ევფემიზმები და მათი თარგმნის სტრატეგიები (ქართული და ინგლისური ენების მასალაზე)

მეტყველების ევფემიზაციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. სახელწოდება ევფემიზმი ბერძნული ენიდან მომდინარეობს (ბერძნ. euphēmismos – შელამაზებული სიტყვების გამოყენება, eu „კარგად“ + phēmē „ვლაპარაკობ“), ჯერ კიდევ ჰომეროსთან გვხვდება და გულისხმობს ძველ წარმართულ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც, მსხვერპლის შეწირვისა და ლოცვების წარმოთქმის დროს მხოლოდ „კარგი მნიშვნელობის“ სიტყვები უნდა გამოეყენებინათ.

ევფემიზმები დიდი ხანია იქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით  მეცნიერების არაერთი დარგისა და არაერთი მეცნიერის შესწავლის საგნად და ძნელია, უკვე არსებულ მასალას რაიმე შემატო, მაგრამ წინამდებარე ნაშრომში ჩვენ ამ ლინგვისტურ მოვლენას თარგმანის კუთხით განვიხილავთ. თუმცა, სანამ თარგმანზე გადავალთ, საჭიროდ მიგვაჩნია, მოკლედ მიმოვიხილოთ  ევფემიზმების რაობა და სახეობები.

ჰიუ როუსონი ევფემიზმებს ორ კატეგორიად ყოფს: დადებით და უარყოფით ევფემიზმებად [Rawson, 1998:492]. დადებითი ევფემიზმების მაგალითად მას მოჰყავს საზოგადოების რომელიმე წევრის მიმართ სოლიდარობის ნიშნად ამა თუ იმ პროფესიის გამოგონილი, გაკეთილშობლებული  სახელწოდებები. ასეთი ევფემიზმებია: ინგლისურში environmental engineer-ის ხმარება  garbage man-ის ნაცვლად, janitor-ის ჩანაცვლება custodian-ით და ა.შ., ქართულში კი „სტილისტი“ „პარიკმახერის“ ან „დალაქის“ ნაცვლად, „ოფისის ასისტენტი“ ან „ადმინისტრაციული ასისტენტი“ „მდივნის“ მაგივრად და სხვ.

ევფემიზმების უმეტესი ნაწილი უარყოფითია. მათი მიზანია ადრესატის დაზოგვა, მისთვის უარყოფითი, არასასიამოვნო და არასასურველი  შინაარსის  ინფორმაციის უფრო შერბილებული ფორმით მიწოდება. ამის მაგალითად როუსონთან გვხვდება low-income (დაბალი შემოსავალი) ნაცვლად სიღარიბის გამომხატველი სიტყვისა poverty. ქართულში ასეთი სიტყვები და ფრაზებია: „აღარ არის“ (სიკვდილის მნიშვნელობით), „გისოსებს მიღმა“ (ციხეში), „ნასვამი“ ნაცვლად „მთვრალისა“, „ჭარბწონიანი“ ნაცვლად „მსუქნისა“ და სხვ. ამ გამონათქვამების ინგლისური შესატყვისებია: no longer with us, behind bars, seriously ill, intoxicated, overweight და ა.შ.

საინტერესოა ლ. სამოსკაიტეს მიერ ევფემიზმების დაყოფა თემატურ ჯგუფებად [Samoskaite, 2011:13] რის შედეგადაც  გვაქვს ექვსი ჯგუფი:  

