შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურულ-პოლიტიკური იერ-სახის შესახებ
შარვაშიძეთა სამთავრო სახლი მრავალი საუკუნის განმავლობაში სათავეში ედგა აფხაზეთს, თავდაპირველად ერისთავის სტატუსით, ხოლო მოგვიანებით (XVII საუკუნიდან) კი მთავრის რანგში. ისტორიოგრაფიაში არ არის ერთიანი აზრი ამ საგვარეულოს წარმომავლობისა და მისი დაწინაურების დროის თაობაზე. შარვაშიძეთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი - დოთაღოდ შარვაშიძე (აფხაზეთის ერისთავი) - მოხსენიებულია (XII ს. 80-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით) თხზულებაში"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" [ისტორიანი... 1959:33-34]. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ისინი უნდა იყვნენ შთამომავლები შარვანშაჰთა სახლის ერთ-ერთი წარმომადგენლისა, რომელიც დავით აღმაშენებელმა აფხაზეთში გადაიყვანა ანისის საქართველოსთან შემოერთების შემდეგ [ბროსე, 1895:154; Гулия, 1925: 138,208; Анчабадзе, 1959:192; ანჩაბაძე, 2006:72-80]. არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ შესაძლოა, შარვაშიძეთა წინაპრები აქტიურ როლს თამაშობდნენ აფხაზეთის საერისთავოს ფარგლებში ჯერ კიდევ XI ს. შუა ხანებში[ბერძენიშვილი,1957]. კერძოდ, ქრონიკაში"მატიანე ქართლისაჲ" მოხსენიებულია ვინმე ქუაბულელი ჭაჭას-ძე - ოთაღო, რომელიც "მოაყენა (ბაგრატ IV-მ , - ზ.პ.). ანაკოფიას გარე... აფხაზეთისა ლაშქრითა" [მატიანე... 1955:295]. ამ შემთხვევაში ყურადღება მიექცა XII ს. მიწურულს მცხოვრები ერისთავის (შარვაშიძის) სახელის დ-ოთაღოდ მსგავსებას ქვაბულელ ჭაჭას-ძის სახელთან ოთაღო, რის საფუძველზეც ზოგიერთ მკვლევარს "ჭაჭას-ძე", საერთოდ, საგვარეულო სახელის - "ჩაჩბას" - ქართულ ფორმად წარმოუდგენია [Инал-ипа, 1976:141].
სავსებით დასაშვებად მიგვაჩნია "ჭაჭას-ძე" - "ჩაჩბას" შორის იგივეობა, თუმცა, ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება დავუკავშიროთ "ჭაჭას-ძე"-"ჩაჩბა" "შარვაშიძეს". როგორც სავსებით სწორად მიუთითა ზ. ანჩაბაძემ, აფხაზ თავადაზნაურთა გვარების ქართული ფორმები უშუალოდ გამომდინარეობენ შესაბამისი აფხაზური გვარებიდან: მარშანია-ამარშანი, ინალიშვილი-ინალ-იფა, ანჩაბაძე-აჩბა, ძიაფშიშვილი-ძიაფშიფა, მარღანია-მაანი და ა.შ. რაც შეეხება შარვაშიძეს, ის ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს. ამ გვარის აფხაზურ ფორმას (აჩაჩბა-ჩაჩბა) არაფერი აქვს საერთო მის ქართულ ფორმასთან (შარვაშიძე). ზ. ანჩაბაძის აზრით, შარვაშიძის ძველი ქართული ფორმა - "შარვაშა(ი)ს-ძე სიტყვასიტყვით ნიშნავს "ში(ა)რვანშაჰის შვილს" [Анчабадзе, 1959:194; Папаскири, 1999:179].
როგორც ვხედავთ, თანამედროვე ისტორიულ მეცნიერებას არ გააჩნია გამოკვეთილი პასუხი შარვაშიძეთა საგვარეულოს წარმომავლობაზე, თუმცა, სრულიად აშკარაა, რომ გვიან შუა საუკუნეებში ისინი ეთნო-ტომობრივად თავიანთ თავს ერთმნიშვნელოვნად აფხაზ-აფსუებად მოიაზრებდნენ. მაგრამ აღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შარვაშიძეთა სამთავრო სახლმა შექმნა ქართული კულტურულ-პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სამყაროსაგან მოწყვეტილი საკუთრივ აფხაზური ნაციონალური სახელმწიფო. პირიქით, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე შეიძლება ვამტკიცოთ, რომ, მიუხედავად ერთგვარი გაუცხოებისა, რაც გამოწვეული იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან მოძმე ჯიქ-აფხაზთა მთიელი ტომების ახალი ტალღის მოწოლითა და მათი თავდაპირველად აფხაზეთის საერისთავოს ფარგლებში, ხოლო მოგვიანებით უფრო სამხრეთით დამკვიდრებით, აფხაზეთი გვიან შუა საუკუნეებში, ძირითადად, მაინც რჩებოდა საერთოქართული კულტურულ-პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სამყაროს ორგანულ ნაწილად და შარვაშიძეთა სამთავრო სახლის წარმომადგენლები ერთმნიშვნელოვნად მიაკუთვნებდნენ თავიანთ თავს საერთოქართულ სოციალურ-პოლიტიკურ სისტემას.
