იდეოლოგია და მთარგმნელის სტრატეგია (ემილი დიკინსონისა და სილვია პლათის ლექსების საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული თარგმანების შედარებითი მიმოხილვა)

დეკონსტრუქტივიზმის გავრცელებასა და კულტუროლოგიული კვლევების განვითარებასთან ერთად, იდეოლოგიის, უფრო კონკრეტულად კი, ძალაუფლებასთან დაკავშირებული იდეოლოგიის, შესწავლა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება მოსაზრება, რომ იდეოლოგია, პირდაპირ თუ ირიბად, ზეგავლენას ახდენს  ადამიანის ცხოვრების მრავალ სფეროზე. ამ ზოგადი კანონზომიერებისაგან გამონაკლისს არც თარგმანი წარმოადგენს.

მთარგმნელის სტრატეგიაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს იდეოლოგიის სხვადასხვა გამოვლინებამ. თარგმანის ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც მთარგმნელი ექცეოდა ზნეობრივი, რელიგიური ანდა კულტურული იდეოლოგიის წნეხის ქვეშ, თუმცა ყველაზე უფრო ხშირი და გავრცელებულია შემთხვევა, როდესაც მთარგმნელი პოლიტიკური იდეოლოგიის გამტარებელი ხდება.

მთავარი რამ, რომელიც იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ მყოფ თარგმანს ახასიათებს,  არის ის, რომ იგი კარგავს თავის ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს _ მეორეულობას (გავიხსენოთ მეტაფორები, რომლებიც თარგმანს მიემართებიან: ,,ჩრდილი", ,,ასლი", ,,ხალიჩის უკუღმა მხარე", ,,ქვრივი" და ა.შ.) და ცდილობს დომინირებას დედანზე, იძენს იმ თვისებებს, რომლებიც ორიგინალს არ ახასიათებს, ამიტომაც შეუძლებელია არ დავეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ ეკვივალენტური, ანუ ,,დედნის ერთგული" თარგმანი, სხვა სიკეთეებთან ერთად, ფასობს იმითაც, რომ ამგვარი სტრატეგია ადგილს არ ტოვებს მიმღები კულტურის იდეოლოგიის ზეგავლენისათვის.

რასაკვირველია, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამა თუ იმ იდეოლოგიის ზეგავლენით შექმნილი თარგმანი ყველა შემთხვევაში წინასწარგანზრახული და კონკრეტული პოლიტიკური მიზანდასახულობის მქონეა. აი, რას ამბობს იდეოლოგიისა და თარგმანის ურთიერთმიმართების შესახებ ცნობილი თარგმანმცოდნე, ლეისტერის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ფაუსეტი: ,,If we accept the definition of ideology as an action-oriented set of beliefs (Salinger 1976: 91-2, quoted in Ireland 1989: 131), and if we assume those beliefs, even where they call themselves aesthetic, religious or poetic, to be political in the sense that their application establishes relations of dominance, then we can see how, throughout the centuries, individuals and institutions have applied their particular beliefs to the production of certain effects in translation"[1] [Routledge...1998:107].

იდეოლოგიის ზეგავლენა არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ მთარგმნელი თავის ნამუშევარში დედანს ცვლიდეს ისე, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა თუ დაჯგუფებისათვის ხელსაყრელ მრწამსს ავრცელებდეს, არამედ იმას, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა გარემომ ისე ჩამოაყალიბა მთარგმნელის მსოფლმხედველობა, ლიტერატურული გემოვნება და ესთეტიკა, რომ იგი, დედნის ჩრდილქვეშ ყოფნის ნაცვლად, ცდილობს ორიგინალთან შედარებით დომინანტური მდგომარეობა მოუპოვოს თავის თარგმანს, ანუ თავისი შეხედულების მიხედვით ცვლის წყარო-ტექსტის მთელ რიგ მოცემულობებს.

რასაკვირველია, შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ საბჭოთა რეჟიმი, ყოველ შემთხვევაში, გვიანი პერიოდის საბჭოთა რეჟიმი, მთარგმნელებს კონკრეტულ დირექტივას აძლევდა (გარდა, შესაძლებელია, ზოგიერთი გამონაკლისი შემთხვევისა), თუ როგორ გადმოეტანათ ქართულ ენაზე უცხოური ლიტერატურული ნაწარმოები, რა შეენარჩუნებინათ დედანში და რა – უკუეგდოთ, მით უმეტეს, შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ მთარგმნელები, რომელთა ნამუშევრებსაც ქვევით წარმოგიდგენთ, შესაძლებელია, რამე სახის დირექტივას დამორჩილებოდნენ, უბრალოდ, რეჟიმისათვის დამახასიათებელი კარჩაკეტილი პოლიტიკა, ე.წ. ,,რკინის ფარდა" და ,,ცივი ომის" მსვლელობისაგან გამომდინარე მსოფლმხედველობრივი შეზღუდულობა ერთგვარ პოეტურ გემოვნებას აყალიბებდა, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებდა მკვეთრად განსხვავებული სიახლის მიღებას, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს სიახლე ,,მოწინააღმდეგე ბანაკის" სახელმწიფოსაგან ანუ ამერიკის შეერთებული შტატებისაგან მოდიოდა.

