ბიზანტიის „ქრისტიანული გეოპოლიტიკა”: ქართლის მაგალითი

ქართლის გაქრისტიანება IV საუკუნის პირველ ნახევარში საკმაოდ რთული ეკონომიკური და სოციალური პროცესების თანმდევი მოვლენა იყო. უფრო მეტიც, ახალმა რელიგიურმა მრწამსმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართლის საგარეო პოლიტიკაზეც. გაქრისტიანებამ ქართლი რომთან, შემდეგ ბიზანტიურ სამყაროსთან კიდევ უფრო მეტად დააახლოვა, ხოლო სასანური ირანის რელიგიური თუ პოლიტიკური შეტევა რეგიონისადმი გაამძაფრა. საკმაოდ ბევრი დაიწერა საქართველოსა თუ დასავლეთში ქართლში ქრისტიანობის გავრცელებაზე და მის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებაზე [Haas, 2008]. თითოეულ ნაშრომში ყურადღება უშუალოდ საქართველოში მიმდინარე რელიგიურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე არის გამახვილებული, შედარებით ნაკლებია ნათქვამი იმდოინდელ რომაულ სამყაროში მიმდინარე რელიგიურ პროცესებზე, კერძოდ კი, ქართლის პარალელურად IV-V საუკუნეებში კიდევ რომელ ქვეყნებში მიმდინარეობდა გაქრისტიანება. რა საერთო მახასიათებლები შეიძლება ჰქონდეთ გუთებს, ეთიოპიელებსა და ქართველებს? რამდენად ერეოდა კონსტანტინოპოლი იმპერიის სამეზობლოში მცხოვრები ხალხების გაქრისტიანებაში? შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ რომაელი/ბიზანტიელი იმპერატორების ერთგვარ „სტრატეგიაზე” – ქრისტიანობის გამიზნულ გავრცელებაზე იმპერიის საზღვრებს გარეთ? სხვა სიტყვებით, ცდილობდნენ თუ არა იმპერიის მესვეურები, ხელი შეეწყოთ, პირველ რიგში, იმ ხალხებისა და ტერიტორიების გაქრისტიანებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო კონსტანტინოპოლისთვის როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ასევე –  საზღვრების უსაფრთხოების კუთხით.

სტატიაში განვიხილავთ რომის იმპერიის პერიფერიაზე არსებულ ამა თუ იმ სამეფოს გაქრისტიანების პროცესს. მოვიყვანთ ეთიოპიელების, ისლამამდელი არაბების, გუთებისა და სომხების მაგალითს, ხოლო ამის შემდეგ ვისაუბრებთ ქართლის გაქრისტიანების საკითხზე. დავასაბუთებთ, რომ იმპერატორები ზოგ შემთხვევაში ქრისტიანობის გავრცელების პირდაპირი ინიციატორები იყვნენ, ზოგ შემთხვევაში კი ახალი რელიგიის გავრცელება იმპერიის პოლიტიკოსებთან შეუთანხმებლად მიმდინარეობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეორე შემთხვევაშიც კი, როდესაც იმპერიის მესვეურები იგებდნენ ამა თუ იმ მეზობელი ხალხის (მაგ. ქართველები თუ ეთიოპიელები) გაქრისტიანების შესახებ, მათი მხრიდან ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის გამოყოფა, როგორც წესი, არ აგვიანებდა.    

ქრისტიანობის გავრცელება რომის იმპერიაში ახალი წელთააღრიცხვიდან დაიწყო, თუმცა ახალი რელიგიის ინსტიტუციონალიზაცია, ან ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა, IV საუკუნის დასაწყისიდან გვხდება. კონსტანტინე დიდის მიერ 324 წელს ლიცინიუსზე, თავის თანამმართველზე, გამარჯვების მოპოვებისა და რომაული სამყაროს ერთპიროვნულ მმართველად გახდომის მიუხედავად [Histoire, 2013:45-46; Barnes, 1985:126-130; Cameron, 2003:57-65], ქრისტიანობა არ გამოცხადებულა იმპერიის ოფიციალურ რელიგიად. არც 313 წლის ოქტომბერში გამოცემული „მილანის ედიქტი”, არც 325 წელს კონსტანტინოპოლში მოწვეული ნიკეის კრება, ან თუნდაც 337 წელს იმპერატორის  სიკვდილის წინ მონათვლა, არ შეიძლება განვიხილოთ როგორც სახელმწიფოს გაქრისტიანების ცალსახა ნიშნები. ამის ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტი  ისიც არის, რომ მილანის ედიქტის შემდეგაც, 322 წლამდე, კონსტანტინემ გააგრძელა თავის მონეტებზე წარმართული ღმერთების, მარსის და იუპიტერის, გამოსახვა [Haas, 2008: 101].

   თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „მილანის ედიქტი“ და ნიკეის კრება მიჩნეული არ არის იმპერიის გაქრისტიანების უპირობო ნიშნად, ახალმა რელიგიამ მყარი საფუძველი ზუსტად კონსტანტინეს მმართველობის დროს მოიპოვა. 324 წელს, ლიცინიუსზე გამარჯვების შემდეგ, მან ცვლილებები შეიტანა კანონმდებლობაში და საზოგადოებრივი აზრი მოამზადა მომავალში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისთვის [Barnes, 1985:126-130]. მომდევნო პერიოდში კი, კონსტანტინემ იმპერიის მოხელეობას აუკრძალა წარმართული რელიგიური რიტუალების გამართვა. აგრეთვე, აიკრძალა წარმართული კერპების აღმართვა და ორაკულებისთვის მიმართვა.

