ლექსიკოგრაფიის სამეცნიერო რაობისათვის (ლექსიკოგრაფიის სამეცნიერო და გამოყენებითი ასპექტების ანალიზის საფუძველზე)

ჩვენი საქმიანობისას, თსუ- „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“ თანამშრომლები ხშირად შევხვედრივართ ხალხს (არცთუ იშვიათად, ესენი საკმაოდ პატივცემული და განსწავლული მეცნიერები ბრძანდებიან ხოლმე), რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლექსიკოგრაფია მეცნიერება არ არის და უბრალო ხელობაა.

უცხოელ ლინგვისტთა და, რაც უფრო გასაკვირია, ლექსიკოგრაფთა ნაშრომებშიც წავწყდომივართ ანალოგიურ გამონათქვამებს, რომელთა საერთო შინაარსიც იმ აზრამდე დაიყვანება, რომ ლექსიკოგრაფია არის არა მეცნიერება, არამედ უბრალოდ „ხელობა“ (craft) ან, უკეთეს შემთხვევაში, „გამოყენებითი მეცნიერება“ (‘applied science’). ასე მაგალითად, ჰოლანდიელი ლინგვისტი პიუს ტენ ჰაკენი ამბობს: Lexicography is not a branch of empirical science. If that were the case, its products, dictionaries, should be interpreted as theories. [...] (T)hey should instead be interpreted as tools[1] [ten Hacken, 2009:417].

ამგვარი სტერეოტიპების გამო, ჩვენში ზოგჯერ მავანნი თვით ლექსიკოგრაფიული შინაარსის გამოკვლევებისა თუ ნაშრომების დისერტაბელურობის საკითხსაც კი ეჭვქვეშ აყენებენ ხოლმე.

სხვადასხვა ლექსიკონზე ჩვენი ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გამოგვიმუშავდა მყარი შეხედულება, შეიძლება ამას რწმენაც დაერქვას, რომ ლექსიკონზე მუშაობა მხოლოდ კვალიფიციურ და ღრმად განსწავლულ მეცნიერს შეუძლია და რომ, შესაბამისად, ლექსიკონზე მუშაობა მეცნიერული საქმიანობაა, ხოლო ლექსიკოგრაფია, თავისი თეორიული და პრაქტიკული ასპექტებით – მეცნიერება.

უპირველეს ყოვლისა, შევეცადოთ გავარკვიოთ, თუ რატომ ეპარება ბევრს ეჭვი იმაში, რომ ლექსიკოგრაფია მეცნიერებაა.

ვფიქრობთ, ამგვარ, ჩვენი აზრით, არასწორ და რამდენადმე გულუბრყვილო, დასკვნამდე ადამიანები ხშირად ლექსიკოგრაფიის გამოყენებით მნიშვნელობას მიჰყავს. რამდენადაც ლექსიკოგრაფის საქმიანობას პრაქტიკულ-უტილიტარული შედეგი, ლექსიკონის, ასე ვთქვათ, ენობრივი ცნობარის, შედგენა (ჩვენს ცენტრში ტერმინ „შექმნას“ ვამჯობინებთ ხოლმე) მოჰყვება, ამდენად, ისინი ასკვნიან, რომ ლექსიკონზე მუშაობაც არაშემოქმედებითი საქმიანობაა, რომელიც არსებითად არ განსხვავდება, ვთქვათ, სატელეფონო ნომრების ცნობარის შედგენისაგან.

ქვემოთ ვეცდებით ამგვარი მოსაზრებების უსაფუძვლობა დავასაბუთოთ.

