ერთი ირანიზმის შესახებ კლასიკურ ებრაულში
ირანულ-სემიტურ ენობრივი ურთიერთობის კვლევას ქართულ ორიენტალისტიკაში ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. საკმარისია, დავასახელოთ აკად. გ. წერეთლისა და აკად. კ. წერეთლის ეპიგრაფიკული შტუდიებში, აგრეთვე პროფ. თ. ჩხეიძის ნაშრომები, რომლებშიც, ამ ორ სამყაროს შორის არსებული კავშირებიდან და ჩვენი ისტორიისათვის მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქცენტი ირანულ-არამეულ ენობრივ კონტაქტებზე მოდის.
ძველ და საშუალო არამეულ ენებში გვხვდება ნასესხობანი ირანული ენებიდან, რომლებსაც ფართო სემანტიკური დიაპაზონი აქვს [ჩხეიძე, 2003: 61-62].
რიგი ირანიზმებისა არამეულიდან, რომლებიც ძვ. წ. აღ. VI საუკუნიდან სულ უფრო ინტენსიურ გავლენას ახდენს ებრაულზე, შემოდის პოსტბიბლიურ, უფრო ზუსტად კი რაბინულ ებრაულში. მაგალითად, qušpaqā „სამეფო ბეჭედი“ (ძვ. სპარსული anguštapăna).
ირანულის უძველესი კვალი ჩანს უკვე ბიბლიაში. ბაბილონის ტყვეობის შემდგომი პერიოდის ბიბლიურ თხზულებებში ვპოულობთ არა მხოლოდ სპარსულ საკუთარ სახელებს (მათი სიმრავლით განსაკუთრებით გამოირჩევა „ესთერის წიგნი“), არამედ მოხელეთა ტიტულებსა და ზოგიერთ სხვა სიტყვას, (ganez „განძი“, gizbar „ხაზინადარი“, dark’mōn „დარიკი“, სპარსული ოქროს მონეტა). ქრონოლოგიურად ამავე პერიოდში, ე.ი. აქამენიდების ეპოქაში უსესხებია კლასიკურ ებრაულს ჩვენთვის საინტერესო სიტყვა pardēs „პარკი, ბაღი“. ის მიეკუთვება იმ მცირერიცხოვან ინდურ, ეგვიპტურსა და სპარსულ რეალიებს, რომლებიც ბიბლიაში ორიგინალური უცხოენოვანი სახელწოდებებით აღინიშნება [Гезениус, 1874:7]. ებრაული pardēs (შდრ. ბერძნ. Pairidaeza-დან, სომხ. pardez, სირ. pardīsā = „ბაღი, პარკი“) მომდინარეობს ავესტური pairidaeza-დან, „შემოსაზღვრული ადგილი, შემოღობილი ადგილი“, რომელიც ორჯერ გვხვდება ზენდ-ავესტაში და შედგება ორი კომპონენტისაგან: წინდებული pairi „გარშემო, ირგვლივ“ და daêza (<მასდარი daez) „კედლის აღმართვა, კედლის შემოვლენა“ (ნიშნავს აგრეთვე „შეგროვება, შეკრება, დახვავება“ (Borhān-e Qateՙ, გვ. 1455). შდრ.: გამყრელიძე-ივანოვთან ავესტ. daēzayeiti «строит вокруг стену» [Гамкрелидзе-Иванов, I, 1984:94]. პირველ ელემენტს pari/pairi, pairī ენათესავება ძვ. ინდური pari, ძვ. ბერძნ. peri (Соколов,. 203).
მეორე ელემენტს (daeza) აგრეთვე ეძებნება პარალელები უძველეს ინდოევროპულ დიალექტებში: ძვ. ინდ. dehī „კედელი“, ძვ. სპ. didā „ციხესიმაგრე“, ჰომ. ბერძნ. teichos „კედელი“ [Гамкрелидзе-Иванов, II, 1984: 707].
