ინტერდისციპლინური მეთოდი ტრასოლოგია და მისი გამოყენების პერსპექტივები არქეოლოგიაში

ტრასოლოგიური მეთოდის შესწავლის ისტორია და განვითარების ეტაპები

 

1940-იანი წლების დასაწყისში რუსეთსა და საფრანგეთში პრეისტორიული არქეოლოგიის მამად წოდებულნი ს.სემიონოვი (1898-1978) და ა.ლეროი-გოურანი (1911-1986) იწყებენ ფუნდამენტურ სამუშაოებს უძველესი მატერიალური კულტურის აღქმისა და შესწავლის საკითხებზე.  მე-20 საუკუნის 40-იან წლებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკვლევრები აწარმოებენ ტრასოლოგიისა და „chaîne opératoire1„კონცეფციის გულმოდგინედ შემუშავებას, რომელთაც საფუძვლად ედო უძველესი ხალხებისა და მათ მიერ დატოვებული მატერიალური კულტურის ნაშთების-არტეფაქტების კომპლექსური შესწავლა და ქცევითი მოდელის აღდგენა [Longo, 2007: 9-10]. „chaîne opératoire“ – კონცეფცია ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში და დაფუძნებულია ლეროი-გოურანის თეორიულ კვლევებზე [Longo, 2007: 13].

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში, არქეოლოგიაში ტრასოლოგიური მეთოდის შემუშავება – ს.ა. სემიონოვს მიეწერება, რითაც არქეოლოგებს საშუალება მიეცათ, შეესწავლათ ქვის იარაღები არა მარტო ტიპოლოგიური თვალსაზრისით, არამედ დაედგინათ მათი ნამდვილი ფუნქცია. იარაღის ტიპოლოგიურ-მორფოლოგიური შესწავლა, კულტუროგენეზის კვლევის აღსადგენად ხდება, ხოლო ტრასოლოგიური მეთოდით – იარაღის ფუნქციის განსაზღვრის საფუძველზე, უძველესი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის რეკონსტრუქცია [Longo, 2007: 10].

სემიონოვის ფუნდამენტურმა ნაშრომმა „Первабытная Техника“ [Семенов, 1957] საფუძველი დაუდო სხვადასხვა ქვეყანაში ექსპერიმენტალურ-ტრასოლოგიური მეთოდის გავრცელებას. რ. იერკესი აღნიშნავდა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ჯერ კიდევ არ იცოდნენ ამ რევოლუციური მეთოდის შესახებ მანამ, სანამ ს.ა. სემიონოვის ნაშრომი არ ითარგმნა ინგლისურ ენაზე, რომელიც მხოლოდ 1964 წელს გახდა ცნობილი. მიუხედავად, თავდაპირველი, სკეპტიკური განწყობისა, დროთა განმავლობაში სემიონოვის მიერ შემოთავაზებული მეთოდის მნიშვნელობა და არსი ნათელი გახდა ამერიკელი მკვლევრებისთვის [Yerkes, 1999: 6].

 „Use-wear“ მეთოდი დაფუძნებული არის იმ ექსპერიმენტულ კვლევებზე, რომლებსაც აწარმოებდნენ ფ. ბორდი, ჯ. ტიკსიე, მ. ნიუქამერი, ჯ. კოლსი და სხვები. ისინი, ექსპერიმენტის საშუალებით ცდილობდნენ აეხსნათ იარაღის შესაძლებლობები და გამოყენების შედეგად მათი სავარაუდო ტრანსფორმაცია [Коробкова...,1996 : 8].

უნდა აღინიშნოს, რომ ტრასოლოგია ნეოლოგიზმია, Trace ფრანგ. - კვალი და logos ბერძნ. - კვალის შესწავლას ნიშნავს და XIX საუკუნის ბოლოდან კრიმინალისტიკაში იყენებდნენ. ხოლო მეოცე საუკუნის შუა ხანებიდან სერგეი სემიონოვმა ტერმინი „ტრასოლოგია“ არქეოლოგიაში დაამკვიდრა. რაც შეეხება ტერმინს „use-wear“, მისი ქართული შესატყვისებაა „გამოყენების კვალი“.

ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრში მიმდინარეობდა ტრასოლოგიური სკოლების წარმოშობა და განვითარების პროცესები. ტრასოლოგიურ სკოლებს შორის აღსანიშნავია რუსეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ცენტრები.