ის ფაქტი, რომ ქართული საბჭოთა მთარგმნელობითი სკოლა, საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა სხვა ორგანიზმის მსგავსად ცდილობდა, რომ გამიჯვნოდა დასავლური სამყაროს ტენდენციებს, არც თავად დასავლელი მეცნიერებისათვის დარჩა შეუმჩნეველი. ,,თარგმანმცოდნეობის ენციკლოპედიაში" საბჭოთა თარგმანმცოდნეობის მიმოხილვისას სტატიის ავტორი წერს: ,,At the same time, the methods used to reflect Marxist ideology, which is why Gachechiladze (1967) uses terms not normally found in other Western theories of translation. If the dominant theme of socialist art was social realism, achieved through a theory of reflection, then a theory of realistic translation must also be produced. In this theory, the free-literal dispute would be replaced by an appropriate Marxist dialectics in which the actual words used are secondary to the ,,artistic reality of the original" as it is cognitively ,,revivified" in the translator's mind (Gachechiladze 1967:90). As in all good dialectical practice, the thesis (source language) and antithesis (target language) are resolved in the synthesis of translation (ibid.:91)" [Routledge...1998:109].[2]

ამერიკული ლიტერატურით აქტიური დაინტერესება საბჭოთა საქართველოში მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან შეინიშნება.  ცხადია, ამერიკული პოეზიისა და კონკრეტულად ემილი დიკინსონის მკვლევრებსა და მთარგმნელებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ, თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა პოეტს ამერიკული პოეზიის პანორამაზე. ზვიად გამსახურდია, რომელმაც პირველად თარგმნა ქართულ ენაზე ემილი დიკინსონის ლექსები (,,გაზაფხულს სჩვევია ნათელი" და ,,ჩიტი გადმოფრინდა ბილიკზე" შეტანილია 1971 წელს გამოცემულ ,,ამერიკელი პოეტების ანთოლოგიაში") მასზე წერდა: ,,ცნობილმა კრიტიკოსმა ჯეფრი მურმა თავის ანთოლოგიაში ემილი დიკინსონით დაიწყო ახალი ერა ამერიკულ პოეზიაში. საერთოდ მკვლევართა უმეტესობა თანხმდება იმ აზრში, რომ ემილი დიკინსონმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ამერიკული პოეზიის განვითარებაზე და იგი ერთგვარ პოლარობას ქმნის უიტმენთან დაპირისპირებისას. ეს არის უნატიფესი კამერული ლირიკა, რომელიც გამოირჩევა ჰაეროვანი, ჭვრეტითი ხასიათით. განგებისად გაუბრალოებული მხატვრული ხერხები დიდ ინტიმურ სითბოსა და ბუნებრიობას აძლევენ ლექსებს..." [გამსახურდია, 1972:18].

1981 წელს მთარგმნელმა და მკვლევარმა დალი ინწკირველმა ემილი დიკინსონის ლექსების მეტნაკლებად სრულყოფილი კრებული წარუდგინა საზოგადოებას (,,მეტნაკლებად" იმიტომ, რომ დიკინსონი 1800-მდე ლექსის ავტორია და, რა თქმა უნდა, მათი სრულად თარგმნა რომელიმე ენაზე მეტად რთული ამოცანაა). ამ კრებულის ბოლოსიტყვაობაში იგი წერდა:

,,ედგარ პოსა და უოლტ უიტმენთან ერთად ემილი დიკინსონმა (1830-1886) გადამწყვეტი როლი შეასრულა ამერიკული მხატვრული პოეტური აზროვნების ჩამოყალიბებაში"[3][დიკინსონი, 1981:75].

ასევე აღიარებს ემილი დიკინსონის განსაკუთრებულ ღვაწლს ამერიკული პოეზიის კიდევ ერთი მთარგმნელი, გიორგი გაჩეჩილაძე, რომლის მიერ ნათარგმნი პოეტის 32 ლექსი 1985 წელს გამოცემულ ,,ინგლისური და ამერიკული პოეზიის მცირე ანთოლოგიაში" შევიდა.

