აქილევსის ორგვარი „მისალმება“ - „ილიადა“, 9.198/204

„ილიადის“ მე-9 წიგნში აგამემნონის მიერ აქილევსთან გაგზავნილი ხუთწევრიანი ელჩობის (სამი ელჩი - ფოინიქსი, აიასი, ოდისევსი და ორი მაცნე - ოდიოსი, ევრიბატესი) მიღების სცენის ფარგლებში მასპინძელი სიტყვას φίλτατοι („უახლოესი მეგობრები“) ორჯერ წარმოთქვამს, კერძოდ, მე-9 წიგნის 198-ე და 204-ე სტრიქონებში (შემდგომში - 9.198, 9.204), რასაც, გადატანითი მნიშვნელობით, აქილევსის ორგვარ „მისალმებას“ ვუწოდებ.[i] ელჩობის სცენის ორობითი რიცხვის, ანუ დუალისური, ფორმების (შემდგომში - „ორობითები“ და „დუალისები“) შემცველი 9.182-98 მონაკვეთი სხვადასხვაგვარი კუთხით შესწავლის საგანი მრავალგზის გამხდარა (ბიბლიოგრაფიისათვის [Schadewaldt, 1966: 137-8], [Lesky, 1967: 103-5], [Page, 1959/1976: 297-315, 324-35], [Segal, 1968], [გორდეზიანი, 1978: 73-80], [Nagy, 1979/1981: 47-55], [Griffin, 1995: 51-3]); მაგრამ ტექსტის დეტალური კვლევის პროცესში ჰომეროლოგთაგან ჯერაც პასუხგაუცემელმა, თუ სათანადოდ შეუფასებელმა, მაინც არაერთმა კითხვამ იჩინა თავი. ქვემოთ ამ კითხვების ერთი ნაწილი და მათზე გაცემული პასუხებია წარმოდგენილი.

1. ელჩობის ეპიზოდის 9.182-98 მონაკვეთის ბუნდოვანი ადგილების გაანალიზებისას ჰომეროლოგების ყურადღება მიმართულია ძირითადი პრობლემისაკენ (კერძოდ, თუ რატომ გადმოცემს ჰომეროსი ხუთწევრიან ელჩობას ორობითი ზმნებითა და პირის ნაცვალსახელებით), რის გამოც, ფაქტობრივად, მათი ყურადღების მიღმაა დარჩენილი (ანდა ვერ ახერხებენ ახსნან, შდრ. [Stanley, 1993: 352]) ის გარემოება, თუ რატომ იყენებს ჰომეროსი დუალისურთან ერთად მრავლობითი რიცხვის (შემდგომში - „მრავლობითის“) ორ ზმნას. მათგან პირველი - εὗρον-ი (9.186a, - ჰომეროლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში a-თი აღინიშნება სალექსო სტრიქონის პირველი ნახევარი, b-თი მეორე) შეიძლება იმგვარად აიხსნას, რომ ის ე. წ. ეპიკური ფორმულაა (შდრ. τὸν δ᾽ εὗρον-ი 1.329a-ში, რომელშიც εὗρον-ი ისევ მრავლობითშია [Hainsworth, 1993: 87, n. 186-7]); მაგრამ მეორე ზმნა - στὰν-ი (9.193a) ამგვარად ვეღარ აიხსნება (შდრ. στήτην-ი 1.332a-ში, რომელშიც ზმნა στὰν-ი უკვე ორობითშია და არა კვლავინდებურად მრავლობითში), რაც ბ. ჰაინსუორთის მიერ უკომენტაროდაა დატოვებული (შდრ. [Hainsworth, 1993: 88-89 n. 192, 193]), ჯ. გრიფინი კი აღნიშნულ საკითხს ტრადიციული უნიტარისტული პოზიციიდან აშკარად გამარტივებულად განიხილავს (შდრ. [Griffin, 1995: 98-9 n. 186, 99 n. 192-193]), სავარაუდოდ, რის გამოც, მისი აზრით, „ელჩობის [აქილევსთან] მისვლა იმგვარადაა გადმოცემული, რომ ტოვებს უდავოდ ორი პირის მიახლოების შთაბეჭდილებას“ [Griffin, 1995: 52]. თუმცა, ჩემი აზრით, მრავლობითი στὰν-ი, სწორედაც რომ, საწინააღმდეგოზე მიუთითებს (დაწვრ. იხ. ქვემოთ, აქვე). ამდენად, როგორ შეიძლება აიხსნას, რომ დუალისები ფიქსირდება მრავლობითი στὰν-ის („დადგნენ“, - 9.193a) წინაც (9.192-ში ელჩობა გადმოცემულია ორი დუალისით - τὼ-თი და βάτην-ით: τ δὲ βάτην προτέρω, ἡγεῖτο δὲ δῖος Ὀδυσσεύς - „და ორივე  წინ წავიდა, ღვთაებრივი ოდისევსი კი წინამძღოლობდა“) და შემდეგაც (9.197-8-ში აქილევსი ელჩობას ესალმება ისევ ორობითით)?

