პლასტუნკელი ქართველები

თუ თვალს გადავავლებთ კაცობრიობის ისტორიას, ადვილად შევამჩნევთ ხალხთა მიგრაციის განუწყვეტელ პროცესებს, რაც სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული. სახლდებოდნენ რა სხვადასხვა ქვეყნაში, ესა თუ ის ეთნოსი იშვიათად თუ ინარჩუნებდა თვითმყოფადობასა და კავშირს თავის სამშობლოსთან.

ქართველთა სამშობლო საქართველოა. თუ არა იძულება, ქართველი იშვიათად ტოვებდა თავის ქვეყანას. მაგრამ, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ცდილობდა, შეექმნა ,,პატარა საქართველო“.

წინამდებარე ნაშრომი შეეხება თითქმის საუკუნე-ნახევრის წინ დასავლეთ საქართველოდან სოჭში გადასახლებულ ქართველთა ისტორიას, მათ თანამედროვე ყოფას და ვითარებას, რომელიც არცთუ სახარბიელოა მაშინდელი საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელების უნიათო პოლიტიკის წყალობით.

ვინ არიან სოჭელი (პლასტუნკელი)  ქართველები?  რა დროიდან ცხოვრობენ აქ და რამ გამოიწვია მათი შავი ზღვის სანაპიროზე გადასახლება? ეს ის კითხვებია, რომლებზედაც შევეცდებით, პასუხი გავცეთ.

ყირიმის ომის (1854-56 წწ.) დამთავრებისთანავე მეფის ხელისუფლებამ სოჭის ჭაობიან, უკაცრიელ ადგილებში იძულების წესით შემოიყვანა ყუბანელი კაზაკები და ქვეყნის ევროპული ნაწილიდან რუსი გლეხობა; მაგრამ მათ ვერ გაუძლეს შეუჩვეველ კლიმატს და აჯანყება მოაწყვეს. ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ გარნიზონის ნაწილები - პლასტუნები იხმო და აჯანყება სისხლში ჩაახშო. გადმოსახლებულების უმრავლესობა ან ბრძოლებში დაიღუპა, ან – გააციმბირეს, ან გაქცევით უშველა თავს. სოჭის მიდამოები კიდევ უფრო გაუკაცრიელდა.

1864 წლის 21 მაისს დასრულდა კავკასიის ომი, რასაც მოჰყვა მუჰაჯირობა, ანუ კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ძირითადად იძულებითი გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში. ჩრდილოეთ კავკასიიდან და საქართველოდან (აფხაზები და სამხრეთ საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები) გადასახლებულ მუჰაჯირთა რაოდენობა 700-750 ათასს აღწევდა [ვერეშჩაგინი, 1878:10]. ამ მასობრივი გადასახლების შედეგად შავი ზღვის სანაპირო ზოლში დაცარიელდა უზარმაზარი ტერიტორია ბზიფიდან ნოვოროსიისკამდე.

მეფის რუსეთის მთავრობის წინაშე კვლავ დადგა ამ მხარის დასახლება-ათვისების საკითხი. ხელისუფლებამ ამჯერად ამ ადგილებში კავკასიისა და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის გადმოსახლება გადაწყვიტა.

შავიზღვისპირეთში მიმდინარე პროცესებს ოპერატიულად ეხმაურებოდა ქართული პრესა: გაზ. ,,დროება“, გაზ. ,,ცნობის ფურცელი“, გაზ. ,,ივერია“, გაზ. ,,შრომა“, ჟურნ. ,,მოგზაური და სხვ.). გაზ. ,,დროებაში“ დაიბეჭდა გ. წერეთლის (1873 წ.),  ს. მესხის (1875 წ.) და სხვათა  წერილები. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქართველი სამოციანელები. აანალიზებდნენ რა შექმნილ სიტუაციას, ისინი მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, შავიზღვისპირეთის მიწებზე დაესახლებინათ ,,კავკასიის ხალხები“ (მათ შორის იგულისხმებოდა დასავლეთ საქართველოს – სამეგრელოდან, იმერეთიდან, რაჭიდან, ლეჩხუმიდან - მაცხოვრებლებიც).

რამდენადაც მეფის რუსეთის მთავრობის წინაშე მთელი სიმწვავით იდგა ამ მხარის დასახლება-ათვისების საკითხი და  ხელისუფლების პირველმა გეგმამ არ გაამართლა, ამჯერად იგი იძულებული გახდა ამ ადგილებში კავკასიისა და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა გადმოესახლებინა.