გარდა ამ მთარგმნელების ნამუშევრებისა, როდესაც ემილი დიკინსონის ლექსების საბჭოთა პერიოდის ქართულ თარგმანებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია აღვნიშნოთ 2005 წელს გამომცემლობა ,,დიოგენეს" მიერ დაბეჭდილი ორენოვანი კრებული ,,ემილი დიკინსონი _ რჩეული ლირიკა", რომელშიც პოეტის ოცამდე ლექსის გვერდით მათი ქართული თარგმანები დაიბეჭდა (უმეტეს შემთხვევაში ერთ ლექსს ორი და მეტი თარგმანი ახლავს).  მიუხედავად გამოცემის წლისა და ლექსების თარგმნის რეალური თარიღისა, ამ კრებულში ბევრი იყო საბჭოთა პერიოდში ნათარგმნი ანდა საბჭოთა პერიოდის პოეტური ესთეტიკის ნაკარნახევი ლექსი.

გარდა ამისა, ჩვენს ყურადღებას იქცევს ზემოთხსენებულ ,,ინგლისური და ამერიკული პოეზიის ანთოლოგიაში" (მთარგმნელი გიორგი ნიშნიანიძე) შესული სილვია პლათის სამი ლექსიც: ,,სარკე", ,,ბაყაყების შემოდგომა" და ,,სიკვდილი და კომპანია". სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში სილვია პლათის მეტი ლექსი ქართულ ენაზე გამოცემული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი პოეტი სუიციდის შემდეგ (1963) უზომოდ პოპულარული ხდება მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე _ ევროპაში, რაც განსაკუთრებით იმან განაპირობა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში პლათი ინგლისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სილვია პლათის საკულტო ავტორად ქცევას მისი შემოქმედების მნიშვნელოვნებასთან ერთად ხელი შეუწყო მისმა მელოდრამატულმა ბიოგრაფიამ და იმ ფაქტმა, რომ იმ პერიოდში მომძლავრებულმა ფემინისტურმა მოძრაობებმა თავიანთი კამპანიებისათვის აქტიურად გამოიყენეს სილვია პლათის სახელი. ის, რომ ასეთი ცნობილი მწერალი ვერ მოხვდა ზვიად გამსახურდიას შედგენილ ანთოლოგიაში და კიდევ შემდეგი თოთხმეტი წლის განმავლობაში ქართულ ლიტერატურულ სივრცეში ვერავის ყურადღება ვერ მიიპყრო (ყოველ შემთხვევაში ფორმალურ დონეზე), მეტყველებს ერთ რამეზე – ქართული ლიტერატურა დაგვიანებით იღებდა ინფორმაციას ამერიკულ პოეზიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ეს გულისხმობს არა იმას, რომ ქართველ მკვლევრებსა და  მთარგმნელებს წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით არ მიუწვდებოდათ ხელი ოკეანის გაღმა მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე, არამედ ჰქონდათ სრულიად განსხვავებული შეხედულება ღირებულ პოეზიაზე და ასევე – რადიკალურად სხვაგვარი სოციალური რეალობა და ინტერესები, რაც განსხვავებულ პოეტურ იდეოლოგიას ქმნიდა.

2005 წელს გამოცემულ კრებულის წინასიტყვაობაში მანანა კობაიძე ასე აღწერს ემილი დიკინსონის პირველ პუბლიკაციას: ,,რედაქტორს ლექსები საზოგადოების გემოვნების მიხედვით ,,შეესწორებინა": ჩამატებული იყო სიტყვები, რომ სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობა შეეცვალა და სტრიქონების ბოლოსაც მიემატებინა სიტყვები, რომ ლექსი რითმებით ,,გაელამაზებინა". შესწორება ეხებოდა მართლწერის საკითხებსაც... რედაქტორი, რომელიც პოეტსა და მკითხველ საზოგადოებას შორის შუამავლის როლს ასრულებს...თავისი ნებით ცვლიდა მართლწერას არსებული წესების შესაბამისად"[4][დიკინსონი, 2005:10].

            სტრატეგია, რომლითაც ემილი დიკინსონის ლექსების საბჭოთა პერიოდის ქართული თარგმანების უმეტესობა იქმნებოდა, ძალიან მოგვაგონებს ამ აღწერას. საბჭოთა საქართველოს ისევე გაუჭირდა დიკინსონის პოეზიის სიახლის აღქმა, როგორც – მე-19 საუკუნის ამერიკას. ამ უკანასკნელს იმიტომ, რომ პოეტი ქალის წერის მანერა სრულიად უპრეცედენტო იყო იმ პერიოდის მსოფლიოსათვის, ხოლო ჩვენს ქვეყანას – იდეოლოგიის მიერ შექმნილი კულტურული კარჩაკეტილობის გამო.