მაგალითად, ფიზიკასა და ქიმიას ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში იყენებენ წმინდა უტილიტარული მიზნებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფიზიკა ან ქიმია მეცნიერება არ არის. ამ აზრს ოდნავ თუ გავშლით, არგუმენტაციის შემდეგნაირ „ლოგიკურ ჯაჭვს“ მივიღებთ: ბომბებისა და საბრძოლო მასალების დამზადება თავისთავად მეცნიერება არ არის, მაგრამ პირველი ატომური ბომბის შექმნის მონაწილენი (სხვადასხვა ხარისხით) იყვნენ ალბერტ აინშტაინი, ჯ. რობერტ ოპენჰაიმერი (ე.წ. „მანჰეტენის პროექტის“ ხელმძღვანელი) და იმ დროის სხვა დიდი მეცნიერები (არა მარტო ფიზიკოსები, სხვათა შორის). მათ მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევას და პრაქტიკულ საქმიანობას, რომელიც საბოლოოდ პირველი ატომური ბომბის შექმნითა და წარმატებული გამოცდით დასრულდა, ძნელია, სამეცნიერო კომპონენტი ჩამოაცილო და „ხელობა“ დაარქვა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მოღვაწეობის მიზანი და შედეგი „ტრივიალური“ პრაქტიკული ამოცანა, მძლავრი იარაღის შექმნა იყო. ალბათ, არავინ იტყვის, რომ „ატომური ბომბის მამად“ წოდებული ალბერტ აინშტაინი და „საბჭოთა წყალბადის ბომბის მამად“ წოდებული ცნობილი ფიზიკოსი და საზოგადო მოღვაწე ანდრეი სახაროვი მეცნიერები არ იყვნენ.

დიდი მეცნიერული ცოდნისა და კომპეტენციის გარეშე ვერც ერთი ეს ადამიანი ვერაფერს მიაღწევდა პრაქტიკულ სფეროში.

ასევე, პოლიციელს, რომელიც საპატრულო მანქანით დამნაშავეს მისდევს ან სამართალდამრღვევს აპატიმრებს, პოლიციისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მეცნიერს, ალბათ, არავინ უწოდებს. მაგრამ, მეორე მხრივ, არავის მოუვა თავში უარყოს, რომ კრიმინალისტიკა მეცნიერებაა და კრიმინალისტიკური ლაბორატორიების თანამშრომლებისა და ზოგადად კრიმინალისტების საქმიანობა, ასე ვთქვათ, „რიგითი“ პოლიციელების მიერ ჩატარებულ დევნა-დაკავების ოპერაციებთან გააიგივოს. მით უმეტეს, რომ ტრადიციულ დაქტილოსკოპიურ, ტრასეოლოგიურ, გეოლოგიურ, სამედიცინო და სხვ. კომპონენტებთან ერთად, დღევანდელი კრიმინალისტიკა წარმოუდგენელია მოლეკულური ბიოლოგიის საფუძვლიანი ცოდნისა და, კერძოდ, დნმ-ის ნიმუშთა ანალიზისა და შედარების გარეშე. სწორედ მეცნიერებმა – ბიოლოგებმა, გენეტიკოსებმა და მიკრობიოლოგებმა დაადგინეს 1980-იან წლებში, რომ ყოველი ადამიანის დნმ-ის სტრუქტურა უნიკალურია, და რომ ბიოლოგიური მასალის (სისხლი, ნერწყვი, ოფლი და სხვ.) საფუძველზე ადამიანის იდენტობის დადგენაა შესაძლებელი. დნმ-ის თითოეული ინდივიდისთვის უნიკალურ სტრუქტურას მაშინვე უწოდეს „გენეტიკური თითის ანაბეჭდები“ (genetic fingerprints). კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში მხოლოდ ბიოქიმიის, ბიოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მქონე მეცნიერებს შეუძლიათ მუშაობა. ის, რომ მათი საქმიანობის მიზანი და შედეგი პრაქტიკული და უტილიტარულია (საბოლოო ჯამში – დამნაშავის დაკავება და ციხეში გაგზავნა), სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათი საქმიანობა უბრალო „ხელობაა“ და არაფრით არ განსხვავდება ეჭვმიტანილისთვის ბორკილების დადებაში (რაც ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია).