ასე გაჩნდა დაახლოებით 150 წლის წინათ ქ. სოჭიდან 15-ოდე კილომეტრის დაშორებით, მდ. სოჭის ხეობაში ქართული სოფელი პლასტუნკა, რომელიც ამჟამად კრასნოდარის მხარის ქ. სოჭის ადმინისტრაციული დანაყოფის – ადლერის რაიონის შემადგენლობაში შედის.

პირველი ცნობა ქართული მოსახლეობის სოჭში გადასახლების შესახებ გამოაქვეყნა გაზ. ,,დროებამ“ (1875). მიგრაციის პროცესი გრძელდებოდა 80-იან წლებშიც. აღნიშნულია ისიც, რომ გადასახლების პროცესს მთავრობა ახალისებდა კიდეც – ჩასახლებულებს 10-15 წლით ათავისუფლებდნენ სახელმწიფო გადასახადებისაგან.

ქართველები ჩასახლდნენ სოჭის მიდამოებში - სოჭი, პლასტუნკა, მამაიკა, ნოვაია ზარია... 1888 წელს გაზ. ,,ივერია“ წერდა: ,,ქართველებს ამოურჩევიათ ადგილი თავის დასასახლებლად სოჩის სამზრუნველოში. ეს ადგილი თვითონ დაბა სოჩიდან 12 ვერსზეა. ადგილი სულერთიანად მთაგორიანია. ამ მთაგორიანს ადგილს შუა ჩამოუდის კარგა დიდი მდინარე და ვაკე ადგილებს ძვირად შეხვდებით. თვით ქართველებს კი მოსწონთ ეს ადგილი და, თუ სადმე ვაკე ადგილებია, იქაც არ ესახლებიან, უფრო მაღალ ადგილებს ირჩევენ. რომ ჰკითხოთ ამის მიზეზი, გეტყვიან, რომ ისინი გადმოსახლებულან რაჭა-ლეჩხუმიდგან, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ამგვარივე მთიანი ადგილია და, რასაც, რასაკვირველია, მიჩვეულია...

ქართველებით დასახლებულ სოფელს ეძახიან პლასტუნკას. ამგვარი სახელწოდება სოფლისა წარმომდგარა იქიდგან, რომ აქ არეულობის დროს მშვიდობიანობის დასაცველად პლასტუნების პოლკი მდგარა. სოფელი პლასტუნკა მარტოდ ქართველებით არის დასხლებული. ამათი რიცხვი სამოცდაათ კომლზე მეტია. ახლაც დროგამოშვებით მოდიან დასასახლებლად ამ სოფელში ქართველები. ადგილი თუმცა მთაგორიანია, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერია [გაზ. ,,ივერია“, 1888].

იმდროინდელი ქართული პრესის ფურცლებიდან ისიც ირკვევა, რომ სოჭის მხარეში საცხოვრებლად გადადიოდნენ დასავლეთ საქართველოს (ლეჩხუმი, იმერეთი, რაჭა, სამეგრელო) მკვიდრნი, რაც გამოწვეული იყო ამ მხარის მცირემიწიანობით.

1905 წლის არასრული მონაცემებით, სოჭისა და მიმდებარე სოფლების (პლასტუნკა, მამაიკა, ნოვაია ზარია...) ქართული მოსახლეობის რიცხვმა 14 ათასს მიაღწია. დღევანდელი სოჭის ბოლშაია და მალაია პრირეჩენსკაიას ქუჩები ქართველებით იყო დასახლებული, ხოლო გორკის ქუჩას დღესაც ,,მინგრელსკაია ულიცას“ ეძახიან.

პლასტუნკაში ძირითადად ლეჩხუმელები ცხოვრობდნენ. 1897 წელს გაზ. ,,ცნობის ფურცელის“ მონაცემებით აქ 97 ქართული ოჯახი ცხოვრობდა (,,ცნობის ფურცელი“1897). ისინი გადასახლდნენ ლეჩხუმის შემდეგი სოფლებიდან: ,,ალპანიდან, ორხვიდან, დერჩიდან, ორბელიდან, ნასპერიდან, ლაჯანიდან, აჭარიდან (სოფელია ლეჩხუმში), ზოგიშიდან. გვარები: ალავიძე, ბურჯალიანი, თუთისანი, კვანტალიანი, ლეფსვერიძე, ლეშკაშელი, მამარდაშვილი, სვანიძე, სილაგაძე, უჩაძე, ფრუიძე, შკუბულიანი, ცხვედიანი, ჩაკვეტაძე, ჩხეტიანი, ჭოხონელიძე...[მიქიაშვილი,1994:9].

