„საუნდ პოეზია“ ახალი სინკრეტიზმის კონტექსტში

ხელოვნებამ თავისი განვითარების  მრავალსაუკუნოვან გზაზე მრავალი ცვლილება განიცადა. თავდაპირველად იგი  სინკრეტულ დარგად იშვა, რაც გულისხმობს ხელოვნების დარგების: ცეკვის, ლექსის, სიმღერის განუყოფელობას, მათ შერწყმულად არსებობას.  სინკრეტიზმი ზოგადად იყო დამახასიათებელი ადრეული საზოგადოებისათვის და ვლინდებოდა როგორც კულტურასა და რელიგიურ წარმოდგენებში, ასევე მეურნეობის სხვადასხვა სფეროში (ნადირობა,ხვნა-თესვა და სხვ.).

     საზოგადოების  განვითარების კვალდაკვალ იცვლებოდა და იხვეწებოდა მისი ინტელექტი, წარმოდგენები, მას უჩნდებოდა ახალი და უფრო მაღალი სულიერი და მატერიალური მოთხოვნილებები და ეს ცვლილებები სამყაროს მხატვრულ-ესთეტიკური აღქმის სპეციფიკაზეც აისახებოდა. დაიწყო ხელოვნების დარგების განცალკევებისა და ე.წ. ერთგვაროვანი[1] დარგების განვითარების პროცესი.  მხატვრული შემოქმედების ფორმების ვექტორის გადანაცვლება სინკრეტულობიდან დიფერენცირებისაკენ იმ გარემოებამაც განაპირობა, რომ იგი  გარკვეულწილად ზღუდავდა როგორც მასში გაერთიანებული ხელოვნების დარგების განვითარებას, ასევე ხელოვანსაც, აბრკოლებდა მისი მხატვრული თვითგამოხატვის უნარს.[2] ასე ჩამოყალიბდა მხატვრული ლიტერატურა ხელოვნების ერთგვაროვან დარგად, რომელიც მხატვრულ-ესთეტიკური სამყაროს რეალიზებას ენაში ახდენს სიტყვის საშუალებით.

    თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნების დარგების აბსოლუტური იზოლირება ერთმანეთისაგან შეუძლებელია და სინკრეტიზმი გარკვეული ფორმით თუ დოზით კვლავ დარჩა ხელოვნებაში, როგორც მისი ერთი მნიშვნელოვანი მარკერი. ეს ეხება როგორც ძველ, ასე შედარებით ახალ დარგებს: თეატრს, ოპერას, კინოს და სხვ. იგივე უნდა გავიმეორთ სიტყვიერი ხელოვნების შესახებ. სიტყვაკაზმული მწერლობა ორიგინალურ სინთეზს ქმნის მუსიკასთან, თეატრთან თუ კინოხელოვნებასთან და ა.შ.

     თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეპოქას თავისი სინკრეტიზმი აქვს. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში, პოსტმოდერნის ეპოქაში, ახალი სინკრეტიზმის ეპოქა დადგა. ხელოვნება XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე განსაკუთრებით სწრაფად და ოპერატიულად უპასუხებს თავისი მომხმარებლის (მკითხველის, მსმენელის, მაყურებლის) მოთხოვნებს და რეაგირებს მათზე. გლობალიზაციამ ზოგადად და კულტურის გლობალიზაციამ კონკრეტულად, ახალმა ისტორიულ-სოციალურმა და კულტურულ-ესთეტიკურმა ეპოქამ ახალი ფორმების, ჟანრების, მიმართულებების ძიებას შეუწყო ხელი. მხატვრული ლიტერატურა ხელოვნების სხვა დარგების მსგავსად  აუცილებლად ეხმაურება და ამა თუ იმ ფორმით ასახავს საზოგადოების განვითარების თავისებურებებს. დგება მომენტი, როცა ხელოვნების ესა თუ ის დარგი თითქოს  ვეღარ ეტევა კლასიკური მახასიათებლების ჩარჩოებში  და ეძებს სიახლეს, რომელიც შეიძლება ახალი სინკრეტიზმის სახით წარმოჩინდეს, რაც ჰიბრიდიზაციის მეშვეობით განხორციელდება და გულისხმობს ჟანრების დამკვიდრებული საზღვრების რღვევას, ხელოვნების ტრადიციული და არატრადიციული დარგების შერწყმას, ხელოვნების დარგების შერწყმას გარკვეულ საყოფაცხოვრებო აქტივობებთან თუ საქმიანობასთან და ა.შ. ეს, ერთი მხრივ, ხელოვანის თვითგამოხატვისა და მკითხველთან დიალოგის ორიგინალური ფორმაა და, მეორე მხრივ, პასუხი საზოგადოების განვითარების თავისებურებებზე და  საზოგადოებისათვის, რომლის გემოვნება და ესთეტიკური მოთხოვნები გარკვეულწილად სტანდარტიზებულია, ახალი ესთეტიკური ფასეულობების შეთავაზება.