  1. პროფესიული ევფემიზმები: cleaning operative ნაცვლად სახელწოდებისა  road sweeper/dustman, sanitation engineer (garbage man), meat technologist (butcher), beautician (hairdresser),  domestic engineer (maid), undertaker/cemetery operative (gravedigger), call girl, sex worker (prostitute) და ა.შ. ქართულად გვაქვს „დაკრძალვის ორგანიზატორი“ „მესაფლავის“ ნაცვლად,  „გოგონა გამოძახებით“ ან „სექს მუშაკი“ „მეძავის“ ნაცვლად და სხვანი.
  2. დაავადებებთან დაკავშირებული ევფემიზმები: კიბოს ნაცვლად ინგლისურში გამოიყენება long illness, the big C, neoplasia, ქართულში კი „ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობა“, „უკურნებელი სენი“; „ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა“ (pregnancy termination) ცვლის „აბორტს“ (abortion); სამედიცინო ენაზე „ლეტალური შედეგის დადგომა (ინგლისურად lethal/fatal outcome) პაციენტის  სიკვდილს გულისხმობს. აქვე უნდა ვახსენოთ mental patient, mentally ill ნაცვლად სიტყვისა mad  („სულიერად, ფსიქიკურად დაავადებული“ და არა „გიჟი“). ასევე physically challenged („უნარშეზღუდული“) გაცილებით რბილად ჟღერს, ვიდრე invalid, disabled, handicapped („ინვალიდი“, „ხეიბარი“).
  3. სიკვდილთან დაკავშირებული ევფემიზმები: ეს კატეგორია ყველაზე მრავალრიცხოვანია. ინგლისურში სიტყვა „სიკვდილის“ ევფემიზმებია: to pass away, to breath one’s last, in a better place, with the angels, join the majority, depart, meet his/her maker, feeling no pain, cross the bar, resting in peace, go west, kick the bucket, bite the dust და ა.შ. ქართულში გვაქვს „გარდაიცვალა“, აღარ არის“, „სული უფალს მიაბარა“, „სული დალია“, „სიცოცხლეს გამოესალმა“, „თვალი დახუჭა“, „წავიდა მარილზე“,  „წერილი წაიღო“ და უამრავი სხვა გამონათქვამი. საინტერესოა სიკვდილის აღმნიშვნელი ევფემიზმები, რომლებიც  „ვეფხისტყაოსანშია“ გამოყენებული: „ვაი, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს-აზეწარებს!” (716),4 [ბოლქვაძე, 1997:40].
  4. სექსთან დაკავშირებული ევფემიზმები: სქესობრივი ურთიერთობის გამოსახატავად გავრცელებული გამოთქმებია: making love, doing it, sleeping with, knocking boots,  burrying the bone, getting busy, making the beast with two backs, ა.შ., რომელთაგან უკანასკნელი თვით შექსპირთან გვხვდება – „ოტელოს“ პირველი აქტის პირველ სცენაში იაგო ბრაბანციოს ასე მიმართავს: “I am one, sir, that comes to tell you your daughter and the Moor are now making the beast with two backs”[1] („მე აქ იმის საცნობლად გახლავართ, რომ ამჟამად თქვენი ქალი და მავრი ერთ-სულს და ერთ-ხორცს პირუტყვს წარმოადგენენ“) [შექსპირი, 1954:268], (მთარგმნელი – ივანე მაჩაბელი). ქართულში გვაქვს „ერთად წოლა“, „ერთად ყოფნა/ცხოვრება“, მაგალითად „მას ღამე ფატმან იამა  ავთანდილს თანა წოლითა“ (1253) [რუსთაველი, 1987:236].
  5. დანაშაულის გამომხატველი ევფემიზმები: ინგლისურში გვაქვს: gentleman of the road ყაჩაღის, მძარცველის მნიშვნელობით, behind bars (მისი ქართული შესატყვისია „გისოსებს მიღმა“), send somebody to glory (მოკვლა, ქართულად „გასაღება“), candy man ნარკოტიკებით მოვაჭრის, ხოლო  go high/ be in high  და ნარკოტიკების მიღების აღსანიშნავად. ქართულში გვაქვს: „ნარკოტიკების მომხმარებელი“, „ნარკოდამოკიდებული“, „ოპიოიდებზე დამოკიდებული“ და სხვ.
  6. 6.     პოლიტიკური ევფემიზმები: ეს კატეგორიაც საკმაოდ მრავალრიცხოვანია და სხვა კატეგორიებთან შედარებით უფრო მეტად უნივერსალურია. მაგალითად, manifestation და არა mass protest (ქართულად „მანიფესტაცია“, „საპროტესტო გამოსვლის“ ნაცვლად), collateral damage ნაცვლად civilian casualties (ქართულად „ომის თანმდევი ზარალი“ ან „ადამიანური ზარალი“ იმის ნაცვლად, რომ ითქვას „მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“), departmental restructuring/reorganization ნაცვლად უფრო პირდაპირი ტერმინისა staff reduction (ქართულად „რეორგანიზაციის“ ხმარება „შემცირების“ ნაცვლად).

 

ევფემიზმებზე მსჯელობისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მაკა ბალაძის სადისერტაციო ნაშრომს [ბალაძე, 2015:33-43], რომელშიც საფუძვლიანად არის განხილული ევფემიზმებთან დაკავშირებული საკითხები.  თავის ნაშრომში მაკა ბალაძე სამოსკაიტეს მიერ შემოთავაზებულ კატეგორიებს ამატებს კიდევ სამ კატეგორიას, უფრო სწორად, ცალ-ცალკე გამოჰყოფს სამედიცინო, დაავადებებთან და ფიზიკურ ნაკლოვანებებთან დაკავშირებულ ევფემიზმებს და ასევე თავაზიანობით წარმოთქმულ გამოთქმებს.

