პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველი ინტეგრაციული პროექტების წარუმატებლობის მიზეზები და საქართველო

საბჭოთა კავშირის კოლაფსს თან ახლდა რიგი მოვლენები, რომელთა გაანალიზებაც მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ კრემლი ყველანაირად ცდილობდა მართვის სადავეების შენარჩუნებას, იყენებდა უხეშ ძალას, კერძოდ, ახდენა სსრკ-ს ქვეყნების ტერიტორიებზე უკანონო მილიტარისტულ ინტერვენციებს, მხარს უჭერდა ადგილობრივ სეპარატისტულ ჯგუფებსა თუ კრიმინალურ ბანდფორმირებებს და, შესაბამისად, ხელს უწყობდა  ეთნოკონფლიქტების გაღვივებას. ადგილი ჰქონდა რბილი ძალის გამოყენებასაც, მათ შორის ერთგვარი ინტეგრაციული პოლიტიკის გატარებას, რომელიც მოიაზრებდა სხვადასხვა კავშირისა თუ ორგანიზაციის ინიცირებითა და გაფართოვებით, დარწმუნებისა და იძულების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე საკუთარი გავლენის შენარჩუნებას და რეგიონში პოლიტიკური თუ სოციალურ-კულტურული პროცესების საკუთარი თამაშის წესებით წარმართვას. შესაბამისად, რუსეთის ინტეგრაციული პოლიტიკა თავისუფლად შეგვიძლია მოვიაზროთ მისი ერთიანი იმპერიალისტური პოლიტიკის ნაწილად და პოსტსაბჭოთა პერიოდში მოსკოვის რბილი ძალის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად. უმნიშვნელოვანესია ასევე იმის გააზრება, რომ კრემლის მიერ პროპაგანდირებულ ტერმინ „ინტეგრაციას“ – რომელიც დასავლურ, ინგლისურენოვან სამეცნიერო ლიტერატურაშიც უკვე ხშირად გამოიყენება „რუსული ინტეგრაციის“ ან „ევრაზიული ინტეგრაციის“ სახით – ცივილიზებულ სამყაროში არასდროს ჰქონდა დადებითი კონოტაცია, რადგან იგი არასდროს წარმოადგენდა წევრობის ნებაყოფლობითობაზე, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებულ ფენომენს. შესაბამისად, საინტერესოა გადააზრება იმ მცდელობების შედეგებისა, რომელ მცდელობებსაც 90-იან წლებში რუსეთის მხრიდან პოსტსაბჭოთა რეგიონზე გავლენის შენარჩუნება და გაძლიერება წარმოადგენდა. საუბარია არა უხეშ, არამედ რბილ ძალაზე, კერძოდ, ოფიციალური მოსკოვის მიერ ინსტიტუციურ დონეზე, კავშირების და ორგანიზაციების ფორმირებაზე, კრემლის პირველი ინტეგრაციული პროექტების სახით. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა ძირითადმა პრობლემებმა განაპირობა რუსეთის პირველი ინტეგრაციული პოლიტიკის წარუმატებლობა და რა იყო ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზები.

