„გაერთიანების“ იდეის მხატვრულ-ისტორიული კონტექსტისათვის კ. მონტისის შემოქმედებაში
(,,სიტყვის ხელოვანთათვის ტკივილი შთაგონებაა“1)
ბერძენი პოეტის, კოსტას მონტისის (1918-2004წწ.) ლიტერატურული მოღვაწეობა ემთხვევა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, კუნძულ კვიპროსზე მიმდინარე ისტორიულ-პოლიტიკური გარდატეხების რთულ ეპოქას. 1955-59 წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლების შედეგად განვითარებული მოვლენები, ერთი მხრივ, თანამედროვე კვიპროსის ისტორიის განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა. ხოლო, მეორე მხრივ, გადამწყვეტი როლი ითამაშა კ. მონტისის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კუნძულის ისტორიის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ისტორიკოსთა, სოციოლოგთა, დიპლომატთა თუ ხელოვანთა მსჯელობას არაერთგვაროვან პოზიციებამდე მივყავართ. დღემდე, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ბრძოლის წამოწყების მოტივების, მიზნებისა და საშუალებების „კეთილგონივრულობა“ თუ გაღებული მსხვერპლის მიზანშეწონილობა. ჩვენი კვლევის მიზანია, ნათელი მოვფინოთ იმ ფაქტს, რომ მონტისის შემოქმედება სწორედ საწინააღმდეგოს მტკიცებაა.
კუნძულის ცხოვრებაში კ. მონტისის აქტიური ჩართულობის გათვალისწინებით, ბუნებრივია, მის შემოქმედებაში ისტორიული თემატიკის დომინირება არ გვიკვირს. უფრო მეტიც, ალბათ, შექმნილი ვითარება პოეტს სხვა არჩევნის უფლებას არც უტოვებდა. სტატიაში გამოვყოფთ იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლასა და „გაერთიანების“ იდეას უდებენ სათავეს მონტისის პოეტური მოღვაწეობის ხანგრძლივ და უწყვეტ ჯაჭვში. მხატვრულ-ლიტერატურული ჩანაფიქრის რეპრეზენტაციის უმთავრესი იარაღი მონტისის ლაკონური, ეპიგრამატული ხასიათის ტაეპები – „წუთებია“. ამ ხერხით, მონტისი შესაძლებელს ხდის, პოეტური დრამატიზმის სრული სიმძაფრით აღადგინოს კვიპროსის მე-20 საუკუნის ისტორიული ყოფითი რეალობა, რაც ნებსით თუ უნებლიეთ „გამოტოვა“ ისტორიამ. სწორედ ეს გამოარჩევს მონტისს თანამედროვე ბერძენი პოეტებისგან და ამაში იმალება მისი პოეზიის ხიბლი.
ერთი უმნიშვნელო, ღარიბული უბანი
ორჯერ ჩაიარა ისტორიამ, სამჯერ ჩაიარა,
და ვერაფერი იპოვა, რომ ჩაენიშნა [Μόντης, 1987: 215].
კვიპროსული აჯანყება
და უცებ მხარზე ხელი დაგვკრა თავისუფლებამ,
როგორც ქუჩაში შეხვედრილმა თანაკლასელმა [Μόντης, 1993: Γ’: 175].
1955-1959
ეს, მაშინ იყო, როცა ჩვენს მუშტისკვრას მიბაძა თავისუფლებამ.
იყო, როცა გააერთიანა ჩვენი მუშტის კვრა თავისუფლებამ [Μόντης, 1993: Γ’: 90].
თავისუფლება
ბევრი უძილობა, სიფხიზლე სჭირდება თავისუფლებას, მეგობრებო,
წამითაც არ მოაშოროთ თვალი. ნუ შეისვენებთ [Μόντης, 1987: 559].
***
„გულით, ბიჭებო, და სადღაც მიგვიყვანს
გულით, ბიჭებო, და ღმერთია მოწყალე [Μόντης, 1987: 175].
***
თქვენი წარსული ჩემი ნაოჭებია, გეთაყვა,
თითო-თითო, მწყობრად დალაგებული თქვენი წარსული! [Μόντης, 1987: 178].
სხვადასხვა პოეტური კრებულიდან მოხმობილ „წუთებში“ ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პერიოდია მონტისის ცხოვრებასა და შემოქმედებაში 1955-59 წლები. აქვე, დავიმოწმებთ ციტატას მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან - „განმათავისუფლებელმა ბრძოლამ გავლენა იქონია ჩემს შემოქმედებაზე, რომელიც ძალაუნებურად უყურადღებოდ დამრჩა. ამგვარად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გამოსულა არც ერთი ჩემი წიგნი. ამიტომ ჩემს ლიტერატურულ მოღვაწეობაში გაჩნდა დროებითი სიცარიელე. მხოლოდ ბრძოლის დასასრულს გამოჩნდნენ „წუთები“, რომლებისკენაც შესაძლოა მიბიძგა დროის უქონლობამ, რაც, თავის მხრივ, განპირობებული იყო ჩემი აქტიური ჩართულობით განმათავისუფლებელ ბრძოლაში. დავწერე და შემდგომ გამოვეცი „ეოკას“ ბრძოლებთან დაკავშირებული ნაწარმოებები (პოეტური თუ პროზაული), მწამდა რა, რომ შეიცავდნენ აუცილებელ სულიერ ფუნდამენტს, რომელიც სხვა მრავალ მიზეზთან ერთად გაამყარებდნენ, განწმენდნენ და გაამართლებდნენ ბრძოლას. მჯეროდა, რომ ამ ნაწერებით საჭირო წვლილი შემქონდა საბრძოლო შემართებაში“ [Κιτρομηλίδης, 1997:28]. პოეზიის ემოციური და მეტად გამომსახველობითი ბუნების გამო, ეს განწყობები კიდევ უფრო ნათლად ჩანს „ეოკას“ გმირებისადმი მიძღვნილ „წუთებში“, რომელთაც მონტისმა „ბრძოლის სიმღერები“ უწოდა.
