დნესტრისპირელი მოხალისეები აფხაზეთის კონფლიქტში
1992 წლის პირველ ნახევარში მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დნესტრისპირეთის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა. სეპარატისტულად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ირიბი მხარდაჭერით სარგებლობდნენ, მოლდოვას დაუპირისპირდნენ. პოლიტიკური კონფლიქტი შეიარაღებულ შეტაკებებში მალევე გადაიზარდა. რუსეთის მე-14 არმიის დახმარების შედეგად, სამხედრო თვალსაზრისით, სეპარატისტებმა უპირატესობა მოიპოვეს და შედეგად, 1992 წლის ზაფხულში კიშინიოვმა დნესტრისპირეთზე კონტროლი დაკარგა.
დნესტრისპირეთის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი სეპარატისტები და მათ დასახმარებლად, რუსეთის ფედერაციიდან ჩასული ბოევიკები უქმად დიდხანს არ ყოფილან. 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სარკინიგზო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ სამთავრობო ჯარები შეიყვანა. სეპარატისტულად განწყობილი აფხაზების შეიარაღებული დაჯგუფებების პროვოკაციული ქმედებების შედეგად, ქართული მხარე საბრძოლო მოქმედებებში აღმოჩნდა ჩათრეული. ომმა 13 თვესა და 13 დღეს გასტანა და საერთო ჯამში, ორივე მხრიდან მასში მონაწილეობა 40 000-ზე მეტმა მებრძოლმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი, ისევე როგორც საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი სხვა შეკითხვა, დღემდე პასუხგაუცემელია.
აფხაზურ მხარეს მებრძოლ პირთა ეთნიკური შემადგენლობა არაერთგვაროვანი იყო. მათ რიგებში როგორც პოსტსაბჭოთა, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იყვნენ. საინტერესოა ისიც, რომ სეპარატისტთა შეიარაღებულ დაჯგუფებებში არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის მოქალაქეებიც იბრძოდნენ. ტირასპოლი გუდაუთას მატერიალურ-ტექნიკური კუთხითაც აქტიურად ეხმარებოდა. ეს ლოიალური დამოკიდებულება, ერთი შეხედვით, იმ ფაქტითაც იყო გამოწვეული, რომ სოხუმისა და თბილისის დაპირისპირება თითქმის იმავე შინაარსის მატარებელი იყო, როგორიც – ტირასპოლისა და კიშინიოვის. ეს უკანასნელი 1992 წლის გაზაფხულზე ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა.
დნესტრისპირელი მოხალისეები აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში კონფლიქტის საწყის ეტაპზე ჩაერთნენ. 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში არაღიარებული რესპუბლიკის 65 მაცხოვრებელი მონაწილეობდა. ომის მსვლელობისას, ორი მათგანი დაიღუპა, ექვსი კი დაიჭრა. საგულისხმოა, რომ დნესტრისპირელ მოხალისეთა დიდი ნაწილი მოლდოვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დისლოცირებული მე-14 არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელთა ნაწილსაც საკმაოდ მდიდარი საბრძოლო გამოცდილება ავღანეთსა და დნესტრისპირეთის რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჰქონდათ მიღებული. ბევრი მათგანი საბჭოთა არმიის საკადრო ოფიცერი იყო, შესაბამისად, ისინი ზედმიწევნით კარგად ფლობდნენ არტილერისტის, მეზენიტის, მზვერავისა თუ მესანგრის სპეციფიკურ ცოდნას.
აფხაზეთში მოხალისეთა პირველი ნაკადი, რომელიც ჩრდ. კავკასიელებისგან, კერძოდ კი, ყაბარდოელებისაგან შედგებოდა, 15 აგვისტოს ჩავიდა [Представительство Абхазии в ПМР, 2015]. ეს იყო 27-კაციანი ჯგუფი ვიტალი შოროვის ხელმძღვანელობით. მანამდე, 21 აგვისტოს კი საქართველოს ომი მთიელ ხალხთა კონფედერაციამ გამოუცხადა. ამის შედეგად, სეპარატისტების მხარეს საბრძოლველად დაახლოებით 300 ჩეჩენი, დაღესტნელი, ყაბარდოელი და ადიღეელი მოხალისე დაიძრა. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩასულ 150-მდე მოხალისეს კი ცხინვალელი სეპარატისტი, შიდა ქართლში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების აქტიური მონაწილე, ვალერი ჰუბულოვი მეთაურობდა [Хубулов, 2016]. შესაბამისად, აფხაზ სეპარატისტთათა მხარეს მებრძოლთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა პოსტსაბჭოთა სივრცეში. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით გულთან ახლოს აფხაზი სეპარატისტების გასაჭირი მათმა „კოლეგებმა“, დნესტრისპირელმა სეპარატისტებმა მიიტანეს.