ქართული კულტურულ-პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ორგანიზმის ნაწილად მოიაზრებდა აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეებს გვიანი შუა საუკუნეების ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრიც. ყველაზე მკაფიოდ ეს გამოვლინდა XVII ს. ქართველი პოეტის, ფეშანგი ხითარიშვილის, პოემაში "შაჰნავაზიანი". პოემის მიხედვით გადამწყვეტ მომენტში სოლომონ შარვაშიძე არ გამოეხმაურა ოდიშის დედოფლის ელენე გურიელის თხოვნას, დახმარებოდა მას და ეს იმით ახსნა, რომ მეფეს "ვერ შეებრძოლებოდა" [ფეშანგი, 1935:73-74; ხორავა, 1996:104]. სავსებით სწორადაა შენიშნული ისტორიოგრაფიაში, რომ სოლომონ შარვაშიძის თვალში ვახტანგ V მხოლოდ ქართლის მეფედ არ მოიაზრებოდა. ის მისთვის სრულიად საქართველოს მეფეთა ადგილზე მჯდომი და, ამდენად, მისი სიუზერენი იყო [ხორავა, 1996:103; პაპასქირი, 2004:101].
აფხაზეთის მთავრები, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარკვეულწილად მიივიწყეს ქრისტიანული ცხოვრების წესი, ამ პერიოდშიც პატივს მიაგებდნენ "აფხაზეთის" (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსებს და მათ თავიანთ სულიერ მამებად თვლიდნენ, იმ პერიოდშიც, როდესაც "აფხაზეთის" კათალიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში იყო გადმოტანილი. ამის ნათელი დადასტურებაა ყვაპუ შარვაშიძის (XVII ს. მიწურული - XVIII ს. დამდეგი) მიერ "აფხაზეთის" კათალიკოს დავით ნემსაძისადმი დაწერილი ფიცის წიგნის ფრაგმენტი: "დაგიწერეთ და მოგართვით ჩვენ შარვაშიძემან ბატონმან ყვაპუ და ჩემმან ძმამ ქერექიმ თქუენ ჩრდილოისა და აფხაზეთისა კათალიკოზსა დავითს..."[კაკაბაძე, 1921: 88; ხორავა, 1996:117; პაპასქირი, 2004:106] შემორჩენილია სხვა ფიცის წიგნებიც, მათ შორის, "საფიცრის წიგნი", რომელიც მიართვეს ყვაპუ შარვაშიძემ და მისმა ვაჟმა ავთანდილმა "კათალიკოზს ბატონს გრიგოლს" (გრიგოლ ლორთქიფანიძე, - ზ.პ.).
აფხაზეთი, მიუხედავად პირველყოფილობისკენ მობრუნებისა, რომელმაც ნამდვილად გამოიწვია რეგიონის კულტურული დონის დაცემა, ამ პერიოდში მაინც რჩებოდა ქართული წერილობითი კულტურისა და წიგნიერების არეალში. ამის თავისებური მანიშნებელია "ფიცის წიგნები" და აფხაზეთის მთავრის "კანცელარიიდან" გამოსული სხვა ოფიციალური ხასიათის დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია ქართულ ენაზე. ეს მასალები ერთმნიშვნელოვნად მოწმობს იმას, რომ ამ პერიოდში სახელმწიფო საქმის წარმოების ენა აფხაზეთში მხოლოდ ქართული იყო. XVIII ს. II ნახევარშიც, როდესაც ოსმალეთის იმპერიამ გააძლიერა ზეწოლა აფხაზეთზე და შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ცალკეული წარმომადგენლები აიძულა, მიეღოთ ისლამი, აფხაზეთი არ იყო ამოვარდნილი საერთოქართული ენობრივ-კულტურული სივრციდან. არაა შემთხვევითი, რომ შარვაშიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელთა უმრავლესობას, მათ შორის იძულებით გამაჰმადიანებულებსაც (მაგ. როსტომ, მანუჩარ და ზურაბ შარვაშიძეები - XVIII ს. II ნახევარი), ქართული სამყაროსათვის ტრადიციული სახელები ერქვათ. უფრო მეტიც, ქართული სახელები გვხვდება აფხაზების მონათესავე უბიხებშიც. ასე მაგალითად, XIX ს. I ნახევარში უბიხთა წინამძღოლები ყოფილან ლევან ცანუბაია - "ცანბას" მეგრული ტრანსკრიპცია [Акты... 1870: 426, 429, 953] და ზურაბ ხამიში [Акты... 1884: 505].
აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეთა მიერ ორგანიზებული ჯიქ-აფხაზთა შემოჭრა და დაფუძნება ისტორიული ოდიშის ტერიტორიებზე, მიუხედავად გარკვეული თავისებურებებისა, უნდა მივიჩნიოთ ფეოდალურ შუღლად და შინაომად. შარვაშიძეთა სახლის წარმომადგენლები, როდესაც თავიანთ სამფლობელოებს აფართოებდნენ სამეგრელო-ოდიშის ტერიტორიების ხარჯზე, როგორც უკვე აღინიშნა, სულაც არ ფიქრობდნენ, შეექმნათ საერთოქართული სახელწიფოებრივ-პოლიტიკური სისტემიდან მოწყვეტილი რაღაც აფხაზურ-აფსუური ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. მათი მთავარი მიზანი (ისევე, როგორც ოდიშელ დადიანთა და გურიის მთავარ გურიელთა) იყო, დაწინაურებულიყვნენ სწორედ რომ შიდაქართულ პოლიტიკურ არენაზე და დაეკავებინათ წამყვანი პოზიციები საერთოქართულ სახელმწიფობრივ-პოლიტიკურ სივრცეში, ანუ შარვაშიძეთა სახლს ვერ წარმოედგინა თავისი თავი ქართული სახელმწიფოებრივი და კულტურულ-პოლიტიკური სამყაროსაგან მოწყვეტით. პირიქით, შარვაშიძეები ყოველნაირად ცდილობდნენ, პირველივე ხელსაყრელი შემთხვევა გამოეყენებინათ როგორც დადიანთა ადგილის, ისე თვით იმერეთის სამეფო ტახტის დასაკავებლად. ამას თვალნათლივ ადასტურებს სორეხ შარვაშიძის მიერ ოდიშის სამთავრო ტახტის დაკავების მცდელობა XVIII ს. 80-იანი წლების დამდეგს [თამარაშვილი, 1902:208; ხორავა, 1996:114]. ის, რომ შარვაშიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები სულაც არ აპირებდნენ ენგურზე შეჩერებას და სამეგრელოს ცენტრალურ რაიონებში შეჭრასაც გეგმავდნენ, ჩანს ყვაპუ შარვაშიძის ქმედებიდან. მან გადმოლახა ენგური, დაიკავა სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პუნქტი - რუხი - და ის ფაქტობრივად თავის რეზიდენციად აქცია [ხორავა, 1996:121]. ცნობილია, რომ ყვაპუ შარვაშიძე სწორედ რუხში გარდაიცვალა 1704 წელს. საინტერესოა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გელათიდან საგანგებოდ ჩამოვიდა "აფხაზეთის" კათოლიკოსი გრიგოლ ლორთქიფანიძე, რომელმაც ჭირისუფლის ოჯახისაგან "ნიშანი" (სპეციალური გადასახადი ეკლესიის სასარგებლოდ: გარდაცვლილის პირადი ნივთები, იარაღი, შეკაზმული ცხენი, ყმა-მამული) აიღო [ქართული... 1970:670; ხორავა, 1996:122].