  მრავალი დასავლელი ექსპერტის მსგავსად, რუსი ავტორებიც თვლიდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები დადგნენ არა მხოლოდ ეკონომიკური დესტაბილიზაციის, პოლიტიკური და ინსტიტუციური პრობლემატიკის, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემის წინაშეც.  როგორც მკვლევარი ვიქტორია სლესარენკო აღნიშნავს, დსთ-ს ფარგლებში ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნული პრობლემატიკის მოგვარების არაერთ მცდელობას. ავტორის შეფასებით, განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხში. 1992 წლის 20 მარტს, კიევში, ხელი მოეწერა ორგანიზაციის ფარგლებში მიღებულ „დსთ–ს წევრ სახელწმიფოებს შორის ძალის გამოუყენებლობის“ დეკლარაციას. ამავე წელს იყო მცდელობა ერთიანი სამხედრო ბიუჯეტის შექმნისა (Слесаренко, 2016: 39). თუმცა მიღებული დეკლარაცია, როგორც არაერთხელ  გაჟღერდა, ხშირად ირღვეოდა თავად რუსეთის მხრიდან. პარალელურად 1990-იანი წლების დასაწყისში ადგილი ჰქონდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერასა და უკანონო სამხედრო ინტერვენციას. საქართველო, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან ერთ წელიწადში, 2009 წლის 17 აგვისტოს, დსთ დატოვა, სლესარენკოს შეფასებით, მოსკოვის ორბიტაზე აღარ დაბრუნდება. ავტორი საკმაოდ ნეგატიურად წარმოაჩენს მოლდოვისა და უკრაინის განწყობებსაც დსთ–ს მიმართ. 2014 წლის 19 მარტს – სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე – უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდავცის საბჭომ (СНБО) მიიღო უკრაინის დსთ-ში წარმომადგენლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება. 2014 წლის 8 დეკემბერს კი დაიწყო უკრაინის დსთ-დან გამოსვლის საკითხის განხილვა. რაც შეეხება სამხედრო და უსაფრთხოების ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობას, კერძოდ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ფარგლებში განვითარებულ მოვლენებს, 2012 წელს უზბეკეთმა პროტესტის ნიშნად დატოვა ორგანიზაცია, ავღანეთის მიმართ წარმოდგენილ სტრატეგიულ გეგმებთან დაკავშირებული უკმაყოფილების მიზეზით. დსთ-ს ე.წ. ჰუმანიტარულ მისიებზე საუბრისას, ვიქტორია სლესარენკო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი იყენებს ჰუმანიტარულ სფეროს, როგორც რბილი ძალის ელემენტს. ავტორის შეფასებით, რუსული ენა და რუსული კულტურა წარმოადგენს რბილი ძალის ტრადიციულ ინსტრუმენტებს და მიიჩნევს, რომ უახლოეს წლებში ისინი მაინც შეინარჩუნებენ თავის მნიშვნელობას. თუმცა, მისი აზრით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის გადამწყვეტ როლს რუსეთის მხრიდან ეკონომიკური განვითარების, განათლებისა და მეცნიერების კუთხით, უპირობო ლიდერობა ითამაშებს. სლესარენკო, სხვა რუსი ავტორების მსგავსად, საუბრობს რა რუსეთის ინტეგრაციულ პრობლემებზე და მის რეგიონულ ლიდერობაზე, ნაკლებად განიხილავს მოსკოვის პოლიტიკურ ამბიციებს და იმ რეალურ მიზეზებს, რომლებმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის ინტეგრაციული პოლიტიკის მიმართ ნეგატიური განწყობები გამოიწვია (Слесаренко, 2016: 42).

თავად რუსი ექსპერტები რუსეთის ინტეგრაციულ პოლიტიკას ორ ძირითად  ეტაპად ყოფენ. პირველი ეტაპი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის დარეგულირებისკენ სწრაფვით იყო გამოწვეული, რომელმაც, მათი აზრით, ხელი შეუწყო დეზინტეგრაციის ე.წ. „სამართლებრივი ჩარჩოების“ შექმნას. რუსი ავტორების შეფასებით, ინტეგრაცია ტრადიციული ევროპული გაგებით გულისხმობს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებათა ნაწილობრივ დელეგირებას ზენაციონალურ დონეზე, რაც იმ ეტაპზე დსთ-ს ქვენებისთვის ნაკლებად საინტერესო იყო, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნებისთვის, რომლებმაც სულ ახლახანს მოიპოვეს დამოუკიდებლობა. XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მხოლოდ ბელორუსია გამოხატავდა რუსეთთან დაახლოების ინტერესს. 2003 წლისთვის აღმოსავლეთევროპულ და კავკასიის რეგიონის სახლმწიფოებს ყურადღება მიაპყრო მეორე დიდმა რეგიონალურმა ლიდერმა, ევროპის კავშირმა და ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით სწორედ აქედან იწყება რუსული ინტეგრაციული პოლიტიკის მეორე ეტაპი. 2003 წელს იალტაში რუსეთს, ბელორუსიას, ყაზახეთს და უკრაინას შორის ხელწმოწერილ იქნა დოკუმენტი ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ. 2007 წლიდან ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის დოკუმენტაცია ხელს უწყობს ეკონომიკური ინტეგრაციული პროცესების ახალ ეტაპზე აყვანას. შემდგომ ეტაპზე მათ შორის აღარ ფიგურირებდა უკრაინა, რომელიც არ იყო მზად საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი დაეთმო. სწორედ 2003 წლიდან ე.წ. „საერთო მეზობლებზე” დაიწყო მოდინება უამრავმა ინიციატივამ როგორც რუსეთის, ასევე, ევროკავშირის მხრიდან, თუმცა ვერც რუსეთმა და ვერც ევროკავშირმა ვერ მოახერხა საკუთარი ინიციატივები საკმარისად მიმზიდველი გაეხადა. ევროკავშირმა დასაწყისშივე უარი თქვა იმაზე, რომ რიგი ქვეყნები, სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის კანდიდატებად ეღიარებინა (Шишкина, 2011: 61).