მოგვიანებით, 1993 წლის 22 იანვარში, აფხაზმა და დნესტრისპირელმა სეპარატისტებმა გააფორმეს ხელშეკრულება „მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“. 14-პუნქტიანი დოკუმენტის მე-11 თავი მხარეებს საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას ავალდებულებდა [Договор... 1993].
აღსანიშნავია, რომ სიღრმისეული ინტერვიუირებისას, აფხაზეთში ნაბრძოლმა ერთ-ერთმა დნესტრისპირელმა მოხალისემ აღნიშნა, რომ ბრძოლაში მონაწილეობის მიზეზი იყო არა ფინანსური დაინტერესება, არამედ „იდეური სიახლოვე და თანაგძრნობა აფხაზი ხალხისადმი, რომელსაც პატარა ერი აწარმოებდა დიდი, აგრესიული მეზობლის წინააღმდეგ“ [ბელოუსოვი, 2016].
დნესტრისპირეთში, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის ქალაქებში დაიწყო მოხალისეთა ჯგუფების შეკრება, რათა ჩასულიყვნენ აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ საბრძოლველად. მათი პირველი ჯგუფი, სახელად „დელფინი“ აფხაზეთში სექტემბრის ბოლო რიცხვებში გამოჩნდა. ჯგუფის ხელმძღვანელი, დიმიტრი ვლადიმერის ძე კატკოვი, ზედმეტსახელად “ლუჟა”, გამოცდილი სამხედრო პირი იყო. მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, 1992 წელს კი მისი მეთაურობით სეპარატისტები კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად კიშინიოვიდან მეამბოხე რეგიონში მივლინებულ სამართალდამცავებს წარმატებით ებრძოდნენ. საბჭოთა არმია მან უფროსი ლეიტენანტის ჩინით, 1991 წლის სექტემბერში დატოვა. იგი სპეციალობით, მესანგრე იყო [ბელოუსოვი დ., 2016].
დნესტრისპირელ მოხალისეთა პირველი ჯგუფი 15 მოხალისის შემადგენლობით, აფხაზეთში 1992 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩავიდა. კონფლიქტის ზონაში მოსახვედრად მათ დიდი გზა გაიარეს. თავდაპირველად ოდესაში ჩავიდნენ, იქიდან ბარჟით სევასტოპოლში გადავიდნენ, შემდეგ კი გემით სოჭში ჩავიდნენ. ამ დროისათვის სეპარატისტები უკვე აკონტროლებდნენ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ფსოუს მონაკვეთს, საიდანაც აფხაზები დაუბრკოლებლად იღებდნენ ცოცხალი ძალით შევსებას.
1993 წლის 11 მაისიდან 10 ივლისის ჩათვლით მოხალისეთა რაზმი, “დელფინი” ე.წ. „აღმოსავლეთ ფრონტის“ შემადგენლობაში მოქმედებდა [Гамахария, 2016:130]. დნესტრისპირელები საბრძოლო მოქმედებებში მალევე ჩაერთნენ. ისინი ინსტრუქტორების ფუნქციებსაც ხშირად ითავსებდნენ და აფხაზ სეპარატისტებს საბრძოლო პოზიციების გამაგრება-მომზადებაში ეხმარებოდნენ. ამავდროულად ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სადაზვერვო-დივერსიულ რეიდებში მონაწილეობდნენ. ისინი დებდნენ ტანკ და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, ამონტაჟებდნენ შენელებული მოქმედების ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ა.შ. ინტერნეტსივრცეში ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში დნესტრისპირელ მოხალისეთა მონაწილეობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა მრავლად არის [Джахая Г, 2011]. აქვე შეგიძლიათ ნახოთ იმ პატაკების ელექტრონული ვერსიები, რომლებშიც ისინი დეტალურად აღწერდნენ თავიანთი სადაზვერო-დივერსიული ოპერაციების მსვლელობას. მოხსენებების ადრესატი დნესტრისპირეთის არაღიარებული მოლდოვური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ნ. ს. მატვეევი იყო. რამდენიმე მოხსენებას, რომლებიც 1993 წლით თარიღდება, უცვლელად გთავაზობთ:
„მოგახსენებთ, რომ 25/06/1993, ჯგუფმა კაპიტან კ. მ. კამენევისა და ა. ს. ბუტკოს შემადგენლობით, სადაზვერო-დივერსიულ ქვედანაყოფ „ღამურასთან“ ერთად, 18:00 საათზე, სოფელ აძიუბჟას მიდამოებში, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „იგლადან“, ესროლა რაკეტა საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილ „ტუ-134“ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს (სინამდვილეში, ამ კლასის თვითმფრინავი სამგზავრო დანიშნულებისაა. მსგავსი საფრენი აპარატების მიმართულებით ცეცხლის გახსნა სამხედრო დანაშაულად ითვლება. მსგავსი ფაქტები, რომლებსაც თან ახლდა მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეთა შორის, ამ ომის დროს არაერთხელ დაფიქსირდა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საბრძოლო მოქმედებებისას განადგურებული სამოქალაქო დანიშნულების ყველა თვითმფრინავი ქართული მხარის კუთვნილება გახლდათ – ვ.შ.). გასროლა მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა. რაკეტა მარჯვენა ძრავის ახლოს აფეთქდა. შედეგად საფრენი აპარატი მძიმედ დაზიანდა მიიღო, თუმცა ეკიპაჟმა ალმოდებული ტუ-134-ის დასმა აეროპორტში მაინც მოახერხა (მოგვიანებით, 1993 წლის 23 სექტემბერს ეს თვითმფრინავი აფხაზი სეპარატისტების მიერ აეროპორტის ტერიტორიის დაბომბვისას დაიწვა. აეროპორტის ტერიტორიაზე იმ მომენტში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა და ალყაშემორტყმული სოხუმიდან გაღწევას ცდილობდა. ეს ფაქტიც სამხედრო დანაშაულის ელემენტებს შეიცავს – ვ.შ.). იგი აღდგენას არ ექვემდებარება. მტერს სოლიდური მატერიალური ზიანი მიადგა.
ამის შემდეგ, 21:00 საათზე, ჯგუფი მდ. კოდორზე არსებული ხიდის ასაფეთქებლად დაიძრა. თუმცა, სოფელ ახალდაბასთან (ხელნაწერი დოკუმენტის [მისი ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე https://cyxymu.livejournal.com/1771981.html] გაშიფრვისას შეცდომა იქნა დაშვებული და დაბეჭდილ ვერსიაში არარსებული „ახალორსტა“ [Рапорты, 1995:63] დაიწერა – ვ.შ.) მოწინააღმდეგის მიერ მოწყობილ ჩასაფრებაში მოჰყვა. სროლა ახლო, 15-30 მეტრის დისტანციიდან წარმოებდა. შედეგად, რაზმის ერთი წევრი დაიჭრა. ქართველებს დამხმარე ძალა წამოეშველა. რაზმს მასიური ცეცხლი გაუხსნეს ფრონტალური და მარჯვენა ფლანგის მხრიდან. მიღებულ იქნა უკან დახევის გადაწყვეტილება. დაჭრილ თანამებრძოლთან ერთად დროებითი განთავსების პუნქტში, სოფელ ოთარა (უნდა იყოს ათარა – ვ.შ.) აფხაზსკაიაში მივედით“, მილიციის კაპიტანი, ი. კ. პიმენოვი [Рапорты, 1995:63].
ჯგუფ „დელფინს“ სხვა საბრძოლო „დამსახურებებიც“ აქვს აფხაზური მხარის წინაშე. ოჩამჩირე-სოხუმის გზის მონაკვეთი ერთადერთი სახმელეთო გზა იყო, რომელიც სოხუმს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას აკავშირებდა. ამიტომაც აფხაზებს ძალიან სურდათ ამ გზის ჩაკეტვა და ალყაში მოქცეული ქალაქის აღება, რაც 1993 წლის სექტემბერში განახორციელეს კიდეც. მანამდე კი, ტყვარჩელში, ე.წ. „აღმოსავლეთის ფრონტზე“ მოქმედი სეპარატისტული პარტიზანული ჯგუფები ქართველ სამხედროებს ხშირად ესხმოდნენ თავს. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდს თავის მოხსენებაში პიმენოვი ასე აღწერს: „01.07.93 მებრძოლების ჯგუფი – ა.ს. ტერენტიევი, მ.ა. ცურკანი, ა.ს. კუდრიავცევი – მონაწილეობას იღებდა დივერსიულ-სადაზვერვო ოპერაციაში, ოჩამჩირე-სოხუმის გზაზე, სოფ. ახალდაბასთან. ორგანიზებული ჩასაფრების შედეგად, ხელში იქნა ჩაგდებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „ურალის“ ტიპის სატვირთო მანქანა, ბარგის გარეშე. მოწინააღმდეგის სამი მებრძოლი ლიკვიდირებულ იქნა. ჩვენი მხრიდან დანაკარგები არ არის“ [Рапорты, 1995:63].
