მესამე ტალღის ქართველი იმიგრანტი ქალები აშშ-ში: ამერიკანიზაციის პრობლემა

მსოფლიოში მიგრაციული პროცესების მიზეზები ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს. სხვადასხვა ხასიათის კონფლიქტი, ომი ადამიანებს ლტოლვილებად აქცევს და კონფლიქტური ზონებიდან მეზობელ ან უფრო შორეულ ქვეყნებში გადასახლებისაკენ უბიძგებს. ემიგრაციის მიზეზი პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემებიც ხდება: რევოლუცია, ეკონომიკური კრიზისი და მრავალი სხვა.

მე-20 საუკუნის საქართველოსათვის დასახელებული პრობლემები უცხო არ იყო. სწორედ ამიტომ მხოლოდ ამ საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ემიგრაციის სამი "ტალღა" აღინიშნა.  თითოეულს თავისი გამომწვევი მიზეზი ჰქონდა. განსხვავებული იყო ემიგრანტთა სოციალური, გენდერული, ასაკობრივი შემადგენლობა, მათი განათლების დონე. აქედან გამომდინარე, განსხვავდებოდა სხვადასხვა ტალღის ემიგრანტთა ამერიკანიზაციის ხარისხიც და ახალ სამშობლოში მიღწეული წარმატებებიც. 

მოცემული სტატიის მიზანი არ არის ამერიკაში ამა თუ იმ ტალღის ემიგრაციის კონკრეტულ წარმომადგენელთა ისტორიის კვლევა. ეს საკითხი კარგად არის შესწავლილი ქართველი მკვლევრების გ. შარაძის,  რ. დაუშვილის,  რ. ნიშნიანიძისა და სხვათა ნაშრომებში. მე ვეცდები, პასუხი გავცე კონკრეტულ კითხვებს: როგორია მესამე ტალღის ქართველი ემიგრანტი ქალების ამერიკანიზაციის ხარისხი, რა გავლენას ახდენს ასაკი, განათლების დონე, სოციალური სტატუსი ამ პროცესზე და რა როლს თამაშობს მართლმადიდებლობა ქართველი იმიგრანტების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

სამწუხაროდ, ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნული საკითხები სპეციალურად არავის შეუსწავლია, თუ არ ჩავთვლით ამ სტატიის ავტორის თითო-ოროლა  ნაშრომს, რომლებიც აშშ-ში ქართველი იმიგრანტი ქალების პრობლემებსა. [მეძმარიაშვილი, 2008: 198-203] და, ზოგადად, ამერიკელი ქალის რელიგიისადმი დამოკიდებულებას. [მეძმარიაშვილი, 2009: 185-189] ეძღვნება. ამერიკელი მკვლევრებისთვის ქართველ იმიგრანტთა და, მითუმეტეს, იმიგრანტ ქალთა საკითხი სრულიად უცხოა. დღეისათვის აშშ-ში არც ერთი ნაშრომი არ არსებობს, რომლებშიც შესწავლილია ქართული იმიგრაცია, თუმცა, უამრავი ნაშრომი ეძღვნება იმიგრაციის თეორიული საკითხებისა და მრავალრიცხოვანი დიასპორების (ებრაული, ჩინური, კორეული, იაპონური და ა.შ.) შესწავლას. ალბათ, ამის მიზეზი ის არის, რომ ამერიკელები დიდი ხნის განმავლობაში ნაკლებად იცნობდნენ ქართველებს. მათი რიცხვი აშშ-ში მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში სრულიად უმნიშვნელო იყო. გარდა ამისა, რუსეთის იმპერიიდან, მოგვიანებით, საბჭოთა კავშირიდან და შემდეგ უკვე განთავისუფლებული საქართველოდან ჩასულ ქართველ იმიგრანტებს უფრო რუსებად მიიჩნევდნენ, ვიდრე ქართველებად.

შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესო საკითხზე რაიმე ინფორმაციის მოძიება ამერიკულ სპეციალურ ლიტერატურაში შეუძლებელია. ერთადერთი ოფიციალური ამერიკული წყარო, რომელიც აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ მეცნიერს დაეხმარება,  არის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის ეკონომიკისა და სტატისტიკის ადმინისტრაციის ყოველწლიური სტატისტიკური კრებულები, რომლებშიც არის მონაცემები ცალკეული წლების მიხედვით ქართველ იმიგრანტთა რაოდენობის შესახებ. [Statistical Abstract... 2000:10] თუმცა, მასში არალეგალური იმიგრანტები და ე.წ. მწვანე ბარათის მფლობელები აღნუსხული არ არიან. ამის გამო შეუძლებელია ზუსტი ცნობების მოძიება ქართველების რაოდენობის შესახებ შეერთებულ შტატებში. არ არის ცნობები იმიგრანტთა გენდერული შემადგენლობის შესახებ. არაოფიციალური მონაცემებით, ჩვენთვის ცნობილია, რომ ქალების წილი ქართველ იმიგრანტებს შორის მკვეთრად გაზრდილია.