აქვე შევნიშნავთ, რომ ავესტ. pairidaēza-ს და მისი რეფლექსების – ძვ. სპ. paridaidā მიდ. paridaiza (ბენვენისტის შეხედულებით, ის სწორედ მიდიური წარმომავლობისაა (Borhānw Qāte, 1456). ანალოგიური სემანტიკური არქეტიპი ვლინდება ისტორიულ ინდოევროპულ დიალექტებში დაფიქსირებულ „ბაღის“ და უფრო ფართოდ „დაცული ადგილის“ აღმნიშვნელ სიტყვებში, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებთ: ალბ. „gardh“ „შემოღობილი ადგილი“, ლიტ. gar̄das „ღობე“, „შემოსაზღვრული ადგილი“, გოთ. gards „სახლი“, ძვ. ინგლ. geard „ღობე“, „ბაღი“ (ინგ. yard, ძვ. ზ. გერმ. garto „ბაღი“ (გერ. Gorten) [Гамкрелидзе-Иванов, II, 1984: 744].
ცნობილია, რომ სპარსეთის იმპერიაში, რომლის პროვინციასაც წარმოადგენდა იუდეა აქამემნიდების დინასტიის მმართველობის მთელი პერიოდის მანძილზე, ბაღების გაშენების კულტურამ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. საგანგებოდ გაშენებული, სიმეტრიულად გაწყობილი ბაღები დეკორატიული აუზებითა და პავილიონებით მეფის სასახლის სავალდებულო ატრიბუტი იყო.
ბერძნ. Parádeisos, რომელიც პირველად ქსენოფონტთან (დაახლ. ძვ. წ. 430-355 წწ.) ფიქსირდება და, სავარაუდოდ, მის მიერაა შემოტანილი სპარსულიდან, თავდაპირველად „სანადირო პარკის“ მნიშვნელობით იხმარებოდა. სწორედ ამ სიტყვას იყენებს ბერძენი ავტორი მეფე კიროსისა და მისი ამალისათვის განკუთვნილი სანადირო პარკის აღწერისას [ ელიზბარაშვილი, 2009:247].
გარდა პრაქტიკული ასპექტებისა და ესთეტიკური თუ ხორციელი სიამოვნებისა, რომლებიც ბაღთან ასოცირდება, სამეფო ბაღები წარმოადგენდა აგრეთვე პოლიტიკური, ფილოსოფიური და რელიგიური სიმბოლიზმის გამოხატულებას. მეფე, რომელიც ქმნის მდიდარ ბაღს უნაყოფო მიწისაგან, შემოაქვს სიმეტრია და წესრიგი ქაოსსა და არეულობაში და აშენებს ღვთაებრივ სამოთხეს მიწაზე, გვევლინება ავტორიტეტის, ნაყოფიერებისა და ლეგიტიმურობის სიმბოლურ განსახიერებად.
აქამემნიდების ეპოქიდან მოკიდებული მიწიერი სამოთხის იდეა ვრცელდება სხვა კულტურული ტრადიციების მქონე ხალხების ენებსა და ლიტერატურაში. ირანული წარმომავლობის სიტყვამ parádeisos ქრისტიანობაში ედემის, სამოთხის ბაღის აღნიშვნის ფუნქცია შეიძინა, თუმცა იმავდროულად აღმნიშვნელია ბიზანტიური ბაღისა, რომელიც მიწიერი სამოთხის ალეგორიად აღიქმება [ელიზბარაშვილი, 2009:248]. ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისურ ლექსიკონში განმარტებულია როგორც მაღალი, უცოდველ ადამიანთა სამკვიდრებელი ზეცაში, სასუფეველი ‘paradise’.
