წერილობითი კულტურა შუა საუკუნეების აფხაზეთში

კაცობრიობის მიერ შექმნილ კულტურულ ღირებულებათა შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს  წერილობით კულტურას, რომლის წარმოშობისა და განვითარების ისტორია ხშირად განსაზღვრავს ამა თუ იმ ერის  ადგილს ცივილიზაციის საერთო სისტემაში.

შუა საუკუნეების აფხაზეთის წერილობითი კულტურის წარმოჩენა  შეუძლებელია  იმ ისტორიული ძეგლების გარეშე, რომლებიც საქართველოს ამ ისტორიულ რეგიონში შეიქმნა. ჩვენს ხელთ არსებული წერილობითი ძეგლების თავმოყრით წინამდებარე ნაშრომში აღდგენილია აფხაზეთში წერილობითი კულტურის განვითარების ისტორიული სურათი.

      პალეოგრაფიის ზოგადთეორიული საკითხების, ძველი დამწერლობის გაშიფვრისა და გრაფიკული სტრუქტურების შესწავლის პარალელურად მეცნიერთა კვლევის ინტერესებში მოექცა ის ისტორიული პირობები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ცივილიზაციის ამ განსაკუთრებული მონაპოვრის წარმოშობასა და განვითარებას; გამოიკვეთა და დაზუსტდა მსოფლიო დამწერლობათა წარმოშობისა და განვითარების ზოგადისტორიული პირობები. აღმოჩნდა, რომ დამწერლობის წარმოშობა ამა თუ იმ ქვეყანაში დაკავშირებულია გარკვეულ ისტორიულ კანონზომიერებასთან. მაგალითად, იეროგლიფურ, ხაზოვან-მარცვლოვან, ანუ სილაბურ-ლურსმნულ, დამწერლობათა გენეზისი  დაკავშირებულია სახელმწიფოს წარმოშობასთან ძველ ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, ასურეთში, ბაბილონსა და ურარტუში. სახელმწიფოს გენეზისსა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მასშტაბების გაფართოებასთან არის დაკავშირებული ანბანური დამწერლობის წარმოშობა და განვითარება ფინიკიელებში, ბერძნებსა და ლათინებში [Д.Дирингер, 1963; А.Г. Лундин, 1982].

      დამწერლობის წარმოშობის მეორე აუცილებელ ისტორიულ პირობად დასახელებულია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფაქტი ამა თუ იმ ქვეყანაში. ხალხი, რომელიც ამ სარწმუნოებას ეზიარებოდა, საკუთარ მწიგნობრობას ქმნიდა და ავითარებდა. ქრისტიანობის დამკვიდრების თავდაპირველ ეტაპზე მწიგნობრობისა და მწერლობის განვითარება ეროვნულ ენებზე ისტორიული აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ქრისტიანობა ხელს უწყობდა ეროვნული ენისათვის ახალი დამწერლობის შექმნას და ამ ენებზე ბიბლიისა და სხვა კანონიკური წიგნების თარგმნას. ასე მოხდა კოპტური, გოთური, ძველი სომხური, ძველი სლავური და სხვა ანბანების შექმნის შემთხვევაში [გამყრელიძე, 1987: 3; გამყრელიძე, 1990: 185]. ერთი სიტყვით, დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების ისტორიულ კანონზომიერებად ორი ძირითადი პირობა შეიძლება დასახელდეს: პირველი: სახელმწიფოს წარმოშობა; მეორე: იდეოლოგიური ასპექტი, ანუ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. საკუთრივ ქართული დამწერლობის წარმოშობასაც მკვლევრები ორ ისტორიულ მოვლენას უკავშირებენ: ქართლში სახელმწიფოს წარმოშობას, ან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში დამწერლობის წარმოშობის ისტორიული კანონზომიერება დარღვეული არ არის და ქართული ანბანის წარმოშობისა და განვითარებისათვის  ორივე ისტორიული რეალობა  მისაღებია მეცნიერებისათვის.

