დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“, როგორც კ. გამსახურდიას „დიონისოს ღიმილის“ ინტერტექსტი

რთულია  ერთმანეთისგან საუკუნეებით დაშორებულ ნაწარმოებთა შედარება მხოლოდ იმ მიზნით, რომ მათ მსგავსი თემატიკა აქვთ. მაგრამ როცა ეს თემატიკა ჯოჯოხეთში ჩასვლაა, მაშინ უკვე უბრალო შედარებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ კლასიკურ ინტერტექსტთან, მით უმეტეს, თუ  მეგატექსტად  ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოები მოიაზრება, როგორიცაა დანტე ალიგიერის  „ღვთაებრივი კომედია“.

       მე-20 საუკუნის ქართველი კლასიკოსი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ყოველთვის დაინტერესებული იყო მსოფლიოს შედევრებით ხელოვნების სხვადასხვა სფეროში და ასეთ შედევრად  დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“ მიაჩნდა. მან თარგმნა კიდეც ეს კომედია და სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა დანტე ალიგიერის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მას ხიბლავდა როგორც უდიდესი შემოქმედის მხატვრულ-ფილოსოფიური ნააზრევი, ცალკეული ფრაზები (უკვდავი სენტენციები) მისი შემოქმედებიდან, ნაწარმოებთა ისტორიიზმით დატვირთულობა და აგრეთვე ის გარემოებაც, რომ „საქართველოს ისტორია ბევრ რამეში მოგვაგონებს იტალიისას. უმშვენიერესი მხარე მთელს ევროპაში იტალია ყველაზე მეტად უბედური ქვეყანა იყო ევროპულ ხმელეთზე“  [გამსახურდია, 1963 : 59]. იგივე განცდა აქვს მწერალს თავისი სამშობლოს მიმართაც, რაც უათკეცებს ინტერესს დანტეს შემოქმედებისადმი.

     კონსტანტინე გამსახურდია თავის საკმაოდ ვრცელი მოცულობის გამოკვლევაში – „დანტე ალიგჰიერი“ –  მსჯელობს, თუ როგორ აისახა იტალიის ისტორია დანტეს შემოქმედებაში, მიმოიხილავს დანტეს ბიოგრაფთა ცნობებს და გამოაქვს დასკვნები, რა შეესაბამება სიმართლეს; ცალკე თავს უძღვნის ბეატრიჩეს პიროვნებასა და პერსონაჟს, ეხება რენესანსის ცნების წარმომავლობას და სვამს საკითხს, თუ რა იგულისხმება იტალიურ რენესანსში, ახდენს რუსთაველისა და დანტეს შედარებას და გამოყოფს როგორც „ვეფხისტყაოსანში“, ასევე „ღვთაებრივ კომედიაში“ მაგისტრალურ მოტივს, რომელიც ჯოჯოხეთში ჩასვლაა; მთლიანობაში განიხილავს დანტეს შემოქმედებას და დაწვრილებით მიმოიხილავს „ღვთაებრივი კომედიის“ სამივე ნაწილს.

     ჩვენთვის საინტერესოა კონსტანტინე გამსახურდიას ის მიმართებანი დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიასთან“, რომლებიც, სავარაუდოდ, გამსახურდიას „დიონისეს ღიმილშიც“ უნდა წარმოჩნდეს, რადგან ამ ნაწარმოებშიც მაგისტრალური მოტივი ჯოჯოხეთში ჩასვლაა. კონსტანტინე გამსახურდია წერს: „დანტეს კომედიაში წარმოდგენილია არა მარტო ისტორია მისი თანამედროვე იტალიისა, არამედ მთელი ანტიკური სამყაროს, ქრისტიანული რომისა და ადრე რენესანსის ფილოსოფია და ესქატოლოგია. დანტეს ღვთაებრივი კომედია სხივთა არილის შემკრები ფოკუსია, სადაც პირისპირ ხვდებიან ურთიერთს ანტიკური ქვეყნის ფილოსოფიის, ქრისტიანული მისტიკის და არაბთა კულტურის ფლუიდები, ადრე რენესანსისა და ჰუმანიზმის დიადი იდეები“ [ გამსახურდია, 1863 : 59]. კონსტანტინე გამსახურდიას რომანშიც მხოლოდ საქართველოს ისტორია როდი იკვეთება, თუმცა სამშობლოს ბედი უშუალო კავშირშია მთავარი პერსონაჟის ტრაგიზმთან. რომანში წარმოჩნდება დასავლური სამყაროს სულიერი კრიზისი, ქართული და ანტიკური მითოლოგიის სინთეზი, დასავლური და აღმოსავლური ფილოსოფიური დოქტრინების ჭიდილი და ბოლოს ქრისტიანობისა და წარმართობის ბრძოლა პერსონაჟის ფსიქიკაში.