სოჭის მხარეში რაჭის სოფლებიდან - ღები, ზნაკვი, ქედისუბანი - გადასახლდნენ: არჩვაძეები, გავაშელიძეები, გოცირიძეები, გურგენიძეები, კენჭაძეები, კობახიძეები, ლობჟანიძეები, მაისურაძეები, მეტრეველები, მიქაუტაძეები, რეხვიაშვილეები, შტააძეები, ცუცქირიძეები, ჭელიძეები, ჭიჭინაძეები... იმერეთის სოფლებიდან: ოკრიბიდან (დღევანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი) და საირმიდან, გვარები: გვანცელაძე, გოგოლაძე, ზვიადაძე, ინწკირველი, კეთილაძე, კუბლაშვილი, კუტალაძე, ლორთქიფანიძე, მიქაძე, ქასრაშვილი, ჩაკვეტაძე, ცირეკიძე, ძიძიგური, ჭიპაძე, ჯიბლაძე... ზუგდიდის მაზრიდან და სენაკიდან: ბარკალაია, ბახია, ბჟალავა, გაბილაია, გვათუა, გვასალია, გუგუშვილი, დარჯანია, დიხამინჯია, დონდუა, თოფურია, კინტრაია, ქორქია, შანგუა, შუშანია, ჩიტაია, ცხაკაია, ძიგუა, ჭელია, ხაფავა, ჯანაშია, ჯელია... [მიქიაშვილი, 1994:10].

პროფ. ო. მიქიაშვილი წიგნში ,,სოჭელი ქართველები და მათი მეტყველება“ აღწერილია ის კულტურული ინიციატივები, რომლებსაც სოჭელი ქართველები ახორციელებდნენ მე-19 საუკუნის მიწურულიდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე; კერძოდ, ირკვევა, რომ პლასტუნკაში პირველი დაწყებითი სკოლა ჯერ კიდევ მეფის ხელისუფლების დროს გაუხსნია ქრისტეფორე მიქაუტაძეს (ჭინჭარაული, 1989). თუმცა დაწვრილებითი ინფორმაცია ამ სკოლის ფუნქციონირების შესახებ არ მოგვეპოვება.

1921-22 სასწავლო წლებში სოჭელ ქართველთა თავკაცობით ქ. სოჭში გაიხსნა ქართული სკოლა, რომელმაც ბინა დაიდო საქართველოს სოჭის საკონსულოში. სკოლას სათავეში ჩაუდგა ცნობილი მოღვაწე ქალი ოლღა წითლიძე. სკოლა სახელმწიფოს მიერ აღრიცხვაზე მხოლოდ 1925 წელს იქნა აყვანილი, ხოლო 1927 წელს გადატანილ იქნა სხვა ადგილზე და გადაკეთდა საშუალო სკოლად, რომელიც იმთავითვე გახდა ქართული კულტურის კერა მთელს ამ მხარეში. ომის დაწყების შემდეგ (1941 წ.)  სკოლა შვიდწლედად გადაკეთდა და გადატანილ იქნა სოფ. პლასტუნკაში, სადაც იარსება 1969 წლამდე. ამ დროიდან კი იგი რუსულ სკოლად გადაკეთდა; გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქართულ ენაზე რამდენიმე საგანიც იკითხებოდა: საქართველოს ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია... თუმცა ძალიან მალე მხოლოდ ერთი საგანი დარჩა ქართულენოვანი – ქართული ენა, რასაც ბავშვები სურვილის მიხედვით სწავლობდნენ. 2010 წლიდან კი სასკოლო პროგრამებიდან ეს საგანიც ამოიღეს. მიუხედავად ადგილობრივი ქართველების მცდელობისა ხელახლა გაეხსნათ ქართული სკოლა, ყოველი ცდა უშედეგოდ დასრულდა და ქართული ფაქტობრივად საშინაო მოხმარების ენად რჩება.

აღნიშნულ რეგიონში ქართული სკოლის კვდომის პროცესზე ო. მიქიაშვილი შენიშნავს: ,,სოჭის ქართული მოსახლეობა, მისი მოწინავე ნაწილი სასტიკად განიცდიდა ამას და მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობდა სკოლის გადარჩენას. გადარჩენის გზად კი სამართლიანად მიიჩნევდნენ რვაწლედის კვლავ საშუალო სკოლად გადაკეთებას, რისი იმედებიც გაჩნდა 60-იანი წლების მეორე ნახევარში, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო გარკვეული გარანტიები, რომ ქართული სკოლის კურსდამთავრებულები განათლებას მიიღებდნენ საქართველოში“  [მიქიაშვილი 1994:15].

