ჩეჩნური საგმირო „ილი“ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ბალადები (მსგავსება, განსხვავება)
„ილი“, ჩეჩნური ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჟანრი, ქართული ბალადების მსგავსად, ასახავს XVII, XVIII და XIX საუკუნეების სინამდვილეს, ჭაბუკთა ცალკეულ გმირობებს, მათ თარეშს, აგრეთვე, ბრძოლებს თემისა და სოფლის დასაცავად, სისხლის ასაღებად ან გატაცებული სატრფოს გამოსახსნელად.
ჩეჩნური „ილლის“ ჟანრის სიმღერა წარმოადგენს ერთ კონკრეტულ საგმირო ამბავზე აგებულ პოემას. „ილი“, ბალადის მსგავსად, არის ლიროეპიკური ჟანრის ნაწარმოები, რომელშიც დრამატულ სიუჟეტს თან სდევს მთქმელის მძაფრი განცდები. ჩეჩნური „ილი“ ხშირად 60-70-ზე მეტი სტროფისაგან შედგება და მოცულობით საგრძნობლად აღემატება ქართული საგმირო პოეზიის ნიმუშებს.
ხალხური ტექსტი, როგორც წესი, რეალურად არსებობს მხოლოდ მისი წარმოთქმისა და შესრულების მომენტში. ქართველი მთიელები: თუშები, ფშავლები და ხევსურები, ისევე როგორც ჩეჩნები, – საგმირო ლექსს მელოდიის თანხლებით მუსიკალურ აკონპანემენტზე ასრულებდნენ. სწორედ ამიტომ ხევსურები საგმირო ბალადებს, მისი სინკრეტული ბუნებიდან გამომდინარე და შესრულების წესის მიხედვით, „სიმღერეს“ უწოდებენ. ამავე სახელით იწოდება ჩეჩნურ ენაზე საგმირო-ისტორიული შინაარსის პოემა, რომელსაც ჰქვია „ილი“ (илли) ანუ სიმღერა.
ქართულ ბალადებსა და ჩეჩნურ „ილის“ აქვთ მსგავსი იდეოლოგია, მსგავსი ზნეობრივი და მორალური ფასეულობები. ფოლკლორული შემოქმედების ეს ორი მსგავსი ჟანრი ზუსტად და შთამბეჭდავად წარმოგვიდგენს ჩეჩნეთისა და საქართველოს მთიანეთის მეომრული საზოგადოებების მენტალიტეტს, გმირობის იდეალს, დღენიადაგ ბრძოლებში ჩართული ხალხის ფსიქოლოგიას. ქართული ბალადის იდეალურ გმირს ჰქვია „კაი ყმა“, რომელსაც „ილლის“ ჟანრის ტექსტებში მოეძებნება თავისი ორეული, ხოლო ჩეჩნურ ენაში - ზუსტი შესატყვისი: „დიქ კანთ“ (дика кǀант), ან „იაჰ იოლ კანთ“ (яхь йолу кǀант).
„ილის“ ჟანრის ტექსტებისგან ქართულ ბალადებს განასხვავებს მთავარი გმირის დიდებული და ამაღელვებული სიკვდილი, ის ღირსეულად და სახელოვნად იღუპება. ზ. კიკნაძის აზრით, „ბალადის გმირი შინიდან გადის სწორედ იმ განზრახვით, რომ უკან აღარ დაბრუნდეს“ (კიკნაძე, 2001: 254), რადგან, ქართული საგმირო ტექსტების მიხედვით, მამაკაცის ნორმალური სიკვდილი არის დაღუპვა ველზე, ხოლო სახლში, ლოგინში გარდაცვალება არის უიღბლო, უსახელო და „უანდრეზო“ სიკვდილი.
ქართული ბალადების საპირისპიროდ, ჩეჩნური „ილლი“ გმირის გამარჯვებით მთავრდება. გამონაკლისი შეიძლება იყოს ერთი-ორი სიმღერა, მათ შორის სიმღერა „ილი წანტაროელი დაადის სოფლის დაღუპვის შესახებ“ (Илли, чеченская..., 2011: 140-153). გმირის გამარჯვება იმდენად აუცილებელი კანონია „ილლის“ ჟანრის ტექსტებისთვის, რომ ხოჩბარი, რომელიც დაღესტნური ბალადის ყველა ვერსიაში იღუპება, ჩეჩნური საგმირო სიმღერის მიხედვით, თავს დააღწევს განსაცდელს, აგიზგიზებულ კოცონს, ბრძოლით გაიკაფავს გზას და ცოცხალი გადარჩება. ჩეჩნურ ტექსტში ხოჩბარის ორეულს ჰქვია ბაჰადურ ხუშპარი (Илли, чеченская...,, 2011: 118-123).
