დიალოგურობა, თავისუფალი ირიბი სტილი და ირონია, როგორც მხატვრული მეთოდი, ლორენსის მოთხრობის, „The Lovely Lady“, ერთი ფრაგმენტის ინტერპრეტაციის პრობლემის ფონზე
დევიდ ლორენსის მოთხრობის ერთი ფრაგმენტის თარგმანის ანალიზს ვიდრე შევუდგებოდეთ, უპრიანია, შევეხოთ ამ ინგლისელი ავტორის დამოკიდებულებას საკუთარი ნაწარმოებების პერსონაჟებისადმი და აღვნიშნოთ, რა პოზიციას იკავებს ამ მხრივ მწერალი თავის ქმნილებებში. ლორენსის სამწერლო მოღვაწეობა რომანის განვითარების იმ საფეხურს დაემთხვა, როდესაც ავტორის ხმამ პერსონაჟებთან შედარებით დაკარგა უპირატესობა; ავტორი და პერსონაჟი თანასწორ სიბრტყეში აღმოჩნდნენ. შედეგად, რომანმა დიალოგური ხასიათი შეიძინა და ლორენსის ნაწერებში, რომელთაც თეორეტიკოსები სამაგალითოდ განიხილავენ ბახტინის დიალოგურობის ჩარჩოში, დიალოგურობა სწორედ თავისუფალი ირიბი სტილით (free indirect style (FIS)) წარმოჩნდა [Sotirova, 2013:21-53]. ამ სტილს თავისუფალ ირიბ მეტყველებას (free indirect speech (FIS)), თავისუფალ ირიბ აზროვნებასა (free indirect thought (FIT)) და თავისუფალ ირიბ დისკურსსაც (free indirect discourse (FID)) უწოდებენ. მისი მთავარი თავისებურება ისაა, რომ მოქმედება თუ მეტყველება პერსონაჟის პოზიციიდან აღიქმება და, მართალია, რეალურ დროსა და სივრცეში კონკრეტული გამონათქვამის უკან ავტორი დგას, ნაწარმოების ფარგლებში ეს დისკურსი მხოლოდ პერსონაჟის პრიზმიდან უნდა გავითავისოთ, მხოლოდ მისგან მომდინარედ უნდა აღვიქვათ [Verdonk, 2010:48-50]. დიალოგურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს: ერთ სიტყვაში ერთდროულად ორი ხმის ექო ისმის – ავტორისა და პერსონაჟის.
ლინგვისტური თვალსაზრისით, თავისუფალი ირიბი სტილი პირდაპირი და ირიბი ნათქვამის ნაზავს წარმოადგენს. უფრო თვალსაჩინო რომ გავხადოთ მისი რაობა, მოვიხმობთ კონკრეტულ მაგალითებს, რომელთაც როი პასკალი FIS-ის ისტორიაზე საუბრისას იყენებს თავის ნაშრომში, მათ იმოწმებს სორიტოვაც: პირდაპირი ნათქვამი – „He stopped and said to himself, ‘Is that the car I saw here yesterday?|“ ირიბი ნათქვამი: „He stopped and asked himself if that was the car he had seen there the day before“. თავისუფალი ირიბი სტილი: „He stopped. Was that the car he had seen here yesterday?“ როგორც ვხედავთ, თავისუფალ ირიბ სტილში გაერთიანებულია, ერთი მხრივ, პირდაპირი ნათქვამის (here, yesterday) ელემენტები, მეორე მხრივ – ირიბი ნათქვამისა (was, he had seen). სწორედ ეს ნაზავი იძლევა ავტორ-პერსონაჟის თანაარსებობის (დიალოგურობის) განცდას – იქ, სადაც, ერთი შეხედვით, დროისა და ადგილის ზმნიზედები ავტორის პოზიციიდან უნდა შეირჩეს (there, the day before), პერსონაჟის დრო და სივრცეა შემოთავაზებული (here, yesterday) [Sotirova, 2011:18-19], თუმცა უმეტეს შემთხვევაში ძალიან რთულია, ლინგვისტურ დონეზე გაარჩიო, სად მთავრდება ავტორის ხმა და სად იწყება პერსონაჟისა. ეს ორი მოქმედი პირი ნაწარმოების ენობრივ სტრუქტურაში ხშირად „ერთ სულ და ერთ ხორც“ წარმოჩნდება. მაგალითად, გამოკვლეულია, რომ ლორენსის ადრეულ რომანში „The Trespasser“ ავტორისა და პერსონაჟის ხმათა გამიჯვნა უფრო ადვილია, ვიდრე მის შედარებით გვიანდელ და სტილისტურად უფრო დახვეწილ ნაწარმოებში „Sons and Lovers“ [Sotirova, 2011:170].