აღნიშნული სტატისტიკური წყაროს მიხედვით, უცნობია იმ ქართველი იმიგრანტების რაოდენობა, რომლებიც ლტოლვილთა შესახებ აქტის საფუძველზე, 1981-1990 წლებში აშშ-ის მოქალაქეები გახდნენ. ვფიქრობ, მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. სავარაუდოდ, ისინი, ძირითადად, ქართველი ებრაელები და მათი ოჯახის წევრები არიან. შესაძლებელია მათი ნაწილი ამერიკაში მესამე ქვეყნიდანაც მოხვდა. მომდევნო, 1991-1996 წლებში, ამერიკის მოქალაქეობა მიიღო საქართველოდან აშშ-ში ჩასულმა 1834-მა ადამიანმა, 1997 წელს - 425-მა, 1998 წელს - 100-მა. [Statistical Abstract... 2000:10] ციფრები ნამდვილად უმნიშვნელოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1965-2000 წლებში შეერთებულ შტატებში 23 მილიონი იმიგრანტი ჩავიდა. [Gerstle, 2001:275], ანუ თითქმის იმდენივე, რამდენიც 1880-1920 წლებში (24 მილიონი). [U.S. Immigration..., 2000]

უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოდან შეერთებულ შტატებში წასულ ემიგრანტებს შორის არა მარტო ქართველები იყვნენ, არამედ სომხები, ებრაელები და საქართველოში მცხოვრები სხვა ერების წარმომადგენლებიც. ოფიციალური ამერიკული სტატისტიკა იმიგრანტების რაოდენობას ად გენს არა ეთნოსის, არამედ იმიგრაციის ქვეყნის მიხედვით. ეს ართულებს საქართველოდან შტატებში ემიგრირებული ქართველების ზუსტი რაოდენობის დადგენას. გარდა ამისა, შესაძლებელია ქართველები, რომლებიც შტატებში სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, რუსეთიდან მოხვდნენ, ოფიციალურ სტატისტიკურ ცნობარებში იმ ქვეყნების ემიგრანტებად ითვლებიან. მათ შორის იქნებიან აფხაზეთიდან დევნილი ქართველებიც, რომლებსაც ხშირად შერეული ოჯახები აქვთ და ამერიკაში, ძირითადად, რუსეთიდან მოხვდნენ.

ამგვარად, თუ ოფიციალურ სტატისტიკას დავუჯერებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან ჩასული იმიგრანტების რაოდენობა მცირდება, მაგრამ სინამდვილეში მე-20 საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში შტატებში ქართველების რაოდენობა არა თუ შემცირდა, არამედ მკვეთრად გაიზარდა.

ქართველების რაოდენობის ზრდა, უმთავრესად, იმ არალეგალური იმიგრანტების ხარჯზე მოდის, რომლებიც  ქვეყანაში სხვადასხვა გზით ხვდებიან (სასწავლებლად, დროებით სამუშაოდ, ამა თუ იმ პროგრამით და ა. შ.),  უკან არ ბრუნდებიან და აშშ-ის მოქალაქეობა არა აქვთ. მსგავსი ტენდენცია სხვა ქვეყნებიდან ჩასულ იმიგრანტებთან დაკავშირებითაც შეინიშნება. მაგალითად, 1999 წლის მონაცემებით, ამერიკაში მცხოვრები 7 მილიონზე მეტი მექსიკელიდან, დაახლოებით, 1,5 მილიონს ჰქონდა მოქალაქეობა, 1,5 მილიონი ფილიპინელიდან - ნახევარ მილიონს; ჩინელების, ვიეტნამელების, ინდოელების, კორეელებისა და დიდი ბრიტანელების უმრავლესობას, მათი საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს, შეერთებული შტატების მოქალაქეობა არა აქვთ. [U.S. Immigration... 2000:49] როგორც ცნობილი ამერიკელი მეცნიერი სამუელ ჰანტინგტონი წერს, 1990-იან წლებში არალეგალები იმიგრანტების მეოთხედს შეადგენდნენ. [Huntington,2005:182] შესაძლებელია, ჰანტინგტონის ეს მონაცემი ზუსტი არც არის, მაგრამ საწინააღმდეგოს მტკიცებისათვის საკმარისი და, რაც მთავარია, სანდო წყაროები არ გვაქვს.