ვფიქრობ, რომ გასაანალიზებელი შემთხვევა (ისევე როგორც წინამდებარე სტატიაში განხილული სხვა „ბუნდოვანი ადგილები“) ვერ აიხსნება ტრადიციული ხასიათის ტიპური სცენის „არასწორად გამოყენებითა“ (შდრ. [Louden, 2002: 72]) და ადრინდელი ან ალტერნატიული ელჩობის ფრაგმენტის სათანადოდ „გაუაზრებლობით“ (შდრ. [Hainsworth, 1993: 87]): პირიქით, მრავლობითი στὰν-ით ჰომეროსი საკმაოდ „არაორაზროვნად“ უნდა მიუთითებდეს, რომ მე-9 სიმღერის ამ ადგილას (9.192-3a) აქილევსის წინაშე მდგარი ელჩობა, წინა პასაჟისაგან (9.182) განსხვავებით, უკვე არა ორ, არამედ სამ ნაწილადაა დაყოფილი: 1) ორი მაცნე, 2) ორი ელჩი - აიასი და ფოინიქსი და 3) ოდისევსი, რომელიც სხვებთან შედარებით აქილევსთან უფრო ახლოს (და ამდენად, დანარჩენებისგან განცალკევებით) იდგა (მაგრამ შდრ. [Köhnken, 1975: 35]; შდრ. აგრ. [Nagy, 1979/1981: 53 §16n3]). ამიტომ აქილევსი დუალისური ფორმებით (197a-ის χαίρετον-ი და ἱκάνετον-ი) ჯერ მიმართავს ორი ნაწილისგან (მაცნეებისა და ელჩებისაგან [გორდეზიანი, 1978: 77-9]) შემდგარ მთელ ელჩობას; ეს არის მთელი ელჩობის, ანუ ერთდროულად აგამემნონის ნების განმცხადებლების [ე.ი. ორი მაცნის] და მასპინძლის მეგობრების [ე.ი. სამი ელჩის], ოფიციალური და ჯერაც „ნეიტრალური“ მისალმება (შდრ. [Edwards, 1980: 17]; შდრ. აგრ: “[…] ელჩობა შედგება არა მხოლოდ უმნიშვნელო მაცნეებისაგან, არამედ, ამასთანავე, სახელოვანი გმირი მეგობრებისა და აქილევსის აღმზრდელი მხცოვანი ფოინიქსისგან. ამდენად, მასპინძელს ელჩობასთან მიმართებით ეკისრება ორმაგი მოვალეობა, რადგანაც უნდა მიიღოს, ერთი მხრივ, ოფიციალური, დიპლომატიური მისია, ხოლო, მეორე მხრივ, ძველი და ძვირფასი მეგობრები“ [Segal, 1968: 108]). შემდეგ (198b-ის ἐστον-ი) ისევ ორობითით აქილევსი მიმართავს მხოლოდ სამ ელჩს, რომლებიც, თავიანთი მხრივ, ასევე ორ ნაწილად არიან დაყოფილი: 9.192b-ში სხვებთან შედარებით დაწინაურებულ ოდისევსს, ელჩობის მეთაურს, და მის უკან მდგარ აიასსა და ფოინიქსს (შდრ. [Thornton, 1978, 2-4]). სწორედ ამგვარად უნდა ამზადებდეს ჰომეროსი თავის მსმენელებს მომდევნო სცენისათვის, რომელშიც აქილევსთან მაცნეების გარეშე მრავლობითში მოლაპარაკებას მხოლოდ ელჩები აწარმოებენ (შდრ. 9.204-ის მრავლობითი ὑπέασι, რომლის თაობაზეც იხ. ქვემოთ, მე-2 კითხვა). მაგრამ უკვე ამ ადგილას (9.198) მრავლობითის გამოყენება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, რადგან შეიქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ „უმნიშვნელო მაცნეები“ აქილევსის ისეთივე ახლო მეგობრები არიან და ისევე დაფასებულნი მასპინძლის მიერ, როგორც მისი მხცოვანი აღმზრდელი და ორი „სახელოვანი გმირი“ (შდრ. [Segal, 1968: 108-10], შდრ. აგრ. [Griffin, 1995: 52]). სწორედ აღნიშნული გარემოება უნდა გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ ელჩობას 9.197-ში აქილევსი უწოდებს „მხოლოდ“ „ნამდვილ მეგობრებს“ (ἦ φίλοι), მაშინ როცა უშუალოდ მომდევნო სტრიქონში (9.198) „ნამდვილი მეგობრები“ უკვე გადაქცეულია „ჰიპერბოლიზებულ“ (შდრ. [Hainsworth, 1993: 89 n. 197-8]) „აქაველთა შორის უახლოეს მეგობრებად“ (φίλτατοι): რომ არა კონკრეტული მიზეზი (და დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი მიზეზი ელჩების მაცნეებისაგან მსმენელთათვის „შეუმჩნევლად“ გამიჯვნის ზემოაღნიშნული აუცილებლობა უნდა ყოფილიყო; მაგრამ შდრ. აგრ. [გორდეზიანი, 1978: 79]), ჰომეროსს შეეძლო უფრო ნათლად გადმოეცა აქილევსის მისალმება ელჩობისადმი, კერძოდ, თუ მისი წევრების სახელების ხსენებით არა, მათი რანგების („მაცნეები“ და „ელჩები“)  აღნიშვნით მაინც და თანაც, - მრავლობითით, როგორც ეს არის პირველ წიგნში, მხოლოდ მაცნეების ელჩობის სცენაში (შდრ. 1.334-5-ში ორ მაცნეს აქილევსი მრავლობითით ესალმება; თუ რატომ, იხ. ქვემოთ, მე-4 კითხვის დ). ამგვარად, 9.193a-ში მრავლობითი στὰν-ი შეესაბამება არა „რეალურ“, არამედ ე.წ. ვირტუალურ, ანუ წარმოსახვით, ფაქტობრივ, მრავლობითს (სხვაგვარად ე.წ. „ელიფსური მრავლობითიც“ რომ შეიძლება ეწოდოს [Nagy, 1979/1981: 55-6 §20n6]), რომელიც ხუთწევრიან ელჩობას გადმოცემს არა ამგვარად - A(I პირი) + A(II პირი) + A(III პირი) + A(IV პირი) + A(V პირი), არამედ როგორც: A(ორი მაცნე) + B(ორი ელჩი) + C(ოდისევსი, როგორც ერთიანი ელჩობის შემადგენელი ამ ორი ნაწილის წინამძღოლი). ზემოაღნიშნული გარემოება, ვფიქრობ, ზედმიწევნით ზუსტადაა ასახული ჯონ ფლექსმანის (1855-1926) ცნობილ ილუსტრაციაში „ელჩობა აქილევსთან“, რომელსაც ქვემოთ ილუსტრაციის სახით ვურთავ. (“ჩვენამდე მოღწეული [არქაული ბერძნული] ფერწერული ნიმუშები ვერ გვიქმნიან ნათელ წარმოდგენას [ელჩობაზე]“ [Hainsworth, 1993: 87].)

2. როგორ შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ 9.198-ში ორობით ზმნასთან (ἐστον) გამოყენებული „უახლოესი მეგობრები“ (φίλτατοι) „ამავე“ ელჩობასთან მიმართებით გამეორებულია ექვსი სტრიქონის შემდეგაც, კერძოდ 9.204-ში, მაგრამ ამჯერად - მრავლობით ზმნასთან (ὑπέασι) ერთად (9.204-ის ὑπέασι-ს სხვა თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობის თაობაზე შდრ. [Griffin, 1995: 52]). ამდენად, შესაძლებელია თუ არა, რომ ჰომეროსს რაიმე ჩანაფიქრი ჰქონოდა?