ზემოთ წარმოდგენილი შესავლის თარგმანთან უშუალო კავშირის განხილვამდე აუცილებელია, აღინიშნოს, თუ რა საერთო აქვს ლორენსის მიერ არჩეულ აღნიშნულ სტილს, როგორც წერის მხატვრულ მეთოდს, მწერლის მორალურ პლატფორმასთან: ლორენსი თავის ნარკვევში `Study of Thomas Hardy and Other Essays~ წერს – მორალურობა რომანში მოცახცახე წონასწორობას განასახიერებს. რომანისტი სასწორის ერთ პინას ცერა თითს რომ დააჭერს, რათა ბალანსი საკუთარი მიდრეკილებისამებრ არეგულიროს, ეს უზნეობას ნიშნავსო [Sotirova, 2011:58]. აქედან გამომდინარეობს ლორენსის, როგორც შემოქმედისა და ადამიანის, მნიშვნელოვანი მრწამსი – იდეები არ იზომება ყოვლისმომცველი ობიექტური საზომით, ისინი ყოველთვის პიროვნების გამოცდილების ნაყოფია, მისი საშუალებით არსებობს. სოტიროვას დასკვნით, სწორედ ამ შეხედულებით ჰგავს ლორენსი მის თანამედროვე ბახტინს, რომლისთვისაც იდეები, როგორც განყენებული მოცემულობა, ასევე არ წარმოადგენს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას [Sotirova, 2011:59]. ავტორსა და ავტორობაზე თავისი ხედვის წარმოჩენისას ლორენსისათვის ორი რამაა მნიშვნელოვანი: 1) მწერალმა არ უნდა დაიკავოს მაღალზნეობრივი პოზიცია; 2) ნებისმიერი ჭეშმარიტება, რომლის გახმოვანებასაც იგი დააპირებს, პერსონაჟთაA პირით უნდა გადმოიცეს, მათი პირადი, ადამიანური გამოცდილებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ხსენებული მორალური პლატფორმით ლორენსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ფრიდრიხ ნიცშეს გავლენას – მორალსა და ჭეშმარიტებაზე მსჯელობისას გერმანელი ფილოსოფოსიც მსგავს თვალსაზრისს ავლენს.
დაბოლოს, თარგმანის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ფასდება სიტყვის, როგორც მთავარი სამწერლო იარაღის, ლორენსისეული აღქმა: ამ მწერლისათვის სიტყვა სხვადასხვა პირისაგან მომდინარე ურთიერთგანსხვავებულ ინტერპრეტაციათა და მნიშვნელობათა „ბრძოლის ველს“ წარმოადგენს [Sotirova, 2011:60]. ამდენად, ლორენსის ნაწარმოებთა თარგმანში, რაც უპირველესად დედნის ტექსტის ინტერპრეტაციას გულისხმობს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რომელი პერსონაჟის თვალსაზრისს შეიძლება ახმოვანებდეს კონკრეტული სიტყვა. ხანდახან ამგვარი მიკუთვნებულობა იმდენად ბუნდოვანია, რომ ერთი მოსაზრების მიღმა თანაბრად შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც ავტორი, ისე ნებისმიერი პერსონაჟი. ქვემოთ მოყვანილი ფრაგმენტი მოთხრობიდან `The Lovely Lady~, ვფიქრობთ, სწორედ მსგავსი შემთხვევის მაგალითს წარმოადგენს. ესაა ნაწყვეტი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის, პოლინ ოტენბოროს, დახასიათებიდან -- პერსონაჟისა, რომელიც ოჯახის ორად ორი წევრის, საკუთარი ვაჟისა და მაზლიშვილისთვის სამაგალითო ავტორიტეტსა და ფინანსურ მფარველს, ამასთანავე, უბადლო გარეგნობის მქონე ქალბატონს განასახიერებს:
„Pauline had money. But then, what was Pauline's was Pauline's, and though she could give almost lavishly, still, one was always aware of having a lovely and undeserved present made to one“ [Lawrence, 1977:234]. ასმათ ლეკიაშვილის თარგმანი:
„პოლინს საკმარისად ჰქონდა ფული, მაგრამ არასოდეს ივიწყებდა, რომ ეს მისი საკუთრება იყო და რაც არ უნდა ხალისით გაეჩუქებინა, ყოველთვის იგრძნობდა, რომ სასიხარულო, მაგრამ დაუმსახურებელ ძღვენს გასცემდა“ [ლორენსი, 1982:241-242].