ქართულ ბალადაში მოქმედება კიდევ უფრო რეალისტურ გარემოში ხდება. ამბის ნამდვილობას მიკროტოპონიმებისა და სამოქმედო სივრცის დეტალური ასახვაც აძლიერებს. მართალია, გეოგრაფიული ადგილები გვხვდება ჩეჩნურ საგმირო სიმღერებშიც, მაგრამ „ილლი“, არც თუ იშვიათად, შეიცავს ნახევრად გაზღაპრებულ სიუჟეტებს და ცდილობს თავის სტრუქტურას დაუმორჩილოს ნებისმიერი საგმირო ამბავი, რომლის გადმოცემასაც იგი მიზნად ისახავს.
ჩეჩნური სიმღერა ზოგჯერ პერსონაჟის საკუთარ სახელსაც კი არ გვიმხელს, რადგან „ილის“ მთავარი მოქმედი პირი ძირითადად არის ობოლი ჭაბუკი, რომელსაც მამა ჰყავს დაღუპული. ჩეჩნური სიმღერის უსახელო გმირი ხსენდება ზოგადი სახელწოდებით - ქვრივის ვაჟიშვილი (жерочун кǀант).
ვ. პროპის აზრით, ისტორიული სიმღერა ისე არ იქმნება, როგორც ხალხური სიტყვიერი შემოქმედების სხვა ჟანრის ტექსტები. ისტორიულ სიმღერას ქმნის სიმღერაში ასახული ამბის მონაწილე, მოწმე ან მცოდნე პირი (Пропп, 1976: 112). როგორც „ილლის“ ჟანრის ჩეჩნურ ტექსტებს, ასევე ქართველ მთიელთა ბალადებს რეალური საბრძოლო შემთხვევა უდევთ საფუძვლად, ანუ ისინი რეალურად მომხდარ ფაქტებს ასახავენ. ორივეს მთავარ გმირად მუდამ ჰყავს რეალური პირი, რომელსაც, უმეტეს შემთხვევაში, იცნობდა ის საზოგადოება, სადაც სიმღერა შეიქმნა.
ბალადის ჟანრის მკვლევარი ტ. მახაური ქართული ხალხური საგმირო ბალადის რამდენიმე მოდელზე მიუთითებს, ესენია: 1. ორთაბრძოლისა და ურთიერთდახოცვის მოტივზე აგებული ბალადები. 2. გმირის უთანასწორო ბრძოლა მოწინააღმდეგესთან. 3. ტყვეობის თემა: ტყვის დახსნა გმირის მიერ ან გმირის სიკვდილი ტყვეობაში 4. გმირის აღზევება და დაცემა (მახაური, 2003: 24-42).
ჩეჩნური „ილლი“ მეტნაკლებად იცნობს ამ ოთხივე მოდელს, მაგრამ მათში უფრო მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი გამტაცებელი მოძალადეებისგან საცოლის გათავისუფლების მოტივი. ქართული ბალადებისგან განსხვავებით, ჩეჩნური ილლის გმირი ქორწინდება გათავისუფლებულ სატრფოზე. ამგვარი დასასრული „ილლის“ ჯადოსნური ზღაპარის ფინალთან კიდევ ერთხელ აახლოვებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ბალადებში პერსონაჟთა სამოქმედო დროის ქვედა ზღვარი თითქმის არ სცილდება XVII საუკუნის დასაწყისს. სიმღერები მოგვითხრობენ ჭაბუკთა გმირობებისა და ორთაბრძოლების შესახებ, მოყოლებული XVII საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ზურაბ არაგვის ერისთავი თავისი ბატონობის დასამყარებლად გააფთრებული ებრძოდა ფშავლებსა და ხევსურებს და დამთავრებული გასული საუკუნის შუა წლებით, როდესაც ხევსურები საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით მასობრივად საქართველოს ბარში ჩამოასახლეს. ქართველ მთიელთა ფოლკლორული შემოქმედების ერთ-ერთ უკანასკნელ ეტაპს მიეკუთვნება თანაგრძნობის გამომხატველი საგმირო სიმღერები იმ ჩეჩენ მეომრებზე, რომლებიც დეპორტაციის წლებშიც აგრძელებდნენ კავკასიის მთებში თავისუფლებისათვის ბრძოლას (მამისიმედიშვილი, 1997: 56-57). ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ჰეროიკული ჟანრის ახალი ზეპირი სიმღერები ქართულ ფოლკლორში აღარ შექმნილა.
