თიხის სანელსაცხებლეები ურბნისიდან

შესავალი ნაწილი

  ქარელის მუნიციპალიტეტში, გორიდან 12 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს სოფელი ურბნისი, სადაც 1953 წელს დაიწყო არქეოლოგიური სამუშაოები და 1963 წლისათვის უკვე აღმოჩენილი იქნა 270-ზე მეტი სამარხი და სამარხის 24 ნაშთი. სამარხეული მასალა სხვადასხვა პერიოდს მოიცავდა,  XXV უბანზე აღმოჩენილი სამარხების უმეტესობა კი გვიანანტიკურ ხანას მიაკუთვნეს [ქორიძე, 1965:1].

  სამაროვანზე აღმოჩენილ მასალაში ყურადღება მიიქცია თიხის თითისტარისებური ფორმის სანელსაცხებლეებმა, რომელთა ფორმაც ახ.წ. I-III საუკუნეებისთვის მეტად უჩვეულოა. ჭურჭლები ტიპოლოგიურად ერთმანეთის მსგავსია, თუმცა თიხის ფაქტურით ერთმანეთისგან განსხვავდება. თიხის სანელსაცხებლეებიანი სამარხების (NN136,245,205,230)  აღნაგობა  პრინციპულად ერთნაირია: ხის ძელებით შემოფარგლულ სამარხ ორმოებში მიცვალებული ზურგზეა დასვენებული. მხოლოდ ერთ შემთხვევაში, N136 ბავშვის სამარხი-ორმო ალიზით ყოფილა ამოლესილი. ამავე სამარხში დაზიანებული ჩონჩხის გამო ვერ შეძლეს დაედგინათ  მიცვალებულის პოზა.

სამარხეული კომპლექსები და ინვენტარი

სამარხი N136  აღმოჩნდა N127 სამარხის ქვეშ თხრილის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, 2,3 მეტრის სიღრმეზე, მიცვალებული დამხრობილი იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთით. თიხის სანელსაცხებლე (ტაბ. 1; ინვ. N 1-60:2853) ჩონჩხის მენჯთან დაფიქსირდა და ბავშვის სამარხის ერთადერთ ინვენტარს წარმოადგენდა [ქორიძე, 1965:42]. თითისტარის ფორმის სანელსაცხებლე ღია ვარდისფერი თიხისაა, პროფილირებული ბაკოთი, ყელი უშუალოდ გადადის  ელიფსური ფორმის მუცელში, რომელიც მაღალ გამოყვანილ ქუსლს ეყრდნობა, ქუსლი შეღრმავებულია. ძირს ცენტრში  კოპი აქვს. ქუსლს გარშემო შემოუყვება ირგვლივი ღარი. ჭურჭლის მთელ ზედაპირზე  ჩანს ჩარხის კვალი. ჭურჭლის სიმაღლე 21 სმ, პირის დიამეტრი 2,8 სმ, მუცლის დიამეტრი 5,4 სმ, ძირის დიამეტრი 4,6 სმ.

1

  მსგავსი ფორმის სანელსაცხებლე აღმოჩენილია საბერძნეთში ელინისტური ხანის სამარხში ათენის აგორაზე.  ჭურჭელი თავისი მოხდენილი ტანის პროპორციებით თარიღდება ძვ.წ. III-II საუკუნეებით [Anderson-Stojanović, 1987:109].

სამარხი N245 აღმოჩნდა N242 სამარხის ქვეშ  VI თხრილის ცენტრალურ ნაწილში 1,4 მეტრის სიღრმეზე. მიცვალებული დამხრობილი იყო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან  სამხრეთ-დასავლეთით.

  სამარხში მხოლოდ სანელსაცხებლეები აღმოჩნდა, მათგან ერთი თიხისაა, ხოლო სამი თავისუფლად გამობერილი მინისგანაა დამზადებული.

