აღაზას მხატვრული სახის გაგებისათვის ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელში“

ვაჟა-ფშაველას ლიტერატურულ პერსონაჟთა შორის ხასიათის შინაგანი სირთულითა და დრამატიზმით გამორჩეულია აღაზას მხატვრული სახე (პოემა „სტუმარ-მასპინძელი“). ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში სწორედ აღაზასთან დაკავშირებით მსჯელობენ ხოლმე სინდისის პრობლემაზე ვაჟა-ფშაველას ეპიკურ პოეზიაში. სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ „... აღაზას მაგალითზე გვიჩვენა ვაჟამ სინდისის ტრაგედია“ [კიკნაძე, 2005:418].

თავდაპირველად აღაზა პოემის მესამე თავში ჩნდება. ზვიადაურთან ერთად სახლში დაბრუნებული ჯოყოლა სტუმრის გასამასპინძლებლად მოუხმობს ცოლს. აღაზას შემოსვლას წინ უძღვის ერთგვარი მხატვრული პაუზა, რითაც პოეტი თითქოს საგანგებოდ ამზადებს მკითხველს ახალ, გამორჩეულ პერსონაჟთან შესახვედრად. ვაჟა-ფშაველა ტრადიციული პოეტური ლექსიკის დახმარებით აღგვიწერს ქალის ნათელმოსილ გარეგნობას:

 

„გამოჩნდა ქალი ლამაზი,

შავის ტანსაცმლით მოსილი,

როგორაც ალყა ტანადა,

ვარსკვლავი ციდამ მოცლილი“

[ვაჟა-ფშაველა, 2009:276].

 

აღაზას მხატვრულ სახეში შენივთებულია ფიზიკური სილამაზე და სულიერი მშვენიერება. მისი შინაგანი სამყაროს გახსნა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც იგი ზვიადაურის „შეწირვის“ სცენას შეესწრება. სტუმრის ვაჟკაცობით მონუსხული აღაზა ვერ ახერხებს ცრემლების შეკავებას და მის მიმართ საოცარ თანაგრძნობას ავლენს. ზვიადაურის დატირებისთანავე აღაზას არსებას საშინელი მღელვარება მოიცავს. მართალია, იგი ადანაშაულებს ქისტებს ვაჟკაცის უღირსად მოკვლის გამო, მაგრამ მაინც ეპარება ეჭვი როგორც თავისი, ასევე – ქმრის საქციელის მართებულობაში და ვერ ახერხებს სულიერი სიმშვიდის მოპოვებას. ზოგიერთი მკვლევარი აღაზას სინდისის ქენჯნის საფუძველს იმ გარემოებითაც ხსნის, რომ, პოემის მიხედვით, მას სქესური სიმპათიის გრძნობა უჩნდება ზვიადაურისადმი და სწორედ ამას ვერ პატიობს თავს. ილია ნაკაშიძის აზრით, „მკვდრისადმი ცოცხალი სიყვარული გაჰღვიძებია ლამაზ აღაზას გულში და სახიფათო საქმე გააბედვინა“ [ნაკაშიძე, 1955:131]. ამგვარადვე მსჯელობს აღაზას გრძნობის შესახებ კიტა აბაშიძეც: აღაზა „სიყვარულს შეუპყრია, იგი მისი მორჩილია, იგიც ერთგვარი ურჩია თემისა, რომელიც თავის გრძნობასა და ზრახვას არავის უმორჩილებს, თავის გულისა და სულის პატრონობა მარტო თვით უდვია თავზედ. როგორც მისი ქმარი მეგობრობის გრძნობას სწირავს თავს, ისე ეს ფატალურ ძალას სიყვარულის გრძნობისას დაუმონებია და მარტო მისი ბუნება მიუღია“ [აბაშიძე, 1955:178].

            თანამედროვე მკვლევართაგან იგივე შეხედულება განავითარა იტალიელმა ქართველოლოგმა ლუიჯი მაგაროტომ. მისი თქმით, სარაინდო პოემების მსგავსად, „სტუმარ-მასპინძელშიც“ „...მნიშვნელოვან როლს ასრულებს „აკრძალული“ სიყვარული პოემის გმირსა და ქალიშვილს (ან გათხოვილ ქალს) შორის. მაგრამ ქისტების თემში არსებული მკაცრი ტრადიციების გამო აუცილებელი ხდება მისი დაძლევა. ამ სიყვარულს სულის სიღრმეში ინახავს აღაზა და ის საიდუმლოდ გამჟღავნდება არა სიხარულში, არამედ ტკივილის განცდით მოგვრილ ტანჯვაში. აღაზა, რომელმაც ზვიადაური გაიცნო იმ ღამით, როცა ის მათთან სტუმრობდა, თავის სიყვარულს სასაფლაოზე ზვიადაურის მსხვერპლად შეწირვის დროს გამოხატავს“ [მაგაროტო, 1999:43].

             მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურათმცოდნეთა ერთი ნაწილი კატეგორიულად უარყოფს აღაზას თანაგრძნობაში სატრფიალო ელემენტის არსებობის შესაძლებლობას,1 საინტერესოა, რამდენად გვაძლევს ნაწარმოების ტექსტი და ქვეტექსტები ზემოთ აღნიშნული შეხედულების გამოთქმის რეალურ საფუძველს.

            ზვიადაური ჯოყოლას ოჯახში მხოლოდ რამდენიმე საათს ატარებს. ვაჟა-ფშაველა ერთ უმცირეს მინიშნებასაც კი არ გვაწვდის იმის თაობაზე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში აღაზას არსებაში სქესური სიმპათიის თუნდაც უმცირესმა განცდამ იჩინა თავი. გაოცებას იწვევს კიტა აბაშიძის სიტყვები: „ჯოყოლას ცოლი ზვიადაურს დაინახავს თუ არა, მისის ეშხით ენთება“ [აბაშიძე, 1955:178]. პოემის მიხედვით, აღაზა ზვიადაურს ისე ეპყრობა როგორც სტუმარს, ქმრის მეგობარს. მის ფიქრთა და განცდათა დინებაზე ვაჟა საერთოდ არ მიგვაპყრობინებს ყურადღებას, რამდენადაც მის თავს არაფერი ხდება უჩვეულო. ასევე დუმს ავტორი იმის თაობაზე, თუ როგორია ქალის სულიერი მდგომარეობა მაშინ, როდესაც ქისტები ზვიადაურს ატყვევებენ.

            აღაზა სტუმრისადმი განსაკუთრებულ თანაგრძნობას მაშინ ამჟღავნებს, როდესაც მის გასაოცარ ვაჟკაცობას იხილავს. ზვიადაურის პიროვნული ძალა, გაუტეხელობა განუმეორებელ ზემოქმედებას ახდენს ქალის ფაქიზ სულზე და იგი ერთიანად ინუსხება ამ საოცარი სანახაობით. პოეტი, თითქოს, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საგანგებოდ განგვიმარტავს აღაზას მღელვარების მიზეზს:

 

„კაცის კაცურად სიკვდილი

გულიდან არა ჰქრებოდა.

ქალის გულს იგი სურათი

შიგ გაეყარა ისრადა:

იმან დაადვა ლამაზსა

დაკლულის გლოვა კისრადა“

[ვაჟა-ფშაველა, 2009:290].

 

სრულიად ნათლადაა ახსნილი აღაზას ქცევის მოტივაცია. ქალის აღელვებას იწვევს არა საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, არამედ „კაცის კაცურად სიკვდილის“ ხილვა. ეს ამაღლებული, გასაოცარი სურათი გულში ებეჭდება აღაზას და სწორედ ამის გამო ხდება იგი ზვიადაურის ჭირისუფალი. აღაზას თანაგრძნობა კიდევ ერთი არსებითი ფსიქოლოგიური ფაქტორითაა გამყარებული. ქალის სათუთ გულს ებრალება ადამიანი, რომელიც უცხო მხარეში, მახლობელთა თანაგრძნობისა და ნუგეშის გარეშე ემშვიდობება წუთისოფელს:

 

„ძლიერ შემბრალდა ბეჩავი,

რომ უცხოეთშიკვდებოდა,

არც ნათესავი, არც მოძმე

რომ ვისმე შეჰბრალებოდა,

მაგრამ როს ჰკლავდნენ ხანჯრითა,

ოდნავაც არა ჰკრთებოდა“

[ვაჟა-ფშაველა, 2009: 295],

 

– ეუბნება იგი ჯოყოლას.

            იმ მკვლევრებს, რომლებიც ამტკიცებენ აღაზას თანაგრძნობაში სატრფიალო ელემენტის არსებობას, თავიანთი მოსაზრების დასტურად მოაქვთ ქალის სიტყვები, რომლებითაც იგი, თითქოს, შენატრის ზვიადაურის ცოლის ბედს:

 

„ნეტავი იმას, ვინაცა

მაგის მკლავზედა წვებოდა,

ვისიცა მკერდი, აწ კრული,

მაგის გულ-მკერდსა სწვდებოდა!