რუსეთის არქეოლოგიური სკოლის დამფუძნებელი ს. სემიონოვი საკითხის კვლევას თავიდანვე ფუნდამენტურად შეუდგა. იგი თანმიმდევრულად სწავლობდა სხვადასხვა ეპოქის, თითქმის, ყველა ტიპის იარაღს. კვლევისას, სემიონოვი, არქეოლოგიურ ფაქტებსა და ანთროპოლოგიურ ინტერპრეტაციას ეყრდნობა [Скакун..., 2010:235].

საფრანგეთის ტრასოლოგიური სკოლის ფორმირებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს ფ. ბორდმა, მისი მოსწავლემ პ.ა. ჟერფომ, ლ. კილიმ, მ.ე. მანსურ-ფრანკომმა და ჰ. პლისონმა [Keely, 1980:11]. ამ სკოლის განსაკუთრებულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს იარაღზე არსებული ფიტოლიტებისა და სხვა ორგანული ნივთიერების ნარჩენების კვლევა და იარაღიდან ანაბეჭდის აღების მეთოდიკის განვითარება. იარაღის ძირითად დიაგნოსტიკურ ნიშანს სიპრიალე წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგი მეცნიერების კვლევები დაფუძნებულია როგორც ტრასოლოგიურ, ისე – ეთნოგრაფიულ მონაცემემბზე [Plisson, 1983: 17-19].

ბრიტანული ტრასოლოგიის სკოლის წარმომადგენლები არიან რ. ტრინგჰემი, ე. მოსი, მ. ნიუქამერი, ნ. ფილიპსი. რუსულ სკოლასა და ბრიტანეთის სკოლებს ერთმანეთთან ხანგრძლივი კონტაქტები ჰქონდა. ბრიტანეთის ტრასოლოგებს, პირველ რიგში,  იარაღზე სიპრიალის წარმოშობის დიაგნოსტიკა აინტერესებთ. ისინი პალეოლითისა და ნეოლითის, არც თუ ისე დიდი რაოდენობის, კონკრეტული ან ცალკეული მასალის შესწავლით შემოიფარგლებიან [Keely, 1980: 1-2].

ამერიკაში ტრასოლოგიური სკოლის ჩამოყალიბება 70-80-იან წლებში დაიწყო და მისი პირველი ხელმძღვანელი დ. როე იყო. გარდა ამისა, როდესაც ლ. კილი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, დ. როე მის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა და, შესაბამისად, ამერიკაში ტრასოლოგიური მეთოდის განვითარება მისი დაბრუნების შემდეგ მოხდა. ამ სკოლის წარმომადგენლები არიან ლ. კილი, ჯ. ოდელი, ნ. ვოგანი [Коробкова..., 1996: 8-9; Keely, 1980: 1-9].

 აშშ ტრასოლოგიური სკოლის მკვლევრების ძირითად ინეტერესს  პალეოლით-ნეოლითის დროინდელი იარაღის ფუნქციის კონკრეტიზაცია წარმოადგენდა, რომელიც, ისევ და ისევ, სიპრიალის კლასიფიკაციას ეყრდნობა. აღსანიშნავია პ. ვოგანის კვლევები. იგი პირველი ამერიკელი ტრასოლოგია, რომელიც მიკროანალიზის საფუძველზე იკვლევდა იარაღის დანიშნულებას. პ. ვოგანი, იარაღის ფუნქციის განსაზღვრისათვის, სამუშაო იარაღზე არსებულ სიპრიალესა და ხაზოვანი კვალის მიმართულებებს აკვირდებოდა [Vaughan, 1981: 90-91].

ამრიგად, ზემოთ განხილულ იქნა მსოფლიოს ის ძირითადი ტრასოლოგიური ცენტრები, რომლებშიც მიმდინარეობდა ტრასოლოგიური მეთოდის ჩამოყალიბება, ფორმირება და განვითარება. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს მაგ., ჩინეთს, ტრასოლოგიური მეთოდი ცნობილი ხდება 1980-იან წლებიდან და ძირითადად გამოიყენებოდა პალეოლითური მასალების კვლევაში [Hou 1999: 16].