ნათელ დადასტურებად იმისა, რომ შარვაშიძეთა სამთავრო სახლის წარმომადგენლები უპირობოდ მიაკუთვნებდნენ თავიანთ თავს ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ სამყაროს, გარდა ყვაპუ შარვაშიძის ზემოხსენებული საფიცრის წიგნებისა, შეიძლება მივიჩნიოთ ქელეშ-ბეი შარვაშიძისა და მისი მემკვიდრეების: გიორგი (საფარ-ბეი) შარვაშიძისა და მიხეილ შარვაშიძის ეპისტოლარული მემკვიდრეობა და მათი „კანცელარიიდან" გამოსული სხვა ოფიციალური დოკუმენტები. დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ეს მთავრები თავიანთ ოფიციალურ და არაოფიციალურ მიმოწერას მხოლოდ ქართულ ენაზე აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამას ადასტურებენ თვით კავკასიის რუსული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები. კერძოდ, მიხეილ შარვაშიძის კარზე მყოფი რუსი გენერლის კოცებუს განცხადებით "в фамилии князей Шарвашидзе употребительний письменный язык грузинский" [ჩხეტია, 1963:154].
ამ მხრივ განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ქელეშ-ბეი შარვაშიძის მიერ შედგენილი ხელწერილი (დათარიღებულია 1806 წლის 20 მაისით), რომელიც მან მისცა თავის ძმისწულს - სოსრანბეგს: "ესე ხელწერილს გაძლევ შენ, ჩემს ძმისწულს ბექირბექის შვილს სოსრანბეგს, ასე რომ მე და შენ შევგულძვირდით და ღენერალ-მაიორ რიქხოფს და ბატონ დედოფალს (სამეგრელოს მთავრის ქვრივი ნინო ბაგრატიონი-დადიანი, - ზ.პ.) ეახელი; აწ ამათმან უგანათლებულესობამ ინება ჩვენი და შენი გარიგება და თავათ დედოფალი მობრძანდა... და გაგვარიგეს... ჩემგან არც სიკვდილით, არც დაჭერით, არც კაცის შეჩენილობით ფიქრი არ გქონდეს, თუ ცხადად შენგან ვნება არ გამოცხადდეს რა..." [Акты... 1868:190; პაპასქირი, 2004:129-130].
ქელეშ-ბეი შარვაშიძის ეს ხელწერილი ინტერესს იწვევს სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ამჯერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის შედგენილია შუა საუკუნეების საქართველოში გამომუშავებული დიპლომატიკური ნორმების მიხედვით. გარდა ამისა, საყურადღებოა ის, რომ ეს ხდება არა სამურზაყანოში, რომელიც მეტად იყო ინტეგრირებული დანარჩენ საქართველოსთან, არამედ ე.წ. "უშინაგანეს" აფხაზეთში, იმ მთავრის კარზე, რომელიც ითვლებოდა "მართლმორწმუნე მუსლიმად". აი, ეს აფხაზეთიც ცხოვრობდა იმ ფეოდალურ-ბატონყმური სისტემის ("რიგი ბატონყმობისა") პირობებში, რომელიც საყოველთაო იყო მთელი საქართველოსათვის. ყოველივე ეს აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რომ, მიუხედავად გვიანი შუა საუკუნეების აფხაზეთის ერთგვარი "გაბარბაროსებისა", რაც, როგორც უკვე აღინიშნა, გამოწვეული იყო მონათესავე მთიელ ტომთა ახალი ტალღით, ეს რეგიონი მაინც ქართული ფეოდალური სამყაროს ნაწილად მოიაზრებოდა, ხოლო სამთავროს ოფიციალურ ენად კვლავ ქართული რჩებოდა.
