ქართველური ენების ფონოსემანტიკასთან დაკავშირებული ტერმინები და ცნებები

ქართულ ლინგვისტურ ლიტერატურაში ფონოსემანტიკის, ფონემურ და სემანტიკურ დიფერენციალურ ნიშანთა კავშირის აღმნიშვნელ, ენობრივ მოვლენასთან დაკავშირებულ ტერმინთა სიჭრელეა, რასაც თავად საკვლევი საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა და კვლევის მეთოდოლოგიური ასპექტები აპირობებს. ფართოდ გავრცელებული კომპოზიტური ტერმინი „ხმაბაძვა“ ბერძნული „ონომატოპეას“ აზრობრივი შესატყვისი და კალკირებული თარგმანია. განმარტების თანახმად,

 

ხმაბაძვა არის სამეტყველო ბგერებით ბუნების მოვენათა თანმხლები ხმების, ცოცხალ არსებათა ხმიანობის (ყვირილის, სტვენის და სხვ.) მიახლოებითი გადმოცემა. ამის საფუძველზე შექმნილი სიტყვების რამდენიმე სახეობა განირჩევა მათი ფორმებისა და ფუნქციების მიხედვით:

  1. 1.    საკუთრივ ხმაბაძვა, ანუ ფორმაუცვლელი ბგერათკომპლექსით ხმიანობის მიახლოებითი გადმოცემა (და არა აღნიშვნა): მაგ., ყიყლიყო, გუგუ, ტკაც.
  2. 2.    ხმაბაძვის საფუძველზე ამა თუ იმ ხმიანობის აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: მაგ., შრიალი, ტკაცუნი, ხარხარი.
  3. ხმაბაძვის საფუძველზე მოვლენებისა და არსებების (და არა მათი ხმიანობის) აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: მაგ., გუგული, ჭრიჭინა, ტკაცუნა [ქსე, 1981:536].

 

ადრინდელ წყაროებს თუ გადავავლებთ თვალს, სულხან-საბა საკუთრივ ხმის მიბაძვით წარმოქმნილი სიტყვებისათვის იყენებს ტერმინს „ხმიანობა“, აკაკი შანიძეც „ხმიანობის აღმნიშვნელ სიტყვებს“ უწოდებს [შანიძე, 1973:564-565). საგულისხმოა, რომ შემდგომ პერიოდში ამ ტერმინის მნიშვნელობა დავიწროვდა და იგი ოდენ ხმის გამომხატველი (მოძრაობის გარეშე) ფორმის აღსანიშნავად დამკვიდრდა, ამით ის ტერმინოლოგიურად გაიმიჯნა სხვა ტიპის ლექსიკისგან, რომელიც ხმასთან ერთად სხვა სემანტიკურ მახასიათებლებსაც მოიცავდა; ამავე მნიშვნელობით ხმიანობის პარალელურად გვხვდება ტერმინი „საკუთრივ ხმაბაძვა“, სწორედ ამის დასტურია ენციკლოპედიური განმარტებაც.

ამ ტერმინთაგან არცერთს არ შევხვდებით გიორგი ახვლედიანის შრომებში, თუმცა თავის მონოგრაფიაში მკვლევარი აანალიზებს ორ ლექსიკონში (სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონა“ და დავით ჩუბინაშვილის „ქართულ-რუსული ლექსიკონი“) მოძიებულ ფონოსემანტიკურ მასალას, რომელთა ფონემატური სტრუქტურაა CS+VVC- (11 ერთეული: ზრიალ-, სრიალ-, ჟრიალ-, შრიალ-, ჭრიალ-, წრიალ-, გრიალ-, კრიალ-, ღრიალ-, ხრიალ-, ყრიალ-), C1V1C1V1+C- (სადაც C1=C1; V1=V1) (15 ერთეული სხვადასხვა ხმოვნითი ვარიანტით: ზიზინ-, სისინ-, ჟიჟინ-, შიშინ-, ღიღინ-/ღუღუნ-, ხიხინ-, ყიყინ-/ყუყუნ-, წიწინ-, ჭიჭინ- / ჭაჭან- , კაკან- /კიკინ-, ყაყან-),  CVC+VC (6 ერთეული: კივილ-, წივილ-, სივილ-, ყივილ-, წივილ-, ხივილ-) და ფონემურ და სემანტიკურ დიფერენციალურ ნიშნებს შორის კავშირის აღნიშნავად იყენებს ფრაზას „უტოლფუნქციო სახესხვაობების სემანტიზაცია“ [ახვლედიანი, 1949:245]. გიორგი ახვლედიანი ამოსავალი ვარიანტების დაძებნას ცდილობს „ბგერადობის სახესხვაობებისათვის“, ვინაიდან ეს ერთეულები მას ერთმანეთისაგან მომდინარედ მიაჩნია;  დასაშვებად თვლის, რომ ისინი მარტივ ხშულთა აფრიკატიზაციისა და დეზაფრიკატიზაციის გზით იყოს მიღებული. მისი აზრით: კრიალი ორგვარი გზით რეალიზდა: 1. სისინათა რიგი: კრიალი > წრიალი > სრიალი > ზრიალი; 2.  შიშინათა რიგი: კრიალი > ჭრიალი > სრიალი > ჟრიალი.  ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ ზემოდასახელებულ ფუძეებში

