ხელოვნებისა და ხელოვანის არსი აირის მერდოკის რომანში „შავი პრინცი“

აირის მერდოკი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი ბრიტანელი მწერალი და ფილოსოფოსი იყო. მისი შემოქმედება სავსეა მრავალი აქტუალური თემით, რომელთაგან აღსანიშნავია ხელოვნება – ცნება, რომელზეც მრავალი მოსაზრება არსებობს. ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის მიერ. მერდოკს სწამს, რომ ხელოვნება კაცობრიობისათვის შთაგონების მთავარი წყაროა. იგი ხელს უწყობს ადამიანის შინაგანი ბუნების გამოღვიძებას. სტატიაში განხილულია ურთიერთმიმართება ხელოვნებასა და სიყვარულს, ხელოვნებასა და სიმართლეს, ხელოვნებასა და მორალს შორის, ისევე როგორც ესთეტიზმსა და ეთიკას შორის ისევ და ისევ ხელოვნების როლით მორალურ სამყაროში.

აირის მერდოკის რომანებში იგრძნობა ცნობილი მწერლების გავლენა, მაგალითად უილიამ შექსპირისა, აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ იქნება ის ფაქტი, რომ მის რომანებში ბევრი ფილოსოფიური ნააზრევია, რაც შედარებით რთულია აღსაქმელად და ამის ფონზე კიდევ უფრო აღვივებს ჩვენში გრძნობას, თუ რაოდენ დიდებულია ხელოვნება. მერდოკი იზიარებს ტომას ელიოტის აზრს და ნამდვილ ხელოვანს მოუწოდებს, იყოს თავისუფალი საკუთარი მესაგან, რათა შეძლოს და შექმნას ხელოვნების ნიმუში.  მას სწამს, რომ ხელოვნება უფრო ღრმაა, ვიდრე – ფილოსოფია. მის რომანებში ნათლად იკვეთება ერთი რამ, ხელოვნება არამარტო ამდიდრებს ჩვენს მორალურ ურთიერთგაგებას, არამედ ასაზრდოებს ჩვენს ღირსებას და გვეხმარება უკეთესი ცხოვრების მიღწევაში.  მწერალი დარწმუნებულია, რომ ხელოვნების მეორე სახელი – სიმართლეა. აქედან ნათლად გამომდინარეობს ერთი რამ, თუ არ იქნება სიმართლე, არც ხელოვნებისათვის იქნება ადგილი.

„ხელოვნება მოგვითხრობს იმ ერთადერთი სიმართლის შესახებ, რომელსაც ძირითადი მნიშვნელობა აქვს და რომლის საშუალებითაც ხდება ადამიანების უკეთესობისაკენ ცვლილება. ხელოვნების იქეთ, დამერწმუნეთ-არაფერია,“ –ვკითხულობთ აირის მერდოკის მეთხუთმეტე რომანში „შავი პრინცი“ [Murdoch, 2003: 408].  ეს რომანი პირველ პირშია დაწერილი. რომანის მთავარი გმირია ორმოცდათვრამეტი წლის წარუმატებელი ხელოვანი ბრედლი პირსონი, რომელიც მთელი რომანის მანძილზე საკუთარი თავის ძიებაშია. იგი ვერ ახერხებს კარგი წიგნის დაწერას. წინ გამუდმებით რაღაც ეღობება, რაღაც აბრკოლებს. ასეთი პრობლემები თან სდევს ბრედლის მთელი რომანის მანძილზე. მას პრობლემები აქვს თითქმის ყველა მის გარშემომყოფ ადამიანთან, იქნებიან ესენი მისი მეგობრები, ნათესავები თუ ოჯახის წევრები. ბრედლის დაკარგული აქვს რეალობის აღქმის უნარი, არ გააჩნია ფანტაზია; ვერ ახერხებს ორი მნიშვნელოვანი ცნების განმარტებასა და ერთმანეთისაგან მათ გამიჯვნას: ესაა კარგისა და ცუდის ერთმანეთისაგან გარჩევა. მისთვის თითქოს ყველაფერი ერთნაირია. ბრედლის სიყვარულის არ სჯერა, არ სწამს ამ გრძნობის არსებობა. სიყვარული ამ რომანში, ისევე როგორც მერდოკის თითქმის ყველა რომანში, აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა „შავ პრინცში“ ამ თემის განხილვას, ვფიქრობთ,  დიდი ყურადღება ეთმობა ავტორის მხრიდან. თავად რომანის სათაურიც იძლევა ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას. „ შავი პრინცი“ ანუ „სიყვარულის ზეიმი“ („The Black Prince” or “A Celebration Of Love”). რომანის მთავარ გმირს ბრედლი პირსონს უყვარდება მასზე ბევრად პატარა, ოცი წლის ჯულიან ბაფინი, მისი მეტოქისა და მეგობრის, არნოლდ ბაფინის, ქალიშვილი. მათი სიყვარული ყველასთვის მიუღებელია. მიუღებელია თვითონ ბრედლისთვისაც, თუმცა ამას არ აღიარებს. გამომცემელი რომანის წინასიტყვაობაში წერს, რომ „ყველა ხელოვანი უიღბლო შეყვარებულია და უიმედოდ შეყვარებულებს სურთ თავიანთი ამბის აღწერა“ [Murdoch, 2003: 2].