ჩემი დაკვირვებით, ორივე შემთხვევაში - როგორც 9.198-ში (იხ. ზემოთ), ისე 9.204-ში - აქილევსი გულისხმობს მხოლოდ სამ ელჩს (ორი მაცნის გარეშე), მაშინ როცა ორობითიდან (9.198) მრავლობითზე (9.204) გადასვლით ჰომეროსი, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად აჩვენებს, რომ ე. წ. შერეული სცენა, რომელშიც მოქმედი პირები არიან როგორც ელჩები, ისე მაცნეები (9.182-98), იცვლება „მხოლოდ“ ელჩებიანი სცენით (9.199-655; შდრ. აგრ. [გორდეზიანი, 1978: 79]); ახლა კი შევეცდები ამ მოსაზრების დასაბუთებას. მ. უ. ედვარდსი და ბ. ჰაინსუორთი იზიარებენ ვ. არენდის დასკვნას, რომ ზოგჯერ მისვლისა და სტუმრობის ტიპური სცენების შემადგენელი ელემენტები შეიძლება ერთმანეთს შეერიონ [Arend, 1933: 34-35, 54], რის შედეგად ორი [Edwards, 1975: 55, 62-67] ანდა, სულაც, სამი [Hainsworth, 1993: 84-85 n. 182-225, 87 n. 185] სცენის ცალკეული ნაწილები ერთიანდება. ედვარდსი დაწვრილებით აღწერს, რომ როდესაც 9.193a-ში ელჩობა დგას აქილევსის წინაშე, მაცნის მისვლის სცენა გადადის სტუმრის მიღების სცენაში, რადგან იმის ნაცლად, რომ ელჩობის წევრებმა, როგორც შიკრიკებს შეჰფერით, თქვან თავიანთი სათქმელი, ისინი სტუმრებივით ჩუმად დგანან და უცდიან მასპინძლის მიერ მისალმებას და შინ შეპატიჟებას (შდრ. [Edwards, 1980: 16-17 n. 41]). თუმცა, ვფიქრობ რომ, განსახილველ შემთხვევაში ფიქსირდება არა იმდენად ზეპირი პოეტის „შეცდომა“, ანუ პოეტის მიერ ორი ტიპური სცენის გაუცნობიერებლად ურთიერთშერევა, რამდენადაც ჰომეროსის მიერ იმის „გააზრება“, რომ ელჩობა შედგება არა მხოლოდ ელჩებისაგან, არამედ მაცნეებისგანაც (იხ. ზემოთ, პირველი კითხვა; შდრ. აგრ. [Hainsworth, 1993: 85 n. 182]): შიკრიკის ტიპური სცენის მიხედვით დელეგაციამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და შეპატიჟებამდე თვითონ შევიდეს აქილევსის ქოხში; მაგრამ ოდისევსი, რომელიც ამ ადგილას (9.192b) უკვე წინამძღოლობს ელჩობას, ხვდება, რომ აქილევსისაკენ კიდევ უფრო წინ წაწევამ, ანუ მასთან ძალიან ახლოს მისვლამ და მასპინძლის ნებართვის გარეშე მისთვის შეტყობინების გადაცემამ შეიძლება მისიის ჩაშლა გამოიწვიოს („ოდისევსი საგრძნობლად ცვლის აგამემნონის დანაბარებს [სხვა შემთხვევაშიც, კერძოდ, 9.299-306-ში], როდესაც აქილევსს არ ეუბნება აგამემნონის მიერ შეთვლილ სიტყვებს, რომ  მასზე უფრო გავლენიანია“ (9.160-1) [Nagy, 1979/1981: 51-2 §14]). ამგვარად, ელჩობა, რომელმაც, როგორც ჩანს, უკვე შეაბიჯა ქოხში, ჩუმად დგას მანპინძლის „წინაშე“ (9.193a), ალბათ, ზედ ზღურბლზე ან მასთან ძალიან ახლოს (იქ, საიდანაც 9.199-ში მასპინძლის მიერ მისი შეპატიჟება - შდრ. ἄγε δῖος Ἀχιλλεύς - ისევ შესაძლებელია). ამდენად, როგორც ეს ხდება ხოლმე ამ ტიპის სცენაში, აქილევსი ხედავს მათ და გაკვირვების გამოხატვის შემდეგ ესალმება (უშუალოდ მომდევნო პასაჟი, - 9.193b-8). მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართვა არის უკვე ახალი, სტუმრის მიღების სცენის ელემენტი, მაინც ნათელია, რომ მასპინძელი დელეგაციის ყველა წევრს ესალმება (ანუ არა მხოლოდ ელჩებს, არამედ მაცნეებსაც), რომლებიც 9.192-3a-ში მის „წინაშე“ იდგნენ; ამდენად, აქილევსი ესალმება ხუთივე პირს, თუმცა სამ ნაწილად დაყოფილთ (იხ. ზემოთ, პირველი კითხვა). თავის ამ მიმართვას (9.197-8) აქილევსი, როგორც ვიცით, წარმოთქვამს ორობითით. ბ. ჰაინსუორთის აზრით, „შეინიშნება მცირე შეუსაბამობა στὰν [δὲ] πρόσθ᾽ αὐτοῖο-სა [„და ისინი დადგნენ მის (ანუ აქილევსის) წინაშე“] (193) და προτέρω ἄγε δῖος Ἀχιλλεύς-ს [„ღვთაებრივმა აქილევსმა ისინი შინ შეიპატიჟა“] (199) შორის“ [Hainsworth, 1993: 87 n. 185] და ჰაინსუორთისვე აზრით, „არანაკლებ ბუნდოვანია ორობითი რიცხვის გაქრობა [9.]198-ის შემდეგ“ [Hainsworth, 1993: 85 n. 182], რასაც მე ვერ დავეთანხმები: ზემოხსენებული „მცირე შეუსაბამობა“ და „არანაკლები ბუნდოვან[ება]“, უდავოდ, უნდა გამოეწვია ელჩებისა და მაცნეების ერთად მისვლის სცენიდან მხოლოდ ელჩების შეპატიჟების სცენაზე გადასვლას, რომელიც რეალიზებულია აქილევსის არაორდინალური მისალმებით ჯერ ერთდროულად ელჩებისა და მაცნეებისადმი (9.197a), ხოლო შემდეგ (9.197b-8) - მხოლოდ ელჩებისადმი (დაწვრ. იხ. ზემოთ, პირველი კითხვა). ამგვარი არაორდინალურობა, თავის მხრივ, ორი მიზეზით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული: ა) ელჩობის ამსახველი ორი სცენის (1.327-48a და 9.182-204…) მიზანმიმართულად ურთიერთდამსგავსების პროცესი უკვე დასრულებულია (შდრ.: [Boll, 1919 და 1920], [Segal, 1968: 103-8], [Lohmann, 1970: 227-231], [გორდეზიანი, 1978: 75], [Edwards, 1980: 17 n 41]); ამდენად, ელჩობის უკან დაბრუნების სცენამდე პოეტს მაცნეები, როგორც ჩანს, უკვე აღარ „სჭირდება“: 9.669-ში მრავლობითი ზმნა γένοντο, უდავოდ, იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ფოინიქსის აქილევსთან დარჩენის შემდეგ მრავლობითით ორ ელჩთან ერთად მაცნეებიც უნდა ყოფილიყვნენ გადმოცემული ([გორდეზიანი, 1978: 76]; შდრ. აგრ. 9.656-7). ბ) აქილევსთან მოლაპარაკებას მხოლოდ ელჩები აწარმოებენ, მაცნეები კი ისმენენ, რათა უკან დაბრუნებულებმა აგამემნონის ინფორმირება შეძლონ (შდრ. 9.688-9). ამდენად, 9.199-ით ახალი, „მხოლოდ“ ელჩებიანი სცენა იწყება, რომელშიც გამოყენებულია მრავლობითი ზმნა ὑπέασι (9.204), რომელსაც მხოლოდ მრავლობითი ზმნები მოჰყვება.

3. აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაშიც, „შერეული“ სცენიდან „მხოლოდ“ ელჩებიან სცენაზე გადასვლის პროცესი მაინც ერთგვარი ბუნდოვანების შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლებელია ტექსტში იმგვარი ადგილის გამოვლენა, რომელშიც ზემომითითებულ გადასვლაზე ჰომეროსი უფრო „ნათლად“ მიანიშნებს?