      რამდენად შეიძლება აღნიშნული კანონზომიერებანი გავრცელდეს აფხაზეთში ქრისტიანობისა და აფხაზთა სამეფოს წარმოშობის ისტორიულ რეალიებზე? თუ დავუჯერებთ უკანასკნელ ხანს სეპარატისტულ სოხუმში გამოცემულ ისტორიოგრაფიულ "ნარკვევებს", მაშინ VIII საუკუნის 90-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ლეონ II-ის ინიციატივით შექმნილ "აფხაზთა სამეფოს" არც პოლიტიკური და არც კულტურული კავშირი არ ჰქონდა ქართულ სამყაროსთან. [Бгажба, Лакоба, 2006; 2007] თუ ეს ასეა, მაშინ ზემოხსენებული ისტორიული კანონზომიერებებიდან გამომდინარე "აფხაზთა სამეფოს" ორივე წინაპირობა გააჩნდა საკუთარი ანბანის შესაქმნელად. "აფხაზთა" მეფეებს, რომლებიც აფხაზი ისტორიკოსების აზრით, მკვეთრად ანტიბიზანტიურ პოლიტიკას ეწეოდნენ, უნდა დაეწყოთ აფხაზური ანბანის ჩამოყალიბებისათვის ბრძოლა და, შესაბამისად,  უნდა შეექმნათ აფხაზური ქრისტიანული მწიგნობრობა, როგორც ეს მოხდა ძველ სომხებში, კოპტებში, გოთებში, სლავებსა და  სხვა ქრისტიან ხალხებში.

      სინამდვილეში ისტორია სხვაგვარად განვითარდა. "აფხაზთა" მეფეებმა დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის ბრძოლა რომ დაიწყეს, პირველ რიგში განსაკუთრებით გაააქტიურეს საეკლესიო პოლიტიკა რამდენიმე მიმართულებით: 1. დასავლეთ საქართველოს კონსტანტინოპოლის საეკლესიო დაქვემდებარებიდან გამოსვლა; 2. მცხეთის ქართულ ავტოკეფალურ ეკლესიასთან გაერთიანებისათვის ბრძოლა; 3. საეკლესიო მშენებლობის გაფართოება აღმოსავლეთით და ახალი საეკლესიო ცენტრების დაარსება; 4.მეზობელი ჩრდილოეთკავკასიელი ხალხების გაქრისტიანებისათვის ბრძოლა და სახელმწიფო საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა [ახალაძე, 2004: 56-64].

            ამ დროს ქრისტიანობამ, როგორც ეროვნული ანბანის განვითარებისა და გავრცელების ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა საშუალებამ, აქტიური როლი ითამაშა აფხაზთა სამეფოშიც; წარმოჩნდა ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი როლი ქვეყნის გაერთიანების საქმეში. საგულისხმოა, რომ აფხაზთა მეფეები ზუსტად იმეორებენ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებისათვის ბრძოლის იმ გზებს, რომლებიც ცნობილი იყო   ძველი სომხების, გოთების, კოპტებისა და სლავებისათვის. ისინი  აქტიურად ცდილობენ დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) ეკლესიაში ქართული ენის, მწიგნობრობისა და დამწერლობის დამკვიდრებას, რაც ნათლად წარმოჩნდა მათი საქმიანობის ამსახველ ჩვენამდე შემორჩენილ წყაროებში. საგულისხმოა, რომ "აფხაზთა სამეფოსა" და "აფხაზთა მეფეთა" შესახებ არსებული ყველა  საისტორიო წყარო ქართულ ენაზეა დაცული და სწორედ ამ პერიოდიდან (VIII-IX საუკუნეებიდან) ჩანს ქართული დამწერლობის ძეგლები დასავლეთ საქართველოს, ანუ ისტორიულ "აფხაზთა სამეფოს," ტერიტორიაზე. "აფხაზთა მეფეები" ცდილობდნენ ბიზანტიის საეკლესიო გავლენისაგან თავის განთავისუფლებას. ისინი აუქმებდნენ დასავლეთ საქართველოს ბერძნულ სამიტროპოლიტოებს და მათ ადგილზე ახალ ქართულ საეპისკოპოსო კათედრებს აარსებდნენ. სწორედ "აფხაზთა მეფეთა" ძალისხმევითა და ხელშეწყობით გახდა  ქართული ენა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ენა და დაჩქარდა დასავლურქართული ეკლესიის გაერთიანება აღმოსავლურქართულ ავტოკეფალურ ეკლესიასთან.  

თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე შუა საუკუნეებში  შექმნილი წერილობითი კულტურის შესწავლისას აუცილებლელია იმ წერილობითი ძეგლების განხილვა, რომელებიც აღმოჩენილია ამ მხარეში. დღევანდელი აფხაზეთის, როგორც მთლიანად დასავლეთ საქართველოს (ისტორიულ "აფხაზთა სამეფოს"), ტერიტორიაზე შემორჩენილი წერილობითი ძეგლები სამ ენაზე გვხვდება: ქართულ, ბერძნულ და თურქულ ენებზე. ბერძნული და თურქული ძეგლები შემორჩენილია მხოლოდ წარწერების სახით. საქართველოში ბერძნული ეპიგრაფიკის ცნობილი მკვლევრის თ. ყაუხჩიშვილის მონაცემებით, თანამედროვე აფხაზეთში ისევე, როგორც მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოპოვებული ბერძნული ეპიგრაფიკული ძეგლები, ძირითადად, IX საუკუნემდეა შესრულებული და ეკუთვნის იმ ეპოქას, როცა დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ნაწილი (ალბათ უფრო ზღვისპირა ზოლი, - ლ.ა) ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის სამწყსოს ეკუთვნოდა. მათ შორის თანამედროვე აფხაზეთიდან არის 22-მდე  ბერძნული ეპიგრაფიკული ძეგლი [ყაუხჩიშვილი, 2004: 59-79].

      თურქულ ენაზე ცნობილია 6 ეპიგრაფიკული ძეგლი, რომელთაგან ყველაზე ადრინდელია 1598 წლის ვინმე მეჰმედის  წარწერა. გარდა ამისა, არის XVIII საუკუნის ჯირხვასა და ჭლოუს (ჭალის) წარწერები და, ასევე, მეჰმედ ემინის 1785 წლის წარწერა.  XIX საუკუნითაა დათარიღებული  ბათალ-ბეი მარშანიასა  და ხასან-ბეი შერვაშიძის წარწერები [Бгажба, 1967: 27].

      აფხაზეთის წერილობითი ძეგლების აბსოლუტური უმრავლესობა ქართულია. შუა საუკუნეების ქართული დამწერლობის ნიმუშები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე უხვად არის აღმოჩენილი. წერილობით ძეგლებს შორის არის როგორც ეპიგრაფიკული ძეგლები (წარწერები), ასევე, რბილ მასალაზე შესრულებული ხელნაწერები. მათ შორის განსაკუთრებით ბევრია ეპიგრაფიკული ძეგლი. სულ აღრიცხულია 100-ზე მეტი ლაპიდარული, ფრესკული და ჭედური წარწერა [ახალაძე, 2005: 4], საკუთრივ "აფხაზთა მეფეთა" სახელით ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროებს შორის  არის 15-მდე ეპიგრაფიკული ძეგლი [ახალაძე, 2004: 56-64] და ერთი ისტორიული ქრონიკა _ "აფხაზ მეფეთა დივანი" [თაყაიშვილი, 1913: 46-54], რომელიც საფუძვლიანად განახლდა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის (978-1014 წ.წ.), მეფობის დროს.

თანამედროვე აფხაზეთის ძველი წერილობითი კულტურის წარმოჩენა შეუძლებელია ჩვენამდე მოღწეული ბედიის, ბიჭვინთის, წებელდის, ილორის ცნობილი ხატებისა და მათზე ამოკვეთილი, დაახლოებით, 30 ქართული წარწერის გარეშე [Чубинашвили, 1959: 22-25; 86-97; 98; 385; 530-532; 533; 534; 543; 568; 593].