ხსენებულ შრომაში ცალკე ჯგუფად გამოყოფილი არ არის რელიგიური  ევფემიზმები, თუმცა მისი ავტორი ტაბუსთან მიმართებაში საუბრობს ამ საკითხზე.  ჩვენთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართულში ღმერთთან დაკავშირებული ევფემიზმები არ მოგვეპოვება და გაოცების ან აღშფოთების გამოსახატავად გამოთქმას „ღმერთო ჩემო!“  ვიყენებთ, მაშინ როდესაც ინგლისურად გამოთქმების Oh, my God! God! ან Jesus! ნაცვლად ამბობენ Gosh! Gee! Oh my gosh! Oh my goodness! რაც შეეხება სატანასთან დაკავშირებულ ევფემიზმებს, ინგლისურად სიტყვა devil-ს ჩაანაცვლებენ შემდეგი გამოთქმებით: god of this world, black man, black lad, black Sam, black spy, black gentleman, old Nick, old dad, old chap, old Roger, old smoker or old sooty.[2]

ქართულად „ეშმაკისა“ და „სატანას“ ნაცვლად არცთუ ბევრი სიტყვა იხმარება (მაგ. „მაცდური“, „უწმინდური“, „ამ ქვეყნის ღმერთი“), თანაც ქართულად სატანას ისე შინაურულად და იუმორით არ მოვიხსენიებთ, როგორც ინგლისურად. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თავს იჩენს განსხვავება ორ კულტურას, ორი ერის ტრადიციებსა და მსოფლაღქმას შორის. ასეთ დროს, იმ გამოთქმების თარგმნისას, რომელთა კულტურული შესატყვისიც სამიზნე ენაზე არ მოგვეპოვება, ჩვენ დასაშვებად მიგვაჩნია ეგრეთ წოდებული „ფორინიზაციის“, ანუ „გაუცხოების“ პრინციპის გამოყენება და გამოთქმის კალკირება. მაგალითად, შესაძლებელია  მკითხველისათვის ისეთი გამოთქმების შეთავაზება, როგორებიცაა: „შაოსანი ჯენტლმენი“ ან „შავი აგენტი“, ან თუნდაც „ბნელი სემი“ ან „ბნელი როჯერი“, რომელთაც მკითხველი ადვილად გაიგებდა კონტექსტის ან, შესაძლოა, სქოლიოს ან შენიშვნის დახმარებით.

კულტურულ განსხვავებებთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ, რომ თარგმნისას ყველაზე მეტ სირთულეს ეროვნული კოლორიტის მატარებელი ენობრივი ერთეულები ქმნის. აქ გავიხსენებთ პროფ. დალი ფანჯიკიძის შენიშვნას: „ის, რაც ენობრივ და კულტურულ სამყაროში გაშინაურებული მთარგმნელისათვის გასაგებია და ემოციის აღმძვრელი, თარგმანში მექანიკურად გადმოტანისას შეიძლება მკითხველისათვის ან გაუგებარი, ან ემოციის თვალსაზრისით უსულო აღმოჩნდეს“ [ფანჯიკიძე, 1988:14 ]. როდესაც დედნისეული გამოთქმების შესატყვისებს სამიზნე ენაზე არ გააჩნიათ მსგავსი დატვირთვა, ასეთი გამოთქმები, შესაძლოა, უთარგმნელ ელემენტადაც კი ჩაითვალოს, მაგალითად ევფემიზმი „ბატონები“, რომელიც ქართულად წითელას, ჩუტყვავილას, ყივანახველას და მსგავსი ინფექციური დაავადებების აღსანიშნავად იხმარება. „ქართველთა ძვ. რელიგიური შეხედულებით, ამ სნეულებას იწვევდნენ ანთროპომორფული სახის პატარა ზებუნებრივი არსებები ე.წ. ბატონები... რომელ ოჯახსაც ეწვეოდნენ, იქ ავადმყოფობა ჩნდებოდა; სწამდათ, რომ მათ მუსიკა, ცეკვა, ყვავილები, ტკბილეულობა უყვარდათ და, თუ სურვილს აუსრულებდნენ, დაავადებაც იოლად გაივლიდა“.[3]

 

ინგლისურში აღნიშნულ დაავადებებს კრებითად მოიხსენიებენ როგორც viral exanthems (rashes) და ყოველი მათგანისათვის მოიპოვება შესატყვისი ტემინი, მაგ.:  ჩუტყვავილა – chiken-pox, ყვავილი – smallpox, ყბაყურა – mumps და ა.შ.  მაგრამ არ არსებობს ქართული ევფემიზმის „ბატონები“ მსგავსი კონოტაციის მქონე სიტყვა, ამიტომაც, ვფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში მთარგმნელმა რეცეპტორ მკითხველს სათანადო ინფორმაცია სქოლიოს და შენიშვნის მეშვეობით უნდა მიაწოდოს.