  თითისტარისებური სანელსაცხებლე  (ტაბ. 2; ინვ. N 1-62:3978) ჩონჩხის მარჯვენა ხელთან აღმოჩნდა. იგი  მოწითალო ფერის თიხისგანაა დამზადებული, პირი გადაშლილი,  ბაკო პროფილირებული, ყელი მაღალი, დაწეული ელიფსური ფორმის მუცელი მკვეთრად გამოყოფილ, მაღალ ქუსლში გადადის. ჭურჭელს ზედაპირზე უსწორმასწორო ირიბი კონცენტრული ზოლები შემოუყვება. ყელის შიდაპირზე წერნაქის, ხოლო მუცელზე გაპრიალების კვალი შეინიშნება. სიმაღლე 19 სმ, პირის დიამეტრი 3,7 სმ, ყელის დიამეტრი 2,7 სმ, მუცლის დიამეტრი 6 სმ, ძირის დიამეტრი 4 სმ.

2

  N245 სამარხში აღმოჩენილი მინის სანელსაცხებლეები დათარიღებულია ახ.წ. I-II საუკუნეებით [საგინაშვილი, 1970:75-76,85; კატ. NN135,140,189].

სამარხი N205  IV თხრილის აღმოსავლეთ ნაწილში, 1,8 მ სიღრმეზე აღმოჩნდა. მიცვალებული დასვენებული იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ახლდა ორი თიხის სანელსაცხებლე. მათგან ერთ-ერთი (ტაბ. 3; ინვ. N1-62:3722) ჩონჩხის მარცხენა წვივის პარალელურად იყო დაწვენილი. სანელსაცხებლე ღია ჩალისფრად (თითქმის თეთრად) გამომწვარი თიხისაა, პირმოყრილი, ბაკო პროფილირებული,  ყელმაღალი, ელიფსური, წაგრძელებული ფორმის მუცლით, ღარით გამოყოფილი მაღალი  ქუსლით, ძირშეღრმავებული. ჭურჭელს ეტყობა ჩარხზე დამზადების შედეგად ტალღოვანი ხაზები. წითელი ფერის საღებავია ჭურჭლის ყელის შიდა მხარეს და პირის ზედაპირზე. ჭურჭლის ტანზე ალაგ-ალაგ შერჩენილია საღებავის კვალი. სიმაღლე 24,8 სმ, პირის დიამეტრი 3,7 სმ, მუცლის დიამეტრი 7 სმ, ქუსლის დიამეტრი 4,8 სმ.

3

თიხის მეორე სანელსაცხებლე (ტაბ. 4; ინვ. N1-62:3723) ფეხებთან განივად იყო დაწვენილი. იგი წითლად გამომწვარი და გაპრიალებულია. ბაკო პროფილირებული აქვს, ყელი ცილინდრული და მაღალი, ტანი ელიფსოიდური, ქუსლი წაკვეთილი კონუსის ფორმისა, ყელი ტანისაგან ოდნავ შესამჩნევი ღარით გამოყოფილი. ბაკოზე მუქი წითელი საღებავის კვალი შეიმჩნევა. ტანი აღდგენილია, ნაწილები  აკლია. სიმაღლე 24,4 სმ, ქუსლის სიმაღლე 2,5 სმ, პირის დიამეტრი 4,5 სმ, მუცლის დიამეტრი 7,4 სმ, ქუსლის დიამეტრი 5,0 სმ.

4

  მიცვალებულს ახლდა მინის ორი  სანელსაცხებლე, მათგან ერთი (ინვ. N1-62:3724) ფორმაში გამობერილია და ვერტიკალური კანელურებითაა შემკული. ჭურჭელს სირიულ იმპორტად მიიჩნევენ და ახ.წ. I საუკუნით ათარიღებენ [საგინაშვილი, 1970:12, 50, კატ. N4]. სამარხში აღმოჩენილი თავისუფლადგამობერილი მინის ჭურჭლები (ინვ. N1-62:3725) მ. საგინაშვილმა ახ.წ. I-II საუკუნეებით დაათარიღა [საგინაშვილი, 1970:74, კატ.N132]. ამ თარიღს ეთანხმება აქვე აღმოჩენილი გლიპტიკური ძეგლები, რომელთა შორისაა ინტალიო ღვთაება ნიკეს გამოსახულებით, ათენას და ფორტუნას ატრიბუტებით [ჯავახიშვილი, 1972:35].

