მოსე ხორენელისა და კორიუნის თხზულებათა შედარებითი შესწავლა
მესროპ-მაშტოცის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ უძველეს და პირველწყაროდ ითვლება მისი მოწაფის კორიუნის თხზულება „მაშტოცის ცხოვრება“. მეორეულ წყაროსთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. მეცნიერთა ერთი ნაწილი თხზულებათა ამგვარ თანმიმდევრობას გვთავაზობს: კორიუნი, მოსე ხორენელი, ლაზარე ფარპელი [Հարությունյան, 1892: 208; Անանյան, 1964: 7], მეორე ნაწილი კი კორიუნის შემდეგ ირჩევს ლაზარე ფარპელის, შემდეგ კი მოსე ხორენელის თხზულებას [Բյուզանդացի, 1900: 9; Մանանդյան, 1962: 31; Կորյուն, 1981: 18; Աճառյան, 1984: 5]. არსებობს მკვლევართა ერთი ჯგუფი, რომელიც მოსე ხორენელის ცნობების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს [Մարկվարտ, 1962: 135; Օրմանյան, 1959: 274; Ֆնտգլյան, 1930: 73]. ნ. აკინიანი სომხური ანბანის შექმნის ერთადერთ თანამედროვე ისტორიკოსად კორიუნს ასახელებს, უგულებელყოფს ყველა იმ პერიოდის ავტორს, მათ შორის ლაზარე ფარპელსა (გულისხმობს იმ თავს, რომელშიც საუბარია მაშტოცის მოღვაწეობის შესახებ, მეცნიერი ლაზარე ფარპელის ისტორიის პირველ ნაწილს VIII საუკუნეში შექმნილად თვლის [Ակինեան, 1935: 459]) და მოსე ხორენელს [Ակինյան, 1949: 245].
მოსე ხორენელის ცნობების მიმართ ამგვარი კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია იმ მრავალმა და ურთიერთგამომრიცხავმა განხილვამ თუ შეფასებამ, რომლებიც არსებობდა ისტორიკოსისა და მისი თხზულების მიმართ. ეს პროცესი სომხური სამეცნიერო წრისათვის დასრულდა XX საუკუნის შუა ხანებში, როდესაც გამოსცეს გამოკვლევა, აღადგინეს მისი ისტორიის ღირებულება და გამოთქვეს მოსაზრება, რომ მოსე ხორენელი იყო მესროპ-მაშტოცის უმცროსი მოწაფე, ცხოვრობდა და თავისი „ისტორია“ შექმნა V საუკუნეში [Մալխասյան, 1961: 69-70]. ქართველმა და ევროპელმა არმენოლოგებმა არ გაიზიარეს სომეხ მეცნიერთა ეს შეხედულება და ტრადიციულად V საუკუნის ისტორიკოსად მიჩნეული მოსე ხორენელი IX საუკუნის მოღვაწედ ჩათვალეს[მოვსეს ხორენაცი, 1984: 6-13].
სომხურ სამეცნიერო ლიტერატურაში მოსე ხორენელს ძველი სომხური საისტორიო მწერლობის „მამას“, „სომეხ ჰეროდოტეს“, „სომეხ ტაციტუსს“ უწოდებენ. მოსე ხორენელის თხზულებაში მოთხრობილია სომხეთის ისტორია დასაბამიდან ახ. წ. V საუკუნემდე. „სომხეთის ისტორია“ სამი ნაწილისაგან შედგება: სომხეთის წარჩინებულთა თელს-ტომობის შესახებ; სომეხი ხალხის წინაპრების ისტორია შუა ხანაში; სომეხი ხალხის სამშობლოს ისტორიის ბოლო ნაწილი [მოვსეს ხორენაცი, 1984].
მოსე ხორენელის თხზულება არაერთხელ გამხდარა მკვლევართა ინტერესის საგანი, ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ თხზულების მესამე ნაწილზე, სადაც საუბარია მესროპ-მაშტოცის მოღვაწეობისა და მის მიერ სომხური, ქართული და ალბანური ანბანების შექმნის შესახებ. ჩვენი კვლევის მიზანია მოსე ხორენელისა და კორიუნის თხზულებათა შედარების შედეგად გამოვავლინოთ მათ შორის არსებული საერთო და განმასხვავებელი დეტალები. ამგვარი შედარებითი ანალიზი საშუალებას მოგვცემს, ნდობა გამოვუცხადოთ ან პირიქით, ეჭვის ქვეშ დავაყენოთ მოსე ხორენელის ცნობების სანდოობა.
ნაშრომში წარმოვადგენთ იმ ფაქტობრივ განსხვავებებს, რომლებიც გამოიკვეთა თხზულებების ტექსტოლოგიური შედარების შედეგად:
პირველი და მთავარი განსხვავება ამ ორ თხზულებას შორის ისაა, რომ სომხურ სამეცნიერო მწერლობაში ტრადიციულად V საუკუნის ისტორიკოსად მიჩნეული მოსე ხორენელი ანბანის შემქმნელის სახელის იმ ფორმას (მესროპი) იყენებს, რომელიც გვიანი ხანის წყაროზე მიუთითებს და VII საუკუნეშიც კი არ იხმარებოდა. VIII საუკუნემდე ავტორები – კორიუნი (V ს.), ეზნიკ კოღბელი (V ს.), კონსტანტინოპოლის პატრიარქი პროკლე (V ს.), ლაზარე ფარპელი (V ს.), აბრაამ კათალიკოსი (VII ს.), იოანე ოძუნელი (VIII საუკუნის დასაწყისი), მოსე კალანკატუელი (VII ს.) – მაშტოცს უწოდებენ. თავად მოსე ხორენელის ისტორიის II წიგნის X თავში ერთგან გვხვდება მაშტოცის ფორმით:
«Եւ վկայ քեզ ի մօտոյ երաշխաւորեսցէ Եկլէսիաստէ (Sic!) գիրք Եւսեբի Կեսարացւոյ, զոր ետ թարգմանել երանելի վարդապետն մեր Մաշտոց ի հայ լեզու:» [ამასვე მოწმობს ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორიის“ წიგნი, რომელიც ჩვენმა ნეტარმა მოძღვარმა მაშტოცმა თარგმნა სომხურად] [Մովսէս Խորենացի, 1991: 120].