9.197-8-ის ორობითით „მისალმების“ სცენის მომდევნო მრავლობითი (შდრ. ὑπέασι 9.204b-ში) „შინ შეპატიჟებისა“ და (სკამზე) „დასმის“ მოტივები (9.199-200) გადმოცემულია წინადადებით, რომელიც ერთი სინტაქსური „თავისებურებით“ ხასიათდება; კერძოდ, მასში არსად ფიქსირდება ობიექტი, ანუ ის/ისინი, ვისაც აქილევსი შინ იპატიჟებს და შემდეგ (სკამზე) სვამს (შდრ. ἄγε 9.199-ში და εἷσεν 9.200-ში, მაგრამ 24.553-სა და 24.577-8-ში იგივე ზმნები - ἵζε, εἷσαν-ი, ἄγαγον-ი - იმავე კონტექსტში გამოყენებულია ობიექტებთან - μ᾽-ი და κήρυκα καλήτορα - ერთად). ეს „ბუნდოვანი ადგილი“ მკვლევართა მიერ, ჩვეულებრივ, უკომენტაროდაა დატოვებული (შდრ. [Hainsworth, 1993: 89-90 n. 200]), ხოლო სხვადასხვა თარგმანებში ობიექტი გადმოცემულია სიტყვით „ისინი“, მაგრამ ვინ უნდა ვიგულისხმოთ სიტყვაში „ისინი“? ვფიქრობ, 9.199b-ის προτέρω (რომელიც, როგორც წესი, გაიგივებულია ზმნიზედასთან „წინ“, ან ზოგჯერ - „შიგნით“, „შინ“), ორობით ზედსართავ სახელად გააზრებული და ამდენად, [ელჩობის] „წინა წყვილი“-ს მნიშვნელობით, კარგად უნდა გადმოცემდეს განსახილველი წინადადების ობიექტს („წინა წყვილის“ არსში, სავარაუდოდ, ვერ ჩაწვდომის გამო დ. ფეიჯს სიტყვა προτέρω სრულიად მოულოდნელად ნათარგმნი აქვს, როგორც „მათი წყვილი წინ“, ანუ ერთდროულად ობიექტად და ზმნიზედად: „ამის მთქმელმა [აქილევსმა] მათი წყვილი წინ წაიყვანა“ [Page, 1959/1976: 298]): 9.199-200-ში აქილევსი „შინ იპატიჟებს“ და სკამზე „სვამს“ მხოლოდ ელჩებს (ὣς ἄρα φωνήσας προτέρω ἄγε δῖος Ἀχιλλεύς, / εἷσεν δ᾽ [...]), რომლებიც ჰომეროსის მიერ გააზრებული შეიძლება ყოფილიყვნენ ორ წყვილს შორის „წინა წყვილად“ (უკან მდგომი პირველი წყვილი: ორი მაცნე; და მეორე, წინ მყოფი ვირტუალური წყვილი, შედგენილი სამი ელჩისაგან: ერთი მხრივ, აიასი და ფოინიქსი და მეორე მხრივ, მათი წინამძღოლი ოდისევსი). რამდენადაც გადასვლა ორობითიდან მრავლობითზე თანხვდება „მხოლოდ“ ელჩებიან, ანუ უმაცნეებო, სცენაზე გადასვლას, აქილევსის მიერ თავისი მეგობარი ელჩებისადმი ორგზის ჰიპერბოლიზებული ფორმით გამოხატული დამოკიდებულებით (შდრ. φίλτατοι 9.198-ში და კიდევ ერთხელ 9.204-ში; შდრ. აგრ. [Louden, 2002: 70]) ჰომეროსი „არაორაზროვნად“ აჩვენებს, რომ როდესაც ელჩობაში მოიაზრებიან როგორც ელჩები, ისე მაცნეები, ისინი გადმოცემულია ორობითით (ერთგვარი გამონაკლისი ფიქსირდება 9.198-9-ში, რადგანაც ელჩები და მაცნეები ერთმანეთისაგან ჯერაც განუცალკევებლებია); ხოლო როცა აქილევსი ურთიერთობს მხოლოდ ელჩებთან, ის მათთან მრავლობითით საუბრობს (მაგრამ შდრ. [Nagy, 1979/1981: 54-5 §20]), რაც, ვფიქრობ, მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ 9.182-98-ის დუალისებით გადმოცემული ელჩობა პოეტის მიერ ნამდვილად არის ორ ერთეულად - ელჩებად და მაცნეებად - გააზრებული; ამდენად, 9.182-98-ის ორობითი არის წარმოსახვითი, ვირტუალური ([შდრ.: Chantraine, 1958: 27-8; Thornton, 1978: 1; გორდეზიანი, 1978: 77-80], მაგრამ შდრ. [Edwards, 1991: 134-5 n. 735], [Hainsworth, 1993: 86 (4)], [Griffin, 1995, 51]; და შდრ. აგრ. [Janko, 1994: 363 n. 370-1], რომლის აზრითაც, „[...] ეს უნდა იყოს ორობითით შეცვლილი მრავლობითი, რაც შესაძლებელია, დავინახოთ [...] 9.182...-შიც, ხოლო ეჭვს არ იწვევს „აპოლონის ჰიმნის“ 487-ე სტრიქონში, რაც დაფიქსირებულია ძენოდოტოსის მიერ“, მაგრამ შდრ. კვლავ [გორდეზიანი, 1978: 75], [Hainsworth, 1993: 85 n. 182 (1)], და [Griffin, 1995: 52]: “[…] და თანაც, აშკარაა, რომ ზედიზედ ამდენი დუალისური ფორმის არსებობა ამ მოსაზრების გაზიარებას შეუძლებელს ხდის“). ზემოაღნიშნული იმასაც უნდა ნიშნავდეს, რომ ვირტუალური ორობითით გადმოცემული ელჩობა სულ მცირე სამი წევრისგან ტექსტის არა მხოლოდ ამ საბოლოო ვერსიაში შედგება, არამედ ამგვარადვე უნდა ყოფილიყო წინა ვერსიებშიც (დაწვრ. იხ. ქვემოთ, მე-6 კითხვა; შდრ. აგრ. [Louden, 2002: 75]). ამდენად, წინა ვერსიებში არსებული ელჩობის ასევე სულ მცირე სამი წევრი, როგორც ჩანს, გადმოიცემოდა ამავე ტიპის, ანუ ვირტუალური, ორობითით (დაწვრ. იხ. ქვემოთ, აქვე).

4. ბ. ჰაინსუორთის თანახმად, 9.182-98-ის „დუალისები უცვლელად არის გადმოსული არქეტიპიდან (ანუ „ელჩობის ტიპური სცენიდან“ [Louden, 2002: 75]), რომელშიც ისინი გრამატიკულად შესაფერისნი იყვნენ. [...] მიუხედავად იმისა, რომ პოეტის რეპუტაციას ეს ჩრდილს შეიძლება აყენებდეს“ ([Hainsworth, 1993: 86 (6)]; ჰომეროსის ეპოსში დუალისების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ სირთულეთა თაობაზე შდრ. აგრ. [Hoekstra, 1969: 28]). მაგრამ ელჩობის ამსახველ ორივე სცენაში (1.327-48a და 9.182-204…) დუალისები შერეულია მრავლობით ფორმებთან: εὗρον-ი (1.329), προσεφώνεον-ი და ἐρέοντο (1.332), χαίρετε (1.334), ἴτ᾽-ი (1.335), ἔστων-ი (1.338); εὗρον-ი (9.186), στὰν-ი (9.193), ὑπέασι (9.204), და 9.204-ის მომდევნო მრავლობითები. თუკი „182-98-ის დუალისები უცვლელადაა გადმოსული არქეტიპიდან [...]“ ან თუნდაც „[...] მანამდე არსებული ან ალტერნატიული ელჩობის სცენიდან“ და ჰომეროსი „[...] ორი მაცნის ელჩობას ამრავალფეროვნებს [...] ორი მთავარი გმირით და შემდეგ ფოინიქსითაც [...]“, მაშინ საფიქრებელია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მრავლობითები მიღებულია პოეტის მიერ დუალისების მრავლობითებად გარდაქმნით, „რისი მიზანიც ახალი კონტექსტისათვის მათი მისადაგება უნდა ყოფილიყო“ (შდრ. [Hainsworth, 1993: 86-87]). თუ ეს ვარაუდი მართებულია, ისმის კითხვაა (შდრ. [Nagy 1979: 54 §18], მაგრამ შდრ. აგრ. [Nagy 1979: 54 §19]; და შდრ. [გორდეზიანი, 1978: 74]): ნუთუ, ასე ძნელი უნდა ყოფილიყო 9.182-98-ის ამჟამინდელი ვერსიის შემქმნელისათვის, თუკი ამის საჭიროება მართლაც არსებობდა, დარჩენილი დუალისებიც მრავლობითებით შეეცვალა; მაგრამ, იქნებ, იმგვარი კანონზომიერება იკვეთება, რომელიც ჰომეროლოგების მიერ ჯერაც მეტწილად შეუმჩნეველია?

როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, პოემის ამჟამინდელ, ანუ საბოლოო, ვერსიაში 9.182-99-ის დუალისებით „რეალური“ ორი, ანუ „ორობითობა“, ე.ი. ორწევრიანი ელჩობა, კი არ უნდა იყოს გადმოცემული, არამედ ვირტუალური (იხ. ზემოთ, მე-3 კითხვა). ელჩობათა ამსახველი ორი სცენის (1.327-48a და 9.182-204...) ერთმნეთთან მიზანმიმართულად დასამსგავსებლად პოეტის მიერ დუალისებით გადმოცემული ორ პირზე მეტი მის მიერვე სრულიად გაცნობიერებულადაა გააზრებული ორ შემადგენელ ნაწილად, ანუ ვირტუალურ წყვილად, რასაც 9.182-99-ში დუალისურ ზმნებსა და პირის ნაცვალსახელებთან ერთად გამოყენებული მრავლობითი (არსებითი და ზედსართავი) სახელები ცხადყოფენ: თუკი ეს სახელები გადმოცემდნენ რეალურ წყვილს (და არა ვირტუალურს, ანუ მრავალ პირს), მაშინ ზმნებისა და პირი ნაცვალსახელების მსგავსად ისინიც ორობითში იქნებოდნენ ჩასმული [გორდეზიანი, 1978: 79-80]. (ეს არგუმენტი უნიტარისტ ჰომეროლოგთა უდიდესი უმრავლესობის მიერაც კი, ჩვეულებრივ, შეუმჩნეველი რჩება; შდრ.: „186-ის εὗρον-ი მრავლობითშია, რომელიც უშუალოდ მოჰყვება ორობით ἱκέσθην-ს; ამგვარადვეა 195-ის φῶτας-ი [„კაცები“]. ამგვარი სიტყვათშეხამება, ან, უმჯობესია გვეთქვა, „უწესრიგობა“, [ჰომეროსთან] არც თუ იშვიათია: [...] იონიელი რაფსოდების ხანაში ხმარებიდან უკვე გასულ ორობითს ისინი, როგორც ჩანს, მრავლობითის ნაცვლად იყენებდნენ, თუკი ამას სალექსო საზომი მოითხოვდა“ [Griffin, 1995: 98-9 n. 186 εὗρον].) ამგვარად, როგორც ირკვევა, არ არსებობდა განსახილველი დუალისების მრავლობითში გადაყვანის რაიმენაირი საჭიროება, რადგანაც უკვე არქეტიპულად ისინი ვირტუალური ფუნქციით გამოიყენებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ გადაიყვანა პოეტმა მრავლობითში მხოლოდ სახელები და ორი ზმნა (εὗρον-ი და στὰν-ი), მაგრამ არა დანარჩენი ზმნებიცა და პირის ნაცვალსახელებიც? ამდენად, უკვე არქეტიპულ ვერსიაში დელეგაციის სულ მცირე სამი წევრი უნდა ყოფილიყო და არავითარ შემთხვევაში ორი. რაც შეეხება 9.182-99-ის მრავლობით ზმნებს, ისინი მხოლოდ ორია, მაგრამ სხვადასხვაგვარი ფუნქციით: 9.182-99-ის მრავლობითი სახელებისაგან განსხვავებით 9.193-ის στὰν-ი ვირტუალურ მრავლობითობას გადმოცემს (შდრ. რეალური ორობითობის გადმომცემი 1.332-ის დუალისური στήτην-ი), ხოლო 9.182-99-ის მრავლობითი სახელების მსგავსად 9.186-ის მრავლობითი εὗρον-იც ვირტუალურ წყვილს გადმოცემს (შდრ. მრავლობითებით - 1.329-ში ისევ εὗρον-ითა და 1.332-ში προσεφώνεον-ითა და ἐρέοντο-თი - გადმოცემული რეალური წყვილი, ორი მაცნე; დაწვრ. იხ. აქვე ქვემოთ, ე), რაც შეიძლება აიხსნას კარგად ცნობილი ჰომეროსისეული პრინციპით - „მრავლობითები ორობითების ნაცვლად“ (შდრ.: [Noe, 1940: 13-16], [Burkert, 1976: 8 n. 12], [Griffin, 1995: 52]), რომელიც, როგორც ირკვევა, აშკარა კანონზომიერებათა დაცვით უნდა გამოიყენებოდეს (მათი განხილვისას, ქვემოთ, მე ვითვალისწინებ პირველი წიგნის მაცნეებისა და მე-9 წიგნის ელჩობის ურთიერთპარალელურ სცენებს; რაც შეეხება მთელ ჰომეროსის ეპოსს, საჭიროა დამატებითი კვლევა, რაც აღემატება წინამდებარე სტატიის მიზანს): ა) დუალისური ზმნები და პირის ნაცვალსახელები გადმოცემენ რეალურ წყვილსაც და ვირტუალურსაც, ორობითი სახელები კი მხოლოდ რეალურს [შდრ. გორდეზიანი, 1978: 79-80]; ბ) ორობით ზმნებთან და პირის ნაცვალსახელებთან მრავლობითი სახელები გადმოცემენ მხოლოდ ვირტუალურ წყვილს და არა რეალურს (φῶτας-ი - „კაცები“ 9.195-ში, მაგრამ შდრ. δύο φῶτε – „ორი, ანუ წყვილი, კაცი“ 5.572-სა და 5.608-ში; φίλοι ἄνδρες-ი 9.197-ში [გორდეზიანი, 1978: 80]; φίλτατοί 9.198-ში); გ) მრავლობითი ზმნები გადმოცემენ არა მხოლოდ რეალურ მრავლობითობას, არამედ ვირტუალურსაც (στὰν-ი 9.193a-ში); დ) თუ ზმნა ბრძანებით კილოშია, რეალური ორობითობაც კი ვერ გადმოიცემა ორობითი ზმნით და წყვილი სუბიექტი გააზრებულია, როგორც უბრალოდ „თქვენ ორი“ და არა „ორივე თქვენგანი“ (ἴτ᾽-ი 1.335-ში; Ὀδίος τε καὶ Εὐρυβάτης ἅμ᾽ ἑπέσθων-ი 9.170-ში, მიუხედავად იმისა, რომ არის ἅμ᾽-თან ერთად, რომლის მნიშვნელობაცაა „ერთად“ და არა „ორივე“; მაგრამ თუ ორობითობა ხაზგასმულია, ამ შემთხვევაში სუბიექტი გააზრებულია „ორივე თქვენგანად“, როგორც ეს არის 9.197-ში დუალისური χαίρετον-ის შემთხვევაში, რომელიც ნიშნავს - „მოგესალმებით ორივე თქვენგანს, [ანუ როგორც ელჩებს, ისე მაცნეებს]“), თუმცა, თუ მრავლობით ბრძანებით ზმნასთან არის სახელი ან პირის ნაცვალსახელი, ისინიც