ბრიტანეთის მთავრობის საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ 2000 წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 30 მილიონი ადამიანი არალეგალურად შევიდა. [Economist,24June,2000:63] როგორია იმიგრანტების გენდერული თანაფარდობა, ჩვენთვის ცნობილი არ არის.

მიუხედავად საჭირო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების არქონისა, კონკრეტული მაგალითების მოშველიებით, აგრეთვე, იმიგრანტების გამოკითხვის დახმარებით, გარკვეული დასკვნების გაკეთება და იმ პრობლემების გამოკვეთა შეიძლება, რომლებიც თანამედროვე ქართული დიასპორის წარმომადგენელ ქალებს აწუხებთ. ჩვენთვის საინტერესო პრობლემებზე, კერძოდ, ამერიკანიზაციის საკითხსა და ქართველი იმიგრანტების თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში მართლმადიდებლობის როლზე მუშაობისას, ძირითადად, გამოვიყენეთ ჩვენ მიერ  ქართველი იმიგრანტი ქალების გამოკითხვით მოპოვებული მასალები. თითოეულ დასკვნაში განზოგადებულია მრავალი კონკრეტული მაგალითი.

   ალბათ, სიტყვები, რომლებიც კალიფორნიის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა ალფრედ უაიტმა თავის სამაგისტრო ნაშრომში ჯერ კიდევ 1923 წელს მექსიკელ იმიგრანტ ქალებზე დაწერა, დღესაც აქტუალურია და ქართველ იმიგრანტ ქალებსაც მიესადაგება: "ქალების ამერიკანიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კაცების. ისინი უფრო რთულად აღწევენ ამას, მაგრამ, სამაგიეროდ, უფრო ადვილად იღებენ განათლებას. ისინი ხვდებიან, რომ მათ, ახალი ამერიკული კანონის თანახმად, შეუძლიათ კაცსა და ქალს შორის ურთიერთობის თავის სასარგებლოდ შეცვლა... ამ უცხოელების ბავშვები და არა თვით ეს უცხოელები ამერიკისთვის აღმოჩენაა. ისინი 100%-იანი ამერიკელები არ არიან, მაგრამ მომდევნო თაობა შესაძლებელია ასეთი გახდეს. "გაჰყევით ქალებს" და თქვენ ამერიკას მომავალ თაობას შეუნარჩუნებთ". [White, 1990:250]

თანამედროვე ამერიკაში ამერიკანიზაციის საგანგებო პროგრამები არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ენის კურსებს, რომლებიც მწვანე ბარათის მიღების მსურველმა ან უკვე ამ ბარათის მფლობელმა უცხოელებმა უნდა გაიარონ. თუმცა, მარტო ენის ცოდნა საკმარისი არ არის. დღეს მოთხოვნები იმიგრანტების მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამერიკის მოქალაქეობის მიღება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს, მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო. თუ აქამდე ამერიკის მოქალაქეობის მსურველს 100 საგამოცდო კითხვა უნდა მოემზადებინა, 2007 წლიდან უკვე 150 კითხვაა, რომლებიც, ძირითადად, მოიცავს აშშ-ის ისტორიას, საშინაო და საგარეო პოლიტიკას, კონსტიტუციურ, ფედერალურ და სახელმწიფო წყობას, პარტიულ სისტემას, თანამედროვე ამერიკის მთავრობის შემადგენლობას, ამერიკის სიმბოლოებს, ადგილობრივი ხელისუფლების  ორგანოებს და მის წარმომადგენლებს უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში, ინგლისური ენის გრამატიკას, მართლწერას. ძვირდება საგამოცდო გადასახადიც. მაგრამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების სტიმული ძალიან დიდია.  ფაქტობრივად, ეს გამოცდა შეიძლება ჩავთვალოთ პირველ ნაბიჯად იმიგრანტის ამერიკანიზაციის ან, უფრო ზუსტად, მის მიერ ამერიკული ფასეულობების გაცნობის გზაზე.