III ნაწილის ბოლოს კი, სადაც მაშტოცს რამდენიმე თავი ეძღვნება, ისტორიკოსი სომხური დამწერლობისა და მწერლობის ფუძემდებელს მესროპს უწოდებს. ამ მხრივ, მოსე ხორენელის თხზულება ახლოს დგას კორიუნის მოკლე რედაქციასთან (მოკლე რედაქცია ანბანის შექმნელს ყველაგან მესროპად მოიხსენიებს), თუმცა ისტორიკოსის თხრობა ხშირად ვრცელ რედაქციას მიჰყვება, არის შემთხვევები, როდესაც ორივე რედაქციისგან არსებითად განსხვავდება [ჯავახიშვილი, 1935: 158].
მოსე ხორენელი სომხური გრაფემების აღმოჩენის ისტორიას ავსებს ისეთი ახალი დეტალებით, რომლებიც არ დასტურდება ძველ წყაროებში.
„ისტორიის“ 52-ე თავში მოთხრობილია არკადი კეისრის დროს კონსტანტინოპოლში იოანე ოქროპირთან დაკავშირებული სისასტიკის შესახებ. ისტორიკოსის თანახმად, როდესაც სპარსეთის მეფე ვრამმა სომხეთის მეფე ვრამშაპუჰი გაგზავნა შუამდინარეთში, მშვიდობის დასამყარებლად და კამათის მოგვარების მისიით, ვრამშაპუჰმა იგრძნო სომხური ანბანის საჭიროება: სომხეთის მეფე შეწუხებული იყო იმით, რომ მთარგმნელი არ ახლდა. ამ დროს ერთ-ერთი თანმხლები ვინმე ჰაბელი დაჰპირდა მას, რომ მოიტანდა დანიელ ეპისკოპოსის მიერ გაწყობილ სომხურ ანბანს [Մովսէս Խորենացի, 1991: 325].
მოსე ხორენელი ჰაბელს მიაწერს სომხური ანბანის შექმნას, დანიელ ეპისკოპოსის დახმარებით: «Զոր [Հաբէլն] առեալ, և երթեալ նովաւ հանդերձ քաջ հմտացեալ ի Դանիէլէ, կարգեալ ըստ ձևոյ օրինակի յունականին զվաղնջուցն գրեալ շարագիր տառից՝ եկեալ ետուն ցմեծն Սահակ և Մեսրոպ:» [იგი [ჰაბელი] წავიდა და საფუძვლიანი განმარტება მიიღო დანიელისაგან, [მათ] ბერძნული რიგის მიხედვით დაალაგეს ადრევე შედგენილი ანბანი, მოიტანეს და გადასცეს იგი საჰაკ დიდსა და მესროპს] [Մովսէս Խորենացի, 1991: 326].
კორიუნის თხზულებაში ვრამშაპუჰ მეფის შუამდინარეთში გამგზავრებისა და იქ დანიელის ანბანის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ფაქტები აღწერილი არ არის. თხზულების მიხედვით, კრების შემდეგ კათალიკოსმა საჰაკმა და მაშტოცმა მეფეს გააცნეს სომხური ანბანის შექმნის იდეა, მეფე ვრამშაპუჰმა უამბო მათ ერთ სირიელ ეპისკოპოს დანიელზე, რომელთანაც მოულოდნელად აღმოჩნდა სომხური გრაფემები. თუ საიდან იცოდა სომხეთის მეფემ დანიელის გრაფემების შესახებ, ამაზე კორიუნი არაფერს ამბობს [Կորյուն, 1981: 90].
დანიელის ანბანით სწავლების ხანგრძლივობაც განსხვავებულად არის წარმოდგენილი. ორივე თხზულების თანახმად, დანიელის ანბანი სომხეთში მოიტანეს ვრამშაპუჰის მეფობისას, საჰაკ კათალიკოსმა და მაშტოცმა გადაწყვიტეს ამ ანბანით ესწავლებინათ ბავშვებისათვის და ამგვარად გამოეცადათ ახალი ანბანი. „მაშტოცის ცხოვრების“ მიხედვით, ანბანი მოიტანეს ვრამშაპუჰის მეფობის მეხუთე წელს, ორი წელი ასწავლიდნენ და მიხვდნენ, რომ ეს გრაფემები არ იყო საკმარისი სომხური ენის გამოსახატავად; მოსე ხორენელი ანბანის გასინჯვის პროცესის ხანგრძლივობას «զամս սակաւս» [რამდენიმე თვით] აღიშნავს და ზუსტ დროს არ ასახელებს. ისტორიკოსი არც დანიელის ანბანის რაგვარობის შესახებ აკეთებს რაიმე კომენტარს, თუ რა ანბანია, საიდან გაჩნდა სირიელ ეპისკოპოსთან. კორიუნი კი მას სხვა ენების დამწერლობას უწოდებს, რომელიც «յայլոց դպրութեանց թաղեալք և յարուցեալք դիպեցան, յետ այնորիկ դարձեալ կրկին անգամ ի նոյն հոգս դառնային, և նմին ելս խնդրէին ժամանակս ինչ»: [სხვათა მწიგნობრობას წარმოადგენდა, მომდინარეობდა მკვდარი ენისგან და მათ ხელმეორედ იყენებდნენ, [რის გამოც] გარკვეული დროის მანძილზე მსგავსი ფუნქციის შესრულებას მოითხოვდნენ მისგან] [Կորյուն, 1981: 94].
