ჭაში ჩავარდნილი კაცის იგავი „ვეფხისტყაოსანში“ და მისი მხატვრული ფუნქცია
შოთა რუსთველის პოემის ალეგორიულობის შესახებ კვლევას სამეცნიერო ლიტერატურაში ადრევე, ვახტანგ მეექვსის რუსთველოლოგიური მოღვაწეობიდანვე დაედო საფუძველი. ქართველი მწერლებიც ადრევე შენიშნავდნენ პოემის ალეგორიულ ხასიათს, რის მოწმობაც „ვეფხისტყაოსნის“ ალეგორიული გააზრების თაობაზე დავით გურამიშვილის `დავითიანის~ დასაწყისში გამოთქმული სტროფი უნდა მივიჩნიოთ:
„ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და,
ფესვ ღრმა-ჰყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა,
ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა,
ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი მე სხვისა ვერ ვნახეო და“ [გურამიშვილი, 1955: 22].
გურამიშვილის დამოწმებული სტროფი მიუთითებს შოთა რუსთველის პოემის სიმბოლურ-ალეგორიულ და იგავურ არსს, რაც გამოხატულია გურამიშვილისეული ფრაზით: „ფესვ ღრმა-ჰყო“. ამგვარი ეპიზოდები, რომლებიც სიმბოლურად, იგავურად, ენიგმურად, ალეგორიულად არის გასააზრებელი, მრავლადაა „ვეფხისტყაოსანში“. წინამდებარე სტატიაში ჭაში ჩავარდნილი კაცის ამბავს განვიხილავ.
უწინარეს ყოვლისა, დავიმოწმებ ტექსტს:
„ორნი კაცნი მოვიდოდეს სადაურნი სადმე გზასა,
უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,
ზედა მიდგა, ჩაყიოდა, ტირს, იზახის ვაგლახ-ვასა.
ეგრე უთხრა: „ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუ-მცა ამოგზიდე“.
მას ქვეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე,
შემოჰყივლა: „არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?“ [1] [ვეფხისტყაოსანი, 1966:256-257].
ვიდრე უშუალოდ პოემის ამ ეპიზოდს განვიხილავ, საჭიროდ მიმაჩნია ამ ორ სტროფში გადმოცემული ამბის რაობის განსაზღვრა, რა არის იგი: არაკი თუ იგავი. მათი ტრადიციული ლიტერატურათმცოდნეობითი განმარტების დამოწმება ზედმეტად მიმაჩნია. მხოლოდ სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის განმარტებებს დავიმოწმებ: „არაკი სომხურად იგავს ჰქვიან... არაკი სომხურად იგავს ეწოდების, ჩვენდაცა საჴმარ არს და ტკბილ“ [სულხან-საბა ორბელიანი, 1966: 58]. „იგავი (+ 13,24 მათე ZA) (+არაკი B) ესე არს სიტყვით მაგალითი, გინა საჩვენებელი, გინა მოსანიშნავი“ [სულხან-საბა ორბელიანი, 1966:320]. სულხან-საბა ორბელიანმა იგავი და არაკი ერთნაირი მნიშვნელობის მქონე მოკლე გადმოცემად, ანუ „სიტყვით მაგალითად“ დასახა. ამავე ლექსიკონში „მაგალითი“ ასეა განმარტებული: „მაგალითი არს, რომლისამე გენებოს ქმნად: ტაძრისა, სახლისა, გინა კარვისა, ანუ ხატთა და ყვავილთა, აჩვენნე და წინა დაუდვა იგი, რათა მსგავსი მისსა ყონ“ [სულხან-საბა ორბელიანი, 1966: 424]. აქედან გამომდინარე, „სიტყვით მაგალითის“ გააზრება ტექსტის მხატვრულ ღირებულებასა და მის გადატანით მნიშვნელობას, ალეგორიულობას უნდა მიუთითებდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ის ეპიზოდი, რომელიც ჭაში ჩავარდნილი კაცის შესახებ მოგვითხრობს, იგავია, რადგან მისი „სიტყვით მაგალითობა“ თვალსაჩინოა და მას ალეგორიული ფუნქცია აკისრია.