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულებში, როდესაც მეზობელი მექსიკელები შეერთებული შტატების საზღვარს მასობრივად არღვევდნენ, შეიქმნა სპეციალური პროგრამები, რომელთა მიზანი მექსიკელი იმიგრანტების ამერიკანიზაცია იყო. მაგრამ ამ პროგრამის განხორციელებისას მრავალ სირთულეს წააწყდნენ. ბოლოს აქცენტი გადაიტანეს ამერიკაში დაბადებული ჩიკანოების გაამერიკელებაზე. [Sanchez, 1990:250] საინტერესოა, რომ 1920-იან წლებში აზიიდან და სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან იმიგრაციაზე კვოტების დაწესებას ამართლებდნენ იმით, რომ მსოფლიოს ამ რეგიონებიდან ჩასული უცხოელების ასიმილირება რთულია და ამიტომ ისინი არასასურველები არიან. მათი აზრით, ისინი საფრთხეს უქმნიდნენ "ცხოვრების ამერიკულ სტანდარტებს", რის მაგალითადაც მოჰყავდათ მექსიკელები, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისათვის არასანდო მოქალაქეები. [Reisler, 1976:151-169] ზოგადად ქართველებზე, მათ შორის, ქართველ ქალებზე, ალბათ, ამას ვერავინ იტყვის.

რასაკვირველია, ქალზე დიდად არის დამოკიდებული, ვის და როგორ აღზრდის: მისი შვილი ეროვნულ ტრადიციებზე იქნება გაზრდილი, მშობლიური ენისა და კულტურული ფასეულობების მცოდნე და დამცველი თუ ამერიკელი მოქალაქე, რომლისთვისაც თავისი წინაპრების სამშობლო უცხოა.

ვინაიდან ქართული ოჯახები ამერიკაში არც ისე ბევრია და ისინი, როგორც წესი, კომპაქტურად არ ცხოვრობენ, მათთვის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება საკმაოდ რთულია. სწორედ ასეთ ვითარებაში ქალებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მათი წყალობით, ქართული ოჯახები ამერიკულ სინამდვილეში ერთგვარ ინსტიტუტად შეიძლება განვიხილოთ, რომელიც დაჟინებით ეწინააღმდეგება სრულ ასიმილაციას და ცდილობს საკუთარი კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას. ამ თვალსაზრისით ქართველებზე უკეთეს მდგომარეობაში სომხები არიან, ვინაიდან მათ სომხური სკოლები, გაზეთები, ტელევიზია და კარგად ორგანიზებული სათვისტომო აქვთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სომხები ასიმილირებული არ არიან. როგორც წესი, ასეთ ამერიკელებს "ბიკულტურულებს" უწოდებენ და ისინი ჩვეულებრივ ამერიკელებად ითვლებიან. ქართველი იმიგრანტების უმრავლესობა სწორედ ასეთი "ბიკულტურული" ამერიკელია, თუმცა, მეტ-ნაკლებად ასიმილირებული.

კულტურული ასიმილაციის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ საზოგადოების რომელ ფენას ეკუთვნიან იმიგრანტები, რა ტრადიციების მატარებლები არიან, ფსიქოლოგიურად რამდენად არიან მიჯაჭვული თავიანთ ისტორიულ სამშობლოს, რამდენად ძლიერია მათი ეროვნული თვითშეგნება. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა იწვევს ქართველთა ემიგრაციას შეერთებულ შტატებში, ანუ უნდა ვიცოდეთ, რა ვითარება იყო საქართველოში მე-20 საუკუნის დასასრულს: დანგრეული ეკონომიკა, არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა, უმძიმესი სოციალური ვითარება. ამიტომ ქართველ ემიგრანტთა რიცხვი შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით 1990-იან წლებში გაიზარდა და მას მესამე ტალღის ემიგრაციას უწოდებენ (პირველი ტალღა მე-20 საუკუნის 20-იან წლებზე მოდის, მეორე - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდზე). უმძიმესი სოციალური პრობლემების გამო ამერიკაში ჩასულ ქართველებს შორის ქალები სჭარბობდნენ, რომელთა მიზანი შინ დარჩენილი ოჯახების გადარჩენა იყო. მათ სამშობლოში ან სამსახური დაკარგეს, ან იმდენად დაბალი ხელფასი ჰქონდათ, რომ ვერ არჩენდნენ შვილებსა და უმუშევრად დარჩენილ ქმრებს.  ბევრი მათგანი უმაღლესი განათლების მქონე ქალბატონი იყო. სამწუხაროდ, საბჭოთა დიპლომები მათთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ბევრმა არც ინგლისური ენა იცოდა, თანაც, უმრავლესობა სხვადასხვა გზით არალეგალურად დარჩა ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო ართულებდა მათს მდგომარეობას. ერთადერთი გამოსავალი ყველაზე არაპრესტიჟულ, ხშირად დამამცირებელ სამუშაოზე დათანხმება იყო.  მათ შეავსეს შინამოსამსახურეების, მოხუცებისა და ბავშვების მომვლელების რიგები, ანუ იშოვეს სამსახური, რომელზეც ამერიკელები უარს ამბობდნენ. აღნიშნული სამუშაოსთვის ისინი ბევრად ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე ამერიკელები. შეერთებული შტატებისათვის დაბალი, მაგრამ საქართველოსთვის სოლიდური ხელფასის (დაახლოებით 1000-2000 დოლარი) წყალობით ქალებმა იმ მძიმე დროს თავიანთი ოჯახები გადაარჩინეს.