ჩვენც, ლექსიკოგრაფებსაც, წმინდა პრაქტიკული ლექსიკოგრაფიული ამოცანების გადაჭრისას თუ მეთოდოლოგიური ხერხების ელემენტარული განზოგადება-ჩამოყალიბების პროცესში, ხშირად ლინგვისტური თეორიის, ენისა და ცნობიერების ურთიერთმიმართების და სხვა მეცნიერული საკითხების ისეთ სიღრმეებში გვიწევს ხოლმე წიაღსვლა, რომ თვით საუბარიც იმაზე, თუ რაოდენ დიდი კავშირი აქვს ლექსიკოგრაფიას მეცნიერებასთან და საერთოდ, არის თუ არა ლექსიკოგრაფია მეცნიერება, უკვე ღიმილის მომგვრელად გვეჩვენება. სხვათა შორის, წინამდებარე სტატიის ავტორის სადისერტაციო ნაშრომიც სწორედ ლექსიკოგრაფიულად წმინდა პრაქტიკულ, და ამავე დროს მეცნიერული თვალსაზრისით მეტად რთულ, ღრმა და მრავლისმომცველ პრობლემას – სხვადასხვა ენის ლექსიკურ ერთეულებს შორის სემანტიკური ეკვივალენტობის საკითხს, ეძღვნება.

საკუთრივ, ზემოთ აღწერილ ყველა შემთხვევაში, იქნება ეს ბირთვული ფიზიკა, კრიმინალისტიკა თუ ლექსიკოგრაფია, პრინციპულად შეუძლებელია მკვეთრი ზღვრის გავლება მეცნიერის მუშაობის წმინდა მეცნიერულ და პრაქტიკულ-გამოყენებით ასპექტებს შორის. ეს არც არის საჭირო და თვით ამგვარი მცდელობაც კი, ჩვენი აზრით, კაზუისტიკა უფროა, ვიდრე  – მეცნიერება.[2]

თუ დავაკონკრეტებთ, ლექსიკოგრაფიის მეცნიერული ბუნების სასარგებლოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ შემდეგი არგუმენტები:

(1) ლექსიკოგრაფიას აქვს თეორია, ზოგად-თეორიული ბაზა. თეორიული ლექსიკოგრაფია, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს   ლექსიკონების სხვადასხვა ტიპს: განმარტებითი (ერთენოვანი),  თარგმნითი (ორენოვანი), ენციკლოპედიური და სხვ.  და ახდენს მათ კლასიფიცირებას ან გამოყოფს მათ საკვალიფიკაციო ნიშნებს. ბოლო ხანებში, სხვათა შორის, გამოიკვეთა ლექსიკონის (უპირატ. სასწავლო ლექსიკონების) ახალი ტიპი, ე.წ. „ბილინგვალიზებული“ (bilingualized) ლექსიკონები. ეს არის (მაგ. ინგლისური) განმარტებითი ლექსიკონის ბაზაზე შექმნილი ორენოვანი ლექსიკონები, რომლებშიც მეთაურ სიტყვას მიწერილი აქვს შესატყვისობა კონკრეტულ სამიზნე ენაზე (ვთქვათ, რუსულად), მაგრამ მოცემულია ინგლისური სიტყვის ინგლისურივე განმარტებაც. გამოდის ინგლისურ-რუსული და ინგლისური განმარტებითი ლექსიკონის თავისებური კომბინაცია, ანუ ლექსიკონის სრულიად ახლებური, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ჰიბრიდული“ ტიპი. უკანასკნელი გამოკვლევების მიხედვით ითვლება, რომ ამ ტიპის ლექსიკონს მეტი შემეცნებითი და პრაქტიკული ღირებულება აქვს ენის შემსწავლელთათვის.

ასევე, თანამედროვე ლექსიკოგრაფია აქტიურად იკვლევს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ლექსიკონის „მიზნობრივი აუდიტორიის“ საკითხს, ანუ საზოგადოების იმ შრის, რომლისთვისაც ესა თუ ის კონკრეტული ლექსიკონია განკუთვნილი, განათლების დონეს, კულტურულ ფონს, ენობრივ-ლექსიკოგრაფიულ საჭიროებებს და ა.შ. ამგვარი, შეიძლება ითქვას, სოციოლოგიური კვლევის მიზანი კი, ცხადია, გახლავთ მისწრაფება, ყოველი ახალი ლექსიკონი მაქსიმალურად პასუხობდეს მისი პოტენციური მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

ვფიქრობთ, ამ ტიპის თეორიული ცოდნა ლექსიკონზე მომუშავისთვის ფრიად მნიშვნელოვანია. პრაქტიკულ მუშაობაში კი ლექსიკოგრაფს ლექსიკოგრაფიული თეორიის სხვა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პოსტულატების ცოდნაც ესაჭიროება.