რომანი სავსეა უამრავი ლიტერატურული ხერხით: ირონიით, კომიზმით, ტრაგიზმით. ამ რომანს ტრაგი-კომიკურსაც უწოდებენ, ვინაიდან, ალბათ, ერთდროულად მკითხველმა შეიძლება დაინახოს ტრაგედია და კომედია;  ტრაგედია, რომელიც მარტო ბრედლის ტრაგედია არ არის, არამედ მთელი საზოგადოებისაცაა, და კომედია, ვინაიდან გმირების ქმედებები ხშირ შემთხვევებში სიცილს აღძრავს საზოგადოებაში. რადგანაც რომანის ტრაგი-კომიკურობა ვახსენე, აქვე უნდა აღვნიშნო ყველა დროის უდიდესი შემოქმედის  უილიამ შექსპირის გავლენა მერდოკზე. აშკარაა, რომ მწერალი შექსპირს აიდეალებს.  რომანის მნიშვნელოვანი მონაკვეთია ჰამლეტზე საუბარი ბრედლისა და ჯულიანს შორის. ხელოვნება, მათი საუბრიდან გამომდინარე, სათავგადასავლო ამბავია, რომელიც საჭიროა აიხსნას და გადმოიცეს წერილობითი ფორმებით და, რაღა თქმა უნდა, სიტყვებით, რომლებიც ასე ძნელია გამოსათქმელად. ბრედლის მოსაზრებით, ჰამლეტი  სიტყვებით გადმოსცემს თავის სათქმელს. სწორედ ესაა ხელოვნება, ესაა მნიშვნელოვანი, ესაა ყველა დროის აქტუალური პრობლემა. „სიტყვები არის ჰამლეტის ყოფიერება, ისევე როგორც ეს იყო შექსპირისა. სიტყვები, სიტყვები, სიტყვები“ [Murdoch, 2003: 191]. მაგრამ ასრულებენ  სიტყვები თავიანთ ფუნქციას? ღირს კი რამედ ეს სიტყვები, თუ ეს უბრალო, ფუჭი საუბარია? მერდოკის მიხედვით, სიტყვებმა დაკარგა პირველადი ფუნქცია, რაც სწორედ აზრის ზუსტ და ლაკონურად გადმოცემას გულისხმობს. „ჩვენ მეტად აღარ შეგვიძლია მივიჩნიოთ ენა უდავო საშუალებად ურთიერთობისა. მისი გამჭვირვალობა გაქრა. ჩვენ დავემსგავსეთ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე იყურებოდნენ ფანჯრიდან მინის შეუმჩნევლად და შემდეგ ერთ დღეს ამის შემჩნევაც დაიწყეს“ [Murdoch, 1987: 64].