ეს ქალბატონები, ძირითადად, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ქალაქებსა და მათ შემოგარენში დასაქმდნენ. ისინი ცხოვრობენ იმ ოჯახებში, რომლებშიც მუშაობენ და, შესაბამისად, მათი გარემომცველი სამყარო არც ისე მრავალფეროვანია. მათთვის ეს ოჯახები  ამერიკის პატარა მოდელია. ისინი მთელ დროს იქ ატარებენ, არ სარგებლობენ არც სოციალური დაზღვევით, არც სხვა სიკეთით, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს და რითაც ბევრისთვის ამერიკა ასე მიმზიდველია. მათ არც მოგზაურობის, არც ქვეყნის უფრო მრავალმხრივ გაცნობის შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის იმიგრანტი ქალების ამერიკანიზაცია საკმაოდ რთულია. ასაკოვანი იმიგრანტი ქალების დიდი ნაწილი არც თვითონ ცდილობს ადგილობრივი ფასეულობების გათავისებას და მომავალში სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს.

ამ კატეგორიის ახალგაზრდა იმიგრანტი ქალები უფრო მარტივად ახერხებენ ადაპტაციას. ისინი უფრო ადვილად სწავლობენ ენას. ბევრი მათგანი აღარ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას, ვინაიდან მათთვის ამერიკული ცხოვრების წესი უფრო მისაღები ხდება, ვიდრე ქართული. უპირველესად, ეს ეხება საქართველოს რეგიონებიდან შტატებში მოხვედრილ ახალგაზრდა ქალებს. მათ ყველაფერი მოსწონთ ამერიკაში, მათ შორის, "ბოიფრენდის" ინსტიტუტიც, რომელიც საქართველოსთვის, მითუმეტეს, მის პროვინციებში ჯერჯერობით უცხოა. ზოგიერთი ახერხებს შერეული ქართულ-ამერიკული ოჯახის შექმნას და ასეთ ოჯახში დაბადებული ბავშვები უკვე "მონოკულტურულები" არიან. დედების პოზიციიდან გამომდინარე მათი ამერიკანიზაცია არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ხშირად ასეთ ოჯახებში ბავშვებმა ქართული აღარ იციან და თავს მხოლოდ ამერიკელებად აღიქვამენ. თვითონ დედები ამერიკის მოქალაქეები ხდებიან და მათი ამერიკულ საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესი მარტივდება.

ასეთი შერეული ოჯახის შექმნაზე ამერიკაში ჩასული ბევრი მარტოხელა ახალგაზრდა (ზოგჯერ ასაკოვანი) ქართველი ქალი ოცნებობს. მათ იციან, რომ ამ შემთხვევაში ამერიკული ოცნების ახდენის უკეთესი შანსი უჩნდებათ; საკუთრების უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების ხელშეუხებლობა, რაც შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში არის გამოცხადებული და ამერიკული პოლიტიკური კულტურის განუყოფელი ნაწილია, ამერიკის მოქალაქეებად ქცეული ქართველებისათვის რეალობად იქცევა.

ქართველი იმიგრანტი ქალების კიდევ ერთ ჯგუფს ისინი ქმნიან, ვინც თავიდანვე ლეგალურად მოხვდა შტატებში და დიდი ძალისხმევის შედეგად თავისი სპეციალობით სამუშაოს შოვნა მოახერხა. მათ ამერიკული დიპლომების მიღება შეძლეს და დღეს წარმატებული საშუალო ფენის ამერიკელები არიან. საინტერესოა, რომ, როგორც წესი, ასეთი კატეგორიის იმიგრანტი ქალები საკმაოდ ამერიკანიზებულები არიან, მაგრამ, მიუხედავდ ამისა, მათი ერთი ნაწილი არ კარგავს ქართულ ეროვნულ იდენტურობას. ისინი თავიანთ თავს აღიქვამენ როგორც ამერიკელებად, ასევე ქართველებად. ისინი იმ ამერიკელ მოქალაქეებს მიეკუთვნებიან, რომლებიც საკუთარი ეთნიკური ჯგუფის წევრობაზე უარს არ ამბობენ და "ბიკულტურულები" არიან. ამერიკის სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს არჩევნის შესაძლებლობას აძლევს. როგორც ერთი ამერიკელი მეცნიერი წერს, ზოგადად, ამერიკული ხასიათისთვის დამახასიათებელია ახალმოსულებისადმი კეთილგანწყობა, ვინაიდან ისინი ყველანაირ სიახლეს  ასახიერებენ. [Mann,1987:79],  თავიანთი ენით, რელიგიით,  წეს-ჩვეულებებით, მუსიკით, სამზარეულოთი და ა.შ. ამერიკულ კულტურას ამდიდრებენ.