შარვაშიძეთა სამთავრო სახლის საერთო-ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურულ-პოლიტიკური მენტალიტეტი ყველაზე მკაფიოდ მაინც გამოვლინდა გიორგი (საფარ-ბეი) შარვაშიძის მიერ ქართულ ენაზე შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტში - ე.წ. "სათხოვარ პუნქტებში", რომლითაც იგი აფხაზეთის რუსეთის იმპერიის პროტექტორატში შესვლას ითხოვდა. სავსებით სწორადაა შენიშნული ისტორიოგრაფიაში, რომ "სათხოვარი პუნქტების" მომზადებისა და წარდგენის პროცედურაში უდავოდ იდო გარკვეული პოლიტიკური აზრი [Пайчадзе, 1999:217]. თავისი დოკუმენტის, რომლის თანახმადაც, აფხაზეთი ოფიციალურად ამყარებდა ურთიერთობას რუსეთის სახელმწიფოსთან, სწორედ ქართულ ენაზე გაფორმებით აფხაზეთის მთავარი რუსულ მხარეს (და მთელ მსოფლიოს) თვალნათლივ უჩვენებდა, თუ რომელ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ სამყაროს წარმოადგენდა აფხაზეთის სამთავრო საერთაშორისო ურთიერთობებში XIX ს. დამდეგს.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის თაობაზე თავიანთ თხოვნას შარვაშიძეთა სახლის წარმომადგენლები, როგორც წესი, ისტორიული გარემოებებით ასაბუთებდნენ. აი, რას წერდა, მაგალითად, ამასთან დაკავშირებით გენერალ პავლე ციციანოვს სამურზაყანოს მთავარი მანუჩარ შარვაშიძე: "ადრიდანვე უფლის დადიანის გრიგოლის დამორჩილებულ ვიყავ და ბრძანებითა მისითა პუნკტსა თქვენ მიერ წარმოგზავნილსა ხელი მოვაწერე... ვინადგან ქვეყანა ჩვენი იყო ზედმოკიდებულ დადიანისა კერძო ვიდრე აშლილობისა ჟამამდე და არა აქვინდა უფლება, არ-ცა უწინარეს და არცა ამას ჟამსა, არც პორტსა ათმანისა და არც ქელაშ-ბეგსა" [Акты... 1868:536. ხაზგასმა ჩვენია, - ზ.პ.].
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისა, რომ აფხაზეთის სამთავრო სახლი სრულიად გარკვევით მიიჩნევდა თავს საერთოქართული ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სამყაროს განუყოფელ ნაწილად, არის ის, რომ აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე და მისი ვაჟი - გიორგი შარვაშიძე დაკრძალეს მოქვის ტაძარში და მათ საფლავზე ეპიტაფია ამოკვეთილია ქართული ასომთავრულით. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმების (1864) შემდეგაც შარვაშიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები საგანგებოდ უსვამდნენ ხაზს იმას, რომ ისინი ქართველი თავადები იყვნენ.
შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურულ-პოლიტიკური თვითშეგნების შესახებ მსჯელობისას არ შეიძლება საგანგებოდ არ შევჩერდეთ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის ვაჟისა და მემკვიდრის, XIX ს. უკანასკნელი მეოთხედისა და XX ს. დამდეგის ქართული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი შარვაშიძის საქმიანობაზე.
გიორგი შარვაშიძე უდავოდ ტრაგიკული პიროვნებაა. ის, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, მოგვევლინა თავისი თანამემამულეების მძლავრი ანტირუსული ამბოხების (1866 წლის აფხაზთა აჯანყება) მედროშედ, რის გამოც თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში იდევნებოდა რუსეთის იმპერიული რეჟიმის მიერ. ქართული ფეოდალური არისტოკრატიის საუკეთესო ტრადიციებზე აღზრდილმა გიორგი შარვაშიძემ ბავშვობიდანვე შეისისხლხორცა როგორც მშობლიური აფხაზეთის, ისე თავისი დიდი სამშობლოს - საქართველოს, რომელსაც ის ხშირად ივერიას უწოდებდა, სიყვარული და ერთგულება. ის, რომ გიორგი შარვაშიძე თავის სამშობლოდ პირველ რიგში მიიჩნევდა საქართველოს მთლიანად და არა საკუთრივ აფხაზეთს, არავითარ ეჭვს არ იწვევს. თუმცა, ეს სულაც არ გვაძლევს უფლებას, ეჭვი შევიტანოთ მის, ისევე როგორც საერთოდ გვიანი შუა საუკუნეების შარვაშიძეთა საგვარეულოს, აფხაზობაში ეთნო-ტომობრივი თვალსაზრისით. გიორგი შარვაშიძეს, რომელიც უდავოდ იყო ქართველი ისტორიულ-კულტურულად, სავსებით ნათლად ჰქონდა გაცნობიერებული თავისი ეთნო-ტომობრივი აფხაზობა. ამის ნათელი დადასტურებაა მისი პოეტური შედევრი "ვარადა" (აფხაზური მისამღერი), რომელშიც ის მთელი გრძნობით გამოხატავს სურვილს, რომ არ მოსწყდეს თავის აფხაზურ ფესვებს: "განგებავ! ამას ნუ მიწყენ,/ვერ გადავგვარდე გვარადა,/ ხანდისხან წავიღუღუნო მამაპაპური ვარადა" [შარვაშიძე A, 2006: 97. ხაზგასმა ჩვენია, - ზ.პ.].
სწორად აღნიშნავდა აკად. სიმონ ჯანაშია, რომ "მშობლიური თავისებურების დიდი გრძნობის წიაღში შეიძლებოდა მხოლოდ დაბადებულიყო ისეთი შედევრი, როგორიცაა... აფხაზური სიმღერა "ვარადა" - უშინაგანესი ლირიკული მღელვარების პოეტური შენივთება" [ჯანაშია, 1988:22.]. ეს აფხაზი, მშობლიურ აფხაზეთზე უსაზღვროდ შეყვარებული, თავისი კუთხისა და აფხაზური ენის შესანიშნავი მცოდნე [ჯანაშია, 1988:22], ამავე დროს იყო თავისი დიდი სამშობლოს - საქართველოს - ჭეშმარიტი შვილი და გულანთებული პატრიოტი, რომელიც ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას, მედგრად დამდგარიყო საქართველოს სადარაჯოზე, დაეცვა მისი ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობა და საკადრისი პასუხი გაეცა დიდი სამშობლოს არაკეთილმოსურნეებისათვის. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, გიორგი შარვაშიძის წერილი გერმანული გაზეთის „Berliner Tageblatt"-ის რედაქტორისადმი ამავე გაზეთში კორესპონდენტ ლორენცის მიერ გამოქვეყნებული სტატიის პასუხად. ამ სტატიაში კორეპონდენტი მკითხველებს მოუთხრობდა თავისი მოგზაურობის შესახებ გაგრაში, სადაც იგი პრინც ოლდენბურგის მიწვევით იმყოფებოდა. კორესპონდენტის მტკიცებით, წვეულების დროს "ადგილობრივი მაღალი წოდების წარმომადგენლებს, რომლებიც ემსახურებოდნენ სუფრას", თურმე "ერთ-ერთი სტუმრისათვის პალტო მოუპარავთ". ერთგვარი ზიზღით წერდა ლორენცი თბილისზეც, იგი აღნიშნავდა, რომ "აქ ადამიანები და ცხოველები ერთნაირ მდგომარეობაში არიან".