ანბანის ძიების გზაზე მაშტოცის მოგზაურობის ისტორია ამ ორ წყაროში განსხვავებულად არის აღწერილი. მას შემდეგ, რაც დანიელის ანბანი საკმარისი არ აღმოჩნდა სომხური ენის სრულად გამოსახატავად, მეფის ბრძანებით და საჰაკის თანხმობით, მაშტოცი გაემართა შუამდინარეთისაკენ, თან წაიყვანა ერთი ჯგუფი მოწაფეებისა. თუმცა რატომ წავიდა შუამდინარეთში, კორიუნი ამის თაობაზე არაფერს ამბობს. მოსე ხორენელის ისტორიის მიხედვით კი, მესროპი შუამდინარეთში გაემგზავრა დანიელის სანახავად, რათა მისგან მიეღო დამატებითი ინფორმაცია სომხური ანბანის შესახებ. დანიელ ეპისკოპოსთან წარუმატებელი ვიზიტის შემდეგ, მესროპი გადავიდა ედესაში [Մովսէս Խորենացի, 1991: 327].
მოსე ხორენელის ისტორია ერთადერთი წყაროა, სადაც აღნიშნულია მაშტოცის დანიელ ეპისკოპოსთან გამგზავრებისა და მისგან ინფორმაციის მიღების ფაქტი. ხორენელის ისტორია ამ მხრივ ახლოს დგას კორიუნის მოკლე რედაქციასთან, სადაც მესროპი მოწაფეებთან ერთად პირადად მიდის დანიელთან ანბანის მოსატანად [Կորյուն, 1994: 117].
დანიელის ანბანის წარუმატებლობის შემდეგ, იწყება მეორე ეტაპი სომხური ანბანის შექმნისა. კორიუნის „ცხოვრების“ მიხედვით, მაშტოცი თავად არის შემოქმედი სომხური ანბანისა, მან, მამის მსგავსად, შვა (შექმნა) ახალი გრაფემები და სამოსატში ჰროფანოსის დახმარებით ახალი სახეები მიანიჭა მათ:
«Որում պարգեւէր իսկ վիճակ յամենաշնորհողէն Աստուծոյ. հայրական չափուն ծնեալ ծնունդս նորոգ և սքանչելի՝ սուրբ աջովն իւրով, նշանագիրս հայերէն լեզուին: Եւ անդ վաղվաղակի նշանակեալ, անուանեալ և կարգեալ, յօրինէր սիղոբայիւք կապօք:» [მან თავისი წმინდა მცდელობით მამობრივად შვა [შექმნა] ახალი და საოცარი შობილები – სომხური ენის გრაფემები. მან სწრაფად აღბეჭდა [ეს გრაფემები], სახელები მიანიჭა მათ, რიგზე განალაგა და შექმნა თხზული ასოები] [Կորյուն, 1981: 96].
მოსე ხორენელთან სომხური ანბანის აღმოჩენა ღვთიურ ხილვას მიეწერება: «Եւ տեսանէ ոչ ի քուն երազ և ոչ յարթնութեան տեսիլ, այլ ի սրտին գործարանի երևութացեալ հոգւոյն աչաց թաթ ձեռին աջոյ՝ գրելով ի վերայ վիմի. զի որպէս ի ձեան վերջք գծին՝ կուտեալ ունէր քարն: Եւ ոչ միայն երևութացաւ, այլ և հանգամանք ամենայնին որպէս յաման ինչ ի միտս նորա հաւաքեցաւ:» [მაშინ იხილა მან სულის სიღრმეში, გონების თვალით და არა ძილის დროს სიზმრად ან მღვიძარემ მოჩვენებით, მარჯვენა ხელის მტევანი, რომელიც წერდა კლდეზე ისე, რომ მასზე, ვითარცა თოვლზე, რჩებოდა ხაზების კვალი. ეს არა მარტო გამოისახა [მესროპის] თვალწინ, არამედ ყველა [გრაფემის] დამახასიათებელმა თვისებებმა მოიყარეს თავი მის გონებაში, როგორც რაიმე ჭურჭელში] [Մովսէս Խորենացի, 1991: 327].
მკვლევარები მოსე ხორენელის ხილვას სხვადასხვა შეფასებას აძლევენ: ჰრ. აჭარიანი ხორენელის ღვთიურ სასწაულს, რომელიც ისტორიკოსის გავლენით შემდგომში სხვა ავტორებმაც გაიმეორეს, კორიუნის მცდარად გაგების შედეგს უწოდებს [Աճառյան, 1955: 30-31]. ა. კრანიანის აზრით, მოსე ხორენელს კორიუნზე ნაკლები ტექნიკური დეტალები აქვს მესროპის მიერ შესრულებული საქმის შესახებ და უფრო მისტიკურ ხასიათს აძლევს თავის ისტორიას [Կռանեան, 1992: 61-62].
მოსე ხორენელის „სომხეთის ისტორიის“ ვენეციის 1843 და 1865 წლების გამოცემაში და ეჩმიაწინის №1661 ხელნაწერში მესროპის ხილვა სხვაგვარად არის აღწერილი, დასახელებულია მესროპის მიერ შექმნილი შვიდი ხმოვანი: «...գրելով ի վերայ վիմի. Ա, Ե, Է, Ը, Ի, Ո, Ւ»: ვენეციის გამოცემები ეყრდნობა 1303, 1660, 1671 და 1683 წლების ხელნაწერებს, ეჩმიაწინის №1661 ხელნაწერი კი გადაწერილია 1676-1678 წლებში.