გავიხსენოთ ასევე სიტყვა „გველის“ აღმნიშვნელი ქართული ევფემიზმები: „უხსენებელი“, „მცურავი“, „უსახელო“, „ურწმუნო“, „წყეული“ და სხვანი. ბიბლიური თქმულების მიხედვით, ღმერთმა დაწყევლა გველი, როგორც არსება, რომლის სახეც მიიღო ეშმაკმა ევას შესაცდენად [ჯორჯანელი, 1977:55]. გველის ტაბუირება ქართულში, სავარაუდოდ, ჩვენი წინაპრების ცრურწმენიდან მომდინარეობს, რომ ამ ქვეწარმავლის დასახელებით მას თავისთან მოუხმობდნენ. ინგლისურში გველთან დაკავშირებით არც ტაბუ არსებობს და არც ევფემიზმები. სიტყვის snake მნიშვნელობათა შორის გვხვდება „მატყუარა და მოღალატე ადამიანი“,  serpent კი გამოყენებულია ბიბლიაში  [Gen. 3:1–5][4] და მას დამატებით გააჩნია „სატანის“ მნიშვნელობაც. არსებობს კიდევ ვერაგი ადამიანის აღმნიშვნელი სიტყვა viper („გველგესლა“), რომელიც როგორც ჟარგონი მარიხუანას მწეველსაც ნიშნავს.[5] რომელი მათგანი გამოდგება „უხსენებლის“ შესატყვისად?  დასახელებული სამი სიტყვიდან ჩვენ არჩევანს serpent-ზე გავაკეთებდით სატანას და ღვთისგან დაწყევლილის ასოციაციების გამო, თუმცა, ტაბუს შესანარჩუნებლად კარგ გამოსავლად გვესახება პერიფრაზირების მეთოდით ისეთი ვარიანტების შექმნა, როგორიცაა მაგალითად speckled tempter (ჭრელი, დაწინწკლული მაცდური), cursed hisser (დაწყევლილი მოსისინე), cursed creeper (დაწყევლილი მცოცავი) და სხვანი.

თარგმანისას გაცილებთ ნაკლებ სირთულეებს იწვევს უნივერსალური ეფემიზმები, ანუ ტერმინები, რომლებიც ბევრ ენაში გვხვდება, მაგ. undocumented immigrant („ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი“) ნაცვლად სახელწოდებისა illegal alien („არალეგალური იმიგრანტი“) beyond poverty limit („სიღარიბის ზღვარს მიღმა“) socially vulnerable („სოციალურად დაუცველი“) Balzac age (ბალზაკის ასაკი), senior citizen (უფროსი ასაკის ადამიანი),  autumn of life (ცხოვრების შემოდგომა) და სხვანი.

გარდა სპეციფიკური ეროვნული ელფერისა, გამონათქვამების კონოტატიურ მნიშვნელობათა შორის განსხვავების მიზეზია ის, რომ ისინი სხვადასხვა სტილისტურ შრეებს მიეკუთვნებიან. ავიღოთ, მაგალითად სიკვდილთან დაკავშირებული ინგლისური ევფემიზმები. მათი დიდი ნაწილი სტილისტურად ნეიტრალურია:  depart this life, go to a better place, lose one’s life, not with us anymore და ა.შ. ასევე მრავლადაა სასაუბრო სტილის გამოთქმები:  buy the farm, go west, kick the bucket, turn up one's toes და სხვები. ზოგი ევფემიზმი სლენგადაც არის მიჩნეული, მაგ.: assume room temperature,  go home in a box, swimming with concrete shoes. გვხვდება ოფიციალური, წიგნური და ამაღლებული სტილის ევფემზმებიც, მაგ.: pass away (ოფიციალური), one's hour has come (წიგნური), go to one’s last home (ამაღლებული) და ა.შ.[6]

სტილისტურად ერთმანეთისაგან განსხვავდება ქართული ევფემიზმებიც. ზოგიერთი მათგანი პირდაპირ შეესატყვისება ინგლისურ გამოთქმებს, მაგალითად „სიცოცხლისათვის გამოსალმება“ – depart this life; „სულის ამოხდომა“ – give up the ghost; „ფეხების გაფშეკა“ – turn up one's toes; „გარდაცვალება“ – pass away, expire;  „ცალი ფეხი სამარეში აქვს“ – have one foot in the grave; „აღარ არის“ – not with us anymore; „მისი აღსასრულის დღე დადგა“ – one's hour has come. 