ბალადას აქვს თავისი სპეციფიკური ნიშნები. გ. კალანდაძის განმარტებით, „ბალადა ლირიკულ-ეპიკური ჟანრის პოეტური ნაწარმოებია. იგი ლირიკულია იმდენად, რამდენადაც მასში გამოხატულია მთქმელის პირადი განცდები, მისი სულიერი სამყარო, ხოლო თავისი თხრობითი შინაარსით იგი ეპიკურ ქმნილებებს უახლოვდება (კალანდაძე, 1957: 7).
ბალადებში, მძაფრი და შეკუმშული სიუჟეტის გამო, პერსონაჟთა რიცხვი შეზღუდულია. ქს. სიხარულიძის აზრით, „შედარებით ძველი ციკლის საგმირო ნაწარმოებებში ჰეროიკული ამბები ერთ გმირს უკავშირდება, ამიტომ ნაწარმოების ცენტრშიც ერთი გმირი დგას“ (სიხარულიძე, 1949: 240).
თუშ-ფშავ-ხევსურულ საგმირო ბალადებში ძირითადი მოქმედებები ხდება აღმოსავლეთ საქართველოსა და დღევანდელი ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთიანეთში. შესაბამისად, ხალხურ სიმღერებში აისახა მეზობელი ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მთიანეთის ტოპონიმები: მაისტი, მითხო, ჭანთე, ფხაჭეხა, ჯარეგა, ტიტული, არლოს წყალი, ტერელო, თერეთეგო, სახანოს ჭალა, ღილღო, ხამხა, ნეთხიჩო, ტყობაერდი, ნექაფსო, ტიმღა...
ბალადის ჟანრის სიმღერებში ხშირად ვხვდებით ჩეჩენ და ინგუშ პერსონაჟებს კონკრეტული საკუთარი სახელებით: ისთაბარი, ყიბილა, სირაღა, ქორთუა, ასთემურა, ანდარუყო, ელიმარზა და სხვ.
ბალადები გვაწვდიან ცნობებს ჩეჩნების ზოგიერთი წეს-ჩვეულებისა და რელიგიური რწმენის შესახებ. ხევსურეთის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ჩეჩნები და ინგუშები, ისლამის გავრცელების მიუხედავად, მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ თაყვანს სცემდნენ ჯვარსა და მფარველ წმინდანს. ერთ-ერთ ხევსურულ ბალადაში ნათქვამია:
„წამოვლენ ბარით ქისტები, აÃსენეს თავის ჯვარია“ (შანიძე, 1931: 84). ან
„ღილღოთ წამავლენ ღილღვლები, აÃსენეს თავის ჯვარია“ (შანიძე, 1931: 85).
როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებში ჯვარი ეწოდებოდა მფარველ წმინდანსა და სამლოცველოს, რომელსაც ერთგულად ემსახურებოდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
აღსანიშნავია, რომ ჩეჩენი პერსონაჟები ქართულ საგმირო ბალადებში ხსენდებიან ეთნონიმით „ქისტი“. ამავე სახელწოდებით მოიხსენიებს ჩეჩნებსა და ინგუშებს თავის ეპიკურ პოემებში ვაჟა-ფშაველა, რომელმაც ქისტი გმირების დაუვიწყარი მხატვრული სახეები შექმნა.