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების პრობლემებსა და გამოწვევებს ეხებიან  ს. ულუკაევი  და კ. შერიაი. ავტორებს მაგალითად მოჰყავთ ი.ვ. ზადორინას სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ჩატარდა დსთ-ს ყოფილ და ამჟამინდელ წევრ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. თითოეულ ქვეყანაში გამოკითხულ იქნა 950-დან 2000-მდე განსხვავებული ასაკის, სქესისა და დაბადების ადგილის მქონე ადამიანი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეები გამოხატავენ საკმაოდ მცირე დაინტერესებას ნებისმიერი სხვა წევრი ქვეყნის მიმართ, გარდა რუსეთისა. აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, ავტორები ასკვნიან, რომ რეგიონში, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთი წარმოადგენს მთავარ და ერთადერთ როგორც ეკონომიკურ, ისე საზოგადოებრივ-კულტურულ ცენტრს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების მოქალაქეებისთვის. მიუხედავად მსგავსი შეფასებისა, ავტორები ხაზს უსვამენ, რომ სწორედ პოლიტიკური ფაქტორი წარმოადგენს ეფექტური ეკონომიკური ინტეგრაციის მთავარ წინაღობას, რადგან ერთიან სივრცეში ეკონომიკური თანამშრომლობა ზოგიერთი ქვეყნის მიერ სამხედრო და პოლიტიკურ საფრთხედ არის აღქმული. ავტორები მიიჩნევენ, რომ, წამყვანი პოლიტიკური პოზიციის გათვალისწინებით, რუსეთი შეზღუდულია, იმოქმედოს საკუთარი პრაგმატული ინტერესებით და მას ხშირად უწევს ეკონომიკურად არამიზანშეწონილი გადაწყვეტილებების მიღება. დსთ-ს ბევრი სახელმწიფო საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს ნებისმიერ, ყველაზე უმნიშვნელო ჩარევასაც კი და რუსეთის მცდელობებს მიიჩნევს საკუთარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე პირდაპირ თავდასხმად (Улюкаев / Шеряй, 2014: 55). უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთობ საეჭვოა ზემოაღნიშნული კვლევის შედეგების რეპრეზენტატულობა და ობიექტურობა. განსაკუთრებულ ეჭვს ბადებს ის, რომ, რუსეთის მიმართ გამოვლენილი ინტერესის თვალსაზრისით, შედეგები თანაბრად განაწილებულია პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაზე. განსაკუთრებით ყურადსაღებია საქართველოს მაგალითი, რომლის უმთავრესი ვექტორი ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე არა რუსეთი, არამედ გამოკვეთილად ევროპაა. ულუკაევის და შერიაის მსჯელობაში იგრძნობა, რომ ისინი გარკვეულწილად ცდილობენ ვითარების შერბილებას და რუსეთის იმ ქმედებების გამართლებას, რომლებიც საკმაოდ ნეგატიურად აღიქმება პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე მათი გარდაუვალი აუცილებლობით ახსნას, ქვეყნის ლიდერული პოზიციის გათვალისწინებით. როგორც ზემოაღნიშნული, ისე სხვა მრავალი რუსი ავტორის რიტორიკაში აშკარად  შეინიშნება, რომ, როგორც მათ მიაჩნიათ, ოფიციალურ მოსკოვს საკუთარ  თავზე აქვს აღებული რიგი პასუხისმგებლობები, რომლებიც მას სხვა სუბიექტებისგან გარკვეული უფლებების დელეგირების მორალურ უფლებას აძლევს. მსგავსი განწყობები, რა თქმა უნდა, უფრო მკვეთრია რუსეთის მოსახლეობასა და განსაკუთრებით მის პოლიტიკურ ელიტაში, თუმცა ამ და უამრავ სხვა მაგალითზე, მიუხედავად ფრთხილი ანალიზისა, შესაძლებელია მათი შემჩნევა რუსი მეცნიერების თუ ექსპერტების პუბლიკაციებსა და შრომებში. თუ რამდენად ზრდის რუსეთის ფედერაციისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება ავტორთა შეფასებებისა და დასკვნების სუბიეტურობას, საკმაოდ ძნელი სათქმელია, რადგან წარმოდგენილი ყველა ანალიზი მეტ-ნაკლებად ინდივიდუალური და განსხვავებულია. არიან ავტორებიც, რომლებიც ცდილობენ, ყურადღება გაამახვილონ დსთ-ს ფარგლებში ინტეგრაციის ისტორიულ მნიშვნელობაზე და, ამგვარად, ლეგიტიმაცია მიანიჭონ ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკას, რეგიონში მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს (Воронкин, 2010). ისინი ანალოგიურად ცდილობენ, წარმოაჩინონ ინტეგრაცია არა როგორც ერთი კონკრეტული სუბიექტის გეოპოლიტიკური ამბიცია და სხვა სუბიექტებისთვის „თავს მოხვეული“ მოვლენა, არამედ როგორც ნებაყოფლობითობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის საჭიროება, რომელიც მომდინარეობს საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესებიდან, იდეოლოგიიდან,  კულტურიდან და ისტორიიდან.