ბერძნ. paradeisos-ის მსგავსად, რომელიც რეგულარულად იხმარება სეპტუაგინტაშიც, ლათ. paradīsus ორივე მნიშვნელობას გვიჩვენებს: 1) დიდი ბაღი, პარკი (ავგუსტინესთან); 2) სამოთხის ბაღი, სამოთხე, ედემი (ვულგატაში) [Дворецкий, 552]. ლათინურიდან ის შევიდა ევროპულ ენებში, კერძოდ, ინგ. paradise, ფრანგ. paardis, გერმ. paradies და სხვა. ინგლისური paradise აღნიშნავს აგრეთვე „დეკორატიულ ბაღს“, სლენგში კი – „ქანდარას“ (თეატრში). ეს უკანასკნელი მნიშვნელობა ფრანგულშიც დასტურდება (შდრ. რუს. раёк).
ბაღის, როგორც ამქვეყნიური სამოთხის ალეგორია და მებაღე მისი სემიტიკური ფუნქციით ქრისტიანობიდან მუსლიმურ სამყაროშიც იკიდებს ფეხს. მებაღის სიმბოლური სახე კი შუა საუკუნეების ირანის კულტურაში და ესქატოლოგიურ წარმოადგენებში ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს (Шукуров, 225-226). ორჯერ ფიქსირდება სპარსულიდან მომდინარე firdaws „ბაღი, წალკოტი.“ გ. წერეთლის აზრით, არაბ. Firdaws, მრ. fārādīs („სამოთხე“) შეიძლება ბერძნულიდანაც მომდინარეობდეს (გ. წერეთლი, გვ. 182). გირგასის ლექსიკონში „სამოთხის“ მნიშვნელობით მხოლოდ არტიკლიანი ფორმაა ნაჩვენები (შდრ. არაბ. ğanna და ’al-ganna (’al-firdaws, (Гиргас, 609).
სპარსულში გვხვდება არაბიზირებული ფორმა ferdoûs („სამოთხე“, „ვენახი, ბაღი“), რომლიდანაც არის მიღებული „შაჰ-ნამეს“ სახელოვანი ავტორის ლიტერატურული ფსევდონიმი ferdousī (ნისბის მაწარმოებელი ī სუფიქსით) „სამოთხელი“, სამოთხისა“ (Vullers, 654; კობიძე, 142).
pardēs ბიბლიის ებრაულში მოკლებულია სიმბოლურ დატვირთვას და სრულად იმეორებს მისი ირანული პროტოტიპის („ბაღი“, სიტყვას. „შემოსაზღვრული ადგილი“) მნიშვნელობას. ძველ აღთქმაში საანლიზო სიტყვა სამჯერ არის ფიქსირებული (ქებ. 4,13; ეკლ. 2,5; ნეემ. 2,8) და სამივე შემთხვევაში უბრალოდ პარკის, ბაღის აღმნიშვნელია. საილუსტრაციოდ მოვიტანთ მხოლოდ ერთ მუხლს (ეკლ. 2,5) სადაც pardēsīm (მრ.) გამოყენებულია „ბაღის“ მნიშვნლობის მქონე საკუთრივ ებრაულ სიტყვასთნ (gan, მრ. gannōt) ერთად და მის სინონიმად გვევლინება: עָשִׂיתִי לִי גַּנּוֹת וּפַרְדֵּסִים וְנָטַעְתִּי בָהֶם עֵץ כָּל פֶּרִי შდრ.: „გავაშენე ჩემთვის ბაღები და წალკოტები, დავრგე ხეხილი ყოველგვარი“ (თარგმანი მოგვყავს საპატრიარქოს გამოცემის მიხედვით). შდრ.: თარგმანი „მცხეთური ხელნაწერის“ მიხედვით: „ვიქმენ მე მტილები და სამოთხეები და დავნერგე ხენი მას შინა, ყოველნი ნაყოფიერნი“.