ევაღორას პალიკარიდისი
როცა წავიკითხე შენი ისტორია
სიცხით ვიწვოდი იმ ღამით [Μόντης, 1987: 424].
იაკოვოს პატაცოსი
ჩვენ? რანი ვართ ჩვენ?
შესაძლოა, წავიკითხოთ სევდით (ძლიერი? კარგი, ძლიერი)
შესაძლოა, ვიმსჯელოთ ტკივილით (ან ესეც, განა რამდენ ხანს?)
შესაძლოა – უფრო გულჩვილებმა – ღამეც ვათიოთ (განა რამდენი ღამე?)
მეტი არაფერი.
დანარჩენი, დედის გაზრდილი შვილის ნახელავია [Μόντης, 1987:425].
ღრიგორის ავქსენტიუ
იმ დილით კაცი მთებს შეუცვლიდა სახლს [Μόντης, Α’ 1987:496].
ღრიღორის ავქსენტიუ
ის „არა“ ვერ გაიმეორა ექომაც კი,
ძალიან მძიმე იყო გადასატანად [Μόντης, 1987:455].
1925 წელს კვიპროსი ოფიციალურად გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის კოლონიად. უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებით მეამბოხე კოსტას მონტისმა ჯერ კიდევ მოწაფეობისას მიიღო მონაწილეობა 1931 წლის ცნობილ „ოქტომბრის“ აჯანყებაში. მომდევნო წელს გაყიდა მთელი საგვარეულო ქონება ამოხოსტოში და ჩაეწერა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. თუმცა, კარგად იცოდა, რომ კვიპროსზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ინგლისელთა იმდროინდელი პოლიტიკური მმართველობა სასტიკად დევნიდა ათენში განათლებამიღებულ ახალგაზრდებს და უკრძალავდა საადვოკატო საქმიანობას, განსაკუთრებით კი „ოქტომბრის“ ამბოხების შემდგომ [Παστελλάς, 1984:190]. ტრაგიზმით აღსავსე ბიოგრაფიის მქონე მონტისი ბედისწერის ამ გამოწვევასაც თითქოს არად დაგიდევდათ და ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ დაბრკოლებას. ,,ზოგადად ტკივილი დომინირებს ჩემს შემოქმედებაში – სწორედ ეს გადავიტანე პატარაობიდანვე. ჩვენი ოჯახური ცხოვრება დიდი პერიპეტიებით იყო აღსავსე: დავკარგე ორი უფროსი ძმა, დავრჩი მე 8 წლის და მამა ამბობდა „გამომეცალა ორი დედაბოძი და დამრჩა ეს კოლონა“. დავკარგე ორი და, დედა და თხუთმეტი წლის ასაკში მამაც. და აი ტკივილიც, რომელსაც ვეზიარე. მქონდა უბედურება, ვყოფილიყავი კარგი მოწაფე გიმნაზიაში, ამეღო ყველა ჯილდო, რაც კი არსებობდა, ობოლს არავინ მყავდა მრჩეველი. აკრძალვის მიუხედავად ჩავაბარე იურიდიულზე, მაშინდელი მთავრობა კი საფრთხეს ხედავდა სწორედ იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ათენში ადვოკატებად იწრთობოდნენ, ვინაიდან ხაძიპავლუ და თეოდოტუც ადვოკატები იყვნენ. ყოველგვარ გადატრიალებასაც ამ კუთხიდან მოელოდნენ და აიკრძალა ათენში ნასწავლთა დასაქმება კვიპროსზე. და მე მივაკითხე არქიეპისკოპოს კირილოსს რჩევისთვის და მან ცუდი რჩევა მომცა. მითხრა: „წადი მონტის, სადაც გსურს და არ იცი შენ, ეგებ ოთხ წელიწადში მოვიდეს კიდეც გაერთიანება“ და მეც წავედი ათენში, დავბრუნდი და გაერთიანება კი არსად ჩანდა. მერე კი იძულებული გავხდი, ხელი მიმეყო ათასგვარი სამუშაოსთვის და სწორედ ეს ტკივილებია, რაც დროდადრო თავს იჩენს ხოლმე ჩემს პოეზიაში. ერთი მხრივ, სიტყვის ხელოვანთათვის ტკივილი შთაგონებაა, სიხარული ვერ შთააგონებს ისე, როგორც – სევდა. უნდა ზღო იმისთვის, რომ ააღელვო მკითხველი, შენ უნდა ათჯერ იტირო, რომ ის ერთხელ აატირო, ათჯერ უნდა შეჩოჩქოლდე, რომ მასში ეს გრძნობა ერთხელ მაინც გამოიწვიო. წარმატებისთვისაც ასე უნდა ზღო და მერე კი მოვა დრო, როცა ძვირად დაგიჯდება ეს ყოველივე“ [Μόντης, 1999:406].
1955-1959 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი ინგლისელთა წინააღმდეგ ნაწილობრივი წარმატებით დასრულდა. საბერძნეთთან კვლავ შეერთების ჟინით შეპყრობილ „კვიპროსელ მებრძოლთა ეროვნული ორგანიზაციის“ (E.O.K.A.) ძალისხმევითა და თაოსნობით ანგლოკრატიის ეპოქა კვიპროსზე ისტორიას ჩაბარდა. სწორედ იმ ორგანიზაციის წყალობით, რომლის პოლიტიკური მრჩეველიც ნიქოზიაში კოსტას მონტისი გახლდათ. ინგლისელთა კუნძულიდან განდევნა და თავისუფლების მოპოვება (1960 წელს კვიპროსის დამოუკიდებლობა) არ ნიშნავდა კვიპროსელთათვის სრულ გამარჯვებას, რადგან საბერძნეთთან გაერთიანება კვლავ მიუღწეველი რჩებოდა. თუმცა, მონტისის ძალისხმევა არ შემოფარგლულა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებში აქტიურობით, მან კვიპროსული საზოგადოების მეხსიერებაში „წუთების“ პოეზიით გააცოცხლა თავისუფლებისა და „გაერთიანების“იდეის განუყოფელობა. მისი მცდელობა სხვა არაფერია, თუ არა ზრუნვა სააშკარაოზე გამოიტანოს სწორედ ის ისტორიული მოვლენები, რომლებიც მისი თანამედროვეობისთვის არა თუ აქტუალური, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო.