ნეტავი იმას ოდესმე

ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?“

[ვაჟა-ფშაველა, 2009:288].

 

აღაზა ქალური უშუალობითა და გულწრფელობით გამოხატავს თავის განცდებს. „ბედნიერი ყოფილა მისი ცოლი“, – ფიქრობს იგი და ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, თითქოს მაინცდამაინც მის ადგილზე ყოფნას ნატრობს. პოემის მიხედვით, არ არსებობს აღაზას არსებაში ამგვარი სურვილის წარმოშობის საფუძველი, რამდენადაც ზვიადაურს არ მოეპოვება არაფერი ისეთი, რაც ქალმა შეიძლება საკუთარ ქმარში მოისაკლისოს. აღაზას ზვიადურის გაუტეხელობა ხიბლავს. ეს თვისება, ამავდროულად, ჯოყოლას ხასიათის არსებითი შტრიხიცაა. აღაზა კი ყველაზე უკეთ იცნობს ქმრის შეუპოვარ, მებრძოლ ბუნებას, მამაკაცურ სიმტკიცეს, რის გამოც მან ქისტები „ადრეც ბევრჯერ არია“.

პოემის მიხედვით, ჯოყოლასა და აღაზას შორის ფაქიზი სულიერი ურთიერთობაა. მართალია, თავიდან ქალს ეხათრება ქმრისთვის სიმართლის თქმა, რომ დაიტირა ზვიადაური, რადგან არ იცის, თუ როგორ აღიქვამს იგი მის საქციელს, მაგრამ ბოლოს მაინც ახერხებს გულის გადაშლას, რასაც ჯოყოლა თავისი პიროვნული სიმაღლის შესაფერის პასუხს ახვედრებს:

 

„იტირე? მადლი გიქნია

მე რა გამგე ვარ მაგისა?

დიაცს მუდამაც უხდება

გლოვა ვაჟკაცის კარგისა!“

[ვაჟა-ფშაველა, 2009:296].

 

ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არავითარი ბზარი არ ჩნდება. აღაზას უდიდესი ერთგულება და სიყვარული თვალნათლივ ვლინდება ჯოყოლას დატირების საოცრად ამაღელვებელ პოეტურ სურათში:

 

„ცოლი სტიროდა ჯოყოლას,

ცრემლს ასხურებდა ხშირადა,

არჩვი ყელგადაგდებული,

თმახშირი, მთვარე პირადა,

ეკერებოდა გულ-მკერდზე

ქმარს მარგალიტის ღილადა“

[ვაჟა-ფშაველა, 2009: 303].

 

და რაც ყველაზე არსებითია: ნაწარმოების ფინალში, როცა მითოსურ ჩვენებაში პოემის პერსონაჟები კვლავ ერთად შეიყრებიან, ისინი:

 

„ვაჟკაცობისას ამბობენ

ერთურთის დანდობისასა

სტუმარ-მასპინძლის წესზედა

ცნობის და დაძმობისასა“.

[ვაჟა-ფშაველა, 2009:305].

 

            ვაჟა-ფშაველა სრულიად ნათლად და გარკვევით მიგვითითებს, რომ აღაზას თანაგრძნობა ზვიადაურისადმი მხოლოდ და მხოლოდ დაძმური ურთიერთობის ჭრილშია გასააზრებელი.