  აზრის გამოხატვა სიტყვებით მერდოკთან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბრედლი დაინტერესებულია შექსპირით. შექსპირმა მოახერხა და შექმნა თავისი ენა, იგი იმ დონის ხელოვანი იყო, რომლის მსგავსი საერთოდ ლიტერატურაში რთულად მოიძებნება. შექსპირმა პიესა „ჰამლეტის“ მეშვეობით ინგლისელ და არა მარტო ინგლისელ საზოგადოებას ახალი ენა შესთავაზა, ესაა ენა სილამაზისა, ხელოვნებისა. მერდოკი სწორედ ამის მსგავსი ენის შექმნისაკენ ისწრაფვის. რომანში ვკითხულობთ: „ჰამლეტი სიტყვაა“ [Murdoch, 2003: 191]. მაგრამ უდავოა, რომ ჰამლეტი სიტყვებზე მეტია, ჰამლეტი მსოფლიო შედევრია ყველა კუთხით. ჩემი აზრით, მერდოკის გმირი სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ მსგავსი შედევრი შექმნას, შედევრი, რომელსაც ყველა მიიღებს, ყველა წაიკითხავს. ვფიქრობ, შექსპირის გავლენა ამ რომანს კიდევ უფრო პოპულარულს ხდის, თითქოს შექსპირია ამ რომანის მასაზრდოებელი; მისი დამსახურებაა ის ღირებულებანი, რომლებიც რომანს აქვს. თუმცა, ურიგო არ იქნება, თუ თავად მერდოკის შეხედულებაზე ვისაუბრებთ შექსპირთან და, კერძოდ, ჰამლეტთან დაკავშირებით. იგი მაიკლ ბელანისთან საუბრისას  აღნიშნავს: „შავი პრინცი“, რა თქმა უნდა, „ჰამლეტი“ არ არის, ეს ისე, სხვათაშორის. მე არა ვარ შექსპირის კრიტიკოსი, მაგრამ ნამდვილად ვგრძნობ შექსპირის არსებობას იმ პიესაში, როგორც შიშით გამოწვეულ ემოციურ აღტაცებას, რაღაცას, რაც ხდის მას, ფაქტობრივად, საკმაოდ საშიშ პიესად“ [Bellany, 1977: 132].

  როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბრედლის უყვარდება მასზე ბევრად პატარა გოგონა. რის მიღწევა სურს ბრედლის ამ სიყვარულით? ჭეშმარიტია მათი სიყვარული? ვფიქრობ, ბრედლი მახეში გაება. ფრენსის მარლოუსთან საუბრისას, როდესაც მას თავისი სიყვარულის ამბავს გაუმხელს, იგი ამბობს: „ჭადრაკის თამაშში შავ მბრძანებელთან შესაძლოა, მე გავაკეთე საბედისწეროდ ცუდი სვლა“ [Murdoch, 2003: 244].  ამ ციტატის წაკითხვის შემდეგ ვგრძნობთ, რომ ჩვენს გმირს ეშინია, იგი ახსენებს სიტყვა საბედისწეროს, იქნებ, მართლაც, საბედისწერო გახდეს მისთვის ჯულიანის შეყვარება. ბრედლი ამ თამაშში ისე გაება მახეში, რომ ვერ შეამჩნია.  ვერ ხვდება, ოდესმე მაინც თუ შეძლებს თავის დაღწევას. თუმცა სწორედ ეს „სასიყვარულო თამაში“ მიიყვანს მიზნამდე. ავტორი ამდენს იმიტომ საუბრობს სიყვარულის შესახებ, რომ მას სწამს ამ გრძნობის და იმის, რომ ეს გრძნობა მთავარია ადამიანის ფეხზე წამოსადგომად, რათა გააგრძელოს არსებობა და არაფერსა და არავის შეუშინდეს. ეს გრძნობა კარგად დაანახვებს ადამიანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სიმართლე; სიმართლე, თავისუფლება, რომელთა მოპოვება რომანის გმირს სჭირდება. მან უნდა მოახერხოს და შეძლოს გამკლავება ბნელ და ბოროტ ძალებთან, იმისათვის რომ თავიდან აიცილოს ყოველგვარი უბედურება. ასეთი პიროვნება აუცილებლად შედგება წარმატებულ ხელოვანად; ასეთი ხელოვანი კი საკუთარ თავსაც გამოადგება და საზოგადოებასაც.