„რომელი „სახელმწიფო“, ბატონებო, რომელი „სახელმწიფო“
„სახელმწიფოთა“ უწყვეტ ხროვაზე დავაბიჯებთ2 [Μόντης, 1987:83].
დროშები
როგორ შეთანხმდნენ ასე ერთხმად,
როგორ შეთანხმდნენ ყველანი ერთხმად.
რა ღრმა აზრი დევს ერთ ოთხკუთხა ნაჭერში,
რა აზრი დევს ერთ ოთხკუთხა ნაჭერში, რომელიც ფრიალებს? [Μόντης, 1987:536].
დროშები
ჩააწყო მწკრივში ყველა და სიკვდილით დასაჯო!
აი, ეს უნდა ქნა! [Μόντης, Γ’ 1993: 90].
წუთები
-სულ მთლად ამაოა ეს ბრძოლები.
- ვიცი. ამიტომაც ჩავერიე.
სწორედ ამიტომ ჩავერიე [Μόντης, 2003: 74].
***
„იცით, რამდენი „ადამიანი“ გამოტოვა ისტორიამ დღემდე?“
ახლა, უკვე კარგად ვიცით, საიდან იღებს
წყაროებს ისტორია“ [Μόντης, 1987:188]
აწ უკვე
„რამდენ მრავალმარცვლიან, ვრცელ ისტორიებს იტევს
ეს კლდესავით ერთმარცვლიანი აწ“ [Μόντης, 2003:123].
ისტორია
გავათავხედეთ და უბრალოდ კი აღარ ინიშნავს
გავათავხედეთ და ერევა [Μόντης, 1987:584].
***
რას ნიშნავს „ისტორია დაწერს“?
გამორიცხულია, არ დაწეროს?! [Μόντης, 1987:188].
ისტორიული რეალობის მხატვრული კონტექსტის მხრივ, მონტისის შემოქმედება სხვა არაფერია, თუ არა პოეტური ხერხებით წარსულის გამოცდილებათა ინტერპრეტაცია. შესაბამისად, კვიპროსელებში ეროვნული იდენტობის განცდის შესანარჩუნებლად და ისტორიული აწმყოს შესაცვლელად სხვა, „ალტერნატიული რეალობის“ გაცოცხლება გახდა საჭირო. ჩვენ ეჭვს ამყარებს მკვლევართა შენიშვნა, რომ მონტისი შეუფარავად მიმართავს წარსულისა და ტრადიციული გაგებით „ისტორიის“ დესტრუქტურიზებას (ლოიზიდი, ათანასოპულუ). მონტისის შეფასებით, თანამედროვე ისტორიას დაუმსახურებლად „მიენიჭა“ გადაჭარბებული მნიშვნელობა, რაც იწვევს მის პიროვნულ პროტესტს. ისტორიას არ უნდა მიეცეს საშუალება „ჩანთქას“ ადამიანი და მისი სწრაფვა, შეცვალოს დღევანდელი რეალობა. ალბათ, ამიტომაც გვიცხადებს მონტისი დაჟინებით, რომ „ისტორიას არ წერენ ისტორიკოსები. ისტორიას მწერლები (ლიტერატორები) წერენ. მათგან გაიგებ სიმართლეს“ [Κιτρομηλίδης, 1997:29].
ბრძოლის შთაბეჭდილებებისა და ისტორიულ პროცესებზე ხანგრძლივი დაკვირვებით დაგროვილი სათქმელის გამო, კოსტას მონტისის პროზაული მოღვაწეობის ოცწლიანი პაუზა დაირღვა. 1964 წელს გამოიცა ნოველა-ქრონიკა „დახურული კარები“, რომელიც ვფიქრობთ, თანამედროვე ბერძნული ისტორიული პროზის ნიმუშია. განმათავისუფლებელ ბრძოლათა ციკლმა კვიპროსზე არა მხოლოდ თემატურად გაამდიდრა მისი შემოქმედება, არამედ გამოიწვია ერთგვარი „ამბოხი", „გადატრიალება“ მის მოღვაწეობაში. მონტისმა თითქოს დრო მისცა ისტორიას, აღებეჭდა კვიპროსელთა გმირობის ამბავი, მაგრამ ბრძოლის დასრულებიდან ხუთი წლის შემდეგ, ამჯობინა თავად დაბრუნებოდა ეროვნულ თემას, სადაც „გაერთიანების“ იდეა კვლავ დომინირებს. ნაწარმოების პროლოგში ავტორი თავად გვაძლევს ახსნა-განმარტებას: „ჩემი ბოლო მოთხრობათა კრებული „თავმდაბალი ცხოვრება“ გამოიცა 1944 წელს. მას შემდეგ სისტემატიურად აღარ დავკავებულვარ მოთხრობებით. ცხოვრებამ, სავსემ აგონიით, მღელვარებითა და იმედგაცრუებით დაანაწევრა ჩემში სიმწყობრე, ცენტრს მომწყვიტა... ჩემი უჯრები დარჩა ისე, როგორც დავტოვე ოცი წლის წინათ, სავსე ნახევრად დამთავრებული მოთხრობებით, გეგმებით, დასაწყისებით, მოთხრობათა სათაურებით. ვიდრე, უეცრად არ მოვიდა ამბოხება, რომელიც დამეუფლა და შემოაღწია ჩემი სულის სიღრმეებში, რათა შეეწებებინა დანაწევრება. რადგან დაუშვებელი იყო გაჩუმება, ვინმეს უთუოდ უნდა ეთქვა სათქმელი. ვინმეს, ვინც გამოსცადა ის განუმეორებელი ოთხი წელიწადი“ [Μόντης, 1964:3].