აღსანიშნავია, რომ დნესტრისპირელები დროდადრო სამართალდამცავი სტრუქტურების როლსაც ითავსებდნენ. ასე, მაგალითად, 1993 წლის 24 მაისით დათარიღებულ მოხსენებაში ვკითხულობთ: „24.05.1993 პოლიციური სპეცოპერაციისას, დაპატიმრებულ იქნა ტყვარჩელის რაიონ სოფელ ჭლოუს მკვიდრი, 1955 წელს დაბადებული გურამ ილიას ძე ჯოპუა. იგი მაროდიორობისა და მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. ამა წლის 12 მაისს მან ტყვარჩელში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ექვსი მოქალაქე, სამშვიდობოზე გადაყვანის პირობით, გაიტყუა ქალაქიდან და სოფელ ჭლაუსთან (უნდა იყოს ჭლოუ – ვ.შ.) დახვრიტა. ეჭვმიტანილი დაკავებულია და გადაცემულია ქალაქ ტყვარჩელის მილიციისათვის“ [Рапорты, 1995:34].
ჯგუფი „დელფინი“ რუს სამხედროებთან ერთადაც მოქმედებდა. ასე, მაგალითად, 1993 წლის 18 ივნისს მათ რუს მედესანტეებთან ერთად, ბლოკირებულ ტყვარჩელში ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული საავტომობილო კოლონა, 30 „კამაზის“ ტიპის სატვირთო მანქანით შეიტანეს, ქალაქიდან კი 2176 მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს [Рапорты, 1995:62].
აღსანიშნავია, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, დნესტრისპირელების მიერ ხელმძღვანელობისათვის გაგზავნილი ანგარიშები უზუსტობებს შეიცავდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ცნობები მათი საქმიანობის შესახებ, მათი მხრიდან, სავარაუდოდ, გაზვიადებულია. ასე, მაგალითად, მოხსენებით ბარათში, რომელიც 1993 წლის 20 ივნისით თარიღდება, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი იური პიმენოვი წერს, რომ ჯგუფ „დნესტრის“ ორმა მებრძოლმა, ს.კ. რიჟკოვმა და ა. მ. კურდიაკოვმა, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსიდან „კონკურსი“ („კონკურსის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი იმ პერიოდში ქართული არმიის შეიარაღებაში არ იყო, თუმცა ის ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს. შესაბამისად, საინტერესოა, საიდან აღმოჩნდა ის სეპარატისტთა ხელში – ვ.შ.) სოფელ პირველ ოხურეისთან ჩასაფრებიდან ესროლეს რაკეტა „Т-80“ ტიპის ტანკს, აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი ქართველი მებრძოლი [Джахая, 2016]. თუმცა ფაქტი ჯიუტია, ქართული ჯარის შეიარაღებაში „Т-80“ ტიპის ტანკები არასდროს ყოფილა.