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იმ ეპიგრაფიკული ძეგლების უმრავლესობა, რომლებიც შესრულებულია "აფხაზთა მეფეთა" დაკვეთით ან რომლებშიც ისინი არიან მოხსენიებულნი, გვხვდება თანამედროვე აფხაზეთის ფარგლებს გარეთ, საქართველოს სხვა ისტორიულ რეგიონებში (ისტორიული "აფხაზთა სამეფოს" ტერიტორიაზე), კერძოდ: სამეგრელოში, ქართლში, იმერეთსა და ჯავახეთში. ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითქმის ყველა წარწერა (სულ 15) შესრულებულია ქართული ასომთავრული დამწერლობით და ამოკვეთილია ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშებზე: ტაძრებსა და საეკლესიო  ნივთებზე.

      ისტორიოგრაფიაში ცნობილია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა ქართული კულტურის  უმნიშვნელოვანესი კერები: მოქვი, ბედია, ილორი, ლიხნი, წებელდა, წარჩე  და ა. შ., სადაც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ქართული ქრისტიანული კულტურის ცენტრები. განსაკუთრებული ღირებულება ჰქონდა წიგნთსაცავებს, რომლებშიც იწერებოდა ორიგინალური ქართული თხზულებები,  ბერძნულიდან ქართულზე ითარგმნებოდა სასულიერო დანიშნულების წიგნები, იქმნებოდა ახალი ხელნაწერები. ამ წიგნთსაცავებიდან ჩვენამდე მოღწეულია მოქვის უნიკალური მინიატურებით მოხატული სახარება, ბედიის გულანი, ბიჭვინთის იადგარი, მოქვის ომოფორი, გიორგი მთაწმინდლისეული სახარების თარგმანი, ვარძიის გულანი, რომელიც ისტორიული ბედუკუღმართობით ბედიაში მოხვედრილა და იქ განუახლებიათ და ა. შ. [საქართველოს.. 2007:68,70,72]. ზემოთ დასახელებული ყველა ისტორიული ძეგლი ქართული დამწერლობის  შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს და ქართული წერილობითი კულტურის განუყოფელი ნაწილია.

თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპოვებული ქართული წერილობითი ძეგლები მდიდარ მასალას იძლევა როგორც ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და პალეოგრაფიული კვლევისათვის, ისე წერილობითი კულტურის განვითარების ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით. აქ წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. მათ შორის უპირატესად წარმოდგენილია ასომთავრული დამწერლობა, რომლითაც შესრულებულია საქართველოს ამ ისტორიული რეგიონის ძეგლების დიდი ნაწილი. ხელნაწერები ძირითადად ნუსხა-ხუცურია, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში გვხვდება მხედრული წერილობითი ძეგლებიც.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და პალეოგრაფიული თვალსაზრისით შესწავლა-შედარებამ საქართველოს სხვა ისტორიული რეგიონების დამწერლობათა ნიმუშებთან აშკარად გამოკვეთა ამ რეგიონის მოწინავე კულტურულ-ისტორიული ტენდენციები: გაირკვა, რომ ეს აფხაზეთი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა  ქართულ ასომთავრულში X-XI საუკუნეებში მიმდინარე ცვლილებებს, ასევე, ნუსხურიდან  მხედრულის ჩამოყალიბების პროცესს. უფრო მეტიც, აფხაზეთის ეპიგრაფიკული მასალის ანალიზმა ცხადყო, რომ ამ მხარეში საფუძველი ჩაეყარა ქართული სადამწერლობო კულტურის ერთ-ერთ შესანიშნავ მიმართულებას, კერძოდ, კიდურწაისრული დამწერლობის კალიგრაფიულ სკოლას [ახალაძე, 2007: 32-40].

არამარტო შუა საუკუნეებში, არამედ XIX საუკუნეშიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში _ აფხაზეთში _  რუსიფიკატორული პოლიტიკის პირობებში აფხაზები იყენებდნენ ქართულ სამწიგნობრო ენას როგორც ოფიციალური მიმოწერისას, ასევე, ქრისტიანული ღვთისმსახურებისა და კულტურული მოღვაწეობის დროს. ქართულ ენას შესანიშნავად ფლობდა  არამარტო  არისტოკრატია, არამედ დაბალი სოციალური ფენების ნაწილიც. უფრო მეტიც, XIX საუკუნის განმავლობაში აფხაზეთის მთავრები და სხვა თავადები რუსეთის ხელისუფლებასთან ოფიციალურ მიმოწერას მხოლოდ ქართულ ენაზე აწარმოებდნენ, ხოლო ინტელიგენცია ქართულ ენასა და კულტურას თავის მშობლიურ ენად მიიჩნევდა [გვანცელაძე, 2009: 209]. აღნიშნულ ფაქტებს ადასტურებს მრავალრიცხოვანი ისტორიული საბუთი, რომლებიც დაცულია არამარტო ქართულ, არამედ რუსულ საისტორიო წყაროებში, არქივებსა და აქტებში.

