხვებს დაუთმობდა? ეს არის ის ხალხი, ვინც ამ ხელნაწერების შესახებ ნაღდად იცოდა საუკუნის მიწურულს, რისი დამადასტურებელი უტყუარი საბუთებიც ხელთ მაქვს. არაა გამორიცხული, რომ შეიძლება სხვებისთვისაც გაემხილა შუხართს ამ ხელნაწერების არსებობის შესახებ, მით უფრო, რომ იგი ერთგვარად ამაყობდა კიდეც, რომ ძველთაძველი ხელნაწერების მფლობელი იყო.
ერთი სიტყვით, სინას წმ. ეკატერინეს მონასტრის კუთვნილი ქართული ხელნაწერების შესახებ, რომლებიც 1897 წელს შუხართის ხელში მოხვდა, რამდენიმე თვეში მის კოლეგებს უკვე ჰქონდათ გრაცელი პროფესორისაგან საკმაო ინფორმაცია ხელნაწერებში შემონახული ტექსტების შინაარსის შესახებ, მაგრამ შუხართს თითქმის ბოლომდე მიყვანილი გამოკვლევა არ დაუსრულებია, ამიტომ არც გამოუქვეყნებია და სიკვდილამდე 5 დღით ადრე, საწოლს მიჯაჭვულს, თავისი ნაშრომების ჩხრეკისას შემთხვევით თვალში რომ არ მოხვე¬დროდა თავისი დაუსრულებელი გამოკვლევა და სასწრაფოდ თბილისში არ გაეგზავნა აკაკი შანიძისთვის, შეიძლება მათ შესახებ დღეს გაცილებით მწირი ინფორმაცია გვქონოდა.
ვინ იცის, ქართულით დაინტერესებული (ან, სულაც, უცხო) მკვლევრების არქივებში კიდევ რამდენი უცნობი ფურცელია მტვერწაყრილი, რომლებიც იობის მოთმინებით ელის მზრუნველ ხელს, რათა იქნებ, ბოლოს და ბოლოს, მზის სინათლე იხილოს.
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი ცნობები ეყრდნობა ჰუგო შუხართის არქივში დაცული 13000-მდე პირადი წერილიდან გამოკრებილ ორ ასეულამდე წერილს, რომლებშიც ქართული ენისა და საქართველოს შესახებაა საუბარი. ეს კორესპონდენცია მე გულდასმით გადავჩხრიკე ჩემი რამდენიმე ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინების დროს ავსტრიაში 1975-76, 1983, 1990, 2000 და 2005-06 წლებში.
ეს იმიტომაც უნდა აღინიშნოს საგანგებოდ, რომ შუხართის კოლეგები მსგავს შემთხვევებში სახელმწიფოს ხარჯზე ყიდულობდნენ ძვირადღირებულ ხელნაწერებს საკუთარი საჭიროებისათვის.
როგორც ჩანს, არც ფრანგულს ფლობდა ყველა. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ ერთი კურიოზი: 1897 წელს შუხართმა გრაციდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბანდეროლით გაუგზავნა თავისი სტატია (როგორც ჩანს, "ქართველური /სამხრეთკავკასიური/ ენების გეოგრაფიისა და სტატისტიკისათვის"), რომელიც მას მალე უკანვე დაუბრუნდა. ამ შემთხვევის გამო თბილისში გაგზავნილ წერილში შუხართი საზოგადოების გამგეობას ამ გაუგებრობის მიზეზს ეკითხება. საზოგადოების მდივანმა დ. კარიჭაშვილმა შუხართს მოუბოდიშა: "ბატონო შუხართ! პასუხად თქვენის წერილისა... მაქვს პატივი გაცნობოთ შემდეგი: ჩვენ ვიკითხეთ ფოსტაში მიზეზი თქვენგან გამოგზავნილის ბანდეროლის უკან დაბრუნებისა და აღმოჩნდა, რომ ფოსტის მოხელე ფრანგულის ენის ცუდად ცოდნის გამო ვერ მიხვედრილა. ამიტომ გთხოვთ კვლავ ამ ადრესით ინებოთ გამოგზავნა" (5.XI.1897).
ლიტერატურა
1888 |