ინდივიდუალიზმის პრობლემა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში

ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში სამართლიანადაა აღიარებული, რომ პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობა ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომლის ჭრილშიც აგრეთვე დაისმის ხოლმე ინდივიდუალიზმის საკითხი მწერლის მხატვრულ ნააზრევში.

იქიდან გამომდინარე, რომ ვაჟა-ფშაველა საგანგებო ყურადღებას იჩენს გამორჩეული პიროვნული ბუნების ადამიანებისადმი, თავდაპირველად კიტა აბაშიძემ  მიიჩნია, რომ მწერლის კონცეფცია ინდივიდუალისტური ხასიათისაა და „ვაჟა ვითარცა სიმბოლისტი ინდივიდუალისტია, თითქმის უკიდურესი. მისთვის პირადობას დიდი მნიშვნელობა აქვს“ [ვაჟა-ფშაველა...1955:174].

ს. ხუნდაძის თვალსაზრისითაც, „ვაჟა ინდივიდუალისტია, იგი პიროვნების გაღმერთებისაკენ მიილტვის“ [ვაჟა-ფშაველა...1955:377].

ვაჟას გმირების ინდივიდუალიზმზე საგანგებოდ მსჯელობს სერგი დანელია. მისი შეხედულებით, ალუდას, ჯოყოლასა და მინდიას ქმედებები ინდივიდუალისტურ მოტივებს ეფუძნება და „სტუმარ-მასპინძელში“,  „ალუდა ქეთელაურსა“ და „გველის მჭამელში“ დახასიათებულია პიროვნების ინდივიდუალიზმი, მისი განდგომა, განაპირება“ [დანელია, 2008:76]. სერგი დანელიას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა თანაუგრძნობს თავის პერსონაჟებს, იგი სრული მოწინააღმდეგეა ინდივიდუალიზმისა, როგორც ასეთისა, რაც იმით გამოიხატება, რომ ყველა ეს პერსონაჟი მარცხდება: „ვაჟას ეცოდება, როგორც ალუდა ქეთელაური და ჯოყოლა, ისე მინდიაც, მაგრამ შეცოდება არ ნიშნავს კიდევ იმას, რომ ვაჟა გონებით მათ მხარეზეა... არც ერთ ინდივიდუალისტს ვაჟას პოემებში გამარჯვება არ რჩება. დამარცხდა ალუდა ქეთელაური, დამარცხდნენ ჯოყოლა და აღაზა, დამარცხდა მინდიაც. დასკვნა ცხადია: ვაჟას ადამიანის ინდივიდუალიზმის გამარჯვება არ სწამს“ [დანელია, 2008:84-85]. სერგი დანელიას შეხედულებით, პიროვნების ცნებას ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში დიდი დატვირთვა არ ენიჭება, რადგანაც პოეტი კოლექტივიზმის მომხრეა და „პიროვნება მხოლოდ ბუშტია მსოფლიოს უძირო ოკეანის ზედაპირზე: ოკეანე დუღს, მის ზედაპირზე ამოხტებიან ბუშტები, ცოტა ხანს ითამაშებენ და შემდეგ კი ... უკვალოდ, უნაშთოდ ჩაინთქმებიან ოკეანეში“ [დანელია, 2008:89].

პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში საგანგებოდ განიხილა  გრიგოლ კიკნაძემ. მისი თვალსაზრისით, აღნიშნული პრობლება ვაჟასთან ინდივიდუალისტურ სიბრტყეზე კი არ დგას, არამედ სოციალურ ფონზე იშლება: „გარკვეული საზოგადოებრივი ურთიერთობის წინააღმდეგ ინდივიდთა ბრძოლა და ასეთ ინდივიდთა მხარეზე ყოფნა, რასაკვირველია, უეჭველად ინდივიდუალიზმის აპოლოგიას არ ნიშნავს... ვაჟა-ფშაველას გმირები ინდივიდუალისტები არ არიან. ისინი სოციალურ პიროვნებებს წარმოადგენენ, ოღონდ მათ ჯანსაღი სოციალური პირობები იზიდავთ... ვაჟა დაინტერესებულია ინდივიდუალურისა და სოციალურის შერწყმა-შეთვისების პრობლემით; იგი ისეთ სოციალურს მოითხოვს, რომელიც ინდივიდუალობას გაუწევს ანგარიშს“ [კიკნაძე, 2005: 136-137].