      კონსტანტინე გამსახურდია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არაბების მიერ იტალიისა და ესპანეთის დაპყრობამ უდიდესი როლი შეასრულა ადრეული რენესანსის დაჩქარებაში, რადგან კათოლიკე ბერები ისე ზედმეტად მოწადინებულნი ებრძოდნენ წარმართობას, რომ შეუბრალებლად ანადგურებდნენ ანტიკურ კულტურას, რომელიც სწორედ არაბების მეშვეობით დაუბრუნდა ხელახლა ევროპას. ამიტომ, გამსახურდიას აზრით, შემთხვევითი არაა, რომ დანტე მეორე ქებაში პლატონის, არისტოტელესა და სხვა მეცნიერთა გვერდით აყენებს არაბ მწიგნობარს, არისტოტელეს კომენტატორს – ავეროსს.

    კონსტანტინე გამსახურდიას „ჯოჯოხეთში“ ისტორიული პირები არ გვხვდებიან, მისი ბინადრები ცოდვის მიხედვით არიან დიფერენცირებულნი, აგრეთვე წარმოჩნდებიან პერსონაჟები, რომლებიც რეალობაში შეხვედრიან მთავარ პერსონაჟს – კონსტანტინე სავარსამიძეს –  და მისი ყურადღება მიუპყრიათ. მაგრამ აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, რომ კონსტანტინეს ორი მეგობარი უწევს ჯოჯოხეთში მეგზურობას, ერთი, მაჰმადიანი ჩერქეზი – ხალილ ბეია, მეორე კი ქრისტიანი, გერმანელი – ჰერბერტ შტუდერსი. სწორედ მათთან ერთობა წარმოაჩენს ქართველი კაცის ბუნებაში ორმაგ საწყისს _ აღმოსავლურსა და დასავლურს.

      დანტეს „ჯოჯოხეთში“ ჩვენ ვხვდებით პაპებს, იმპერატორებს, ეპისკოპოსებს, გარყვნილ არისტოკრატებს, მათ გვერდით – ალქიმიკოსებს, ასტროლოგებს, მისნებსა და „შავი მაგიის“ ოსტატებს. ამ უკანასკნელთა ჯოჯოხეთში მოხვედრა ეპოქის სტილის თავისებურებიდანაც გამომდინარეობს, რადგან შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია მკაცრად ებრძოდა მათ  და ყველგან „ეშმაკეულებს“ ხედავდა. გამსახურდიას „ჯოჯოხეთის“  მთავარი მკვიდრი სლანსკია, „ყვითელეპოლეტებიანი მონღოლი“, „დათვი პირსისხლიანი“, რომელმაც სავარსამიძეს მისთვის უძვირფასესი ნივთი – დედის „სმარაგდის ბეჭედი“  – მოპარა. სლანსკის ეპითეტები ირონიულია და რუსეთზე მიგვანიშნებს (მწერლის აზრით, მონღოლთა სისხლი და გენი სჭარბობს რუსში; ყვითელი ეპოლეტებიც რუსეთის მხედრობის ატრიბუტებია, დათვი კი რუსული ტოტემია, დასავლურ კულტურაში რუსეთის სიმბოლო). მთავარი ბრძოლა ჯოჯოხეთში მასთან გადაიხადა  პერსონაჟმა.

        ჯოჯოხეთში თავისი ძველი ნაცნობები ხვდებიან კონსტანტინე სავარსამიძეს: „მევახშეები, ქურდები, კაცის მკვლელები, უნამუსოდ გამდიდრებულები, მეძავები და ქალების მოვაჭრენი, გაყიდული ჟურნალისტები და მწერლები, კალამს და სიტყვას რომ ჰყიდდენ, ოქროში სცვლიდენ“ [გამსახურდია, 1961 : 944]. მორალურად დაცემული ადამიანები დანტეს „ღვთაებრივ კომედიაშიც“ ბევრია, მაგრამ გამსახურდიას „დიონისოს ღიმილს“ თავისი ეპოქის კვალი აჩნევია, რაც თანამედროვე „პროფესიებშიც“( „ქალების მოვაჭრენი“, ჟურნალისტები) გამოიხატება.