როგორც ჩეჩნური, ისე ქართული ხალხური საგმირო ლექსების პოეტური სტილის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს ლირიკული გადახვევა, რიტორიკული შეძახილი, მიმართვა, დიალოგი. ჩეჩნური საგმირო სიმღერისგან განსხვავებით, ნათქვამის გამეორება, ვრცელი მიმართვები და საბრძოლო მოწოდებები არ ახასიათებთ ქართულ ბალადებს, რომლებიც დრამატულ ამბებს უფრო მოკლედ, სხარტად და ლაკონიურად გადმოგვცემენ. რადგან „ილის“ ჟანრის ტექსტები აერთიანებს როგორც საზღაპრო, ისე ბალადებისთვის დამახასიათებელ მოტივებს, შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ორი ჟანრი წინ უსწრებდა „ილის“ ჩამოყალიბებას. როგორც ვარაუდობენ, „განვითარების ადრეულ ეტაპზე, როდესაც ბალადა გუნდურ-საცეკვაო სიმღერას წარმოადგენდა, მისი ტექსტი ხასიათდებოდა სიმოკლით, ხოლო როდესაც სიმღერა თანდათან ჩამოშორდა ცეკვას და ბალადა თხრობითი ხასიათის ლექსად იქცა, მისი მოცულობაც უფრო გავრცელდა, გაიზარდა. ამიტომ შედარებით გვიანდელი ბალადები ლირიკულ-ეპიკური ხასიათის საკმაოდ გრძელ ლექსებს წარმოადგენს“ (კალანდაძე, 1957: 19).
ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან ქართული ბალადებისა და ჩეჩნური საგმირო სიმღერების ფინალური ნაწილი. ქართული ბალადის გმირი, ძირითადად, იღუპება გზაზე, რაინდულ ორთაბრძოლაში („ფხოველი და შავანელი“, „შემომეყარა ყივჩაღი“, „ღამბერდი და შახანა“, „ჩანთელი და აფთარაული“ და სხვ.) და ამდენად, ქართული „სიმღერე“ გმირის ცხოვრების მხოლოდ უკანასკნელ წუთებს გადმოგვცემს. ჩეჩნური „ილლი“ კი მთავარი გმირის მტერზე გამარჯვებასა და შინ მშვიდობით დაბრუნებას აღწერს. განსხვავების მიუხედავად, ჩეჩნური „ილლის“ ჟანრის ტექსტებში ასახული თემატიკა და ძირითადი მოტივები არ არის უცხო ქართული ბალადებისთვის და პირიქით, ქართული საგმირო ბალადების ცალკეული ელემენტები გვხვდება ჩეჩნურ სასიმღერო ჟანრის ტექსტებში. ორივეგან მოქმედება ზოგჯერ დროისა და სივრცის ერთსა და იმავე განზომილებაში ხდება. საგმირო ფოლკლორში ამგვარი სტრუქტურული და მსოფლმხედველობრივი კავშირები ქართველი მთიელებისა და ჩეჩენი ხალხის ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბდა.
ქართველი პერსონაჟები ჩეჩნურ საგმირო სიმღერებში
ქართული ბალადების მსგავსად, ჩეჩნურ საგმირო სიმღერებშიც გვხვდება მეზობლებთან ურთიერთობის თემა. ქართველი პერსონაჟები, საქართველოსთან დაკავშირებული ცალკეული მოტივები და წარმოდგენები აისახა შემდეგ ჩეჩნურ სიმღერებში: „ილი მთიელ მწყემსზე“, „ილი მადის ვაჟ ჟამირზას შესახებ, ჩეჩანიდან“, „ილი ქართველ თავად ანზორისა და ოსი ქალიშვილის შესახებ“, „ილი წანტაროელი დაადის სოფლის დაღუპვის შესახებ“, „ილი ანზორის ასულ ზაზეს შესახებ“ და სხვ. (Илли, чеченская..., 2011).
„ილის“ ჟანრის სიმღერებში საქართველო და ქართველი ხალხი ჰიპერბოლიზებულია. საქართველო ჩეჩნურ სიმღერებში წარმოდგენილია ძლევამოსილ, აყვავებულ, მდიდარ ქვეყნად, ხოლო ქართველები - დევგმირებად, ხშირად სამართლიან და კეთილ ვაჟკაცებად, ზოგჯერ კი - ამპარტავან, სასტიკ და უძლეველ დამპყრობლებად.
