ახლადაღმოჩენილი ეკლესია ისტორიულ იმიერტაოში

სამაფსიდიანი ანუ ტრიკონქის ფორმის ეკლესიები, როგორც ცნობილია, ადრეული შუა საუკუნეებიდან ვრცელდება საქართველოში. ეს არქიტექტურული ტიპი მარტივი, ბერძნული ჯვრის ფორმის გეგმის მქონე შენობების ერთ-ერთ სახეცვლილებას წარმოადგენს. ადრეული ქრისტიანული ხუროთმოძღვრებისათვის ბერძნული, ანუ ტოლმკლავა ჯვრის სახის გეგმა ძალზე დამახასიათებელია: მსგავსი ტიპის ნაგებობებს ჩვენ ვხვდებით როგორც აღმოსავლურქრისტიანულ, ისე დასავლურქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიასა და მის კულტურულ არეალში შემავალ ქვეყნებში ბერძნული ჯვრის ტიპის ტაძრები საკულტო არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა, ხოლო დასავლეთ ევროპაში მსგავსი ნაგებობები შედარებით ნაკლებია, თუმცა მაინც გვხდება, განსაკუთრებით კი ისეთ რეგიონებში (ან ეპოქებში),  რომლებშიც ტრადიციულად ძლიერი იყო ბიზანტური ხელოვნების გავლენა (მაგალითად, რავენაში (გალა პლაციდიას მავზოლეუმი (V ს-ის პირველი ნახ.) [Rizzardi, 2005:240]), ვენეციაში (წმ. მარკოზის ტაძარი (IX-XI სს., განახლება _ XIII ს.)), საფრანგეთში (ჟერმინი-დე-პრეს ორატორია (IX ს.) [Hansmann, 2000:49], სენ ფრონი (XII ს-ის დასაწყ.) [Die Kunst…1996:384]  და. ა. შ.).

ამრიგად, ბერძნული ჯვრის ფორმის ნაგებობები ზოგადარქიტექტურულ ტიპს, ტაძრების საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფს, ქმნის, რომლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი ასევე ძალზე ფართოა. ამ ზოგადი ტიპის შიგნით კიდევ გამოიყოფა სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც ერთმანეთისაგან მკლავების დაბოლოებით გამოირჩევა. აღნიშნული სახეცვლილებები მკაფიოდაა წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის ადრეული შუა საუკუნეების არქიტექტურაში: მაგალითად, თავისუფალ ჯვარს მარტო ერთი, აღმოსავლეთის მკლავი აქვს ნახევარწრიული აფსიდით დაბოლოებული, ტრიკონქს _ სამი (აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის), ტეტრაკონქს, შესაბამისად _ ოთხივე.

ასეთი მარტივი სტრუქტურა, რომელშიც ცხადადაა გამოკვეთილი გეგმის ჯვრული მოხაზულობა და სამი აფსიდის არსებობა, ტრიკონქის არქიტექტურული ტიპის მხოლოდ მარტივ ვარიანტს - მის სუფთა ფორმას ახასიათებს: ისეთ ძეგლებს, როგორებიცაა, მაგალითად, ორთული (IX ს.) [თაყაიშვილი, 1991:313], ბახჩალო-ყიშლა (IX ს.), დორთ-ქილისა (IX ს.) [გივიაშვილი, 2005:21-28]  ტაო-კლარჯეთში, ურაველი სამცხეში, ჯვარზენი (XI ს-ის დასაწყ.) [კაპანაძე, 1989:66-67] სამეგრელოში  (სურ. I), ავნევი შიდა ქართლში (სავარაუდოდ, XIV-XV სს.)  და სხვ. თითქმის ყველა ეს ძეგლი IX საუკუნის არქიტექტურის ნიმუშია (ჯვარზენის, ურაველისა და ავნევის ტრიკონქების გამოკლებით), ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ტრიკონქის ტიპის მარტივი სახეობები უფრო მეტად გარდამავალ ხანაშია გავრცელებული, თუმცა რემინისცენციის სახით ზოგჯერ მოგვიანებითაც, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ეპოქაშიც ჩნდება ხოლმე.