ფრ. მიულერის მოსაზრებით, დანიელთან აღმოჩენილი ანბანი სემიტური წარმომავლობისა იყო, ხმოვნები არ ჰქონდა. მესროპმა ეს შვიდი ხმოვანი ბერძნული ნიშნების მიხედვით შექმნა, დაამატა და დანიელ ასურის ნაკლული გრაფემები შეასწორა. ვენეციაში გამოცემული ტექსტებისა და ეჩმიაწინის ხელნაწერების მონაცემებზე დაყრდნობით ფრ. მიულერი თვლის, რომ მოსე ხორენელი მესროპს სომხური ანბანის მხოლოდ შვიდი ხმოვნის აღმომჩენად მიიჩნევს [Միւլլէր, 1889: 87].
განსაკუთრებით საინტერესოა მესროპ-მაშტოცის საგანმანათლებლო მოღვაწეობა მეზობელ ქართლსა და ალბანეთში. კორიუნისაგან განსხვავებით, მოსე ხორენელი ქართლსა და ალბანეთში მესროპის მოგზაურობას შემოკლებულად გადმოგვცემს. მესროპი ქართულ ანბანს ქმნის ქართლში მთარგმნელი ჯაღას დახმარებით და ბაკურ მეფისა და მოსე ეპისკოპოსის ხელშეწყობით. მოსე ხორენელის ისტორია ერთადერთი წყაროა, რომელიც მესროპის მიერ ქართლში ზედამხედველებად დატოვებული მოწაფეების სახელებს გვთავაზობს:
«Եւ ընտրեալ մանկունս, և յերկուս բաժանեալ դասս, և վարդապետս թողու նոցա յաշակերտաց իւրոց զՏէր խորձենացի, և զՄուշէ տարօնեցի:» [მან შეარჩია ბავშვები, გაყო ისინი ორ ჯგუფად და მოძღვრებად დაუტოვა თავისი [ორი] მოწაფეთაგანი, ტერ ხორძენელი და მუშე ტარონელი] [Մովսէս Խորենացի, 1991: 372].
ქართლში მოღვაწეობის შემდეგ მესროპი გადადის ალბანეთის ქვეყანაში მეფე არსვაღენთან და იერემია ეპისკოპოსთან და ბენიამინ მთარგმნელის დახმარებით ქმნის ანბანს ალბანური ენისათვის.
თხზულებების შედარებამ კიდევ ერთი საგულისხმო განსხვავება გამოავლინა: როგორც „მაშტოცის ცხოვრებიდან“ ვიცით, სომხური ანბანის შექმნის შემდეგ საჰაკმა და მაშტოცმა სომხური მწიგნობრობის განვითარებისათვის ხელი მიჰყვეს მთარგმნელობით საქმიანობას. საჰაკ კათალიკოსმა ბერძნული ენიდან დაიწყო წიგნების თარგმნა: «Ձեռն ի գործ արկանէր ի թարգմանել և ի գրել մեծն Իսահակ՝ ըստ յառաջագոյն սովորութեանն:» «Իսկ երանելւոյն Սահակայ զեկեղեցական գրոց գումարութիւնն՝ կանխաւ ի յունական բարբառոյն ի հայերէն դարձուցեալ, և բազում ևս զհայրապետաց սրբոց զճշմարիտ զիմաստութիւնն:» [დიდმა საჰაკმა დაიწყო თარგმნა და წერა თავისი წინანდელი ჩვეულებით.“ „ნეტარმა საჰაკმა თავდაპირველად ბერძნული ენიდან თარგმნა საეკლესიო წიგნები მთლიანად და წმინდა მამამთავრების სიბრძნე] [Կորյուն, 1981: 124].
სრულიად განსხვავებულ ცნობას გვაწვდის მოსე ხორენელის „სომხეთის ისტორია“:
«և գտանէ զմեծն Սահակ թարգմանութեան պարապեալ յասորւոյն՝ յոչ լինելոյ յունի: Քանզի նախ ի Մերուժանայ այրեալ լինէին ընդհանուր աշխարհիս յոյն գիրք. դարձեալ ի բաժանել զաշխարհս Հայոց՝ չտային պարսիկ վերակացուքն յոյն ուսանել դպրութիւն ումեք յիւրեանց մասինն, այլ միայն ասորի:» [მესროპმა] შეიტყო, რომ ბერძნული [წიგნების] უქონლობის გამო საჰაკ დიდს ხელი მიუყვია ასურულიდან თარგმნისათვის. საქმე ისაა, რომ მეჰრუჟანმა დაწვა ბერძნული წიგნები მთელს ჩვენს ქვეყანაში; ამასთანავე, სომხეთის დანაწილებისას, სპარსთა წილ [სომხეთში] სპარსელი მოხელეები ბერძნული მწიგნობრობის შეთვისების ნებას არავის რთავდნენ, მხოლოდ ასურულის [შესწავლა შეიძლებოდა] [Մովսէս Խորենացի, 1991: 329].