პირველი, რაც თვალში გვხვდება, არის დედნის მოცემული ეპიზოდის ლექსიკური შეუსაბამობა თარგმანთან. შესაძლოა, ერთიანი ტექსტის კითხვისას ქართული რედაქციის მკითხველმა ამ დეტალს არც მიაქციოს ყურადღება, რადგან თარგმანი, ფართო კონტექსტიდან გამომდინარე, დედნის ერთ-ერთ სწორ გააზრებას წარმოადგენს, თუმცა ინტერპრეტაციის მკვლევარი ერიკ დონალდ ჰირში ამ შემთხვევაზე იტყოდა: „Validity of interpretation is not the same as inventiveness of interpretation (ხაზი ჩვენია). Validity implies the correspondence of interpretation to a meaning which is represented by a text“ [Hirsch, 1978:10]. ეს რომ ყოფილიყო ინფორმაციული ან ვოკატიური ტიპის ტექსტი [Newmark, 1988:40-41], რომელსაც კომუნიკაციური ტრანსფორმაცია ესადაგება, იქნებ მოცემული დარღვევისათვის არც მიგვექცია ყურადღება, მაგრამ როდესაც ვთარგმნით მხატვრულ ლიტერატურას, რომელშიც ავტორის უნიკალური ხელწერა და წერის ინდივიდუალური მანერაა წარმოდგენილი, ნიუმარკი გვირჩევდა, უპირველესად თარგმნის სემანტიკური მეთოდი [Newmark, 1988:46] გამოგვეყენებინა. დედანში არაა ნათქვამი: პოლინი არასოდეს ივიწყებდა, რომ ეს მისი საკუთრება იყო... წინადადება „what was Pauline’s was Pauline“ მსგავსი წარმატებით შეიძლება ვთარგმნოთ შემდეგნაირად: არავინ ივიწყებდა, რომ ეს პოლინის საკუთრება იყო და სიტყვაში `არავინ~ ვიგულისხმოთ პოლინის მიერ დასაჩუქრებული ნებისმიერი პერსონაჟი. ვფიქრობთ, ის, თუ მოთხრობის რომელი გმირის პოზიციიდან უნდა გავიგოთ სიტყვები „what was Pauline’s was Pauline’s“ განპირობებულია არსებითი სახელის – საჩუქარი – მსაზღვრელებით: „lovely and undeserved“ („lovely and undeserved present“). საინტერესოა, რომ ეს ორი მსაზღვრელი წარმოაჩენს გამცემისა და მიმღების ძღვენთან მიმართებას. პირველი – „Lovely“ – უდავოდ „Lovely Lady“-ს, ანუ პოლინ ოტენბოროს, როგორც ძღვნის გამღებს, მოიაზრებს, ხოლო `undeserved~ საჩუქრის მიმღების „დამსახურებაზე“ მიგვითითებს. ეს ორმხრივი მიმართება საშუალებას გვაძლევს, პოლინის ქონება შევაფასოთ როგორც დამსაჩუქრებლის, ისე დასაჩუქრებულის პოზიციიდან. ამდენად, ვფიქრობთ, სადავო წინადადების ორივე თარგმანი -- როგორც ასმათ ლეკიაშვილის, ისე ჩვენ მიერ წარმოდგენილი -- თანაბარი ძალის მქონე ინტერპრეტაციას ასახავს, თუმცა ჩვენთვის არც ერთი ვარიანტი მისაღები არაა, რადგან ორივე მხოლოდ საზრიანი ინტერპრეტაციის („inventiveness of interpretation “) დემონსტრირებას ახდენს, თარგმანს კი რეალურად არ ახორციელებს. ნამდვილი თარგმანი ამ შემთხვევაში სემანტიკური მეთოდის გამოყენებით მიიღწევა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვეცადეთ, უპრიანი ტრანსფორმაცია შემოგვეთავაზებინა წინადადებისა „What was Pauline’s was