გმირებით (კუტალიანოსი, „დიგენისი“ გიორგიოს ღრივასი) დაწერილი „ისტორიით“ საზოგადოებრივი მეხსიერების ფორმირება იკითხება ნოველაში „დახურული კარები“, რომელშიც ომის სისასტიკე ერთი ოჯახის ტრაგედიის მაგალითზეა გადმოცემული. ისტორიულ თხზულებაში ავტორი შემართებით ცდილობს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას. პირველივე სტრიქონებში ვკითხულობთ: „როცა (1955 წელს) დაიწყო აჯანყება კვიპროსზე, როცა ასე მოულოდნელად ფეხზე წამოიჭრა პატარა კუნძული ინგლისელთა გასაძევებლად, სამივენი გიმნაზიის მოწაფეები ვიყავით, მე მესამე კლასში, სტალო მეოთხეში, ხოლო ნიკოსი მეხუთეში – ოჯახის სიყვარულის სამი სამემკვიდრო, მჭიდროდ გადაჯაჭვული საფეხური... ვატარებდი თხუთმეტი წლის ასაკისთვის შესაფერის უდარდელ ცხოვრებას მისი გამოღვიძებებით, პირველი დაბოხებებით ხმაში, გაფართოებული თვალებით, სურვილებით, სიხარულითა და მღელვარებით... რაც შეეხება პოლიტიკურ ვნებათაღელვებსა და გრძელვადიან დაპირისპირებას კუნძულზე, მიზანად ისახავდა, ჩამოეშორებინა უცხოელთა უღელი. მრავალსახოვანი, უკომპრომისო, მაგრამ მშვიდობიანი ბრძოლა (შეიძლება ითქვას, სხვაგვარად როგორ იქნებოდა დიდ იმპერიასთან, რომელიც გვმართავდა?). ეს ყოველივე კი ჩვენთვის ბავშვებისთვის (სიმართლე ითქვას საიდან იწყება და სად მთავრდება ბავშვობა?) იყო საბედისწერო (საბედისწერო?) ის იანვარი, რაღაც როგორც ჩვეულება და ტრადიცია, რაღაც, რაც სულ დასაწყისიდანვე მჭიდროდ იყო ჩაქსოვილი ჩვენს ცხოვრებაში. რაღაც ქრონიკული, რომელიც მოედინებოდა მშვიდად, მორჩილად, აღელვებებისა და გამწვავების გარეშე. თითქმის გათავისებული, შეუმჩნეველი, რომელიც გვაიძულებდა თითო-ორორჯერ წელიწადში წამოვმხტარიყავით საწოლებიდან სისხამ დილით, 4 საათზე, რომ შევერთებოდით განთიადის ლოცვას ფილებით მოპირკეთებულ სამთავარეპისკოპოსო ტაძარში და საკონსულოს წინ (მხოლოდ ერთადერთი საკონსულო არსებობდა ჩვენთვის) შემდგომ ბერძნული დროშებით მოგვეწყო საზეიმო სვლა საყვირებით, და დაფდაფებით (რა ამაღელვებელი მოლოდინი იყო რომ შეგვხედავდნენ მამა, დედა, მეზობლები და ყველა) (დაფდაფები ჩვენს თხუთმეტი წლის ასაკს უკრავდნენ, რომ დაბრუნებულიყვნენ უკან), რომ შევჩოჩქოლებულიყავით ფანერომენის ტაძართან, შეძახილებით „გაერთიანება“, გათავისუფლების მიზეზი, რომელიც დროდადრო ეხმიანებოდა ეროვნულ ჩანაფიქრსა და მიზანს მთელი ბერძნული ტერიტორიებისა, რომლებიც ჯერ კიდევ, თავისუფალი სამშობლოს საზღვრებს გარეთ იყო დარჩენილი“[Μόντης, 1987:1539].
მონტისი ისტორიის მემატიანისათვის შესაშური სიზუსტით აღგვიწერს ინგლისელთა რეჟიმს კვიპროსზე. ამ უსამართლობისადმი რევოლუციურად განწყობილი 15 წლის ყმაწვილის ფიქრებით აცოცხლებს კუნძულის უახლეს ისტორიას, ტრაგიკულ სურათს, რომელიც ისტორია-ბედისწერამ არგუნა კვიპროსს. ავტორი საზოგადოების განწყობებსა და იდეოლოგიურ ტენდენციებს მისი მცირეწლოვანი წევრის მოგონებებით გვაცნობს. ინდივიდუალური მეხსიერება თუ გმირის ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესი განზოგადებულია მთელ სოციუმზე და გამოხატავს არსებული რეალობისადმი ემოციურ დამოკიდებულებას აწმყოში. ამდენად, არა წარსული, არამედ თანამედროვეობა განსაზღვრავს და ირჩევს ისტორიიდან მისთვის აქტუალურ პრობლემატიკას და ამ გზით საზოგადოებაში ამკვიდრებს ისტორიულ მეხსიერებას.