გიორგი შარვაშიძემ ამ პასკვილს ასე უპასუხა: "... этот народ, к которому он (ლორენცი,-ზ.პ.) отнёсся презрительно, имеет блестящее историческое прошлое... грузины-рыцари, ходившие в крестовый поход поборниками первого христианства, стояли у врат Кавказа... в течение пятнадцать веков не для того, чтобы врываться в чужие страны и расхищать чужое добро, а для защиты отечества, - для охраны христианской культуры и гражданского быта... у грузин есть богатейшая древняя эпическая литература, сравниваемая с мировыми произведениями... в иерархии грузинских царей и народа встречаются имена необыкновенных героев и людей гениальной мудрости и т.п..." [Письмо... 1911; ლეკიშვილი, 1975: 85-286. ხაზგასმა ჩვენია, - ზ.პ.].
ამ წერილიდან სრულიად აშკარად ჩანს, რომ გიორგი შარვაშიძისათვის აფხაზები და აფხაზეთი ქართველებისა და საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს არის ერთიანი კულტურულ-პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სამყარო. სწორედ ქართველთა და აფხაზთა ამ საერთო სამშობლოთი ამაყობს ის. აი, რატომაა, რომ 1917 წელს, როდესაც გამოიკვეთა ქართული ეროვნული სახელმწიფოს აღორძინების კონტურები, გიორგი შარვაშიძე მთელი არსებით მიესალმა ახალი ეპოქის დადგომას. ამასთან დაკავშირებით დიდ ინტერესს იწვევს მისი წერილი, გამოქვეყნებული გაზეთ "საქართველოს" (1917 წ. 25-29 ივნისი) ფურცლებზე: "მართალია, ჩვენს სამშობლოს ივერიას ყოველგვარი დიდი კულტურული განცდა გამოუვლია, მაგრამ ჩვენი წარსული ისეთს ჟამს გაშეშდა, რომ დაგვებნა ბუნებრივი ევოლუციის შარა და კანონი. დიაღ, ჩვენ შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ, რომ იღბალის უკუღმართობას რომ ხელი არ შეეშალა, ევროპის წინათაც კი ვიქნებოდით ჩვენ დღეს... ამ დროს, როდესაც შეგნებული ნაწილი ივერთა დაკუწულ ხალხისა, ხელგულდაკრეფილი, იდგა საფლავებზე თავის დავიწყებული, დამარხული დიდებისა, დღეს, უეცრად გაისმა ხმა სიმართლისა და თავისუფლებისა! დაჰკრა საქართველომ ნაღარა, დაჰკივლა ვაშა, ვაშა!" ასეთი ეროვნული გამოღვიძების ფონზე გიორგი შარვაშიძეს გულს უკლავს მავანთა შეძახილები: "ჩვენ არა გვსურს თავისუფლება, არ ვეძებთ ავტონომიას, ხალხი ქვეყნიერობისა ყველა ერთია, ჩვენ გვინდა მხოლოდ მუშა ხალხს მიეცეს სიკეთე-შეღავათი. ამისათვის საჭიროა მამულები ჩამოერთვას მებატონეებს და დაურიგდეს მიწათ მუშებს, ძირს წოდება და მიწათპატრონობა და სხ... აგრე - სოფლურ ანგარიშზე ჩამოქვეითდა ბრწყინვალე მზე ერის განთავისუფლებისა და გამოცოცხლებისა" [შარვაშიძე, 1917; შარვაშიძე A, 2006:306-307. ხაზგასმა ჩვენია, - ზ.პ.]. მართლაც, ძნელია არ აღფრთოვანდე გიორგი შარვაშიძის ამ დიდი ეროვნული, ჭეშმარიტად ილიასეული შემართებით.
გიორგი შარვაშიძის, როგორც საქართველოს დიდი პატრიოტის, მამულიშვილის, მუდამ მშობლიური ქვეყნის ჭირ-ვარამზე დაფიქრებული კაცის, ეროვნული სატკივარი შესანიშნავადაა გადმოცემული ლექსში "პასუხი ვ.ო.", რომელიც მას დაუწერია ბათუმში. ამ ნაწარმოებით ავტორი გამოეხმაურა გაზეთ "დროებაში" (#1, 1883 წ.) გამოქვეყნებულ ვახტანგ ორბელიანის ლექსს - "ამერ-იმერს". "პასუხი ვ.ო." ცენზურის ზეწოლის გამო ვერ დაბეჭდა "დროებამ". გიორგი შარვაშიძე უერთდება მეგობარი პოეტის პატრიოტულ სულისკვეთებას და გულისტკივილით იგონებს იმ დროს, როდესაც საქართველო იყო ერთიანი:
"...დიაღ, მოგასწროს ის ბედნიერი/დღე, როცა ხალხში შეერთებული,/ ძველებურათა ძველი ივერი/შეიქმნას მძლე და სახელ-ქებული/და საქართველოს ყოველ კუთხიდამ/ლხინის საყვირთა გვესმას ტკრციალი;/იმერთა მღერა მთისა ლიხიდამ,/ ამერს დასძახდეს იარი-იალალი!../დე, ნუღარ ვიყო მაშინ ცოცხალი/ და ნუღარცა სცემს ტანჯული გული,/ეხლავ წინდაწინ ოცნებით მთვრალი/შენთან გახლავარ, ძმავ ალლა-ვერდი!" [ლეკიშვილი, 1975:256-257].