 

საქართველოს ტრასოლოგიური ლაბორატორია

 

საქართველოში ტრასოლოგიური მეთოდის განვითარება დაკავშირებულია ქ. ესაკიას სახელთან. მან საქართველოს მიწათმოქმედ-მესაქონლე ტომთა ნასახლარებზე მოპოვებული ქვისა და ძვლის იარაღების ტრასოლოგიური კვლევის საფუძველზე გამოავლინა მათთვის დამახასიათებელი შიდაწარმოებისა და მთლიანად მეურნეობის დარგები. ადრესამიწათმოქმედო პერიოდის ქვის ინდუსტრიის კვლევისას ქ. ესაკია ეყრდნობა გ. კორობკოვას მიერ შემუშავებულ მეთოდს: იარაღი შესაბამისი ფუნქციით ერთიანდება ჯგუფში, თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრება შემადგენელი იარაღის პროცენტული რაოდენობა მთლიან რაოდენობასთან შეფარდებით, შედგება ტიპოლოგიური სია, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთება იარაღების ჯგუფი და დადგინდება დომინანტი მეურნეობა. ქ. ესაკიასა და გ. კორობკოვას მიერ  შეწავლილია შულავერ-შომუთეფეს კულტურის ძეგლების არუხლო I, არუხლო II და არუხლო III,  ჩიხორის, წოფისა და სხვ. ქვის ინდუსტრია [Эсакия, 2003:14;136; Коробкова, 1984; ნებიერიძე, 2010; ესაკია... 2000].

 

 

ტრასოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია

 

რამდენიმე ათეული წელია, რაც სემიონოვის პიონერული კვლევები, იარაღის ფუნქციონალური ინტერპრეტაციის საკითხში, არ კარგავს თავის აქტუალობას და მით უფრო იზრდება მისი როლი უძველესი იარაღების მაკრო და მიკრო კვალის შესწავლისათვის. მრავალწლიანმა სამუშაოებმა და დიდი რაოდენობით მასალის შესწავლამ დასახა მეთოდოლოგიის სამი მთავარი ფაზა: 1. სხვადასხვა ქანის მასალის შესწავლა ექსპერიმენტულ ერთეულებსა და ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით. 2. კვლევისათვის მაკრო და მიკროსკოპული საშუალებების გამოყენება. 3. ტერმინოლოგიის განვითარება  [Marreiros…, 2015: 2].

ტრასოლოგიური კვლევის მეთოდოლოგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა მიკროსკოპების გამოყენებას. ესენია: 1. ბინოკულარული მიკსოკოპი (100X-ზე მეტი გადიდება) 2. მეტალოგრაფიული მიკროსკოპი (400X-მდე გადიდება). 1950-იანი წლიდან რუსეთის ტრასოლოგიური სკოლა ძირითადად იყენებდა „МБС“-ის ფირმის მიკროსკოპებს [Коробкова, 1996: 6-7], ხოლო ევროპის ტრასოლოგიური სკოლების წარმომადგენლები (და კვლავ იყენებენ) – „Olympus Vanox“ და “Olympus BMHJ” ფირმის მიკროსკოპებს. როგორც რუსი, ისე დასავლეთის მკვლევრები, იარაღის ზედაპირზე არსებული კვალის დასაფიქსირებლად, ძირითადად, 100x- ით გადიდებას იყენებენ [Grace, 2012:48-49].

ტრასოლოგიური კვლევა ორი ეტაპისაგან შედგება: პირველი - იარაღის ზედაპირის მიკროსკოპული კვლევა. როგორც ცნობილია, მუშაობის პროცესში, იარაღსა და დასამუშავებელ მასალას შორის კონტაქტის შედეგად მიმდინარეობს იარაღის სამუშაო პირის დეფორმაცია, რომელიც სხვადასხვა, სავსებით კანონზომიერ, ტიპის კვალს ტოვებს (დაბლაგვება, სიპრიალე, სიგლუვე, გამოფხვნა, დაკბილვა, ნაკაწრი) [Котов, 1999: 7; Коробкова..., 1996: 6-7].

კვლევის მეორე ეტაპი ეძღვნება ფუნქციონალურ ანალიზს, როცა იარაღის კლასიფიცირება ხდება ჯგუფებად და ტიპებად. ამ ანალიზის საფუძველზე იკვეთება მეურნეობა, მისი სპეციფიკა, წამყვანი და მეორეხარისხოვანი დარგები, ეკონომიკური მახასიათებლები და სხვ.