გამოქვაბულში ავთანდილის მისვლის, აქედან გამომდინარე, გამოქვაბულში ტარიელისა და ასმათის დამკვიდრების, ტარიელისა და ავთანდილის ურთიერთობის, ავთანდილისა და ასმათის დამოკიდებულების მხატვრული მნიშვნელობის განსაზღვრისათვის აუცილებელია ავთანდილის მიერ ჭაში ჩავარდნილი კაცის იგავის ალეგორიული და სახისმეტყველებითი თვალსაზრისით გააზრება.
პოემის ეს ორი სტროფი ყურადღებას იქცევს პერსონაჟთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად, რადგან ავთანდილის პიროვნულ თვისებებს, სიბრძნესა და იშვიათი დაკვირვების უნარს წარმოაჩენს. ავთანდილი მოქმედებისას ყოველთვის შემოვლით გზას ამჯობინებს, პირდაპირ მისვლას, შეტევას ხერხის გამოყენება ურჩევნია, რადგან პირდაპირობამ შესაძლოა დადებითი შედეგი ყოველთვის ვერ მოუტანოს. ავთანდილს, როგორც ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულ ადამიანს, თავისი მძიმე მდგომარეობა უცხო მოყმის ძებნის პროცესში შეგნებული აქვს, ამიტომ მისი პოვნის შემდეგ ასმათთან შეხვედრისას სულსწრაფობამ შეიპყრო და უნდოდა, რაც შეიძლება მალე გაეგო ვეფხისტყაოსანი მოყმის ამბავი. ამავე დროს, ქალის მხრიდან ამგვარ მკვეთრ რეაქციას არ ელოდა. ასმათის მიერ უარის თქმა ტარიელის ამბის მოთხრობის შესახებ მისივე ფსიქოლოგიური მდგომარეობით აიხსნება, რადგან შვიდი წლის განმავლობაში ადამიანებს, საზოგადოებას მოწყვეტილი იყო, გამოქვაბულში ძე-ხორციელი არავინ მისულა, ისეთი ადამიანიც არ ეგულება, ვინც ტარიელის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ჩასწვდება, თავის პიროვნულ ინტერესებზე მაღლა დადგება და დახმარებას გაუწევს. მისთვის არც ის იქნება მოულოდნელი, რომ ტარიელის ამბით დაინტერესებულმა პიროვნებამ, ე.ი. ავთანდილმა, თავის მიზანს თუ ვერ მიაღწია, ასმათი სიცოცხლესაც კი გამოასალმოს; პირიქით, ასმათის შეხედულებითა და სიტყვის თანახმად, იგი ამით შვებას პოვებს. ამას ავთანდილისა და ასმათის საუბარი მოწმობს.
დიალოგი, რომელიც ასმათსა და ავთანდილს შორის გამოქვაბულში გაიმართა, ორივე პერსონაჟის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ხატავს. ერთი მხრივ, თავიდან ავთანდილი სამი წლის განმავლობაში გადატანილი ტანჯვა-წამების შემდეგ ნაპოვნი უცხო მოყმის ამბის შეტყობას მისთვის ჩვეული სიდინჯითა და სიბრძნით ცდილობს, მხოლოდ ასმათისაგან უარის მიღების გამო იპყრობს მოუთმენლობა და მიმართავს უკიდურეს ზომას, ქალს შეიპყრობს, დანას მოუღერს და მოკვლით ემუქრება, თუ „პირ-ბაკმიანი“ მოყმის ამბავს არ უამბობს; ასეთი მეთოდის გამოყენება რომ მცდარი აღმოჩნდა, ავთანდილი მალევე მიხვდა, ქალს თავი მიანება და ტირილი დაიწყო; უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მეთოდი ავთანდილისათვის არაა დამახასიათებელი, რადგან მისი პრინციპია: „რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“. მეორე მხრივ, ასმათი თავს საცქერლადაც არ ანებებს და ავთანდილის ხვეწნა-მუდარას უარით პასუხობს. შოთა რუსთველმა ასმათთან ავთანდილის ხვეწნის წარმოსაჩენად იშვიათად მეტყველი მეტაფორა გამოიყენა, როდესაც ეს უკანასკნელი ამბის შეტყობას ცდილობდა და ქალს აწყნარებდა: „ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა“; მეტაფორა ორივე პერსონაჟის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას თვალნათლივ წარმოაჩენს. ასმათი, როგორც ქალი, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, თავს იცავს მომხდურისაგან, რომლის განზრახვა მისთვის მიუღებელია. იგი იმ საიდუმლოს დაცვის გარანტია, რომლის გამხელას ითხოვს მისგან ავთანდილი. ასმათი კაკბის, ხოლო ავთანდილი არწივის მეტაფორებით შემოდიან პოემაში და ამ დაპირისპირებით მათ შორის ურთიერთობის მოგვარების გზა არ ჩანს, რადგან ეს ორი ფრინველი განსხვავებული ბუნებისაა, ერთი მათგანი მტაცებელია, მეორე - სუსტი და უძლური ძლიერის წინაშე. ამ მეთოდით ავთანდილი ასმათის გულის მოგებას, დაყოლიებას ვერ შეძლებს. არადა, მისი მიზანია, ასმათმა ტარიელის თავგადასავალი უამბოს, ან თუნდაც მისი ვინაობა ამცნოს. ეპიზოდი სწორედ ამის შემდეგ იძენს იმგვარ მხატვრულ ფუნქციას, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ორივე პერსონაჟის ხატ-სახეს მეტად თვალსაჩინოს წარმოსახავს. ავთანდილისა და ასმათის ეს შეხვედრა და დიალოგი, ფაქტობრივად, სამზადისია ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრისა და საუბრისა. ავთანდილსა და ტარიელს შორის შეხვედრა და საუბარი კი უთუოდ უნდა გაიმართოს.
გამოქვაბულში ავთანდილისა და ტარიელის პირველ შეხვედრას ასმათისა და ავთანდილის შეხვედრა-საუბარი უძღვის წინ, რომელშიც მრავალ მნიშვნელოვან დეტალთაგან ერთ-ერთი ავთანდილის მიერ ასმათისათვის მონათხრობი ჭაში ჩავარდნილი კაცის იგავია. ჭაში ჩავარდნილი ადამიანი ტყვეა, მას გათავისუფლება სჭირდება. მართალია, იგი კონკრეტულად ასმათისა და ავთანდილის ურთიერთობას უკავშირდება, ჭაში ჩავარდნილი კაცის როლში ავთანდილია, ხოლო ზემოთ მყოფი ასმათია; ესაა პირველი დანიშნულება ამ იგავისა. მაგრამ იგავის მნიშვნელობის ამგვარი გააზრება მისი მხატვრული ფუნქციის მხოლოდ ცალმხრივი განხილვა იქნებოდა, რადგან, უწინარეს ყოვლისა, ამ იგავით ავთანდილი წინა პლანზე თავის მდგომარეობას წამოსწევს, რომ მას სხვა გამოსავალი არა აქვს, რასაც ასმათი შესთავაზებს, უნდა დაჰმორჩილდეს. ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრის შემდეგ კი იგავი უფრო სიღრმისეულ, რამდენიმე სახის მნიშვნელობას იძენს, ფაქტობრივად, მას ტარიელისა და ავთანდილის ურთიერთობის განსასაზღვრად და მომავალში ამ ურთიერთობის გასაღრმავებლად საგანგებო მხატვრული მისია აკისრია: 1. იგი მიუთითებს, რომ ტარიელთან ერთად გამოქვაბულში დამკვიდრებულმა ასმათმა ავთანდილისათვის მშველელის როლი უნდა შეასრულოს, მან ავთანდილი და ტარიელი ერთმანეთს მეგობრებად შეახვედროს; 2. ორი გმირის ურთიერთგაცნობის შემდეგ გამოქვაბულის ბინადარმა ტარიელმა ავთანდილს უნდა გაუწიოს დახმარება და უამბოს თავისი ამბავი, რათა ავთანდილი თავისი მიჯნურის, თინათინის, წინაშე პირმართალი წარდგეს; 3. ტარიელის მიერ თავისი ამბის მბობის შემდეგ ირკვევა, რომ ავთანდილმა თავადაც უნდა გაუწიოს დახმარება ტარიელს და მოაპოვებინოს მიჯნური, რის შემდეგ-ღა თუ შეძლებს ტარიელი ინდოეთის ტახტის მოპოვებასა და სამეფოში დამკვიდრებას.