მოსე ხორენელის ეს ცნობა მეორდება კორიუნის მოკლე რედაქციაში. მოკლე რედაქცია, წყაროების მსგავსად, პირველ ნათარგმნ თხზულებად სოლომონის იგავებს ასახელებს, თუმცა აქ გარკვევით არის ნათქვამი, რომ მაშტოცმა ძველი აღთქმის 22 წიგნი გადმოთარგმნა. მოსე ხორენელი მხოლოდ ძველი აღთქმის წიგნებით არ კმაყოფილდება და ახალი აღთქმის წიგნებსაც ამატებს:
«Եւ իսկոյն ի թարգմանութիւն ձեռն արկեալ, խորհրդաբար սկսանելով յԱռակաց, բովանդակ զքսան և երկու յայտնիսս և զնոր Կտակս յեղուլ ի հայ բան, նա և աշակերտք նորա Յոհան եկեղեցային և Յովսէփ պաղնացի. միանգամայն և զարուեստ գրչութեան ուսուցանել տալով իւրոց մանկագոյն աշակերտացն:» [მესროპი] მაშინვე შეუდგა თარგმნას, შეგნებულად დაიწყო [სოლომონის] იგავებიდან. მან გადმოიღო [სომხურად] ოცდაორი ცნობილი წიგნი, თავის მოწაფეებთან, ჰოჰან ეკეღეცელთან და ჰოვსეფ პაღინელთან ერთად სომხურად თარგმნა ახალი აღთქმაც. იმავედროულად, იგი წერის ხელოვნებას ასწავლიდა თავის ყმაწვილ მოწაფეებს] [Մովսէս Խորենացի, 1991: 327].
მოსე ხორენელის „ისტორიის“ ახალ სომხურ ენაზე მთარგმნელი სტ. მალხასიანი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „შეუძლებელია მაშტოცს ორ მოწაფესთან ერთად სირიაში ეთარგმნა და დაესრულებინა ძველი და ახალი აღთქმა. ეს ეწინააღმდეგება თავად ხორენელს, რადგან იგი ერთგან (III ნაწილი, 54-ე თავი) ახსენებს, რომ წმ. წიგნი თარგმნა წმ. საჰაკმა სირიულიდან, რადგან ბერძნულად არ იყო, სხვაგან (III ნაწილი, 61-ე თავი) კი წერს, რომ წმ. საჰაკმა და მესროპმა ბერძნულიდან შეასრულეს სახელდახელო თარგმანები.“ სტ. მალხასიანის ვარაუდით, ახალი აღთქმის თარგმნის ადგილი ჩამატებულია [Մովսես Խորենացի, 1981: 385-386].
კიდევ ერთი ფაქტობრივი განსხვავება, რომელიც შეინიშნება მოსე ხორენელის „სომხეთის ისტორიასა“ და კორიუნის „მაშტოცის ცხოვრებას“ შორის. „ისტორიაში“ აღწერილია საჰაკ კათალიკოსის მიერ მესროპისა და თავისი შვილიშვილის ვარდანის ეპისტოლეებით გაგზავნა ბიზანტიაში თეოდოს კეისართან და ეპისკოპოს ატტიკოსთან. კორიუნის თხზულება ამ ფაქტს არ ასახელებს.
მოსე ხორენელის „ისტორიის“ ამ მონაკვეთში ორი ადგილი იქცევს ჩვენს ყურადღებას:
1. საჰაკ კათალიკოსი თეოდოს კეისრისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სომხეთის ბერძნულ ნაწილში[1] არ შეიწყნარეს ის ანბანი, რომელიც მესროპმა დიდი ძალისხმევით მოიპოვა ასურელთა ქვეყანაში.
«Այնչափ ատեցեալ զմեզ, մինչև զնշանագիրս անգամ ոչ ընկալան, զորս եբեր նոյն այր՝ զոր առաքեցի առ ձեր բարերարութիւնդ, բազում անգամ ճգնեալ դորա յԱսորւոց աշխարհին:» [მათ იმდენად ვეჯავრებით ჩვენ, რომ უარი თქვეს იმ ანბანის შეწყნარებაზეც, რომელიც თქვენს უკეთილშობილებასთან გამოგზავნილმა კაცმა მოიტანა. მან [ეს ასოები] დიდი ჯაფის წყალობით [მოიპოვა] ასურთა ქვეყანაში] [Մովսէս Խորենացի, 1991: 333].
2. კეისარი საჰაკისადმი გაგზავნილ საპასუხო ეპისტოლეში კი საუბრობს ზეციური მადლით მიღებული დამწერლობის შესახებ: «բայց զի յետոյ պատմեաց մեզ Մեսրոպ, եթէ կատարումն արուեստիդ ի շնորհաց վերնոյն եղև՝ գրեցաք՝ զի ամենայն փութով ուսցին, և զքեզ պատուեալ ընկալցին՝ որպէս զարդարև վարդապետ իւրեանց, հանգոյն արքեպիսկոպոսին Կեսարու...» [მას შემდეგ რაც მოგვითხრო მესროპმა, რომ [წერის] ხელოვნება ზეგარდმო მადლით მოგენიჭათ, მივწერეთ, რათა შეისწავლონ იგი დიდი გულმოდგინებით და შენ პატივით შეგიწყნარონ, ვითარცა მათი ჭეშმარიტი მოძღვარი, კესარიის არქიეპისკოპოსის მსგავსად] [Մովսէս Խորենացի, 1991: 335].
აღნიშნული მონაცემები ეწინააღმდეგება ერთმანეთს: ერთ შემთხვევაში გვაქვს სომხური ანბანის აღმოჩენა სირიელთა ქვეყანაში (აქ დანიელ ეპისკოპოსის ანბანი უნდა ვიგულისხმოთ), მეორე შემთხვევაში კი – ზეციური ხილვით ანბანის წარმოშობა. ჰრ. აჭარიანის აზრით, თეოდოს კეისარს, ეპისკოპოს ატტიკოსა და საჰაკ კათალიკოსს შორის მიმოწერა, სიმართლეს არ შეესაბამება [Աճառյան, 1956: 42-44].