წარსულისადმი მცირე ერების მიჯაჭვულობა, ალბათ მათი მუდმივი თავდაცვითი ომებითა და დრამატული ისტორიული პერიპეტიებითაა განპირობებული. ვთანხმდებით, რომ თუ ისტორია წარსულის დამახსოვრებაა, ამავდროულად, იგი დასავიწყებლის შერჩევაცაა. შესუსტებული კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის ხშირად იდენტობის კრიზისის მიზეზი ხდება. იგი აღდგება წარსულისადმი ნოსტალგიის ფორმით და განსაკუთრებით ძლიერდება მაშინ, როდესაც საზოგადოება პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ კრიზისშია. წარსულისკენ მიბრუნების ხერხით, მონტისი ნოველაში „დახურული კარები“ კიდევ უფრო ემოციურად და საინტერესოდ წარმოაჩენს საზოგადოებრივ აზრს. არ ღალატობს საერთო მტრის (ინგლისელ კოლონისტთა) წინააღმდეგ კვიპროსელთა ერთსულოვნების ატმოსფეროსა და დრამატული შედეგების მიუხედავად, „გაერთიანების“ იდეას.
რატომ გახდა საჭირო ისტორიის უხილავი მხარის მხატვრულ ნაწარმოებში გაცოცხლება? ე.წ. ალტერნატიული ისტორიის შეთავაზება საზოგადოებისთვის? აუცილებელია, აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კოსტას მონტისის შთაგონების კიდევ ერთ, მაპროვოცირებელ წყაროდ იქცა ბრიტანელი პოეტისა და ნოველისტის, ფილელინი ლოურენს დარელის3ავტობიოგრაფიული შინაარსის ნაწარმოები – „მწარე ლიმნები“. საინტერესოა, მოკლედ გავეცნოთ „მეორე ობიექტურ სინამდვილესა“ და კოსტას მონტისისგან რადიკალურად განსხვავებულ დამოკიდებულებას, რომელსაც დარელი ანგლოკრატიის წინააღმდეგ „ეოკას“ სამოქმედო ასპარეზზე გამოჩენისადმი ავლენს. წიგნი „მწარე ლიმნები“ 1957 წელს გამოქვეყნდა ლონდონში და მასში აღწერილია მწერლის, ლოურენს დარელის მიერ კვიპროსზე გატარებული 1953-1956 წლები, სადაც იგი ჯერ ინგლისური ენის მასწავლებლად და Cyprus Review-ს რედაქტორად, ხოლო მოგვიანებით ინგლისელთა ადმინისრტაციული მთავრობის პრეს-საინფორმაციო ხელმძღვანელად მუშაობდა, რადგან ზედმიწევნით კარგად ფლობდა ბერძნულ ენასაც. მიუხედავად ნაწარმოების პროლოგში ავტორისეული მითითებისა, რომ წიგნი არაპოლიტიკური ხასიათისაა, მასში ვრცლადაა მოყოლილი „ენოსის“ (გაერთიანების) გამო შექმნილ კრიზისსა და „პრობლემურ წლებზე“, რომლებიც 1955 წლიდან „ეოკამ“ თავს დაატეხა კუნძულს.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავიცნოთ ინგლისელი ჩინოვნიკის თვალით დანახული ამ პერიოდის ისტორიული რეალობა და შეფასებები, რომელთაგანაც ირკვევა, რომ საბერძნეთთან „გაერთიანების“ მოძრაობამ, ამასთანავე ინგლისელთა მმართველობის დამხობის სურვილმა სრულ ქაოსსა და ძალადობაში ჩააფლო მშვიდობისმოყვარე კუნძული. მისი შეფასებით, მსგავსი მოქმედებები მოკლებული იყო კანონიერ საფუძველს და როგორც ნაციონალისტური ძალებისგან მართული პროცესი, დარელის მიერ „ირაციონალურობის დღესასწაულადაა“ მონათლული, ხოლო „ეოკა“ ტერორისტთა დაჯგუფებად. მისთვის გაუგებარია კვიპროსელთა „იდეალიზმითა და მიამიტობით აღსავსე სწრაფვა „ენოსისკენ“, პირველ რიგში კი ბერძენ მოძალადეთა გაიდეალება. ბერძნული მიწა ხომ მათი რწმენით სამოთხეა დედამიწაზე“ [Durrell, 1957: 114]. მართალია, „მოწაფეები გიმნაზიაში თანაბარი დეკლამაციურობით გამოხატავენ საბერძნეთთან შეერთების სურვილს და სიყვარულს ინგლისის მიმართ“ [Durrell, 1957: 131-132]. მაგრამ „გაერთიანება კვიპროსული ცხოვრების მუდმივ მახასიათებლად იყო ქცეული იმ დროიდანვე, როცა კუნძულზე ფეხი დავადგით, და ასეც გაგრძელდებოდა... „გაერთიანების“ საკითხი ეხმიანებოდა ბერძნული გულის ყველაზე ღრმა ემოციებს და რაც კი რამ ითქმებოდა მასზე (რაოდენ ისტერიულიც უნდა ყოფილიყო), გამოხატავდა წრფელ ნატვრა-მისწრაფებებს“ [Durrell, 1957: 177, 184].