(2) ლექსიკოგრაფიას აქვს თავისი პრაქტიკული, წმინდა მეცნიერული ასპექტიც, რაც სხვადასხვა ლექსიკოგრაფიული მეთოდებისა და ხერხების ზოგად ცოდნასა და მათი პრაქტიკული გამოყენების უნარს გულისხმობს.

ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ენის სიტყვები და გამოთქმები ერთმანეთს ზუსტად, „ერთი-ერთზე“ ძალიან იშვიათად თუ შეესატყვისება. ხშირად, ერთი ენის სიტყვა მეორეში საერთოდ არ არის ლექსიკალიზებული, ანუ რაიმე ერთსიტყვიანი ეკვივალენტი არ გააჩნია. ასე მაგალითად, ინგლისური სიტყვა brocket „ორი წლის ხარირემს“ ნიშნავს. ქართულში გვაქვს სიტყვა და ცნება „ირმის/შვლის ნუკრი“, „ხარირემი“ და სხვ., მაგრამ მაინცდამაინც „ორი წლის ხარირმის“ აღმნიშვნელი სიტყვა ჩვენს ენაში არ არის.  ქართველი გარემომცველი რეალობიდან  ორი წლის ხარირემს არ გამოყოფს და მას ცალკე სიტყვით არ აღნიშნავს. შესაბამისად, ეს ინგლისური სიტყვა/ცნება ქართულში ლექსიკალიზებული არ არის. უფრო რთული ლექსიკოლოგიური შემთხვევებიც შეიძლებოდა მოგვეყვანა. ამგვარ მნიშვნელობათა ქართულად გადმოცემასთან დაკავშირებულ სიძნელეთა გადასალახავად ლექსიკოგრაფებს უხდებათ როგორც ემპირიულად შემუშავებული სხვადასხვა ხერხის გამოყენება (მაგ. მცირე განმარტებების დართვა და განმარტებითი ლექსიკონის ზოგიერთი ელემენტის შემოტანა თარგმნით ლექსიკონში), ასევე ამგვარ სირთულეთა გადაჭრის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და გამოყენება. კონკრეტულად, ჩვენთვის  „დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე“ მომუშავე გუნდის წევრთათვის, საყურადღებო და სასარგებლო იყო ჩეხური წარმოშობის ამერიკელი ლექსიკოგრაფისა და ლექსიკოგრაფიის თეორეტიკოსის, „XX საუკუნის ლექსიკოგრაფიის მამამთავრად“[3] წოდებული ლადისლავ ზგუსტას (Ladislav Zgusta, 1924–2007) მოსაზრებები განმარტებითი / აღწერითი და თარგმნითი / „ჩასასმელი“ ეკვივალენტების შესახებ.[4]

ამგვარი თეორიულ-მეთოდოლოგიური ბაზის არსებობაც, ვფიქრობთ, მეცნიერების ატრიბუტია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ლექსიკოგრაფია სწორედაც რომ მეცნიერებაა.

დაბოლოს (3), ლექსიკონის ამა თუ იმ სიტყვაზე თუ სიტყვის ცალკეულ მნიშვნელობაზე მუშაობისას საჭიროა სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ მრავალრიცხოვანი, განმარტებითი თუ თარგმნითი ლექსიკონებიდან ამოღებული მასალის (განმარტებების, დეფინიციების, საილუსტრაციო ფრაზების და მისთ.) გაანალიზება, ერთმანეთთან შედარება და ამ მასალის საფუძველზე შესაბამისი სიტყვისა თუ  სიტყვის მნიშვნელობის ზუსტი შესატყვისობის პოვნა სამიზნე (ჩვენს შემთხვევაში ძირითადად ქართულ) ენაზე.  კონკრეტულად, საჭიროა: (ა) სიტყვის თუ გამოთქმის ზუსტი მნიშვნელობის, სემანტიკური არსის გაცნობიერება სხვადასხვა ლექსიკონში მოცემული განმარტებებისა თუ საილუსტრაციო ციტატების საფუძველზე. ეს „არსი“, მნიშვნელობა შეიძლება იყოს სრულიად არავერბალური და/ან ჩვენს მშობლიურ ენაში (ქართულში) არალექსიკალიზებული (ანუ მას შეიძლება ქართული შესატყვისობა საერთოდ არ ჰქონდეს, რაზეც ზემოთაც ვისაუბრეთ).[5] შემდეგ ეტაპზე (ბ) საჭიროა წარმოდგენა/გაცნობიერება იმისა, თუ როგორ შეიძლება ეს აბსტრაქტული, არავერბალური არსი, იდეა, თუ მნიშვნელობა სამიზნე ენაზე იქნეს გადმოცემული. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი (გ) სამიზნე ენაზე ზუსტი შესატყვისობის შერჩევა.[6]

