ზოგიერთი ოსმალური წყარო ივერონის მონასტრის მელნიქში ერთი მეტოქის შესახებ

980-983 წლებში ქართველ მოღვაწეთა მიერ ათონის მთაზე დაარსებული ივერონის მონასტრის ისტორია ქართულ-ბიზანტიური და მოგვიანებით, ოსმალეთის იმპერიასთან საქართველოს ურთიერთობის, მონასტერში ქართველთა მოღვაწეობის ამსახველი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  წყაროა.

ჩემ მიერ ანატოლიის ცივილიზაციის კვლევით ცენტრში განხორციელებული საკვლევი პროექტი მიზნად ივერონის ისტორიის სწორედ ამ ასპექტის კვლევას ისახავდა. ჩემს მიზანს სწორედ  სტამბოლის არქივებში წყაროების მოძიება, დამუშავება, თარგმნა და ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შემდგომი სამეცნიერო შესწავლისათვის გარკვეული საფუძვლის მომზადება წარმოადგენდა. 

ამ სტატიის სახით სამეცნიერო საზოგადოებას პირველად ეძლევა საშუალება მოტანილი წყაროებით და მათი თარგმანების საშუალებით თავადაც დაიწყოს დამოუკიდებელი კვლევა. 

სტამბოლის პრემიერ მინისტრის არქივში ჩემ მიერ მოკვლეული საბუთები 1850-1911 წლებით თარიღდება. ეს არის შვიდი საქაღალდე და 30 დოკუმენტი, აქედან 4 ბერძნულ ენაზეა დაწერილი.

აქ წარმოდგენილი დოკუმენტები, ძირითადად, აღწერს ივერონის მონასტრის არასახარბიელო მდგომარეობას, წყაროებში მოცემულია მისი ვალები ამა თუ იმ კერძო პირის მიმართ, მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა, ბულგარელებთან კონფლიქტი და თავდასხმა მონასტერზე.

1. ათონზე, ივირონის მონასტრის საკუთრებაში მყოფი მელნიქის ბულგარელებისთვის გადასაცემი სადისკუსიო მიწის ნაკვეთის შესახებ დოკუმენტი; (BEO 3875- BÂB-Î ÂLI EVRAK ODASI – დიდვეზირისა და დივანის საკანცელარიო პალატა) 1911 წ.

2. სალონიკში, გილიმრიეს ოლქში საკამათო მიწის ნაკვეთზე დოკუმენტი (C.ML CEVDET MALİYE – ფინანსები)

3. სალონიკში, სიდრე კაპის ოლქში, ჰილანდარის მონასტრის ბერების სათევზაო ადგილზე ივირონის მონასტრის ბერების მიერ თავდასხმის აღკვეთის შესახებ. (HR.MKT- HARİCİYE NEZARETİ MEKTUBİ KALEMİ EVRAKI – საგარეო საქმეთა სამმრთველოს მიმოწერის განყოფილების საბუთები) 1850 w.

4. ივერის მონასტერზე თავდასხმის, მღვდლების ცემის და ძარცვის ფაქტის შესახებ (TFR. 1. M – RUMELİ MÜFETTİŞLİĞİ MÜTEFERRİK EVRAKI – რუმელიის სამეთვალყურეო - რუმელიის სამეთვალყურეო განყოფილების სხვადასხვა ხარჯის შესახებ საბუთები) 1906 წ.

5. დამდგენი კომისიის კვლევის შედეგი კასანდრას შემადგენლობაში უპატრონოდ დარჩენილი ქონების – ალადიავეს ნაკვეთის – ივირონის მონასტრის კუთვნილებაში არარსებობის შესახებ (TFR. 1. M – RUMELİ MÜFETTİŞLİĞİ MÜTEFERRİK EVRAKI რუმელიის სამეთვალყურეო – რუმელიის სამეთვალყურეო განყოფილების სხვადასხვა ხარჯის შესახებ საბუთები) 1902 წ.

6. ათონზე მდებარე ივიროს მონასტრიდან ვალის ამოღებასთან დაკავშირებული ვანგელის თხოვნის შესახებ დოკუმენტი (TFR.1. ŞKT – RUMELİ MÜFETTİŞLİĞİ ARZUHALLER – რუმელიის სამეთვალყურეო განყოფილების განცხადებები) 1908 წ.