   კონსტანტინეს მმართველობის დროს, ქრისტიანობის წინა პლანზე წამოწევამ გადამწყვეტი გავლენა იქონია იმპერიის საგარეო პოლიტიკაზე. ასე, მაგალითად, 332 წელს გუთებსა და 334 წელს სარმატებზე მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებში ცალკე თავები შეიტანეს ქრისტიანობასა [Heather, 2009: 81-90] და ამ ახალი რელიგიის მიმდევრების ხელშეუხებლობაზე. კონსტანტინე თავის თავს არა მარტო ქრისტიანობის დამცველად, არამედ იმპერიის გარეთ მცხოვრებ წარმართ ხალხებში ახალი რელიგიის გამავრცელებლადაც მიიჩნევდა. კონსტანტინეს ამბიციებზე მეტყველებს მისი ბარბაროსებთან დადებული ზემოხსენებული ხელშეკრულებები და მის მიერ სასანიანთა შაჰის შაბურ II მიწერილი წერილიც (დაახლოებით 324 წელი) [Barnes, 1985: 126-130]. გზავნილში იმპერატორი ირიბად აცხადებს პრეტენზიას, იყოს ქრისტიანების დამცველი არა მარტო თავისი იმპერიის შიგნით, არამედ იმპერიის გარეთაც, კერძოდ ირანში, მესოპოტამიაში მცხოვრები მრავალი ქრისტიანისა. ეს არ იყო უბრალო რიტორიკა. კონსტანტინემ კარგად იცოდა, თუ რა ხდებოდა მახლობელ აღმოსავლეთში და გაცნობიერბული ჰქონდა, თუ რა გლობალურ ძალასთან მოუწევდა მეტოქეობა შავი ზღვიდან არაბეთამდე ბატონობის მოსაპოვებლად. ახალგაზრდობაში კონსტანტინე გალერიუსის ჯარში იბრძოდა და ირანის დედაქალაქ ქტესიფონამდეც კი მიაღწია.

   შაბურს ყველა მიზეზი ჰქონდა იმისათვის, რომ ეჭვის თვალით შეეხედა რომის იმპერიაში ახლად აღმოცენებული სახელმწიფო რელიგიისათვის. სასანიანები თავიდანვე მიხვდნენ, რომ კონსტანტინოპოლი იყენებდა ქრისტიანობას, როგორც დამატებით ხერხს საგარეო პოოლიტიკაში მეზობლებზე გავლენის მოსაპოვებლად. ირანის სტრატეგიული მდგომარეობა გაუარესდა მაშინ, როდესაც მის ჩრდილოეთით არსებულ სამხრეთ კავკასიის სამეფოებში, ქართლსა და სომხეთში, IV საუკუნის 30-იანი წლების ბოლოსთვის ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა [Haas, 2008: 10-123]. შაბურს კარგად ესმოდა, რომ მესოპოტამიაში არსებული მსხვილი ქრისტიანული დასახლებები შეიძლებოდა კონსტანტინეს  საგარეო პოლიტიკის სამომავლო მიზანი გამხდარიყო. ამიტომაც, 336 წელს შაჰინშაჰმა პრევენციული თავდასხმა განახორციელა სომხეთზე და ირანისთვის მისაღები კანდიდატურა წამოაყენა ტახტზე. კონსტანტინემ ეს ამბავი საბაბად გამოიყენა, მზადება დაიწყო აღმოსავლური კამპანიისთვის. წყაროებიდან ვიცით, რომ მასთან ერთად სამხედრო კამპანიაში ბევრი სასულიერო პირი მონაწილეობდა. თვითონ კი, მესოპოტამიაში შესვლამდე, მდინარე იორდანეში უნდა მონათლულიყო. ცნობების მიხედვით, კონსტანტინეს სურდა, თავისი ნათესავის – ჰანიბალიანეს სასანიანთა ტახტზე დასმა, რისთვისაც წინასწარ ახალი მონეტებიც კი გამოუშვა, რომლებზეც ჰანიბალიანე rex-ად იყო წოდებული [Barnes, 1985: 130], მაგრამ კონსტანტინეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, 337 წლის 22 მაისს, იგი ქალაქ ნიკომედიაში  გარდაიცვალა [Barnes, 1985: 131].

   ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანობის სტატუსის ამაღლებამ და საგარეო ურთიერთობებზე მეზობლების გავლენის მოპოვებამ სასანიანთა საწინააღმდეგო რეაქცია გამოიწვია. როგორც ვიცით, ქრისტიანები მესოპოტამიაში კონსტანტინეს რომაულ სამყაროში ერთპიროვნულ მმართველად გამოცხადებამდეც ცხოვრობდნენ, თუმცა ახალი რელიგია პოლიტიკურ ინტერესებს სწორედ კონსტანტინემ დაუქვემდებარა. მან შაბურს ირანში (ქრისტიანებთან  დაკავშირებით) იგივე ულტიმატუმი წაუყენა, რაც 312 წელს მაქსენტიუსს, ხოლო 324 წელს კი  – ლიცინიუსს. ის, თუ როგორ უყურებდა კონსტანტინე ქრისტიანობას და როგორ ესმოდა ახალი რელიგიის როლი რომის საგარეო ამბიციებთან მიმართებაში, კარგად ჩანს ეუსებიუსის Vita Constantini-ში. ავტორი იმპერატორის ქრისტიანობისადმი დამოკიდებულების  საკმაოდ ბევრ ფაქტზე მოგვითხრობს, თუმცა ერთ-ერთ პასაჟში იმასაც ვკითხულობთ, რომ კონსტანტინე საკუთარ თავს ქრისტიანობის გამავრცელებლად მიიჩნევდა იმპერიის საზღვრებს გარეთაც [Eusebius, 1991: IV, 22].

ქრისტიანობის გავრცელება ნელი ტემპით მიმდინარეობდა. თუ იმპერიის შიგნით ქრისტიანობის გავრცელება ძირითადად შემოიფარგლებოდა ხმელთაშუა ზღვაზე არსებული მსხვილი საპორტო ქალაქებით, იმპერიის შიდა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ძირითადად, წარმართული რელიგიის მიმდევრებად რჩებოდა. IV-VI საუკუნეებში საინტერესოდ მიმდინარეობდა ქრისტიანობის გავრცელება ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ე. წ. „ქრისტიანობის ექსპორტი” ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც იმპერიას  მტრები ემუქრებოდნენ.

IV საუკუნის პირველ ნახევარში იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარზე ვითარება შეიცვალა. აქ, დუნაის და რაინის მდინარეების გაღმა, დაარსდა გერმანიკული ტომების კონფედერაციები. რომის ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად გუთებს, ალემანებსა და ფრანკებს მარტივად შეეძლოთ ძლიერი სამხედრო კოალიციების შექმნა. იმპერიული ჯარი დისციპლინითა და სამხედრო შეიარაღებით კვლავინდებურად უფრო მაღლა იდგა ბარბაროსთა ჯარებზე, თუმცა, წინა საუკუნეებთან შედარებით, მასში ერთი ფუნდამენტური ცვლილება მოხდა. ამიერიდან კონსტანტინე დიდისა თუ იულიანე განდეგილის ჯარებს, იმპერიას აღარ შეეძლო ბარბაროსული კონფედერაციების დაშლა. ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ  IV საუკუნის 70-იანი წლებიდან ევრაზიის შიდა რეგიონებიდან მომდინარე ჰუნების სამხედრო ძალამ სრულიად თავდაყირა დააყენა არსებული რომაულ-გერმანული პოლიტიკური ძალთა ბალანსი. ჰუნები – ნომადები გერმანული ტომებისგან განსხვავებული სამხედრო კულტურის მატარებელნი იყვნენ. ბრძოლებში ცხენისა და ე. წ. „შედგენილი” მშვილდის გამოყენებით ჰუნებმა შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს გუთებთან ბრძოლაში და 376 წლისთვის მოახერხეს მათი ძირითადი ძალების დამარცხება [Heather, 2006: 145-158], რაც კარგად არის ასახული ამიანე მარცელინეს მონათხრობში გუთების მცდელობის შესახებ. 376 წელს მათ მდინარე დუნაი გადალახეს და იმპერიის ბალკანურ პროვინციებში დასახლდნენ [Heather, 2006: 158-167]; შესაბამისად, IV საუკუნის ბოლოს რომის იმპერია, ჩრდილოეთის საზღვრის გამო, მნიშვნელოვანი სტრატეგიული დილემის წინაშე დადგა. გარდა ჰუნების განსხვავებული სამხედრო ტაქტიკისა, რომაელთა პრობლემას ისიც ამძაფრებდა, რომ ჰუნებმა მოახერხეს დუნაისპირეთის, შავი ზღვისა და კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე დარჩენილი გუთების, სკირებისა და სხვა გერმანული ტომების გაერთიანება, ერთგვარი კონფედერაციის დაარსება და იმპერიისთვის როგორც შავი ზღვის დასავლეთიდან, ასევე აღმოსავლეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის შექმნა [Heather, 2009: 227-238].

III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში, მიუხედავად დიოკლეტინესა და მაქსიმიანესგან განცდილი მარცხებისა, სპარსეთის იმპერიას უარი არ უთქვამს თავის ამბიციებზე (ყოველ შემთხვევაში რიტორიკულად), დაემორჩილებინა რომის იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციები. 299 წლის ნიზიბინის ზავის შემდეგაც სასანიანები აგრძელებდნენ შეტევებს ჩრდილოეთ მესოპოტამიასა და სომხეთზე [Dignas, 2007: 84-88]. სასანიანების გავლენა ვრცელდებოდა აგრეთვე სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ტერიტორიაზეც – პოლიტიკური თუ რელიგიური წნეხი ქართლსა და ალბანეთზე უფრო ძლიერი იყო,  ვიდრე პართიის იმპერიის არსებობის პერიოდში.