 

ტრასოლოგიაში განვითარებული მიმართულებები

 

 არქეოლოგიური მასალის მრავალწლიანმა კვლევებმა, მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა და ეტალონების ბაზის შექმნამ, ტრასოლოგიურ-ფუნქციონალურ მეთოდში ახალი მიმართულებები განავითარა. ესენია: მაკროტრასოლოგია, მიკრომეტრიული მეთოდი და ფიტოტრასოლოგია.

 

მაკროტრასოლოგია

იარაღზე კვალის შესწავლა მიკროსკოპის საშუალებით – ეს არის მიკროტრასოლოგია, ხოლო  შეუიარაღებელი თვალით კვალის დანახვა და მისი ანალიზი კი,  მაკროტრასოლოგია. ორივე მიმართულების დანიშნულება, რა თქმა უნდა, იარაღის ფუნქციის განსაზღვრა და უძველესი სამეურნეო საქმიანობის რეკონსტრუქციაა [Сиссоко, 1988:125-135; Коробкова..., 1996: 19-21].

მაკროტრასოლოგია იარაღის ფუნქციის ვერიფიკაციის საშუალებაა ანალოგიებისა და წარმომავლობის განსაზღვრისათვის. მასალის შესწავლისადმი ასეთი მიდგომა 60-იან წლებში ჩაისახა, მაგრამ მეცნიერული მნიშვნელობა 80-იან წლებში შეიძინა. მიკრო და მაკრო ანალიზის გამოყენებით შესაძლებელი გახდა სამკელი დანების დიფერენცირება – იარაღი, კულტურულ თუ ველურ მცენარეებს ამუშავებდა [Сиссоко, 1988:125-135; Коробкова..., 1996: 19-21].

მაკროტრასოლოგია  დამოუკიდებელ მეთოდს წარმოადგენს, თუმცა ყველა შემთხვევაში ვერ გამოდგება ფუნქციის დასადგენად. მისი შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, ფუნქციის დასადგენად, მივმართავთ კომპლექსურ კვლევას – მიკრო და მაკრო ნიშნების  ერთიანობას [Сиссоко, 1988:125-135; Коробкова..., 1996: 19-21].

 

მიკრომეტრიული მეთოდი

 

მიკრომეტრიული მეთოდი, მეტალის ნაკეთობის შესასწავლად, პირველად შეიმუშავა ვ.პ. ლინიკომ. არქეოლოგიური მასალის შესასწავლად მეთოდი არც ისე გამოსადეგი იყო. იგი მოითხოვდა ობიექტის სპეციალურ დამუშავებას. ამ საკითხებზე ს. სემიონოვი და ვ. შელინსკი მუშაობდნენ. ავტორებმა არა მარტო წარმოადგინეს მიკრომეტრიული ანალიზის მეთოდიკა, არამედ, კიდეც გამოიყენეს მუსტიეური და ექსპერიმენტალური ნიმუშების შესასწავლად [Сиссоко, 1988:125-135; Коробкова..., 1996:18-19].

მიკრომეტრიული მეთოდი მიკროტრასოლოგიის განვითარების შედეგად გაჩნდა. გ.ფ. კარაბკოვას მიხედვით, ეს არის იარაღებზე არსებული ნიშნების რაოდენობრივი სისტემის შესწავლის საშუალება, რომელსაც შეუძლია იარაღის ფუნქცია განსაზღვროს ზედაპირის სუსტი ცვეთით ან დაადგინოს მუშაობის ხანგრძლივობა. მიკრომეტრიული მეთოდის მიზანს წარმოადგენს მასალის ზედაპირის, მიკრორელიეფის შესწავლა ორმაგი მიკროსკოპით; ფოტოგრაფირება და ტოპოგრაფია; მიკრომეტრიული მეთოდის გამოყენებამ არათანაბარი ზედაპირის მქონე იარაღზე, შეიძლება, ცდომილება მოგვცეს. ამიტომ, იგი  ყურადღებას, დაკვირვებასა და, შედეგის მაქსიმალური სიზუსტისათვის, ზედაპირის რამდენჯერმე გაზომვას მოითხოვს [Семенов..., 1971: 20-22; Сиссоко, 1988:125-135; Коробкова, 1996: 18-19].