ზოგიერთი რუსი ავტორი მკაფიოდ გამოყოფს რუსული ინტეგრაციული პოლიტიკის რიგ თავისებურებებს, რომელთაც, მათი აზრით, შეუძლიათ ინტეგრაციული პროექტების წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზები ახსნან. ასეთ თავისებურებებზე საუბრობს ო. შიშკინა, რომელიც ასახელებს რამდენიმე მახასიათებელს:

  1. უპირველესად ხაზი ესმება იმ ფაქტს, რომ რუსეთი  ევროკავშირთან მუდმივ კონკურენციაში იყო და დასაწყისშივე, ინტეგრაციული პროექტების შედარებისას, ნათლად გამოიკვეთა, რომ უპირატესობა არ ჰქონდა. ეს განსაკუთრებით ეხებოდა არა იმდენად მოსკოვის ინტეგრაციულ ინიციატივებს დსთ-ს პარტნიორებთან მიმართებაში, რადგან იგი დამოკიდებული იყო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მხრიდან ამ ინიციატივების აღქმაზე. როგორც შიშკინა მიიჩნევს, 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთი, როგორც სსრკ-ს სამართალმემკვიდრე, ასახიერებდა წარსულს, ხოლო ნათელი მომავლის როლში კი წარმოჩნდებოდა ევროკავშირი. 2000-იან წლებში ევროკავშირის პოსტსაბჭოთა საზღვრებთან მოახლოებისას, ეს წარმოდგენა კიდევ უფრო გაიზარდა. რუსული ინიციატივების განსახორციელებლად შიდაპოლიტიკური ფონი, ავტორის აზრით, შედარებით გამოსწორდა 2008-2011 წლების ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის შემდგომ, როდესაც გამოაშკარავდა ევროკავშირის ეკონომიკური სირთულეები.
  2. მეორე ასეთ თავისებურებად სახელდება „ინტეგრაცია რუსეთისთვის“, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური შედეგების შემსუბუქებისა და რეგიონული ლიდერობის გამყარების მცდელობას. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები, განსაკუთრებით დსთ-ს აღმოსავლეთევროპელი წევრები, ამას თავისებურად აღიქვამდნენ, უწოდებდნენ რა „ლიდერობისკენ სწრაფვას“ „იმპერიულ ამბიციებს“.
  3. 2000-იანი წლების შუა პერიოდში რუსეთი მიხვდა, რომ პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებს ირჩევენ არა „ისტორიულად ფორმირებული კავშირებიდან“ გამომდინარე, არამედ იმ სარგებლით, რომლის მოტანაც ამა თუ იმ პარტნიორს შეუძლია.
  4. რუსული ინტეგრაციული ინიციატივების არასაკმარისი ფინანსირება  პარტნიორი ქვეყნების მიმართ კომპენსირდება ზოგისთვის არასასურველი შიდაპოლიტიკური რეფორმების განხორციელების ნაკლები მოთხოვნით. რუსეთის მხიდან ინტეგრაციაში ჩართულობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს რუსეთისადმი მეგობრული პოლიტიკა და რუსეთის შიდაპოლიტიკური ქმედებების მხარდაჭერა.
  5. ე.წ. ინტეგრაციული ინიციატივების „ახალი ტალღა“ არ წარმოადგენდა ურთიერთმოქმედი ახალი მოდელის ფორმირების შედეგს, არამედ უბრალოდ უკვე არსებული მოდელის ადაპტაცია-განვითარების სახე ჰქონდა. ასე იყო ერთიანი ეკონომიკური სივრცის და ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის შემთხვევაშიც (Шишкина, 2011: 61-63).