მიცვალებულს აგრეთვე ახლდა ბრინჯაოსგან დამზადებული: ფირფიტოვანი ნივთის ფრაგმენტები (ინვ. N1-62:3727),  ღეროვანი ნივთი სამკუთხა, გაბრტყელებული ბოლოთი,  სოლისებური ფორმის, ბასრი პირით (ინვ. N1-62:3728), სარკე ტყვიის სახელურის ნატეხებით (ინვ. N1-62:3726) და მინიატურული ზარაკები (ინვ. N1-62:3729), რომელთაგან ერთი კონუსური ფორმისაა, ორს ზემო ნაწილი მომრგვალებული აქვს. სამარხის დანარჩენ ინვენტარს გიშრის, პოლიქრომიული მინის, პასტის, ბრინჯაოსა და ბროლის მძივები და მძივსაკიდები (ინვ. N1-62:3733) შეადგენს.

  სამარხი N230  V თხრილის შუა ნაწილში 1,7 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა. სამარხი დამხრობილი იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთით. სამარხში აღმოჩნდა 23 სანელსაცხებლე ჭურჭელი, მათგან ერთი თიხის, ხოლო დანარჩენი – მინისა.

  თიხის სანელსაცხებლე (ტაბ. 5; ინვ. N1-62:3879) მარცხენა ბარძაყის შუა ნაწილის გასწვრივ იყო დაწვენილი. ჭურჭელი მოყავისფროდ გამომწვარი თიხისაა, აქა-იქ მოწითალო და მოშავო ლაქებით, გადაშლილი პირით, პროფილირებული ბაკოთი, მაღალყელიანი, ოვალურმუცლიანი და მაღალქუსლიანი. ქუსლი შეღრმავებულია. ყელსა და მხრებს ოდნავ შესამჩნევი ირგვლივი ღარები შემოუყვება. ჭურჭლის სიმაღლე 22,5 სმ, პირის დიამეტრი 4,1, ძირის დიამეტრი  4,6 სმ.

5

  N230-ე სამარხში აღმოჩენილია როგორც ფორმაში გამობერილი, ისე თავისუფლადნაბერი მინის ჭურჭელი, რომელთა უმეტესობა მინიატურულია. ფორმაში დამზადებული მოყავისფრო მინის ორყურა ამფორისკოსი (ინვ. N1-62:3897) ახ.წ.  I საუკუნის პირველი, უფრო კონკრეტულად მეორე ნახევრით თარიღდება [საგინაშვილი, 1970:49, კატ. N2; 4,156; 7, 57, ტაბ. XLI, 5]. აქვე აღმოჩენილი მინის ბოთლის, ე.წ. კუბიკოსის (ტაბ. VI 2, ინვ. N 1-62:3890) მსგავს ჭურჭლებს მკვლევართა ნაწილი ახ.წ. I-II [Fleming, 1999:62], ნაწილი კი – ახ.წ. II საუკუნით ათარიღებენ [Vanderhoeven, 1961:65, ტაბ. XV], თუმცა საგინაშვილი მას სამარხეული ინვენტარის მიხედვით უფრო აძველებს [საგინაშვილი, 1970:19]. სამარხში აღმოჩენილი გლიპტიკური ძეგლები ვერცხლის ბეჭედში ჩასმული გრანატის ინტალიოა (ინვ. N1077ა), ბრინჯაოს ბეჭედში ჩასმული სარდიონ-ფრცხილის ინტალიო მორბენალი ძაღლით (ინვ. N1076), რკინის ბეჭედში ჩასმული სარდიონ-ფრცხილის ინტალიო, რომელზეც ხელისჩამორთმევაა გამოსახული (ინვ. N1078) და რკინის ბეჭედში ჩასმული სარდიონის ინტალიო ათენას  გამოსახულებით (ინვ. N1075) მინის ჭურჭლის თარიღს შეესაბამება და ახ.წ. I-II საუკუნით თარიღდება [ჯავახიშვილი, 1972:33-34].