ასეთი ბიკულტურული ქალბატონების მიერ აღზრდილი ბავშვებიც, როგორც წესი, ქართულს ფლობენ, იცნობენ ქართულ ფასეულობებს, მაგრამ  საქართველოში ცხოვრება აღარ სურთ. ის მათთვის უკვე უცხოა. როგორც წესი, ამ კატეგორიის იმიგრანტ ქალებს მჭიდრო კავშირი აქვთ სამშობლოსთან, მაგრამ უკან დაბრუნებას მხოლოდ შორეულ მომავალში, სიბერის ჟამს, ფიქრობენ. ზოგიერთი მათგანის შვილები ამერიკულ უმაღლეს განათლებას იღებენ და ცხოვრების გაგრძელებასაც ამერიკაში აპირებენ. აღსანიშნავია, რომ ჩემ მიერ გამოკითხულ ქართული იმიგრაციის მესამე ტალღის წარმომადგენლებს შორის ამ კატეგორიის ქალბატონების რაოდენობა არც ისე ცოტა იყო და ყველა გამოკითხულთა, დაახლოებით, 30%-ს შეადგენდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ქართველი ქალისათვის "ამერიკული ცხოვრების სტილი" სავსებით მისაღები აღმოჩნდა. არაერთი ქართველი იმიგრანტი ქალი დიდი წვალებით "ითქვიფება" ამერიკელთა რიგებში, მაგრამ ზოგიერთი ამას არც კი ცდილობს. ქართველი იმიგრანტების პირველი თაობები, ზოგჯერ კი მეორეც, მართალია, ხშირად ინარჩუნებდნენ ეროვნულ იდენტურობას, მაგრამ, ამავე დროს, განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩეოდნენ თავიანთი ახალი სამშობლოს მიმართ.  მართალია, დღესაც მათი უმრავლესობა თავს ქართველად აღიქვამს, მაგრამ, ამავე დროს, ამერიკული სახელმწიფოს ერთგული მოქალაქეც არის. როგორც სხვა ეთნიკური ჯგუფები, ქართველებიც ამერიკაში კარგად აცნობიერებენ თავიანთ ვალდებულებებს იმ ქვეყნის წინაშე, რომელმაც მათ ახალი ცხოვრების  შესაძლებლობა მისცა. 

იმიგრანტთა ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი მათი რელიგიაა. ვფიქრობ, ყოველი ქართველი, ქალი იქნება თუ კაცი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, თუ ის ათეისტი ან სხვა აღმსარებლობის არ არის, მართლმადიდებლობის ერთგული რჩება. ამერიკელმა ქართველმა შეიძლება დაივიწყოს ენა, აღარ ჰქონდეს მყარი კავშირი დედასამშობლოსთან, მართლმადიდებლობა კი შეინარჩუნოს; თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ იგი გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო (მართლმადიდებლური ეკლესიების სიმცირე და სხვ.) ეკლესიურად ვერ ცხოვრობდეს. ალბათ, იგივე შეიძლება ითქვას იქ მცხოვრებ რუსებზე და გრიგორიანელ სომხებზე, განსაკუთრებით კი ებრაელებზე. [Smith,2001:807-808] რელიგიური რწმენიდან გამომდინარე, ებრაელები თავიანთ თავს ამერიკაშიც განსხვავებულებად აღიქვამენ. ებრაელებისათვის იუდაიზმი თამაშობს, ერთი მხრივ, მათი გამაერთიანებლის, მეორე მხრივ, სხვა ერებისაგან გამომყოფელი ფენომენის როლს.

მართლმადიდებლობა ისეთ ლიბერალურ ქვეყანაში, როგორიც შეერთებული შტატებია, მხოლოდ გამაერთიანებელია და არა გამმიჯვნელი. ხშირად იგი სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მართლმადიდებლის გამაერთიანებელიც ხდება. ქართველებსაც მიესადაგება ამერიკელი მეცნიერის ვენდი ბრაუნის. [Brown, 2006:196] მიერ ებრაელების შესახებ ნათქვამი სიტყვები: თუ ებრაელი იუდეველობას კარგავს, ისიც შეიძლება საბოლოოდ ასიმილირებულად ჩაითვალოს. ასევე, თუ ქართველი მართლმადიდებლობას დაკარგავს, ისივ შეიძლება საბოლოოდ ასიმილირებულად ჩაითვალოს.