 

ფიტოტრასოლოგია

 

მცენარეული ქსოვილების სწრაფი ხრწნის გამო, ხშირად ძნელდება იმის დადგენა თუ რას მიირთმევდნენ ჩვენი წინაპრები, მაგრამ მწვანე ორგანიზმების უჯრედებში სილიციუმის ორჟანგიდან განსაკუთრებული სტრუქტურები, ფიტოლიტები წარმოიქმნება, რომლებიც სხვა მინერალების მსგავსად ნიადაგში დიდხანს რჩებიან. ეს ნარჩენები, რასთანაც შეხება ჰქონდა,  ყველაფერზე ილექებოდა (იარაღი, ჭურჭლის შიდა ზედაპირი, სანაყები და სხვ.). ოპალ ფიტოლიტები, სილიკა ფიტოლიტები, სილიკა უჯრედები, მცენარეული ოპალი2 ან ჩვეულებრივი სილიკა წარმოადგენენ ჰიდრატირებული სილიკას ნაწილებს. ისინი არსებობენ იმ მცენარეებში, რომლებიც გახმნენ და გაიხრწნენ [Piperno, 2006:1]. ფიტოლიტები არ წარმოადგენენ ორგანულ ნივთიერებას და არ იშლებიან ბაქტერიებად, შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ დაცულობის ისეთი პრობლემები, როგორიც ორგანულ მცენარეულ ნაშთებს. ფიტოლიტებს შეუძლიათ გადარჩნენ მშრალ და სველ ნიადაგში. მცენარის დამწვარი ნაშთები თავიანთ ფიტოლიტებს ნახშირში დატოვებენ, ხოლო ბუნებრივად გახრწნილი მცენარე არქეოლოგიურ სედიმენტაციაში აღიბეჭდება ფიტოლიტების სახით. ძირითადი მარცვლეული მცენარეების ამოცნობა, როგორებიცაა: ხორბალი, ქერი, ბრინჯი და სხვ. შესაძლებელია ფიტოლიტების საშუალებით [Harvey…, 2005: 739-740; 742].

ფიტოტრასოლოგიის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს არქეოლოგებმა ჯ. ვიტჰოფმა და ჯ.კამინგმა, მაგრამ მისი მეთოდად ჩამოყალიბება                     პატრიცია ანდერსონ-ჟერფოს სახელთანაა დაკავშირებული [Verdin, 1999:19].  ფიტოტრასოლოგიის მიზანია იარაღის ფუნქციის განსაზღვრა მასზე არსებული ორგანული ნივთიერების ნარჩენების მიხედვით. ფიტოლიტების შესწავლისთვის პ. ანდერსონ-ჟერფო იყენებდა ელექტრონულ მიკროსკოპს. იგი იარაღზე აღმოჩენილ ფიტოლიტის ნარჩენსა და იარაღის ზედაპირზე მუშაობის შედეგად დატოვებულ კვალს ერთმანეთს უკავშირებდა.

ვერდინი ჩატარებული ექსპერიმენტების მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ფიტოლიტების არქეოლოგიურ და ექსპერიმენტულ კვლევებში მარცვლეულის დამუშავების ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული პროცესი გამოიყოფა: ლეწვა და დასილოსება [Verdin, 1999: 19].

მასალის ფუნქციის განსაზღვრაში ფიტოლიტების ფრაგმენტულობა სირთულეებს წარმოქმნის. აგრეთვე, სირთულეებთანაა დაკავშირებული მცენარეების მრავალფეროვნება, რადგან კვალი ყოველთვის ერთნაირი არ არის, და, შესაბამისად, კვალის ზომებიც სხვადასხვაა. ხშირ შემთხვევაში ფიტოლიტები ინფორმატიულობას მოკლებულია, ის უნდა ჯდებოდეს კულტურული ფენის კონტექსტში, საჭიროა შედგეს მისი ტიპოლოგიური განსაზღვრება, რადგან ფლორის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე კვალიც, შესაბამისად, სხვადასხვა იქნება [Коробкова..., 1996: 19].