            უკანასკნელ ხანებში კიდევ არის მცდელობები, რომ ინდივიდუალისტურ საფუძველზე აიხსნას ვაჟა-ფშაველას გმირთა მისწრაფებანი. ერთ-ერთი ავტორის თვალსაზრისის მიხედვით, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ინდივიდის უფლებები საზოგადოების უფლებებზე მაღლა დგას [ბერძენიშვილი, 2004: 72-77], მეორე მკვლევრის აზრით კი, ვაჟას ზოგიერთი პერსონაჟი ემიჯნება საზოგადოებას და მხოლოდ საკუთარი უფლებებისა და ღირსების დასაცავად იბრძვის [შათირიშვილი 2006: 28-30].

როგორც წესი, როდესაც საუბრობენ ვაჟა-ფშაველას გმირების ინდივიდუალიზმზე, ნაკლებად განიმარტება ხოლმე თავად ინდივიდუალიზმის არსი, სახელდობრ ის, თუ რას აღნიშნავს ეს ტერმინი ეთიკის სფეროში.

ინდივიდუალიზმის განსაზღვრამდე, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ინდივიდისა და პიროვნების ცნებები. ნ. ბერდიაევის მიხედვით, „ინდივიდუუმი არის ნატურალისტურ-ბიოლოგიური კატეგორია, ხოლო პიროვნება - რელიგიურ-სულიერი... ინდივიდი არის ნაწილი გვარისა (часть вида), ის გამოსულია გვარიდან, თუმცა ძალუძს მისგან იზოლირება და მასთან დაპირისპირება... ინდივიდი იბადება და კვდება. პიროვნება არ იბადება, ის იქმნება ღვთისაგან. პიროვნება არის ღვთის იდეა და ღვთის ჩანაფიქრი... პიროვნება არის დავალება ბუნებრივი ინდივიდისათვის. ზოგჯერ ბიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად გამოკვეთილ ინდივიდუუმს შეიძლება არ ჰქონდეს პიროვნულობა. პიროვნება არის მთლიანობა და ერთიანობა, რომელსაც უეჭველი და მარადიული ღირებულება აქვს“ [Бердяев, 2010:92].

            პიროვნება, უპირველეს ყოვლისა, „ეთიკური ერთეულია“ (გრიგოლ კიკნაძე), ინდივიდი კი - ბიოლოგიურ-სოციოლოგიური. პიროვნება ისაა, ვისაც აქვს ეთიკური იდეალი და გრძნობს მისდამი პასუხისმგებლობას. ინდივიდი კი უპირატესად ცხოვრობს ბუნებისა და გვარის კანონების მიხედვით, იგი არის ბიოლოგიური პროცესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის პროდუქტი. „ინდივიდის ბრძოლა არსებობისათვის და გვარში გაბატონებისათვის ყველაზე ნაკლებადაა დაკავშირებული პიროვნების ღირებულებასთან. ბრძოლა პიროვნების ამაღლებისათვის არის სულიერი ბრძოლა და არა ბიოლოგიური“ [Бердяев, 2010:97].

რაც შეეხება ინდივიდუალიზმს, სპეციალურ ლიტერატურაში განმარტებულია, რომ „ინდივიდუალიზმი არის რწმენა ინდივიდის უზენაესობისა ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ან კოლექტივის წინაშე... ეთიკური ინდივიდუალიზმი გულისხმობს საზოგადოების ისე მოწყობას, რომ სახეირო იყოს ინდივიდისათვის, ამასთან მორალური თვალსაზრისით უპირატესობა ინდივიდის უფლებებს, საჭიროებებსა და ინტერესებს დაეთმოს“ [ჰეივუდი, 2004:33].

            ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას, ვერსად შევხვდებით ინდივიდის უფლებების საზოგადების უფლებებზე მაღლა დაყენების მოთხოვნას, ანდა თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, უპირატესად ინდივიდის კეთილდღეობაა მიჩნეული ქცევის მორალურობის საზომად.