 

„ბგერათმონაცვლეობა არაა პოზიციურად წარმოქმნილი... აქ იმთავითვე წამყვანია აზრი, რომლის „კარნახით“ უნდა მომხდარიყო დიფერენციაცია... წმინდა მექანიკური ფონეტიკური პროცესი ენას გამოუყენებია აზრობრივად. ამ შემთხვევაში წამყვანია აზრი და არა ფიზიოლოგია“ [ახვლედიანი 1949:297];

 

აქედან დასკვნა, გ. ახვლედიანის აზრით, ბგერათმონაცვლეობას აქვს სეამნტიკური და არა ფონეტიკური საფუძველი, ანუ ის სემანტიკით არის შეპირობებული; ამგვარი მონაცვლეობით წარმოიქმნება არა ფონეტიკური ვარიანტები, არამედ ახალი მნიშვნელობის ფუძეები. ვფიქრობთ, რომ მკვლევრის მიერ მასალის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიურ ასპექტებში და ამ მასალის საფუძველზე მიღებულ დასკვნაში ნათლად ჩანს ფონოსემანტიკის არსი, ფონემური და სემანტიკური დიფერენციალური ნიშნების კავშირი.

ხმაბაძვით ლექსიკაში ცალკე სახეობად გამოყოფს ალი დავიათიანი ე.წ. „გარეგანი სახეობის“  ანუ „სახეობრივ“ ლექსიკას, რომელშიც  თავს უყრის სვანური ენისათვის დამახასიათებელ იმგვარ ფუძეებს, რომლებიც მნიშვნელობის თვალსაზრისით ფიზიონომიურ მახასიათებლებს შეიცავენ. როგორც ავტორი აღნიშნავს:

 

„ხმაბაძვითი სიტყვები ერთ შემთხვევაში ობიექტის მოძრაობა-მოქმედებას უკავშირდება, მეორე შემთხვევაში (იგივე ხმაბაძვითები) გარკვეულ ვითარებაში საგნისა თუ მოვლენის გარეგან სახეობასაც გამოხატავენ“, თან იქვე დასძენს, რომ „ხმაბაძვითების სამეტყველო კანონზომიერება სახოვან სიტყვებზე ვრცელდება“ [დავითიანი, 2008: 315];

 

სავარაუდოდ, ავტორი მიანიშნებს, რომ ხმაბაძვით და „სახოვან“ ფუძეებს ერთი და იგივე მორფონოლოგიური ყალიბები აქვთ, რაც, პრაქტიკულად, ქართულ ენათმეცნიერულ ლიტერატურაში გაცილებით გვიან გაკეთებულ დასკვნას შეესაბამება [იხ. მელიქიშვილი, 1999].

ტოგო გუდავა გვთავაზობს ტერმინს „ბგერწერა“  და მას ვიწრო მნიშვნელობით იყენებს:

 

„მეგრულში არის ხმაბაძვითი სიტყვების ერთი რიგი, რომელიც, გარდა ძირითადი მნიშვნელობისა, გამოხატავს მოქმედების ელფერს, მოქმედი საგნის სიდიდეს, წონას, სიმკვრივეს და ა.შ. აღნიშნულ თვისებათა გამოხატვის საშუალებას წარმოადგენს მჟღერ, ფშვინვიერ და მკვეთრ თანხმოვანთა დაპირისპირება ერთმანეთთან. ამგვარი საშუალებით გამოხატულ ხმაბაძვას „ბგერწერა“ შეიძლება ვუწოდოთ“ [გუდავა, 1958:15].