ორიოდ სიტყვა უნდა ითქვას კაპიტან იური პიმენოვის შესახებაც. იგი 1961 წელს რუსეთში, ქალაქ უფაში დაიბადა. საბჭოთა არმიის რიგებში 1979 წლიდან ირიცხება. 1980-1982 წლებში მსახურობდა ავღანეთში, სადაც საბრძოლო მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. 1991 წელს მან შეიარაღებული ძალები დატოვა. აფხაზეთის ომამდე პიმენოვი მონაწილეობდა დნესტრისპირეთის კონფლიქტში, სეპარატისტთა მხარეს, აფხაზეთში იგი 1993 წლის აპრილში ჩავიდა. 1994 წლიდან რუსეთის ფედერაციის შსს სწრაფი რეაგირების სპეციალური დეპარტამენტის მებრძოლია. პიმენოვი იბრძოდა ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში. ახლა ის ნოვოსიბირსკში ცხოვრობს და თადარიგის ოფიცერია. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა დოკუმენტური კადრები, რომლებიც 1993 წლის ივლისის შუა რიცხვებით თარიღდება. მასზე აღბეჭდილია დნესტრისპირელი მოხალისეების ნაწილის გაცილების სცენა და ის ე.წ. „აღმოსავლეთის ფრონტზე“, ანუ ტყვარჩელის რაიონშია გადაღებული. პიმენოვი თავის ჯგუფ „დელფინის“ წევრებთან ერთად აფხაზეთს ტოვებს. „ქართველებს მინდა ვუთხრა, რომ აქ დნესტრისპირელები იყვნენ, არიან და იქნებიან მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება, მანამ, სანამ აფხაზები გვთხოვენ დახმარებას, ჩვენ ჩვენს ინტერნაციონალურ ვალს შევასრულებთ. ქართველები ჩვენ დაქირავებულ ბოევიკებად მოგვიხსენიებენ, თუმცა არცერთ ჩვენგანს ერთი რუბლიც კი არ აუღია. ჩვენ აქ, როგორც იტყვიან, ჩვენი გულის ძახილითა და ჩვენი, დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის მთავრობის დავალებით ვართ მოვლინებულნი. ახლა მივლინება გვისრულდება, გისურვებთ წარმატებებს“, – ამბობს პიმენოვი ვიდეოჩანაწერში [Пименов и Бутько, 1993]. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის კანონმდებლობა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებში მონაწილეობას კრძალავს [Уголовный кодекс РФ, 1996]. შესაბამისად, იური პიმენოვი რუს სამართალდამცავებს უნდა დაეკავებინათ, თუმცა ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა. აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ ის რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში წლების განმავლობაში მსახურობდა [Пименов, 2009]. რთული დასაჯერებელია, რომ მისმა ხელმძღვანელებმა პიმენოვის „გმირული წარსულის“ შესახებ არაფერი იცოდნენ.
რატომ ჩამოდიოდნენ დნესტრისპირელები აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ საომრად? რა მოტივაცია და მიზეზები ჰქონდათ და რა როლს თამაშობდნენ ისინი კონფლიქტის მსვლელობაში? ამ შეკითხვის დასმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის უცხოელ ვეტერანებთან, კვლევის ფარგლებში, დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში ყოფნისას გახდა შესაძლებელი. მის მონაყოლს უცვლელად გთავაზობთ.
„აფხაზეთში 1992 წლის 23 ნოემბერს სამ სხვა დნესტრისპირელთან ერთად წავედი. ტირასპოლიდან ოდესაში ავტობუსით, იქიდან სოჭში კი გემით ჩავედით. შემდეგ პირდაპირ გუდაუთაში მივედით. იქ უკვე იყვნენ ჩვენი ბიჭები და ყველაფერში მალევე გაგვარკვიეს, დაგვაკვალიანეს და ყველაფრით უზრუნველგვყვეს. ჩვენი მოტივატორი არ იყო ფული და ძვირფასეულობა, ეს აფხაზებს არც ჰქონდათ, ძალიან უჭირდათ. პირადად მე ქართველების საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, ამ ერს დიდ პატივს ვცემდი და ახლაც არაფერი შეცვლილა. მიზეზი უბრალოდ ის იყო, რომ დნესტრისპირეთსა და აფხაზეთს ერთი ბედი ჰქონდათ, ერთნაირ უსამართლობასა და სიბოროტეს წააწყდნენ. კიშინიოვმა და თბილისმა ადამიანურ ენაზე საუბარს ტანკების ენაზე საუბარი ამჯობინეს. ეს ფაშიზმი იყო და მე ვალდებულად ვთვლიდი თავს, ამას წინ აღვდგომოდი. თანაც, მასმედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ავიწროებდნენ ქართველები, რომელთა შორის ძალიან ბევრი ყაჩაღი და შეწყალებული პატიმარი იყო, ადგილობრივ რუსულ მოსახლეობას. ბევრი ეთნიკურად რუსი მოხალისე, როგორც დნესტრისპირეთიდან, აგრეთვე რუსეთიდან, აფხაზეთში სწორედ ამ გარემოებამ ჩამოიყვანა. ამასთან, ქართველები, როგორც სსრკ-ს დაშლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები, ჩვენში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდნენ, ისევე, როგორც, მაგალითად, მოლდოველები და ბალტიისპირელები. ბევრი ჩვენგანი თავს დამტყდარი უბედურებების მთავარ მიზეზად სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლას მიიჩნევდა.