            საგულისხმოა, რომ აღაზა-ზვიადაურის ურთიერთობაში სატრფიალო ნიუანსებს ეძებენ ევროპული ლიტერატურის საფუძვლიანად მცოდნე კრიტიკოსები, რომლებიც დასავლური მწერლობის თვალსაწიერიდან უცქერენ „სტუმარ-მასპინძელს“. ევროპული სარაინდო რომანებისათვის სასიყვარულო სამკუთხედები, მართლაც, ჩვეულებრივი მოვლენაა. ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მთლიან სულისკვეთებას თუ გავითვალისწინებთ, იმთავითვე მივხვდებით, რომ პოემაში ამგვარი დეტალების ძიება არაბუნებრივია. როგორც ვაჟას პოეზიის საუკეთესო მკვლევარი, გრიგოლ კიკნაძე აღნიშნავს, „ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში უმნიშვნელო ადგილი აქვს დათმობილი სასიყვარულო და ეროტიკულ ურთიერთობაზე მიმთითებელ ეპიზოდებს. ვაჟას პოემათა დიდი უმრავლესობა სრულიად თავისუფალია ასეთი მოტივებისაგან... ფაქტებზე დიდი ძალდატანების შედეგი იყო, როდესაც ზოგიერთმა კრიტიკოსმა ზვიადაურისადმი აღაზას თანაგრძნობაში სატრფიალო ნიუანსი დაინახა. ასეთმა ინტერპრეტაციამ, საკუთარი უსაფუძვლობის გარდა - და სწორედ ამის გამოც – უსიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა“ [კიკნაძე, 2005:433-434]. მართლაც, ვაჟა-ფშაველას გმირები წმინდა, ალალი სულის პიროვნებანი არიან, რომელნიც თავიანთი სიწრფელითა და სისუფთავით ხიბლავენ მკითხველს. ასე რომ, აღაზას თანაგრძნობაში სატრფიალო მოტივის ძიება ტექსტზე აშკარა ძალადობაა და არაფერს მატებს არც მის მხატვრულ სახეს და არც – თავად პოემას.

                ახლა უფრო კონკრეტულად ვნახოთ, თუ რა იწვევს აღაზას სინდისის ქენჯნას ნაწარმოების მიხედვით. ქალის სულში აღძრული ურთიერთსაპირისპირო გრძნობების ჭიდილს პოეტი შთამბეჭდავად აღგვიწერს:

 

„ზვიადაურის სიკვდილი

თვალებში ელანდებოდა -

სტიროდა, მაგრამ ტირილი

არ იყო, ეხათრებოდა:

ერთ მხრივ ხათრი აქვს თემისა

მეორით - ღმერთი აშინებს:

ქისტეთის მტრისა მოზარეს

თავს რისხვას გადმოადინებს!

ეს ფიქრი გონებისაა,

გული თავისას შვრებოდა,

კაცის კაცურად სიკვდილი

გულიდან არა ჰქრებოდა“

[ვაჟა-ფშაველა, 2009:290].

 

            ტექსტის მიხედვით, აღაზას იმიტომ კი არ აქვს დანაშაულის გრძნობა, რომ ქმარს უღალატა და უცხო კაცი შეუყვარდა, არამედ იმის გამო, რომ დაარღვია მაჰმადიანური, რელიგიური მცნება – მტერი, ურჯულო იგლოვა. აღაზას ეშინია ღმერთის, რომელიც, მისი წარმოდგენით,ქისტეთის მტრის დამტირებელს „თავს რისხვას გადმოადინებს“. მიუხედავად ამისა, „გული თავისას შვრება“, ქალს უჩნდება შინაგანი მოთხოვნილება ზვიადაურის დატირებისა და ვერ ახერხებს წინ აღუდგეს მოზღვავებულ ემოციებს. ე. ფრომის ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, შეიძლება ითქვას, რომ აღაზას სულში ერთმანეთს ებრძვის ავტორიტარული და ჰუმანისტური სინდისი2, გარეგანი ავტორიტეტისადმი შიშის, მოწიწების საფუძველზე წარმოშობილი დანაშაულის ცნობიერება, ერთი მხრივ, და ადამიანური არსების უღრმესი წიაღიდან მომდინარე, ჭეშმარიტი მე-ს ხმა, მეორე მხრივ. სწორედ ამ გაორების გამო ირღვევა აღაზას სულიერი წონასწორობა.

            მიუხედავად იმისა, რომ ჯოყოლა ცდილობს, დაამშვიდოს ცოლის მშფოთვარე სინდისი, შთააგონოს მას, რომ სრულიადაც არაა დასაძრახი ღირსეული ვაჟკაცის დატირება, აღაზას არ აქვს საკუთარ უდანაშაულობაში შინაგანი დარწმუნებულობის განცდა. მას მაინც ეპარება ეჭვი როგორც საკუთარი, ასევე ქმრის საქციელის მიზანშეწონილობაში: „ორთავ შევცოდეთ ქისტებსა, მათ შამიჩვენეს ქმარია... მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს, უცხოსთვის ცრემლი ვღვარია“. ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ფსიქოლოგიური ალღოს მქონე მწერალი, ბრწყინვალედ გვიჩვენებს, რომ ქალის ფსიქიკა ცოტა განსხვავებულადაა მომართული. „აღაზას შინაგან ძალასთან ერთად სისუსტეც ახასიათებს, ის, როგორც ქალი, უფრო მეტად არის დამოკიდებული სხვების, საზოგადოების აზრზე, რაც მისი სახის მხატვრული სიმართლის და ინდივიდუალურობის საყრდენია. აღაზა თავისთავში ატარებს თემის ცნობიერებას, მის თვალთახედვას და ამ თვალთახედვითაც აღიქვამს და აფასებს საკუთარ ფიქრებს, განცდებს, ქმედებებს“ [ვასაძე, 2010:81]. სწორედ ამის გამო დანაშაულის განცდა მოსვენებას არ აძლევს აღაზას და იგი მტანჯველი ზმანებების სახით იჩენს თავს:

 

                                                ეს რა ხმა ესმის, დგანდგარი?

                                                ყურებს გაუდის ჟივილი...

                                                საფლავებიდან მოესმის

                                                მკვდრების წყრომა და ჩივილი!

                                                თითქოს ბალღებიც ატირდენ,                                                                                              გაუდისთ მწარედ წივილი!

                                                საერთო წყრომის ხმა ისმის,

                                                საერთო გულის ტკივილი:

                                                “რას შვრება უნამუსოვო”,

                                                გამწარებულნი ჩიოდენ, -

                                                “მაღალი ღმერთი გრისხავდეს!”

                                                სამარით შემოჰკიოდენ“

[ვაჟა-ფშაველა, 2009:291].

 

            აღაზას ეზმანება, რომ მთელი სამყარო უპირისპირდება. მას მოღალატედ მიიჩნევენ და შეაჩვენებენ „ბალახნი, ქვანი, ქვიშანი“, „სამდურავს ეუბნებიან აღაზას გიშრის თმანიცა“. აღაზას სასოწარკვეთა უმაღლეს წერტილს აღწევს მაშინ, როდესაც ქისტები ქმრის სასაფლაოზე დამარხვის უფლებასაც კი არ მისცემენ: „სუყველამ ზურგი მაქცია, ყველაყა განზე მდგარია, სასაფლაოც კი შემიკრეს, რომ დამემარხა მკვდარია“. ამგვარი უგულობის მხედველ ქალს „ცეცხლი წვავს უალო, მოუდებარი“. ყველასაგან უარყოფილი და სინდისის ქენჯნისაგან სასომიხდილი აღაზა თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.

            აღაზა ტრაგიკული ბედის, გაორებული ცნობიერების მქონე პერსონაჟია, რომელიც, ერთი მხრივ, თავის რწმენას, მეორე მხრივ, კი საზოგადოების გულგრილობასა და სისასტიკეს ეწირება, რის გამოც მკითხველის გულწრფელ თანაგრძნობას იმსახურებს.

 


1იხ. მაგ. [კიკნაძე, 2005:433-434], [ბენაშვილი, 1961:125-126], აღაზას ქცევის საინტერესო ანალიზია წარმოდგენილი თამაზ ჩხენკელისა [ჩხენკელი, 1989:176-183] და იუზა ევგენიძის [ევგენიძე, 1989:367-373] ნაშრომებში.

2ამ ცნებათა ფრომისეული დახასიათება იხ. (ფრომი 1998: 3-16).

ლიტერატურა

აბაშიძე
1955
აბაშიძე კ. ვაჟა-ფშაველა. ვაჟა-ფშაველა ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში, ქრესტომათია, I, თბილისი.
ბენაშვილი
1961
ბენაშვილი დ. ვაჟა-ფშაველა - შემოქმედი და მოაზროვნე. თბილისი.
ევგენიძე
1989
ევგენიძე ი. ვაჟა-ფშაველა. თბილისი.
ჩხენკელი
1989
ჩხენკელი თ. მშვენიერი მძლევარი, თბილისი.
ვასაძე
2010
ვასაძე თ. ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში. თბილისი.
ვაჟა-ფშაველა
2009
ვაჟა-ფშაველა. თხზულებანი ათ ტომად. ტ. 3. თბილისი.
კიკნაძე
2005
კიკნაძე გრ. თხზულებანი ხუთ ტომად. ტ. 1. თბილისი.
მაგაროტო
1999
მაგაროტო ლ. მითი და პოეზია. „ლიტერატურა და სხვა“, 1991, #1.
ნაკაშიძე
1955
ნაკაშიძე ი. ვაჟა-ფშაველას პოეზია. ვაჟა-ფშაველა ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში. ქრესტომათია, I, თბილისი.
ფრომი
1998
ფრომი ე. ავტორიტარული სინდისი. თბილისი.