უპირველეს ყოვლისა, ემილი დიკინსონის ლექსების საბჭოთა პერიოდის ქართული თარგმანები გამოირჩევა იმით, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში დომინირებენ დედანზე: უგულვებელყოფენ ორიგინალის ავტორის ინდივიდუალიზმს და უკვე დამკვიდრებული პოეტური გემოვნებით ხელმძღვანელობენ. დედანზე დომინირება რამდენიმე ნიშნით ხორციელდება:

1) მთარგმნელის სრული თავისუფლება - ხშირ შემთხვევაში თარგმანი თითქმის არც ერთ კომპონენტში არ თანხვდება დედანს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთარგმნელი იღებს ლექსის ძირითად იდეას და ამ ,,ჩონჩხზე" აგებს ახალ ლექსს, მაგ:

This is my letter to the World

that never wrote to Me _

the simple News of Nature told _

with tender Majesty...

[დიკინსონი, 2005:22]

 

,,ვუხმობ სამყაროს, დაუსაბამოს,

მე, მონატრული მისი ნუგეშის,

არ დამდებია გულზე მალამოდ,

არ ჩავუკვრივარ თბილად უბეში..."

[დიკინსონი, 2005:23]

 

ანდა

Tis an honorable Thought,

And makes One lift One's Hat

As One encountered Gentlefolk

Upon a daily Street

[დიკინსონი, 2005:48]

 

,,ზოგჯერ ფიქრები საოცარი გულს გაგიყუჩებს

და გინდა ქუდი მოუხადო ლამაზ ზმანებას,

მტვრიან ქუჩაში თითქოს პრინცი შემოგხვდა უცებ

ან ჩაგიქროლეს მაღალი წრის ლამაზმანებმა".

[დიკინსონი, 2005:49]

 

და ა.შ.

2) სტილის დეკონტრუქცია:

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, როდესაც მთარგმნელები უგულებელყოფენ ემილი დიკინსონის პოეზიისათვის დამახასიათებელ მინიმალიზმს და ლაკონიურ სტრიქონს ქართულ თარგმანში განავრცობენ. ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ქართულ პოეზიაში მინიმალისტური ლექსის ტრადიციის ნაკლებობაა, ხოლო მეორე ის, რომ სიტყვების სიმოკლის გამო ინგლისურ ენაში სტრიქონი გაცილებით ტევადია, ვიდრე ქართულში. მაგ.

Heart! We will forget him!

You and I - tonight!

You may forget the warmth I gave _

I will forget the light!

[დიკინსონი, 2005:40]

 

,,გადავივიწყოთ, გულო ჩემო, იგი ამაღამ!

გადავივიწყოთ _ ვიდრე ინათებს!

შენ დაივიწყე, რაც კი სითბო გახსოვდა მისგან _

მე დავივიწყებ სხივს და სინათლეს!.."

[დიკინსონი, 2005:41]

 

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია არქაიზებული სტილის გამოყენება, რომელიც, როგორც ამას მკვლევარი დალი ფანჯიკიძე აღნიშნავდა, იმ პერიოდის თარგმანის განზოგადებულ ენად იქცა. მაგ:

,,...ჩემს ზეცას ავსებს ხმები ფრთოსანთა

და უხორცოთა დასთა ოსანა

მომესმის სულის ლურჯ გუმბათიდან"

[დიკინსონი, 2005:53].

საბოლოო ჯამში, ემილი დიკინსონის სიტყვაძუნწი, ,,მშრალი" და სადა თხრობის სტილის სრულყოფილი რეკონსტრუქცია ქართულ თარგმანებში ჯერჯერობით დაუძლეველ ამოცანად გვესახება. მისი მიბაძვა ქართულ ენაზე ხშირად ქმნის უფერულ და საყრდენმოკლებულ პოეზიას, მეორე მხრივ, მთარგმნელები ხშირად ,,ამდიდრებენ", ამრავალფეროვნებენ და სხვადასხვა სამკაულით ტვირთავენ მას, რასაც ასევე ვერ მივყავართ ეკვივალენტობამდე. აღსანიშნავია, რომ დიკინსონის მსგავსი მარტივი და ეფექტური თხრობის სტილი შემდეგ ქართულ პოეზიაშიც დაამკვიდრა ზვიად რატიანმა.