მოსე ხორენელი თავის თხზულებას, კორიუნის მსგავსად, საჰაკისა და მესროპის გარდაცვალების ამბის თხრობით ამთავრებს.
რა არის მოსე ხორენელის ისტორიის წყაროები? არსებობს მოსაზრება, რომ მოსე ხორენელს თავისი თხზულების წერისას უნდა ესარგებლა კორიუნის „მაშტოცის ცხოვრებით“. ისტორიკოსი ზოგჯერ მის ციტირებას ახდენს, ზოგჯერ კი თავისი შეხედულებისამებრ ამატებს ცნობებს [Անանեան, 1962: 208]. თუმცა ლაზარე ფარპელისგან განსხვავებით, კორიუნს წყაროდ არ ასახელებს, აღნიშნავს, „როგორც გავიგეთ სარწმუნო კაცთაგან“. მხოლოდ ერთგან ახსენებს კორიუნს, როდესაც გვიამბობს კორიუნისა და ღევონდის ბიზანტიაში წასვლის შესახებ. მკვლევართა მოსაზრებით, მოსე ხორენელს ხელთ უნდა ჰქონდა ვრცელი და მოკლე რედაქციისაგან სრულიად განსხვავებული რედაქცია, ან შესაძლოა ისტორიკოსი ზეპირ გადმოცემებზე დამყარებულ ცნობებს გვაწვდიდეს. თხზულებაში „მესროპის“ ფორმის გამოყენება მის გვიანდელობაზე მიუთითებს [ჯავახიშვილი, 1935: 156].
შეიძლება ითქვას, რომ მოსე ხორენელისა და კორიუნის თხზულებების მაშტოცის შესახებ თხრობის ძირითადი იდეა ერთია. ორივე ავტორის მიზანია მესროპ-მაშტოცის წარმოჩენა სომხეთის, ქართლისა და ალბანეთის ქვეყნების განმანათლებლად და მათთვის ანბანების შემქმნელად. თუმცა, ამ იდეის განსახორციელებლად მოსე ხორენელისა და კორიუნის მიერ გადმოცემული ამბები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ საქმე გვაქვს ორ სრულიად განსხვავებულ წყაროსთან.
მეცნიერები, რომლებიც მოსე ხორენელის თხზულებას სანდო წყაროდ მიიჩნევენ, თხზულების შეფასებისას, ითვალისწინებენ მის ხასიათს. მეცნიერთა ეს ნაწილი აღნიშნავს, რომ პირველწყაროსგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ჰაგიოგრაფიაა და ეძღვნება მესროპ-მაშტოცს და მის დიად საქმეს – ანბანის შექმნას, მოსე ხორენელის თხზულება სომხეთის ათასწლეულების ზოგადი ისტორიაა. მასში მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა წარმოდგენილია იმ დროის მოვლენებთან კავშირში. მოსე ხორენელის ისტორიას აქვს თავისი განლაგების პრინციპები. ითვლება, რომ იგი ცხოვრობდა იმ დროს, როდესაც გავრცელებული იყო სომხური დამწერლობის შექმნის საყოველთაო მოძრაობა, იყო მოწაფე მესროპ-მაშტოცისა და მისგან ჰქონდა გაგებული სომხური ანბანის შექმნის შესახებ. მან ბევრი რამ იცოდა ასევე მაშტოცის უფროსი მოწაფეებიდან და ბოლოს, ისარგებლა კორიუნით. ერთ შემთხვევაში გვაქვს ჰაგიოგრაფია, მეორე შემთხვევაში კი – ისტორია, სადაც, ბუნებრივია, გამორჩება ფაქტები, შემოკლდება, ხან დაემატება. მნიშვნელოვანია ასევე თხზულებების შემდგომი ბედი – გამოყენების რაოდენობა, გადაწერის სიხშირე. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კორიუნისა და მოსე ხორენელის თხზულებები დაიწერა V საუკუნეში, მას შემდეგ მრავალჯერ გადაიწერა, განსაკუთრებით ხორენელის ნაშრომი, რადგან იგი სახელმძღვანელო იყო, ხშირად გადაიწერებოდა ნაკლებად განათლებული გადამწერების მიერ და ამ შემთხვევაში მოსალოდნელია კიდეც ტექსტის დამახინჯებები [Մաթեվոսյան, 1990: 101]. მეცნიერები ამგვარად ცდილობენ, გაამართლონ კორიუნისა და მოსე ხორენელის თხზულებათა განსხვავებები.
გრ. ხალათიანის აზრით, მოსე ხორენელმა დაწერა ისტორია საკუთარი დამატებებითა და ცვლილებების შეტანით: სპარსეთის მეფის ვრამის ბრძანებით ვრამშაპუჰის შუამდინარეთში გამგზავრება, დანიელ ეპისკოპოსის დახმარებით ჰაბელის მიერ ანბანის მოწესრიგება – ეს ცნობები არ დასტურდება კორიუნის მოკლე რედაქციაში, რომელიც მოსე ხორენელის გავლენას განიცდის. მაშტოცის მოგზაურობა შუამდინარეთში, შეხვედრა დანიელ ეპისკოპოსთან, ედესაში წარმართი პლატონის ნახვა, ეპიფანეს ძებნა, ჰროფანოსთან შეხვედრა, რაც მთავარია, საოცარი ხილვა, ქვაზე გამოსახული ხმოვნები, ძველი და ახალი აღთქმის თარგმნა, ამ ცნობებს გრ. ხალათიანი მოსე ხორენელის გამოგონებად მიიჩნევს [Խալաթեան, 1904, 361-367].