გიორგი შარვაშიძე მწარედ განიცდის, რომ ქართველობაში დაიკარგა ერთიანობის შეგრძნება, ქვეყანა მოიცვა შურმა და დაპირისპირებამ: "რაღაც პაწია დასები, აზრები აჭრელებულნი,/ვაჰმე სად არი ქართველი ძველის ძველიდან ქებული" [ლეკიშვილი, 1975:256-257].
ამჯერად ჩვენ გასაგები მიზეზების გამო თავს შევიკავებთ გიორგი შარვაშიძის ამ ბრწყინვალე ნაწარმოების ყოვლისმომცველი სრულფასოვანი ანალიზისაგან, ვფიქრობთ, ეს სპეციალისტების საქმეა. ვიტყვით მხოლოდ, რომ გიორგი შარვაშიძის ეს ლექსი თამამად შეიძლება ამოვუყენოთ გვერდში ქართული პატრიოტული ლირიკის საუკეთესო ნიმუშებს.
გიორგი შარვაშიძის, როგორც ქართველი მოღვაწის, საქართველოზე, ქართულ ენაზე, მშობლიურ ქართულ მწერლობაზე მზრუნველი კაცის სახე არაჩვეულებრივად წარმოჩნდა მის კიდევ ერთ პუბლიკაციაში: "ქართული ენის გარშემო" [შარვაშიძე, 1915]. სტატიაში ის ქართული სამწიგნობრო ტრადიციების აქტიური დამცველის როლში გვევლინება. მას არ მოსწონს "სხვათა ენიდან უხეშად თარგმნა სიტყვისა და მიბაძვით გადმოლაგება სხვათა გონებრივი ვინაობისა". გიორგი შარვაშიძის აზრით, ეს "სამშობლო ენის გადაგვარებისადმი" მისწრაფების გამოხატულებაა [შარვაშიძე, 1915; ჯანაშია, 1988:20]. იგი მეტად შეწუხებულია, აგრეთვე, ქართულში უცხო სიტყვების უსისტემო მომრავლებით. მწერლის აზრით, უცხო სიტყვებსა და ტერმინებს "უნდა მივმართოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ როცა დასტურ ქართულად არ ითქმება აზრისა შინაარსი... დიაღ, საჭიროა ვეცადოთ ჩვენს ენას შევსძინოთ, გავამდიდროთ და არა გადავაშენოთ, გარდავაგვაროთ" [შარვაშიძე, 1915; ჯანაშია, 1988: 20]. როგორც ვხედავთ, აქაც ჭეშმარიტად ილიასებურ ზრუნვას იჩენს გიორგი შარვაშიძე თავისი მშობლიური სამწერლობო ენისადმი.
დასასრულს, გიორგი შარვაშიძის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ-პოლიტიკურ თვითშეგნებაზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ მის გამოსვლას ე.წ. "აფხაზი ხალხის ყრილობაზე" 1917 წლის 8 ნოემბერს. ანტიქართულად განწყობილი აფხაზი ნაციონალისტი ლიდერების მიერ მოწვეულმა ამ თავყრილობამ ფეხქვეშ გათელა მრავალსაუკუნოვანი ქართულ-აფხაზური ისტორიული თანაცხოვრება და აფხაზი ხალხის მომავალი დაუკავშირა ე.წ. "კავკასიის გაერთიანებულ მთიელთა კავშირს". "ყრილობის" მკვეთრად გამოხატულმა ანტიქართულმა პათოსმა და მიმართულებამ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა პროტესტი გამოიწვია. როგორც აღნიშნავს თავისი სეპარატისტული განწყობილებებით ცნობილი მიხეილ ტარნავა, ყრილობაზე გამოცხადნენ აკაკი ჩხენკელი - რუსეთის (IV) სათათბიროს დეპუტატი, "ოზაკომის" („Особый Закавказский комитет" - ამიერკავკასიაში რუსეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი ორგანო) წევრი და სხვა ცნობილი პიროვნებები, რომელთა შორის გიორგი შარვაშიძეც იყო.
გიორგი შარვაშიძემ აფხაზურ ენაზე მიმართა "ყრილობის" მონაწილეებს, აუხსნა მათ რუსეთში განვითარებული მოვლენების არსი, მიულოცა თავისუფლების მოახლოება და ქართველ ხალხთან მეგობრობისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდა: "თქვენ თქვენს უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმოქმედეთ და იბრძოლეთ თავისუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგიერთებს არ მოეწონებათ ჩემი ასეთი აზრი, რადგან ისინი მოსკოვისაკენ იყურებიან, მე კი _ თბილისისაკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისათვის, გარდა საქართველოსთან მჭიდრო კავშირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირში და ლხინში". ამ განცხადების შემდეგ თანამოძმეთა ანტიქართული დემარშით გაწბილებულმა გიორგი შარვაშიძემ დატოვა დარბაზი და შემდგომ არც მობრუნებულა. სულ რაღაც სამ თვეში - 1918 წლის 19 თებერვალს - საქართველო შეძრა სოხუმიდან მოსულმა ცნობამ, რომ დიდი მამულიშვილი გარდაიცვალა.