ემილი დიკინსონის ლექსების ქართულ თარგმანებში ასევე ხშირად გვხვდება ფორმობრივი სტრუქტურის შეცვლა უკვე დამკვიდრებული, ტრადიციული სალექსო ერთეულებით: მთარგმნელები ზრდიან მარცვალთა რაოდენობას, ათანაბრებენ ასიმეტრიული რიტმის მქონე სტრიქონებს, ,,ასწორებენ" დიკინსონისეულ ,,კოჭლ" რითმებს და ქმნიან დინამიკურ, ჟღერად სტროფებს, რომლებსაც მკითხველი სიამოვნებით კითხულობს, თუმცა მათი მეშვეობით ცოტას თუ გაიგებს დიკინსონზე. მაგ:

,,ვიყოთ მე და შენ ბედის ანაბრად,

კიდევ კარგი, რომ არვინ არა ვართ,

როგორ ადვილად ავცდით ორივე

აურზაურს და დავიდარაბას"

[დიკინსონი, 2005:27].

ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც  ქართულ თარგმანებში სრულიად უგულებელყოფილია დიკინსონის პოეზიის საფირმო ტირეები ანდა ხდება მათი ე.წ. კომპენსირებული გამოყენება, ანუ ისინი გამოიყენება არა იმ ფუნქციური დატვირთვით, რომლითაც მას ამერიკელი პოეტი ხმარობდა, არამედ ისე, როგორც მიახლოებულია ქართული მართლწერის ნორმებთან.

ემილი დიკინსონის პოეზიის კიდევ ერთი ინდივიდუალური მახასიათებლის, სტრიქონის შუაგულში (და არა წინადადების დასაწყისში) სიტყვის ასომთავრული ნიშნით დაწყების ქართულ თარგმანში გადმოტანა, რასაკვირველია, შეუძლებელია. მთარგმნელს მხოლოდ ის შეუძლია, რომ გაითვალისწინოს პოეტის სტრატეგია და ასომთავრულით დაწყებული, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სიტყვები აუცილებლად შეინარჩუნოს თარგმანში.

            მთარგმნელის ესთეტიკის დომინირება ასევე მეტად თვალშისაცემი ფაქტია, როდესაც გიორგი ნიშნიანიძის მიერ თარგმნილ სილვია პლათის ზემოთაღნიშნულ სამ ლექსზე ვსაუბრობთ. სანამ თავად თარგმანების განხილვას შევუდგებით, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ გიორგი ნიშნიანიძე თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელთაგანია, მის მიერ თარგმნილი ინგლისური და შოტლანდიური ხალხური პოეზია, ჯეფრი ჩოსერის ,,კენტერბერიული მოთხრობები", ოსკარ უაილდის ,,რედინგის ციხის ბალადა" და მრავალი სხვა ნამუშევარი სამართლიანადაა აღიარებული ქართული თარგმანის კლასიკურ ნიმუშებად. გიორგი ნიშნიანიძეს ნამდვილად აქვს უნარი უკანა პლანზე გადასწიოს თავისი ინდივიდუალური სტილი და მაქსიმალურად ეკვივალენტური თარგმანი შექმნას იმ შემთხვევაში, თუკი ბოლომდე ესმის ავტორის ჩანაფიქრი და იზიარებს მის პოეტურ ესთეტიკას.

პლათის ნიშნიანიძისეულ თარგმანებში მთელი რიგი შინაარსობრივი გადაცდომები გვხვდება. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ტექსტის არასწორ გაგებასთან. მაგ:

,,Summer grows old, cold-blooded mother"

(პწკარედი – ზაფხული ემსგავსება ბებერ, ცივსისხლიან დედას)

,,ზაფხული უკვე ბერდება, დედა..." – ვკითხულობთ თარგმანში, ავტორისეულ შედარებას მთარგმნელი მიმართვად აღიქვამს.

ლექს ,,სარკეში" (თხრობა მიმდინარეობს სარკის ,,პირით" და მასში აღწერილია ქალის სარკეში არეკლილი ცხოვრება) ფინალური საკვანძო სტრიქონები მთლიანად არის შეცვლილი და მაშასადამე, ეფექტი სავსებით დაკარგული აქვს:

,,In me she has drowned a young girl, and in me an old woman

Rises toward her day after day as a terrible fish."

(პწკარედი – ჩემს წიაღში ჩაახრჩო პატარა გოგო და ჩემი წიაღიდან ყოველდღე, საშინელი თევზის მსგავსად, უახლოვდება მოხუცი ქალი).

,,როგორ დაახრჩო ჩემს ტალღებში პატარა გოგო

და დღემდე მხოლოდ გაუმაძღარ ზვიგენებს უხმობს!.."

[ინგლისური... 1985:295].

მსგავსი შემთხვევა გვხვდება ლექს ,,სიკვდილსა და კომპანიაშიც", სადაც დედნისეული ,,the nude verdigris of the condor" (კონდორის შიშველი ჟანგარო [იგულისხმება მომწვანო-მოსპილენძიფრო მინერალის ფერი]) ავტორს გადმოტანილი აქვს, როგორც ,,კრემს იცხებს სვავის სლიკინა კისერზე (?)".