სურ I.

აღსანიშნავია, რომ, როგორც საქართველოში, ისე, ზოგადად, აღმოსავლურქრისტიანულ საკულტო არქიტეტურაში უფრო გავრცელებულია ტრიკონქის შედარებით რთული ფორმები, რომლებიც უკვე მარტივ ბერძნულ ჯვარს კი არ უახლოვდება გეგმაში, არამედ დამატებითი ელემენტებითაა გართულებული. ასეთი ტიპის ნაგებობებია ისევ ტაო-კლარჯეთში მდებარე ისისა [გივიაშვილი...2004:109-111] და ზეგანის (ანუ ზაქის) [გივიაშვილი, 2003:41-55] (ორივე _ XI ს-ის მეორე ნახ.) ეკლესიები, თელოვანის ჯვარპატიოსანი ქართლში (VIII-IX სს.) [ცინცაძე, 1959:73-80]  (სურ. II) და ტრიკონქის ყველაზე გართულებული ფორმები, რომლებსაც უკვე, ალბათ, აღარც შეიძლება სუფთა სახის ტრიკონქები ვუწოდოთ (ე. წ. დიდი კათედრალების ჯგუფში შემავალი ძეგლები _ ქუთაისის, ოშკისა და ალავერდის ტაძრები) (სურ. III). 

სურ. II

სურ. III

დაახლოებით მსგავს სურათს გვაძლევს სხვა აღმოსავლურქრისტიანული ქვეყნების შუა საუკუნეების არქიტექტურაც, მაგალითად, ეგვიპტისა და პალესტინის, სადაც, საყოველთაოდ მიღებული მოსაზრების თანახმად, ტრიკონქი გამორჩეულად პოპულარულ არქიტექტურულ ტიპს წარმოადგენს. თუმცა, როგორც წესი, ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციების საკულტო ხუროთმოძღვრებაში ტრიკონქი უფრო მეტად დიდი ტაძრების სტრუქტურაში არსებული ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტის სახით წარმოგვიდგება: მაგალითად, შესაძლებელია დიდი ბაზილიკების საკურთხევლის ნაწილი ტრიკონქის სახით იყოს გაფორმებული. ასეთებია დენდერას ტაძარი (VI ს.) [Capuani, 2002:245-251], თეთრი და წითელი მონასტრების ეკლესიები (V ს.) [Gabra, 2002:43-47,94-96,101-103] და სხვ. [Grossman, 2014:177-194]. ქრისტიანულ აღმოსავლეთში ტრიკონქის ფორმა გამოიყენება უფრო მცირე ზომის ნაგებობებშიც, როგორებიცაა კრიპტები და მარტირიუმები. ასეთია, მაგალითად, აბუ სერგას კრიპტა კაიროში [Capuani, 2002:105-137]  და სხვ. (სურ. IV). ტრიკონქის ფორმა გავრცელებულია სომხეთის შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებაშიც [Казарян, 2005:13-30]  (მაგალითად, თალინის დიდი და მცირე ტაძრები, ალამანი, კოტავანქი და სხვ.) [С. Мнацаканян...1978:91,93,107].

 

სურ. IV

 

ტრიკონქის ფორმა ბიზანტიის იმპერიის დასავლეთ პროვინციებშიც საკმაოდ პოპულარული იყო, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ბალკანეთის ნახევარკუნძულის არქიტექტურა, კერძოდ კი ათონის სამონასტრო ხუროთმოძღვრება, სადაც შემუშავდა ტრადიციული ე. წ. ათონური ტრიკონქი. ტრიკონქის ტიპს გენკუთვნება აგრეთვე უცხოეთში არსებული ქართული მონასტრების რამდენიმე ნაგებობა (ივირონი ათონის მთაზე, ღალიას მონასტრის ეკლესია კვიპროსზე და სხვ.).