ამგვარ სირთულეთა კომპლექსი ლექსიკოგრაფიას (მკვდარ ენებზე შესრულებული ძველი ტექსტების გაშიფვრასთან ერთად) ფილოლოგიის ერთ-ერთ ურთულეს და, შეიძლება ითქვას, ექსტრემალურ დარგად აქცევს!

ვფიქრობთ, ყველა დაგვეთანხმება, რომ მოკლედ აღწერილი ეს პროცესი სრულიად წარმოუდგენელია ვრცელი ლინგვისტური, ლექსიკოლოგიური, ეტიმოლოგიური და ზოგადსამეცნიერო ცოდნისა და არცთუ მცირე ინტელექტუალური მონაცემების გარეშე, რასაც დიდი მოცულობის ინფორმაციით ოპერირებისა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან მძიმედ და დაძაბულად შრომის უნარი უნდა ერთოდეს თან. თუ ამგვარი მუშაობა მეცნიერული შრომა არ არის, მაშ, რაღას შეიძლება მეცნიერული შრომა ეწოდოს?

 

დასკვნა:

ასე და ამგვარად, როგორც დავრწმუნდით, სრულფასოვანი ლექსიკოგრაფიული საქმიანობისთვის იმდენად დიდი ლინგვისტური ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია, კონკრეტულად კი ლექსიკოგრაფიული შრომის უნარ-ჩვევები და გარკვეული თანდაყოლილი გონებრივი მონაცემებია საჭირო, რომ კითხვას, არის თუ არა ლექსიკოგრაფია მეცნიერება, ჩვენი ღრმა რწმენით, ცალსახად დადებითი პასუხი უნდა გაეცეს.

განსაკუთრებით დაუსაბუთებლად და სუსტად კი გვეჩვენება არგუმენტი,  რომლის მიხედვითაც ლექსიკოგრაფია თითქოსდა არ არის მეცნიერება და „ხელობაა“ მხოლოდ იმის გამო, რომ მას გამოყენებითი, პრაქტიკული დანიშნულება და ასპექტი აქვს. ლექსიკონის შექმნაზე მხოლოდ მაღალი კომპეტენციის, ფართოდ ერუდირებულ ლინგვისტს შეუძლია მუშაობა. მისი შრომა შემოქმედებითი და ინტელექტუალურია და მის პროცესში შეუძლებელია ერთმანეთისგან გაიყოს ზოგად-თეორიული და კონკრეტულ-გამოყენებითი ასპექტები.[7]

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უფრო მისაღებია ლექსიკოგრაფიის ინტერპრეტაცია, გამოხატული ცნობილი გერმანელი ლექსიკოგრაფისა და ლექსიკოგრაფიის თეორეტიკოსის, ფრანც იოზეფ ჰაუსმანის შემდეგ გამოთქმაში: die Lexikographie ist eine wissenschaftliche Praxis, die das Erstellen von Wörterbüchern zum Ziel hat [8] [Hausmann, 1985:368].

ვფიქრობთ, ამგვარი მიდგომა უფრო სწორი და ადეკვატურია და საკითხის არსს უფრო ზუსტადაც გამოხატავს.