7. ვანგელის განცხადება ივიროს მონასტრიდან ვალის ასაღებად სასამართლო საქმის სწრაფად წარმართვის შესახებ თხოვნა (TFR.1. ŞKT – RUMELİ MÜFETTİŞLİĞİ ARZUHALLER – რუმელიის სამეთვალყურეო განყოფილების განცხადებები) 1908 წ.

 

არსებული წყაროების უმეტესი ნაწილი ფრაგმენტული სახისაა და ათონის მთაზე მომხდარ მოვლენებს ეპიზოდურად გადმოსცემს. მათ დასადეგნად აუცილებელია მოხსენიებული ადგილების, მოვლენების, პირების შესახებ წყაროების მოპოვება. სამწუხაროდ, თურქეთის არქივების სისტემა არ არის გამართული და აწყობილი, წყაროები არ არის დალაგებული, კატალოგი არ არის სრულყოფილი. მოცემულ საკითხზე მუშაობას ისიც ართულებს, რომ კვლევა ეხება მონასტერსა და ქრისტიანებს, რაც განსაკუთრებული მიდგომის საკითხს წარმოადგენს თურქეთში. 

ამჯერად სამეცნიერო საზოგადოებას ჩემ მიერ მოძიებული წყაროებიდან მინდა, ჩამონათვალიდან პირველ საკითხად მოყვანილი, სადავო მეტოქის შესახებ წყაროები გავაცნო. ესაა მელნიქში არსებული როჟენის მონასტრის შესახებ (13-ე საუკუნე ჰიჯრით) 5 წყარო.

 

სამწუხაროდ, ცნობები ფრაგმენტულია და მოცემული საკითხის შესახებ საბოლოო სურათს არ იძლევა. ჩემ მიერ ქრონოლოგიურად დალაგებული წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ როჟენის მონასტრის ბულგარელი ბერები ბერძნებისგან ითხოვენ მათი კუთვნილი ეკლესიის გადაცემას. წყაროებიდან ჩანს, რომ ოსმალები ემხრობიან ბულგარელებს. მაგალითად, სალონიკის გუბერნატორი აღნიშნავს, რომ ამ რაიონში ბერძნებს აქვთ 78-80 ეკლესია, მაშინ, როდესაც ბულგარული ეკლესია არის ამ ხალხისთვის ერთადერთი საეკლესიო წესების აღსრულების ადგილი. ხაზი გასმულია იმაზე, რომ ბერძნები ცდილობენ ამ საკითხისათვის პოლიტიკური ელფერის მინიჭებას, რაც, სალონიკის გუბერნატორის აზრით, ძალიან დაძაბავს  მდგომარეობას  და შედეგად, არეულობის კერადაც შეიძლება გადაიქცეს. გუბერნატორ იბრაჰიმის ტელეგრამიდან ირკვევა, რომ ბერძნები კანონის საწინააღმდეგოდ არ უთმობენ ბულგარელებს ეკლესიის კუთვნილ სენაკებს და სხვა შენობებს. ერთ-ერთი წყაროდან ირკვევა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ საჭიროდ ცნო, გადაეცა ბულგარელებისთვის სადავო ეკლესია, ივირონის ბერები ამას არ დაემორჩილნენ, ეკლესიის კარებს დაადეს კლიტე და გასაღები მისცეს ე.წ. უცხოელ მღვდელს, რომელიც, როგორც წყაროშია მითითებული, არც ბერძენია, არც ბულგარელი. სამწუხაროდ, წყაროში არ არის დაკონკრეტებული ამ „უცხოელი მღვდლის“ ეროვნება. უნდა აღინიშნოს, რომ არქივში ჩემ მიერ დაძებნილ არც ერთ წყაროში არ არ მოხსენიებული ქართველი. უნდა აღინიშნოს, რომ როჟენის მაგივრად ყველგან ხან როზინა, ხან როზნია, ხან როზენი წერია. იგივე ვითარებაა თავად ივერონთან დაკავშირებით. წყაროებში ივირონის მონასტერი არის ნახსენები ხუთნაირად: ივირუნ, ივერირონ, ივერ, ივირონ და ივირო. ოსმალურ წყაროებზე მომუშავე ყველა მეცნიერმა იცის, რა სირთულეს წარმოადგენს მკვლევრისთვის უცხოური ტოპონიმიკის სწორად ამოკითხვა. ოსმალურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც არაბული ენის მსგავსად ხმოვნები არ იწერება, ასევე ზოგიერთი ასო ხან 2, ზოგ შემთხვევაში კი, 5 ასოს შეესაბამება ლათინური ანბანიდან, უცხოური კონკრეტული სახელები და სახელწოდებები ყოველთვის რამდენიმე ვარიანტისგან შედგება. სტამბოლის პრემიერ მინისტრის არქივში ამ მეტოქთან დაკავშირებული სხვა რამ ცნობა არ არის აღწერილი და დაძებნილი სპეციალისტების მიერ, ის კატალოგში არ მოიძებნა. 

წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ, როგორც ჩანს, სასამართლომ დაუტოვა ბერძნებს ეკლესიის მიმდებარე მიწები, ეკლესიის კუთვნილი სენაკები, რომლებიც ეკლესიის კუთვნილებაა და ბულგარელები მათ გადაცემასაც მოითხოვენ. იკვეთება ბულგარელების მიმართ ოსმალების აშკარა მხარდაჭერა, გუბერნატორი იბრაჰიმი ახსენებს, რომ მოცემული ეკლესიის შორიახლოს არც ერთი ბერძენი არ არის, რაც ნაკლებ სავარაუდოა _ აკი, თავად მოჰყავს ბერძნული ეკლესიების რაოდენობა მაგალითად. 

საბოლოო გადაწყვეტილება ამ წყაროების მიხედვით არ იკვეთება. ქრონოლოგიურად ჩემ მიერ დალაგებული პირველი წყარო სტამბოლიდან, საპატრიარქოს  ცნობაა, რომელიც მენლიქის მიტროპოლიტ ემილიანოსის ტელეგრამას ეყრდნობა. იგი 1911 წლის 25 მარტითაა დათარიღებული და გვამცნობს როჟენის ეკლესიის ბულგარელებისადმი გადაცემას. როგორც ჩანს, ოსმალებმა ბერძნებისგან მალულად მიიღეს გადაწყვეტილება, გადაეცათ როჟინას ეკლესია ბულგარელებისათვის, რასაც მიტროპოლიტ ემელიანოსის ტელეგრამაში დაწერილი სიტყვები – „ეკლესიის კანონის საწინააღმედგოდ“ – გვაფირებინებს. როგორც ჩანს, ამას შემდეგ ბერძნების რეაქცია მოჰყვა, რასაც უკვე ოსმალების მიერ  მოკვლეული და დიდვეზირთან გადაგზავნილი ცნობებიდან ქვემოთ მოცემული წყაროებიდან ვხვდებით.

 

წყარო 1:

ქართული თარგმანი: ბერძნული საპატრიარქო

სტამბოლი

დემირ ჰისარიდან მენლიქის მიტროპოლიტ ემილიანოსის 1911 წლის 25 მარტს საპარტიარქოში გამოგზავნილი ტელეგრამის ასლი:

გაზეთ რუმელიის ცნობით, ივირონის მონასტრის კუთვნილი მენლიქის როჟენის ეკლესია, რომელიც არასოდეს იყო საკამათო საკითხი, გადაეცა ბულგარელებს.

იმავე მიტროპოლიტის მიერ იმავე დღეს გაგზავნილი სხვა ტელეგრამის ასლი:

ეკლესიის კანონის საწინააღმდეგოდ, სალონიკის გუბერნატორის ბრძანებით, როჟენის მონასტრის ეკლესია გადაეცა ბულგარელებს.

 