გამოქვაბულში ტარიელის მკვიდრობა განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან გამოქვაბულის ბინადარს აქედან გასასვლელად, უწინარეს ყოვლისა კი, „მღვიმური ცნობიერების“ დასაძლევად, დახმარება სჭირდება. ყოველივე ეს ტარიელისა და ავთანდილის პირველსავე შეხვედრაზე უნდა გაირკვეს. ასმათთან საუბრის დასაწყისში კი ახალგაზრდა ავთანდილმა, ბრძნულად აღზრდილმა რაინდმა, წარმოთქვა იგავი, რომელმაც ტარიელისა და ავთანდილის მომავალი ურთიერთობის განსაზღვრაში კონცეპტუალური მხატვრული ფუნქცია შეიძინა, იგი წინასწარმეტყველურია.
გავიხსენოთ, რა უძღვის წინ ავთანდილისა და ასმათის, შემდეგ ავთანდილისა და ტარიელის პირველ შეხვედრას გამოქვაბულში. უცხო მოყმის გზა-კვალისა და საცხოვრისის მიგნების შემდეგ ავთანდილის მიზანი მასთან უსაფრთხო, უომრად შეხვედრაა; აქამდე მას ორჯერ ჰქონდა შემთხვევა, რომ ადამიანებთან უცხო მოყმის შეხვედრისა და ურთიერთობის მოწმე გამხდარიყო: 1. პირველად მაშინ, როდესაც უცხო მოყმე სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ბედნიერ, გალაღებულ არაბეთში, სადაც სამეფო ტახტზე მეფის ახალგაზრდა ასული ახალი გამეფებულია, სახელმწიფოში ყველა გახარებულია, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება კანონზომიერად, წესისამებრ მიედინება. ხანდაზმულ მეფეს მხოლოდ ის ადარდებს, რომ თავისი მსგავსი მოასპარეზე არ ეგულება. მხოლოდ ავთანდილს მიიჩნევს თავის მსგავსად, მაგრამ - არა ტოლად. ასეთი მოასპარეზე გამოჩნდა და იგი არაბეთის ახალგაზრდა სპასპეტი ავთანდილია, ძე ამირსპასალარისა. ეს როსტევან მეფისა და ავთანდილის ნადირობისას გაირკვა. ნადირობის შემდეგ ტყის პირას დასასვენებლად გადამხდარ მეფესა და მის ამალას მოულოდნელი სანახაობა გადაეშალათ. მათ ვეფხის ტყავის სამოსლით შემოსილი, ვეფხის ტყავის ქუდიანი მტირალი უცხო მოყმე იხილეს და მეფემ მისი ახლოს გაცნობა მოიწადინა; ჯერ ერთი, შემდეგ კი თორმეტი მონა გაგზავნა მის მოსაყვანად, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მეფის ბრძანებით მონებმა მისი შეპყრობა გადაწყვიტეს. უცხო მოყმე მყისვე გამოფხიზლდა, როგორც კი იარაღისა და ადამიანის ხმა მოესმა; მან მონები სწრაფად ამოხოცა და გაუჩინარდა. 2. მეორედ ავთანდილი შეხვდა სამ ძმას, რომელთაგან ერთ-ერთი დაჭრილი მოჰყავდა ორ ძმას. მათ ავთანდილს თავიანთი გასაჭირი უამბეს და ის ვეფხის ტყავის სამოსლიანი რაინდიც უჩვენეს, რომელმაც მათ ძმას თავი გაუხეთქა, როდესაც ამ უკანასკნელმა მასთან შებრძოლება მოიწადინა. ყოველივე ეს უცხო მოყმის ადამიანებისაგან გაქცევას, მათგან გაუცხოებას, კაცობრიობისადმი მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოწმობს.