    კონსტანტინე გამსახურდია მიუთითებს იმ არქეტიპებზე, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დასდებოდა დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ და აღნიშნავს, რომ ჯოჯოხეთში ჩასვლის „იდეა უძევს სარჩულად ლურსმნული წარწერებიდან ამოშიფრულ აღმოსავლურ ეპოსს გილგამეშიანს. უფრო გვიან ცნობილია ბიბლიური მითი ქრისტეს ჯოჯოხეთად შთასვლისა, შემდეგ ჰომეროსის ოდისევსის ჰადესად ჩასვლა. დასასრულ ენეას ჩადის ჩრდილების სამყაროში“ [გამსახურდია, 1963 : 103]. ამ აღნიშვნის შემდეგ კონსტანტინე გამსახურდია ყურადღებას ამახვილებს ჯოჯოხეთში ჩასვლის მიზანზე: გილგამეში თავისი მეგობრის ენკიდუს საძებნელად მიემგზავრება, დანტე ბეატრიჩეს სულს ეძებს. ჩვენ წინაშე ჩნდება კითხვა: რა მიზანი აქვს კონსტანტინე სავარსამიძეს?  კონსტანტინეს მიზანი მამასთან შეხვედრა და პატიების თხოვნაა. პერსონაჟს მთელი ცხოვრება აწუხებს, რომ მან მამის ოცნება ვენახის გაშენებისა უგულებელყო, დანატოვარი მიწები გაყიდა და ევროპაში „უმიზნო ყიალს“ მოახმარა.

      „შენი წყევლა ამიხდა, მამა, ჩვენი ეწერის თხემლასავით უნაყოფო გავხდი“, –  მიმართავს კონსტანტინე სავარსამიძე ჯოჯოხეთში ნაპოვნ მშობელს, –  „... ძველი ვენახი დამექცა,  ვეღარც ახალი გავაშენე, დამლოცე, დამიბრუნე ისევ შენი ნაციები მიწა. დამიბრუნე შენი ვენახი, მამა“ [გამსახურდია, 1961 : 944]. მამამ მუხლზე დაისვა შვილი, ისე, როგორც ბავშვს ისვამდა ხოლმე, მოეფერა, მაგრამ დალოცვა ვეღარ შეძლო, რადგან ხმა აღარ ჰქონდა. ეს სიმბოლური ეპიზოდი მიგვანიშნებს, რომ პერსონაჟი ვერც რეალობაში მოიპოვებს ბედნიერებას, რადგან მშობლის ლოცვა-კურთხევის გარეშეა დარჩენილი. დანტეს კომედიისთვის უცხოა „ვენახის“ მოტივი, რომელიც განმსაზღვრელია ქართული მწერლობისათვის.

     კონსტანტინე გამსახურდია „ვეფხისტყაოსნისა“ და „ღვთაებრივი კომედიის“ შედარებისას მნიშვნელობას ანიჭებს, თუ ვისთან ერთად მოგზაურობენ გმირები ჯოჯოხეთში: „დანტეს, ოსტატი თავისი – ვირგილიუსი თან ახლავს, ოდისევსს – მეზღვაურნი“, „ვეფხისტყაოსნის“ გმირს – ტარიელს თავისი ძმადნაფიცები – ავთანდილი და ფრიდონი. თავად გამსახურდია არ ღალატობს ქართულ ტრადიციას და თავისი პერსონაჟის მხლებლებად მეგობრები გამოჰყავს.

     კიდევ ერთ საგულისხმო მომენტზე ამახვილებს ქართველი მკვლევარი და მწერალი ყურადღებას: „გილგამეშ რბენით ჩადის ქვესკნელს, დანტე ძილფხიზლობის დროს („ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული – „ჯოჯოხეთის“ I ქება), ოდისეუს _–გემით, ხოლო ფატმანის შიკრიკი („ვეფხისტყაოსნიდან“)  – ფრენით“ [გამსახურდია 1963 : 106]. დანტეს ძილფხიზლობის დროს გადასვლას გამსახურდია „მისტიკური გარინდების ჟამს“ უწოდებს და მწერლის ქრისტიანული მსოფლმხედველობით ხსნის. მისგან საპირისპიროდ, რუსთაველის გმირების მიერ ჯოჯოხეთის – ქაჯეთის – ციხის ხმლით აღებას, ანუ ბრძოლით, „რაინდული ვაჟკაცობის კულტს“ და წარმართობას უკავშირებს. თავად  კონსტანტინე გამსახურდია თავის პერსონაჟს დანტეს გზას სთავაზობს და ძილფხიზლობის დროს გადაჰყავს ჯოჯოხეთში, მაგრამ ინდივიდუალიზმი მწერალს შენარჩუნებული აქვს და იმქვეყნიური მიჯნის გადალახვას უფსკრულში სრიალით გამოხატავს.  მისი არჩევანი განპირობებულია თავად პერსონაჟის სახიდან, რომელსაც, თუმცა არგვეთელი მთავრების რაინდული სისხლი და ბუნება აქვს, მაგრამ აღარ შერჩენია მათი სულიერი სიძლიერე.