            პოემა „ალუდა ქეთალაურში“ მთავარი გმირის საზოგადოებისაგან განაპირება ინდივიდუალური ინიციატივის საფუძველზე კი არ ხდება, არამედ თემის  იძულების შედეგად. ხევსურთა სასტიკი განაჩენის მიუხედავად, ალუდას სულისათვის სრულიად უცხოა შურისძიების, გაბოროტების გრძნობა. როგორც ზნეობრივი გმირი, იგი ბოლომდე თანამოძმეთა ერთგული გულშემატკივარი რჩება და კატეგორიულად უკრძალავს ცოლსა და დედას თემის დაწყევლას. თემისაგან მოკვეთილ ქეთელაურს სული და გული მშობლიურ მხარეში რჩება:

„ერთხელ მაუნდა ალუდას,

ერთხელ მობრუნვა თავისა:

„მშვიდობით, საჯიხვეებო,

გამახარელნო თვალისა!

მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,

გულში ამშლელო ბრალისა!

მშვიდობით, ჩვენო ბატონო,

ყმათად მიმცემო ძალისა!“

            აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სწორად არ მიგვაჩნია ზოგიერთი მკვლევრის მიერ ალუდა ქეთელაურის მოხსენიება „ერეტიკოსად“ [თეთრუაშვილი, 1982:22] ან „დისიდენტად“, ვინაიდან, პოემის მიხედვით, ალუდა არც ახალ რელიგიურ მიმდინარეობას აარსებს და არც  საკუთარი თვალსაზრისის საზოგადოებისათვის თავს მოხვევას ცდილობს. ქეთელაურის მიერ მუცალის სულის მოსახსენებლად კურატის თვითნებურად შეწირვა ერთჯერადი საქციელია. იმდენად დიდია ალუდას შინაგანი დარწმუნებულობა მუცალის „ცხონებაში“, რომ ვერ ახერხებს თავის მოთოკვას და უნებურად ხევისბრის ფუნქციაში იჭრება, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს იგი  ამ ფუნქციის მისაკუთრებისაკენ მიილტვის, ანდა  ახალ რელიგიურ მიმდინარეობას აარსებს და მოუნათლავებს შესწირავს მსხვერპლს. ამის არავითარი მინიშნება პოემაში არ გვაქვს. ალუდა თავადაც შესანიშნავად აცნობიერებს საკუთარი საქციელის უჩვეულობას, ამიტომაც შესთხოვს „ბატონს“: „ნუ შამიცოდებ შვილსაო“, ანუ ცოდვად ნუ ჩამითვლიო ამ საქციელს.

ინდივიდუალისტური მოტივებისაგან თავისუფალია „სტუმარ-მასპინძლის“ გმირთა მოქმედებანი. ჯოყოლა იმიტომ კი არ უპირისპირდება თემს, რომ რაიმე ახალ უფლებას მოითხოვს, არამედ იმიტომ, რომ მას არ აძლევენ საშუალებას აღასრულოს წმიდათაწმიდა მოვალეობა სტუმარმასპინძლობისა, რომელიც თავად საზოგადოების მიერ არის აღიარებული და დადგენილი სავალდებულო ზნეობრივ ნორმად. თავისი საქციელით ჯოყოლა არა მხოლოდ პიროვნულ და ოჯახის ღირსებას, არამედ სწორედ იმ საზოგადოების ღირსებას იცავს, რომელიც საკუთარსავე ადათს არღვევს, შურისძიების წყურვილით გონდაბინდული.

ზოგიერთი კრიტიკოსი ფიქრობს, რომ ჯოყოლა ბოლოს მაინც ეთიშება თემს.  სერგი დანელიას მიხედვით, ჯოყოლა და ალუდა „ჯერ სუბიექტურად, ანუ ზნეობრივი შეგნებით გაემიჯნებიან თემს, ე. ი. დაგმობენ თავის გულში თემობრიობის პრინციპს, და ამ სუბიექტურ გამიჯვნას მოჰყვება შედეგად ობიექტური გამიჯვნაც: ალუდა და ჯოყოლა შეებრძოლებიან თემს და გაეთიშებიან მას“ [დანელია, 2008:78]. ზ. შათირიშვილის აზრით კი, ხევსურების წინააღმდეგ ჯოყოლა არა თემის დასაცავად, არამედ მხოლოდ საკუთარი ოჯახის ღირსებისა და კეთილდღეობისათვის იბრძვის. „...[ჯოყოლა] გადაწყვეტს, რომ „მარტოკამ უნდა იომოს“. მარტოკამ უნდა იომოს, რადგან მისი სტუმარი და ძმა დაუმარხავია, ხოლო მისი ღირსება შელახულია. ის უნდა შეებრძოლოს მტერს, რადგან უნდა დაიცვას უკვე არა მთლიანად თემი, არამედ ოდენ საკუთარი სახლ-კარი, ოჯახი, ოჯახის წესი, ანუ ღირსება“ [შათირიშვილი 2006:29].