რაც შეეხება დანარჩენ გამოთქმებს, იმის გათვალისიწინებით, რომ  მათი დიდი ნაწილი იდიომატურია, მათი თარგმნისას საკმარისია იმავე შინაარსის გამოთქმათა დაძებნა. როგორც პროფ. გივი გაჩეჩილაძე აღნიშნავდა სპეციფიკური ეროვნული ელფერის მქონე იდიომებზე საუბრისას, ისინი „როგორც წესი, სიტყვასიტყვით არ ითარგმნება და ამ შემთხვევაში უნდა მოიძებნოს ან ანალოგები, ან ისინი ისე უნდა აიგოს, რომ შემდეგ გავრცელდეს და იხმარებოდეს“ [გაჩეჩილაძე, 2014:238]. ოღონდ ეს გამოთქმები სტილისტურად და კონოტატიურადაც უნდა ემთხვეოდნენ დედანს. სიკვდილთან დაკავშირებული გამოთქმების შემთხვევაში ეს ადვილია, რადგან ყველა სტილის გამოთქმები გვაქვს ორივე ენაში. ამ ლოგიკით, სასაუბრო სტილის go to the farm,  fall off one's perch, go west, kick the bucket შესაძლოა ითარგმნოს როგორც „გავიდა გაღმა მარილზე“,  „წერილი წაიღო“, „ფეხები გაფშიკა“ და ა.შ., ხოლო ამაღლებული სტილის ევფემიზმების შესატყვისად გამოდგება „სული უფალს მიაბარა“, „აღესრულა“, „იმქვეყნად გაემგზავრა“ და სხვანი.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ცოტა არ იყოს, უცნაურად გვეჩვენა ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ელექტრონული ლექსიკონის Translate.ge მიერ ინგლისური  ევფემიზმის pass away შესატყვისად ისეთი ქართული გამოთქმების შემოთავაზება, როგორიცაა „ფეხის გაჭიმვა“, „ფეხის გაფშეკა“ ან თუნდაც „სულის ღაფვა“. მართალია, იქვე მოცემულია მნიშვნელობები „მიცვალება“ და „გარდაცვალება“, მაგრამ,  ვფიქრობთ, ზემოთ ჩამოთვლილი გამოთქმების ერთ სიბრტყეზე მოთავსება მართებული არ არის.   

კონოტატიური მნიშვნელობის თარგმანში სწორად გადმოტანის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ხშირია შეცდომები და უხერხულობები. ხშირად გამოთქმულა შენიშვნები მხატვრული ლიტერატურის და ფილმების უცხო ენებიდან, მეტადრე ინგლისურიდან ქართულად თარგმნისას შეუფერებელი ევფემიზმების გამოყენების გამო. გავიხსენოთ, რა კომიკურად ჟღერს ყბადაღებული „ეშმაკმა დალახვროს“ ინგლისური სკაბრეზული გამოთქმების შესატყვისად. ზოგჯერ კი მთარგმნელი ნეიტრალური გამოთქმების შესატყვისადაც ვულგარიზმებს ან სლენგს გვთავაზობს. ეს მეტად ფაქიზი საკითხია, რადგან ყველა ენას თავისი უნიკალური მეტყველების ნორმები და გამოხატვის საშუალებები გააჩნია და, შესაძლოა, ის, რაც  განსაკუთრებულად ყურს არ გვჭრის ერთ ენაზე, მეორე ენაზე მეტისმეტად ვულგარულად გვეჩვენოს. ამიტომ, ჩვენ მართებულად არ მიგვაჩნია არც გამოთქმების ზედმეტად შერბილება და არც მათი სიტყვასიტყვით გადმოტანა. ჩვენი აზრით, მთარგმნელმა უნდა შეარჩიოს ისეთი სიტყვა თუ გამოთქმა, რომელიც იმასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ემოციებსა თუ ასოციაციებს გამოიწვევს სამიზნე მკითხველში, რასაც დედნისეული ფრაზა იწვევს წყარო ტექსტის მკითხველში.

მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს ინგლისური მხატვრული ლიტერატურის ქართული თარგმანებიდან. განვიხილოთ სულ რამდენიმე წინადადება ჯერომ დევიდ სელინჯერის რომანიდან The Catcher in the Rye („თამაში ჭვავის ყანაში“ ვ. ჭელიძის თარგმანში; „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ გ. ჭუმბურიძის თარგმანში):

„Anyway, it was December and all, and it was cold as a witch's teat, especially on top of that stupid hill. I only had on my reversible and no gloves or anything. The week before that, somebody'd stolen my camel's-hair coat right out of my room.... Pencey was full of crooks... The more expensive a school is, the more crooks it has – I'm not kidding. Anyway, I kept standing next to that crazy cannon, looking down at the game and freezing my ass off.”[7]

ვახტანგ ჭელიძის მიერ თარგმნილი ეს მონაკვეთი შემდეგნაირად ჟღერს:

„ერთი სიტყვით, დეკემბერი იდგა, ციოდა – ძაღლი არ გაიგდებოდა კარში. წარმოიდგინეთ, რა სუსხი იქნებოდა იმ იდიოტურ გორაკზე... მე კი ქურთუკის ამარა ვიდექი, არც თათმანები, არც ჯანდაბა და დოზანა. სწორედ ერთი კვირის წინ ამაწაპნა ვიღაცამ ჩემი ოთახიდან  აქლემის ბეწვის ქურქი... ჯიბგირებით არის გამოტენილი პენსი... რაც უფრო ძვირფასიანია სკოლა, მით მეტ ჯიბგირს ნახავ იქ... ღმერთმანი. ერთი სიტყვით, იმ დაფხავებული ზარბაზნის გვერდით ვიდექი, მინდორს გადავყურებდი და სიცივისაგან უკანალი მეწოდა“ [ჯ. სელინჯერი, 1969:8].