აქვე მოკლედ ისიც უნდა ითქვას, რომ იმ მკვლევრების ვარაუდით, რომლებიც ტრიკონქის ფორმის წარმოშობის აღმოსავლურქრისტიანულ ჰიპოთეზას  ემხრობიან, სწორედ ეგვიპტური დიდი ბაზილიკების საკურთხევლის სამყურა ფორმა გახდა ტრიკონქის ტიპის განვითარების ამოსავალი წერტილი. ამის საპირისპიროდ, ზოგიერთ მეცნიერს  მიაჩნია, რომ ეს არქიტექტურული ტიპი დასავლური, რომაული წარმოშობისაა და არგუმენტად მოჰყავს ტრიკონქის მსგავსი ფორმის გვიანანტიკური ნაგებობების მაგალითები, რომელთაც არ გააჩნდათ საკულტო ფუნქცია (მაგალითად,  რომაული თერმების კომპლექსების ნაგებობები,  ადრიანე ვილის სტრუქტურა ტივოლიში, ზოგადად, რომაულ არქიტექტურაში პოპულარული ექსედრების ფორმა და სხვ.). გ. ჩუბინაშვილი კი ქართულ ტრიკონქებს სხვა ბერძნული ჯვრის ფორმის მქონე ნაგებობებიდან, კერძოდ კი, ტეტრაკონქებიდან წარმოქმნილ ფორმად მიიჩნევდა. მისი მოსაზრებით, ტრიკონქი ტეტრაკონქის საკმაოდ მარტივი რეკონსტრუქციის შედეგია: დასავლეთის მომრგვალებული მკლავი სწორკუთხათია შეცლილი, კონქი კი – კამარით, რაც ძალზე  ლოგიკურია. მართლაც, ტეტრაკონქები ჩვენს ქვეყანაში V საუკუნიდან არსებობს, ტრიკონქები კი _ VIII საუკუნიდან.

ამჯერად ჩვენ ტრიკონქის გენეზისის რთულ პრობლემას გვერდს ავუვლით და ისევ ქართულ მასალას დავუბრუნდებით.

ჩვენს ქვეყანაში ტრიკონქი შედარებით იშვიათ არქიტექტურულ ტიპს წარმოადგენს. ასეთი ტიპის ნაგებობების საერთო რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით  დაახლოებით ორ ათეულამდეა. რაოდენობრივი სიმცირის მიუხედავად, ტრიკონქი საქართველოში უჩვეულოდ რთულ ევოლუციურ სურათს გვაძლევს ტიპოლოგიური განვითარების ჭრილში: უმარტივესი ჯვრული ფორმებიდან ურთულეს სტრუქტურებამდე, როგორებიცაა:  დიდი კათედრალები, სუფთა ფორმებიდან _ სხვა არქიტექტურული ტიპების მახასიათებლებთან „შერეულ”, სინთეზირებულ კომპოზიციებამდე. უმარტივესი ტრიკონქები უბრალო ჯვრული ფორმის მომცრო შენობებია, არ გააჩნიათ პასტოფორიები, რომელთა მოწყობა გართულებულია მკლავების მრგვალი დაბოლოებების გამო. ასეთებია: დორთ-ქილისა, ორთული, ბახჩალო-ყიშლა, ჯვარზენი, ურაველი.

ტრიკონქების კომპოზიციების გართულების პროცესი  მათს სტრუქტურაში პასტოფორიების გაჩენით იწყება, რაც აუცილებელი იყო, ლიტურგიკული მოთხოვნებიდან გამომდინარე. აღმოსავლეთი ნაწილი სწორკუთხედში ეწერება, რაც მთლიანად ცვლის შენობის გარე არქიტექტურულ სახეს. დომინანტი ელემენტი უკვე გუმბათით დაგვირგვინებული აღმოსავლეთის მასივი ხდება, შესაბამისად, იცვლება გუმბათის სიმაღლე და მთელი შენობის პროპორციებიც [ჯაბუა, 2012:122-126]. ასეთი ძეგლებია: ისი და თელოვანის ჯვარპატიოსანი. პარალელურად ვითარდება ტაძრის დასავლეთი მხარეც – მას ემატება გალერეები, გარშემოსავლელები, სტოები (ზეგანი). 