ჩეჩნურ სიმღერაში „მთიელი მწყემსის შესახებ“ უცნაური სიზმრის ასახსნელად დაღესტანში, ქადარ-მოლასთან მისული ჭაბუკი ხედავს ქართულ ხალიჩაზე მორთხმულ მოლებს, რომლებიც წიგნებიდან სიბრძნეს შეიმეცნებდნენ. ტექსტი ხალიჩის წარმომავლობა-სადაურობაზე საგანგებოდ ამახვილებს მსმენელის ყურადღებას. სიტყვა „ქართული“, ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, მიუთითებს ნივთისა თუ საგნის მაღალ ხარისხზე, რადგან მოლები უეჭველად საუკეთესო ხალიჩაზე უნდა მსხდარიყვნენ. ასეთი კი, ტექსტში გამოხატული იდეოლოგიის მიხედვით, მხოლოდ ქართული ხალიჩა შეიძლება ყოფილიყო. მეორე მხრივ, სიმღერის ამ კონკრეტულ ეპიზოდში ქართული წარმომავლობის საგნის ხსენება რეალურ სიტუაციას ასახავს. როგორც ცნობილია, ლეკიანობის დროს დაღესტნელ ფეოდალებს საქართველოდან გაჰქონდათ ძვირფასეულობა, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ. იმდენად განთქმული იყო თავისი მაღალი ხარისხით ქართული ხალიჩები ჩრდილოეთ კავკასიაში, რომ მან ჩეჩნურ საგმირო სიმღერაშიც საპატიო ადგილი დაიკავა.
ამავე სიმღერის მიხედვით, საქართველო უმდიდრეს მხარედ აღიქმება, სადაც, ისევე როგორც ზღაპრულ ქვეყანში, ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი საგნის შოვნა შეიძლება. უცნაური სიზმრის შინაარსის გასაგებად ჩეჩენმა ჭაბუკმა უნდა შეასრულოს ბრძენი მოხუცის ინსი ირასხას დავალება: მას სამკითხაოდ უნდა მიუტანოს განსაკუთრებული ცხვრის მარჯვენა ბეჭი. მწყემსმა ჭაბუკმა თვით „დიდ საქართველოშიც“ კი ვერ მიაგნო შვიდი წლის თეთრ ცხვარს, რომელსაც არცერთი შავი ბეწვი არ ექნებოდა, ბოლოს თუშეთში იპოვა (Илли, чеченская..., 2011: 47).
„სიმღერა მადის ვაჟ ჟამირზას შესახებ, ჩეჩანიდან“ მოგვითხრობს ქართველი გენერლის ორთამის წარუმატებელ ლაშქრობას ჩეჩან-აულზე. ორთამმა რუსული ჯარით ალყა შემოარტყა სოფელს და მოითხოვა მისთვის გადაეცათ მშვენიერი ალბიკა, თუმცა თარეშიდან მოულოდნელად დაბრუნებული ჟამირზა, თავს მოჰკვეთს ქართველ გენერალს (Илли, чеченская..., 2011: 59-71). სიმღერაში ქართველი გენერლის დამარცხება უდიდესი გმირობის აქტად არის მიჩნეული.
ამავე მოტივზეა აგებული „სიმღერა ქართველ თავად ანზორსა და ოს გოგონაზე“. სიმღერის მიხედვით, ქართველ თავადს შეუყვარდა ოსი გოგონა, რომელიც იყო ხუთი ძმის უმცროსი და. თავადი ანზორი პირობას იძლევა, რომ არ ააოხრებს ვლადიკავკაზს, არ დაანგრევს მეჩეთს, არ შეეხება ქალაქის მოსახლეობას: არც ქალებსა და არც ბავშვებს, თუ მას გადასცემენ ოს გოგონას. თავადმა ანზორმა უზარმაზარი ჯარი დაძრა ქალაქის ასაოხრებლად. ბრძოლის მესამე დღეს გოგონას ძმები ზედიზედ დაეცნენ ბრძოლის ველზე. დაჭრილმა უფროსმა ძმამ სთხოვა დას, ცხენით გაექუსლა ჩეჩნეთში და დახმარება ეთხოვა. მართლაც, ჩეჩენი ზაითან შიხმირზა სოფელ გეხიდან დაეხმარა ოს გოგონას, დაამარცხა ურიცხვი ჯარი და ქართველი თავადი ანზორი ბრძოლის ველიდან გააქცია. ცოცხლად გადარჩენილმა მადლიერმა ძმებმა კი თავიანთი და ზაითან შიხმირზას მიათხოვეს (Илли, чеченская..., 2011: 95-101).