      ნ. ბერდიაევი წერდა:  „Окончательно померк старый идеал классически-прекрасного искусства и чувствуется, что нет возврата к его образам. Искусство судорожно стремится выйти за свои пределы. Нарушаются грани, отделяющие одно искусство от другого и искусство вообще от того, что не есть уже искусство, что выше или ниже его. Никогда еще так остро не стояла проблема отношения искусства и жизни, творчества и бытия, никогда еще не было такой жажды перейти от творчества произведений искусства к творчеству самой жизни, новой жизни“ [Бердяев, 1918:3]. რომ არ ვიცოდეთ, რომ ეს ტექსტი ზუსტად ასი წლის წინ, 1917 წელს, წარმოთქვა ავტორმა თავის საჯარო ლექციაზე, თამამად შეგვეძლო ჩაგვეთვალა, რომ დღეს არის დაწერილი, იმდენად მიესადაგება თანამედროვე რეალობას. მხოლოდ აქცენტია განსხვავებული. მაშინ ეს სიტყვები ხელოვნების კრიზისის კონტექსტში იყო მოაზრებული[3], დღეს კი თანამედროვე ხელოვნების მოდერნიზების კონტექსტში შეგვეძლო წარმოგვედგინა. დიახ, დღეს ნამდვილად შეცვლილია კლასიკური ხელოვნების იდეალი, ხელოვნება ციებ-ცხელებით ცდილობს თავისი საზღვრების გაფართოებას და ცხოვრებისათვის ფეხის აწყობას.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნების სინკრეტიზმი ახალ რეალობაში, როცა მულტიკულტურული სამყარო და მასთან დაკავშირებული საკითხები სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ხელოვანი აქაც პოულობს „ახალ ენას“, რომლითაც ის ახერხებს იყოს რეალიზებული კონკრეტულ სოციო-კულტურულ სამყაროში, მკითხველს ესთეტიკური სიამოვნებაც მიანიჭოს და თავისი სათქმელიც გადასცეს.

      ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია ზურაბ რთველიაშვილის  შემოქმედება, რომლის შესახებაც ქართული სალიტერატურო კრიტიკა წერდა: „ზურაბ რთველიაშვილის პოეზიაში ... მაღალია აბსტრაქცია. ... ბუნტის მითოლოგია, იგივე ამბოხების ეს აბსტრაქცია რთველიაშვილის პოეზიის ღერძია. ეს პოეტიკა მთლიანად აჯანყების არისტოკრატიულობაზე მიგვანიშნებს. ყველა ასეთი ექსპერიმენტი შეიძლება სოციალურ და პოლიტიკურ კრიტიკად განვიხილოთ, და არა პირად ან სუბიექტივისტურ საჩივრად. ...ზურაბ რთველიაშვილი ... ენობრივ პოეტად რჩება მაშინაც კი, როდესაც პოეზიისთვის არაკუთვნილ სივრცეს იკვლევს: შანტაჟის და პოლიტიკის. მით უმეტეს, მეტად რთულია, თავისებურად ორმაგ ამოცანას ჰგავს, როდესაც ენობრივი პოეზია ერთდროულად ახერხებს თავისთავში ამყოფოს ლირიკაც და რადიკალური კრიტიკაც. ლექსში შინაარსობრივი ვექტორი სხვადასხვა მხარეს მიემართება, მოულოდნელად წყდება, მთავრდება გაურკვევლობით ან გაურკვეველი ტრანსკრიპციით, ძახილის ნიშნით. ... შეიძლება ითქვას, რომ ზურაბ რთველიაშვილის პოეტიკა დიდი ქართველი და რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის ტრადიციის, მისი სამოქალაქო და ფუტურისტული ლირიკის პოსტმოდერნისტული გაგრძელებაა, რისი ანალოგიაც ადვილი მოსაძებნი არ არის დღევანდელ გარემოში – სწორედ ისევ პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი დეცენტრალიზებული ლიბერალიზმითა და ტოლერანტობით გამოწვეული მორიდებულობის გამო. ასეთი რადიკალური კრიტიკა მოდერნიზმის შესანიშნავ კვალს ატარებს“ [ჩიხლაძე, ინტერნეტრესურსი].