იქ ჩასულს, საბრძოლო მოქმედებებში, ჩემდა საბედნიეროდ, მონაწილეობა არ მიმიღია. მე ინსტრუქტორის ფუნქცია დამეკისრა. არმიაში ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის, „ფაგოტის“ ოპერატორი ვიყავი. იმ პერიოდში აფხაზებს „ფაგოტის“ რამდენიმე გამშვები დანადგარი და რამდენიმე ათეული რაკეტა ჰქონდათ. ვერ გეტყვით, საიდან იშოვეს, ან ქართველებს წაართვეს ბრძოლისას,1 ან იყიდეს რომელიღაც რუსული სამხედრო ნაწილიდან, მაშინ ცხოვრება ჭირდა და ულუკმაპუროდ დარჩენილი ოფიცრები, თავიანთი ოჯახების გამოსაკვებად, იარაღით ვაჭრობასაც კი არ ერიდებოდნენ. ამ იარაღის ექსპლუატაციის სამწლიანი გამოცდილება მქონდა და შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილად ვფლობდი. ეს ძალიან ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო იარაღია, მათი განადგურება ამ კომპლექსით გამოცდილ მსროლელს 1,5-2 კილომეტრის მანძილზეც კი შეუძლია.
მე აფხაზებმა ოცკაციანი ჯგუფი მომაბარეს და დამევალა მათი 2 თვეში მომზადება. ეს რთული იყო, რადგანაც მათ მხოლოდ თეორიულად ვავარჯიშებდი, არ იყო შესაბამისი ტრენაჟორები და არც იმდენი რაკეტა, რომ პოლიგონზე გვესროლა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ჯარში მხოლოდ ხუთი მათგანი იყო ნამყოფი. მიუხედავად ამისა, 1993 წლის თებერვლისთვის, ჩემი ოცივე მებრძოლი „ფაგოტის“ ექსპლუატაციის უნარებს ძალიან კარგად ფლობდა.
დნესტრისპირელები ძირითადად ინსტრუქტორებად ვმსახურობდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო აფხაზებისთვის, რადგანაც მათ მხარეს მებრძოლთა აბსოლუტური უმრავლესობა ელემენტარულ სამხედრო ცოდნასაც კი არ ფლობდა. ომს კი მარტო შემართებით ვერ მოიგებ.
1993 წლის აპრილში აფხაზეთი, ოჯახური პრობლემების გამო, დავტოვე. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, დავიფიცო, რომ იქ ყოფნისას არანაირ კონტრაქტზე ხელი არ მომიწერია და არც რაიმე სახის გასამრჯელო ამიღია. მეტიც, ტირასპოლში დასაბრუნებელი ფული ჩემმა მეგობრებმა მასესხეს. აფხაზური მხარე მხოლოდ საკვებითა და დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველგვყოფდა [ბელოუსოვი, 2016].
აღსანიშნავია, რომ პირველი ფართომასშტაბიანი საბრძოლო შეტაკება, რომელშიც დნესტრისპირელებმა მიიღეს მონაწილეობა, იყო აფხაზური მხარის მიერ ორგანიზებული 1993 წლის იანვრის წარუმატებელი შტურმი სოხუმზე. შედეგად მოწინააღმდეგემ 80-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა. მძიმედ დაიჭრა (ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა მარცხენა ქვედა კიდური) ერთ-ერთი დნესტრისპირელი მოხალისე, ბენდერელი ანატოლი სემიონოვი, ზედმეტსახელად „ლოვკი“. დღესდღეისობით იგი დნესტრისპირეთში, ქალაქ ბენდერში ცხოვრობს. 2003 წლამდე არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. აქვს მაიორის ჩინი [ბელოუსოვი, 2016].
შემდეგი მსხვილმაშტაბიანი საბრძოლო ქმედება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დნესტრისპირელებმა, 1993 წლის 2 ივლისს განხორციელებული ტამიშის სადესანტო ოპერაცია იყო. ის მიზნად ისახავდა სოხუმში მყოფი ქართული ძალების ალყაში მოქცევას. თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა მოკავშირეებმა ვერ შეძლეს მიღწეული წარმატების განვითარება. ქართული არტილერიისა და ჯავშანტექნიკის შეთანხმებული მოქმედების შედეგად, მათ დიდი დანაკარგი განიცადეს. გადარჩენილმა მედესანტეებმა მცირე ჯგუფებად სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ქალაქ ტყვარჩელისკენ დაიწყეს გადაადგილება. დესანტის ნარჩენები ე.წ. „აღმოსავლეთის ფრონტს“ შეუერთდა. გადარჩენილთა შორის იყო დნესტრისპირელთა ათკაციანი ჯგუფიც. ისინი სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის მოძრავ ქართულ სამხედრო კოლონებს ესხმოდნენ თავს. 8 ივლისს, ერთ-ერთმა მათგანმა, ზედმეტსახელად „მოშნიმ“, იმავე კონსტანტინ ციგანკოვმა, რომელიც საბჭოთა არმიაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეაში მსახურობდა, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „იგლათი“ საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი „მი-8“ ტიპის საბრძოლო-სატრანსპორტო შვეულმფრენი ჩამოაგდო [ფაჩულია, 2005:16].