გიორგი შარვაშიძის, აფხაზური თავადაზნაურული ელიტის ამ უკანასკნელი მოჰიკანის, ქართულ-აფხაზური ისტორიული ძმობისა და ერთობის ნამდვილი ბურჯის, უეცარი გარდაცვალება 1918 წლის დამდეგს, როდესაც ახლადმოვლენილი აფხაზი ლიდერები ყოველნაირად ცდილობდნენ მისი მშობლიური კუთხის დანარჩენი საქართველოსაგან მოწყვეტას, რამდენადმე სიმბოლურიც კი იყო. თავისი დიდი სამშობლოს - საქართველოს - მხურვალე პატრიოტმა ჭეშმარიტად მამულიშვილური, შეურიგებელი პოზიციის გამო არაერთხელ იწვნია რუსეთის ხელისუფლების რისხვა. მისმა გულმა ვერ აიტანა თანამოძმეთა ღალატი. სავსებით ნათელი იყო, რომ ახალ აფხაზ ლიდერებს სრულიად განსხვავებული იდეალები ჰქონდათ. მათ უკვე არ შეეძლოთ და არც სურდათ გიორგი შარვაშიძის ნაკვალევზე სვლა. ამისთვის არ აღუზრდია ისინი "დედა-რუსეთს". ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია იმდროინდელი ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს. კერძოდ, აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ ნიკო თავდგირიძემ გიორგი შარვაშიძის დაკრძალვაზე: „იმ აბხაზებმა, რომლების ღირსებას უცხოელები შენით პატივს ცემდნენ, რომლების თავისუფლებისათვის შენ შესწირე მთელი შენი დიდებული კარიერა, ყოველივე შენი ქონება, სიმდიდრე, შენი აქ ჩამოსვლა ვერც კი შეამჩნიეს... შენი აქ ყოფნით ვერ ისარგებლეს... შენდამი უყურადღებობა სწორედ დანაშაულება იყო... რა უსამართლობა, რა ირონია ცხოვრების: მთელი შენი მშვენიერი, მომხიბლავი ახალგაზრდობის ძალა, არა ჩვეულებრივი განსაკუთრებული უპირატესობით აღსავსე გარემოება მსხვერპლად შესწირე იმას, რომ შენს პატარა, მაგრამ შენთვის ცხოვრებაში ერთად-ერთ საფასურ-განძს - აბხაზეთს თავისუფლება მოვლინებოდა და შენ უკანასკნელი თავის ძალით, როგორც ბიბლიური სიმონი მიჰგებებოდი მას, მაგრამ შენმა საყვარელმა ხალხმა-აბხაზებმა გვერდი აგიხვია, ვერ შეგამჩნია შენ და იმ რუსის აღზრდა-აზროვნება-მიმართულებით გაჟღენთილ ადამიანებს მიჰყვა, რომელთან ბრძოლას შენი ხალხის დაჩაგვრისათვის მთელი შენი კაცთა შორის აღიარებული ბედნიერება შესწირე" [თეატრი... 1918; შარვაშიძე B, 2006: 39-40. ხაზგასმა ჩვენია, - ზ.პ.].
ასეთია ჩვენი დაკვირვებები შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ-პოლიტიკურ მენტალიტეტზე. რასაკვირველია, აქ მოტანილ მასალას არ შეიძლება ჰქონდეს მოცემული პრობლემის სრულად და ამომწურავად გაშუქების პრეტენზია, თუმცა, ამ მცირედითაც სავსებით ნათელია, რომ შარვაშიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები მთელი შუა საუკუნეების მანძილზე და მოგვიანებითაც (აფხაზეთის სამთავროს გაუქმებამდე და შემდგომაც) ერთმნიშვნელოვნად ასახიერებდნენ საერთოქართულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ-პოლიტიკურ სამყაროს და თავიანთ თავს მოიაზრებდნენ ქართული პოლიტიკური ელიტის განუყოფელ ნაწილად.
ფრაგმენტები აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეთა ოფიციალური და არაოფიციალური მიმოწერიდან იხ. [პაპასქირი, 2004:105-108, 120, 122, 126-127, 129-130, 166-170, 186].
სრული ტექსტი იხ. [სახალხო... 1989].
"სათხოვარი პუნქტების" ტექსტი თავდაპირველად შეუქმნიათ რუსეთის საგარეო სამინისტროში, შემდეგ ის უთარგმნიათ ქართულად და, როგორც ორიგინალი, გიორგი შარვაშიძის ხელმოწერითა და ბეჭდით, აგრეთვე, აფხაზეთის თავადთა ხელმოწერებით დამოწმებული, რუსული ტექსტთან ერთად წარუდგენიათ რუსეთის ხელისუფლებისათვის [Пайчадзе, 1999:217] .
ამასთან დაკავშირებით არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ აფხაზეთის შემოერთებისას რუსეთის იმპერიის ხელისუფლება თვითონაც ყოველნაირად უკეთებდა რეკლამას ე.წ. "ისტორიულ გარემოებებს" და ხაზგასმით ადასტურებდა აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ისტორიულ ერთიანობას. ეს ნათლად ჩანს გენერალ პავლე ციციანოვის გრაფ ა. ვორონცოვისადმი სანქტ-პეტერბურგში მიწერილ 1803 წ. 27 ოქტომბრით დათარიღებულ შეტყობინებაში, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ქელეშ-ბეი შარვაშიძე და მისი სამფლობელო XV საუკუნეში წარმოადგენდა ივერიის პროვინციას [Акты...1868:463]. ისტორიულად ქართულ ქრისტიანულ სამყაროს აკუთვნებდა აფხაზეთს საქართველოს კიდევ ერთი მთავარმართებელი გენერალ გუდოვიჩიც [Акты... 1869:208-209] .
ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია ალექსანდრე შარვაშიძის ცნობილი რეპლიკა: "მე არა აფხაზი, არამედ ქართველი თავადი ვარ" - "Я не абхазский, а грузинский князь" [ბერძენიშვილი, 1990:611. ხაზგასმა ჩვენია, - ზ.პ.].
ეს ლექსი მოიძია და გამოაქვეყნა ს. ლეკიშვილმა [ლეკიშვილი, 1975:256-257].
ეს მასალა გამოქვეყნებულია ბერლინში გამომავალ ქართულ გაზეთში "თეთრი გიორგი" 1931 წელს. იხ. [გაუცხოების... 1931; ჩიტაია, 2006: 125-126].