მრავლობითშია (1.334-ში χαίρετε κήρυκες-ი და 9.649-ში ὑμεῖς ἔρχεσθε […] ἀπόφασθε), მაგრამ, თუ მრავლობით ბრძანებით ზმნასთან ერთდროულად არის როგორც სახელი, ისე ლოგიკურად ხაზგასმული პირის ნაცვალსახელი, სახელი მაინც მრავლობითშია, ხოლო ნაცვალსახელი კი ორობითში (1.338-ში τὼ δ᾽ αὐτὼ μάρτυροι ἔστων-ი); დაბოლოს, თუ მრავლობითი რიცხვის ბრძანებით ზმნასთან ლოგიკური ხაზგასმის გარეშე ერთდროულად არის პირის ნაცვალსახელი და მიმღეობა, ორივე მათგანი მრავლობითშია (9.421-2a-ში ὑμεῖς μὲν ἰόντες […] ἀπόφασθε); ე) ზოგიერთი, თუ ასე შეიძლება ითქვას, ერთდროული, სინქრონული, მოქმედების გადმომცემი „აქტიური მნიშვნელობის“ ზმნა თხრობით კილოშიც კი ვერც ვირტუალური და ვერც რეალური წყვილის გადმოსაცემად ორობითში ვერ ჩაისმება, თუ ორობითობა, ანუ ორი სუბიექტის მიერ შესრულებულ მოქმედებათა სინქრონულობა, ხაზგაუსმელია; ამდენად, მრავლობითშია 9.186-სა და 1.329-ში „დანახვის“, „შემჩნევის“ მნიშვნელობის მქონე εὗρον-ი, აგრ. 1.332-ის προσεφώνεον-ი და ἐρέοντο და 9.617-ში οὗτοι δ᾽ γγελέουσι, მაგრამ შდრ. დუალისები - 1.327-ში, 9.182-სა და 9.192-ში βάτην-ი, 1.328-სა და 9.185-ში ἱκέσθην-ი, 1.331-ში ταρβήσαντε და αἰδομένω, 1.332-ში στήτην-ი, 1.347-ში ἴτην-ი, 9.197-ში ἱκάνετον-ი, 9.198-ში ἐστον-ი: თუკი προσεφώνεον-ი და ἐρέοντο ჩასმული იქნებოდნენ ორობითში, მაშინ შეიძენდნენ არასწორ მნიშვნელობას, რომ ორივე მაცნეს ეშინოდა და რცხვენოდა, ერთდროულად დალაპარაკებოდა აქილევსს და კითხვა დაესვა მისთვის, მაგრამ ორობითი ταρβήσαντε და αἰδομένω ნიშნავს, რომ ორ მაცნეს აქილევსის ეშინოდა და რცხვენოდა ერთდროულად. ამგვარად, დუალისები და მათთან გამოყენებული რამდენიმე მრავლობითი ვერ აიხსნება ზეპირი პოეტის მიერ არქეტიპული ელჩობის სათანადოდ გაუაზრებლობით, რადგან ისინი გამოიყენებიან აშკარა, თუმცა საკმაოდ  რთულად აღსაქმელი, კანონზომიერების გათვალისწინებით. მაგრამ მიზანს ვერც ანალიტიკური და (ერთეული გამონაკლისის გარდა) ტრადიციული უნიტარისტული ინტერპრეტაციები აღწევენ: მრავლობითი სახელები ცხადყოფენ (იხ. ზემოთ), რომ ელჩობის სცენის არა მხოლოდ ამჟამინდელ, არამედ წინა ვერსიებშიც დელეგაციის წევრების რაოდენობა უნდა ყოფილიყო, სულ მცირე, ორზე მეტი. იმავდროულად ვერც ანალიტიკური და ზეპირი პოეზიის თეორიათა მიდგომებია დამაჯერებელი, რადგან წარმოუდგენელია, თუნდაც უაღრესად „დაუდევარ“ ინტერპოლატორს ან არაგენიოს, უნიჭო ზეპირ პოეტს ელჩობის წინა ვერსია ისე „უყურადღებოდ“ გადაემუშავებინა, რომ ორობითიდან მრავლობითში მხოლოდ სახელები და ორი ზმნა გადაეყვანა, ხოლო დანარჩენი ზმნები და პირის ნაცვალსახელები კი ისევ ორობითში დაეტოვებინა; ამ მომენტს აქამდე არასათანადო ყურადღება ეთმობოდა. ამდენად, ტრადიციულ უნიტარისტულ ინტერპრეტაციათა შორის უფრო დამაჯერებელი, ვფიქრობ, რ. გორდეზიანისეული გააზრებაა: ელჩობა ორ ერთეულადაა დაყოფილი, თუ მეტად, მიუძღვის, თუ არა ვინმე (მაგრამ შდრ. [Thornton, 1978]), დაბოლოს, გადაადგილდება, თუ დგას აქილევსის წინ (ან, სულაც, აგამემნონთანაა უკვე დაბრუნებული; მაგრამ შდრ. [გორდეზიანი, 1978: 79]), თუკი კომპოზიციური საჭიროება მოითხოვს (კერძოდ, 9.182-98-ში, მაგრამ არა 9.171-81-ში), პოეტს მაინც შეუძლია, მთელი ელჩობა ვირტუალურ წყვილად, მაცნეებად და ელჩებად, წარმოიდგინოს (შდრ. [გორდეზიანი, 1978: 77-80]). საფიქრებელია, სწორედ ამ გარემოების გაცნობიერებას უნდა ებიძგებინა ჰომეროსისათვის, რომ ხუთწევრიანი ელჩობა ორობითი რიცხვით „გრამატიკულად მართებულად“ გადმოეცა (შდრ. [Nagy, 1979/1981: 55-56 §20n6], მაგრამ შდრ. [Boll, 1919 და 1920]), რათა პირველი და მეცხრე წიგნების ელჩობათა ამსახველი ორი სცენა კომპოზიციურად ურთიერთარეკლილიყო, რაც უფრო ცხადს გახდიდა მათ თემატურ მსგავსება-განსხვავებას (შდრ. [Lohmann, 1970: 227-31], რომელიც, კვლავაც ტრადიციულ პოზიციაზე მყოფი, მაინც მიიჩნევს, რომ დუალისები გადმოცემენ „რეალურ“ და არა ვირტუალურ წყვილს, კერძოდ, აიასსა და ოდისევსს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰომეროსს უნდა „დავიწყებოდა“ არა მხოლოდ ფოინიქსი, არამედ ორი მაცნეც). ერთდროულად ორივე ამ მიდგომის გათვალისწინება ცხადყოფს, რომ ყველა ის ბუნდოვანი ადგილი, რომლებიც, ანალიტიკური თეორიის თანახმად, თითქოს, თავს იჩენენ 9.182-99-ის დუალისებთან მიმართებით, ფაქტობრივად, მოჩვენებითია; მაგრამ კვლევის პროცესში, მართალია ძნელად შესამჩნევი, მაგრამ მაინც ახალი ბუნდოვანი ადგილი გამოვლინდა (იხ. ქვემოთ, აქვე).