1911 წლის 27 მარტით დათარიღებული სალონიკის გუბერნატორ იბრაჰიმის იუსტიციის სამინისტროში გაგზავნილი ტელეგრამის მიხედვით, გუბერნატორი აცნობებს სამინისტროს, რომ საჭიროა როჟენის ეკლესია გადაეცეს ბულგარელებს, რადგან ეს ნაკვეთი წლებია, უთანხმოების გამომწვევ საკითხს წარმოადგენს. „გარდა ამისა, – წერს ის, – ამ ეკლესიის ირგვლივ არ არის არც ერთი ბერძენი, ხოლო ბულგარელებს ამის გარდა სხვა ეკლესია არ გააჩნიათ. რის საპირწონედაც, როგორც ადრე, ტელეგრამის მეშვეობით, მოგახსენეთ, ბერძნებს მფლობელობაში 78-80 ეკლესია და რამდენიმე დიდი მონასტერი გააჩნიათ. რის გამოც, მხოლოდ ეკლესია კი არა, ეკლესიის კუთვნილი ოთახები და მიშენებებიც უნდა გადაეცეს ბულგარელებს, რადგან ბერძნები  არ აძლევენ ბულგარელებს ამ ქონებით სარგებლობის უფლებას. ვიდრე ზემოხსენებული ქონება ბერძნების ხელშია, სადავო საკითხი ყოველთვის წარმოშობს პრობლემებს. შედეგად მონასტრის ეს საკითხი გასკდება, რისი დაშვებაც არ შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ საპატრიარქოს გული მოვიგოთ. ამ პერიოდში (ჩვენ მიერ) მიღებული ცნობების მიხედვით ბერძნებს ზემოხსენებულ ადგილას უცხოელი მღვდელი დაუყენებიათ და ცდილობენ, ამ საკითხს პოლიტიკურ ელფერი შესძინონ. ველოდებით თქვენგან პასუხს, რათა ეს საკითხი მოვაგვაროთ“.

 

მე-3 წყარო არის იუსტიციისა და რელიგიების სამინისტროში გაგზავნილი ცნობა, რომელშიც ბულგარელებისადმი უკვე გადაცემული მონასტრის საკითხის შესახებ ბერძნების რეაქციაზე პასუხია მიღებული. ჩანს, რომ ოსმალები, ცდილობენ, გაერკვნენ საკითხში, თუმცა, ამ ცნობის მიხედვით, ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას დროებით უცვლელად ტოვებენ. აღსანიშნავია, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისი უკიდურესად რთულ პერიოდს წარმოადგენს ოსმალეთის იმპერიისთვის, როგორც საშინაო, ისე – საგარეო ფლანგზე. ამ მძიმე პერიოდში ეროვნებებს შორის შუღლის გამოწვევა მით უფრო რელიგიურ საკითხში ოსმალეთისთვის ძალიან რთულად მოსაგვარებელ საკითხად შეიძლება გადაქცეულიყო.

 

წყარო 3.

 

მოკლე შინაარსი ქართულად: იუსტიციის და რელიგიების სამინისტროს. ათონის მთაზე ივერონის მონასტრის მფლობელობაში მელნიქში არსებული როჟენის ეკლესიის მეტოქი სადავო საგანს წარმოადგენს. ბერძნულმა საპატრიარქომ განაცხადა, რომ დღის წესრიგში დადგა ამ მეტოქის ბულგარელებისთვის გადაცემა და ამასთან დაკავშირებით სალონიკის ვილაეთში ჩატარებული შეხვედრებისა და გასაუბრებების შედეგად დადგინდა, რომ 1327 წლის  15 მარტს (28 მარტი 1911 წ.) დიდვეზირის მიერ მოკვლეული ცნობების (ნომერი 29) მიხედვით ათონის მონასტრის მფლობელობაში მყოფი ეს მონასტერი და მეტოქი მიჩნეულია არასამლოცველო ადგილად და ეკლესიის კანონისა და სახალხო მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით როჟენის საკითხი გამოკვლეულია და მიჩნეულია, რომ დაექვემდებაროს დროებით გადაწყვეტილებას.

თავად ამ N 29-ე  ცნობას,  როგორც წინა წყაროში იყო ნახსენები, დიდვეზირი გაეცნო. მასში მოკლედ არის საკამათო საკითხი განხილული და ბოლოს ოსმალეთის სახელმწიფოს ამ საკითხისადმი ინტერესებია მოცემული, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.

წყარო 4.