Pauline’s“: რაც პოლინისა იყო, მხოლოდ მას ეკუთვნოდა, მორჩა და გათავდა. ვფიქრობთ, ეს ვერსია იცავს როგორც ტექსტთან სემანტიკურ სიახლოვეს, ისე მის ოდნავ ირონიულ ელფერსაც გადმოსცემს. ამასთან, ინტერპრეტაციის სუბიექტურობაც თავიდანაა აცილებული – აქ არაა დაკონკრეტებული, პოლინი ფიქრობს ამას თუ დასაჩუქრებული პირი, თუმცა ვითვალისწინებთ რა, რომ ლორენსი, თავისი მორალური პლატფორმიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ერიდებოდა, საკუთარი პოზიცია ეჩვენებინა მხატვრულ შემოქმედებაში, ამ სიტყვებს კატეგორიულად ვერც ავტორს მივაკუთვნებთ. ასე რომ, თარგმანშიც, ისევე როგორც, ჩვენი აზრით, დედანში უნდა ყოფილიყო ჩაფიქრებული, არჩევანს მკითხველს ვუტოვებთ.
მოყვანილი პასაჟის თარგმანთან დაკავშირებული ხარვეზები მხოლოდ ზემოთ გაანალიზებული ფრაგმენტით არ ამოიწურება. უნდა აღინიშნოს, რომ ლორენსის ნაწარმოებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ირონიას, როგორც მხატვრულ მეთოდს, რომლის თარგმანში დაკარგვაც მწერლის სტილის გაუფერულებას გამოიწვევს. მოთხრობა „The Lovely Lady“ საკმაოდ დატვირთულია ირონიული ტონით. ერთი ვერსიით, მწერალი მას `ანგელოზი-ჯადოქრის პარადიგმაში გამომწყვდეული~ [Díez-Medrano, 1996:100(10)] ქალის განზოგადებული ტიპაჟის გასანადგურებლად მოიმარჯვებს. როგორც მკვლევარი დიეზ-მედრანო აღნიშნავს: `პოლინი არა მხოლოდ ანგელოზი-ჯადოქრის ტრადიციულ პატრიარქალურ იდეოლოგიას განასახიერებს, არამედ იგი წარმოადგენს ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში ქალთა ტრადიციულ პოლარიზებულ ასახვასაც რენესანსიდან (შექსპირი, ლეონარდო და ვინჩი) მოყოლებული მეცხარმეტე საუკუნის (პო, პეიტერი, იმპრესიონისტები) ჩათვლით,~ -- მკვლევრის აზრით, -- „ამ ნაწარმოებში პოლინის პერსონაჟი კი არაა ირონიის საგანი, არამედ მის მიერ განსახიერებული სწორედ ეს ტრადიცია, რომელსაც ჰქვია შეუცვლელ ქალთა განუსაზღვრელი ცვალებადობა და ნაირსახეობა“ [Díez-Medrano, 1996:99(9)]. ამავე ავტორის დაკვირვებით, ლორენსი თავის შემოქმედებაში დაუღალავად ასახავდა, თუ როგორ ცდილობენ მანდილოსნები მამაკაცთა მიერ ქალთა მოდგმის შესახებ შემუშავებული თეორიების მიხედვით საკუთარი გარეგნობის ქვეცნობიერ ფორმირებას. სწორედ ამაში გამოიხატებოდა „ანგელოზი-ჯადოქარი“ ქალის ტრადიციული პატრიარქალური იდეოლოგია, რომლის დამსხვრევასაც ისახავდა მიზნად ლორენსი. ამ თვალსაზრისით, ასევე საინტერესოა, რომ, მკვლევარ პოლ ექვიენის (ციტირებულია დიეზ-მედრანოსთან) აზრით, ამ მოთხრობასა და ოსკარ უაილდის `დორიან გრეის პორტრეტს~ შორის არსებობს ინტერტექსტუალური დიალოგი. უაილდის რომანში აღწერილია, ცოდვების მომრავლებასთან ერთად როგორ იცვლება და იმსხვრევა გრეის პიროვნება. დიეზ-მედრანოს დაკვირვებით, თუ ერთგან