პლასტუნკის სკოლის დირექტორი, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობას წერდა: ,,გთხოვთ, გაგვიწიოთ შეღავათები მისაღებ გამოცდებზე. საკმარისია, წელიწადში ჩვენი სკოლიდან თუნდაც ერთი ბაცშვი მოხვდეს საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში და ჩვენ არ გაგვიჭირდება ქართული სკოლის შენარჩუნება პლასტუნკაში“ [კვევკვესკირი, შანიძე... 1989].

სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლებიდან პლასტუნკელმა ქართველებმა დაპირებაც კი ვერ მიიღეს. იქაური ქართველი ახალგაზრდები საქართველოში განათლებას ვერ იღებდნენ. ასეთი უგულისყურო დამოკიდებულების გამო, მშობლების მოთხოვნით სკოლა 1969 წელს რუსულ სკოლად  გადაკეთდა. ხელისუფლების უნიათობით ასე დაიკარგა კიდევ ერთი ქართული კულტურის კერა რუსეთის ფედერაციაში.

რაოდენ გულის ამაჩუყებელია პლასტუნკის სკოლის ქომაგის ინჟინერ ალ. ცუცქირიძის წერილი, რითაც იგი მიმართავდა საქართველოს განათლების სამინისტროს: ,,იქ (პლასტუნკაში - მ.ნ.) უკვე აღარ არსებობს ქართული სკოლა და ამის მეტად მეც აღარ შეგაწუხებთ ამ თემაზე. რაც ადრე მოგწერეთ, იმაზეც დიდ ბოდიშს ვიხდი... სამწუხაროა, რომ პლასტუნკის ქართული სკოლა დაიხურა. ამისთვის სხვებთან ერთად თქვენც მოგიგონებენ საქართველოს მომავალი თაობები [კვევკვესკირი, შანიძე... 1989].

დიახ, დღეს მწარედ ვიგონებთ ქართველები იმ უგულისყურობას, უსულგულობას, უყურადღებობას, რაც ამ ოთხი ათეული წლის წინათ საბჭოთა საქართველოს პარტიულმა ელიტამ, განსაკუთრებით საქართველოს განათლების სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გამოიჩინა პლასტუნკელი ქართველების  მიმართ, რითაც სამუდამოდ ჩაკლა საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ მამულიშვილთა მცდელობა შეენარჩუნებინათ მშობლიური ენა, რომელიც დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს ამ ულამაზეს კუთხეში.

ეროვნული მოძრაობის აღორძინების პერიოდში, გასული საუკუნის 80-იანი წლების  მიწურულს, სოჭელმა ქართველებმა კვლავ წამოჭრეს საკითხი ქართული სკოლის გახსნის თაობაზე. იქაურმა ქართველებმა იგრძნეს ,,მშობლიურ ენასთან მაცოცხლებელი კავშირის შესუსტება და საშველად ისევ დედა-სამშობლოს მიმართეს (მიქიაშვილი, 1994). გაზ. ,,სახალხო განათლებაში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით: ,,სოჭელ ქართველთა თხოვნა“, რომელშიც საქართველოს მაშინდელ განათლების მინისტრ გ. ენუქიძეს წერდნენ, დახმარებოდნენ საჭირო ლიტერატურისა და მეთოდიკური მასალის შეძენაში, რომ ბევრია მსურველი ქართული ენის შესწავლისა და ა. შ. წერილი, რომლის ავტორია სოჭელი ქალბატონი ნელი ინწკირველი, მთავრდება შემდეგი სიტყვებით: ,,ბოდიშს გთხოვთ შეწუხებისთვის, მაგრამ მგონი დამეთანხმებით, ეს საშვილიშვილო საქმეა და საზოგადოების მოწინავე ფენების მორალური მოვალეობაა ერის აღორძინებისათვის ბრძოლა“ [გაზ. ,,სახალო განათლება“, 1990].

თუმცა გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ჯერჯერობით აუხდენელი გახადა იქაური ქართველების ოცნება.