მოკლე შინაარსი ქართულად: სალონიკის ვილაეთში მიღებული იქნა ტელეგრამა იმის  შესახებ, რომ მელნიქში ბერძნების კუთვნილებაში არის 78-80 ეკლესია, ხოლო ზემოხსენებული როჟენის ეკლესია არის ბულგარელების ერთადერთი სალოცავი და დიდი ხანია, სადავო საგანს წარმოადგენს. სასამართლოს ადრე მიღებული გადაწყვეტილებით სადავო საკითხი ბულგარელების სასარგებლოდ გადაწყდა, ეკლესია მათ გადაეცათ, თუმცა ეკლესიის მფლობელობაში არსებული ოთახები (სენაკები) და მიშენებები ბერძნებს დარჩათ. ამ ვითარებაში საკითხი არ შეიძლება გადაჭრილად ჩაითვალოს და პრობლემები ისევ გაგრძელდება, შესაბამისად, საჭირო და სასურველია, რომ ესენი (სენაკები და ნაგებობები) გადაეცეს ბულგარელებს. სალონიკის გუბერნატორის უწყებიდან გამოგზავნილი ტელეგრამის მიხედვით, ბერძნებმა ამ ეკლესიას დაადეს კლიტე და გამოაგზავნეს უცხოელი მღვდელი, რითაც  ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძინეს. ამის გამო ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს ისე, რომ ამ ორი ელემენტის (ბულგარელებისა და ბერძნების) ურთიერთობა არ გაფუჭდეს, ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ, რაზეც გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ.

მეორე მხრივ, ათონის მონასტრების განაწესის მიხედვით, ამ პრობლემის შემადგენელი ეკლესიები არ ითვლება ხალხის სარგებელში და ამ მონასტრის კუთვნილი ბერების სამყოფელი და სენაკები მონასტრის კუთვნილებას წარმოადგენს და ათონის მონასტრების განაწესის მიხედვით, მისი ცალკე განხილვა აკრძალულია. (ამ საკითხთან მიმართებაში) საჭირო ქმედება და გადაწყვეტილება ეკუთვნის დიდვეზირს.

სამართლისა და რელიგიის სამინისტრო 28 მარტი 1911 წელი.

ბოლო წყარო, რომელიც ჩვენს ხელთაა, დათარიღებულია 1327 წლის 20 მარტით (1911 წლის 2 აპრილი) და დიდვეზირის გადაწყვეტილებას მოიცავს. აღნიშნულია, რომ დროებითი გადაწყვეტილება არ არის მიჩნეული (münasip görülmediğini) მისაღებად, რადგან ეკლესიის კანონი არ მოიცავს მონასტერსა და მეტოქებს, გარდა ამისა, ეს რეგიონი არ არის მიჩნეული სამლოცველო ადგილად და არის განსხვავებული (იგულისხმება, სავარაუდოდ, რომ ეს ტერიტორიულად არ არის ათონის მთა). ამ საკითხის გამოძიება უნდა გაგრძელდეს და დროებით გადაწყვეტილება ჩაითვალოს მიუღებლად, რის შესახებაც ეცნობოს სალონიკის ვილაეთში შესაბამის დაწესებულებას. როგორც ვხედავთ, ბერძნების სავარაუდო ჩარევის შედეგად, სულ რაღაც ერთ კვირაში დიდვეზირმა გააუქმა როჟენის მონასტრის ეკლესიის ბულგარელებისთვის გადაცემა.

 

წყარო 5.

 

მოკლე შინაარსი ქართულად: სამოქალაქო და სარწმუნოების საკითხების ინსპექციას.

ათონის მთაზე ივერონის მონასტრის დაქვემდებარებაში არსებული როზინიას მეტოქის სადავო ეკლესიების შესახებ ბულგარელებისათვის ჩაბარება დადგა დღის წესრიგში. ბერძნულ საპატრიარქოში განხილვისა და სალონიკის ვილაეთში გამართული შეხვედრების შედეგად დადგინდა, რომ ეკლესიის კანონი არ მოიცავს მონასტერსა და მეტოქებს და, გარდა ამისა, ნახსენები ადგილები არ წარმოადგენს მხოლოდ სალოცავ ადგილს, სხვა ტიპისაა. ამიტომ უნდა გაგრძელდეს მოკვლევა. საჭიროა, ეცნობოს ვილაეთს (სალონიკს), რომ ეს საკითხი არ შეიძლება დროებითი გადაწყვეტილების მიღებით შემოიფარგლოს.

1911 წელი, 2 აპრილი. დიდვეზირი

სამწუხაროდ, ოსმალური წყაროების მიხედვით, ჩვენთვის არ არის ცნობილი,  რა ბედი ეწია ივერონის მონასტრის კუთვნილ როჟინას მონასტრის მეტოქს ოსმალეთის იმპერიის დაცემამდე. ვიმედოვნებ, რომ შემდგომი კვლევები ამ მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო კერის ისტორიის სრულსაყოფად ნათელს მოჰფენს ივერონის მონასტრის ისტორიას ოსმალეთის იმპერიის პერიოდში.