  შიშკინა გამოყოფს საკმაოდ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომელთა გათვალისწინება და გააზრება პირველი ინტეგრაციული პროექტების შედეგებზე საუბრისას აუცილებელია. ავტორი  ხაზს უსვამს იმას, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დსთ ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევდა ევროკავშირს და საბჭოთა პოლიტიკური მეხსიერება გადამწყვეტ, მეტწილად ნეგატიურ, როლს თამაშობდა ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ცნობიერებაში. ევროკავშირი კი, შიშკინას აზრით, სრულიად ლოგიკურად საზოგადოებების საბჭოთა წარსულისგან თავის დაღწევის იმედს წარმოადგენდა. ამან დასაწყისშივე მნიშვნელოვნად იმოქმედა დსთ-ს იმიჯსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე. ამ შემთხვევაში ძნელია მას დაეთანხმო, რადგან იმ პერიოდში ევროკავშირის ინტერესები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის გამოკლებით, საერთოდ არ ჩანს და ინიციატივა კი აშკარად რუსეთის ხელში იყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ კრემლმა ეს შანსები ვერ გამოიყენა და თავისი აგრესიული ქმედებებით პრაქტიკულად ყველა მეზობელი გადაიმტერა. საკმაოდ ობიექტურია ის შეფასება, რომ 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, ოფიციალური მოსკოვი, მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესებიდან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მეტი სარგებლის მომტანი პარტნიორების მოძიებაზე იყო ორიენტირებული. „ისტორიულად ფორმირებულ კავშირებზე“ კი რუსეთი იმდენად არის ორიენტირებული, რამდენადაც ეს მის ინტეგრაციულ, გეოპოლიტიკურ მიზნებსა და ინტერესებს ესაჭიროება. მიუხედავად ამისა, კრემლის მიერ საერთო ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე აპელირებას პოსტსაბჭოთა სივრცეში დღემდე ხშირად აქვს ადგილი. სრულიად ბუნებრივია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთის ინტეგრაციულ პოლიტიკას – და განსაკუთრებით რეინტეგრაციის პირველ მცდელობებს დსთ-ს ფარგლებში – აღიქვამენ არა როგორც უბრალოდ რეგიონული ლიდერობისკენ სწრაფვას, არამედ როგორც იმპერიულ ამბიციებს. საბჭოთა პოლიტიკური მეხსიერების ნეგატიური აღქმის ფონზე და მის პარალელურად, არ არსებობს ნდობის ფაქტორი რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ამბიციების გათვალისწინებით, რაც პირველი ინტეგრაციული პროექტების წარუმატებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. შიშკინას განმარტებით, წარუმატებლობის მორიგ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ოფიციალური მოსკოვის მიერ პარტნიორების შერჩევის კრიტერიუმები, რაც ასევე საკმაოდ მტკიცე არგუმენტია დსთ-ს ნაკლები ქმედითუნარიანობის გამოსავლენად. თუმცა რეალურად პრობლემა მდგომარეობდა არა პარტნიორების შერჩევის კრიტერიუმებში, არამედ მეტწილად მიზნებში, რომლისთვისაც რუსეთი ცდილობდა დსთ-ს გამოყენებას.  კრემლი ყოველთვის მიისწრაფოდა ავტორიტარული რეჟიმების ხელშეწყობას და ამ რეჟიმებთან თანამშრომლობას. იგი მხოლოდ მისადმი ლოიალობას და უპირობო მხარდაჭერას ემხრობა, რაც როგორც შიდა პოლიტიკური, ასევე რეგიონის სტრუქტურული განვითარებისთვის არ წარმოადგენს ქმედით პოზიციას.

სსრკ-ს კოლაფსს მოჰყვა რიგი ურთიერთდაკავშირებული პროცესები. პოსტსაბჭოთა სივრცეში, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო პრობლემებს. ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ, მათ შორის რუსეთმაც, ეს პრობლემები ინდივიდუალურად გამოცადა. იგი არა მხოლოდ სტატუსის რეაბილიტაციის მიზნით ცდილობდა ახალი ინტეგრაციული პოლიტიკა ეწარმოებინა, არამედ მას სურდა, ხელახლა მოეხდინა თვითიდენტიფიკაცია, უნდოდა მკაფიოდ განესაზღვრა საკუთარი გავლენის სფეროები და დაეცვა თავისი სტრატეგიული ინტერესები. რუსეთის მეზობლებმა, მცირე ტერიტორიის მქონე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებმა, მოულოდნელად გააცნობიერეს, რომ აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, რომელშიც მათზე საერთაშორისო საზოგადოების ნორმები და პრინციპები არ მოქმედებდა. ისინი სრულიად დაუცველნი აღმოჩნდნენ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან პოსტკომუნისტურ არეალში (Rondeli 1996). ალექსანდრე რონდელის სიტყვებით, „შესაბამის სიტუაციებში, პატარა ქვეყანამ მხედველობაში უნდა მიიღოს მისი ძლევამოსილი მეზობლის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და აწარმოოს დიპლომატიური ურთიერთობები როგორც რუსეთთან, ასევე სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან, არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შესაბამისად, სამომავლო გადარჩენისა და უსაფრთხოების მიზნით" (Rondeli,1996). ამგვარად, რიგი სახელმწიფოებისა აქტიურად თანამშრომლობდა კრემლთან. ზოგიერთი ცდილობდა მეტ-ნაკლებად ნეიტრალური პოზიციის დაკავებას, თუმცა თითქმის ყველა მცდელობა, რომელიც კრემლის ინტეგრაციულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ადგილობრივი სახელისუფლებო ძალებისთვის 90-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ ცუდად დამთავრდა. სამოქალაქო დაპირისპირებისა და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის ხარჯზე მოხდა ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების გაღვივება, რომელთა პოტენციალი თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ნაღმის სახით ჰქონდა ჩადებული, დესტაბილიზაციის ფონზე გეოპოლიტიკური ვითარების უკეთ გაკონტროლების მიზნით. მოსკოვი, მართალია, დასუსტებული იყო, თუმცა არც იმდენად, რომ ხისტი ძალის გამოყენებას მორიდებოდა, თუმცა მისი ინტეგრაციული პოლიტიკა 90-იან წლებში, არასწორი მიდგომის გამო, საბოლოოდ მაინც არაპროდუქტიული აღმოჩნდა.