რაც შეეხება თანამედროვე აფხაზეთში დღეს მოქმედ ანბანს, იგი რუსულ გრაფიკაზე დაყრდნობით შექმნა ცნობილმა აფხაზმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი გულიამ XX საუკუნეში [Бгажба, 1967:  60].

ამრიგად, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე შუა საუკუნეებში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს, რომ ამ რეგიონის წერილობით კულტურაში წამყვანი ადგილი ეკავა ქართულ დამწერლობას, რომელიც წარმოდგენილია თავისი განვითარების სამივე საფეხურით: ასომთავრულით, ნუსხა-ხუცურითა და მხედრულით. ასევე, დასტურდება ყველა ის კალიგრაფიული მიმდინარეობა ან სკოლა, რომლებიც არსებობდა საქართველოს რომელიმე სხვა ისტორიულ რეგიონში. გამომდინარე აქედან, ქართული სადამწერლობო კულტურის გარდა, სხვა კულტურა, სხვა დამწერლობა ან თუნდაც ქართულის რომელიმე სხვა დამწერლობით ჩანაცვლების მცდელობა შუა საუკუნეების აფხაზეთში არ ჩანს. 


1. საგულისხმოა, რომ აფხაზური ანბანის გამოყენების არეალი მეტად მწირია და იგი მხოლოდ ვიწრო მონოეთნიკურ სოციუმში გამოიყენება, რადგან სეპარატისტულ აფხაზეთში ორი სახელმწიფო ენაა: რუსული და აფხაზური. აფხაზური მხოლოდ აფხაზურ სკოლებში ისწავლება, ისიც  მესამე კლასამდე, სახელმწიფო საქმისწარმოება კი ოფიციალურად რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

ლიტერატურა

ახალაძე ლ.
2004
ეგრის-აფხაზეთის (“აფხაზთა”) მეფეთა წარწერები, საინფორმაციო ანალიტიკური ჟურნალი “აფხაზეთი”, I. თბილისი.
ახალაძე ლ.
2005
აფხაზეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. ტომი I. ლაპიდარული და ფრესკული წარწერები. თბილისი.
ახალაძე ლ.
2007
ქართული დამწერლობის პალეოგრაფიული მახასიათებლები აფხაზეთის ეპიგრაფიკულ ძეგლებში. კულტურათაშორისი კომუნიკაციები. #1. თბილისი.
გამყრელიძე თ.
1987
“მწიგნობრობა ქართული”. ლიტერატურული საქართველო. 20 ნოემბერი. თბილისი.
გამყრელიძე თ.
1990
წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა. ანბანური წერის ტიპოლოგია და წარმომავლობა აკაკი შანიძის რედაქციითა და წინასიტყვაობით. თბილისი.
გვანცელაძე თ.
2009
იმპერიული ენობრივი პოლიტიკა აფხაზეთში და მისი შედეგები, კრებული: “საქართველოში არსებული კონფლიქტები და მშვიდობის პერსპექტივები”. თბილისი.
თაყაიშვილი ე.
1913
ეგრეთწოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, ძველი საქართველო. ტ. II. ტფილისი.
საქართველოს...
2007
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი. თბილისი.
ყაუხჩიშვილი თ.
2004
საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. თბილისი.
Бгажба О. Лакоба С
2007
История Абхазии, с древнейших времен до наших дней. Тбилиси.
Бгажба Х.
1967
Из истории письменности в Абхазии. Тбилиси.
Дирингер Д.
1982
Алфавит (перевод с англииского). Москва.
Чубинашвили Г.
1959
Грузинское чеканное искусство. Иллюстрации. Тбилиси.