            პოემის ტექსტი სწორედაც რომ საპირისპიროს ადასტურებს. ქისტების უღირსი საქციელის მიუხედავად, ჯოყოლა მაინც თანამოძმეთა ერთგული რჩება და თემის დასაცავად იბრძვის ხევსურთა წინააღმდეგ. მისი „მარტოკა“ ბრძოლის მოტივი ის კი არ არის, რომ მას მხოლოდ საკუთარი ოჯახის ღირსება და კეთილდღეობა ანაღვლებს, არამედ ის, რომ ქისტები თავს არიდებენ მას, ათვალწუნებული ჰყავთ იგი, როგორც თემის პირის გამტეხი, და ახლოს არ გაიკარებენ ლაშქარში:

„– გავყვე?! რას ამბობ, ჭკვა-თხელო?

არ გამივლევენ ახლოსა!

მარტოკამ უნდა ვიომო,

მთელმა ჯარეგამ მნახოსა;

ვინ ერთგულია, ვინ არა,

ქვეყანამ დაინახოსა.“

            თემი კვლავ არასწორად აღიქვამს მის საქციელს და, საბოლოოდ, გაწირავს ჯოყოლას - სასაფლაოზე დამარხვის ღირსადაც კი არ ცნობს მას.

            ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში საგანგებოდ მსჯელობენ ხოლმე  ინდივიდუალიზმის პრობლემაზე პოემა „გველისმჭამელის“ მიხედვით.[1]  კ. კაპანელის აზრით, „გველის მჭამელი“ ფილოსოფიური პოემაა ტანჯვისა, შემეცნებისა, სიყვარულის ტრაგედიისა, ოჯახისა და სახელმწიფოს ტირანიის შესახებ; მთავარი გმირი ამ პოემისა - მინდია - კეთილშობილი რევოლუციონერი და ანარქისტია, რომელიც იბრძვის ადამიანის სულის უმაღლესი კულტურისათვის, ინდივიდუუმის სრული გათავისუფლებისა და სიყვარულისათვის sub specie aeternitatis“ [კაპანელი, 1926:238].

სერგი დანელიას თვალსაზრისით, „ვაჟა აყენებს საკითხს: სად არის ინდივიდუალიზმის ბოლო? ბოლო ინდივიდუალიზმისა, ვაჟას აზრით, არის პიროვნების გამოსვლა ადამიანობიდან. და ვაჟაც გვაძლევს ადამიანობიდან ასეთი გამოსვლის მხატვრულ დახასიათებას თავის პოემაში „გველისმჭამელი“. პირველი სახე ადამიანთა ინდივიდუალიზმისა ისტორიაში, ალუდა ქეთელაური, განაპირდება თემობრივობისაგან: ის განუდგება თემს. უკანასკნელი სახე ინდივიდუალიზმისა, მინდია, განაპირდება საკუთარი ადამიანობისაგან; ის განუგდება კაცობრიობას“ [დანელია, 2008:79].

            ვ. კოტეტიშვილის შეხედულებით, „მინდია დიდ გზას დაადგა. იგი, ზეკაცის მსგავსად, ყველაფერს იმორჩილებდა, შემოქმედი იყო პირდაპირ უპოვარი. მაგრამ იყო, ვიდრე ინდივიდუალიზმის მწვერვალზე იდგა, სადაც ადამიანი თავის ბუდეში კი არა ზის, არამედ მსოფლიოს უერთდება, როგორც დიდი სიცოცხლის ერთი ნაწილი“ [კოტეტიშვილი, 1959:609].