პირველი ტალღის იმიგრანტები, გარდა სამხრეთ საქართველოდან წასული კათოლიკებისა ან ათეისტი სოციალ-დემოკრატებისა, რელიგიურნი უნდა ყოფილიყვნენ და, შესაბამისად, მართლმადიდებლობა უფრო უნდა შეენარჩუნებინათ. მეორე ტალღის იმიგრანტების მდგომარეობა განსხვავებული იყო. ისინი საქართველოში საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდნენ და ათეისტებად ჩამოყალიბდნენ. ამიტომ მათი შვილებიც ნაკლებად რელიგიურნი იყვნენ. ეს ადამიანები სრულიად განსხვავებულ, ლიბერალურ, პლურალისტულ გარემოში მოხვდნენ, სადაც აღმსარებლობისადმი დამოკიდებულება უაღრესად ტოლერანტული იყო.  შესაბამისად, ასეთ გარემოში მოხვედრა, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა მათ ასიმილირებას და, მეორე მხრივ, მორწმუნეებსაც შეეძლოთ მართლმადიდებლობის შენარჩუნება, განსაკუთრებით იმათ, ვისაც შერეული ოჯახები ჰქონდათ. დამოუკიდებელი საქართველოდან წასულებს ეკლესიისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებული აქვთ.  მესამე ტალღის ქართველ იმიგრანტ  ქალებში ბევრი მორწმუნეა, რამაც აშშ-ში მართლმადიდებლური მრევლის მომრავლება განაპირობა.

ვინაიდან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების რაოდენობა ამერიკაში მეტად მცირეა, ქართველების დიდი ნაწილი ბერძნულ, რუსულ ან უკრაინულ ეკლესიებში დადის. სწორედ ეს ქართული მრევლი ინარჩუნებს თავის ეთნიკურ იდენტურობას ყველაზე უკეთ. ამ თვალსაზრისით, რელიგია, მართლმადიდებლობა, არის ამერიკანიზების გზაზე აღმართული ერთგვარი წინაღობა. ისტორიულადაც ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებლობა ქართველობის გადარჩენის მნიშვნელოვანი საშუალება იყო.

თუ თვალს გადავავლებთ ქართველების ამერიკაში ცხოვრების ისტორიას, დავინახავთ, რომ მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში იმიგრანტთა ნაწილი ცდილობდა მართლმადიდებლობის შენარჩუნებას. ისინი აღნიშნავდნენ რელიგიურ დღესასწაულებს, იწვევდნენ ცნობილ სასულიერო პირებს ამა თუ იმ რელიგიური რიტუალის შესასრულებლად. იმავეს აკეთებენ დღევანდელი იმიგრანტებიც. უფრო მეტიც, მათი მოთხოვნით, საქართველოს საპატრიარქო შტატებში ორი ახალი მართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას აპირებს.  

ამგვარად, ქართველი იმიგრანტების ეროვნული თვითმყოფადობის, მათი იდენტობის შენარჩუნებისა და იმიგრაციის კონსოლიდაციის თვალსაზრისით ყველაზე დიდ როლს მართლმადიდებლობა ასრულებს. დღეს ამის ახსნა, უპირველესად, იმით შეიძლება, რომ ეკლესია საქართველოშიც კონსოლიდაციის უმნიშვნელოვანესი იდეოლოგიური საშუალებაა.

თუ ადამიანმა ვერ მოახერხა ამერიკანიზება,  ანუ ამერიკულ საზოგადოებში პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული ინტეგრირება, ვერ ისწავლა ინგლისური სათანადო დონეზე, ის ვერასოდეს გახდება ამ საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენელი.

მართალია, საზღვრები იხსნება, სხვა ქვეყნებში ემიგრაციის შესაძლებლობებიც იზრდება, მაგრამ ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველები არიან, თავისი მოქალაქეების დაკარგვა არასასურველია. თუ საქართველოში აღარ იქნება ისეთი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური კატაკლიზმები, ემიგრანტთა ტალღა ისეთ  სასურველ ქვეყანაშიც კი შემცირდება, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.


ეს უნდა გამხდარიყო ამერიკანიზებული მუშების სლოგანი.