5. ამ ახალი ბუნდოვანი ადგილის გამოსავლენად უნდა გაირკვეს, 9.192a-ში გამეორებული 9.182a-ისეული სიტყვები, ანუ ეპიკური ფორმულა τὼ δὲ βάτην-ი („წყვილი კი მიუახლოვდა“), ელჩობის შემადგენლობას სხვადასხვაგვარად ხომ არ გადმოცემს?

ბ. ჰაინსუორთის თანახმად, „მრავლობითი εὗρον-ი ([9.]186) და [9.]186-91-ით გადმოცემული შუალედური პასაჟი ძნელად თუ მიანიშნებს გამეორებული τὼ δὲ βάτην-ით ასახული სუბიექტის ცვლილებაზე“ [Hainsworth, 1993: 86 (5)]); ანუ, რაკი τὼ δὲ βάτην-ი ფორმულაა (შდრ. 9.182a = 9.192a) და მისი საშუალებით 9.182a-ში მთელი ელჩობა გადმოიცემა, ამავე ფორმულის საშუალებით 192a-შიც მთელი ელჩობა უნდა იყოს გადმოცემული (შდრ. 1.327a-შიც მთელი ელჩობა გადმოცემულია მსგავსი ფორმულით - τ δ ἀέκοντε βάτην) და არა მხოლოდ მთელი ელჩობის შემადგენელი რომელიმე ერთი ნაწილი. ამდენად, განსახილველი საკითხი დეტალურ ანალიზს საჭიროებს: რაკი ელჩობა ხუთწევრიანია, გრამატიკულად მართებული ფორმით 9.182-ში ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გადმოცემული, თუკი იმგვარად გააზრდება, რომ დაყოფილია, ელჩებად, ერთი მხრივ, („Φοῖνιξ μν […] ᾽Αἴας […] Ὀδυσσεύς“, 9.168-9) და მაცნეებად, მეორე მხრივ, („κηρύκων δ […]“, 9.170 [გორდეზიანი, 1978: 77]), რაც შეიძლება გადმოიცეს, როგორც 3 ელჩს + 2 მაცნე. (1 + 4 სახის დაყოფა, ანუ წინამძღოლი და დანარჩენი ელჩობა [Thornton, 1978] 9.182-5-ში ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ამ სტრიქონებიდან არ ჩანს, რომ იმ დროს ელჩობას ვინმე წინამძღოლობდა და სრულიად შეუძლებელია 9.192-ში, რადგან უშუალოდ მომდევნო 9.193-ის მრავლობითი ზმნა στὰν-ი, 1.132-ის დუალისური στήτην-ისაგან განსხვავებით, უნდა მიუთითებდეს, რომ 9.192-ში ელჩობის კონფიგურაცია უკვე შეცვლილია: ახლა დელეგაცია უკვე ორად კი აღარაა დაყოფილი, არამედ - 9.182-5-ისა და ასევე პირველი ელჩობისაგან (1.327-32) განსხვავებით - სამი ერთეულისაგან შედგება: 2 მაცნე + 2 ელჩი + 1 წინამძღოლი, ანუ ოდისევსი.) ამგვარად, 192b-ის ἡγεῖτο δὲ δῖος Ὀδυσσεύς-ს („ღვთაებრივი ოდისევსი კი წინამძღოლობდა“) ოდისევსი ელჩობის შემადგენლობიდან გაჰყავს (შდრ. [Nagy, 1979/1981: 54 §16 n3], მაგრამ შდრ. [Köhnken, 1975: 35; 1978], თუმცა ვერც ერთი მათგანი, როგორც ჩანს, ვერ „ამჩნევს“ ამ ადგილას ასევე მყოფ ორ მაცნესაც): ელჩობა, რომელიც კვლავინდებურად გადმოცემულია τὼ δὲ βάτην-ით, ამჯერად მოიცავს ხუთიდან მხოლოდ ოთხ წევრს, კერძოდ, აიას-ფოინიქსისა და მაცნეების, ოდიოს-ევრიბატესის, წყვილებს. ამდენად, „ფორმულა“ 2+3 (τὼ δὲ βάτην-ი), რომელიც 9.182-ში გადმოცემდა მთელ ელჩობას, ანუ მის ხუთსავე წევრს, 9.192-ში შეცვლილია სხვა „ფორმულით“, რომელიც მოიცავს მხოლოდ ოთხ წევრს: 2+2(τὼ δὲ βάτην) + 1(ἡγεῖτο δὲ δῖος Ὀδυσσεύς); ე. ი. τ δ βάτην-ი სხვადასხვაგვარად გადმოცემს ელჩობის შემადგენლობას.

6. როგორ შეიძლება აიხსნას ეპიკური „ფორმულის ცვლილების პროცესი“ (შდრ. [Lord, 1960: 130]) და „წერილობით უკვე დაფიქსირებულ [ე.ი. ჩაწერილ] ტექსტში განხორციელებული ჩამატებ[ა] ან შეტანილი ცვლილებ[ა]“  (შდრ. [West, 2011: 391]), რასაც შედეგად ამჟამინდელი ელჩობის ფორმულური სტრუქტურის რღვევა უნდა მოჰყოლოდა; და როგორ უნდა ყოფილიყო თავიდან აცილებული ამგვარი რღვევა ამჟამინდელი „ილიადის“ წინა - სავარაუდოდ, ზეპირ და შედარებით უფრო მოკლე - ჰომეროსულ ვერსიებში?