 

ფუნქციონალური ტიპოლოგია

 

ქვის ინდუსტრიის მეთოდოლოგიური შესწავლა დროის სვლასთან ერთად საგრძნობლად შეიცვალა. ქვის არტეფაქტების ტიპოლოგიური შესწავლა, მრავალი ტრასნფორმაციის მიუხედავად, დღემდე არქეოლოგიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ტიპოლოგიური მეთოდი დაფუძნებულია იარაღის მორფოლოგიური მახასიათებლების განსაზღვრაზე. მატერიალური კულტურის შესწავლის საკითხში, ტიპოლოგიური მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა კომპლექსის შედარებითი ანალიზისა და კულტუროგენეზის დადგენაში [Массон, 1999: 9-10].

თუ ტიპოლოგია ანალიტიკური არქეოლოგიის ძირითად შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა, ქვის ინდუსტრიის შესწავლის საკითხში ტექნოლოგიურმა და ფუნქციონალურმა კვლევებმა  მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ტიპოლოგიურმა და ფუნქციონალურმა მეთოდებმა, ერთობლივად, არქეოლოგიის ამოცანები და მიზნები ახლებურად დააყენა [Матюхин, 2003: 94].

დიდი რაოდენობით არტეფაქტების შესწავლამ გ.ფ. კორობკოვა ფუნქციონალური ტიპოლოგიის შემუშავებამდე მიიყვანა. ფუნქციონალური ტიპოლოგია უზრუნველყოფს და სისტემაში მოჰყავს კვლევის ობიექტი. ტრასოლოგიურად განსაზღვრული იარაღი დაჯგუფებულია ფუნქციონალური ტიპების, ჯგუფების და კლასების მიხედვით. ფუნქციონალურ ტიპში იგულისხმება ნაკეთობა და მასზე დაფიქსირებული ცვეთის კვალი, რომელიც კონკრეტული მუშაობის პროცესის ან ოპერაციის აღმნიშვნელია. ფუნქციონალურ ჯგუფში  სხვადასხვა ნიშნის მატარებელი ტიპებია გაერთიანებული კონკრეტული წარმოების ან მეურნეობის გამოსახატავად. ფუნქციონალური კლასი ესაა იარაღთა ჯგუფი, რომელთაც  ცვეთის  განსხვავებული ნიშნები გააჩნიათ.

ფუნქციონალური ტიპოლოგია სამეურნეო საქმიანობის საერთო ტენდენციებსა და კონკრეტული დასახლების ლოკალური სპეციფიკის განსაზღვრას  უწევს დახმარებას. იგი ფართოდ გამოიყენება არქეოლოგიური მასალის სისტემატიზაციისა და ძეგლზე არსებული მეურნეობის განვითარების დადგენაში [Коробкова…,1996:21-23; Коробкова,1994: 13-14].

ამრიგად, ტრასოლოგიური კვლევის მეთოდით, შესაძლებელია, არქეოლოგიაში არსებული სხვადასხვაგვარი პრობლემის გადაჭრა. ტრასოლოგიური შესწავლის არეალში ექცევა თითქმის ყველა პერიოდი (პალეოლითიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით). შესასწავლ ობიექტებს წარმოადგენენ  მასალები როგორც კონკრეტული ძეგლებიდან, ისე –მთლიანად რეგიონებიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ფუნქციონალური ანალიზი დაფუძნებულია იარაღის ზედაპირის დაკვირვებასა და ფიზიკურ მაჩვენებელზე, რომელზეც ადამიანი ახდენდა ზეგავლენას. შესაბამისად, ფუნქციონალური ანალიზი ემყარება მეთოდოლოგიურ კვლევებს და ეს უკანასკნელი ექსპერიმენტულ დაკვირვებებს [Marrerios, 2015: 2]. უძველესი იარაღების ამგვარი კვლევა, თავის მხრივ, უძველესი სამეურნეო სისტემის რეკონსტრუქციის აღდგენის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს [Массон, 2003: 66-73; Сиссоко, 1988: 28-62).

 

შენიშვნა: კვლევა განხორციელდა „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [PhD_F_17_146].

 


1 ფრანგული ტერმინი გამოიყენება ანთროპოლოგიაში, განსაკუთრებით არქეოლოგიასა და სოციო-კულტურულ ანთროპოლოგიაში და ნიშნავს – „ოპერაციულ თანამიმდევრობის ჯაჭვს“.