მოსე ხორენელის თხზულებაში მაშტოცის შესახებ თხრობა ყურადღებას იქცევს იმ თვალსაზრისითაც, რომ სომხური ანბანის შექმნა ერთადერთი თემაა, რომელიც წარმოდგენილია არა ერთნაირად, ერთ-ორ ან სამ თავში თანმიმდევრობით, არამედ გაბნეულია 11 თავში – ჩართულია სხვადასხვა თემაში. ამასთან დაკავშირებით არ. საჰაკიანი აღნიშნავს, რომ მსგავსი თხრობითი სტილი უჩვეულოა ხორენელისათვის და მისი ისტორიის სტრუქტურისათვის. მისი აზრით, მოსე ხორენელის ისტორიაში რაიმე ლოგიკური ან ინფორმაციული ხასიათის დაპირისპირების აღმოჩენა უნდა აიხსნას ტექსტის ცვლილებით. ამდენად, თუკი გვაქვს ხშირი აცდენები, ან არის ინფორმაციული და სტილისტური ტავტოლოგია, როგორც ეს უხვად არის მაშტოცის შესახებ თხრობით ნაწილში, უნდა ვიმსჯელოთ ტექსტის გადაკეთებასა და დამახინჯებაზე [Սահակյան, 2012: 52-53].
არ. საჰაკიანის მოსაზრებით, თუკი მოსე ხორენელის ისტორიიდან ამოვიღებთ მესროპის შესახებ თხრობას, მაშინ მესროპისა და ანბანის აღმოჩენის ისტორიიდან დარჩება სწორედ მოკლე და ნამდვილი ინფორმაცია. მიუხედავად ხორენელის თხზულების ამგვარი შეფასებისა თუ კრიტიკასა, მეცნიერი ქართული და ალბანური ანბანების გამოგონების ისტორიის თხრობას მოსე ხორენელის კალამს მიაკუთვნებს და აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში შეინიშნება სტილისტური შეუთავსებლობა და ინფორმაციული ტავტოლოგია რედაქტორის მიერ მაშტოცის შესახებ ჩამატებულ სხვა ნაწილებთან [Սահակյան, 2012: 59], რაც, ჩვენი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ შემთხვევაშიც ვერ ახერხებს არ. საჰაკიანი გამოვიდეს სომეხ მეცნიერთა იმ ტენდეციური მისწრაფებიდან, რომლის მიზანია მესროპ-მაშტოცის წარმოჩენა ქართული და ალბანური ანბანების შემქმნელად.
მეცნიერთა ნაწილი მოსე ხორენელის განსხვავებულ ცნობებს კორიუნის მცდარად გაგებით ხსნიან. ეს მოსაზრება უპირისპირდება მოსე ხორენელის იმ ბიოგრაფიულ ცნობას, რომელშიც იგი თავს მაშტოცისა და საჰაკის მოწაფეს უწოდებს: სასულიერო მწერლობის ძეგლთა სრულყოფილი სომხური თარგმანების შესასრულებლად აუცილებელი იყო სომეხი სწავლულები დაუფლებოდნენ ბერძნულ ენას და გასცნობოდნენ ბერძნულ კულტურას. ამ მიზნით საჰაკსა და მაშტოცს 20-25 წლის ასაკში რამდენიმე სხვა ახალგაზრდასთან ერთად მოსე ხორენელი სწავლის გასაგრძელებლად გაუგზავნიათ ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში. ალექსანდრიაში მოსე ხორენელს საფუძვლიანად შეუსწავლია ბერძნული ენა და ლიტერატურა, რიტორიკა, გრამატიკა და სხვა „ხელოვნებანი“, გაუღრმავებია სომხეთში მიღებული ცოდნა [მოვსეს ხორენაცი, 1984: 5]. ჰრ. აჭარიანი, მოსე ხორენელის ალექსანდრიაში გამგზავრებას წარმოსახვითს უწოდებს [Աճառյան, 1961: 35].
უნდა ითქვას, რომ არა მხოლოდ მაშტოცის შესახებ თხრობითი ნაწილის, არამედ, ზოგადად, მოსე ხორენელის თხზულების კვლევამ აჩვენა, რომ ისტორიკოსი ხშირად თავისი შეხედულებისამებრ ამატებს ან ცვლის ისტორიას. მის ხელთ არსებული მონაცემებიდან იგი მუდამ იმ ვერსიას მისდევს, რომელიც ხოტბას ასხამს სომხებს და ისტორიულ მოვლენებში ამაღლებულად წარმოაჩენს მათ [Սարգսյան, 1956: 42]. მოსე ხორენელს კორიუნის მცდარად გაგება არ უნდა დასჭირვებოდა, თავადაც ხომ იცოდა სიმართლე. განა მის დროს არ განხორციელდა ანბანის შექმნის უდიდესი საქმე? მაშ, რა არის ასეთი განსხვავების მიზეზი?
მოსე ხორენელი არ არის კომპილატორი, რომელიც თავის მიერ შეკრებილ მასალას თანმიმდევრობით გადმოსცემს, არამედ იგი მის ხელთ არსებულ მონაცემებს არედაქტირებს და ამუშავებს თავისი დროის მოვლენების შესაბამისად (მეცნიერთა ერთი ნაწილი, როგორც აღვნიშნეთ, ხორენელს IX საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს [Thomson, 1980: 1-8]). ეს ხშირად ართულებს ხორენელის „ისტორიის“ კვლევა-ძიების საქმეს, ვინაიდან, ძნელია იმის დადგენა, თუ სად მთავრდება მასალის თხრობა და სად იწყება ავტორის ჩარევა. ერთი რამ ცხადია, თუკი სომხური ანბანის შექმნის ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას მცდარად გვაწვდის მოსე ხორენელი და მისი მიბაძვით შემდგომი ხანის სხვა ისტორიკოსები, ძნელია ქართლსა და ალბანეთში მაშტოცის მოღვაწეობის ამსახველი ცნობები უკრიტიკოდ გავიზიაროთ, როგორც სანდო წყარო.