საინტერესოა, რომ ლოურენს დარელი კვიპროსელთა ელინურ წარმომავლობას ეჭვქვეშ აყენებს და ამტკიცებს, რომ არც კვიპროსზე სასაუბრო ბერძნულია „ჭეშმარიტად ბერძნული“ (სწორი). აქვე, მყარ არგუმენტად იშველიებს მე-19 საუკუნის ბრიტანელი მოგზაურის სიტყვებს, სადაც ჩამოყალიბებულია თეორია კვიპროსის ქრისტიან მოსახლეთა არაელინურობის შესახებ, რადგან ისინი არც ფიზიონომიურად, არც სულიერად და არც ხასიათით არ არიან ბერძნები. თვითონ კვიპროსიც იმაზე მეტად აღმოსავლურია, ვიდრე ამას მისი ლანდშაფტი (გეოგრაფიული მდებარეობა) წარმოაჩენს [Mas, 2003:237]. ამ ყოველივეს გათვალისწინებით კი, დარელს უფრო მეტად აკვირვებს „პატარა სოფლებშიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მიწერილი სლოგანი – „გაერთიანება და მხოლოდ გაერთიანება“ [Durrell, 1957: 177, 184]. ამდენად, ლოურენს დარელისთვის, ისევე როგორც ბრიტანეთის მთელი ადმინისტრაციული მთავრობისთვის კუნძულზე „ეოკას“ და მის „ტერორისტ ლიდერ“ „დიგენისზე“ (გეორგიოს ღრივასი) მეტ მტრად ათენის რადიო მოიაზრებოდა. ბერძნულ პრესასთან ერთად ეს „ახალი მეტალის ღმერთი“ იყოლიებდა ახალგაზრდებს და იწვევდა ისტერიას. ეს „საწამლავი“ მუდმივად იღვრებოდა იოლად მანიპულირებად მოსახლეობაში [Mas, 2003:236]. ამის საპირისპიროდ „საღ, პროგრესულად მოაზროვნე ბერძენ კვიპროსელად“ ავტორი ხატავს პერსონაჟს, ანდრეასს, რომელსაც ამ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი არულობისა ვერაფერი გაუგია და მორჩილად ელის პასუხს კითხვაზე: „მითხარით, სერ, ინგლისი მალე გადაჭრის ამ საკითხს და შეგვეძლება ისევ მშვიდობიანად ცხოვრება, არა? უკვე ვღელავ კიდევაც ბიჭებზე. როგორც ჩანს, სკოლაში მთელი დრო ნაციონალისტურ სიმღერებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობაზე მისდით. ეს ყველაფერი მალე დამთავრდება, არა?“ – მან ამოიოხრა, და მეც ამოვიოხრე მასთან ერთად“ [Durrell, 1957: 141].
ინგლისური თუ ბერძნული ლიტერატურული ვარიაციების გათვალისწინებით, ერთი რამ მაინც გადაჭრით შეიძლება ითქვას – მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში „გაერთიანების“ იდეა მთელი კვიპროსული საზოგადოების უმთავრესი საფიქრალი და აქტიური მოქმედებისკენ ბიძგის მიმცემი იდეოლოგია იყო. როგორც კოსტას მონტისის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითზე ვხედავთ, რაც განსაკუთრებით აძლიერებს ჩვენს ინტერესს მისი შემოქმედებისადმი, ერთი შეხედვით „ისტორიას ჩაბარებული“, მივიწყებული თემები შესაძლებელია ხელახლა გაცოცხლდეს მხატვრულ ნაწარმოებში და ღრმად გაიდგას ფესვები საზოგადოების ცნობიერებაში.
ამრიგად, „გაერთიანების“ იდეის მხატვრულ-ისტორიული კონტექსტის გაშლა მონტისმა შეძლო ნოველაში „დახურული კარები“. საგულისხმოა, რომ ისტორია-ბედისწერის სასჯელი ავტორმა ნოველის მეტაფორულ სათაურშივე გამოიტანა. ნაწარმოების შექმნის დროს (1964 წელი) „ეოკას“ ბრძოლის უმთავრესი მოტივი, საბერძნეთთან გაერთიანება, სწორედ რომ დახურულ კარს მიღმა იყო დარჩენილი, ხოლო კვიპროსი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული. ჩვენი აზრით, ეს არის მონტისის შემოქმედების ის ეტაპი, რომელიც გარდამავალ საფეხურს ქმნის „გაერთიანების“ იდეის დამუშავებისას და კვანძის შეკვრას მომდევნო პოეტურ ნაწარმოებებში მოითხოვს. ავტორი ამ ნოველაში დებს თავისი შემოქმედების გასაღებს, რომელსაც დაუღალავად ამუშავებს მომდევნო 30 წლის განმავლობაში დედისადმი წერილებში. დახურულ კარს მიღმა დაკარგული ადამიანებისადმი დედის მოლოდინი, აგონია და დაუსრულებელი მდუმარება – ეს იყო პირველი სინჯი, რომელიც შემდეგ 2000-ზე მეტ სტრიქონად შეიკრა პოეტურ თხზულებებში: „წერილი დედას“ (1965), „მეორე წერილი დედას“ (1972) „მესამე წერილი დედას“ (1980), რომელთა გაცნობა და ღრმა ანალიზი გვარწმუნებს, რომ ხანგრძლივი პოეტური მოღვაწეობის განმავლობაში, „გაერთიანების“ იდეა უცვლელად რჩება მონტისის შემოქმედების მთავარ მოტივად. თუმცა, ათწლეულების შემდეგ შეცვლილია პოეტის განცდები როგორც „წუთებში“, ასევე, 1980 წელს გამოცემულ, დედისადმი მიძღვნილ ფინალურ წერილში. აქ მკაფიოდ იკითხება ნოსტალგია, „გაერთიანების“ იდეის წარუმატებლობა და რადიკალურად შეცვლილი ისტორიული სურათი.
რომ იცოდეთ, რამდენად ჩაიკეტა
ეს კარი, რომელიც ჩაიკეტა! [Μόντης, 1987:183]
კვიპროსი
დავკარგეთ სახაზავი,
რომელიც გვიჩვენებდა სწორ ხაზებს [Μόντης, Ε’ 1999:72].
კვიპროსი 1974-1976 წლებში
„და რა მოხდება ახლა?
დავხიოთ ძველი რვეულები,
რომლებიც გადავსებულია შეფერადებული „გაერთიანებით“.
დავხიოთ ძველი სასკოლო რვეულები,
რომლებიც გადავსებულია მორთული „გაერთიანებით“
ჟასმინის, ლიმნის ყვავილებითა და ზიზილოებით.