თავად ლექსიკოგრაფის შრომის პროდუქტის გამოყენებით ასპექტს რაც შეეხება, ჩვენი აზრით, ლექსიკოგრაფის შრომა კიდევ უფრო დასაფასებელიც კია იმის გამო, რომ ლექსიკოგრაფი თავის ენათმეცნიერულ ცოდნას, გამოცდილებასა და კომპეტენციას საზოგადოებისთვის სასარგებლო გამოყენებას უძებნის. მართლაცდა, ნაცვლად იმისა, რომ უფრო „პრესტიჟული“ და დაფასებული სამეცნიერო ნაშრომების შექმნითა და სამეცნიერო საზოგადოებისთვის წარდგენით იყოს დაკავებული, რაც მას სახელსა და პატივს მოუტანდა, ლექსიკოგრაფი აკეთებს ნაკლებად „პრესტიჟულ“ და არასათანადოდ დაფასებულ საქმეს, რომელსაც საზოგადოებისთვის არანაკლები (თუ მეტი არა) სარგებელი მოაქვს, ვიდრე ბევრ სამეცნიერო-კვლევით ნაშრომს!

 


[1] „ლექსიკოგრაფია ემპირიული მეცნიერების დარგი არ არის. ეს რომ ასე იყოს, მისი პროდუქტები, ლექსიკონები, თეორიებად უნდა მიგვეჩნია. [...]  სინამდვილეში კი ისინი ინსტრუმენტებად უნდა მივიჩნიოთ“.

[2] კომიკურია, მაგრამ როდესაც მავანი ცდილობს,  დაამტკიცოს, რომ ლექსიკოგრაფია მეცნიერება არ არის, ან თუ არის, ოდენ გამოყენებითი მეცნიერებაა, იგი ალბათ დარწმუნებულია, რომ ამგვარი ფუჭი თეორიული მსჯელობებით დაკავებული, იგი მეცნიერულ საქმეს აკეთებს, ხოლო გაცილებით უფრო სასარგებლო საქმე – ლექსიკონზე მუშაობა - მისთვის და მის თანამოაზრეთათვის მეცნიერება არ გახლავთ.

[3] ჰოლანდიელი ლექსიკოგრაფისა და ლინგვისტის, პიტ ვან სტერკენბურგის სიტყვებით [van Sterkenburg, 2003].

[4] Explanatory (descriptive) v translational (insertable) equivalents [Zgusta, 1971].

[5] ე.წ. „ნულოვანი ეკვივალენტობის“ შემთხვევები (ვრცლად ამის შესახებ. იხ. რუფუს გოუვსთან და დენი პრინსლოოსთან [Gouws ... 2008]).

[6] სხვათა შორის, ეს ყოველივე, ჩვენი აზრით, ცხადად ამტკიცებს აზროვნების აბსტრაქტულ, არავერბალურ-არაენობრივ ბუნებას და პირწმინდად აბათილებს  ე.წ. „სეპირ-უორფის თეორიას“, თუმცა ეს უკვე სულ სხვა საკითხი და სულ სხვა საუბრის თემაა.

[7] ისევე, როგორც ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილ მაგალითებში, სადაც ბირთვულ პროექტებზე მომუშავე ფიზიკოსებისა და კრიმინალისტიკურ ლაბორატორიებში მომუშევე ბიოლოგ-გენეტიკოსების შემთხვევებზე ვსაუბრობდით.

[8]  „ლექსიკოგრაფია არის სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც მიზნად ლექსიკონების შექმნას ისახავს“.

ლიტერატურა

Adamska-Salaciak A.
2010
Examining Equivalence International Journal of Lexicography, 4: 387 – 409.
Gouws R., Prinsloo D.
2008
What to Say about mañana, totems and dragons in a Bilingual Dictionary? The Case of Surrogate Equivalence. International Journal of Lexicography, 869 – 877.
Hausmann, F. J.
1985
Lexikographie. In: Handbuch der Lexikologie (Hrsg. Christoph Schwarze / Dieter Wunderlich). Königstein/Ts.: Athenäum, 367-411.
International ...
2009
International Journal of Lexicography. Vol.22 Number 4 December 2009. Oxford University Press.
ten Hacken, P.
2009
What is a dictionary? A view from Chomskyan linguistics. International Journal of Lexicography #4.
van Sterkenburg, P. G. J.
2003
A practical guide to lexicography. John Benjamins Publishing Company.
Zgusta, L.
1971
Manual of Lexicography. Prague: Academia. The Hague: Mouton.
Zgusta, L.
2006
Lexicography Then and Now. Tübingen: Max Niemeyer Verlag.