  მერდოკის დროინდელი საზოგადოება განიცდიდა ხელოვნების ნიმუშების ნაკლებობას; ეს ხალხი საზრდოობდა ისეთი ლიტერატურით, რომელსაც ბრედლის მეტოქე არნოლდ ბაფინი წერდა. საზოგადოება მის რომანებს კითხულობდა, საკმაო პოპულარობით სარგებლობდა ეს მწერალი ხალხში. ამგვარად, ადვილი მისახვედრია, რომ პრობლემა საზოგადოებაშია, ხალხის მასაა დაბრმავებული. თავად საზოგადოებას სჭირდება გამოფხიზლება.  რატომღაც რომანიდან ჩანს, რომ თითქოს ბრედლი ხვდება ამ პრობლემას, მაგრამ არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, ისიც ხომ ამ თავისუფლებადაკარგული საზოგადოების წევრია.

  მერდოკი  ახერხებს და ნათლად წარმოგვიჩენს სიყვარულსა და ხელოვნებას შორის კავშირს. მან შექმნა სასიყვარულო რომანი და, თავის მხრივ, ეს სასიყვარულო თავგადასავალი ბოლოს ხელოვნების ნიმუშად, შედევრად აქცია. მერდოკს აშკარაა, სწამს, რომ სიყვარული მოტივაციას ბადებს ადამიანში. რის მოტივაცია შეიძლება იყოს ეს? თუ არა იმისა, რომ ხელოვანს თვალი აუხილოს, დაანახოს ახალი სამყარო,  სიმართლის გზა თავისუფლების საპოვნელად. ასეთი სიყვარული შესაძლებელია გახდეს შთაგონების წყაროც.

  თუკი გავითვალისწინებთ ბახტინის მოსაზრებას, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ „შავი პრინცი“ სულაც არ წარმოადგენს მთავარი გმირის მონოლოგს. პირიქით, ეს უფრო დიალოგია, დიალოგი საზოგადოებასთან, რომანის პერსონაჟებთან. ერთი და იგივე აზრი სხვადასხვა კუთხითაა გადმოცემული, რაც ასე მნიშვნელოვანია რომანის უკეთ გასაგებად. ასე რომ, აშკარაა მერდოკის სათქმელი – ყველამ უნდა გავაკეთოთ რაღაც მცირე მაინც, რომ ვეზიაროთ ჭეშმარიტებას.

  მთელი რომანის მანძილზე ბრედლი გამუდმებით რაღაცას ეძებს, სურს, გაიგოს, რატომ ვერ ახერხებს და ვერ ქმნის რომანს, რატომ უჭირს ამის გაკეთება, მაშინ როცა მისი თანამედროვე არნოლდ ბაფინი წარმატებული ხელოვანია. ბრედლი რომანის წინასიტყვაობაში აღნიშნავს: „კარგი ხელოვნების ნიმუში გადმოსცემს ჭეშმარიტებას, ნამდვილად ჭეშმარიტებას და შესაძლოა ერთადერთ ჭეშმარიტებას“[Murdoch, 2003: 3]. რა გამოდის ამ ყველაფრიდან? მხოლოდ ერთი რამ იკვეთება, რომ სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს მწერალი, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. ვფიქრობ, ბრედლი თანდათან იმეცნებს იმ აზრს, რომ უნდა შეასრულოს მთავარი პირობა იმისათვის, რომ გახდეს წარმატებული მწერალი. ბრედლის რომანი, მხოლოდ და მხოლოდ, სიმართლის მღაღადებელი იქნება. თუმცა არნოლდი ანტიპოდია ბრედლისა, ის არც სიმართლეს ეძებს და არც არაფერს. მისთვის მთავარია ისეთი ნაშრომი შექმნას, რომელიც მას დიდ მოგებას მოუტანს. ბრედლი ამ აზრამდე მეტ-ნაკლებად ჯულიანთან ურთიერთობამ მიიყვანა და მასთან გარკვეული ურთიერთობის შემდეგ წერს კიდეც: „ხელოვნებას კავშირი აქვს სიმართლესთან არა უმთავრესად, არამედ აბსოლუტურად. ეს სიმართლის სხვა სახელია. ხელოვანი სწავლობს სპეციალურ ენას სიმართლის გადმოსაცემად...“[Murdoch, 2003: 56]. „ხელოვნება ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა გარკვეული სიმართლის გადმოსაცემად“[Murdoch, 2003: 72].