თუკი, ა. ბ. ლორდის თანახმად (შდრ. „როდის და როგორ უნდა დაეწყოთ წერა? [...]“, [Lord, 1960: 130]), ეპიკური „ფორმულის ცვლილების პროცესი“ მეტ-ნაკლებად „ახასიათებს“ ე.წ. „წერილობით“ ვერსიებს, რომელთაც მე ზეპირიდან წერილობით კომუნიკაციურ პროცესზე გარდამავალ ეტაპად განვიხილავ (შდრ. [ხინთიბიძე, 1992]), იგივე პროცესი ვერანაირად ვერ განხორციელდებოდა წინა ზეპირ ვერსიებში, რაც იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ამჟამინდელ ვერსიაში მომხდარი ცვლილება ჰომეროსს „ილიადის“ გაფართოების სწორედ წერილობით ეტაპზე უნდა განეხორციელებინა. თუკი დავადგენთ, ამჟამინდელის წინა ზეპირ ვერსიებში რა შემთხვევაში დარჩებოდა უცვლელი ფორმულა τὼ δὲ βάτην-ით გადმოცემული ელჩობის შემადგენლობა, ვფიქრობ, ეს მისი რეკონსტრუქციის შესაძლებლობასაც მოგვცემს. აღნიშნული გარემოება, როგორც ჩანს, არ იქნა გათვალისწინებული ბ. ლაუდენის მიერ, რომლის „გამოკვლევაში [...] გაკეთებული დასკვნის თანახმადაც, პოეტი [ახალ ვერსიაზე] მუშაობის პროცესში ეყრდნობოდა დელეგაციის ტიპის სცენას, რომლის მონაწილეებიც, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყვნენ ოდისევსი, მისი მაცნე ევრიბატესი და აქილევსისათვის ძვირფასი [მესამე] პირი, რომელიც დანარჩენ ორს [აქილევსთან] მიჰყავს. მე-9 წიგნში ესაა ფოინიქსი, რომელიც მე-19 წიგნის ბრისეისისა და პირველი წიგნის ქრისეისის პარალელური სახეა“ [Louden, 2002: 75]. თუ ჩვენი ზემოაღნიშნული პრინციპით ბ. ლაუდენის მიერ აღდგენილი ადრინდელი ვერსიის ელჩობას დავაკვირდებით, ნათელი გახდება, რომ მისი შემადგენლობა τὼ δὲ βάτην-ს მაინც სხვადასხვაგვარად უნდა გადმოეცა. მე იმას ვგულისხმობ, რომ თუკი 9.182-ში დუალისები ასახავდნენ, ერთი მხრივ, მაცნეს, ანუ ევრიბატესს და მეორე მხრივ, ორ ელჩს, ანუ ოდისევსსა და ფოინიქსს, 9.192b-ში ოდისევსის დაწინაურება მაინც წარმოქმნის ელჩობის მესამე ერთეულს და ამის გამო ფორმულა τὼ δὲ βάτην-ი მოიცავს მხოლოდ ერთ მაცნესა და ერთ ელჩს, ანუ ფოინიქსს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ელჩობის შემადგენლობა უნდა ყოფილიყო „ოდნავ“ განსხვავებული, კერძოდ, როგორადაცაა წარმოდგენილი ჩ. სიგალის ცნობილ სტატიაში (თუმცა, ის, რისი დანახვაც სიგალს სურდა ამჟამინდელ ვერსიაში [Segal, 1968: 104 და 108-14], როგორც ირკვევა, უნდა უფრო შეეფერებოდეს წინა ვერსიებს): ორი მაცნე და ოდისევსი, ხოლო დანარჩენი ორი ელჩი, აიასი და ფოინიქსი, ამჟამინდელი ვერსიისაგან განსხვავებით, ჯერაც არ უნდა ყოფილიყვნენ გამხდარი ელჩობის მონაწილეები. ამგვარი სახით აღდგენილი ვერსიის 9.182-შიც, ვიდრე ელჩობას ოდისევსი წაუძღვება და შემდეგაც, როდესაც 9.192-ში ის უკვე წინამძღოლია, τὼ δὲ βάτην-ი ელჩობის ყველა წევრს ასახავდა: 2(მაცნე)+1(ოდისევსი, მიუხედავად იმისა, ელჩობას იგი წინ მიუძღვის თუ არა). არსებობს დამატებითი ფაქტობრივი მონაცემები ჩემი ვარაუდის გასამყარებლად? 19.140-1-ის გათვალისწინებით (შდრ. აგრ. 19.194-5 და [ხინთიბიძე, 2012]), ვფიქრობ, არსებობს, თუმცა დასმულ კითხვას არგუმენტირებული პასუხი უკვე შემდგომი დისკუსიის ფარგლებში გაეცემა.

 


[i]წინამდებარე სტატია არის 2014 წლის სექტემბერში საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის - „ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები“ მსვლელობისას წაკითხული მოხსენების - „ჰომეროსის „ილიადის“ (9.198) ინტერპრეტაციისათვის“  ვრცელი ვერსია.

ლიტერატურა

Arend W.
1933
Die typischen Scenen bei Homer, Problemata, 7, Berlin, Weidmann.
Boll F.
1919
Zur homerischen Presbeia, Zeitschrift für die österreichischen Gymnasien 68, 1917/1918, Wien, გვ. 1–6;
Boll F.
1920
Noch einmal zur homerischen Presbeia, Zeitschrift für die österreichischen Gymnasien 69, 1919/1920, Wien, გვ. 414–16.
Burkert W.
1976
Das hunderttörige Theben und die Datierung der Ilias, Wiener Studien 89 (N.F. 10), გვ. 5-21.
Edwards M. W.
1975
Type-scenes and Homeric Hospitality, TAPA, vol. 105, გვ. 51-72.
Edwards M. W.
1980
Convention and Individuality in Iliad I, HSCP, vol. 84, გვ. 1-28.
Edwards M. W.
1991
The Iliad: A Commentary, vol. V: books 17-20, Cambridge UP.
Gordeziani გორდეზიანი რ.
1978
ჰომეროსის ეპოსის პრობლემები, თბილისი. (რუსულ ენაზე)
Griffin J.
1995
Homer, Iliad, Book Nine, Clarendon Press, Oxford.
Hainsworth B.
1993
The Iliad: A Commentary, vol. III: books 9-12, Cambridge UP.
Hoekstra A.
1969
The Sub-Epic Stage of the Formulaic Tradition: studies in the Homeric Hymns to Apollo, to Aphrodite and to Demeter, Amsterdam.
Janko R.
1994
The Iliad: A Commentary, vol. IV: books 13-16, Cambridge UP.
Khintibidze ხინთიბიძე ზ.
1992
როგორ შეიძლება შექმნილიყო „ილიადა“ (ახალი ვარაუდი „ილიადის“ გენეზისის თაობაზე), მაცნე (ენისა და ლიტ.-ის სერია), ტ. 4, გვ. 31-63.
Khintibidze ხინთიბიძე ზ.
2012
არისტოტელე ჰომეროსისეული ნოვატორობის შესახებ და „ილიადის“ მე-9 სიმღერა: გაფართოების ზეპირი და წერილობითი ეტაპები, სპეკალი, N 6.
Köhnken A.
1975
Die Rolle des Phoinix und die Duale in I der Ilias, Glotta 53, გვ. 25-36.
Köhnken A.
1978
Noch einmal Phoinix und die Duale, Glotta 56, გვ. 5-14.
Lesky A.
1967
Homeros, RE Suppl. 11, Stuttgart.
Lohmann D.
1970
Die Komposition der Reden in der Ilias, Berlin, de Gruyter.
Lord A. B.
1960
The Singer of Tales, Cambridge, Massachusetts.
Louden B.
2002
Eurybates, Odysseus, and the Duals in Book 9 of the Iliad, Colby Quarterly, Vol. 38, no.1, March, გვ. 62-76.
Nagy G.
1979/1981
The Best of the Achaeans, Concepts of the Hero in Archaic Greek Poetry, The Johns Hopkins UP, Baltimore and London.
Noe M.
1940
Phoinix, Ilias und Homer, Leipzig.
Page D.
1959/1976
History and the Homeric Iliad, Berkeley, Los Angeles, London.
Schadewaldt W.
1966
Illiastudien, III ed., Darmstadt.
Segal Ch.
1968
The Embassy and the Duals of Iliad 9.182-198, GRBS, 9, გვ. 101-14.
Stanley K.
1993
The Shield of Homer: Narrative Structure in the Iliad, Princeton UP, New Jersey.
Thornton A.
1978
Once Again, the Duals in Book 9 of the Iliad, Glotta, 56, გვ. 1-4.
West M. L.
2011
The Homeric Question Today - The Penrose lecture, Proceedings of the American Philosophical Society, vol. 155, no. 4, December, გვ. 383-93.