სრულიად მართებულია რ. ალისონისა და ქ. ბლუთის დასკვნა, რომ დსთ-ს შექმნის მიზანს წარმოადგენდა მეტწილად კომპლექსური ეკონომიკური კავშირების  და ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შენარჩუნება ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. ამ ყოველივეს წყალობით რუსეთი იმედოვნებდა საბჭოთა სამხედრო ძალის გარკვეული ფორმით გადარჩენას. მსგავსი ამბიციები იმ პერიოდში თანხვედრაში არ მოდიოდა ერი-სახელმწიფოს შენების პროცესთან, რაც აწ უკვე ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს ჰქონდათ წამოწყებული. სავარაუდოდ, სწორედ ეს წარმოადგენდა უმთავრეს მიზეზს პირველი რუსული ინტეგრაციული პროექტის ჩავარდნისა. მიუხედავად ამისა, რუსეთის მხრიდან რეინტეგრაციის მცდელობას მაინც ჰქონდა ადგილი პოტენციურად მაღალი პოლიტიკურ-ეკონომიკური ხარჯებისა და საერთო ზარალის ფონზე. როგორც ჩანს, მოსკოვი იმ ეტაპზეც საკმაოდ ხისტად მისდევდა რეალიზმის პოლიტიკურ პრინციპებს და Great Power-ის სტატუსის აღდგენის ამბიციებს (Allison/Bluth,1998: 281).

დღემდე რუსულ ინტეგრაციულ მოდელს ახასიათებდა მკვეთრად ოპტიმისტური განცხადებები, მაგრამ რეალურად ნაკლები ქმედებები. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა ცენტი-პერიფერიის ნიმუში დსთ-ს ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი დსთ-ს ფარგლებში რუსეთის მიერ ინიცირებული ეკონომიკური ინტეგრაციის რიგი მცდელობების ჩავარდნისა, მდგომარეობდა იმაში, რომ მოსკოვს რეალურად არ სურდა თანხის გადახდა და არ ახდენდა შესაბამის ინვესტიციებს საკუთარი ინტეგრაციული პროექტების ასამუშავებლად. რუსი პოლიტიკოსები თითქმის ყოველთვის აღიქვამდნენ დსთ-ს, როგორც მათი პირადი ეკონომიკური მოგების წყაროს. ამის პარალელურად კი, რუსეთის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების ხარჯზე, ისინი იმედოვნებდნენ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, რაც აბსოლუტურად ალოგიკურია მსგავს ვითარებაში. რუსეთის პოლიტიკური ელიტა ვერ აცნობიერებდა ფაქტს, რომ სანამ მოსკოვს არ გაუჩნდებოდა სურვილი, განეხორციელებინა მიზანმიმართული ინვესტიციები და სერიოზულ დათმობებზე არ წავიდოდა თავის პოტენციურ პარტნიორებთან, ინტეგრაცია ვერშედგებოდა. უმთავრესი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ განურჩევლად იმისა, პროდუქტიულად წარიმართებოდა თუ არა დსთ-ს შიდა ინტეგრაციული პროცესები, რუსეთს მხოლოდ მისი გაკონტროლების მიზანი ამოძრავებდა, რაც რეალური პროგრესის პირველ შემაფერხებელ მიზეზს წარმოადგენდა (Trenin, 2011: 153-156).