დავხიოთ ჩვენი ბავშვების ძველი სახალმძღვანელოები
ბერძნული დროშებით,
გადავაგდოთ გიმნაზიის სამახსოვრო საყვარელი ქუდი
„გაერთიანებით“ კანტად,
გადავყაროთ მათი სახაზავი,
ჩანთა, ბურთი და ველოსიპედიც,
რომლებზეც ეწერა „გაერთიანება“?
მართლა, მითხარით, რა მოხდება ახლა?“ [Μόντης, 1987:605].
გაერთიანებას
რომ იცოდე, როგორ შემაჩოჩქოლე
დღეს, როცა დაგინახე უცაბედად,
ამდენი წლის შემდეგ, ნიქოზიის ძველ, ღარიბულ სახლის
კედელზე მიწერილი.
რომ იცოდე, რა მოგონებები გამიღვიძე,
რომ იცოდე, რა მოგონებები აღმიბეჭდე [Μόντης, 1987:735].
ბერძნული დროშა კვიპროსზე
„იმ ყველაფერის შემდეგ, მიდით, აბა, ამოძირკვეთ ახლა! [Μόντης, 1987:605].
მესამე წერილი დედას
გენახეთ მაინც, დედა, როცა თავს დაგვატყდა უბედურება,
გენახეთ მაინც, როგორ ველოდებოდით საბერძნეთს!
არასდროს აგვისტოს დაგვალული მიწა
ისე არ ელოდა პირველ წვიმას,
არასდროს დამხრჩვალი ისე არ ეპოტინებოდა ნაფოტს,
არსდროს მომაკვდავი ბავშვი ისე არ ეძებდა დედის ხელს.[…]
მას ველოდებოდით ყელამდე ჩაყვინთულნი
კერინიის ზღვაში,
ვიკავებდით რა სულის გაფრთხობას, რომ მოესწრო.
ვფურცლავდით მის ისტორიას,
ვფურცლავდით, როგორც სახარებას, მის ისტორიას
-„აი, აქ და კიდევ აქ“-
და მას ველოდით,
არა, „არ შეიძლება არ მოვიდეს“, ვამბობდით,
არა, „არ შეიძლება არ მოვიდეს“, ვამბობდით
და სადაცაა გამოჩნდება თავის სპარტანელებით[..],
და მართლაც, ერთ ღამეს ხმა დაირხა, რომ მოვიდა.
და ეს, რა ღამე იყო, დედა,
მაინც რა გამოძახილი მოყვა,
რა ექო, რა ყიჟინამ მოიცვა მთელი კუნძული!
ტირილით ვეხვეოდით ერთმანეთს და ვხტოდით,
ვკოცნიდით და ვგრძნობდით,
ვიდრე მომდევნო დღეს, არ დავენარცხეთ უფსკრულამდე,
და მკერდი გვებერებოდა გასკდომამდე,
გული ხტოდა ბაგა-ბუგით, ლამობდა გამოვარდნას.
გახარებულებს დაავიწყდათ თავიანთი შვილები,
ძმები და მამები
და უკვე, მარტო საბერძნეთისთვის ტიროდნენ,
და ერეოდათ სიცილ-ტირილი.
და ამბობდნენ მასწავლებლები –„ნახეთ“?
და ვამბობდით ყველანი – „ნახეთ“?
ვიდრე მომდევნო დღეს, არ დავენარცხეთ უფსკრულამდე[...]
რადგან საბერძნეთი არ მოვიდა,
რადგან ტყუილი იყო შეტყობინება,
ტყუილი ბერძენთა გადანაწილება პაფოსზე,
რადგან ტყუილი გვითხრეს ცებმა და ზღვებმა,
ტყუილი მერცხლებმა და გულმა,
ტყუილი ჩვენმა ისტორიებმა,
ტყუილი და ყოველივე ტყუილი.
თქვეს, სხვა საქმე ქონდაო საბერძნეთს,
რაღაც დღესასწაულები,
და თანაც, შორს ვართო და ვერ შეძლო,
წუხდა, არ ელოდა,
გულწრფელად წუხდა,
გულწრფელად ძალიან წუხდა.
და ჩვენმა მასწავლებლებმა თავი ჩაქინდრეს დარცხვენით,
და „სახელმძღვანელოებმაც“ თავი ჩაქინდრეს დარცხვენით,
და ჩვენი მასწავლებლები უკვე თრთიან,
და „სახელმძღვანელოებიც“ უკვე თრთიან,
როცა უახლოვდებიან თერმოპილესა და სალამინას ისტორიებს...
არ ვქმნი პოეზიას, დედა,
მაქვს ასლები[Μόντης, 1987: 917-918].