ლიტერატურა
ანჩაბაძე გ. 2006 |
შარვაშიძეთა გვარის წარმოშობის შე¬სა¬ხებ. ქა¬რ¬თუ¬ლი წყა¬როთ-მცოდნეობა. XI. თბილისი. |
ბერძენიშვილი ნ. 1990 |
საქართველოს ისტორიის საკითხები. თბილისი. |
ბერძენიშვილი ნ. 1957 |
წერილი რედაქტორს. ლიტერა¬ტუ¬რუ¬ლი გაზეთი, 8.II. 1957, #6 |
ბროსე მ. 1895 |
საქართველოს ისტორია, ნიკო ღოღობერიძის გამოცემა. ნაწილი I. ტფილისი. |
გაუცხოების... 1931 |
გაუცხოების დასაწყისი (1917-1920). გაზ. “თეთრი გიორგი”. ბერლინი. |
თამარაშვილი მ. 1902 |
ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შო¬რის. ნამდ¬ვი¬ლის საბუ¬თე-ბის შემოტანითა და განმარტებით. XIII საუკუნიდგან ვიდ¬¬რე XX საუკუნემდე. ტფილისი. |
თეატრი... 1918 |
“თეატრი და ცხოვრება”, # 10. 1918. |
ისტორიანი... 1959 |
ისტორიანი და აზმანი შარავანდედიანი. – ქართლის ცხო¬¬ვრე¬ბა. ტექსტი დადგენილი ყვე¬ლა ძი¬რი¬თადი ხელ¬ნაწერის მი¬ხე¬¬დ¬ვით ს. ყაუხჩი¬შვი¬ლის მიერ. ტომი. II. თბილისი. |
კაკაბაძე ს. 1921 |
დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. წიგნი. I. ტფილისი. |
ლეკიშვილი ს. 1975 |
გიორგი შარვაშიძე. დოკუ¬მენტური მასალები. საქართ¬ვე¬¬ლოს მოამბე, #31-32. თბილისი. |
მატიანე... 1955 |
მატიანე ქართლისა. – ქართლის ცხოვრება. ტექსტი დად¬გე¬ნი¬ლი ყვე¬¬ლა ძი¬რი¬თადი ხელნაწერის მი¬¬ხედვით ს. ყაუხ¬ჩი¬შვი¬ლის მიერ. ტ. I. თბილისი. |
პაპასქირი ზ. 2004 |
ნარკვევები თანამედროვე აფ¬ხა¬ზეთის ისტო¬რიუ¬ლი წარ¬სულიდან. ნაკვ. I. უძველესი დროიდან 1917 წლამდე. თბილისი. |
ფეშანგი 1935 |
ფეშანგი. შაჰნავაზიანი. ტომი I. თბილისი. |
სახალხო... 1989 |
სახალხო განათლება. 1989 წელი. 31 მაისი. |
ქართული... 1970 |
ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გა¬მოს¬¬ცა, შე¬ნი¬შვ¬ნე¬ბი და საძიებლები დაურთო ი. დო¬ლიძემ. ტომი. III. თბილისი. |
შარვაშიძე გ. 2006 |
თხზულებანი ორ ტომად. ტომი. I. ქუთაისი. |
შარვაშიძე გ. 2006 |
თხზულებანი ორ ტომად. ტ. II. ქუთაისი. |
შარვაშიძე გ. 1915 |
ქართული ენის გარშემო. საქართველო. #169. |
შარვაშიძე გ. 1917 |
სოციალიზმი და საქართველო. საქართველო. #137-140. |
ჩიტაია დ. 2006 |
აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლი¬კაში. აფხა¬-ზე¬თის სა¬ხა¬ლ¬ხო საბჭო 1917-1921 წლებში. თბილისი. |
ჩხეტია შ. 1963 |
აფხაზეთის სამთავროს ისტო¬რი¬ი¬სა¬თ¬ვის. 1853-1855 წ.წ. საის¬ტო¬რიო მოამბე, #15-16. თბილისი. |
ხორავა ბ. 1996 |
ოდიშ-აფხაზეთის ურთი¬ერ¬თობა XV-XVIII ს.ს. თბილისი. |
ჯანაშია ს. 1988 |
გიორგი შარვაშიძე. კულტურულ-ისტორიული ნარ¬კ¬ვე¬¬¬ვი. შრო¬მები. ტომი. VI. თბილისი |
Акты... 1868 |
Акты, собранные Кавказскою археографической комис¬с謬ею. Под ред. А. Берже, том II. Ти¬ф¬лис. |
Акты... 1869 |
Акты, собранные Кавказскою археографической коми¬с¬с謬¬¬¬ею. Под ред. А. Берже, том III. Тифлис. |
Акты.. 1870 |
Акты, собранные Кавказскою археографической коми¬сс謬¬ею. Под ред. А. Берже, том IV. Тифлис. |
Акты... 1884 |
Акты, собранные Кавказскою археографической комисси¬ею. Под ред. А. Берже, том IX. ч. I. Тифлис. |
Анчабадзе З. 1959 |
Из истории средневековой Аб¬ха¬зии (VI-XVII вв.). Сухуми. |
Гулия Д. 1925 |
История Абхазии, том I. Тифлис. |
Инал-ипа Ш. 1976 |
Вопросы этно-культурной истории абхазов. Сухуми. |
Пайчадзе Г. 1999 |
Абхазия в составе Российской империи. 1810-1917 гг. – Разыскания по истории Абхазии/Грузия. Тбилиси. |
Папаскири З. 1999 |
Территория Абхазии в XI-XV вв. – Ра¬зыскания по истории Абха-зии\Грузия. Тбилиси. |
Письмо… 1911 |
Письмо светлейшего князя Г. М. Шервашидзе, посланное им в ред. Газ. «Berliner Tageblatt». “Закавказская речь”. #146. |