 

ტ. გუდავას თეზისში ტერმინი „ხმაბაძვითი“ ფართო მნიშვნელობით არის ნახმარი, რათა მოიცვას ყველა ის შემთხვევა, რომელსაც ფონოსემანტიკა გულისხმობს. უნდა ითქვას, რომ ტ. გუდავას „ბგერწერა“ შესანიშნავად მოერგო არსებულ ცნებითს სისტემას  და მყარად დამკვიდრდა არა მხოლოდ ენათმეცნიერულ, არამედ ლიტერატურათმცოდნეობით და მუსიკისმცოდნეობით სამეცნიერო ტექსტებში. ლინგვისტურად კი იგი არის ბადალი ისეთი ტერმინებისა, როგორებიცაა „ფონოსემანტიკა“ და „ფონეტიკური (ბგერითი) სიმბოლიზმი“[1], თუმცა კარგად გამიჯნულია ხმაბაძვისაგან, როგორც ამის შესახებ ქართული ენის ენციკლოპედიის განმარტებაც მიგვითითებს: 

 

„ხმაბაძვისაგან განსხვავებით ბგერწერა არის სინესთეზიის ისეთი ფორმა, რომელიც ასახავს საგნის არაბგერით თვისებებს - ფორმის, სიდიდის, სიმაგრის, მოძრაობის, ადამიანისა თუ ცხოველის ფიზიოლოგიური მდგომარეობის... თავისებურებებს“ [ქე, 2008:78].

 

„საკუთრივ ხმაბაძვა“  ხმიანობის აღმნიშვნელად ჩანს შემოღებული,  „ჩვეულებრივ, ასეთი სიტყვების სემანტიკა, პირველ ყოვლისა, საკუთრივ ხმაბაძვითია, ე. ი. მათი საშუალებით გადმოცემულია  ის ხმები, რომლებიც ისმის ჩვენ გარშემო (იქნება ეს ცოცხალ არსებათა მიერ გამოცემული ან მოქმედების თანმხლები ხმები, ბუნების მოვლენით გამოწვეული ხმაური თუ სხვა)“ [ქობალავა, 1979:107], მაგრამ იგი განსხვავდება მოქმედებისა და მდგომარეობის გამომხატველი იმ ტიპის ფუძეებისაგან, რომლებიც ძირითად მნიშვნელობასთან ერთად სხვა სემანტიკურ მახასიათებლებსაც შეიცავს, ანუ ფუძეებისაგან, რომლებიც

 

„გამოხატავენ აგრეთვე მოქმედებისა და მდგომარეობისათვის დამახასიათებელ ამა თუ იმ კონკრეტულ ფორმას, მოქმედი საგნის გარეგნობას, მის სულიერ განწყობილებას, ბუნების მოვლენებს და მისთ.“ [ქობალავა, 1979:107; 1980:67].

 

მაშასადამე, ავტორთა რიგი (ტ. გუდავა, ა. დავითიანი, ი. ქობალავა, ნ. კიზირია) ხმაბაძვასა და ბგერწერას გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით ცალსახად მიჯნავს ერთმანეთისაგან:

 

„ხმაბაძვა დასტურდება სიტყვებში, სადაც რომელიმე ბგერა ან ბგერათკომპლექსი მიმსგავსებულია რაიმე ხმაურთან და მოცემული ენის ფორმალური მხარის გათვალისწინებით არის გაფორმებული. ხმაბაძვითი სიტყვების გვერდით ყოველ ენაში არსებობს ბგერწერითი სიტყვებიც,  სადაც ერთი ან რამდენიმე ბგერა თავისი არაბგერითი თვისებით შეესაბამება მოცემულ საგანს ან მოვლენას“ [კიზირია, 2003:27].

 

სამეცნიერო ლიტერატურაში „ბგერწერა“ სხვა ტერმინების გვერდით თანაარსებობს, ჩამოვთვლით ზოგ მათგანს: „ხმაბაძვა“ / „ხმაბაძვითი სიტყვები“ (ა. შანიძე, ბ. ფოჩხუა, ი. ქობალავა, ვ. თოფურია, ლ. სანიკიძე, შ. აფრიდონიძე, ო. გაჩეჩილაძე, ლ. ნადარეიშვილი...), „ბგერითი სიმბოლიზმი“ (რ. ასათიანი),  „ექსპრესივები“ (დ. ენ ჰოლისკი), „ფონოსემანტიკა“ (ი. მელიქიშვილი, ც. ახვლედიანი, მ. კინწურაშვილი), „პირველადი მასდარები“ (ა. ჩიქობავა), „ინტესივები“ (შ. აფრიდონიძე)[2].