ჩვეულებრივ, „ბაღის“ მნიშვნელობით ებრაულ ბიბლიაში იხმარება საერთო სემიტური სიტყვა gan და მისი ვარიანტული ფორმა gannā (შდრ. არამ. gīnna, ginnℓtā უგ. gn, არაბ. ğanna, აქად. ganna, ეთიოპ. ganat), რომელიც ზემოთ მოტანილ ციტატაშიც იყო გამოყენებული ( რიცხ. 24,6, იობ. 8.16), I მეფ. 21,2 და სხვ.) აქვე შევნიშნავთ, რომ პოსტბიბლიურ ებრაულს სპარსულიდან ნასესხები აქვს კიდევ ერთი სიტყვა „ბაღის“ მნიშვნელობით: bustān, რომელიც, სავარაუდოდ, არამეულიდან უნდა იყოს გადმოღებული (შდრ. არამ. būstānā). არმეულის გზით ჩანს შემოსული ბიბლიურ ებრაულში (უწინარესად კი „ესთერის წიგნში“) დაფიქსირებული ირანიზმები (Greenfield, 257).
ედემის ბაღის ე.ი. მიწიერი სამოთხის, სადაც „აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ედემში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა“ აღმნიშვნელადაც ებრაულში (დაბ. 2,9) გამოყენებული ზემოხსენებული gan: gan (ēden „ედემის ბაღი“ (სიტყვასიტყვით ბაღი ნეტარებისა). სამოთხის ბაღი ძველ აღთქმაში მოიხსენიება აგრეთვე შემდეგი სახელწოდებებით: gan )elōhīm (უფლის ბაღი).
ბენ სირა (ქართული ტრადიციით ზირაქი) უწოდებს მას gan (ēden b∂ rāxā („კურთხეის „ედემი“ ან „კურთხეული ედემი“) [Lecixon Biblicum II, 1965:688].
gan (ēden გვხვდება აგრეთვე „სულთა სასუფევლის, ზეციური სამოთხის“ გაგებით ახალი აღთქმის ებრაულ თარგმანში. საინტერესოა, რომ ფ. დელიჩისეულ თარგმანში სპირიტუალური სამოთხის მნიშვნელობით დასტურდება pardēs, რაც ბერძნული დედნის გავლენით ჩანს განპირობებული: ’ašer ho(ālā ’el-happardēs wayyišma( dℓvārīm nistārīm )a šer nimna‘ mē’īš lemalelēm (II კორ. 12,4). ახალ თარგმანში კი (ისრაელში გამოიცა 1976 წელს), pardês, რომელიც თანამედროვე ებრაელისათვის „ხეხილის“, უმთავრესად კი „ციტრუსოვანთა (ფორთოხალი, ლიმონი, გრეიპფუტი) ბაღის“ მნიშვნელობის მატარებელია, შეცვლილია მკითხველისათვის უფრო გასაგები ეკვივალენტით (gan (ēden). pardes დღეს აღიქმება ებრაული ენის ლექსიკის ორგანულ ელემენტად და მისგან ნაწარმებია დერივატები: pardesan „ციტრუსის პლანტაციის პატრონი, მეციტრუსე“ და pardesanut „მეციტრუსეობა“. მრავლობით pardes ორგვარად აწარმოებს pardesī და pardisōt (მიშნაში). ცნობილია აგრეთვე ქალაქი pardes hana.