ორივე ჩეჩნურ სიმღერაში ანტიგმირის როლში უდიდესი ძალაუფლებით აღჭურვილი, მითოლოგიზებული ქართველი პერსონაჟები გამოდიან. გენერალი ორთამიცა და თავადი ანზორიც მზეთუნახავის მოსატაცებლად თითქოს ზღაპრულ-დემონური სამყაროდან შემოდიან რეალურ სივრცეში. ისინი გამოირჩევიან ამპარტავნობითა და სისასტიკით. ორივე ბალადა აგებულია ტრადიციულ ეპიკურ სიუჟეტზე „ბრძოლა საცოლისათვის“. თუმცა სხვა სიმღერაში „წანტაროელი დაადის სოფლის დაღუპვის შესახებ“ პირდაპირ დომინირებს სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების თემა. წანტაროელმა დაადიმ ახალი აული ააშენა – დადა-იურთი, საიდანაც წასული რაზმები შიშის ზარს სცემდნენ მეზობლად თუ შორს მცხოვრებ თავადებს. აული ივსებოდა მოტაცებული ცხვრის ფარებითა და ძვირფასეულობით, რომლებსაც დაადი წანტაროელი თანასოფლელებს თანაბრად უნაწილებდა. დაადი წანტაროელის თავდასხმებით შეწუხებულმა ახლოს თუ შორს მცხოვრებმა თავადებმა დახმარება ფადიშაჰს სთხოვეს. ფადიშაჰმა იმავე დღეს შიკრიკი აფრინა საქართველოში და ქართველ სარდალს დაადი წანტაროელის სოფლის განადგურება დაავალა. ფადიშაჰის ქართველი სარდალი, „ილის“ მიხედვით, თავისი სასახლის ბაღში ზურნას უსმენდა, ქართულ ღვინოს სვამდა და კვამლიან მწვადს შეექცეოდა. მან ჩეჩნეთში ურიცხვი ჯარი გაგზავნა, რომელსაც სათავეში ამაყი ქართველი გოლიათი ანზორი ჩაუყენა. „ილის“ აქვს უაღრესად მძაფრი სიუჟეტი. იგი ხალხური სიმღერებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ელემენტებით გადმოგვცემს დადა-იურთის მცხოვრებთა მზადებას დიდი ომისათვის, მათ თავგანწირვასა და დაღუპვას. „ილიში“ განსაკუთრებით იკვეთება გოლიათ ანზორის სისასტიკე, რომელმაც არ დაინდო სოფლის მცხოვრებლები, არც ქალები, არც ბავშვები და არც მოხუცები (Илли, чеченская..., 2011: 140-153). თუმცა ისტორიიდან ცნობილია, რომ დადა-იურთი ქართველ სარდალს არასოდეს აუღია. იგი 1819 წელს გაანადგურა რუსმა გენერალმა ა. ერმოლოვმა. ა. ერმოლოვის მეთაურობით დადა-იურთის ლაშქრობაში, შესაძლოა, ქართველი სარდლები მართლაც მონაწილეობდნენ, რომლებიც იმ დროს რუსებთან ალიანსში იმყოფებოდნენ, რაც, თავისთავად, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქართველთა სახით მტრის ხატის შექმნას უწყობდა ხელს. ვფიქრობ, ჩეჩნურ სიმღერებში მითოლოგიური წარმოდგენები საქართველოზე და ქართველ ხალხზე იმ დროიდან უნდა იღებდეს სათავეს, როცა ქართველი მეფე-მთავრები ქრისტიანობის გასავრცელებლად თუ პოლიტიკური გავლენის დასამყარებლად ჩრდილოეთ კავკასიაში გრანდიოზულ სამხედრო ექსპედიციებს აწყობდნენ. ი. მუნაევის აზრით, რეალური ისტორიული და სამხედრო-პოლიტიკური მოტივები ხალხურმა შემოქმედებამ საცოლის მოსაპოვებლად გამართული ბრძოლის ტრადიციულ ეპიკურ სიუჟეტად აქცია (Илли, чеченская..., 2011: 227).