დი ენ ჰოლისკი სვამს ექსპრესიული ზმნებისა და ბგერათსიმბოლიზმის ურთიერთმიმართების საკითხს. ვინაიდან ფონემასიმბოლოების დადგენა უფრო მოსახერხებლად მიიჩნევა ექსპრესივებში [Diffloth, 1973; Jonson, 1976], ამიტომ  მკვლევარი ბგერით სიმბოლიზმზე მსჯელობს ფონოსემანტიკური მოდელების ფარგლებში.

ბგერით სიმბოლიზმში ის არ გულისხმობს ბგერწერას, ე.ი. სამეტყველო ბგერების გარეგანი მოვლენების მიმსგავსებას, არამედ მას აინტერესებს ფონოლოგიური ნიშნების სისტემური ხმარება გარკვეული სემანტიკური მოვლენების გამოსახტავად. მისი ყურადღების ცენტრშია თვით ბგერების სიმბოლური ღირებულება ექტრალინგვისტური მიმართებების გარეშე. როგორც ის აღნიშნავს, ამგვარი სისტემების შიგნით ფონოლოგიური მახაიათებლები ნებისმიერნი კი არ არიან, არამედ კანონზომიერად გადმოსცემენ გარკვეულ სემანტიკურ ინფორმაციას [Holisky, 1981; 1988 A, B].

შეჯამებისათვის მეტად საყურადღებოა ი. მელიქიშვილის დასკვნა, რომელსაც ის აყალიბებს საანალიზო ტერმინებისა და მათთან დაკავშირებული ენობრივი  ცნებების მიმართ.

 მუხედავად იმისა, რომ ბგერწერა, ბგერითი სიმბოლიზმი  „სამეტყველო ბგერების გარეგანი მოვლენების მიმსგავსებას“ [Holisky 1981; 1988 A, B] წარმოადგენს, ხოლო ხმაბაძვა -„საგანთა შინაგანი თვისებების ასახვას“ (ვ. ჰუმბოლტი), „მათ შორის მკვეთრი ზღვარის გავლება ვერ ხერხდება ვერც სემანტიკური და ვერც ფუნქციონალური თვალსაზრისით“ [მელიქიშვილი, 1999:79], რადგან

  1. „ხმაბაძვითი ლექსიკის ბგერწერითი ხასიათი უფრო თვალსაჩინოა“ [მელიქიშვილი 1999:78];
  2. ხმაბაძვითი სიტყვები და ბგერითი სიმბოლიკისადმი მიკუთვნებული ლექსიკა ერთსა და იმავე ფონემათა სტრუქტურულ მოდელებს ქმნიან;
  3. ხმაბაძვითი სიტყვები ხშირად ერთდროულად იმ მოძრაობასაც ასახავენ, რომლის შედეგსაც წარმოადგენენ. მოძრაობის მიბაძვის გარჩევა ხმის მიბაძვისაგან რთულია. ხმაბაძვითი ლექსიკა იმ ემოციასაც ასახავს, რომელიც ამ ხმის გამოცემასაც ახლავს თან [მელიქიშვილი, 1999:78];

არნოლდ ჩიქობავას მიერ დამკვიდრებული ტერმინი „პირველადი მასდარები“ ეფუძნება ხმაბაძვით სიტყვათა გრამატიკულ  თავისებურებას, კერძოდ, მასდარისა და ზმნური ფუძის ურთიერთმიმართების საკითხს. ამგვარი სახელები თავად ედება საფუძვლად ზმნის წარმოებას და არა პირიქით, როგორც ეს ჩვეულებრივ შემთხვევაშია, როცა ზმნისგან იწარმოება მასდარი. „ამიტომ მასდარი და ის სახელი, რომელიც ზმნისგან იწარმოება, ერთი და იგივე აღმოჩნდა“: გრიალი - გრიალებს -გრიალი, ჭიხვინი - ჭიხვინებს -ჭიხვინი...