როგორც სავსებით მართებულად აქვს განმარტებული მრავალ მკვლევარს, ტრიკონქის არქიტექტურულ ტიპში უზარმაზარი რესურსი, პერსპექტივა დევს. შემთხვევითი არაა, რომ ქართული კულტურის აყვავების ხანაში, გრანდიოზული მონუმენტური ძეგლების შექმნის ეპოქაში, არქიტექტორები ხშირად სწორედ ამ ტიპს მიმართავენ, თუმცა ძალზე შემოქმედებითად უდგებიან მის კომპოზიციას [ჯაბუა, 2012:126-130]. ის მარტივი ჯვრული ფორმები, რომლებიც გავრცელებული იყო საქართველოში VIII-IX  საუკუნეებში, X-XI  საუკუნეებში უკვე აღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნებს. საკულტო ნაგებობა მასშტაბის უფრო მნიშვნელოვან ზრდას, სტრუქტურის  გართულებას, სტილის მონუმენტურობას, დიდებულებას მოითხოვს. და აქაც ეს, ერთი შეხედვით, მოკრძალებული არქიტექტურული ფორმა სინთეზირებული კომპოზიციური ტიპების შექმნის ერთ-ერთი საუკეთესო ამოსავალი წერტილი ხდება, თუმცა უმნიშვნელოვანეს კონსტრუქციულ ცვლილებას განიცდის: გარე კედლებზე დაფუძნებული გუმბათი შენობის ზომების ზრდას ამუხრუჭებს, ამიტომ  ხდება ტრიკონქისა და ჩახაზული ჯვრის  ტიპის გეგმის კომბინირება. ამ მეთოდით იქმნება ოშკის, ბაგრატის, ალავერდის ტაძრები.

ტრიკონქის ევოლუციის მრავალმხრივი პრობლემა ჩვენ მხოლოდ ძალზე ზოგადი სახით წარმოვადგინეთ მხოლოდ იმ მიზნით, რათა გვეჩვენებინა, ერთი მხრივ, ამ არქიტექტურული ტიპის განვითარების უჩვეულოდ რთული პროცესი და, მეორე მხრივ, თუ რა მცირე რაოდენობით მოაღწია ტრიკონქის ტიპის ძეგლებმა ჩვენამდე.  ასეთ რთულ ევოლუციურ მწკრივში ყოველი ახალი რგოლი, ახლადაღმოჩენილი მასალა, თუნდაც ჩვენამდე დაზიანებული სახით მოღწეული, ძალზე მნიშვნელოვანია. 

არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის გამოუკვლეველი, შეუსწავლელი ძეგლები ჯერ კიდევ ბევრია და მეცნიერულ მიმოქცევაში არსებული მასალა მუდმივად მდიდრდება ახალი ფაქტებით. გამონაკლისი ამ მხრივ არც სამეცნიერო-კვლევითი გრანტის “ტაო-კლარჯეთის ქართული ციხესიმაგრეები” ფარგლებში ორგანიზებული ექსპედიცია (2014 წლის ოქტომბერი) აღმოჩნდა, რომლის მსვლელობისას იმიერტაოს ტერიტორიაზე ბევრი შეუსწავლელი ან სათანადო დონეზე გამოუკვლეველი ძეგლი გამოვლინდა. როგორც ცნობილია, ხსენებული ტერიტორია უკვე VIII საუკუნიდან ბაგრატიონთა სამფლობელოს ნაწილს წარმოადგენდა და განსაკუთრებით მდიდარია ისტორიული მონუმენტებით.  მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მთავარი მიზანი ქართული ციხესიმაგრეების ისტორიისა და საფორტიფიკაციო არქიტექტურის ნიმუშების შესწავლაა, ბუნებრივია, საკუთრივ ციხეებისა და მათს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საკულტო არქიტექტურის მრავალი ნიმუშიც გახდა სპეციალური კვლევის საგანი. მათ შორის გამორჩეული აღმოჩნდა ოლთუ-ერზრუმის  გზიდან 2-3  კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარე სოფელ დიდი ორჯუკის მახლობლად არსებული ციხესიმაგრე და ეკლესია. სოფელი იმიერტაოში, ოლთისის ოლქში, მდებარეობს, ვიწრო ხეობაში, მდინარის პირას, რომელსაც ადგილობრივები სახელსაც კი არ უწოდებენ.  ისტორიული სახელები აქ, სამწუხაროდ, დაკარგულია.