ცხადია, ყოველივე ამის შემდეგ ავთანდილი ფრთხილობს, რადგან უცხო მოყმე თავისთან ახლოს არავის უშვებს. ამიტომაც უცხო მოყმესთან ერთად გამოქვაბულში მცხოვრები ქალის, ასმათის გაცნობა და მისი მეშვეობით უცხო მოყმესთან უბრძოლველად შეხვედრა განიზრახა. მაგრამ ასმათის მხრიდან მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, ქალზე ავთანდილის მიერ წარმოთქმულმა მხოლოდ ერთმა სიტყვამ იმოქმედა, ესაა „მიჯნური“, რომელმაც ქალს გული მოულბო და დაჰპირდა, რომ ტარიელს შეახვედრებდა, თუ მის ნებას დაჰყვებოდა. ავთანდილმა ასმათს სწორედ ამ დროს უამბო ჭაში ჩავარდნილი კაცის იგავი.
მკითხველს ალეგორია მყისვე თვალში ეცემა, ძირითადი მიზანდასახულობაც იმთავითვე გაცხადებულია, რადგან ავთანდილი იგავით ჯერ ასმათთან ურთიერთობას აზუსტებს. მან ჯერ კიდევ არ იცის, მის მიერ წარმოთქმულ იგავს კიდევ რა ფუნქცია დაეკისრება. ჭაში ჩავარდნილი კაცის ალეგორიით ავთანდილი ორგვარადაა გასააზრებელი: ასმათთან და ტარიელთან ურთიერთობით. ასმათმა ავთანდილი ტარიელს უნდა შეახვედროს და ტარიელმა ავთანდილს თავისი ამბავი უნდა უამბოს. ავთანდილი თავად არის ჭაში ჩავარდნილი კაცის მდგომარეობაში მყოფი პერსონაჟი. ამის შემდეგ ირკვევა, რომ პოემაში ტარიელიც ჭაში ჩავარდნილი კაცის ალეგორიით შემოდის. შეიძლება ითქვას, რომ ასმათიც ჭაში ჩავარდნილი კაცის ალეგორიითაა გასააზრებელი, რადგან ტარიელის შველა და გამოქვაბულიდან გასვლა ასმათის გასვლასაც მოასწავებს გამოქვაბულიდან. იგავმა ასმათს ავთანდილის შესახებ დადებითი შთაბეჭდილება შეუქმნა, მიხვდა, რომ გამოქვაბულში მისული მოყმე შემთხვევითი პირი კი არა, გონიერი და განათლებული ადამიანია, მეტიც, მის მიერ მოთხრობილ იგავში საღვთო სიბრძნე გამოსჭვივის. ასმათმა ავთანდილი შეაფასა, როგორც ბრძენი და განსწავლული მოყმე: „ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი“. იგავის მხატვრული ფუნქცია თითქოს დასრულდა. ასმათის წინაშე წარმოთქმულმა იგავმა ავთანდილს საქმე მოუგვარა, ასმათი ტარიელთან უკონფლიქტოდ შეხვედრას დაჰპირდა, რის შემდეგაც ავთანდილს თავის მიჯნურთან ვეფხისტყაოსანი მოყმის ამბის მიტანა შეეძლება. მაგრამ ამ იგავს კიდევ უფრო მეტი როლი, უფრო ღრმა სიმბოლური და წინასწარმეტყველური მისიაც აკისრია. გამოქვაბულისა და ჭის სიმბოლიკა, რომლებიც ერთმანეთს წააგავს და ეხმიანება, მიუთითებს, რომ ავთანდილის სიტყვები წინასწარმეტყველებაა გამოქვაბულის სამყაროდან ტარიელის გამოყვანის, ანუ „მღვიმური ცნობიერებიდან“ გამოსვლის თაობაზე. ტარიელი და ჭაში ჩავარდნილი კაცი ჰიპოდიგმურ-პარადიგმული სტრუქტურითაა წარმოსადგენი და განსახილველი, რადგან ტარიელსაც ისევე ეჭირვება დახმარება, როგორც ჭაში ჩავარდნილ კაცს, როგორც სჭირდებოდა ვეფხისტყაოსანი მოყმის საძებრად მიჯნურისაგან გაგზავნილ და გამოქვაბულში მოხვედრილ ავთანდილს, რომელმაც სწორედ ასმათის დახმარების წყალობით შეიტყო ტარიელის თავგადასავალი.