„სიმღერა ანზორის ასულ ზაზეს შესახებ“ დადებითი თვისებებით წარმოგვიდგენს ჩეჩენი მოყმის მასპინძელ ქართველ პერსონაჟს, რომელიც ისეთ მსხვერპლს გაიღებს, რომლის განხორციელებაც რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულად შეუძლებელია (Мунаев, 2011: 134-139). „ილის“ საფუძვლად უდევს ჩეჩნური ხალხური წარმოდგენა ქართველების სტუმართმოყვარეობისა და საუკეთესო მასპინძლობის შესახებ. ყველაფერი კი იწყება საზღაპრო მოტივით: „ილის“ უსახელო მთავარ გმირს ობოლ ჩეჩენ ჭაბუკს დაესიზმრა ზაზე, ქართველი დიდებულის ანზორის მზეთუნახავი ასული. უიმედოდ შეყვარებული ვაჟი დაემშვიდობა მშობელ დედას და გაქუსლა საქართველოში, სადაც ანზორის ქალიშვილი ცხოვრობდა. ის თამამად მიესალმა შეკრებილ ქართველებს და იკითხა, ვინ იყო მათ სოფელში ასაკით ყველაზე უხუცესი და ცოდნა-გამოცდილებით ყველაზე ბრძენი. იქ მყოფი ერთი ახალგაზრდა მიუხვდა სტუმარს, რომ მას მასპინძელი სჭირდებოდა და უცხო მგზავრი თავის სახლში მიიპატიჟა. ქართველი ჭაბუკი ჩეჩენ სტუმარს ჯერ უგემრიელესი კერძებით, ხორცითა და არყით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი გამოჰკითხა. უცხო სტუმარმა ქართველ მასპინძელს თავისი გული გადაუშალა:
„მესიზმრება ღამით და დღისით მიდგას თვალწინ
ანზორ ქართველის ქალიშვილი ზაზე, ლამაზი.
ვხმები, როგორც მოურწყავი ხე უდაბნოში,
მისი ბრწყინვალე სილამაზით გულგაპობილი,
და მე მოვედი, ის ვიხილო, ვინც არ მინახავს,
დღისით და ცხადლივ,
ხოლო აქედან ზაზეს მნახველი, მის გარეშე,
ვერ წავალ სახლში!“ (Илли, чеченская..., 2011: 137).
აღმოჩნდა, რომ ზაზეს ქორწინების დასტური ჰქონია მიცემული ქართველი ჭაბუკისთვის. მიუხედავად ამისა, კეთილმა მასპინძელმა დათრგუნა ქალის მიმართ საკუთარი სასიყვარულო გრძნობები, გულთან მიიტანა სტუმრის განცდები და დაიყოლია ზაზე, რომ ჩეჩენ ჭაბუკს გაჰყოლოდა ცოლად.
ანზორი „ილის“ ჟანრის ტექსტებში დიდგვაროვანი ქართველის ყველაზე გავრცელებული საკუთარი სახელია. ჩეჩნურ სიმღერებში ქართველ პერსონაჟთა უმრავლესობას ჰქვია ანზორი, რაც არაბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ. ქართული ტრადიცია საერთოდ არ იცნობს ქალის საკუთარ სახელს - ზაზეს. მართალია, „სიმღერა ანზორის ასულ ზაზეს შესახებ“ შედგება საზღაპრო ელემენტებისგან, მაგრამ იგი გადამუშავებულია ადგილობრივ ნიადაგზე და შერწყმულია ხალხურ წეს-ჩვეულებებთან. ეს გარემოება აძლიერებს მოთხრობილი ამბის სანდოობას და სიუჟეტს მხატვრულ დამაჯერებლობას ანიჭებს.