  ყველა ხელოვანი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, განიცდის თავის წარუმატებლობას და, ალბათ, ეძებს მიზეზებს იმისა, თუ რამ განაპირობა ეს. ბრედლი მეცოდება მისი უსუსურობის გამო, მას გულით სურს შედევრის შექმნა, მისთვის ხელოვნება წმინდაა, განსაკუთრებულია. მან იცის, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი უნდა ჰქონდეს, სიტყვებით მდიდარი ენა უნდა შექმნას, ისეთი, რომელიც ხალხს მოეწონება, ხალხამდე მივა. თუკი ხელოვანს არ აქვს წარმოსახვის ნიჭი, ფანტაზიის უნარი, ის ვერაფერს ვერ მიაღწევს და უბრალოდ ცარიელი სიტყვების რახარუხი იქნება. ბრედლი წერს: „ხელოვნება წარმოსახვაა. წარმოსახვა იცვლება, ირევა. წარმოსახვის გარეშე ერთ მხარეს გაქვს სულელური დეტალები, ხოლო მეორე მხარეს – ცარიელი ოცნებები“[Murdoch. 2003: 42].

  ყველასთვის ცნობილია, რომ პლატონი ხელოვნებას, ესთეტიზმს გულგრილად ვერ უყურებდა. სულ ძიებაში იყო. სურდა, ამოეხსნა ამ ცნებების საიდუმლოებანი. პლატონისათვის მთავარი ხელოვნება იყო. აქედან იწყებოდა მისთვის ყველაფერი. ცნობილია პლატონის გამონათქვამი ხელოვნებაზე, რომ ხელოვნება სხვა არაფერიამ თუ არა მიბაძვა. აშკარაა, მერდოკი ამას არ იზიარებს და ეს არ ჩანს მისი გმირის ქმედებებში.

  ხელოვნებაზე საუბარი არ შედგება თუ მის გვერდით არ ვახსენებთ მორალს, ზნეობას, იმ მაღალ მატერიებს, რომლებზეც ხალხი უძველესი დროიდან იზრდებოდა. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, ვინაიდან ზნეობა გულისხმობს ესთეტიზმის აღქმას. „ხელოვნება არა მხოლოდ ამდიდრებს ჩვენს ზნეობრივ გაგებას, არამედ უკეთესსაც გვხდის“[Murdoch, 1970: 77]. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ხელოვნება გენიალურია, ის უამრავ რამეს მოიცავს საკუთარ თავში; სად მიგვიყვანს ზნეობა და მორალი? უდავოა, რომ ჭეშმარიტებამდე. სწორედ ჭეშმარიტება და სიმართლე ძალიან გვაკლია და გვჭირდება. ბრედლი ნაწარმოების ბოლოს უკეთ გრძნობს თავს, მართალია ოთხ კედელს შორისაა გამომწყვდეული, მაგრამ ახერხებს საკუთარი თავის პოვნას, თავს აღწევს მარტოობას. თითქოს, ფიქრობ, რა ძალა ადგა, ეს მანამდეც ხომ შეეძლო გაეკეთებინა და მოეხერხებინა თავისუფლებასთან ზიარება, ნუთუ ციხეში უნდა წასულიყო? ალბათ, ასე იყო საჭირო.  აქაც ერთგვარი ირონია იგრძნობა, ბრედლიმ თავისუფლება ციხეში იპოვა.

  ბრედლიმ მოახერხა ხელოვნების გზითა და საშუალებით ეპოვა უკეთესი ცხოვრება. იქნებ, ხელოვნება მართლაცდა ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც უამრავი სიძნელის მიუხედავად, სინათლე და შვება მოაქვს. შეგრძნება იმისა, რომ ოდესმე მაინც ეზიარები ხელოვნებას და შეიმეცნებ მას, ადამიანს უფრო მეტ ძალას მატებს. ალბათ, სიმართლეა მერდოკის ნათქვამი, რომ ხელოვნება უფრო ღრმა და ამოუცნობი ფენომენია, ვიდრე – ფილოსოფია. ეს მერდოკმა ნამდვილად იცოდა; მერდოკი უდიდესი ფილოსოფოსი იყო, თუმცაღა, როგორც ჩანს, ლიტერატურა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. ლიტერატურა ადამიანს ჭირში ამაგრებს, უფრო გასაგებია, უფრო დიდია, ალბათ ამიტომაცაა, რომ ბრედლის სწორედ ლიტერატურის საშუალებით სურს, გადმოსცეს ძირითადი სათქმელი ისე, რომ ამას ყველა მარტივად მიხვდეს.