   ზურაბ რთველიაშვილი მრავალი წელია, შვედეთში ცხოვრობს და აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას  ეწევა როგორც სკანდინავიაში, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში. ერთ-ერთ ინტერვიუში შემოქმედი ასე აღწერს თავის მრავალფეროვან სახელოვნებო მოღვაწეობას:  „გამოვდივარ სხვადასხვა არტ და ლიტერატურულ სივრცეებში ჩემი პოეტური პერფორმანსებით და ლექციებით, გერმანული კინოს ახალი გენერაციის საკმაოდ ცნობილი რეჟისორის ჯულიან რადლმაიერის შეთავაზებით მის ორ მხატვრულ ფილმში ვითამაშე მთავარი როლი. პირველმა ფილმმა „მოჩვენება ევროპაში“ საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა, იგი 2013 წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა ალტერნატიული კინოს ნომინაციაში, მეორეზე მუშაობა მალე დასრულდება და იმედია, ორივეს იხილავს უახლოეს მომავალში ქართველი მაყურებელიც. შვედეთში მყავს ჩემი გამომცემელი, შესანიშნავი შვედი პოეტი კრისტიან კარლსონი. 2015-ში გამოიცა ჩემი პირველი პოეტური კრებული "პოეზიის დიქტატურა" შვედურ ენაზე, ჩემი ნაწარმოებები შესულია მსოფლიოს ბევრ ცნობილ ანთოლოგიაში, ამჟამად მე, როგორც პერფორმანს არტისტი და ავტორი, აქტიურად ვთანამშრომლობ სტოკჰოლმის ერთ-ერთ საკულტო ავანგარდულ თეატრთან, 2014-2015 წწ. ე.წ. „გილიოტინის“ სცენაზე დავდგი ერთი ექსპერიმენტული პიესა: „პას პორტი“, რომელსაც შვედი თეატრალური კრიტიკოსების ძალზე კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას ცალკეულ პერფორმანსებზე“ [რთველიაშვილი, ინტერნეტრესურსი].

     ზ. რთველიაშვილის შემოქმედება გარკვეულწილად ნოვატორულია და თანამედროვე  ქართული ლიტერატურისათვის  მრავალ სიახლეს შეიცავს. ერთი შეხედვით, ეს თითქოს ეგზოტიკური ხელოვნებაა, მაგრამ იგი მეტად სერიოზული ესთეტიკური ძიებების შედეგია. ასეთი მხატვრულ-ესთეტიკური ნოვაციები ცარიელ ადგილზე ვერ აღმოცენდება. შემოქმედი ეყრდნობა ამ თვალსაზრისით მეტად მდიდარ ქართულ, ევროპულ და რუსულ გამოცდილებას და შემოქმედებითად ითვისებს მას. ყველა სიახლეს თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. ზურაბ რთველიაშვილის შემოქმედების თავისებურებანიც მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის უნდა აღინიშნოს უცხოეროვნულ ლიტერატურულ-ესთეტიკურ გარემოში თვითრეალიზაციისაკენ მისწრაფება, ენობრივი ბარიერის დაძლევის სურვილი და სხვ.

       ავტორმა შექმნა  „საუნდ პოეზიის[4]“ ნიმუშები, რომელთაც ორგანულად დაუკავშირა  ხელოვნების სხვა დარგები და ხელოვნების რანგში აყვანილი  ყოველდღიური  საყოფაცხოვრებო აქტივობები, რითაც მიიღო   ახალი სინკრეტიზმის პრინციპით შექმნილი ახალი ტიპის მხატვრულ-ესთეტიკური ჰიბრიდი, რომლის არსიც მდგომარეობს ექსპერიმენტულად გამოყენებული ენობრივი ქსოვილის პოეტურ ტექსტად გადაქცევასა და მსმენელისათვის  თეატრალურ-დრამატული დეკლამირების ფორმით მიწოდებაში. ამაში შემოქმედს დაეხმარა როგორც თავისი პოეტური ნიჭი – სიტყვისა და ბგერის  ფლობის ვირტუოზული უნარი, ასევე თავისი არტისტული ნიჭიც, რისი წყალობითაც შექმნა გარკვეული მიქსი პერფორმანსის სხვადასხვა არტისტული ფორმებისა. პოეტმა  მიმართა ხელოვნების პარავერბალურ ფორმას, რომლითაც, როგორც თვითონ აღნიშნავს, სხვა ენერგეტიკის დონეზე ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან, ამ შემთხვევაში მსმენელთან. ავტორი ემოციურად კითხულობს თავისი „საუნდ  პოეზიის“ ნიმუშებს:

„სად აბა სად ასად

ტერორ, ტერორ, რორ,

ბარაკ ობამ, ბამ, ბამ,

მუბარაქ,

ერორრრრ, თერორრ, რორრ,

მირორრრ,

ბარაკ ობა ამ ბამ ბამ

მუბარაქ მუუუბარაქ“ ....

   ზურაბ რთველიაშვილის ეს ლექსი დადაურ-ფუტურისტულ და ზაუმურ პოეზიის ტრადიციებს ეყრდნობა. როგორც საყოველთაოდაა ცნობილი,  დადაურ-ფუტურისტული და ზაუმური პოეზიის არსი, ბუნებრივი ენის ან მისი ცალკეული ელემენტების უარყოფა და მათი სხვა, ბუნებრივ ენასთან მიმსგავსებული ელემენტებით ჩანაცვლებაში მდგომარეობს.  თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია მითითებული, ზაუმი არ გულისხმობს აზრის სრულ უარყოფას.  „К заумному языку прибегают: ...когда не хотят назвать предмет, а только намекнуть“ [Крученых, 1923:45]. იგივე შეიძლება დადაურ და ფუტურისტულ პოეზიასთან მიმართებაშიც გავიმეოროთ და კიდევ: „ფუტურისტები (დადაისტებიც და ზაუმის ავტორებიც, ნ.გ)  ამკვიდრებდნენ ფორმის კულტს, რომელსაც განიხილავდნენ შინაარსისაგან მოწყვეტით. ისინი ახალი ცხოვრების ასახვას ახალი მხატვრული საშუალებებით ცდილობდნენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ისინი ექსპერიმენტებს აწარმოებდნენ სიტყვაზე, ცდილობდნენ, განეახლებინათ პოეტური ენა და ამისათვის მიმართავდნენ ათასგვარ ექსპერიმენტს. ამ ექსპერიმენტის ყველაზე უფრო რადიკალური გამოვლინება იყო ე. წ. ზაუმი, ზაუმური ენაA (რუსულიდან: за - იქით, ум - გონება), რომელშიც სიტყვები იქმნებოდა ისეთი ბგერებისაგან, რომელთა ერთობლიობას არ ჰქონდა საყოველთაოდ გასაგები შინაარსი. ზაუმურ ტექსტს ლოგიკურად ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, რადგან ზაუმი არის ენა, რომელსაც არ აქვს ტრადიციული საკომუნიკაციო ფუნქცია. ზაუმურ ლექსში დასაშვებია ნებისმიერი ექსპერიმენტი: შინაარსსმოკლებული ბგერებისა და მარცვლების განმეორება, სიტყვის გაყოფა, დეფორმირება, ორი მორფემის შეერთება, სიტყვების ცალკეული ნაწილების შეერთება და ა.შ.”. [გაფრინდაშვილი...2014:251].

      ზ. რთველიაშვილის ამ ნაწარმოებში  ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია და ვერ ვიტყვით, რომ ემოციურ-ინტუიტიური სჭარბობს რაციონალურ საწყისს. ვფიქრობთ, აქ ამ ორ საწყისს შორის გარკვეული ბალანსია დაცული და იმ აზრობრივი იმპულსებიდან გამომდინარე, რაც მხატვრულ ტექსტშია მოცემული, მკითხველს ეძლევა ენერგიული იმპულსი მრავალფეროვანი და მრავალგვარი ინტერპრეტაციისათვის.