თავად ციხესიმაგრის შესწავლა ჯერ არ დასრულებულია, მაგრამ წინასწარი მონაცემებით უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმაოდ მოზრდილი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაგრე ნაკლებადაა ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში. ციხე IX-X საუკუნეების არქიტექტურულ ფენებსაც და  უფრო მოგვიანო, XIV-XV საუკუნების, ნაწილებსაც შეიცავს. უკანასკნელი რესტავრაცია, სავარაუდოდ, ოსმალურ ეპოქაში უნდა განეცადა.  კომპლექსი შიდა და გარე ციხეებისგან შედგება.  შიდა ციხეს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს და ჩვენამდე მხოლოდ გალავნის ჩრდილოეთის, ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთის მხარეებია მოღწეული. შიდა ციხის სხვა ნაწილებთან შედარებით უკეთაა  შენარჩუნებული  სამხრეთ-აღმოსავლეთის ცილინდრული კოშკი, რომელიც, სათოფურების რიგებისა და ძელების ბუდეების მიხედვით, სამსართულიანი უნდა ყოფლიყო (სურ. V).

სურ. V. ორჯუკის ციხე

ციხესიმაგრიდან დაახლოებით 300 მეტრში ძალზე დანგრეული ეკლესიის ნაშთებს მივაკვლიეთ. ახლა ძნელია იმის თქმა, ეს ეკლესია ციხესთან იყო დაკავშირებული, თუ ოდესღაც აქ დასახლებული პუნქტი არსებობდა და ნაგებობა მის ეკლესიას წარმოადგენდა.  ეკლესია შემაღლებულ ადგილას დგას და დღესაც ეს ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება.  ჩვენი დაკვირვებით, ნაგებობა აფეთქებულს ჰგავს, რადგან ასეთი მსხვილი, მასიური და მონოლითური ფრაგმენტები სწორედ აფეთქების შედეგად ჩნდება ხოლმე, მაშინ, როცა დროთა განმავლობაში თავისით დანგრეული შენობა უფრო წვრილ ელემენტებად „იშლება” (სურ. VI). 

 

სურ. VI.  ეკლესიის შემორჩენილი ფრაგმენტები

მიუხედავად შენობის სრული ნგრევისა, მისი გეგმა მაინც იკითხება, რამაც უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მოპოვება გახადა შესაძლებელი: ეკლესია, სავარაუდოდ, ტრიკონქს წარმოადგენს. ამისი ვარაუდის მყარ საფუძველს,  გეგმის მოხაზულობის გარდა, ჩრდილოეთით შემორჩენილი კედლის ფრაგმენტიც იძლევა.  ინტერიერში ეს კედელი ნახევარწრიულ ფორმას ქმნის, რამაც საშუალება მოგვცა აქ გვერდითი აფსიდის არსებობა დაგვეფიქსირებინა. ამავე კედელზე, ფასადის მხარეს, გადარჩენილია პერანგის ქვები, სულ რამდენიმე კვადრი, საბედნიეროდ, ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას. ფასადზე ვხედავთ არაღრმა, მაგრამ მკაფიო მოხაზულობის სამკუთხა ნიშს, რომლის ზედა ნაწილში ტაო-კლარჯეთის არქიტექტურისათვის ტიპური სინგურით შესრულებული მარაოსებრი დეკორი იკითხება (სურ. VII). თუ გავითავალისწინებთ ქართული შუა საუკუნეების არქიტექტურის მყარ მხატვრულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ტაძრის ფასადებიდან დეკორატიული თვალსაზრისით გამორჩეული, ყველაზე მდიდრულად  გაფორმებული სამხრეთი ფასადია, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაშიც ანალოგიური და, სავარაუდოდ, უფრო მრავალფეროვანი დეკორი სამხრეთ ფასადზეც იქნებოდა. 