გავეცნოთ ახალ თარმგანსაც, რომელიც გია ჭუმბურიძეს ეკუთვნის:

 

„ახლა, დეკემბერი იყო და იმ დედაიმასქნებულ გორაზე ისე ციოდა, როგორც დედაბრის უბეში. მე კიდე მარტო ანორაკი მქონდა წამოღებული და არც ხელთათმანები და არც არაფერი. წინა კვირას საკუთარი ოთახიდან ამწაპნეს ჩემი ჯილა აქლემის ბეწვიანი ქურთუკი... რამე რომ იყოს, ეს ჩვენი პენსი ბაცნებითაა სავსე... რაც უფრო ძვირიანია სკოლა, მით მეტი ბაცანა ხვდება იქ, მე გეუბნებით. მოკლედ, ვზივარ ამ ნაშთის ძველის დიდებისა თანა, თამაშს თვალს ვადევნებ და კაკლები მეთოშება“ [ჯ. სელინჯერი, 2006:7-8].

დავიწყოთ შედარებით it was cold as a witch's teat. ეს იდიომატური გამოთქმაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს „(ამინდი) ისეთი ცივი იყო, როგორც ალქაჯის ძუძუ“. ამ ინგლისურ გამოთქმას თავისი ისტორია აქვს, რომელიც შორს მიდის, როდესაც შუა საუკუნეებში ადამიანებს ეშმაკთან და ავ სულებთან „კავშირის“ გამო სიკვდილით სჯიდნენ, მაგრამ მისი ეტიმოლოგია ამჯერად ჩვენთვის  საინტერესო არ არის. მთავარია ის, რომ საქმე გვაქვს იდიომატურ გამოთქმასთან, იდიომების პირდაპირ გადმოტანა კი სულ არ არის აუცილებელი, უფრო მიზანშეწონილია მათი მსგავსი კონოტაციის მქონე გამოთქმების დაძებნა თარგმანის ენაზე.

ვინაიდან  მოცემული იდიომა ცივ ამინდზე მიგვანიშნებს, ჩვენ გამართლებულად მიგვაჩნია ვახტანგ ჭელიძისეული თარგმანი – „ძაღლი არ გაიგდებოდა კარში“. ხოლო რაც შეეხება გია ჭუმბურიძის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს – „ისე ციოდა, როგორც დედაბრის უბეში“ – იგი ცდილა ზუსტად გადმოეტანა გამოთქმა, თან შეურბილებია და შედეგად მივიღეთ თარგმანი, რომელიც საკმაოდ ხელოვნურად ჟღერს ქართულად. ამასთან, მთარგმნელს სკაბრეზული გამოთქმა „დედაიმასქნებული“ მოუშველიებია იქ, სადაც დედანში სრულიად ნეიტრალური stupid გვაქვს. სიტყვები „ბაცნები“, „ამწაპნეს“, „კაკლები მეთოშება“, ჩვენი აზრით, კარგად გადმოსცემს მოზარდი ყმაწვილის საუბრის მანერას და ქართულადაც ბუნებრივად ჟღერს, მაგრამ გაუგებარია crazy cannon-ის შესატყვისად არქაული სტილის გამოთქმის გამოყენება:  „ნაშთის ძველის დიდებისა თანა“. ეს მთარგმნელს, ალბათ, ირონიული ეფექტის მოსახდენად დასჭირდა, მაგრამ დედანში მსგავსი რამ არ გვხვდება.

 

ჭელიძის თარგმანში ზედმეტად გეჩვენება „ჯანდაბა და დოზანას“ დამტება. სიტყვის ass ევფემიზმით გადმოტანა მართებულად გვეჩვენება, თუმცა შეიძლება ამაზე ვინმე შეგვეკამათოს კიდეც. აქ უფრო ბუნებრივი გამოთქმა აქვს მოძებნილი ჭუმბურიძეს. გაუმართლებლად და უადგილოდ მიგვაჩნია სიტყვა „ღმერთმანი“, რომელიც, ჩვენი აზრით,  შეუსაბამოა ნაწარმოების მთავარი გმირის მეტყველებისათვის.

 

აქვე გვინდა კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანოთ ტენესი უილიამსის პიესიდან A Streetcar Named Desire („ტრამვაი, რომელსაც „სურვილი“ ჰქვია“ – გ. ჯაბაშვილი; „ტრამვაი სახელად სურვილი“ – ლ. ინასარიძე).