  მერდოკი არაერთ ესეში განიხილავს კარგი და ცუდი ხელოვნების რაობას; მისთვის ცუდი ხელოვნება ყველაფრის დამარცხებაა, უფრო მეტად კი სიყვარულისა, გრძნობისა, რომელიც ასე სჭირდება ყველა ხელოვანს. კარგი ხელოვნების ნიმუშის შექმნა კი ახალ სიყვარულს ბადებს, ახალ სიცოცხლეს, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ სხვა ნიმუშების შექმნას დაუდებს საფუძველს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. თუ ეს არ გაგრძელდა და გაიყინა ერთ ადგილას, მაშინ აღარ იქნება არც სიყვარული, არც სიმართლე, არც თავისუფლება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც ხელოვნება. შედეგად მივალთ სიკვდილის პირას, რაც არ უნდა დავუშვათ, პირიქით, ყველა ცოცხალ არსებაში უნდა არსებობდეს გრძნობა, რომლის გამოც იგი შეუძლებელს შეძლებს, რომლითაც იგი ლამაზი გახდება. მერდოკს ალბათ იმის თქმა სურს, რაც ფაულზმა „კოლექციონერში“ ბრძანა: „თქვენი გზა სიყვარულის ხელოვნებაა და არა ხელოვნების სიყვარულიო“[ფაულზი, 2013:234].  ალბათ ეს ფრაზა ზუსტად გადმოსცემს ბრედლის საქციელს მთელი რომანის მანძილზე. ეს ორივე თვისება თუ შეგრძნება გამოხატულია ამ რომანში. „სიყვარულის ხელოვნებასთან“ ზიარება გახდა პირობა „ხელოვნების სიყვარულთან“ ზიარებისა. ბრედლი ამ ყველაფერს ეზიარება, ის ბედნიერი ადამიანია, ამას ყველა ვერ ახერხებს. ხელოვნება ყველა სხვა დანარჩენზე მაღლა დგას, ეს გვერდითი მოვლენა არ არის. ხელოვნების ნიმუში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომანი, ყველაფერს მოიცავს თავის თავში. ხელოვნებასთან ზიარება მორალთან ზიარებასაც ნიშნავს. რა არის ამ ორი ცნების ამოსავალი წერტილი? ისევ და ისევ – სიყვარული, რომელიც ძნელად მიიღწევა, და რაც ძალიან კარგად იცის ბრედლიმ, მაგრამ, ალბათ, სწორედ ამ სირთულის გადალახვაა ხელოვნება. კარგი ხელოვნება საშუალებას იძლევა, დავაფასოთ ადამიანები, უკეთ გავითავისოთ მათი პრობლემები. ლიტერატურა სწორედ ამის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც სხვის გასაჭირს გვანახებს, გვასწავლის ცხოვრებას, არჩევანის საშუალებას გვაძლევს, ადამიანის შინაგან სამყაროს გვაჩვენებს, რასაც ხელოვნების არც ერთი დარგი ისე ოსტატურად არ აკეთებს, როგორც ლიტერატურა; თუმცა ეს ნათქვამი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მხატვრობა და თეატრი ამას ვერ აკეთებს. მაგრამ იმისათვის, რომ რეჟისორმა კარგი სპექტაკლი შექმნას, მას სჭირდება ხელოვნების ნიმუში ანუ კარგი რომანი, რათა პერსონაჟების სცენაზე გაცოცხლება მოახერხოს. ლიტერატურა გვთავაზობს გზებს, რათა ვიყოთ უფრო მომთმენნი, უფრო შემწყნარებელნი, ზედმეტად არ ვაკრიტიკოთ სხვები, მაშინ როცა თავად ვიმსახურებთ ამას.

  დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სტატიაში ნათლად არის გამოკვეთილი მე-20 საუკუნის პრობლემა, რომელიც ძირითადად ადამიანის გაუცხოებაში მდგომარეობს. მერდოკს კარგად აქვს გაცნობიერებული ამ საუკუნის ტკივილი, ადამიანის ჭირ-ვარამი. მერდოკი ნოვატორია, მან თავისი დროის მწერლობაში წერის ახალი სტილი დანერგა, რაც გამოხატულია იმით, რომ არა მარტო პრობლემაზე საუბრობს, არამედ გვთავაზობს მისგან დახსნის საშუალებას.