მართალია, რომის იმპერიისთვის პალესტინის საზღვარი სხვა საზღვრებთან შედარებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდა, მაგარამ V საუკუნის ბოლოდან და VI საუკუნის დასაწყისში ვითარება პალესტინის საზღვარზე იმპერიის საწინააღმდეგოდ შეიცვალა [Fisher, 2011: 35-49]. სასანიანების მოკავშირე არაბი ტომები მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებებდნენ რომის აღმოსავლურ პროვინციებს და, უფრო მეტიც, მარტივად შეეძლოთ ჩაეჭრათ იუსტინეს, ანასტასიუსისა და იუსტინიანეს მიერ განახლებული სავაჭრო გზები წითელი ზღვით ინდოეთამდე [Fisher, 2011: 144-153].

ასეთი ვითარებაა რომის იმპერიის საზღვრებს გასწვრივ ახ. წ. IV საუკუნეში. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სამხედრო სტრატეგიებს მიმართავდნენ რომალები/ბიზანტიელები იმპერიის საზღვრისპირა პროვინციების დასაცავად. აგრეთვე, მიმოვიხილეთ „იმპერიული პრესტიჟის“ (წოდებები, ფული) გამოყენების ფაქტები არაბ ტომებსა თუ დუნაის გადაღმა მცხოვრებ გერმანულ მოსახლეობაში. მაგრამ არ გვიასაუბრია იმაზე, თუ რა როლს თამაშობდა ქრისტიანობა რომის იმპერიის საგარეო პოლიტიკაში და, აგრეთვე –  ქრისტიანული რელიგიის გავრცელება იმპერიის  მეზობელ ქვეყნებში გამიზნული საგარეო პოლიტიკური კურსი იყო თუ არსებული რთული პოლიტიკური მდგომარეობის გამოსასწორებელი საშუალება.

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, ბევრი მაგალითის დამოწმება შეგვიძლია იმის დასამტკიცებლად, რომ რომაელი და შემდეგ კი ბიზანტიელი იმპერატორები ქრისტიანობის გავრცელებაში საკუთარი იმპერიის საზღვრების დაცვის პირობას ხედავდნენ. სხვა სიტყვებით, IV საუკუნეში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იმპერიის შიგნით ქრისტიანობის გამარჯვება სულაც არ იყო გარანტირებული, ხოლო ტახტზე რამდენიმე წლის განმავლობაში წარმართული რელიგიის მიმდევარი, იულიანე განდეგილი (361-363 წწ.), იჯდა, იმპერიის მმართველები გამიზნულად ავრცელებდნენ ახალ რელიგიას  მეზობელ ხალხებში.  ამავდროულად, ქრისტიანობას ავრცელებდნენ, ძირითადად, იმ მიმართულებებით, რომლებიც რომის/ბიზანტიის იმპერიისთვის სტრატეგიულად, სამხედრო თუ ეკონომიკური კუთხით, მნიშვნელოვან პუნქტებს წარმოადგენდნენ. ამ მხრივ საინტერესო მაგალითებია  – აქსუმის სამეფოს სახელით ცნობილი ეთიოპია და სამხრეთ არაბეთში,  ჰიმიარის სამეფოდ ცნობილი, იემენი.

საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო აქსუმის სამეფო. მის სიძლიერეზე, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეთიოპიელები ჭრიდნენ ოქროს მონეტებს. სწორედ ამის გამო ეთიოპიელები გვიან ანტიკურ ხანაში ოთხ იმპერიას შორის იხსენიებიან [Haas, 2008: 102], ხოლო ქვეყნის მმართველი მეფეთა მეფედ[1] იწოდებოდა. IV საუკუნის დასაწყისში აქსუმში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რომელმაც ფუნდამენტური გავლენა მოახდინა ქვეყნის კულტურულ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საგარეო პოლიტიკურ ორიენტირზე მომდევნო საუკუნეების განმავლობაში.

დაახლოებით იმავე წელს, როდესაც კონსტანტინემ ლიცინიუსზე გაიმარჯვა, ეთიოპიის მეფე ეზანა I-მა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა საკუთარ მონეტებში. თუ აქამდე ეთიოპიელი მეფეები მონეტებზე გამოისახებოდნენ დიადემით მთვარისა და მზის ელემენტებთან ერთად, ეზანამ ეს ჩაანაცვლა ტრადიციული ქრისტიანული იკონოგრაფიით – ჯვრით. მონეტებზე ჯვრის გამოსახვა წინ უსწრებდა რომის იმპერიაში მსგავსი ტრადიციის ჩამოყალიბებას და იგი ეთიოპიაში VII საუკუნემდე გვხვდება. ყველაფერი კი ქალაქ ტივროსიდან წამოსული და ეთიოპიის ნაპირებთან საზღვაო უბედური შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ქრისტიანის, ედესიუსისა და ფრუმენტიუსის, მოღვაწეობით დაიწყო [Haas, 2008: 102]. თავდაპირველად ისინი ტყვედ ჩავარდნენ, შემდეგ კი მონებად გაყიდეს, თუმცა მათმა განათლებამ და ბერძნული ენის ცოდნამ აქსუმის მეფის (სავარაუდოდ, ელა ამიდა) ყურადღება მიიპყრო. ორ ახალგაზრდას უფლება მიეცა ქრისტიანობა გაევრცელებინა მთელი სამეფოს მასშტაბით, ხოლო ბიზანტიელ ვაჭრებს - თავისუფლად ევაჭრათ ეთიოპიის წითელი ზღვის პორტებში. რადგან ედესიუსი და ფრუმენტიუსი ახლოს იყვნენ ალექსანდრიის მღვდელ ათანასიუსთან, შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ მათი მოღვაწეობა ირიბად ბიზანტიის იმპერიის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა.