„ეს ხდება იმიტომ, რომ პირველადს სახელებს უკვე აქვთ ის მნიშვნელობა, რომელთა გამოსახატავადაც მასდარი იწარმოება: გრიალ-ი, გუგუნ-ი, ტიტინ-ი, კანკალ-ი და მსგავსი სახელები მდგომარეობა-მოქმედების აღმნიშვნელი პირველადი სახელებია“ [ჩიქობავა, 1942:219].

 

            ტერმინი  ფ ო ნ ო ს ე მ ა ნ ტ ი კ ა  ქართულ ლინგვისტურ სინამდვილეში შედარებით ახალია, ი. მელიქიშვილი თავის პუბლიკაციაში, რომელშიც  პირველად არის ნახსენები აღნიშნული ტერმინი, წერს: „ფონემურ და სემანტიკურ დიფერენციალურ ნიშანთა ურთიერთკავშირს ჩვენ სემანტიკურ კავშირებს ვუწოდებთ“ [მელიქიშვილი, 1999:80]. მკვლევარი ბგერწერის ნაცვლად ფონოსემანტიკის შემოღებას ხსნის უკანასკნელ პერიოდში დამკვიდრებული ტენდენციით, რომელიც ლინგვისტთა მიერ ამ ტერმინის ხშირ გამოყენებას უკავშირდება; მითითებულია მონოგრაფია რუსი მეცნიერის,  ვ. ვორონინის, ავტორობით.

ზოგადად,  ტერმინი „ფონოსემანტიკა“  პირველად ფრანგი სინოლოგის პოლ პეიოს მიერ 1936 წელს დაბეჭდილ სტატიაში გვხვდება [Pelliot, 1936:163]. თუმცა, როგორც მიმართულებას, მას შედარებით ახლად თვლიან, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ჩნდება სტატიები, რომლებიც ამ საკითხს უკავშირდება.

 

„ენის ბგერათგამომსახველი (ბგერათბაძვითი და ბგერათსიმბოლური) სისტემა ფლობს  აუცილებელ, არსებით და ფონეტიკურად მოტივირებულ კავშირს სიტყვის ფონემებსა და აზრს შორის; სწორედ ენობრივ ერთეულთა პირველად მოტივირებულობას შეისწავლის ფონოსემანტიკა“ [ახვლედიანი… 2007:23].

 

ფ ო ნ ო ს ე მ ა ნ ტ ი კ ა ს  ინტეგრალურ ლინგვისტურ დარგად თვლიან, და მის  წარმოშობას ერთდროულად უკავშირებენ რამდენიმე ლინგვისტურ თეორიას: რ. ბრაუნის რეფერენტულ თეორიას, ი. ტეილორის ასოციაციურ კონცეფციას; ს. ნიუმენის, მ. ბენტლის, ე. ვერონის, მ. მაირონის თეორიათა მიხედვით, ბგერათსიმბოლიკას საფუძვლად უდევს ფიზიკური (აკუსტიკური და არტიკულაციური) თვისებები, შეგრძნებათა ერთი სახეობის მეორე სახეობაში ტრანსპოზიცია (ფ. კაინცი) ანუ სინესთეზია - აღქმით და ემოციურ მოვლენათა ურთიერთკავშირი (რ. იაკობსონი) [ახვლედიანი... 2007:25];

საკუთრივ ტერმინი, სინესთეზია, რომელიც ქართულ ლინგვისტიკაში იშვიათად გამოიყენება, უფრო ასახავს ბგერათსიმბოლიზმის ერთ კონკრეტულ ასპექტს - ფერთა და ბგერათა შესატყვისობას, რომელსაც აქვს სინთეტიკური საფუძველი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ნ. კიზირიას ნაშრომი [კიზირია, 2003].  ამ ტერმინის ნაცვლად  იხმარება ბგერათსიმბოლიზმი.

ქართული ენათმეცნიერული ლიტერატურის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ქართველური ენებისათვის ბგერათა სიმბოლიზმის ანალიზი და სათანადო დასკვნები ემყარება ხმაბაძვითი და ბგერწერითი ხასიათის ექსპრესივების შესწავლას, პოეტური შემოქმედების ანალიზს, ფსიქოლინგვისტურ ექსპერიმენტებს  და ეყრდნობა ტერმინთა და ცნებათა სისტემას, რომელშიც  სამი ტიპი შეიძლება გამოიყოს:

ა) უცხოური ტერმინები, რომლებიც ქართულმა კარგად შეითვისა და ჩასვა საკუთარ მორფოლოგიურ ყალიბში (ხმაბაძვა, ბგერათა სიმბოლიზმი);

ბ) ქართული ტერმინები და ცნებები (ბგერწერა, გარეგანი სახეობის ლექსიკა, ბგერათა უტოლფუნქციო სახესხვაობათა სემანტიზაცია, პირველადი მასდარები);

გ) უცხოური ტერმინები (ფონოსემანტიკა, სინესთეზია, ინტენსივები, ექსპრესივები).