პოემის ტექსტის კითხვისას თვალნათლივ ვრწმუნდებით, რომ სინამდვილეში მინდიას ქცევას არა აქვს ინდივიდუალისტური საფუძველი და ცნება „ინდივიდუალიზმისა“ აქ სრულიად უადგილოა. შეიძლება ითქვას,  რომ რეალურად ინდივიდუალისტურ თვალსაზრისზე პოემაში მზია და ჩალხია დგანან, რადგან, მათი შეხედულებით, პირადი საჭიროება არის საზომი ქცევის მართებულობისა. ბუნება, გარე სამყარო იმისთვის არსებობს, რომ ადამიანის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. „თავისა სასიამოვნოდ წუთისოფლისა მცნობარე“ - ამ ეპითეტით მოიხსენიებს მინდია ცოლს, რაც კარგად გამოხატავს მზიას დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი და ასეთი მსოფლხედვისადმი მინდიას მიმართებასაც. ამ ეგოცენტრულ ცნობიერებას პოემაში უპირისპირდება უნივერსალური, უმაღლესი ცნობიერება მინდიასი, რომელიც გარე სამყაროს აღიქვამს არა მხოლოდ როგორც საშუალებას, არამედ - როგორც მიზანს. ასეთი ცნობიერების მიხედვით, ადამიანი მოწოდებულია იპოვოს საკუთარი ადგილი კოსმიურ წესრიგში, ცნოს სხვა ობიექტთა თავისთავადი ღირებულება და სამყაროს ორგანულ ნაწილად აღიქვას საკუთარი თავი.

ინტუიციური უნარის დაკარგვის შემდეგ მინდიას მთავარი სადარდებელი ისაა, რომ აღარ ძალუძს სხვებისათვის სარგებლის მოტანა: „რიღათი ვარგო ქვეყანას, დავცარიელდი ცოდნითაო“. აშკარაა, რომ მინდიას ცხოვრების შინაარსად საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის ღვწა გაუხდია და არა ინდივიდუალური კმაყოფილებისათვის ბრძოლა:

„ვეღარას ვარგებ ქვეყანას,

მტრის მამგერებელს ჯარშია,

მიტომ, რომ წინანდებული

ცნება აღარ მაქვს თავშია“.

ასეთი მრწამსი, ბუნებრივია, ინდივიდუალისტური თვალსაზრისის სწორედაც რომ საპირისპირო პოზიციაზე აყენებს მინდიას. სრულიად ნათელია, რომ აქ პერსონაჟი სოციალურ სიბრტყეზე განიხილავს საკუთარ დანიშნულებას და არა ინდივიდუალისტურზე.

            როგორც აღინიშნა, უკანასკნელ ხანებში,არის  მცდელობები, რომ ვაჟა-ფშაველას ეთიკური მრწამსი აიხსნას ლიბერალურ მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით, რომ თითქოს ამ იდეოლოგიის გავლენით პოეტი ინდივიდის უფლებებს პიროვნების უფლებებზე მაღლა აყენებდა: „ვაჟა-ფშაველა მკითხველის წინაშე მთელი სიმძაფრით აყენებს ორი სიმართლის, მრავალი ჭეშმარიტების პრობლემას და, და როგორც ავტორი, გულშემატკივრობს ჭეშმარიტების იმ მხარეს, რომელიც ადამიანის უფლებებს საზოგადოების უფლებებზე მაღლა აყენებს“ [ბერძენიშვილი, 2004:77].

            ინდივიდის უფლებათა აბსოლუტიზაცია მართლაც ლიბერალური იდეოლოგიის მონაპოვარია, მაგრამ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის, რომ ინდივიდის პიროვნებად გახდომის აუცილებლობა ლიბერალიზმში სრულიადაც არ დგას. ინდივიდად ყოფნა ისე, რომ არ ლახავდე სხვის უფლებებს, უკვე თვითკმარ მდგომარეობადაა მიჩნეული. ლიბერალიზმისათვის უპირატესად დამახასიათებელია საკითხისადმი ატომისტური მიდგომა, ანუ ეს მსოფლხედვა საზოგადოებას მოიაზრებს, როგორც ინდივიდთა კრებულს, ერთეულთა ჯამს.