პიესის ერთ-ერთი მთავარი გმირი სტენლი კოვალსკი ცოლისდაზე ყვება: “The trouble with Dame Blanche was that she couldn’t put on her act any more in Laurel! They got wised up after two or three dates with her and then quit, and she goes on to another, the same old line, same old act, same old hooey! But the town was too small for this to go on forever! And as time went by she became a town character. Regarded as not just different but downright loco – nuts…. And for the last year or two she has been washed up like poison” [Williams, 1986:100].

გავეცნოთ ჩვენს ხელთ არსებულ ორ თარგმანს.  გ. ჯაბაშვილის თარგმანში ეს მონაკვეთი შემდეგნაირად არის გადმოტანილი:

„ამ ჩვენ ტურფას მთელი უბედურება ის არის, რომ ლორელში ისე ვერ გაშალა ფეხი, როგორც თვითონ ნებავდა. ყველამ მალე გაუგო, რა ჩიტიც ბრძანდებოდა და ერთი-ორჯერ რომ ცხონდებოდნენ, მერე ზურგს უბრუნებდნენ. ეს კი გადადიოდა ხელიდან ხელში და ისევ არ ერიდებოდა არაფერს და არავის! მაგრამ ამისთანა კოკროჭინა ქალაქში განა რამე დაიმალება? მალე ყველას პირზე ეკერა მაგისი სახელი, რადგან მთელი ქალაქის მადლი მოისხა... ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კი მაგარ ბოზად მიაჩნდა ყველას, და მაგარი კუკუც ჰკრეს იქიდან“ [უილიამსი, 2006:84].

ლ. ინასარიძის თარგმანში ვკითხულობთ:

„ლორელში ისე ჰქონია თავი მოჭრილი, რომ თითით საჩვენებელი გამხდარა. ერთი-ორჯერ თუ ჩაიწვენდნენ ლოგინში და მერე კარგად მეყოლე. ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველასთან ერთსა და იმავე კომედიას თამაშობდა – ვითომ არ უნდა, ვითომ იძულებულია. ლორელი პატარა დაბაა, ეს დაგნარი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. თავდაპირველად ჭკუასუსტი ჰგონებიათ, სოფლის გიჟი... ბოლო ორი წელია – მეძავი“ [უილიამსი, 2013: 78-79].

დედანში გამოყენებულია სრულიად ნეიტრალური სიტყვა dates სასიყვარულო თავგადასავლების მნიშვნელობით. ეს სიტყვა გ. ჯაბაშვილს გადმოტანილი აქვს მეტაფორული ევფემიზმით „ცხონდებოდნენ“, რაც კონტექსტის გათვალისწინებით, ნათლად მიანიშნებს ბლანშის ცხოვრების წესზე. ამ მინიშნებას კიდევ უფრო განამტკიცებს მეორე ევფემზმი – „მთელი ქალაქის მადლი მოისხა“. ინასარიძე უფრო პირდაპირ გამოთქმას იყენებს („ჩაიწვენდნენ ლოგინში“), თუმცა  ეს გამოთქმაც, თავისმხრივ, ევფემიზმია. სტენლი კოვალსკი ბლანშზე ამბობს, რომ იგი ჯერ მთელი ქალაქის სალაპარაკო გახდა თავისი უცნაურობის გამო (became a town character), შემდეგ გიჟად შერაცხეს (downright loco – nuts), ბოლოს კი  თავიდან მოიშორეს როგორც უზნეო, გამრყვნელი გავლენის მქონე. ტენესი უილიამსი ამ უკანასკნელ აზრს  გამოხატავს  წინადადებით “And for the last year or two she has been washed up like poison,” რომელიც სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: „ბოლო ერთი-ორი წელია მოიშორეს, როგორც საწამლავი/შხამი“. washed up ითქმის ადამიანზე, რომლის კარიერაც დასრულებულია და მომავალში არავითარი შანსი არა აქვს. ასეთივეა ზმნის wash up ერთ-ერთი მნიშვნელობა – „ჩამორეცხვა“, „თავიდან მოშორება“, „ჩამოწერა“.[8]

რაც შეეხება შედარებას like poison, ეს მხატვრული ხერხი იმის ხაზგასასმელად არის გამოყენებული, რომ ბოლო წლებში ბლანში საზოგადოებისათვის საშიშად, საზიანოდ მიიჩნიეს. ეს გახლავთ მოცემული სიტყვის ერთ-ერთი მნიშვნელობა. (2. something that destroyscorrupts, etc.)[9]  

ქართულ თარგმანებში მსგავს შედარებას ვერ ნახავთ. ჯაბაშვილის თარგმანში საერთოდ გამოტოვებულია, რომ ბლანში შეშლილი ეგონათ, ნათქვამია მხოლოდ, რომ „ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კი მაგარ ბოზად მიაჩნდა ყველას, და მაგარი კუკუც ჰკრეს იქიდან“. უფრო ზუსტია ინასარიძის თარგმანი: „თავდაპირველად ჭკუასუსტი ჰგონებიათ, სოფლის გიჟი... ბოლო ორი წელია – მეძავი“. მაგრამ მაინც, ეს თარგმანიც სცილდება დედანს, სცილდება არა შინაარსით, არამედ  კონოტაციით.