პორტრეტი იცვლება, ხოლო ცოცხალი პერსონაჟი გარეგნულად იგივე რჩება, მეორე ნაწარმოებში პორტრეტი და პერსონაჟი ერთსა და იმავე არსებაში ცხოვრობს, ერთიმეორეშია შეზრდილი, ამიტომაა, რომ დორიან გრეისაგან განსხვავებით, პოლინის ნამდვილი ფიზიკური გარეგნობის გამოაშკარავებისას პოლინი ისე შოკისმომგვრელად არ იცვლება, როგორც გრეი. სინამდვილეში მოხდა ის, რომ მესამე პირმა, სესილიამ, გაანადგურა სარკისებური ეფექტი, რომელიც გააჩნდა ვაჟის, რობერტის, მზერას დედის, პოლინისადმი. სწორედ ასე შეეცადა ლორენსი მოცემულ მოთხრობაში დაემსხვრია ხსენებული პატრიარქალური იდეოლოგია [Díez-Medrano, 1996:9-10 (99-100)]. ჩვენი აზრით, ამ მიზანს ემსახურება მწერლის მიერ ირონიის, როგორც მხატვრული ხერხის, მოხმობა, რაც თარგმანშიც აუცილებლად უნდა აისახოს.
მივუბრუნდეთ ისევ ზემოთ განხილული ფრაგმენტის[1] ანალიზს: მნიშვნელოვანია, რომ სათაურში მოცემული ზედსართავი „lovely“ მთელ ტექსტს ირონიული ელფერით გასდევს, ამიტომ ვფიქრობთ, სათაურისა და ტექსტის ერთიანობა თარგმანში რომ არ დაირღვეს, ქართულშიც შესატყვისი ენობრივი საშუალებებით უნდა აისახოს ეს ასოციაციები. მაგალითად, ზემოთ მოცემულ პასაჟში ნახსენები ფრაზა „lovely and undeserved present“ ერთგვარი ექოა მოთხრობის სახელწოდებისა ‘The Lovely Lady’, ამიტომ, ვფიქრობთ, ქართულ ტექსტში უკეთესი იქნებოდა, სათაურსა და ამ პასაჟშიც „lovely“-ის შესატყვისად გამოგვეყენებინა სიტყვა `მშვენიერი~. შედეგად, თარგმანში გამოიკვეთებოდა ავტორის მიერ ნაგულისხმევი ირონია და მკითხველი ადვილად წარმოიდგენდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო „მშვენიერი“ პოლინის მიერ გაცემული „მშვენიერი“ საჩუქარი. ამით ხსენებული სიტყვა დამატებით კონოტაციას მიანიჭებდა ზედსართავს „undeserved“, რომელიც მსაზღვრელად უძღვის არსებით სახელს `present~ და თარგმანში გვექნებოდა მშვენიერი და დაუმსახურებელი საჩუქარი („lovely and undeserved present“). ქართულ ტექსტში მოცემული სიტყვა `სასიხარულო~ არ არის „lovely“-ს ეკვივალენტური თარგმანი. იგი არ მიგვანიშნებს ძღვენის გამცემის ხასიათსა და ბუნებაზე, როგორც ეს დედანშია. ირონიული სტილი თარგმანში ნაკლებად ჩანს. როგორც გალპერინი წერს, ირონია არის სტილისტური ხერხი, რომელიც ემყარება ორი ლოგიკური მნიშვნელობის – სალექსიკონო და კონტექსტუალურის – ერთდროულ რეალიზაციას, მაგრამ, ამავდროულად, ეს მნიშვნელობები ურთიერთსაპირისპიროცაა [Galperin, 1977:146]. მოცემულ შემთხვევაში „lovely“-ის სალექსიკონო მნიშვნელობაა `მშვენიერი~, ხოლო მის კონტექსტუალურ მნიშვნელობას ქმნის სიტყვა „undeserved“ – „დაუმსახურებელი“, რითაც იქმნება განწყობა, რომ ეს საჩუქარი სულაც არ უნდა იყოს მშვენიერი. შედეგად სიტყვას „lovely“ მისი საპირისპირო, ანტონიმური