სხვაგვარია საკითხისადმი ვაჟა-ფშაველას დამოკიდებულება. მისი ეთიკური მრწამსი ემყარება პიროვნების და არა ინდივიდის ცნებას. ვაჟასთან უპირველს ზნეობრივ მოთხოვნად პიროვნებად ყოფნაა ჩათვლილი, საზოგადოება კი, მწერლის აზრით, ბევრად უფრო ღრმა ფენომენია, ვიდრე ინდივიდთა უბრალო კრებული. ერი, ვაჟას მიხედვით, ადამიანთა სულიერი ერთობაა, კოლექტიური პიროვნებაა, რომლის მშობელი თავად ბუნებაა და რომელიც მის წიაღთან უღრმესადაა დაკავშირებული. ვაჟა-ფშაველას მოღვაწეობის ხანა სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ლიბერალ-კაპიტალისტური ინდივიდუალიზმი ჩვენს სინამდვილეში ნელ-ნელა იფურჩქნებოდა, ვიწრო უტილიტარიზმი კი ეროვნულ მთლიანობას უქმნიდა საფრთხეს. ამ დროსაა დაწერილი ვაჟა-ფშაველას ძალზე საინტერესო მოთხრობა „დედამიწამ რა სთქვა“, რომელშიც დედამიწა ასეთი სიტყვებით მიმართავს ადამიანს: „ადამიანო! ნუ ამბობ, ეს მიწა ჩემის ხმლით დაჭერილი მაქვსო... შენ მარტოს არა გაქვს უფლება სთქვა, ეს ჩემია და მარტო ჩემიო. ეს შეუძლიან სთქვას ერმა და მარტო ერმა, რადგან ერი ჩემი შვილია და მე - დედა მისი“ [ვაჟა-ფშაველა 1979:108].

            ინდივიდუალური კმაყოფილება და სისავსე არასოდეს ამოწურავს ვაჟა-ფშაველას გმირების მისწრაფებათა შინაარსს. ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში საკუთარი თავის სხვათათვის გაწირვას მიელტვიან არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ამ ეთიკური მიზანდასახულობით არიან სავსენი ბუნების შვილებიც. მთის წყარო შვებას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც ადამიანებსა და ცხოველებს წყურვილს უკლავს, გასახმობად განწირულ მცენარეებს ასულიერებს. მისთვის უდიდესი უბედურება ისაა, თუ ვერ მოახერხებს სხვისთვის სარგებლობის მოტანას: „წუხელის რა ცუდი სიზმარი ვნახე! ვნახე, ვითომ ვიღუპებოდი. გვალვა, დიდი გვალვა დამდგარიყო, ბალახნი, ხენი, ჩემნი მშობელნი, დამჭკნარიყვნენ, მეც დავმშრალიყავი თითქმის. ღაბუა, ლამაზი „წიფლისჩიტა“ ჩამოფრინდა ვერხვის ტოტიდამ და უნდოდა ჩემს გუბეში ბანაობა, მაგრამ ვეღარ დაისველა მხრები და დაიწყო ტირილი. ვხედავდი ამას და გული მიკვდებოდა - „სად წახველ, ჩემო მადლო-მეთქი“, - ვდუდუნებდი“ [ვაჟა-ფშაველა,1964ა:78].

ბუნების ყოველი შვილი სწორედ საკუთარი გვარის სხვა წევრებთან  კავშირში მოიაზრებს საკუთარ ბედნიერებას. მარტოდმარტო, მაღალ მთაზე მდგარი ვერხვი იმას ჩივის, რომ არ აქვს თავის თანამოძმეთა გვერდით დგომის საშუალება და, ამ აზრით, მისი სიცოცხლე უნაყოფო სიცოცხლეა: „რასა ჰგავს ჩემი უმადლო სიცოცხლე, რას ვაკეთებ ამ ფრიალო მთზე მარტოდმარტო? თუ ვერაფერს გავიგონებ, ვერავის რას გავაგონებ, ვერავის გავახარებ და თვითონაც ვერ გავიხარებ, ეს ხომ მკვდარი სიცოცხლეა?!“ [ვაჟა-ფშაველა, 1964ბ:40].