ყოველივე ეს მოწმობს, რომ კომპოზიციური თვალსაზრისით, ეს იგავი პოემაში ის აუცილებელი მხატვრული კომპონენტია, რომელიც ტარიელის გამოქვაბულში დამკვიდრების ამბის გაგებას უძღვის წინ; იგი იმასაც მიუთითებს მკითხველს, რომ ამხანაგის როლში ავთანდილი უნდა აღმოჩნდეს. იგავის არსისა და შინაარსის გათვალისწინება გვარწმუნებს ტარიელისა და ავთანდილის მომავალ დამეგობრებასა და მოყვასურ თავდადებაში; ორივე პერსონაჟი ჭაში ჩავარდნილი კაცისა და ზემოდან მისი ამომყვანის ჰიპოდიგმა-პარადიგმით წარმოგვიდგება, ამასთან, ეს ჰიპოდიგმა-პარადიგმა ორმხრივია, რადგან ჯერ ტარიელმა უნდა გაუწიოს დახმარება ავთანდილს, უამბოს ძნელად მოსათხრობი თავისი ამბავი, და შემდეგ ავთანდილმა - ტარიელს. ამიტომ ამ იგავს ტარიელისა და ავთანდილის მომავალი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად ექსპოზიციის მნიშვნელობა ენიჭება.
მითოსური, რელიგიური, ფილოსოფიური და ლიტერატურული თვალსაზრისით, მღვიმეს, გამოქვაბულს, ჭას განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია. „ვეფხისტყაოსანში“ იგი მრავალმხრივ ალუზიას და სიმბოლოს წარმოადგენს: ბიბლიურს, მითოსურს, ფილოსოფიურს, ისტორიულს, ლიტერატურულს, ჰაგიოგრაფიულს, რის გამოც იგი ამბივალენტური მნიშვნელობისაა, ვინაიდან ერთდროულადაა დადებითი და უარყოფითი ფუნქციებით აღჭურვილი. მღვიმის, გამოქვაბულის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის მითოსური ტრადიციის მიხედვით, პირველი ადამიანი, რომელიც ქვესკნელიდან გამოდის, გამოქვაბულში ამოყოფს თავს. მღვიმეს, გამოქვაბულს, ჭას უკავშირდება ტრიადა: სიცოცხლე®სიკვდილი®აღდგომა, რომელთა შერწყმის საფუძველზეა შესაძლებელი მღვიმის, გამოქვაბულის ტაძრად გამოყენება, მღვიმის ან გამოქვაბულისა, რომელიც ადრექრისტიანულ ეპოქაში ტაძრის მოდელადაც წარმოიდგინებოდა. ამგვარი მღვიმე, გამოქვაბული, ტაძარი სამყაროს მოდელია. ჭას, ამასთან ერთად, სხვა კონოტაციაც აქვს, იგი ცხოვრების წყაროს სათავეა, რადგან ჭა წყლის რეზერვუარია, ხოლო წყალი ადამიანის სულის განმწმენდელია. ბიბლიის მიხედვით, ჭის წყალი სიცოცხლის წყაროა, მასაზრდოებელია, ადამიანის სიცოცხლის სათავეა, სულიერი აღვსების, განწმენდისა და გარდასახვის სიმბოლოა. თვით ჭა მღვიმის, გამოქვაბულის სახესხვაობაა. საგანგებო მსჯელობა მღვიმის, გამოქვაბულის შესახებ ჩემს ადრე გამოქვეყნებულ შრომებში მაქვს[2]. შესაბამისად, მათზე საუბარს აღარ გავაგრძელებ. მათთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია ჭის სიმბოლიკა, რომელსაც ისეთივე მითოსური და ბიბლიურ-ევანგელური სიმბოლურ-ალეგორიული მნიშვნელობა აქვს, როგორიც