სურ. VII. სამკუთხა ნიში და დეკორი ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე.

 

რეკონსტრუქციის თანახმად, ორჯუკის ციხის მახლობლად არსებული ეკლესია ტრიკონქს წამოადგენს (სურ. VIII), რომელიც ზოგიერთი ნიშან-თვისებით საკმაოდ ახლოს დგას ორთულის, ურაველის, დორთ-ქილისას და ბაღჩალო-ყიშლას ტაძრებთან.

სურ. VIII. ეკლესიის გეგმა გ. ბაგრატიონის მიხედვით

 

ყველა ეს ძეგლი ასევე საქართველოს სამხრეთ პროვინციებშია განლაგებული და საკმაოდ გამოკვეთილი რეგიონული თავისებურებებით ხასიათდება.  საინტერესოა, რომ ჩვენი კვლევის საგანი, რომელსაც სხვა სახელწოდების უქონლობის გამო პირობითად ორჯუკის ტრიკონქი ვუწოდეთ, ზემოთ ჩამოთვლილ ძეგლებთან როგორც მსგავსებას,  ისე  განსხავებებსაც ამჟღავნებს. ორჯუკის ტრიკონქი საკმაოდ ახლოს დგას ორთულის, ურაველის, დორთ-ქილისასა და ბაღჩალო-ყიშლას ეკლესიებთან აფსიდების მოხაზულობითა და პროპორციებით: ყველა ამ ძეგლს ფართო აფსიდები აქვს. მკლავები მოკლე, პრაქტიკულად, ნახევარწრიული მოხაზულობისაა, აღმოსავლეთის აფსიდის წინ ბემა ყველა შემთხვევაში მეტ-ნაკლებად სუსტადაა გამოხატული. სამაგიეროდ, ორჯუკის ეკლესია არცერთ ჩამოთვლილ ნიმუშს არ ჰგავს გარე მასების სტრუქტურით:  ორთულის, ურაველის, დორთ-ქილისასა და ბაღჩალო-ყიშლას ტრიკონქებს გარედან ჯვრის ფორმა აქვთ (ორთულის ეკლესიას აღმოსავლეთის მკლავი გარედანაც წრიული აქვს, ხოლო დორთ-ქილისას სამივე აფსიდა გარედან სამწახნაგა ფორმაშია მოქცეული), ორჯუკის ტაძრის გეგმა კი ერთიან სწორკუთხედში იწერება და აფსიდების ფორმა ფასადებზე მხოლოდ სამკუთხა ნიშების საშუალებით იკითხება. ასეთი ნიშები გრძივ ფასადებზე ორ-ორია. მეორე საგრძნობი განსხვავება ორჯუკის ეკლესიის საკურთხევლის ნაწილის სტრუქტურაა _ ორთულის, ურაველის, დორთ-ქილისასა და ბაღჩალო-ყიშლას ეკლესიებისაგან განსხავავებით, ის სამნაწილიანია, ანუ  მოეპოვება პასტოფორიები (რეკონსტრუქციის თანახმად, აღმოსავლეთ ფასადსაც, გრძივი ფასადების ანალოგიურად, ორი სამკუთხა ნიში უნდა ჰქონოდა). აშკარაა, რომ ზემოჩამოთვლილ ძეგლებთან შედარებით, ორჯუკის ეკლესია ტრიკონქის უფრო განვითარებულ ფორმას წარმოადგენს, რომლის სტრუქტურა გართულებულია პასტოფორიებით და დასავლეთი მკლავის გაგანიერებით. ამ უკნასკნელს პატარა ნახევარწრიული უბეებიც ემატება.