ბიბლიის ებრაულში, როგორც უკვე აღინიშნა, ირნული წარმომავლობის pardës არ ატარებს სიმბოლურ დატვირთვას, მაგრამ პოსტბიბლიურ ხანაში ელინისტური რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებების გავლენით, რომლებსაც ისე, როგორც მაზდეანობას სერიოზული გავლენა მოუხდენია იუდაიზმის იდეურ შინაარსსა და განსაკუთრებით ესქატოლოგიურ წარმოდგენებზე მომავალი ცხოვრების შესახებ [Токарев, 1976: 371-3], სიტყვა pardēs გადატანით (მეტაფორულ) მნიშვნეlობას იძენს და აღნიშნავს ეზოთერულ (მისტიკურ) ფილოსოფიას (Klein, 523). ამავე პერიოდს მიეკუთვნება აბრევიატურა prds (იკითხება pardes), რომელიც აერთიანებს ბიბლიის წიგნების ინტერპრეტაციის ოთხი სხვადასხვა მეთოდის ინიციალურ ასო-თანხმოვნებს: pℓšāt (= პირდაპირი გაგება), ramez (=სიმბოლური), dℓrūš (ჰომილეტიკური), sōd (=ეზოთერული) (Klein, 523; Even-Šošan, 1329-30). რაბინულ ებრაულში pardēs რელიგიათმცოდნეობის ან თეოლოგიური მეცნიერების ცენტრის ალეგორიად გვევლინება (თოსეფაში) ( Even-Šošan 1329-30). ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ბიზანტიური სამონასტრო ბაღები, რომლებიც იწოდებოდა Paradeisos, ხშირად მეტაფორულად გაიგივებული იყო სამოთხის ბაღთან და ცნობილია სამონასტრო წიგნებიც სათაურით Paradisus, რაც Limonarium-ის იდენტური ჩანს. ლიმონარი („სამოთხე“) ეწოდება იოანე მოსხის თხზულებასაც (Sophocles, 841). ნიშანდობლივია, რომ მე-19 საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში (1892-1896 წწ.) ოდესაში გამოდიოდა ლიტერატურული კრებულები სახელწოდებით Pardes, რომლებიც სიონისტური სულისკვეთებით გამსჭვალული მხატვრული და პუბლიცისტური ნაწარმოებები იბეჭდებოდა [Еврейская Энциклопедия, т. II].
ირანული წარმომავლობის ეს სიტყვა თითქმის ყველა სემიტურ ენაშია შესული. აქად. pardesu, სირ. pardīsā, არაბ. firdaws, არამ. pardℓsa (ეს უკანასკნელი ებრაულიდან უნდა იყოს შეთვისებული – (Klein, 523, შდრ. Sokoloff, 73).
სპარსულში ავესტ. paridaiza (ძვ. სპ. paridayda) დაცულია pālīz (palez) ფორმით, რომელიც ახალი სპარსულის კუთვნილებაა და „ბოსტნეულის ბაღის“, „ბოსტანს“ ნიშნავს, თუმცა დღეს უფრო ხშირად „შემოუღობავ ნაკვეთს“ აღნიშნავს (Eilers, 392, Barthlomae, 865) (შდრ. მისი თავდაპირველი მნიშვნელობა „შემოსაზღვრული ადგილი“).
არცთუ იშვიათად სიტყვის წარმომავლობის დადგნა ძნელდება მაგ. საშ. სპ. gund “არმია, ჯარი“ (შდრ. სომხ. gund, ქართ. გუნდ-ი) შეიძლება უკავშირდებოდეს მანდ. gunda-ს „ჯარი“ (შდრ. სირ. qudda, gdd) ე.ი. სემიტური სიტყვა ისესხა საშუალო სპარსულმა და იქიდან იგი შევიდა სომხურსა და ქართულში. Th. Nöldeke და S. Shaked-ი მის სემიტურ წარმომავლობას უჭერენ მხარს, S. Shaked-ი კი მას ირანულად მიიჩნვს და სემიტურ ფორმას ხსნის, როგორც საშუალო სპარსულიდან ნასესხებს (ჩხეიძე, 62).
ფრანგი სემიტოლოგი (M. Masson-ი თვლის, რომ როდესაც მსჯელობენ სემიტურსა და ირანულს შორის სადავო ეტიმოლოგიის მქონე ისეთი სიტყვების წარმომავლობაზე, რომლებიც ბერძნულშია შეთვისებული, ცნობილ ელინისტებს (Frisk, Chantrain და სხვ.) არა მხოლოდ მინიმუმამდე დაყავთ სემიტურის გავლენა, არამედ სისტემატიურად გამოარჩევენ არასემიტურ, კერძოდ კი ირანულ ეტიმონებს [Masson, 1989-1992: 127].