საინტერესოა, თუ რითი იყო განპირობებული აქსუმის სამეფოსა და ბიზანტიას შორის არსებული ახლო კონტაქტები. ამის გასარკვევად საჭიროა, IV საუკუნიდან VI საუკუნის დასაწყისში გადავინაცვლოთ, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს კონსტანტინოპოლი ქრისტიანობის გამოყენებას საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. VI საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით კი იუსტინიანეს მმართველობის დროს, ეთიოპიასა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობებმა სტრატეგიულ დონეს მიაღწია. იუსტინიანეს დროს ეთიოპია ბიზანტიური ქრისტიანული „სამეგობროს” წევრი გახდა. თანამედროვე რუკების არარსებობის გამო, იუსტინიანეს სჯეროდა, რომ ეთიოპია უშუალოდ ინდოეთს ემეზობლებოდა, ეს კი, მისი აზრით,  ხელს შეუწყობდა პირდაპირი სავაჭრო გზის შექმნას სასანური ირანის სახმელეთო თუ საზღვაო პუნქტების გვერდის ავლით. ფაქტი, რომ ეთიოპიაში მონოფიზიტობა (რომელიც სასტიკად იდევნებოდა იუსტინიანეს ხელისუფლების მიერ) იყო გავრცელებული, ხელს არ უშლიდა კონსტანტინოპოლს აქტიური მოლაპარაკებები ეწარმოებინა აქსუმთან და ეს უკანასკნელი ახლო მოკავშირეებში შეეყვანა. ბიზანტიელებმა ეთიოპიის გაქრისტიანება ჯერ კიდევ IV საუკუნის პირველ ნახევარში კონსტანტინე დიდის მემკვიდრის, კონსტანციუსის დროს მოახერეს. თუ კონსტანტინოპოლის პოზიცია აქსუმთან ალიანსის გამო გასაგები იყო, მონოფიზიტი ეთიოპიელების ლტოლვა თავის „მთავარ რელიგიურ მტერთან” (დიოფიზიტ იმპერატორთან შეეკრათ პოლიტიკური კავშირი) თავდაპირველად გაკვირვებას იწვევდა. თუმცა აქსუმელებისთვის, ისევე როგორც ბიზანტიის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ სხვა მონოფიზიტ ხალხებისთვის, კონსტანტინოპოლში მჯდომი იმპერატორი  ღვთის მიერ დანიშნული ერთადერთი მმართველი იყო. რა თქმა უნდა, ეთიოპიელებს კარგად ესმოდათ ისიც, რომ  ბიზანტიელების სამხედრო მხარდაჭერის გარეშე კონტროაქლის დამყარება ვერ მოხერხდებოდა წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილზე და მითუმეტეს სამხრეთ არაბეთზე, რაც ეთიოპიელებისთვის მსხვილი ეკონომიკური მოგების გარანტია გახლდათ ინდოეთთან ვაჭრობის ხარჯზე.[2] გარდა ამისა, აქსუმელები კარგად ხვდებოდნენ იმასაც, რომ, ერთი მხრივ, სამხრეთ არაბეთსა და მათ შორის, ხოლო, მეორე მხრივ კი,  ბიზანტიელების და ინდოელების ვაჭრობის შეზღუდვაზე სასანიანებიც ოცნებობდნენ. შესაბამისად, ქრისტიანული რელიგიის სხვადასხვა მიმდინარეობის მიუხედავად ბიზანტიელები და ეთიოპიელები თავისი ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს უფრო მაღალ დონეზე აყენებდნენ. ბიზანტიელებმა ოსტატურად გამოიყენეს თავიანთი რელიგია და წააქეზეს ეს უკანასკნელები იემენზე გასალაშქრებლად. ეთიოპიელებმა იემენზე პირველი თავდასხმა 507 წელს განახორციელეს.

ბიზანტიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში ქრისტიანობის გავრცელება დაკავშირებულია  ულფილას[3] სახელთანაც. იგი დაიბადა III საუკუნის დასაწყისში გუთებში. ისინი მაშინ დუნაის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ. ულფილა წარმოშობით იმ რომაელთა ტყვეების შვილი იყო, რომლებიც გუთებმა აიყვანეს მცირე აზიაში[4] განხორციელებული ლაშქრობებისას.