დნესტრისპირეთში ნაომარმა სამხედროებმა სოხუმის 1993 წლის სექტემბრის იერიშის დროსაც „ თავი ისახელეს“. დონელი კაზაკი, ზედმეტსახელად „გენა“ ხელმძღვანელობდა მოწინააღმდეგის დამრტყმელ ჯგუფს, რომელიც ქალაქს აჩადარის მხრიდან უტევდა. სწორედ მისმა ჯგუფმა აიღო გუმისთაზე გამავალი აჩადარის ხიდი, რის შედეგადაც სეპარატისტებმა ბრძოლაში ჯავშანტექნიკა ჩართეს, რამაც მათ ქალაქის აღების საქმე გაუადვილა. აღსანიშნავია, რომ „გენა“, იგივე სერგეი ბლოხინი დნესტრისპირეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა. ის საბჭოთა არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო. სამხედრო სამსახური უმცროსი ლეიტენანტის ჩინით 1990 წლის მარტში დაასრულა. ბლოხინი 1987-1988 წლებში ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ე.წ. „ინტერნაციონალურ ვალს“ ასრულებდა. სამხედრო სპეციალობით იგი მესანგრე იყო. ანუ, მის უშუალო მოვალეობას მოწინააღმდეგის პოზიციებისა თუ სტრატეგიული ობიექტების დანაღმვა წარმოადგენდა. არსებული ინფორმაციით, „გენა“ 2000 წელს რუსეთში, ქალაქ ტაგანროგში, სიმსივნით გარდაიცვალა [ბელოუსოვი, 2016].
შორეული დნესტრისპირეთიდან აფხაზეთში საომრად მოხალისეები პერიოდულად, როტაციის პრინციპით ჩამოდიოდნენ. შედეგად, საერთო ჯამში, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა 60-90-მდე ადამიანი. ქართულ-აფხაზურმა ომმა სამი დნესტრისპირელი მოხალისის სიცოცხლე შეიწირა, 12 კი – დაიჭრა. სხვადასხვა ხარისხის ჯილდო და ორდენი „აფხაზი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობისათვის“ გადაეცა 20-მდე დნესტრისპირელს. ერთ-ერთ მათგანს, 23 წლის რომან რადკოვსკის სიკვდილის შემდეგ „ლეონის მედალი“ გადაეცა. იგი 1993 წლის 17 აპრილს, ე.წ. „გუმისთის ფრონტზე“, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სეპარატისტების მიერ ორგანიზებული დივერსიული სპეცოპერაციის აღკვეთისას მოკლეს [Представительство Абхазии в ПМР, 2016].
ტირასპოლში ყოველი წლის 14 აგვისტოსა და 30 სექტემბერს აღინიშნება „მოძმე აფხაზი ერის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ [Первый Приднестровский, 2013]. ოფიციალური თბილისისა და კიშინიოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ორ არაღიარებულ, სეპარატისტულ „სახელმწიფოს“ ერთმანეთთან მეტად მჭიდრო სოციალ-პოლიტიკური ურთიერთობა დღემდე აკავშირებს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დნესტრისპირელი მოხალისეების აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობა დასტურდება. მებრძოლებთან ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუდან ირკვევა, თუ რა იყო მათი აფხაზეთში, სეპარატისტთა მხარეს ყოფნის მიზანი და ამოცანა. რაც მთავარია, ნათელი ხდება, თუ რა იქცა ქართული მხარის მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. ქართველებს ბრძოლა მოუხდათ არა აფხაზ სეპარატისტებთან, არამედ სხვადასხვა ცხელ წერტილში, ომებსა და სამხედრო სწავლებებში გამობრძმედილ პირებთან, რომლებმაც თავისი საქმე ზედმიწევნით კარგად იცოდნენ და რომლებიც აფხაზეთში არა აფხაზების დასახმარებლად, არამედ რუსეთის იმპერიული ინტერესების გასატარებლად იყვნენ ჩასულნი. მათ მონაწილეობასა და ბრძოლებში რუსეთის სამხედრო მანქანის ჩარევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ასე რომ, აფხაზური მხარის მტკიცება: „ჩვენი დამოუკიდებლობა ჩვენ თავადვე მოვიპოვეთ“, – რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად რეალურია.