უფრო ადრეული ხანა, რომელიც აისახა ჩეჩნურ ეპოსში, არის ნართებისა და გოლიათების ეპოქა. ქართულ გადმოცემებშიც დევებისა და ზეციურ არსებათა ბრძოლის მითოსური ხანა წინ უსწრებდა ისტორიულ დროს. ზ. კიკნაძის აზრით, გარეშე და შინაურ მტრებთან ბალადის გმირის შერკინება წარმოადგენს თემ-სოფლის მფარველი წმინდანების დევებთან არქეტიპული ბრძოლების პარადიგმებს (კიკნაძე, 2008: 259). დევებისა და მფარველ წმინდანთა ბრძოლების შედეგად შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მეომრული და რელიგიური საზოგადოებები. უ. დალგათის აზრით, „ნართ-ერსთხოელების თქმულებებისგან საგმირო-საისტორიო ეპიკური ტექსტები განსხვავდება ლოკალურ-ეთნოგრაფიული მხარის გაძლიერებით, მასში წარმოდგენილია არა მხოლოდ ისეთი ტრადიციულ-ეპიკური თემები, როგორიცაა ბრძოლა საცოლისათვის, ნახირის გამორეკა და სისხლის აღება, არამედ ისტორიულ-პატრიოტული თემებიც“ (Далгат, 1972: 209).
„ილლი“ კლასიკური გაგებით არ არის ეპოსი, რადგან მისი გმირები ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული ისე, როგორც ნართულ თქმულებათა პერსონაჟები. თუმცა ჩეჩნურ საგმირო სიმღერებში გვხვდება ტროპული მეტყველების ისეთივე სახეები, რომლებიც დამახასიათებელი იყო ძველი ეპოსებისთვის. ი. მუნაევის აზრით, „ილლის“ ჟანრის ტექსტებში ამ ტიპის მხატვრული ელემენტების არსებობა განპირობებული უნდა იყოს ნართ-ერსთხოელებზე შექმნილი ეპოსის გავლენითა და ავტორიტეტით (Илли, чеченская..., 2011: 16). გმირის ხელჩართულ ბრძოლას მოწინააღმდეგესთან „ილლი“ ორთაბრძოლის ხანგრძლივობის გამომხატველი ჰიპერბოლიზებული ფორმულით წარმოგვიდგენს:
ǀуьйранна болийна тǀом суьйренга белира,
Суьйранна болийна тǀом ǀуьйренга белира»
„დილით დაწყებული ბრძოლა საღამომდე გაგრძელდა,
საღამოს დაწყებული ბრძოლა დილამდე გაგრძელდა“
(Илли, чеченская..., 2011).
ორთაბრძოლის ამ სახით წარმოდგენა დამახასიათებელია უფრო მეტად საზღაპრო ეპოსისთვის. ზოგადად, საგმირო სიმღერები, რომლებიც კონკრეტულ პირთა გმირობებს ეძღვნება, მართალია ხალხური სიტყვიერი შემოქმედების გვიანდელ ხანას ეკუთვნის, მაგრამ მასში მაინც გვხვდება ცალკეული ზღაპრულ-მითოლოგიური ელემენტები.
ლიტერატურა
კალანდაძე გ. 1957 |
ქართული ხალხური ბალადა, თბილისი. |
კიკნაძე ზ. 2001 |
ავთანდილის ანდერძი, გამომცემლობა „მერანი“, თბილისი. |
კიკნაძე ზ. 2008 |
ქართული ფოლკლორი, თსუ გამომცემლობა, თბილისი |
მამისიმედიშვილი ხ. 1997 |
ვაინახები და ქართველი მთიელები, გამომცემლობა „ლომისი“, თბილისი. |
მახაური ტ. 2003 |
ქართული ხალხური საგმირო ბალადა, გამომცემლობა „ლომისი“, თბილისი. |
სიხარულიძე ქს. 1949 |
ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო ზეპირსიტყვიერება, თსუ გამომცემლობა, თბილისი. |
ხალხური პოეზიის ანთოლოგია 2010 |
შედგენილი ზურაბ კიკნაძისა და ტრისტან მახაურის მიერ, გამომცემლობა „მემკვიდრეობა“, თბილისი. |
Далгат У. Б. 1972 |
Далгат У. Б., Героический эпос чеченцев и ингушей, иследование и тексты, издательство «Наука», Москва. |
2011 |
Илли, чеченская народная поэзия (илли, узамы), Составитель Мунаев И. Б., ФГУП «ИПК «Грозенский рабочий», Грозный. |
Пропп В. Я. 1976 |
Пропп В. Я., Фольклор и историческая действительность. Избранные статьи. «Наука», Москва. |