340 წლის დასაწყისში კონსტანტინე დიდის მემკვიდრემ, ღრმად მორწმუნე იმპერატორმა კონსტანციუს II-მ, გადაწყვიტა, რომ კონტანტინე დიდის დროს გუთებზე მოპოვებული პოლიტიკური გავლენა საკმარისი არ იყო დუნაის ჩრდილოეთით მცხოვრები მძლავრი გუთური სახელწიფოს შესაჩერებლად. გუთებში მცხოვრები ქრისტიანი რომაელი ტყვეების მხარდასაჭერად მან 341 წელს ულფილა კონსტანტინოპოლში მოიპატიჟა და გუთებში „ქრისტიანების ბერად” დანიშნა. ამის შემდეგ ულფილა გაგზავნეს გუთებში, სადაც, როგორც ჩანს, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში წარმატებით ავრცელებდა ქრისტიანობას არა მარტო რომაელ ტყვეებში, არამედ უშუალოდ გუთებშიც. სავარაუდოდ, ზუსტად ამან განაპირობა გუთების უკმაყოფილება, რადგან ქრისტიანობის გავრცელებით რომს სამხედრო საშუალების გარდა კიდევ ერთი არანაკლებ ძლიერი საშუალება გამოუჩნდებოდა დუნაის გაღმა საკუთარი გავლენის გასავრცელებლად. 347 წელს გუთებმა ულფილა, თავის ქრისტიან მომხრეებთან ერთად, აიძულა დაეტოვებინა ქვეყანა. იმაზე, თუ კონსტანტინოპოლისთვის სტრატეგიულად როგორი მნიშვნელოვანი იყო გუთებში ქრისტიანობის ფართოდ გავრცელება, მეტყველებს ისიც, რომ კონსტანციუსი თვითონ ჩავიდა დუნაისთან ულფილას დასახვედრად და მას „ახალი მოსეც“ კი უწოდა.

ულფილას განდევნით, თითქოსდა, უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ იმპერიის მესვეურებს ხელი არ აუღიათ გუთებში ქრისტიანობის ფართოდ გავრცელებაზე. ულფილა და მისი მომხრეები  ქალაქ ნიკოპოლისში დუნაისთან ახლოს დაასახლეს, რათა მათ კავშირი  არ გაეწყვიტათ მდინარის ჩრდილოეთით დარჩენილ ქრისტიანებთან. ზუსტად ნიკოპოლისში ცხოვრებისას ულფილამ თარგმნა ბიბლია გუთურ ენაზე, ეს თარგმანი, ფაქტობრივად, პირველწყაროდ საგულვებელ ტექსტს წარმოადგენდა გერმანიკულ ენებზე შესრულებული ბიბლიის თარგმანებისთვის.

გადავინაცვლოთ ბიზანტიის აღმოსავლეთ საზღვარზე, კერძოდ კი, სირიის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით სინაის ნახევარკუნძულამდე. გეოგრაფიულად ბიზანტიის ეს საზღვარი დაუცველი იყო, რადგან სირია-მესოპოტამიის უდაბნოსა და პლესტინას დასახლებულ პუნქტებს შორის რეალურად არ არსებობდა გეოგრაფიული ბარიერი. სხვა სიტყვებით, საზღვრის ეს მონაკვეთი დაუცველი იყო არაბი ტომების მოლაშქრეებისაგან. 224 წელს სასანიური ირანის ჩამოყალიბებამ და ამით მთელ მახლობელ აღმოსავლეთში გამოწვეულმა ძალთა ბალანსის შეცვლამ თავისი კვალი დატოვა არაბებთან ურთიერთობაშიც. თავდაპირველად რომაელები ცდილობდნენ, სამხედრო გზით მოეპოვებინათ უპირატესობა; III საუკუნის დასასრულს იმპერატორმა დიოკლეტიანემ უდაბნოს მხრიდან სირიის დასაცავად ე. წ. strata Diocletiana-ს ააგო.  IV საუკუნის დასაწყისში ბიზანტიაში ქრისტიანობა გავრცელდა, ამავე საუკუნის ბოლოს ქრისტიანობისთვის ლეგალური ბაზა შეიქმნა, რამაც ბიზანტიელებსა და არაბებს შორის არსებულ ურთიერთობებში  ახალი მნიშვნელოვანი ფაქტორი – რელიგია გააჩინა. ამრიგად, IV საუკუნის ბოლოდან კონსტანტინოპოლი სულ უფრო მეტად ცდილობდა, გავლენა მოეპოვებინა არაბ ტომებზე არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი ტიტულების თუ ფულის დარიგებით, არამედ  – მათი გაქრისტიანებით.

არაბებში ქრისტიანობა ვრცელდებოდა პალესტინა-სირიის ტერიტორიაზე არსებულ ბერ-მონაზონთა მრავალ ცენტრში. ეს განპირობებული იყო იმით, რომ საზღვრის ამ მონაკვეთიდან  უფრო ნაკლები საფრთხე იყო, ვიდრე, ვთქვათ, – დუნაისპირეთიდან, ხოლო კონსტანტინოპოლი კი არაბების მეშვეობით არ გეგმავდა სხვა ხალხების გაკონტროლებას, როგორც ეს ეთიოპიელების შემთხვევაში მოხდა. ბიზანტია მიზნად არ ისახავდა არაბების სწრაფ გაქრისტიანებას. პროცესი შედარებით ნელი ნაბიჯებით მიმდინარეობდა. V საუკუნეში მცხოვრები სასულიერო პირის კირილე სკითოპოლისელის ნაშრომში წმინდა ევთიმეს შესახებ, მრავლად მოგვეპოვება ცნობა იმის თაობაზე, თუ როგორ მოდიოდნენ ევთიმესთან არაბი ბედუინები უდაბნოდან ქრისტიანული რელიგიის მისაღებად. ევთიმეს მაგალითი ერთ-ერთი იყო. სხვა მაგალითს ისტორიკოს სოზომენთან ვხვდებით, როდესაც ერთ-ერთმა არაბმა დაჯგუფების ლიდერმა, ზოკომოსმა, ქრისტიანობა მიიღო.