  ყველა ორმხრივ ურთიერთობებში, სადაც კი ეს მისაღებია, პუტინის ადმინისტრაცია იყენებდა დსთ-ს ქვეყნების რუსეთთან დაახლოების ზოგად პოლიტიკას, საკუთარი გეოპლიტიკური და სტრუქტურული უპირატესობების ხარჯზე. ამ შემთხვევაში მოსკოვი მოქმედებდა „დიდი რუსეთის" მშენებლობის იდეით. რუსეთის ურთიერთობები ცენტრალურ აზიასთან და კავკასიასთან, მათ შორის საქართველოსთან, მოიაზრებდა კრემლის მიერ ენერგო რესურსების პირდაპირ გამოყენებას, სახელმწიფო ლიდერთა „დასჯის ან დაჯილდოვების" მიზნით. ეს იყო, ფაქტობრივად, ენერგო რესურსებით პოსტსაბჭოთა რიგი ქვეყნების ხელისუფლებათა მანიპულირების მცდელობები. თუ ელცინის გვიან - და პუტინის ადრეულ – პერიოდში უფრო მეტად უსაფრთხოების საკითხები დომინირებდა, პუტინის პრეზიდენტობის შემდგომ წლებში დღის წესრიგში ეკონომიკური პრობლემატიკა დაწინაურდა. რუსეთი ამჟამად უკვე არა მხოლოდ აშშ-ს ეპაექრებოდა, არამედ ასევე ჩინეთის მზარდ გავლენას ცენტრალური აზიის რეგიონში (Freire/Kanet, 2012: 235-237). ამ ყოველივემ კი რუსული ინტეგრაციული პოლიტიკის გადააზრების აუცილებლობა გამოიწვია და მოსკოვის მიდგომა რიგ საკითხებში მნიშვნელოვნად შეცვალა.

რუსი მკვლევარი ვიქტორია სლესარენკო მიიჩნევს, რომ დსთ-ს უმთავრეს მიზანს, როგორც ამას პუტინი 2005 წელს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე  აღნიშნავდა, წარმოადგენდა სსრკ-ს კოლაფსის შემდგომ „ცივილიზებული დაშლის“ უზრუნველყოფა და არა ევროკავშირის მსგავსი ეკონომიკური ინტეგრაციული პროექტის ფორმირება. პრეზიდენტის აზრით, დსთ-მ თავის მიზანს საკმაოდ კარგად გაართვა თავი (Слесаренко, 2016: 17-20). ფაქტია, რომ ქვეყნის პირველი პირი მსგავსი განცხადებით ცდილობს თავდაპირველი რეინტეგრაციული ამბიციების უარყოფას და ამგვარად არაღიარებას იმისა, რომ პირველი ინტეგრაციული პროექტი, როგორც რუსეთის რეალური მიზნების მიღწევის, მისი ინტეგრაციული პოლიტიკის მექანიზმი, წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსეთის ხელისუფლების მიერ დსთ-ს  მხოლოდ და მხოლოდ, ე.წ. „მშვიდობიანი დეზინტეგრაციული“ პროცესის უზრუნველყოფისთვის შემუშავებულ პროექტად წარმოჩენა  არ არის მართებული.