     გამსახურდია მიუთითებს, რომ „თამამი გამოთქმებითაც ძლიერ ჰგვანან ურთიერთს დანტე და რუსთაველი“, მოჰყავს „ვეფხისტყაოსნიდან“ და „ღვთაებრივი კომედიიდან“ მსგავსი გამოთქმები და ბოლოს დასძენს, რომ დანტე „მრავალგზის ახსენებს მამაკაცის სარცხვინელს და „საკუარს“ სავსებით მოურიდებლად [გამსახურდია, 1963:107]. გამსახურდია თავადაც არ ერიდება ამ სიტვების ხმარებას და ჯოჯოხეთში აღწერს კაცმორიელებს, რომელთაც ორ-ორი სახე, ოთხ-ოთხი ხელი და ფეხი და წინ და უკან ორ-ორი სარცხვინელი აქვთ.

       კონსტანტინე გამსახურდია კიდევ ერთ მომენტში ამჟღავნებს დანტეს „ღვთაებრივი კომედიისკენ“ გადახრას, უკეთ რომ ვთქვათ, მის ზეგავლენას: დანტე ალიგიერის ნაწარმოების მთავარი გმირი თავად ავტორია, ხოლო კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილის“ მთავარი მოქმედი პერსონაჟი კონსტანტინე სავარსამიძეა. მკითხველი იმდენად ამსგავსებს მას ავტორს (არა მარტო სახელის გამო...), რომ მწერალი ითხოვს ბოლოსიტყვაობაში, რომანის გმირის ცოდვები მას არ მიაწერონ.

       კონსტანტინე გამსახურდია მთავარ განსხვავებას დანტესა და რუსთაველს შორის დანტეს განსაკუთრებულ რელიგიურობაში ხედავს, რაც რუსთაველთან ასე ძლიერად არ წარმოჩნდება; მსგავსებას კი  – ორივეს პოეზიის „პირველად სტიმულში“  „მარადქალური ელემენტისადმი“ (L`eternal Feminin). „ეს არის მხოლოდ, რუსთაველი უფრო ფხიზელია,“ – დასძენს კონსტანტინე გამსახურდია, – „დანტეს ტრფიალი ამ მარადქალურისადმი უკვე რელიგიურ ექსტატიურობაში გადადის... უთუოდ დიდი გამბედაობა სჭირდებოდათ, ალბათ, დანტეს და რუსთაველს, საშუალო საუკუნეებში ასეთი მძაფრი ეროტიზმის გამჟღავნებისთვის“ [გამსახურდია, 1963:10]. თავად გამსახურდია ერთი მხრივ სცილდება ორივე მწერალს – რუსთაველსაც და დანტესაც და სატრფოდ მარადქალწულის ნაცვლად უსქესო დიონისეს ირჩევს, ხოლო ეროტიზმის მხრივ ბევრად აჭარბებს ორივე მწერალს. თავადაც დიდ გამბედაობას იჩენს მე-20 საუკუნეში, როდესაც მამაკაცის მამაკაცისადმი თაყვანისცემას აღწერს.

         ჩვენ მივუთითებთ იმ ფუნდამენტურ განსხვავებაზეც, რომელიც დანტე ალიგიერისა და კონსტანტინე გამსახურდიას მიერ აღწერილ „იმ ქვეყნის“ მოდელში შეიმჩნევა. დანტე გამოჰყოფს ჯოჯოხეთს, სალხინებელსა და სამოთხეს. გამსახურდიას ტრადიციული რწმენიდან გამომდინარე კი, იმქვეყნიური სამყარო მხოლოდ ჯოჯოხეთად და სამოთხედ მოიაზრება. აღსანიშნავია ისიც, რომ სავარსამიძე თავის ნაცნობებს მხოლოდ ჯოჯოხეთში ხედავს. სამოთხეში  რომანის მხოლოდ ერთი პერსონაჟია  – ფარვიზი  –  სავარსამიძის (მამრობითი სქესის) სატრფო.