გაქრისტიანებით არაბებს საშუალება ეძლეოდათ, იმპერიიდან უფრო მეტი სიმდიდრე მიეღოთ. ხოლო  კონსტანტინოპოლელ იმპერატორებს  უფრო მარტივად შეეძლოთ გაქრისტიანებული არაბების საიმპერიო სტრუქტურებში (ადმინისტრაციაში თუ ჯარში) ჩაბმა.

ისტორიული სომხეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიად მას შემდეგ გადაიქცა, რაც მახლობელ აღმოსავლეთში ძვ. წ. II საუკუნეში რომი და პართია  გამოვიდა, ხოლო ახ. წ. 224 წლიდან კი პართიის იმპერია სასანურმა ირანმა ჩაანაცვლა. სომხეთი, რომლის ჩრდილოეთით კოლხეთი და იბერია, ხოლო აღმოსავლეთით ალბანეთი მდებარეობდა, ძირითად წნეხს სამხრეთიდან სასანური ირანისგან და დასავლეთიდან – ბიზანტიიდან განიცდიდა. სამხრეთით სომხეთი უშუალოდ ჩრდილოეთ მესოპოტამიას ესაზღვრებოდა. ამიტომაც, ერთი ტერიტორიიდან მეორეზე გადასვლა და, პირიქითაც, შეზღუდული არ იყო რომელიმე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ბარიერით. ხოლო ჩრდილოეთ მესოპოტამიაში მოხვედრისას ამ რეგიონის ლანდშაფტი ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლეოდა, ვაჭრებისა და ჯარისკაცებისთვის, მარტივად გამოეყენებინათ მდინარეები და სამხრეთის მიმართულებით გაეგრძელებინათ სვლა. პართელების მსგავსად, არდაშირ I-მა, ახ. წ. 224 წელს ახლადჩამოყალიბებული იმპერიის დედაქალაქად ქტესიფონი აირჩია. შესაბამისად, სასანიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ რომაელები/ბიზანტიელები ჩრდილოეთ მესოპოტამიაში არ შეეშვათ. მაგრამ, როგორც ვთქვით, რადგან ჩრდილოეთ მესოპოტამია ორგანულად  დაკავშირებული იყო სომხეთის სამხრეთ ნაწილთან, პირველი სასანიანი შაჰების საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს ამ რეგიონის რომაელებისაგან გაწმენდა წარმოადგენდა. არდაშირის და მისი მემკვიდრის შაბურ I-ის ომები ამის ნათელი მაგალითებია.

 ბიზანტიის იმპერიასა და სომხეთს შორის მდებარეობდა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ბარიერი – ტავრის მთები, რომლებშიც სამი საკვანძო გადასასვლელი იყო. იმ შემთხვევაში, თუ ირანელები მოახერხებდნენ ამ გადასასვლელების ხელში ჩაგდებას, ბიზანტიის აღმოსავლეთის პროვინციების სირია-პალესტინისა და მცირე აზიის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრებოდა. რა თქმა უნდა, სომხეთი არ იყო ერთადერთი ტერიტორია, საიდანაც ხორციელდებოდა ჯარების გადაყვანა ირანიდან სირიაში ან პირიქით. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ირანელები ან მათი არაბი მოკავშირეები მდინარე ევფრატის გასწვრივ გადადიოდნენ სირიასა და მცირე აზიის სამხრეთ ნაწილში.

სომხეთის მნიშვნელობა იმითაც განისაზღვრებოდა, რომ ამ ტერიტორიის დაკავებით დაუკავშირდებოდნენ ჩრდილოეთით მდებარე იბერიას, აღმოსავლეთით ალბანეთს. გარდა ამისა, სომხეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები ცენტრალური აზიიდან მცირე აზიისა და სირია-პალესტინის მიმართულებით. ზემომოყვანილი გეოგრაფიული ანალიზი არ ნიშნავს იმას, რომ რომაელები ან სასანიანები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიის  დაკავებაზე ფიქრობდნენ [Dignas, 2007: 73-188]. ხშირად ორივე იმპერიას შეჰყავდა ჯარები. ორივე მოწინააღმდეგეს ერჩია, პირველ რიგში,  საკვანძო გადასასვლელები და ციხე-სიმაგრეები დაეკავებინა და სომხეთის შიდა საქმეებში მხოლოდ ირიბად ჩარეულიყვო. ამ გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამ განაპირობა სომხეთის სტრატეგიული მნიშვნელობა და ამავდროულად ორი იმპერის სისუსტეც.