[1] ცნობილია, რომ 387 წელს სომხეთი ორ ნაწილად გაიყო: აღმოსავლეთ სომხეთი სპარსეთის, დასავლეთ სომხეთი კი – ბიზანტიის დაქვემდებარების ქვეშ მოექცა.
ლიტერატურა
მოვსეს ხორენაცი 1984 |
სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალ. აბდალაძემ. თბილისი. |
ჯავახიშვილი ივ. 1935 |
ძველი სომხური საისტორიო მწერლობა. თბილისი. |
Thomson W. R. 1980 |
Moses Chorenatsi. History of the Armenians. Translation and Commentary on the Literary Sources by Robert W. Thomson. London. |
Անանյան Պ. 1962 |
Վարք Ս. Մեսրոպ Մաշտոցի: Բազմավէպ, Վենետիկ: |
1964 |
Վարք Ս. Մեսրոպ Մաշտոցի: Բազմավէպ, Վենետիկ: |
Ակինյան Ն. 1935 |
Պատմական աղբիւրները 380-450 շրջանի համար: Հանդէս Ամսօրեայ: |
1949 |
Ս. Մեսրոպ Վարդապետ: Վիեննա: |
Աճառյան Հ. 1955 |
Մեսրոպ Մաշտոց, գլուխ չորրորդ, Մեսրոպյան գրերի գյուտը: Էջմիածին, IV: |
1956 |
Մեսրոպ Մաշտոց, գլուխ յոթերորդ, Չորրորդ քարոզչական գործունեությունը (Լուսավորություն Հունահայոց): Էջմիածին, XI-XII: |
1961 |
Մեսրոպ Մաշտոց, գլուխ տասներորդ, Սուրբ գրքի թարգմանությունը: Էջմիածին, XI: |
1984 |
Հայոց գրերը: Երևան: |
Բյուզանդացի Ն. 1900 |
Կորիւն վարդապետ և Նորին թարգմանութիւնք: Տփխիս: |
Խալաթեան Գ. 1904 |
Ս. Սահակի և Ս. Մաշտոցի գործունէութիւնը յօգուտ հայ լուսաւորութեան: Հանդէս Ամսօրեայ, Բարոյական, ուսումնական, ասրուեստգիտական, թիվ 12, դեկտեմբեր: |
Կորյուն 1981 |
Վարք Մաշտոցի: Բնագիրը, ձեռագրական ընթերցվածներով, թարգմանությամբ, ներածական ուսումնասիրությամբ, առաջաբանով և ծանոթություններով Մանուկ Աբեղյանի: Երևան: |
1994 |
Վարք Մեսրոպ Մաշտոցի, Աշխատությամբ՝ ձեռագրագետ Արտաշես Մաթևոսյանի: Երևան: |
Կռանեան Ա. 1992 |
Հետապնդելով Դանիէլեան նշանագրերը... Հայկազեան հայագիտական հանդէս, Հատոր ԺԲ, Պէյրութ: |
Հարությունյան Ի. 1892 |
Հայոց գիրը, Թիֆլիս: |
Մաթեվոսյան Ա. 1990 |
Մովսես Խորենացին մեսրոպյան գրերի մասին: Պատմա-բանասիրական հանդէս, 3 (130), Երևան: |
Մալխասյան Ստ. 1961 |
Մովսես Խորենացի, Մատենագրական տեղեկություններ: Երևան: |
Մանանդյան Հ. 1962 |
Մեսրոպ Մաշտոցը և հայ ժողովրդի պայքարը մշակութային ինքնուրույնության համար: - Մեսրոպ Մաշտոց (ժողովածու): Երևան: |
Մարկվարտ Հ. 1962 |
Հայոց այբուբենի ծագումը և Մ. Մաշտոցի կենսագրությունը: - Մեսրոպ Մաշտոց (ժողովածու): Երևան: |
Միւլլէր Փր. 1889 |
Հայ նշանագրաց մասին յօդուած մը գրած է Zeitschirft für die Kunde Morgenladnes եռամսեայ թերթին մէջ, (Բ. Տարի 1888, Տետր 3, էջ 245-248.) զոր հոս ամբողջապէս կը թարգմանենք: ԽՄԲ. Հանդէս Ամսօրեայ, Բարոյական, ուսումնական, ասրուեստգիտական, թիւ 5, մայիս, էջ 87: |
Մովսէս Խորենացի 1981 |
Հայոց պատմություն, աշխարհաբար թարգմ. և մեկնություններ Ստ. Մալխասյանի: Երևան: |
1991 |
Պատմութիւն Հայոց: Քննական բնագիրը և ներածութիւնը Մ. Աբեղեանի և Ս. Յարութիւնեանի, Լրացումները Ա. Բ. Սարգսեանի: Երևան: |
Սահակյան Ար. 2012 |
Մովսես Խորենացու «Հայոց Պատմության» III գրքի կառուցվածքը և մաշտոցապատումի խնդիրը: Բանբեր Մատենադարանի, #19: Երևան: |
Սարգսյան Գ. 1956 |
Աղբյուրների օգտագործման եղանակը Մովսես Խորենացու մոտ: Բանբեր Մատենադարանի, # 3: Երեվան: |
Օրմանյան Մ. 1959 |
Ազգապատում: հ. Ա, Բեյրութ: |
Ֆնտգլյան Գ. 1930 |
Կորիւն, Վարք Մաշտոցի: Երուսաղեմ: |