          დანტე ალიგიერი ძილღვიძილის დროს ცოცხალი მიემგზავრება  საიქიოში; კონსტანტინე სავარსამიძე კი ძილღვიძილში კვდება – ორლესული მახვილი შუაზე უპობს სხეულს.  დანტემ იცის, რომ სიკვდილის შემდეგ ის  აუცილებლად სამოთხეში მოხვდება, რადგან უკვე განწმენდილია. სავარსამიძე  კი განწირულია. სამოთხემდე მიღწეულს ჰელიოს ღმერთი ეუბნება, რომ ხელებზე სისხლი სცხია; პერსონაჟი პატიებას ითხოვს, მაგრამ ღმერთი ქრება. თუ დანტეს სალხინებლის ბოლო წრეში ევლინება ბეატრიჩე და  სამოთხის დასასრული ღმერთის ხილვაა, კონსტანტინე სავარსამიძე სამოთხეში ჯერ ხედავს ღმერთს – ჰელიოსს, რომელიც შემდგომ ქრება და ბოლოს  _ სატრფოს. ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი. კონსტანტინე გამსახურდია „გაურბის“ რელიგიურობას, უფრო ზუსტად კი – რელიგიურ დოგმატიზმს. თუმცა ორივე მწერალთან ჯოჯოხეთში ჩასვლას განწმენდის მნიშვნელობა ენიჭება.

     აღსანიშნავია, რომ არც  დანტე და არც კონსტანტინე გამსახურდია არ მიმართავენ ქრისტიანულ ღმერთს. დანტე მესამე ნაწილის დასაწყისში უხმობს აპოლონს, ანტიკური პოეზიის მუზას, ხოლო გამსახურდია – ჰელიოსს (რომელიც ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნეში აპოლონთან გააიგივეს). ჰელიოსის მოხმობას კონსტანტინე გამსახურდიას რომანში კიდევ სხვა დატვირთვაც უნდა ჰქონდეს. ჰელიოსი არის ძველი კოლხეთის მითიური მეფის აიეტის მამა, ამიტომ ღმერთის ჰელიოსად სახელდება გამსახურდიასთვის, უაღრესად ეროვნული მწერლისთვის, ქართველთა ღვთაებრივი წარმოშობის იდეას უკავშირდება და აღვიძებს ეროვნული სიამაყის გრძნობას.  

      როგორც დანტესთვის, ასევე კონსტანტინე გამსახურდიასთვის ჯოჯოხეთი წარმოდგენილია, როგორც ბოროტების სამყარო, სულის მოკვდინება, ხორციელი წაბილწვა, ესთეტიკური სიმახინჯე, სამოთხე კი სინათლის წყარო, აბსოლუტური ჭეშმარიტება და ესთეტიკური მშვენიერება. ორივე მწერალთან როგორც ჯოჯოხეთი, ასევე სამოთხე მიწიერი კონტურებით მოიაზრება და თავიდან ბოლომდე ალეგორიაა. ორივე ნაწარმოებში მოგზაურობის ცენტრალური ფიგურა ღრმად ინდივიდუალური პიროვნებაა, რომელიც განიცდის როგორც თავისი ქვეყნის, ასევე კაცობრიობის გასაჭირს, სატკივარს, ცოდვას.

        აღსანიშნავია, რომ დანტეს პოემის თითოეული ნაწილი 33 ქებისგან შედგება, რაც სიმბოლურად უნდა მიანიშნებდეს  ქრისტეს ამქვეყნად ყოფნის დროზე. გამსახურდიას რომანი 13 ქებას შეიცავს. უჩვეულოა რომანის ქებებად დაყოფა. ნაწარმოების ასეთი ფორმა უთუოდ მიგვანიშნებს დანტე ალიგიერის ნაწარმოების ზეგავლენაზე, მაგრამ მწერლის ინდივიდუალიზმი კვლავ იჩენს თავს რიცხვ 13-ში, რომელიც ქრისტეს მეცამეტე მოწაფის ალუზიას ქმნის  და ამიტომ ავისმომასწავლებლად ითვლება მსოფლიო ხალხთა ცნობიერებაში. ვფიქრობთ, რიცხვი 13-ით  განსაზღვრულია არა მარტო სავარსამიძის, არამედ სულიერებისაგან დაცლილი მთელი ეპოქის ბედი.

ლიტერატურა

ალიგიერი დ.
2013
„ღვთაებრივი კომედია“, გამომცემლობა „ადაპტი“, თბილისი.
გამსახურდია კ.
1961
რჩეული თხზულებანი, რვატომეული, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, ტ. V, თბილისი.
გამსახურდია კ.
1963
1963 რჩეული თხზულებანი, რვატომეული, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, ტ. VI, თბილისი.