ის ადამიანები, რომლებიც იმიგრანტის სტატუსს იღებენ, სოციალური და სამედიცინო დახმარებით სარგებლობენ. პოლიტიკური თავშესაფრის მქონე და დაბალშემოსავლიანი იმიგრანტებისათვის 2 წლის განმავლობაში სწავლა კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში უფასოა, უფრო მეტიც, სტიპენდიასაც იღებენ. ასევე უფასოა სწავლა სახელმწიფო და სპეციალურ, ინგლისურის შემსწავლელ, სკოლებში. სახელმწიფო მთავარ აქცენტს განათლებაზე აკეთებს, რათა ახალი ჩასულები პროფესიას დაეუფლონ. მაგალითად, სპეციალური პროგრამით მათ შეუძლიათ, უფასოდ შეისწავლონ ნოტარიუსის პროფესია. შეჭირვებული იმიგრანტების ოჯახებს სახელმწიფო ყოველთვიურ დახმარებას აძლევს (1000 დოლარი). იმიგრანტებს სახელმწიფო სამუშაოს შოვნაშიც ეხმარება. თუმცა, ეს სამუშაო, როგორც წესი, არაპრესტიჟულია.

უმრავლესობა თავს მხოლოდ ამერიკელად აღიქვამს.

ლიტერატურა

მეძმარიაშვილი ე.
2009
ქალი და რელიგია: აშშ-ის მაგალითი. "რელიგიათმცოდნეობითი ძიებანი. საქართველო: რელიგია და თანამედროვეობა" (Research for Religious Studies). # 1-2. თბილისი.
მეძმარიაშვილი ე.
2008
ქართველი იმიგრანტი ქალების პრობლემები აშშ-ში. ამერიკის შესწავლის საკითხები. V. თბილისი.
მეძმარიაშვილი ე.
2006
ქართული დიასპორა კალიფორნიაში. ამერიკული ლიტერატურა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ამერიკის შესწავლისადმი მიძღვნილი მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები. ქუთაისი.
BBC News
2005
March 5
BBC News
2005
Center for Immigration Studies. November 29.
Brown Wendy
2006
Regulating Aversion: Tolerance in the Age of Identity and Empire. Princeton, N.J.
Camarota Steven A.
2007
Immigrants in the United States, 2007: A profile of America's Foreign-Born Population, November 2007, http://www.cis.org/immigrants_profile_2007
Camarota Steven A.
2008
How Many Americans? September 2008, http://www.cis.org/node/765
Gerstle Gary
2001
Immigration and Ethnicity in the American Century. Perspectives on Modern America. Making Sense of the Twentieth Century. Edited by Harvard Sitkoff, New York, Oxford.
Economist
2000
24 June, p.63.
Huntington Samuel P.
2005
Who Are We? America's Great Debate. London.
Immigration
2008
Online Debate Sponsored by the Los Angeles Times, http://www.cis.org/articles/2008/latdebate.html;
Levitt Laura
2007
Impossible Assimilations, American Liberalism, and Jewish Difference: Revisiting Jewish Secularism. American Quarterly, Religion and Politics in the Contemporary United States, Edited by R. Marie Griffith and Melani McAlister, September 2007, Volume 59, Number 3.
Mann Arthur
1987
From Immigration to Acculturation. Making America. The Society and Culture of the United States. Edited by Luther S. Luedtke. Washington.
McGowan William
2008
The 1965 Immigration Reforms and The New York Times: Context, Coverage, and Long-Term Consequences, August 2008. http://www.cis.org/NYT_immigration_coverage
Reisler Mark
1976
By the Sweat of Their Brow: Mexican Immigrant Labor in the United States, 1900-1940. Westport, Conn.
Renshon Stanley
2007
Becoming American. The Hidden Core of the Immigration Debate, January 2007. http://www.cis.org/articles/2007/back107.html
Sanchez George J.
1990
“Go After the Women”: Americanization and the Mexican Immigrant Woman, 1915-1929. Unequal Sisters. A Multicultural Reader in U.S. Women’s History. Edited by Ellen Card DuBois and Vicki L.Ruiz. New York, London.
Smith Tony
2001
Ethnicity, Immigration, and the American National Community. February 2001, http://www.cis.org/articles/2001/back201.html
Statistical...
2000
Statistical Abstract of the United States. The National Data Book. 120th Edition, Washington DC
Steinlight Stephen
2008
Ignoring Problems of Illegal Immigration Leads to Exploitation, August 2008, http://www.cis.org/node/759
U.S. Immigration...
2000
U.S. Immigration and Naturalization Service. Statistical Yearbook of the Immigration and Naturalization Service. http://uscis.gov/graphics/shared/aboutus/statistics/yearbook2000.pdf.
White Alfred
1990
The A Perceptive Mass of Foreigners as Applied to Americanization, the Mexican Group. University of California, master’s thesis, 1923, p.34-35. Unequal Sisters. A Multicultural Reader in U.S. Women’s History. Edited by Ellen Carol DuBouis and Vicki L. Ruiz. New York.