ვაჟა-ფშაველას გმირებს არ აქვთ მიდრეკილება მაინცდამაინც განსხვავდებოდნენ სხვებისაგან, გამოეყონ სოციუმს და შემოსაზღვრონ საკუთარი, ინდივიდუალური. თუ ისინი ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოებისაგან განსხვავებულად იქცევიან, ამას წინასწარგანზრახული მიზანი კი არ უდევს საფუძვლად, გამოირჩეოდნენ სხვათაგან, არამედ სიტუაციითაა შეპირობებული, მაღალი ზნეობრივი მიზნებითაა მოტივირებული. განსხვავებული ქცევა შედეგია და არა მიზანი. მწერალი პიროვნებასა და საზოგადოებას იმთავითვე დაპირისპირებულ მხარეებად კი არ განიხილავს, რომელთა ინტერესებიც გამუდმებულ კონფლიქტშია, არამედ - ორგანულ მთლიანობად, ერთიმეორის გარეშე არსებობა რომ არ ძალუძთ.

ვაჟა-ფშაველასათვის სიკეთისა და ბოროტების მიღმა მდგომ, ეთიკურად ნეიტრალურ ინდივიდუალიზმს,  როგორც თავისთავადს მოვლენას, არა აქვს ზნეობრივი ღირებულება. მწერალს ხიბლავს სიკეთის სამსახურში ჩამდგარი მძლავრი პიროვნული ნება. სოციალური პასუხისმგებლობისაგან თავისუფალი ინდივიდუალიზმის ეგოიზმად გადაგვარების საფრთხეს ვაჟა შესანიშნავად აცნობიერებს.

ვაჟა-ფშაველას აზრით, სხვისი ბედნიერებისათვის ღვწა ზნეობრივი ადამიანის უპირველესი ამოცანაა: „თუკი ყველა სხვის შემწეობით, სხვისი შველით ვიქნებით გამსჭვალული, სხვა ჩვენთვის იქნება, სხვას ჩვენთვის ენდომება კეთილი, - ეს იგივე თავისის თავის შველა გამოდის, თუმცა სხვა ფერით, სხვა წესით, რომელიც უფრო ღვთიურია, უფრო კაცობრივი, რადგან ამგვარი დამოკიდებულება ერთისა მეორესთან სპობს შურს, მტრობას კაცთა შორის“  [ვაჟა-ფშაველა, 1964გ:190].

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ, ვაჟა-ფშაველას მიხედვით, ალტრუიზმს არა უტილიტარული, არამედ წმინდა მორალური შინაარსი აქვს, ანუ ვაჟას შემოქმედებაში ზნეობრივი გმირი იბრძვის, უწინარეს ყოვლისა, საზოგადოების ზნეობრივი სახის გაუმჯობესებისათვის და მხოლოდ შემდეგ - სოციალური (ამ სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით) მიზნებისა და ემპირიული ბედნიერებისათვის. საზოგადოების სულიერი სრულყოფისათვის ღვწა კი, უპირველესად, ცხადია, პიროვნულ ამაღლებას, თვითგანწმენდას გულისხმობს, რაც ამზადებს საფუძველს საზოგადოების გარდაქმნისათვის. ვაჟა-ფშაველას გმირები ყოველთვის საზოგადოების სასიკეთოდ მოქმედებენ და, თუ ზოგიერთ შემთხვევაში მათ სოციუმთან დაპირისპირება უხდებათ, ეს იმითაა განპირობებული, რომ თავად საზოგადოება ვერ აცნობიერებს, ვერ სწვდება ამ პიროვნებების მორალურ მისწრაფებათა არსს. ალუდა, ჯოყოლა, მინდია თუ ქიჩირი თანამოძმეთა ზნეობრივ ამაღლებაზე ზრუნავენ, მაღალზნეობრივი პრინციპებით ცხოვრებისაკენ მოუწოდებენ მათ და თავად უჩვენებენ ასეთი არსებობის მაგალითს.