საკურთხევლის ნაწილის ასეთი განვითარებული სტრუქტურა მეტ საფუძველს იძლევა, ორჯუკის ტრიკონქი ისისა და ზეგანის ტაძრების ტიპოლოგიურ მწკრივში ჩავაყენოთ, თუმცა ახლადგამოვლენილი ძეგლი ამ ტაძრებს საკმაოდ ჩამოუვარდება მასშტაბის თვალსაზრისით. თანაც, აღმოსავლეთი ნაწილისაგან განსხვავებით, რომლესაც ამ ძეგლების ანალოგიურად სამნაწილიანი სტრუქტურა აქვს, ორჯუკის ეკლესიის დასავლეთი მკლავი უფრო ორიგინალური გადაწყვეტით ხასიათდება (ისევე, როგორც აფსიდების შეყრის ადგილები, რომლებსაც გუმბათი ეყრდნობა). დასავლეთი ნაწილის ასეთ გადაწყვეტას (გაგანიერებული მკლავი უბეებით, ასევე, გუმბათის საყრდენი კონსტრუქციის რთული და უჩვეულო ფორმა) ჩვენ ვერ ვხედავთ  საქართველოს ვერც ერთ ტრიკონქში. სავარაუდოდ, დასავლეთი მკლავის ასეთი გართულებული ფორმა გამოწვეულია, ერთი მხრივ, თავად საყრდენი კონსტრუქციის ფორმით და, მეორე მხრივ, ხუროთმოძღვრის სურვილით, გაეწონასწორებინა აღმოსავლეთის მხარეს არსებული პასტოფორიების მასები და შენობის კომპოზიციისთვის მეტი ჰარმონია, მკაფიო წყობა მიენიჭებინა. საინტერესოა გუმბათქვეშა საყრდენების დასავლეთ წყვილში არსებული მცირე უბეებიც, ანუ ნიშები. ტაო-კლარჯეთის არქიტექტუტაში ჩვენ ხშირად ხვედავთ ასეთ გადაწყვეტას (ხახული, ოშკი, იშხანი და სხვ.), რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ორჯუკის ტრიკონქი, მართალია, შედარებით მოკრძალებულ ფორმებში, მაგრამ მაინც იმეორებს სამხრეთი საქართველოს მონუმენტური ხუროთმოძღვრების მხატვრულ ტრდიაციებს.   

ორიგინალობით გამოირჩევა ორჯუკის ტრიკონქის გარე არქიტექტურული სახეც. მისი გეგმა მთლიად ეწერება სწორკუთხედში, მაშინ, როდესაც  ტრიკონქის ტიპის ქართული ძეგლების უმეტესობაში ჯვრული ფორმა მეტ-ნაკლებად გამოვლენილია ხოლმე გარე მასებში (ამ მხრივ გამონაკლისია ალავერდის ტაძარი, მაგრამ ეს ძეგლი თავისი გრანდიოზული მასშტაბით, რთული სინთეზირებული ტიპოლოგიური მახასიათებლებით, გუმბათის მზიდი სისტემით სრულიად განსხვავდება ორჯუკის ეკლესიისაგან და პარალელად ამ შემთხვევაში არ გამოდგება).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ორჯუკის ახლადაღმოჩენილი ეკლესია, ჩვენი აზრით, შესაძლებელია X საუკუნის ეპოქას მივაკუთვნოთ. მის გეგმაში, ერთი მხრივ,  იკვეთება ელემენტები, რომლებიც ნაგებობას გარდამავალი ხანის ძეგლებს აახლოებს (მცირე მასშტაბი, ღრმა და ფართო აფსიდების მოხაზულობა, პროპორციები და სხვ.), მეორე მხრივ, მის კომპოზიციაში ვხედავთ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტილის ნიშნებსაც (გეგმის მოქცევა სწორკუთხედში, პასტოფორიების არსებობა, მკაფიო ბალანსი საკურთხევლის ნაწილსა და დასავლეთ მხარეს შორის, ფასადების გაფორმების ჩამოყალიბებული სისტემა, გუმბათქვეშა ბურჯების მასშტაბურობა და რთული ფორმა, რაც გადახურვის კონსტრუქციის სირთულეზეც მიუთითებს და სხვ.). ძეგლის სამშენებლო ტექნიკა (უაღრესად მასიური კედლები, განსაკუთრებით კონქების შემორჩენილ ფრაგმენტებზე, კედლის წყობის მაღალი ხარისხი და მცირე დეკორი) ასევე არ ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას.