საქმე ისა, რომ ტენესი უილიამსი ყოველგვარი მორიდების გარეშე ათქმევინებს  თავის გმირებს უხეშ სიტყვებს, როცა ეს საჭიროდ მიაჩნია, მაგრამ მოცემულ  შემთხვევაში იგი სათქმელს ხატოვნად გადმოგვცემს შედარების მეშვეობით. მთარგმნელებმა კი საქმე გაიადვილეს და დაკარგეს „საწამლავი“ როგორც ხატი და მისი შემადგენელი სემები – სიმწარე, სიკვდილი, ვერაგობა, უხილავი საფრთხე... მაშინ როდესაც შეიძლებოდა შემოეთავაზებინათ თუნდაც ასეთი თარგმანი: „და ბოლო ერთი-ორი წელია როგორც საწამლავს, ისე ერიდებიან“, ან „... ახლოსაც აღარ იკარებენ, რომ თავისი უზნეობით ქალაქი არ წაბილწოს“.

ამგვარად, ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ევფემიზმების თარგმნისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ეროვნული კოლორიტით აღბეჭდილ ენობრივ ერთეულებთან გვაქვს საქმე თუ უნივერსალურ გამოთქმებთან, რომელ სტილისტურ შრეს მიეკუთვნება ესა თუ ის ევფემიზმი და როგორია მისი კონოტატიური მნიშვნელობა. შესაბამისად, უნდა შეირჩეს თარგმანის ისეთი სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც თარგმანიც ისეთსავე ემოციურ ეფექტს მოახდენს რეცეპტორზე, როგორსაც დედანი ახდენს თავის მკითხველზე.


[1] literarydevices.net/euphemism

[2] digilib.k.utb.cz/bitstream/handle/.../jačková_2010_bp.pdf? 

[3] https://ka.wikipedia.org/wiki/ბატონები

[4] https://www.biblegateway.com/passage/?

[5] ww.oxforddictionaries.com/definition/english/

[6] https://en.wikipedia.org/.../List_of_expressions_related_to_death

[7] JD Salinger The Catcher in the Rye, pg 5 www.readanybook.com/online/2055

[8] dictionary.cambridge.org/dictionary/english/washed-up

[9] www.collinsdictionary.com/dictionary/english/poison

ლიტერატურა

ბალაძე მ.
2015
ევფემიზმების და დისფემიზმების გამოყენების თავისებურებები ინგლისურენოვანი და ქართული პრესის დისკურსში. დისერტაცია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. ბათუმი
ბოლქვაძე თ.
1997
პოეტური პარალელიზმი „ვეფხისტყაოსანში“. თბილისი
გაჩეჩილაძე გ.
2014
მხატვრული თარგმანის შესავალი, მეორე შესწორებული გამოცემა. თბილისი
რუსთაველი შოთა
1987
„ვეფხისტყაოსანი“. თბილისი
სელინჯერი ჯ.
1969
თამაში ჭვავის ყანაში. მთარგმნელი – ვახტანგ ჭელიძე. თბილისი
სელინჯერი ჯ.
2006
კლდის პირზე, ჭვავის ყანაში... მთარგმნელი – გია ჭუმბურიძე. თბილისი
უილიამსი ტ.
2006
ტრამვაი, რომელსაც „სურვილი“ ჰქვია. მთარგმნელი – გ. ჯაბაშვილი. თბილისი
უილიამსი ტ.
2013
ტრამვაი სახელად „სურვილი“. მთარგმნელი – ლ. ინასარიძე. თბილისი
ფანჯიკიძე დ.
1988
თარგმანის თეორია და პრაქტიკა. თბილისი
შექსპირი უ.
1954
ოტელო, ვენეციელი მავრი. ხუთმოქმედებიანი ტრაგედია. ტომი ІІ. ინგლისურიდან თარგმნილი ივანე მაჩაბლის მიერ. თბილისი.
ჯორჯანელი კ.
1977
ევფემიზმები და სიტყვის ტაბუ. მონოგრაფ. გამოკვლევა. თბილისი
Rawson, H.
1998
Euphemisms. In: G. Goshgarian (Ed.), Exploring Language. 8th ed., USA: Addison-Wesley Educational Publishers Inc.
Samoskaite L.
2011
21st century political euphemisms in English newspapers: semantic and structural study.Vilnius
Williams T.
1986
A Streetcar Named Desire. A Signet Book