 


[1] ბგერწერას რუსულ ტერმინთან „звукопись“ კავშირი არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ის უფრო რუსულ პოეტიკურ ლიტერატურაშია დამკვიდრებული (იხ. მაგ., კლუშინა 2011). ქართულ საენათმეცნიერო ტერმინ „ბგერწერა“ უფრო გერმანული  „Lautmalerei“ და რუსული „звукоизобразительност“  ტერმინების შესატყვისი ჩანს.

 

[2] იხ. სქოლიო აფრიდონიძე 1993:93

ლიტერატურა

ასათიანი რ.
1979
ფონეტიკური სიმბოლიზმისათვის. ჯევანმარდი, თბილისი.
აფრიდონიძე შ.
1993
ხმაბაძვითი ზმნების სტრუქტურისა და მართლწერის საკითხები ქართულში. ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, V, თბილისი, გვ. 92-103.
ახვლედიანი გ.
1949
ბგერათმონაცვლეობის ზოგიერთი საკითხი ქართულში, ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბილისი
ახვლედიანი ც., კინწურაშვილი მ.
2007
ფონოსემანტიკისა და ქვეცნობიერის უხილავი კავშირები. საენათმეცნიერო ძიებანი, XXV, თბილისი, გვ. 23-30.
გუდავა ტ.
1958
ხმაბაძვის ერთი სახეობა მეგრულში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის XVI სამეცნიერო სესიის თეზისები. თბილისი, გვ.15-16 .
დავითიანი ა.
2008
გარეგანი სახეობის ლექსიკისათვის სვანურში. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, XXXVI, თბილისი, გვ. 315-331.
კიზირია ნ.
2003
ხმაბაძვითი სიტყვები ქართულში. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, XXII, თბილისი, გვ. 28-40.
მელიქიშვილი ი.
1999
ბგერწერითი ლექსიკისათვის ქართულში: ენათმეცნიერების საკითხები, 3, თბილისი, გვ. 78-89.
ქე
2008
ქართული ენა, ენციკლოპედია, შემდგენელი იზაბელა ქობალავა, თბილისი.
ქობალავა ი.
1979
მეგრული სიტყვაწარმოებიდან. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, XXI, თბილისი, გვ.107-113.
ქობალავა ი.
1980
ზოგიერთი ტიპის ხმაბაძვითი სიტყვების წარმოებისათვის ქართულში. თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები, V, თბილისი.
ქსე
1981
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ხმაბაძვა (სტატიის ავტორი ზ. ჯაფარიძე), VII, თბილისი.
შანიძე ა.
1973
ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. თბილისი.
ჩიქობავა ა.
1942
სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბილისი.
Diffloth G.
1976
Expressives in Semai. Austroasiatic Studies, Oceanic Linguistics Special Publication 13, pp. 249–264.
Holisky D. A.
1981
Aspect and Georgian Medial Verbs. N.Y.: Delmar.
Holisky D. A. Kakhadze N.
1988
Manner of Speacing Verbs In Georgian. Part 1: An Exercise in Semantic Description with Comments on Sound Symbolism. Studia Caucasologica I, Proceedings of the Third Caucasian Colloquium. Oslo.
Holisky D. A.
1988
On the study of expressives in Kartvelian languages. პირველი საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები. თბილისი. გვ. 52-63.
Клушина Ю.
2011
Факторы лакунарности в английских переводах «Евгения Онегина» А. С. Пушкина. Вестник ПСТГУ. III: Филология, Вып. 4 (26). стр. 125-135.
Pelliot P.
1936
Brèves remarques sur le phonétisme dans l'écriture chinoise. T'oung Pao, 32/2-3, pp.162-166.
Jonson M.
1976
Towards a definition of the ideophone in Bantu. The Ohio University Working Papers in Linguistics 21. pp. 240-253