  მერდოკმა მოახერხა და თავისი გმირის, ბრედლი პირსონის, დახმარებით არსებული პრობლემები მოგვარებადი გახადა. მერდოკი ახერხებს და „ბადეში გაბმული“ საზოგადოების ხსნის გზებს გვთავაზობს და იქვე გვაფრთხილებს, რომ ამისათვის ბრძოლა, მოქმედებაა საჭირო; სხვა შემთხვევაში ისევ იმ ჭაობში დავრჩებით და ბოლოს შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ გამოსავალი აღარც კი არსებობდეს.

   ამ რომანის განხილვისას ნათლად გამოიკვეთა  ხელოვნების არსებობის აუცილებლობა; მერდოკთან ცხოვრების ამ ურთულეს ცნებას  წილად ხვდა უდიდესი მისია, ხელოვნებამ უნდა გადაარჩინოს საზოგადოება, რომელიც მთლიანობაში ბრბოდ არის გადაქცეული.  ხალხმა რწმენა უნდა დაიბრუნოს, რწმენა უკეთესი მომავლისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ მივაღწევთ. წარსულზე ტირილი არ არის გამოსავლი, არც აწმყოში ერთ ადგილზე გაყინვა, მოქმედება – აი, რას შეუძლია შექმნას ისეთი საზოგადოება, რომელშიც ყველა ბედნიერი იქნება. მერდოკისთვის მთავარია, ადამიანმა იგრძნოს თავისუფლება, მიხვდეს, თუ რა უაზრობას წარმოადგენს ჩვენი ცხოვრება მის გარეშე. რომანში „ბადის ქვეშ“ ვკითხულობთ: „თავისუფლება ერთადერთი იდეაა“ [Murdoch,1982:27]. „შავ პრინცშის“ დასაწყისშიც ზუსტად იგივე აზრი გაიჟღერებს –„თავისუფლების გარეშე არ არსებობს ხელოვნება და სიმართლე“ [Murdoch, 2003: 11]. ამ აზრსვე ახმიანებს მერდოკი რომანში „ზღვა, ზღვა“, სადაც „ზღვა ხელმიუწვდომელი თავისუფლების სიმბოლოა“ [Murdoch, 1978: 263].

  მერდოკი უდიდესი ხელოვანია, მან თავისი გმირების მაგალითზე ისე ოსტატურად, ისე ლამაზად და ისე შეფარვით შეგვამეცნებინა და გვაზიარა ხელოვნების იდეას, რომ ძნელია, გვერდი აუარო, ყურადღება არ მიაქციო მის ნააზრევს. ბოლოს შედეგად ვიღებთ იმას, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდა დანებდე, რწმენა, იმედი, სიყვარული არ უნდა დაკარგო. მერდოკის რომანებში ყველგან იგრძნობა იმედი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბოლო სიტყვას კი მერდოკი ყოველთვის ჩვენ, მკითხველს გვიტოვებს.

ლიტერატურა

Byatt A.S.
1970
Degrees of freedom. The novels of Iris Murdoch. London: Chatto&Windus.
Murdoch I.
2003
The Black Prince. Penguin books.
Murdoch I.
1982
Under the Net. Penguin books.
Murdoch I.
1978
The Sea, the Sea. Penguin books.
Turner J.
2011
Iris Murdoch, and the good psychoanalyst. The 20th-century literature.
Todd R.
1979
Iris Murdoch. The Shakespearean interest. London: vision press.
Bayley J.
1999
Iris and friends. London: Duckworth.
Conradi P.
1986
Iris Murdoch. The saint and the artist. Macmillan.
ფაულზი ჯ.
2013
„კოლექციონერი“. დიოგენე, თბილისი.
გელაშვილი მ.
2012
An article about the Black Prince: Intertextuality and Heteroglossia. წახნაგები, თბილისი.
Murdoch I.
1992
Metaphysics as a guide to morals. New York: Penguin books.
Murdoch I.
1987
Sartre: Romantic Rationalist. Penguin books.