ბერძნულში დამკვიდრებული paradeisos’-ის ირანული პირველწყარო (ავესტუსში ფიქსირებული pairi-daeza) ეჭვს არ იწვევს. ამავე დროს ცნობილია გვიანბიბლიური ებრ. pardes, იუდ.-არამ. pardes და აქად. paradisu. საკამათო შეიძლება იყოს მხოლოდ ამ ირანიზმის ბერძნულში სესხების გზა. არ არის გამორიცხული, რომ იგი შესულიყო ბერძნულში არა უშუალოდ ირანულიდან, არამედ სემიტურის გზით. თუმცა სრულიად სარწმუნოა საანალიზო სიტყვის თავდაპირველი ირანული წარმომავლობა. M. Masson’-იs შეხედულებით pardes და pardisu მთლიანად იზოლირებული სემიტურში, მაშინ როცა ავესტ. pairidaeza შედგება ირანული ელემენტებისაგან pairi + daeza, რომლებიც ენათესავება, შესაბამისად, ბერძნ. peri და teikhos [Masson, 1989-1992:141].
იმ არგუმენტების სიმყარეს, რომ pardes და perdisu სრულიად იზოლირებულია სემიტურში, ერთგვარად ასუსტებს ებრაულსა და მის მონათესავე ენებში prd („გამოყოფა, განცალკევება“) და prs („მოჭრა, მოტეხვა“) ძირების არსებობა.
საგულისხმოა, რომ ებრაული და არამეული ენების ლათინურ ენაზე შედგენილ ქართულ ლექსიკონში, რომლის ავტორია John. Simonis’ სიტყვის pardes ირანული წარმომავლობის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია ვარაუდი მისი ზემოხსენებულ სინონიმურ ძირებთან კავშირის შესახებ. უფრო ზუსტად, ებრული სიტყვა ინტერპრეტირდება, როგორც prd და prs ძირების კომბინაცია (კონტმინაცია) (Simonis, II, 1316).
უკანასკნელ ათწლეულში საგანგებო ყურადღება ეთმობა ებრაელთა ისტორიის სპარსულ პერიოდს და იმ კულტურულ და თეოლოგიურ ინოვაციებს, რომლებიც მას უკავშირდება. ამ ინტერესზე მეტყველებს თუნდაც ბრილის გამომცემლობაში გამოსული სოლიდური კრებული სათაურით Aproaching Jehund (New Approaches to the tudy of the Persian Period.
ჩვენი სტატია ერთგვარად ეხმიანება ამ პრობლემატიკას და მცირე შტრიხს წარმოადგენს იმის საილუსტრაციოდ, თუ რა გავლენა მოუხდენია მოცემულ პერიოდს ბიბლიურ ენასა და ლიტერატურაზე.
ლიტერატურა
ჩხეიძე ი. 2003 |
ირანულ-სემიტური ურთიერთობისათვის. საიუბილეო კრებული მიძღვნილი კ. წერეთლის 80 წლისთავისადმი, თბილისი. |
ელიზბარაშვილი ე. 2009 |
ბიზანტიური ბაღი – როგორც მიწიერი სამოთხის ალეგორია, კრებ. „ბიზანტილოგია საქართველოში - 2“, ტ. I, თბილისი. |
Токарев С. 1976 |
Релгия в истории народов мира, М. |
Шукуров Ш. 1989 |
Искусство средневекового Ирака, М. |
Гамкрелидзе Т. . Иванов В. 1984 |
Индоевропейский язык и индоевропейцы, I и II ч. Tб. |
Masson M. 1989-92 |
Mirage Etymologiques du senitique ou de l’iranian an Grec La Linguistique, , vol. 25. |
Masson M. 1979 |
Основы иранского языкознания, Древнеиранский язмык, М. |
Гезениус В. 1874 |
Eвропейская грамматика (перевод К. Коссовича), СПб. |
Encyclopedia Iranica 1989 |
vol. II-III, London, New-York. |
Lexicon Biblicum 1965 |
Tel-Aviv |
Klein E. 1987 |
A comprehensive Etymological Dictionary of the Hebrew language, Jerusalem – Tel-Aviv,. |