ზემოთხსენებულ თარგმანებში თითქმის მთლიანად უგულვებელყოფილია ავტორის ინდივიდუალური სტილი. პლათის მწირი, ზუსტი, ბასრი ლექსიკა რიგ შემთხვევებში თარგმნილია აღმოსავლური პოეზიისათვის დამახასიათებელი ფერადოვნებით. მაგ. ,,Flies failed us" თარგმნილია, როგორც ,,გათავდა მუმლის შრიალა თქორი" (ტრადიციული პოეტური რეალია ,,მუმლი", ეპითეტი და მეტაფორა დედნისეული მინიმალისტური ფრაზის, ,,მწერებმა დაგვტოვეს" ნაცვლად). Each morning it is her face that replaces the darkness – ,,ღამის ბინდს მისი თვალთა სხივი ჩამომწმენდს დილით..." მთარგმნელი არსებითაც ცვლის ლექსების ფორმობრივ მახასიათებლებსაც: რიტმს, რითმის სტრუქტურას, ტემპსა და დინამიკას.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გიორგი ნიშნიანიძის მიზანდასახულობა, როდესაც იგი სილვია პლათის ლექსებს თარგმნიდა, უფრო ანთოლოგიის სრულყოფა იყო, ვიდრე მთარგმნელის გულწრფელი დაინტერესება თავისი თანამედროვე ამერიკელი პოეტით. ამ პირველ ნაბიჯს ქართველი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია. არც სოციალური ფონი და არც ლიტერატურული ინტერესი იმ პერიოდში საფუძველს არ ქმნიდა ამერიკელი პოეტი ქალის ქართულ რეალობაში მისაღებად. პერიოდი, როდესაც ქართული ლიტერატურა მომწიფდა იმისთვის, რომ კონფესიონალისტი პოეტები მიეღო და გაეთავისებინა, 90-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დადგა. იმ პერიოდის ქართული ლიტერატურული ტრადიციებისაგან საკმაოდ განსხვავებული ტენდენციების დამკვიდრებას ხელი შეუწყო ლიტერატურული გამოცემების ,,არილის", ,,აფრისა" და ,,ალტერნატივის" დაარსებამ, რომელთა გარშემოც შემოიკრიბა იმ პერიოდის ყველაზე პროგრესული ლიტერატორების ჯგუფი. თავდაპირველად ის სრულიად ახლებური ლიტერატურა, რომელიც ამ ჟურნალებში იბეჭდებოდა, არცთუ ადვილი აღსაქმელი იყო მკითხველთა ფართო წრეებისათვის და საზოგადოების საკმაოდ არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა, თუმცა დღესდღეობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ გამოცემებმა გარდამტეხი როლი შეასრულეს საქართველოში უცხოური ლიტერატურის რეცეფციის თვალსაზრისით და დღესდღეობით იქ დაბეჭდილი ნაწარმოებების ნაწილი გარკვეულწილად ქართული თარგმანის კლასიკურ ნიმუშებად აღიქმებიან.  სწორედ ზემოხსენებულ პერიოდიკაში დაიბეჭდა პირველად ლელა სამნიაშვილის მიერ თარგმნილი ემილი დიკინსონისა და სილვია პლათის ლექსები და ასევე პლათის ლექსები შოთა იათაშვილის თარგმანით.

უპირველეს ყოვლისა, ის, რაც ახალი თაობის მთარგმნელებს თავიანთი წინამორბედებისაგან განასხვავებს, ეს არის სურვილი ჩასწვდენენ დედნის არსს და იგი კი არ დაუმორჩილონ უკვე არსებულ პოეტურ იდეოლოგიას, არამედ ამერიკული პოეზიის ეკვივალენტურად თარგმნის მეშვეობით ქართული ლიტერატურის თვალსაწიერი გააფართოვონ. ლელა სამნიაშვილი, ემილი დიკინსონის ლექსების სხვა მთარგმნელებისაგან განსხვავებით, ახერხებს არასოდეს დაშორდეს მკვეთრად ორიგინალის შინაარსს, მეტნაკლებად მიუახლოვდეს ამერიკელი პოეტისათვის დამახასიათებელ რიტმიკას და სარითმო ერთეულები ისე შეინარჩუნოს, რომ ლექსი მეტისმეტად დინამიკური არ გამოვიდეს, იგი ასევე ახერხებს ზუსტად დაიცვას ტირეების გამოყენების ავტორისეული ფუნქცია, ცალკეულ სიტყვათა ემპათიზაცია.

კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს მთარგმნელის ემოციური დამოკიდებულება პოეტის მიმართ ლელა სამნიაშვილის მიერ გადმოქართულებულ სილვია პლათის ლექსებში. პლათის ლექსების კრებული სამნიაშვილის თარგმანითა და წინასიტყვაობით 1999 წელს გამოსცა გამომცემლობა ,,მერანმა" სერიით ,,ამერიკელი პოეტები". მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს მთარგმნელი ძალიან ახალგაზრდაა და მისი გამოუცდელობა, ზოგ შემთხვევაში,  აშკარა ხდება მკითხველისათვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თარგმანები ეკვივალენტურია არა მხოლოდ შინაარსობრივსა და ფორმობრივ, არამედ ემოციურ დონეზეც, რამაც ქართულ ლიტერატურულ წრეებში მათი პოპულარულობა და სილვია პლათის მიმართ ინტერესის გაზრდა განაპირობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ლელა სამნიაშვილი თავის თარგმანებში, მიუხედავად ნოვატორობისა, მაინც ინარჩუნებს კავშირს ტრადიციულ მიდგომასთან, ხოლო შოთა იათაშვილი კი სრულიად ემიჯნება მას. განვიხილით კონკრეტული მაგალითები:

,,სიყვარულმა დაგქოქა, როგორც ჯიბის სქელი ოქროს საათი"

 (,,დილის სიმღერა" _ შ. იათაშვილის თარგმანი);

[ამერიკული... 2004:45]

 

,,შენ სიყვარულმა აგაწიკწიკა, როგორც ბომბორა ოქროს საათი"

(,,დილის სიმღერა" _ ლ. სამნიაშვილის თარგმანი);

[პლათი, 1999:34]

 

იათაშვილის თარგმანი პირდაპირ მისდევს დედანს (იმდენად, რომ დაზუსტებულია სემანტიკური მნიშვნელობა სიტყვისა ,,watch" – ჯიბის საათი, რადგან ქართველი მკითხველისათვის ,,საათი" შეიძლება ზოგადი აღმოჩნდეს), ლელა სამნიაშვილი კი არანეიტრალური კონოტაციის ლექსიკას ამჯობინებს: ,,აგაწიკწიკა", ,,ბომბორა", რომლებიც სწორად ერგებიან ლექსის კონტექსტს (დედის ალერსიან დამოკიდებულებას ჩვილის მიმართ) და მეტ ემოციურობას მატებენ თარგმანს.

,,არ მჭირდებოდა ყვავილები. მე მსურდა მხოლოდ

ერთიანად დაცლილი და თავქვეშ ხელებამოწყობილი                                                                      ვწოლილიყავი.

ო, რა კარგია, როცა ფიქრები არ გაწუხებენ_" (,,ტიტები" შ. იათაშვილის თარგმანი);

[ამერიკელი... 2004:25]

,,მე არ მინდოდა ყვავილები. მე მინდოდა _ ვწოლილიყავი

გადაგრეხილი ხელებით და ყოფილიყო სიცარიელე.

სწორედ ეს არის თავისუფლება. სულ ერთია, შენ ვერ გაიგებ_" (,,ტიტები", ლ. სამნიაშვილის თარგმანი).

[პლათი, 1999:37]

ყურადღებას არ გავამახვილებთ მოცემული თარგმანების ეკვივალენტურობაზე  დედანთან, უბრალოდ, ვიტყვით, რომ ლელა სამნიაშვილის ვარიანტის ემოციური სიმძაფრე ბევრად უფრო ახლოა ამ ლექსის პლათისეულ სულისკვეთებასთან.

შოთა იათაშვილის, როგორც მთარგმნელის, სტრატეგია, რომელიც გამოყენებულია როგორც სილვია პლათის, ისე სხვა ამერიკელი პოეტების თარგმნისას (მის მიერ თარგმნილი კრებული ,,ამერიკელი პოეტები" გამოიცა 2004 წელს) ეფუძნება თარგმანების მაქსიმალურ, ლამის სიტყვასიტყვით მსგავსებას დედანთან და შეძლებისდაგვარად გამორიცხავს ყოველგვარ მთარგმნელისეულ ინიციატივას. ეს ერთგვარი დაპირისპირებაა წინა თაობის ზოგადმთარგმნელობით ტენდენციებთან და ტექსტში ავტორისა და არა მთარგმნელის დომინირებას ითვალისწინებს.