მღვიმეს//გამოქვაბულს. ჭაში მყოფი ადამიანის ცნობიერება, ფაქტობრივად, პლატონის მღვიმის მითის კვალობაზე კაცობრიობის ორგვარი ცნობიერების არსებობას მიუთითებს: 1. მღვიმური, ანუ მონური ცნობიერებისა და 2. თავისუფალი ცნობიერების არსებობას. აქედან გამომდინარე, ადამიანის ამქვეყნიურ და სულიერ ცხოვრებაში განსაკუთრებულია „მღვიმური ცნობიერების“ ამაღლება ღვთაებრივი ჭეშმარიტების წვდომასა და სულიერი მზის - სიკეთის უზენაესი იდეის, ანუ ღმერთის, ჭვრეტამდე. ავთანდილისა და ტარიელის პარადიგმულ სახეებთან ჰიპოდიგმის მისია ბიბლიურ იოსებს ეკისრება და განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებას ბიბლიური იოსების ჭაში ჩაგდების ეპიზოდი იძენს, რადგან იოსების გადარჩენის საწყისი ჭაში მის ჩაგდებასთან ასოცირდება. ეგვიპტელმა ვაჭრებმა ჭიდან ამოყვანილი იოსები იყიდეს და ეგვიპტეში წაიყვანეს. იოსებისთვის ჭა გადარჩენის გარანტი აღმოჩნდა [დაბ. 37, 14-28; კიკნაძე, 2004: 91]. აგრეთვე, ძველი აღთქმის სიუჟეტებიდან დანიელის ჩაგდება ლომის ხაროში და დანიელის გადარჩენა იქცევს ყურადღებას. ჰაგიოგრაფიაშიც ჭის სიმბოლიკა განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს, სულიერი განღმრთობის მისაღწევად წმ. შიო მღვიმელი მღვიმეში, წმ. ევაგრე ჭაში ჩავიდნენ. ასევეა ჯადოსნურ ზღაპრებშიც, რომლებშიც ჭის მითოპოეტური ფუნქცია მნიშვნელოვანი კომპონენტია.
„ვეფხისტყაოსნის“ იგავი ორმოში ჩავარდნილი კაცის შესახებ ჰიპოდიგმაა „დავითიანის“ პერსონაჟისთვის, ე.ი. დავით გურამიშვილისთვის, რომელიც, ლეკთაგან დატყვევებული, ხაროში ჩააგდეს და თავის დაღწევა, დაღესტნიდან გაპარვა მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ჩვენებითა და მეშვეობით შეძლო. რ. გაბაშვილმა „ვეფხისტყაოსნის“ ორმოში ჩავარდნილი კაცის შესახებ იგავთან პარალელი მონიშნა „დონ კიხოტში“ აღწერილ სანჩო-პანსას ხაროში ჩავარდნის ეპიზოდთან დაკავშირებით, როდესაც დონ კიხოტი თოკის მოსატანად წავიდა [გაბაშვილი, 1944: 185-186]. ჭაში ჩავარდნა და ხაროში ყოფნა სულიერი განწმენდისა და ამაღლების წინასაფეხურად გვევლინება. ანტიკურ მითოლოგიასა და ლიტერატურაში ადამიანის სულიერი განწმენდის (κάθαρσις) რთულ პროცესს ორი ძირითადი საფეხური განსაზღვრავს: 1. ტანჯვა (πάθος) და 2. კათარსისი (κάθαρσις). ერთ-ერთის გამოკლებით წარმოუდგენელია ადამიანის სულიერი განვითარება, რადგან ადამიანის სულიერი განწმენდის გზა ტანჯვის გავლითაა შესაძლებელი, ანუ ტანჯვა საშუალებაა სულიერი განწმენდისა, ადამიანის სულიერი ამაღლება სიწმინდის უმაღლეს ხარისხამდე, იდეალამდე მხოლოდ ტანჯვის გზით მიიღწევა. ეს პრინციპი