     ზურაბ რთველიაშვილი ენერგიულ სპონტანურ იმპროვიზაციაზე დაყრდნობით ოსტატურად ახერხებს სიტყვებითა და ბგერებით მანიპულირებას, მის მიერ წარმოდგენილი სიტყვებისა და ბგერების კომბინაცია ქმნის ესთეტიკურ ფენომენს, ახალი ინტერმედიური ხელოვნების ვერბალურ-სამეტყველო საფუძველს. ავტორი ხშირად მიმართავს დეკლამირებას, რეჩიტატივს (დეკლამაციური ხასიათის მელოდიას, რომელიც უახლოვდება ჩვეულებრივ მეტყველებას), სხვადასხვა ტიპის ხმაურს, მელოდიას, მუსიკალურ ინსტრუმენტებს  და სხვა, რაც ხელს უწყობს მისი შემოქმედების ექსპრესიის საზღვრების გაფართოებას. მთელი მისი შემოქმედებისა და  განსაკუთრებით მკრთალად გამოხატული ენობრივი მნიშვნელობების მქონე ტექსტების აღქმაში მნიშვნელოვნად არის ჩართული ემოციური და ინტუიციური საწყისები. უმთავრესი კი ისაა, რომ ზურაბ რთველიაშვილის ექსპერიმენტულ პოეზიას ქმნის ორი სემანტიკის – პოეტურისა და ექსტრაპოეტურის – ორგანული სინთეზი.

      ვფიქრობთ, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ქართველმა პოეტმა თავისი ექსპერიმენტული შემოქმედების ასპარეზად შვედეთი აირჩია. ამ ქვეყანას საკმაოდ მდიდარი ტრადიციები აქვს ხმოვანი პოეზიის, ტექსტურ-ბგერითი კომპოზიციის, რადიოფონური პოეზიისა და, ზოგადად,  ინტერმედიური ნოვატორული ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით. შვედები მთელ მსოფლიოში არიან აღიარებული საუნდ პოეზიის პიონერებად.

   პოეტი  ერთ-ერთ ინტერვიუში საგანგებოდ აღნიშნავს, რომ უცხოეთში ენობრივი ბარიერის არსებობა იყო და რჩება მის სერიოზულ პრობლემად, თუმცა, სხვაგან აცხადებს, რომ „ენას  მნიშვნელობა არ აქვს ხელოვანისათვის. ენა ხშირ შემთხვევაში არ არის განმსაზღვრელი, გააჩნია, როგორი ტიპის არის ხელოვანი. ამ შემთხვევაში, როცა შენ არა მარტო ვერბალურ ფორმებს იყენებ შენს შემოქმედებაში, არამედ გაქვს გარკვეული მიქსი პერფორმანსის სხვადასხვა არტისტული ფორმებისა, ეს გიიოლებს ურთიერთობას აუდიტორიასთან, ავტორებთან, მწერლებთან, გამომცემლებთან, რომლებიც უკვე სხვა კუთხით ფიქრობენ შენ შესახებ და იმ პროექტის შესახებ, რომელიც შესაძლებელია შენი ჩართვა... დივიდი ვერსია უნდა გამოიცეს თუ ჩვეულებრივი ნაბეჭდი წიგნი“ [ქევანიშვილი, ინტერნეტრესურსი].

   ზურაბ რთველიაშვილი, როგორც საუნდ პოეზიაშია მიღებული, იყენებს  ისეთ „სიტყვებს“, რომლებთაც წმინდა ფონეტიკურის გარდა, სხვა მნიშვნელობა არ გააჩნია. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული: „საუნდ პოეზიამ გადაუხვია სემანტიკური მაგისტრალიდან და გამოვიდა ენის საყოველთაოდ მიღებული წესებისა და ცნებათა სისტემის დაქვემდებარებიდან. საქმეში ერთვება ირაციონალურობა, აზრობრივი გაურკვევლობა... გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება დერიდას კვალდაკვალ ვილაპარაკოთ ლინგვისტური ობიექტების აკუსტიკურ დეკონსტრუქციაზე“ [Hultberg, ინტერნეტრესურსი].