1 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი „ფაგოტი“ 1990-იანი წლების დასაწყისში ქართული არმიის შეიარაღებაში მცირე რაოდენობით იყო. ომის საწყის ეტაპზე კი ქართული მხარის მიერ ის იმ მიზეზით არ გამოიყენებოდა, რომ აფხაზებს თავდაპირველად მძიმე ტექნიკა არ ჰყავდათ. თუმცა, დადასტურებული ფაქტია რომ 1992 წლის აგვისტოში ეშერაში განთავსებულმა რუსულმა ნაწილებმა სამთავრობო ძალების კუთვნილი ტ-55 ტიპის 2 ტანკი სწორედ „ფაგოტით“ ააფეთქეს. [ალადაშვილი, 2005:38].
ლიტერატურა
ალადაშვილი ი., 2005 |
ტანკების „მკვლელები“. „არსენალი“, №8 (13). |
ბელოუსოვი დ., 2016 |
ინტერვიუ სსრკ არმიის თადარიგის ოფიცერთან, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ბელოუსოვთან. 28.01. |
ფაჩულია ვ. 2005 |
როგორ გვებრძოდნენ აფხაზეთის ცაში. „არსენალი“, №8 (13). |
Представительство Абхазии в ПМР, 2015 |
15 августа 1992 года в Абхазию прибыла первая группа добровольцев. http://abkhazia-pmr.org/news.php?id=649 (ბმული უკანასკნელად ნანახია 15.12.2017). |
Гамахария Дж., 2016 |
Трагедия Абхазии, Грузия на суд российской общественности. Тбилиси. |
Договор, 1993 |
Договор «О дружбе и сотрудничестве Приднестровской Молдавской Республики и Республики Абхазия». http://abkhazia-pmr.org/files/documents/dogovor_o_drujbe_1993.pdf (ბმული უკანასკნელად ნანახია 15.12.2017). |
Джахая Г., 2011 |
В абхазскую армию набрали русский спецназ. http://cyxymu.livejournal.com/924758.html (ბმული უკანასკნელად ნანახია 15.12.2017). |
Представительство Абхазии в ПМР 2016 |
В помещении Тираспольского Дворца культуры состоялось мероприятие посвященное 23 годовщине Победы в Отечественной войне Народа Абхазии. http://abkhazia-pmr.org/news.php?id=868(ბმული უკანასკნელად ნანახია 15.12.2017). |
Первый Приднестровский 2013 |
В представительстве Абхазии прошел торжественный прием. 30.09.2013. https://tv.pgtrk.ru/news/20130930/11485 (ბმული უკანასკნელად ნანახია 15.12.2017). |
Хубулов В., 2016 |
Валерий Хубулов – Герой Осетии, Абхазии, Кавказа. https://www.youtube.com/watch?v=CyYcZk3qIlk (ბმული უკანასკნელად ნანახია 15.12.2017). |
Пименов Ю., 2009 |
Подполковник Юрий Пименов: «Афган всегда в моей душе…». 30.12.2009. http://kprfnsk.ru/inform/news/11792/ (ბმული უკანასკნელად ნანახია 15.12.2017). |
Уголовный кодекс РФ, 1996 |
Уголовный кодекс РФ, глава 34, статья 359. http://www.zakonrf.info/uk/359/ (ბმული უკანასკნელად ნანახია 15.12.2017). |
Рапорты 1995 |
«сожжена столовая во время приема пищи». Рапорты российских спецназовцев воевавших в 1993 на восточном фронте против грузинских войск. Солдат удачи, №9, 1995, с. 32-35, 62-63; ელექტრონული ვერსია იხ.: http://cyxymu.livejournal.com/1325373.html (ბმული უკანასკნელად ნანახია 15.12.2017). |
Джахая Г., 2016 |
Российский офицер подбил из ПЗРК Ту-134 в небе над Абхазией. 23.09.2016. https://cyxymu.livejournal.com/1771981.html (ბმული უკანასკნელად ნანახია 15.12.2017). |
Пименов и Бутько, 1993 |
Российские спецназовцы Пименов и Бутько, подбившие из ПЗРК в июне 1993 в Абхазии гражданский Ту-134. https://www.youtube.com/watch?v=JafjD2pLlvs&t=111s (ბმული უკანასკნელად ნანახია 15.12.2017). |