ქრისტიანულმა ლიტერატურამ განსხვავებულ, კერძოდ ევანგელურ, საფუძველზე მიიღო და შეითვისა. ადამიანის უპირველესი მიზანი მღვიმიდან, გამოქვაბულიდან, ჭიდან თავის დაღწევაა და მათგან სულის აღმოყვანისათვის ზრუნვაა. ვეფხისტყაოსნური კათარსისის ხანგრძლივი, სულიერ ტეხილებზე მავალი ურთულესი პროცესი ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან ერთად ანტიკურობითაც იკვებება. ამ თვალსაზრისით „ვეფხისტყაოსანი“ რენესანსული ნაწარმოების თვისებებს იძენს. ჭის სიმბოლიკაც მითოპოეტურ, ბიბლიურ-ევანგელურ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ კონტექსტებში მოიაზრება. ჭა, მღვიმე, გამოქვაბული ის ადგილია, სადაც ადამიანის სულიერი განწმენდა უნდა დაიწყოს და უმაღლეს არსთან, ღმერთთან ზიარება შეძლოს. მღვიმეში, გამოქვაბულში, ჭაში ყოფნის, ღვაწლის ერთ-ერთი მიზანი ადამიანის ცნობიერებისათვის მისაწვდომი იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღდგენაა, რაც აქ მოხვედრამდე დაირღვა.
[1] ტექსტი მითითებულია შემდეგი გამოცემით: შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, ტექსტი ძირითადი ვარიანტებით, კომენტარებითა და ლექსიკონითურთ გამოსაცემად მომზადდა აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, გამომც.: „მეცნიერება“, თბილისი, 1966.
[2] გამოქვაბულის შესახებ „ვეფხისტყაოსანში“ იხ.: ნ. სულავა, გამოქვაბულისა და უდაბნოს მხატვრული ფუნქცია „ვეფხისტყაოსანში“, „ლიტერატურული ძიებანი“, 2004, თბ., გვ. 216-232; ნ. სულავა, „ვეფხისტყაოსანი“ - მეტაფორა, სიმბოლო, ალუზია, ენიგმა, თბ., 2009.
ლიტერატურა
გაბაშვილი რ. 1944 |
„დონ კიხოტი და ვეფხისტყაოსანი“, ჟ. „ქართველი ერი“, 1944, #10; გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1991, 19 აგვ. #98. 22 აგვ. #99. დამოწმებულია წიგნიდან: რუსთველოლოგიური ლიტერატურა, ანოტირებული ბიბლიოგრაფია, V, შეადგინა გიორგი არაბულმა, თბილისი. |
გურამიშვილი დ. 1955 |
დავითიანი, პასუხისმგებელი რედაქტორი ალ. ბარამიძე, თბილისი. |
კიკნაძე ზ. 2004 |
ხუთწიგნეულის თარგმანება, თბილისი. |
ორბელიანი სულხან-საბა 1966 |
ლექსიკონი ქართული, 1, თბილისი. |
რუსთველი შოთა 1966 |
ვეფხისტყაოსანი, ტექსტი ძირითადი ვარიანტებით, კომენტარებითა და ლექსიკონითურთ გამოსაცემად მომზადდა აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, გამომც.: „მეცნიერება“, თბილისი. |
სულავა ნ. 2004 |
გამოქვაბულისა და უდაბნოს მხატვრული ფუნქცია „ვეფხისტყაოსანში“, „ლიტერატურული ძიებანი“, თბილისი. |
სულავა ნ. 2009 |
„ვეფხისტყაოსანი“ - მეტაფორა, სიმბოლო, ალუზია, ენიგმა, თბილისი. |