      როგორც აღვნიშნეთ, ზურაბ რთველიაშვილის  „შესრულების“ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ავტორისეულ დეკლამირებას. ლექსის დეკლამირება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ავტორისეული შესრულება, რომელსაც წარმმართველი მნიშვნელობა აქვს აზრის წარმოქმნისა და ინტერპრეტაციის თვალსაზრისით. გარდა დეკლამირება-არტიკულაციისა, ზურაბ რთველიაშვილის ექსპერიმენტულ ხელოვნებას ქმნის სხვა ექსტრაპოეტური და ექსტრავერბალური ფაქტორები საშემსრულებლო ხელოვნების  სფეროდან: ტანის პლასტიკა, პერფორმანსის ელემენტები და სხვ., რომელთა ერთობლიობითაც „ავტორი-შემსრულებელი“ მოირგებს გარკვეულ როლს, ქმნის სათამაშო სივრცეს, რათა უფრო ექსპრესიული ზემოქმედება მოახდინოს მსმენელზე. ზურაბ რთველიაშვილის პერფორმანსები საინტერესო და მრავალფეროვანია, მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ ზურაბ რთველიაშვილის პერფორმანსი  „ბორში ევროპისათვის“ შვედეთში, სტოკჰოლმში,  ჯილჯოთინის თეატრში,  დასარტყმელი ინსტრუმენტისა და კონტრაბასის თანხლებით, სადაც ავტორს შემოაქვს ერთგვარი საყოფაცხოვრებო კონტექსტი - იგი ხმაურით ჭრის ე. წ. ბორშის მასალას: კომბოსტოს, სტაფილოს და სხვ. ბოსტნეულს და ამ ხმაურსაც თავისი პერფორმანსის ორიგინალურ კომპონენტად აქცევს.

    ზ. რთველიაშვილის შემოქმედება უაღრესად ენერგიულია. იგი აქტიური ქმედებისაკენ სხვებსაც მოუწოდებს, როდესაც ამბობს:ეგზისტენციალური თვალსაზრისით კი, ჩვენ გვაკლია ქმედითუნარიანობა, საჭიროა განვთავისუფლდეთ სიკვდილის, აჩრდილების კულტურისგან და მივმართოთ ჩვენი განვითარების ვექტორი ყოველწამიერი კვლავდაბადების, კვანტური ცნობიერების კულტურისკენ“ [რთველიაშვილი, ინტერნეტრესურსი].

   ამრიგად, ზურაბ რთველიაშვილის ფენომენი, ერთი მხრივ, ხელოვნების სხვადასხვა დარგის ორგანული კომბინაციით და, მეორე მხრივ, ხელოვნებისა და საყოფაცხოვრებო აქტივობების შედარებით თავისუფალი კომბინაციით იქმნება.    ვფიქრობთ, უცხოეროვნულ ლიტერატურულ-ესთეტიკურ გარემოში თვითრეალიზაციისაკენ მისწრაფება, ენობრივი ბარიერის დაძლევა, სტანდარტიზებული გემოვნებისა და ესთეტიკური მოთხოვნების მქონე საზოგადოებისათვის ახალი ესთეტიკური ფასეულობების შეთავაზება, ტრადიციული საუნდ პოეზიისა თუ ზაუმის ახლებური გააზრება აღმოჩნდა ის  უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებმაც ზურაბ რთველიაშვილს უბიძგეს დაეგეგმა ახალი ტიპის სტრატეგიები თავის შემოქმედებაში და გაეკეთებინა ახალი ტიპის პერფორმანსი, შეექმნა ე.წ. „საუნდ ლექსები“,  რომლებსაც თარგმანის გარეშე გაიგებს ნებისმიერი ეროვნების მსმენელი.  აზრის სიღრმის გადმოცემაში ავტორს ხელს უწყობს პოეტური ტექსტის მოწოდების ფორმა. ასე რომ, ზურაბ რთველიაშვილმა თავისი პოეტური ექსპერიმენტის საშუალებით მოახერხა ენობრივი საზღვრის გადალახვა და ახალი, მისთვის არამშობლიური კულტურის ნაწილად გადაქცევა.

    ამ ახალი ტიპის სინთეზურმა ხელოვნებამ  სამყაროს მხატვრული ასახვისა და ათვისების ახალი შესაძლებლობები გადაშალა ხელოვანის წინაშე და თვისობრივად ახალი მხატვრული ფასეულობების შექმნის შესაძლებლობა მისცა მას.

 


[1] ტერმინ ხელოვნების ერთგვაროვან დარგებში ვგულისხმობთ ხელოვნების დარგს, რომელიც ეყრდნობა ხატოვანების ერთ მატერიალურ მატარებელს (მაგალითად, ლიტერატურა - დაწერილ სიტყვას, მუსიკა -  ბგერას და ა.შ.).