ერთადერთი, რაც პლასტუნკის რუსულ სკოლას (სადაც ქართველი ბავშვებიც სწავლობენ) გაუკეთდა ის იყო, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ,,სამთო ქიმიამ“ თავისი ხარჯებით პლასტუნკელებს აუშენა შესანიშნავი სკოლა, ,,რაც სათანადო მადლიერებით მიიღო სოჭის განათლების დარგის ხელმძღვანელობამ [მიქიაშვილი, 1994:19].

იქაური ქართველების ეროვნული სულისკვეთება მხოლოდ სკოლით როდი შემოიფარგლებოდა. მათში იმთავითვე ჩნდება წყურვილი ქართული თეატრალური ხელოვნების მიმართ. შორეულ, 1997 წლის გაზ. ,,ივერიის“ ფურცლებზე ქვეყნდება სოჭელი კორესპონდენტის სტატია, რომელშიც ვკითხულობთ: ,,ბატონ ჩიტაიას მიერ გამართულ და მოწყობილ ბაღში კვირაში სამჯერ რუსული წარმოდგენები იმართება ხოლმე. კარგი იქნება, ბატონმა ჩიტაიამ ერთხელ ქართველი არტისტებიც გამოიწეროს და გვაღირსოს ჩვენს სამშობლო ენაზედ წარმოდგენაო“ [გაზ. ივერია, 1897].

ქართველთა აქტიურობამ მხოლოდ 1922 წელს გამოიღო შედეგი. ცნობილი მოღვაწე ქალის ოლღა წითლიძის ინიციატივით სოჭში ჩამოყალიბდა ქართველ სცენისმოყვარეთა წრე, რომელიც შემდეგ სახალხო თეატრად გადაიქცა. იგი ასრულებდა სახელმწიფო თეატრის ფუნქციასაც, რადგან იმ პერიოდში სოჭში არც ერთი თეატრი არ არსებობდა. ქართული თეატრი პირველი იყო ამ მხარეში. აქვე შეიქმნა მდიდარი ქართული ბიბლიოთეკაც.

ქართულ თეატრალურ წარმოდგენებს გარდა ქართველებისა, სხვა ეროვნებების წარმომადგენლებიც (რუსები, უკრაინელები, ბერძნები, სომხები...) ესწრებოდნენ. დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ ქართული სახალხო თეატრის კლუბთან ჩამოყალიბდა სომეხ, უკრაინელ და ბერძენ სცენისმოყვარეთა წრეებიც. ეს გახდა მიზეზი ადგილობრივ ხელისუფლების დადგენილებით ქართული სახალხო თეატრის შენობა (ქართველი მოსახლეობის ინიციატივითა და მხარდაჭერით შეკეთებული) გადაკეთდა ეროვნულ უმცირესობათა კლუბად და ეწოდა ,,კლუბ ნაცმენოვ“ [კევლიშვილი, 1966:60].

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან სოჭში  (შემდგომ პლასტუნკაში) თბილისიდან არა ერთი თეატრალური დასი ჩავიდა და გამართა წარმოდგენები, რომლებიც განსაკუთრებით ახარებდათ აქაურ ქართველებს. სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან ასეთი კონტაქტები საქართველოს თეატრებთან, ფაქტობრივ, აღარ არსებობს.

60-იანი წლების ბოლოსათვის სოჭის რაიონში (ე.წ. დიდი სოჭი) 3476 ქართველი ცხოვრობდა. 80-იანი წლების დასაწყისისთვის ქართული მოსახლეობა 4200 სულამდე გაიზარდა. ბოლო დაუზუსტებელი მონაცემებით სოჭში და მის შემოგარენში ამჟამად  6000-მდე ქართველი ცხოვრობს.

როგორც კრასნოდარის მხარის სამხარეო ქართული კულტურის ცენტრ ,,ივერიის“ თავმჯდომარემ, ბატონმა რაულ ნიჟარაძემ, 2014 წლის 3 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა, რუსეთის ხელისუფლება აპირებს, პლასტუნკელ ქართველებს მისცეს საშუალება სკოლაში ისწავლონ ქართული ენა, როგორც ფაკულტატიური (არაპროგრამული) საგანი. თუმცა მათ ეს არ აკმაყოფილებთ და სთხოვენ ქართულ მხარეს, რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პარალელურად დაიგეგმოს და განხორციელდეს პლასტუნკაში ქართული ენის, როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული საგნის, შემოღება-სწავლება.