2 არაკრისტალური სილიკა

ლიტერატურა

ესაკია, ქ. რუსიშვილი, ნ.
2000
ჩიხორის ნამოსახლარი პალეოეთნობოტანიკური და ტრასოლოგიური მონაცემებით. ძიებანი, №6
ნებიერიძე, ლ.
2010
წოფის ენეოლითური კულტურა. Studies of the Society of Assyrologists, Biblical studies and Caucasiologists. № 6
Коробкова Г.Ф.,
1994
Экспериментально-трасологические разработки как комплексное исследование в Археологии. Экспериментально-трасологические исследования в археологии, Санкт-Петербург, „НАУКА“.
Коробкова Г.Ф, Щелинский, В.Е.
1996
Методика микро-макроанализа древних орудий труда, часть 1, Российская Академия Наук, Санкт-Петербург.
Коробкова Г.Ф., Эсакия К.М
1984
Комплексное изучение каменной индустрии Раннеземледельческоих поселении Арухло II и III.Человек и окружающая его среда,Материалы по археологии Грузии и Кавказа, IX,“Мецниереба”, Тбилиси.
Котов В.Г
1999
Методологические принципы анализа каменных орудий, Современные экспериментально-трасологические и технико-технологические разработки в археологии, Первые Семеновские чтения, СПБ.
Массон В.М
2003
Петербургская школа трасологии и методологическая значимость трасологических разработок, Петербургская трасологическая школа и изучение древних культур Евразии, Санкт-Петербург.
Матюхин А.Е.,
2003
О целях, роли и соотношении типологического и технологического подходов первобытной Археологии, Петербургская трасологическая школа и Санкт-Петербург.
Семенов, С.А.
1957
Первобытная техника, Москва, Ленинград .
Семенов С.А., Щелинский В.Е
1971
Микрометрическое изучение следов работы на палеолитических орудиях, Советская Археология №1, “НАУКА”.
Скакун Н.Н., Василев С.А., Плиссон Г., Клод Э.
2010
К истокам трасологии: “Первабытная техника” 40 лет спустя: Функциональные исследования и русское наследие (Верона, Италия, 20-23 апреля 2005 г.), Археологические Вести, №16 (2009), Санкт-Петербург..
Сиссоко Ф
1988
Экспериментально-трасологический метод в археологии. Историографические, методические и методологические аспекты. Диссертация, Ленинград,
Эсакия К.М
2003
Экспериментально-трасологический метод и эффективность экономики раннеземледельческих хозяйств, Петербургская трасологическая школа и изучение древних культур Евразии, Санкт-Петербург.
Grace R
2012
Interpreting the function of stone tools, IKARUS BOOKS, www.rogergrace.macmate.me/ikarusbooks
Harvey E., Fuller D.Q.
2005
Investigation crop processing using phytolith analysis: the example of rice and millets. Journal of Archaeology Science 32, ELSEVIER.
Hou, Ya
1999
Traceology in China: review and prospect. Современные экспериментально-трасологические и технико-технологические разработки в археологии, Первые Семеновские чтения, СПБ.
Keely, L.H
1980
Experimental determination of stone tool uses, University of Chicago.
Longo L.
2007
Integrated methodological approaches to the study of lithic tools, Proceedings of the International conference, Florence.
Marreiros, J.M., Gibaja Bao F.J., Bicho F.N.,
2015
Use-wear and Residue analysis in Archaeology. Use-wear and Residue analysis in Archaeology. Springer International Publishing Switzerland.
Piperno D.R
2006
Phytoliths: A Comprehensive Guide for Archaeologists and Paleoecologists. AltaMira Press, United State Of America.
Plisson, H
1983
An application of casting techniques for observing and recording of microwear // LT, 12 (1): vol.12.
Vaughan, P
1983
An application of casting techniques for observing and recording of microwear // LT, 12 (1): vol.12.
Vaughan, P
1981
Microwear analysis of experimental flint and obsidian tools, Nederlandse Geologische Verening, №1, vol.6.
Verdin P.
1999
Phytoliths as a major witness of a specific trchnical gesture: Threshing of cereals. Современные экспериментально-трасологические и технико-технологические разработки в археологии, Первые Семеновские чтения, СПБ.
Yerkes R
1999
The importance of use-wear and experimental research in North American Archaeology, Современные экспериментально-трасологические и технико-технологические разработки в археологии, Первые Семеновские чтения, СПБ.