თარგმანმოცდნეობა აღიარებს, რომ არ არსებობს კონკრეტული მთარგმნელობითი მიმდინარეობა თუ სტრატეგია, რომელიც წარმატებული თარგმანის შექმნის გარანტია იქნება. არც წინარე მსჯელობა ითვალისწინებდა იმის წარმოჩენას, თუ რომელმა მთარგმნელმა მოახერხა უკეთ ამერიკელი პოეტი ქალების შემოქმედების წარმოჩენა ქართველი მკითხველისათვის. ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკური ვითარება თარგმანზე მაშინაც კი, როცა მთარგმნელები არ არიან კონკრეტული პოლიტიკური იდეოლოგიის შეგნებულად გამტარებელნი და როგორ შეიძლება პოლიტიკურმა იდეოლოგიამ ქვეყნის პოეტური და მთარგმნელობითი იდეოლოგია განაპირობოს.

 


[1] ,,თუკი ჩვენ დავეთანხმებით განმარტებას, რომ იდეოლოგია ქმედებაზე ორიენტირებულ მრწამსთა ერთობლიობაა და დავუშვებთ მოსაზრებას, რომ ყველა ეს მრწამსი, მიუხედავად იმისა, საკუთარ თავს ესთეტიკურს უწოდებს, რელიგიურსა თუ პოეტურს, საბოლოოდ მაინც პოლიტიკურია იმ გაგებით, რომ დომინანტური დამოკიდებულების გასამყარებლად გამოიყენება, დავინახავთ, როგორ იყენებდნენ ინდივიდები თუ ინსტიტუციები  საუკუნეების განმავლობაში თავიანთ მრწამსს თარგმანში კონკრეტული ეფექტის შექმნისათვის."

[2] ამავდროულად ზემოთხსენებული [საბჭოთა კვლევრის, ფედოროვის, მიერ გამოყენებული] მეთოდები აირეკლავდა მარქსისტულ იდეოლოგიას, სწორედ ამ მიზეზით გაჩეჩილაძე (1967) იყენებს ტერმინოლოგიას, რომელიც ჩვეულებრივ არ გვხვდება თარგმანის სხვა დასავლურ თეორიებში. თუკი სოციალისტური ხელოვნების წამყვანი თემა სოციალური რეალიზმი იყო, რომელიც არეკვლის თეორიას ეყრდნობოდა, არაა გასაკვირი რეალისტური თარგმანის თეორიის ჩამოყალიბებაც. ამ თეორიის მიხედვით, თავისუფალი სიტყვასიტყვითი მიდგომა უნდა შეიცვალოს შესაბამისი მარქსისტული დიალექტიკით, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი სიტყვა მეორეხარისხოვანია ,,ორიგინალის არტისტულ რეალობასთან შედარებით", რომელიც მთარგმნელის გონებამ გააზრებულად უნდა ,,გააცოცხლოს" (გაჩეჩილაძე, 1967:90). როგორც ყველა კარგ დიალექტიკურ პრატიკაში თეზა (წყარო ენა) და ანტითეზა (მიმღები ენა) თარგმანის მეშვეობით სინთეზირდება (იქვე:91).

[3] დიკინსონი ემილი, ლექსები  (თარგმნა და ბოლოსიტყვაობა დაურთო დ. ინწკირველმა), ,,საბჭოთა აჭარა", ბათუმი, 1981, გვ.75.

[4] ,,ემილი დიკინსონი -  რჩეული ლირიკა" (მანანა კობაიძის წინასიტყვაობა) – ,,დიოგენე", თბილისი, 2005, გვ.10.

ლიტერატურა

ამერიკელი...
2004
ამერიკელი პოეტები. თბილისი
გამსახურდია ზ.
1971
ამერიკელი პოეტების ანთოლოგია. თბილისი
გამსახურდია ზ.
1972
XX საუკუნის ამერიკული პოეზია. თბილისი.
გაფრინდაშვილი ნ.
2012
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის თეორიული საფუძვლები. თბილისი.
დიკინსონი ე.
1981
ლექსები. თარგმნა და ბოლოსიტყვაობა დაურთო დ.ინწკირველმა. ბათუმი.
დიკინსონი ე.
2005
რჩეული ლირიკა. თბილისი.
ინგლისური...
1985
ინგლისური და ამერიკული პოეზიის მცირე ანთოლოგია. შეადგინა გ. გაჩეჩილაძემ. თბილისი.
ფანჯიკიძე დ.
1999
ქართული თარგმანის ისტორიის საკითხები. თბილისი.
პლათი ს.
1999
ლექსები. თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ლ. სამნიაშვილმა. თბილისი.
Baker M.
1998
In Other Words _ A Course book in Translation. London and New-York.
Encyclopedia...
1998
Routledge Encyclopedia of Translation Studies _ edited by Mona Baker. London and New-York.
Theories...
1992
Theories of Translation:An Anthology of Essays from Dryden to Derrida. Chicago and London: The University of Chicago Press