ვაჟა-ფშაველას მიხედვით, ადამიანმა  ყველაფერი შეიძლება გაწიროს საზოგადოებისათვის (სიცოცხლის ჩათვლით), გარდა საკუთარი პიროვნებისა, ანუ ზნეობრივი მრწამსისა, რადგან სრულფასოვანი საზოგადოება პიროვნულ საწყისს ეფუძნება და, სადაც არ არის პიროვნულის გამოვლენის შესაძლებლობა, იქ არც ნამდვილი საზოგადოება შეიძლება არსებობდეს. არავითარი სოციალური მიზანი არ ღირს იმად, რომ პიროვნება წაიშალოს და მისი სულიერი მთლიანობა დაირღვეს. პიროვნებად ყოფნა, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მიხედვით, ადამიანის უპირველეს მისიად, ზნეობრივ ამოცანადაა მიჩნეული. პიროვნების შენარჩუნება კი გულისხმობს ერთგულებას იმ ზნეობრივი ღირებულებებისადმი,  რომლებიც ადამიანის მიერ ცნობიერად თუ ინტუიციურად არის განცდილი და აღიარებული. ვაჟა-ფშაველას გმირებს ურჩევნიათ, პიროვნებებად დაიხოცონ, ვიდრე ღირსებისა და რწმენის დათმობის ფასად შეინარჩუნონ ბიოლოგიური არსებობა.

            ერთი სიტყვით, ვაჟასეული გააზრება პიროვნებისა ბევრად უფრო აღმატებულია, ვიდრე ლიბერალური სწავლება ინდივიდისა და მისი უფლებების შესახებ. ვაჟა-ფშაველა პიროვნების ქრისტიანულ გაგებას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, „პიროვნება - ეს არის ადამიანის ბუნებაზე დაუყვანლობა“ [Лосский, 2007:409]. მართლაც, ვაჟას გმირები „მარადის საკუთარ თავზე მაღლა“ (გრიგოლ ნოსელი) დგომისათვის იღვწიან და, ამდენად, მაღლდებიან საკუთარ ბუნებაზე - ზნეობრივი მრწამსის გამო ძალუძთ სიცოცხლის შენარჩუნების ბუნებრივ მოთხოვნილებაზე უარის თქმა.

 


[1]ვაჟა-ფშაველას მიმართება ინდივიდუალისტურ-ფილოსოფიურ თეორიებთან (განსაკუთრებით ფ. ნიცშეს ეთიკურ კონცეფციასთან) პოემა „გველისმჭამელზე“ დაყრდნობით საინტერესოდაა განხილული  იუზა ევგენიძის ნაშრომში „ვაჟა ფშაველა“  [ევგენიძე, 1989:385-403].

ლიტერატურა

ბერძენიშვილი ლ.
2004
ადამიანის უფლებები ქართულ ლიტერატურაში, ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა, თბილისი.
დანელია ს.
2008
ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი, თბილისი
ევგენიძე ი.
1989
ვაჟა ფშაველა, თბილისი.
ვაჟა-ფშაველა
1955
ვაჟა-ფშაველა ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში, ქრესტომათია, I, შეადგინა, შესავალი წერილი და შენიშვნები დაურთო იოსებ ბოცვაძემ, თბილისი.
ვაჟა-ფშაველა
1964a
თხზულებანი ათ ტომად, ტ.V, თბილისი.
ვაჟა-ფშაველა
1964b
თხზულებანი ათ ტომად, ტ. VI, თბილისი.
ვაჟა-ფშაველა
1964g
თხზულებანი ათ ტომად, ტ. IX, თბილისი.
ვაჟა-ფშაველა
1979
თხზულებანი: ახლად გამოვლენილი ნაწარმოებები, თბილისი.
თეთრუაშვილი ლ.
1982
ვაჟა-ფშაველას და იოჰან ვოლფგანგ გოეთეს იდეურ-მსოფლმხედველობრივი ურთიერთობისათვის, თბილისი.
კაპანელი კ.
1926
ქართული სული ესთეტიურ სახეებში, წ. 1, ტფილისი.
კიკნაძე გრ.
2005
თხზულებანი, ტ 1, თბილისი.
კოტეტიშვილი ვ.
1959
ქართული ლიტერატურის ისტორია, XIX ს., თბილისი.
შათირიშვილი ზ.
2006
შათირიშვილი ზაზა, ვაჟა-ფშაველა და პოეზიის საწყისი, „ჩვენი მწერლობა“, 2006, N 13.
ჰეივუდი ე.
2004
პოლიტიკური იდეოლოგიები, თბილისი.
Бердяев Н.
2010
О Назначении Человека (Опыт парадоксальной этики), Москва.
Лосский В. Н.
2007
Боговидение, Минск.