[2] ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვანთა და მოაზროვნეთა ერთი ნაწილი (ნოვალისი, ვაგნერი და სხვ.) ხელოვნების სინკრეტიზმის მომხრე იყო და თვლიდა, რომ ხელოვნება ამ ფორმით უკეთ შეასრულებდა თავის მისიას.

[3] ბერდიაევი ასე იწყებს მსჯელობას: „Много кризисов искусство пережило за свою историю. Переходы от античности к средневековью и от средневековья к возрождению ознаменовывались такими глубокими кризисами. Но то, что происходит с искусством в нашу эпоху, не может быть названо одним из кризисов в ряду других. Мы присутствуем при кризисе искусства вообще, при глубочайших потрясениях в тысячелетних его основах“[ Бердяев, 1918: 3].

[4]   საუნდ პოეზია (Lautgedichte, soundpoem, звукостихи) არ არის მხოლოდ ერთი ეპოქის ან თუნდაც ერთი პოეტის მიგნება, ამ ტიპის ექსპერიმენტს პოეტური ხელოვნება პერიოდულად უბრუნდება. შეიძლება ყველა ეპოქას არა, მაგრამ მრავალ ეპოქას აქვს თავისი საუნდ-პოეზია, რომელშიც მხატვრული ტექსტში ფონეტიკური ასპექტი გარკვეულ დამოუკიდებლობას იძენს და ხშირ შემთხვევაში ავტორისათვის თვითმიზნადაც  იქცევა ხოლმე, თუმცა ყველა ტიპისა და ეპოქის საუნდ პოეზიას განსხვავებული შინაარსი და კონცეფცია აქვს.
      საუნდ პოეზიის პრეისტორია და ფესვები შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ. მაგალითად: სხვადასხვა ტიპის  ფოლკლორულ ტექსტებში,  შელოცვებში,  საბავშვო გათვლებში, სიმღერათა მისამღერებში, ხმაბაძვით ტენდენციებზე აგებულ ტექსტებში. ზოგადად, საუნდ პოეზიის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ხალხურ ტრადიციებს. საუნდ პოეზია ზ. რთველიაშვილამდეც არსებობდა ქართულ ლიტერატურულ ტრადიციაში. განსაკუთრებით ნოყიერი აღმოჩნდა მისთვის მეოცე საუკუნის დასაწყისის მხატვრულ-ესთეტიკური ტენდენციები დადაისტებისა და ფუტურისტების პოეტური ექსპერიმენტები, ზაუმი და სხვ:  „Sound Poetry' as normally defined makes a first appearance in the early 20th century as an outrider of the great army of Modernism. (Of course there were sounds long before that but they needed clothes that convinced listeners that they were really something else)“ [Jas. H. Duke, ინტერნეტრესურსი].

ლიტერატურა

რთველიაშვილი ზ.
2015
„იყავი მუდმივ ძიებაში და ფორტუნა თავად მოგაკითხავს“ (ინტერნეტრესურსი:http://www.okmagazine.ge/index.php/2015-06-10-13-55-41/interviu/4732-zurab-rthveliashvili-iyavi-mudmiv-dziebashi-da-fortuna-thavad-mogakithkhavs).
ქევანიშვილი ე.
2014
ზურაბ რთველიაშვილი: პოეტი ემიგრაციაში. (ინტერნეტრესურსი: http://www.radiotavisupleba.ge/content/zurab-rtveliashvili/26556147.html)
ჩიხლაძე დ.
ენობრივი პოეზიის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში  (ინტერნეტრესურსი:http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=8091).
Hultberg T.
FROM “BIRDS IN SWEDEN” TO “MR. SMITH IN RHODESIA”. Glimpses of the history of text-sound composition in Sweden. (ინტერნეტრესურსი: http://glukhomania.ncca-kaliningrad.ru/pr_sonorus.php3?blang=eng&t=0&p=14)
Duke Jas. H.
Sounds, sound poetry, and sound/text compositions, (ინტერნეტრესურსი: http://www.rainerlinz.net/NMA/repr/Duke.html)
Бердяев Н.
1918
Кризис искусства, М. издание Лемана и Сахарова
Крученых А.
1923
Декларация заумного слова (1921) // Апокалипсис в русской литературе. Чорт и речетворцы. Тайные пороки академиков. Слово, как таковое. Декларации. Книга 122-я. М.
გაფრინდაშვილი ნ., მირესაშვილი მ.
2014
ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლები. თბილისი, მერიდიანი.