  როგორც სლესარენკო თავადვე აღიარებს, დსთ-ს ფარგლებში უამრავი გადაუწყვეტელი პრობლემა რჩებოდა და დღემდე რჩება. თუმცა, რიგი რუსი ავტორების მსგავსად, ისიც ოპტიმისტურად მიიჩნევს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ორგანიზაციის წევრები მაინც დაინტერესებულნი არიან დსთ-ს ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობით და თანამეგობრობის ქმედითუნარიანობის ზრდით. ავტორი ასევე აღიარებს, რომ დღის წესრიგში არაერთხელ დამდგარა ორგანიზაციის რეფორმიების საკითხი, რადგან ვერ მოხერხდა ერთიანი ეკონომიკური განვითარების პრობლემის და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მოგვარება. ამისთვის კი იგი დსთ-ს ფარგლებში ბევრად მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას ხედავს. ამ შემთხვევაში ავტორის კვლევაში კარგად ჩანს, რომ მისი სურვილები და აღწერილი რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა. სლესარენკო თვლის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს გაუჩნდათ საშინაო და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოების საკუთარი ამბიცია, ასევე საკუთარი მიზნები და საჭიროებები – და რაც ყველაზე მთავარია – დამოუკიდებლობა, რომელიც რუსეთისგან და მისი კონტროლისგან უშუალო თავისუფლებად აღიქმება. მკვლევარი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის აშკარად პრობლემატურია დსთ-ში საკუთარი პოზიციების გამყარება. მისი აზრით, ეს ცხადყო რიგმა მოვლენებმა,  კერძოდ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, საქართველოს დსთ-დან გასვლამ, უკრაინის მხრიდან გასვლის გეგმებმა და უზბეკეთის პოზიციამ ОДКБ-სთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჰუმანიტარულ სფეროს, სლესარენკო პირდაპირ აღიარებს, რომ ოფიციალური მოსკოვი რბილი ძალის გამოყენებით ცდილობს დსთ-ს სივრცეში საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევას და მასმედიის საშუალებით მიმართავს ინფორმაციულ-კულტურულ პროპაგანდას (Слесаренко, 2016: 52-53). აღნიშნული დასკვნების გამოტანის მიუხედავად, ავტორი მაინც მიიჩნევს, რომ რუსეთის გააქტიურებისა და დსთ-ს რეფორმიების შემთხვევაში, მოსკოვის პოლიტიკური ამბიციების გათვალისწინებით, წარმატების მიღწევა სრულიად შესაძლებელია. შესაბამისად, რუსი ავტორების ნაწილს უჭირს აღიარება, რომ ადგილი აქვს აშკარა იდეურ და მიზნობრივ შეუთავსებლობას. კრემლის იმ ამბიციებისა და პოლიტიკის გათვალისწინებით, რომლებზეც რუსი ექსპერტები საკმაოდ ფართოდ და ხშირ შემთხვევაში რეალისტურად საუბრობენ,  შეუძლებელია დსთ-ს წარმატებულ ორგანიზაციად რეფორმირება. დსთ-ს წევრ იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ ორგანიზაცია, უჭირთ გაცნობიერება, რომ ორგანიზაციის ფარგლებში ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების მიღწევა, დღემდე იმ მარტივი მიზეზის გამო არ ხერხდება, რომ ეს ყოველივე ოფიციალური მოსკოვის გეგმებში ნაკლებად შედის. კრემლის გამოცდილებით, ავტორიტარული სისტემები რეგიონული დესტაბილიზაციის,  კონფლიქტის ზონებისა და სუსტი ეკონომიკის ფონზე პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრად ადვილი სამართავია. შედარებით განვითარებული ეკონომიკა, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნები და ნაბიჯები პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მხრიდან, რუსეთისთვის ქმნის შეშფოთების პრეცედენტს. ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველოს პროგრესი და ქვეყნის მიერ არჩეული გზა ამის ნათელი მაგალითია. ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გაგება რუსეთის ინტეგრაციულ ამბიციებს იდეურად ეწინააღმდეგება. ფაქტია, რომ საქართველოს დსთ-ში წევრობა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენდა და, შესაბამისად, ქვეყნისთვის არაფერი კარგი ამას არ მოუტანია. ცხადია, რომ კრემლის ერთპიროვნულმა დესტრუქციულმა პოლიტიკამ როგორც ორგანიზაციის ფარგლებში, ისე მისმა ძალისმიერმა ქმედებებმა, საქართველოს რუსული ორბიტიდან დეზინტეგრაციის პროცესი ერთმნიშვნელოვნად დააჩქარა.

ლიტერატურა

Rondeli Alexander
1991
Georgia in the Post-Soviet Space; Caucasian Regional Studies, Issue 1, 1996; The International Association For Caucasian Regional Studies
Trenin Dmitri
2011
Post-Imperium: A Eurasian Story; Chapter 3: Economics and Energy: Integration(Carnegie Endowment)
Воронкин Н. В.
2010
Интеграционные процессы на постсоветском пространстве возможности применения европейского опыта; Федеральное государственное образовательное учреждение высшего профессионального образования «Российская академия государственной службы при Президенте Российской Федерации» Воронежский филиал РАГС; Кафедра региональных и международных отношений ; Выпускная квалификационная работа по специальности «Регионоведение»(Воронеж)
Слесаренко В.H.
2016
Российская Федерация и интеграционные процессы в СНГ: проблемы и перспективы развития; Задание на выпускную квалификационную работу; Министерство образования и науки Российской Федерации; Южно-Уральский государственный университет; Кафедра "Международных отношения и мировая интеграция"(Челябинск)
Улюкаев С.С., Шеряй К.И.
2014
Концептуальные основы эффективного использования интеграционного потенциала стран-членов СНГ; Федеральное государственное бюджетное образовательное учреждение высшего профессионального образования – Российская Академия Народного Хозяйства и Государственной Службы при Президенте Российской Федерации(Москва)
Allison R., Bluth C.
1998
Security Dilemmas in Russia and Eurasia; Part III - Conflicts and CIS Collective Security Efforts; Andrei Zagorski, Chapter 14: Regional Structures of Security Policy within the CIS(The Royal Institute of International Affairs)
Freire Maria R., Kanet Roger E.
2012
Russia and its Near Neighbours; Part III - Energy in Russian-CIS Relations; Bertil Nygren - Chapter 10: Russia's Resource Policies towards the CIS countries – Conclusion(Palgrave)