            დღეს პლასტუნკაში ცხოვრობს 150 ქართული ოჯახი. სოფელს დღეს აქვს ბიბლიოთეკა, აფთიაქი, სასურსათო და სამრეწველო მაღაზიები, საფერშლო პუნქტი, კულტურის ორასადგილიანი სახლი და სკოლა – ადლერის  № 44 რვაწლიანი სკოლა, სადაც სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

სოჭელ ქართველთა მეტყველების შესწავლას დიდი ინტერესი ახლავს ქართული ენის ისტორიისა და მისი დიალექტების მნიშვნელოვანი საკითხების კვლევის, აგრეთვე არაქართულ გარემოში ქართული დიალექტების განვითარების, დიალექტთა შერევის, არამონათესავე ენათა ურიერთობის კანონზომიერებათა გამოვლენის თვალსაზრისით.

პირველი, ვინც მონოგრაფიულად სოჭელ ქართველთა მეტყველების ფონეტიკურ-გრამატიკული და ლექსიკური თავისებურებანი (ადგილობრივი ლექსიკა, სოჭის ქართული  მიკროტოპონიომია ფრაზეოლოგია...) შეისწავლა, იყო  ქართველი  ენათმეცნიერი, პროფ. ოთარ მიქიაშვილი. მან პირველმა გამოავლინა ამ მეტყველების ადგილი ქართული ენის დიალექტთა შორის; პირველად შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში სოჭელ ქართველთა მეტყველების ნიმუშები. სოჭელ ქართველთა ცოცხალ მეტყველებაზე უშუალო დაკვირვებით ო. მიქიაშვილმა დიდძალი დიალექტური მასალის დეტალური ანალიზის საფუძველზე დააზუსტა:

  1. აქაური ქართველები ინარჩუნებენ ქართულ ენას და რომ ახალი დიალექტური ერთეული არ წარმოქმნილა.
  2. ადგილობრივი მეტყველება ვითარდებოდა და ვითარდება ლეჩხუმურის, იმერულისა და რაჭულის ურთიერთდაახლოების გზით, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ დღეს სოჭელ ქართველთა მეტყველება – ესაა არსებითთან ერთიანი დასავლურქართული ტიპის დიალექტური მეტყველება, რომელიც ინტონაციური ელფერით, რიგი გრამატიკულ-ლექსიკური თავისებურებებით ლეჩხუმურს მოგვაგონებს. მიზეზად დასახელებულია ლეჩხუმიდან ჩამოსახლებულ შთამომავალთა სიმრავლე, ოჯახების ,,ნარევობა“ და ა. შ.
  3. ავტორის ძირითადი დასკვნის არსი, დიდძალი ფაქტობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე, იმაში მდგომარეობს, რომ ამ რეგიონის ქართული მეტყველების დღევანდელი სახე სწორედ დიალექტთა შერევის შედეგია.

ლიტერატურა

ვერეშჩაგინი ა.
1978
Черноморское прибрежъе Кавказа и его колонизация (Доклад А. В. Верещагина в общем собрании И. В. Э. общества 29 яанваря 1878 г.).
წერეთელი გ.
1873
გაზ. ,,დროებაში“, 1873 წ. ნოემბერი, № 399.
მესხი ს.
1875
,,შავი ზღვის ნაპირების დასახლება“. გაზ. ,,დროება“, 1875, 6 ივნისი, № 63.
,,დროება“
1875
გაზ. ,,დროება“, 1875 წ. ქრისტეშობისთვე, № 140.
მიქიაშვილი ო.
1994
სოჭელი ქართველები და მათი მეტყველება. თბილისი.
,,ივერია“
1888
გაზ. ,,ივერია“, 1888, № 146, ივლისი.
,,ივერია“
1897
გაზ. ,,ივერია“, 1897 წ., 2 ივლისი, №137.
,,ცნობის ფურცელი“
1897
გაზ. ,,ცნობის ფურცელი“, 1897, № 277. 12 აგვისტო.
კვევკვესკირი ივ., შანიძე აკ.
1989
ივ. კვევკვესკირი, აკ. შანიძე. მაყვ. კანკავა, ი. გობეჩია, ჯ. ქურხული. ,,მოძმეთ მივხედოთ“, გაზ. ,,კომუნისტი, 1989 წ. 26 აპრილი.
,,სახალო განათლება“
1990
გაზ. ,, სახალო განათლება“, სოჭელ ქართველთა თხოვნა, 1990 წ. 12 აპრილი.
კევლიშვილი ნ.,
1966
პლასტუნკელი ქართველი მოღვაწე, თბილისი.
ჭინჭარაული გ.
1989
პლასტუნკაში ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ. გაზ. ,,სახალხო განათლება“, 1989, № 15.