ზემოთ მოყვანილი მაგალითების განხილვის შემდეგ ნათელი ხდება, რომ ქრისტიანობის გავრცელება რომის იმპერიის სამეზობლოში სულაც არ იყო შემთხვევითი, ხოლო ქართლის და შემდეგ ლაზიკის (დასავლეთ საქართველო) გაქრისტიანება კი წარმოადგენდა იმ საერთო რელიგიური პოლიტიკის ნაწილს, რომელსაც ატარებდა კონსტანტინოპოლი საკუთარი საზღვრების დასაცავად.  წმინდა ნინოს ცხოვრების დეტალების უმრავლესობა უცნობია, თუმცა ცალსახაა, რომ მისი ქართლში ჩამოსვლა არ იყო კონსტანტინოპოლიდან მოსული ბრძანების შედეგი. გუთ ულფილასგან განსხვავებით, წმინდა ნინოს იმპერიული სანქცია არ გააჩნდა. თუმცა, მხარდაჭერა, რომელიც მოდიოდა კონსტანტინოპოლიდან, თუნდაც საეკლესიო პირების გამოგზავნით, მეფე მირიანის გაქრისტინებისთანავე, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, თუ რა სწრაფად გაიაზრეს კონსტანტინოპოლში ამ მოვლენის მნიშვნელობა.

ქართლი და ლაზიკა  იმპერიისთვის საინტერესო იყო სამხედრო თვალსაზრისით. კავკასიონის გადასასვლელებისა და შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს გაკონტროლება მნიშვნელოვანი იყო ბიზანტიელებისთვის საკუთარი იმპერიული დედაქალაქის კონსტანტინოპოლის დასაცავად [Blockley, 1985: 175]. პროკოპი კესარიელის მიერ აღწერილი ლაზების ელჩობა ირანში ხუსროს კარზე ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებდა კონსტანტინოპოლი ლაზიკასა და ქართლს [Procopius, 1914: II.15]. შესაბამისად, ისტორიული საქართველო იმ ტერიტორიულ რკალში ხვდებოდა, რომლითაც კონსტანტინოპოლი ცდილობდა საკუთარი საზღვრები დაეცვა მოწინააღმდეგე სასანური იმპერიისაგან.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიზანტიის პერიფერიაზე მცხოვრებ ხალხებში უმეტესწილად ქრისტიანობის „არაორთოდოქსალური” ვარიანტის გავრცელება ხელს არ უშლიდა კონსტანტინოპოლს, პირდაპირი დიპლომატიური და, ზოგ შემთხვევაში, სტრატეგიული ურთიერთობა ჰქონოდა ამ ხალხებთან. ბიზანტიელი იმპერატორებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო იმპერიის პერიფერიის ნებისმიერი ფორმით გაქრისტიანება, რადგან ამით ხერხდებოდა არაპირდაპირი პოლიტიკური გავლენის მოპოვება საკვანძო ტერიტორიულ ერთეულებზე. ასე მაგალითად, იუსტინიანეს არ ანაღვლებდა აქსუმელებისა თუ ნუმიდიელების მიერ ქალკედონური მრწამსის მტკიცედ დაცვა. მისთვის უფრო მნიშვნელვანი იყო მათი ბიზანტიურ პოლიტიკურ ორბიტაში მოქცევა, რითაც შესაძლებელი გახდებოდა მათი და სასანური ირანის კავშირის შექმნის თავიდან აცილება. იმავე იუსტინიანეს მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მონოფიზიტ ქრისტიან ეთიოპიელების მეშვეობით, იმპერატორი წარმატებით (ყოველ შემთხვევაში გარკვეული დროის მანძილზე) ახერხებდა სამხრეთ არაბეთის დაცვას ინდოეთთან ვაჭრობის უზრუნველსაყოფად და რეგიონში სასანიანების გავლენის შესაჩერებლად [Пигулевская, 1964: 57-81; 56-161].

 


[1] „ნეგუსა ნაგასტ“ ეთიოპიურად.

[2] es yovelive miuxedavad imisa, rom IV-V saukuneebSi eTiopia ukve awarmoebda warmatebiT vaWrobas indoeTis portebTan.

[3] misi saxeli goTurad „patara mgels“ niSnavs.

[4] ulfilas ojaxi tyveდ Cavardnamde cxovrobda mcire aziis qalaq farnasosSi (kapadokia).

ლიტერატურა

Barnes T. D.
1985
Constantine and the Christians of Persia. The Journal of Roman Studies. Vol. 75
Blockley R. C.
1985
Excerpta de Legationibus Romanorum ad Gentes, 14, in The History of Menander the Guardsman. Translated by R. C. Blockley. London.
Cameron A.
2003
The Mediterranean World in Late Antiquity. AD. 395-600
Dignas B., Winter E.
2007
Rome and Persia in Late Antiquity. Neighbours and Rivals.
Eusebius
1991
Vita Constantini. Ed. F. Winkelmann, Eusebius Werke, Band 1.1.
Fisher G.
2011
Between Empires. Arabs, Romans, and Sasanians in Late Antiquity. Oxford
Haas C.
2008
Mountain Constatines: The Christianization of Aksum and Iberia. Journal of Late Antquity 1.1. 2008
Heather P.
2006
The Fall of the Roman Empire. A New History of Rome and Barbarians. Oxford
Heather P.
2009
Empires and Barbarians. Migration, Development and the Birth of Europe.
Histoire
2013
Le Figaro. Numéro 8. Comment le Monde est devenu Chrétien.
Procopius
1914-1940
Works, ed. And trans. Dewing H. B. Cambridge (Massachesetts).
Пигулевская Н. В.
1964
Арабы у границ Византии и Ирана в IV-VI вв. Москва.