ალბათ, ძნელია მოიძებნოს სხვა კვიპროსელი პოეტი, ვინც ასე გულთან ახლოს მიიტანდა ეროვნულ საკითხებს და იკისრებდა, მისიას გაუხმაურებელი არ დარჩენოდა არც ერთი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ-ისტორიული ფაქტი, რომელიც შეეხებოდა თავის სამშობლოს. ალბათ, ამიტომაც მიიღო დასაწყისში „პატარა რამეების პოეტად“ (კოსტას ასიოტისი) შერაცხულმა კოსტას მონტისმა რადიკალურად განსხვავებული შეფასება უკვე პოეტური სიმწიფის ხანაში –„ახალბედა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი დიდი პოეტი“ [Κεχαγιόγλου 1984:11]. მოსაზრება, რომ მონტისი საუკეთესო პოეტია კვიპროსზე სრულიად არ აკნინებს სხვა, მის თანამედროვე პოეტთა ღირსებას, როგორებიცაა: კირიაკოს ხარალამპიდისი, პანდელის მიხანიკოსი, მიხალის პასიარდისი და ფივოს სტავრიდისი, ან სხვა პოეტთა (ძირითადად ჩამოთვლილია „დამოუკიდებლობის თაობის“ კვიპროსელი პოეტები), მაგრამ, „უნდა ითქვას, რომ არც ერთ ამ პოეტთაგანს არ წარმოუდგენია ისე ცოცხლად და სრულყოფილად ჩვენი კუნძულის ღირსებები, როგორც ეს მონტისმა შეძლო“ [Χριστοφίδης, 1984:104]. აცხადებს თავადაც პოეტი, ფილოლოგი ანდრეას ხრისტოფიდისი, რომელიც ერთ-ერთია, იმ დამსახურებულ მკვლევართა შორის, ვინც ზედმიწევნით იცნობდა მონტისს და დაუღალავად იკვლევდა მის პოეზიას მრავალი წლის განმავლობაში.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი კვლევის საგანი, კ. მონტისის შემოქმედება, თავად ავტორის თავდადება და აქტიური ბრძოლა, მჭიდროდ გადაჯაჭვული კვიპროსის მშფოთვარე, თანამედროვე ისტორიულ რეალობასთან, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანია. მით უფრო, რომ ჯერ ბევრი არაფერი დაწერილა ქართულ ენაზე პოეტის შესახებ, რომელსაც „პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არა აქვს ანალოგი არც ფორმისა და არც შინაარსის მხრივ“ [Αγγελάτος, 1999: 409].
1 ციტატა მოყვანილია კოსტას მონტისისა და კვიპროსის პედაგოგიური აკადემიის სტუდენტების შეხვედრის აუდიო ჩანაწერიდან, რომელიც შედგა 1988 წლის გაზაფხულზე ფილოლოგ ლევკოს ზაფირიუს მიწვევით. დაწვრილებით იხილეთ სტატია Μόντης 1999, 405-407
2 ლექსი მონტისის კრებულში დათარიღებულია 1962 წლით.
3 დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ჩინოვნიკი კვიპროსზე 1953 წელს დასახლდა, იუგოსლავიაში დაძაბული დიპლომატიური კარიერის ამოწურვის შემდეგ. დარელმა შექმნა „სამოგზაურო წიგნი პოლიტიკური მიზნებით“, რომელიც, ხოსე რუის მასის მტკიცებით, პირწმინდად „ანტიენოსის პროპაგანდაა“. ამ საკითხებთან დაკავშირებით იხ. MAS 2003, 229-243.
ლიტერატურა
Αγγελάτος Δημ. 1999 |
«Ζητήματα ποιητικής ηθικής: ερμηνευτικές προτάσεις για τον Μόντη». Περιοδ. Η λέξη,(αφιέρωμα), τευχ. 152, Ιούλιος-Αύγουστος ’99, Αθήνα. |
Durrell Law. 1957 |
„Bitter Lemons“, Faber and Faber Ltd., London. |
Κεχαγιόγλου Γ. 1984 |
« Η επιμονή της χαράς ή Τα κυπριακά του Κώστα Μόντη». 12 κείμενα για τον Κ. Μόντη, Ερμής: Επιμέλεια Κεχαγιόγλου Γιώργος - Πιερής Μιχάλης, Αθήνα. |
Κιτρομηλίδης Γ. 1997 |
Κώστας Μόντης. Προσεγγίσεις στο λογοτέχνη και το έργο του. Λευκωσία. |
MAS, J. R. 2003 |
”LAWRENCE DURRELL IN CYPRUS: A PHILHELLENE AGAINST ENOSIS”. EPOS. XIX . Centro Asociado de la UNID de la Provincia de Jaén. |
Μόντης Κ. 1964 |
Κλειστές Πόρτες. Λευκωσία, Έκδοση Εθνικού Συμβουλίου Νεολαίας Κύπρου, Λευκωσία, 1964. |
Μόντης Κ. 1987 |
ΑΠΑΝΤΑ Α’, Ποίηση, ΙΔΡΥΜΑ ΑΝΑΣΤΑΣΙΟΥ Γ. ΛΕΒΕΝΤΗ, ΛΕΥΚΩΣΙΑ. |
Μόντης Κ. 1993 |
ΑΠΑΝΤΑ Γ’, Ποίηση, ΛΕΥΚΩΣΙΑ: ΙΔΡΥΜΑ ΑΝΑΣΤΑΣΙΟΥ Γ. ΛΕΒΕΝΤΗ. |
Μόντης Κ. 1993 |
ΑΠΑΝΤΑ, Συμπλ’ηρωμα Ε’ , Ποίηση, ΛΕΥΚΩΣΙΑ: Έκδοση των Πολιτιστικών Ύπηρεσιών Υ.Π. και Πολιτισμού. |
Μόντης Κ. 2003 |
«Μικρή άνθολόγηση από την ποίησή του». ΛΕΥΚΩΣΙΑ. |
Μόντης Κ. 1999 |
«Στούς λογοτέχνες ο πόνος είναι έμπνευση». «Η Λέξη», τεύχος 152, Ιούλιος-Αύγουστος , Αθήνα. |
Παστελλάς Ανδ. 1984 |
«Μερικές όψεις του ποιητικού έργου του Κώστα Μόντη. Συμβολή στα πενηντάχρονα του». 12 Κείμενα για τον Κ. Μόντη. Επιμέλεια Γιώργος Κεχαγιόγλου-Μιχάλης Πιερής. Αθήνα: Ερμής. |
Χαραλαμπίδης Κ. 1984 |
«Κώστας Μόντης εν Κύπρω». 12 Κείμενα για τον Κ. Μόντη. Επιμέλεια Γιώργος Κεχαγιόγλου-Μιχάλης Πιερής. Αθήνα: Ερμής. |
Χριστοφίδης Ανδ. 1984 |
«Η ποίηση του Κώστα Μόντη (και επιστροφή στον τόπο)». 12 Κείμενα για τον Κ. Μόντη. Αθήνα. |