მნიშვნელობითაც აღვიქვამთ. „Lovely“-ში განხორციელებული ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობებიდან ერთი არის ის, რომლითაც რეალურ პოლინს დავახასიათებდით, ხოლო მეორით პოლინი ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას მის მიერ შვილზე თავსმოხვეული არარეალური ზეწოლიდან გამომდინარე. ესაა მამაკაცის მზერიდან წამოსული ის სარკისებური ეფექტი, პატრიარქალური იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც ქალი ქვეცნობიერად ცდილობს საკუთარი გარეგნობის ფორმირებას. ვაჟის, რობერტის, თავდაპირველი წარმოდგენა დედის გარეგნობაზე უქმნის პოლინს იმიჯს, რომლის დანახვაც სურს ქალს სარკეში ჩახედვისას, თუმცა ეს წარმოდგენა ილუზორულია და მწერლისათვის ირონიის მიზეზი ხდება. ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის გათვალისწინებით, დედნის განხილული ნაწყვეტიდან საკამათო ფრაგმენტებს ჩვენ ასე ვთარგმნიდით: რაც უნდა გულუხვად გაეჩუქებინა, ყოველთვის იგრძნობოდა, რომ მშვენიერ, მაგრამ დაუმსახურებელ ძღვენს გასცემდა, ხოლო სათაურს, `მომხიბვლელი ქალი~, შევცვლიდით შესიტყვებით: „მშვენიერი ქალი.“
მაშასადამე, ზემოთ წარმოდგენილი ანალიზი გვიჩვენებს, ეკვივალენტური ტრანსფორმაციის მისაღწევად რამდენად მნიშვნელოვანია მწერლის მსოფლმხედველობისა და წერის სტილის გათვალისწინება მისი შემოქმედების თარგმნისას.
[1] Pauline had money. But then, what was Pauline's was Pauline's, and though she could give almost lavishly, still, one was always aware of having a LOVELY and UNDESERVED present made to one. თარგმანი: `პოლინს საკმარისად ჰქონდა ფული, მაგრამ არასოდეს ივიწყებდა, რომ ეს მისი საკუთრება იყო და რაც არ უნდა ხალისით გაეჩუქებინა, ყოველთვის იგრძნობდა, რომ სასიხარულო, მაგრამ დაუმსახურებელ ძღვენს გასცემდა~.
ლიტერატურა
ლორენსი დ.ჰ. |
„მომხიბვლელი ქალი“; ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა; „საუნჯე“; N5. |
Díez-Medrano C. 1996 |
Breaking Moulds, Smashing Mirrors: The Intertextual Dynamics of D. H. Lawrence's "The Lovely Lady". Madrid. |
Galperin I.R. 1977 |
Stylistics; second edition revised; Moscow. |
Hirsch E.D. Jr., 1978 |
Validity in Interpretation. New Haven and London: Yale University Press. |
Lawrence D.H. 1977 |
Odour of Chrisanthemums and Other Stories. Moscow: Progress publishers. |
Newmark P. 1987 |
A Textbook of Translation. Longman. |
Sotirova V. 2013 |
Consciousness in Modernist Fiction. A Stylistic Study. Palgrave Macmillan. |
Sotirova V. 2012 |
D.H. Lawrence and Narrative Viewpoint. London, New Delhi, New York, Sydney: Bloomsbury. |
Verdonk P. 2010 |
Stylistics. Oxford university press. |