ორჯუკის ეკლესიის ინტერიერში, ჩრდილოეთის კედლის ფრაგმენტზე, ძირში, მოპირკეთების ერთი მწკრივი განირჩევა. ქვის კვადრებზე კირის ნალესობაა შემორჩენილი. როგორც ჩანს, ეკლესია მოგვიანებით შეულესავთ, სავარაუდოდ, მოსახატავად. ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკლესიის მთლიანად მოხატვის ტრადიცია მხოლოდ XI საუკუნიდან მკვიდრდება მყარად. ჩვენი აზრით, კონკრეტულ შემთხვევაში ეს XIII-XIV საუკუნეებში უნდა მომხდარიყო, რადგან უმეტესობა ეკლესიებისა, რომლებიც იმიერტოს ამ ნაწილში ექსპედიციის დროს გამოვლინდა, სწორედ ამ ეპოქაში, ანუ ათაბაგების განსაკუთრებული სააღმშენებლო აქტივობის დროს, შეიმკო ფრესკებით.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ  ზემოთ გამოთქმული მოსაზრებებები, ძირითადად,  ჰიპოთეზის სახეს ატარებს, რადგან ძეგლზე არ ჩატარებულა გაწმენდითი სამუშაოები, რაც მისი გეგმის თუ სხვა არქიტექტურული დეტალების უფრო მეტი სიზუსტით გამოვლენის საშუალებას მოგვცემდა. არსებული რეკონსტრუქცია მხოლოდ ზედაპირული დაკვირვების შედეგია.  სოფელ ორჯუკის მახლობლად არსებული ტრიკონქი უფრო საგულდაგულო მეცნიერულ კვლევას მოითხოვს. 

ლიტერატურა

გივიაშვილი ი.
2005
დორთ- ქილისას ტრიკონქი. საქართველოს სიძველენი, #6, თბილისი.
გივიაშვილი ი.
2003
ზეგანი, იგივე ზაქი (რეკონსტრუქცის ცდა). საქართველოს სიძველენი, #3. თბილისი.
გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი.
2004
ტაო-კლარჯეთი. თბილისი.
თაყაიშვილი ექ.
1991
არქეოლოგური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. დაბრუნება, ტ. 1. თბილისი.
კაპანაძე თ.
1989
ჯვარზენის ტრიკონქი. ძეგლის მეგობარი, #1, თბილისი.
ცინცაძე ვ.
1959
თელოვანის ჯვარპატიოსანი (VIII-IX სს. ძეგლი). ქართული ხელოვნება #5, თბილისი.
ნ. ჯაბუა.
2012
ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში. თბილისი.
Gawdat Gabra.
2002
Coptic Monastic Art and Architecture. Cairo.
Capuani M.
2002
Christian Egypt: Coptic Art and Monuments Through Two Millennia. Minessota.
Grossmann P.
2014
Chriastian Arshirecture in Egypt. Coptic Civilization. Two Thousand Years of Christianity in Egypt. ed. Gawdat Gabra, Cairo.
Hansmann W.
2000
Das Tal der Loire. Schlösser, Kirchen und Städte im «Garten Frankreichs», B.2. Köln.
C. Rizzardi.
2005
I mosaici parietali di Ravenna da Galla Placidia a Giustiniano, in Venezia e Bisanzio. Aspetti della cultura artistica bizantina da Ravenna a Venezia (V - XIV secolo), Venezia
Toman R.
1996
Die Kunst der Romanik. Architektur, Skulptur, Malerei. Köln.
А. Казарян.
2005
Триконховые крестово-купольные церкви в зодчестве Закавказья и Византии. Византийский мир: Искусство Константинополя и национальная традиции. Москва.
Мнацаканян С., Оганесян К., Саинян А.
1978
Очерки по истории архитектуры древней и средневековой Армении. Ереван.