  მიცვალებულს ახლდა: რკინის ბეჭედი (ინვ. N1-1962:3922) და ოთხწახნაგა სადგისი (ინვ. N1-1962:3906), ბრინჯაოსგან დამზადებული: ორთვლიანი ბეჭედი (ინვ. N1-62:3904),  საკინძები (ინვ. NN1-1962:3907, 1-1962:3908), კოვზი (ინვ. N1-1962:3909), ჯაჭვი, რომელზეც ასხმულია მინის მოოქრული მძივები (ინვ. N1-1962:3919), სარკე და ზარაკები, ძვლის ფირფიტოვანი ნივთის ნატეხები  (ინვ. N1-1962:3921), აქატის, გიშრის, სარდიონის, მინის, ბროლის და ფაიანსის მძივსაკიდები, სავარაუდოდ, ტყავის ნაჭერზე მიმაგრებული მძივები (მათ შორისაა ოქროფენილი მძივები) (ინვ. N1-1962:3920) და ზღვის ნიჟარები (ინვ. N1-1962:3923).

  ზარაკები ანტიკური ხანის არქეოლოგიური კომპლექსების ერთ-ერთი გავრცელებული ნივთია. N230 სამარხში აღმოჩენილი ზარაკებიდან სამი ვერცხლისაა (ინვ. N1-1962:3914), რომელთაგან ორი ბრინჯაოს სამაჯურზე იყო აცმული. სამარხში აღმოჩენილია აგრეთვე კონუსური, გუმბათისებური, დაფანჯრული (ინვ. NN1-62:3915, 1-1962:3916, 1-1962:3917, 1-1962:3918)  ბრინჯაოს ზარაკებიც.

  N230 სამარხში აღმოჩენილ მძივებს შორისაა ეგვიპტური ფაიანსის ამფორა-საკიდი (ინვ. N1-62:3910), რომელიც ე. ალექსეევას  კლასიფიკაციის  82-ე ტიპს შეესაბამება და მათი აღმოჩენა ხშირია  ძვ. წ. I – ახ. წ. II საუკუნის სამარხეულ კომპლექსებში [Алексеева, 1975:46]. ახ.წ. I საუკუნით დათარიღებულ ძეგლზე, დედოფლის გორაზე, აღმოჩენილი და შესწავლილია ანალოგიური საკიდები [გოგიბერიძე, 1999:106-114]. მოზაიკური ტექნიკით დამზადებული პოლიქრომული მძივები 415-ე ტიპში ექცევა და ძვ. წ. I – ახ. წ. II საუკუნით თარიღდება [Алексеева, 1982:38, ტაბ. 48-ის 16,17]. ამ თარიღს ეთანხმება აქვე ნაპოვნი მძივები მუქ მწვანე ფონზე ყვითელი ვარსკვლავით და  ვარსკვლავის ცენტრში წითელი წრით, რომელიც ამავე კლასიფიკაციის 485-ე ტიპს ესადაგება [Алексеева, 1982:43, ტაბ. 49-ის 4, 5]. ამგვარად, ამ ნივთების ყველა პარალელი ძვ.წ. I-ახ.წ. I საუკუნეების ფარგლებში თავსდება.

  საინტერესოა ამავე სამარხში აღმოჩენილი  ბროლის საკიდი (ინვ. N1-1962:3911), რომელიც ჩასმულია ბრინჯაოს ღეროებისაგან შედგენილ ბადეში.  ღეროები ზედა ნაწილში ერთმანეთზეა დახვეული და ქმნის ყუნწს. ცნობილია, შედარებით ადრეული, მსგავსი ტიპის საკიდები  [Максимова 1962:226-230]. ურბნისში აღმოჩენილი საკიდის ანალოგი ნაპოვნია დედოფლის გორაზე და  ზუსტად თარიღდება ახ.წ. I საუკუნით [Gogiberidze 2008, cat.N94]. ამდენად, სამარხეული კონტექსტი სამარხის თარიღის ახ.წ. I საუკუნის ბოლოთი განსაზღვრას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

 

დასკვნა

   სამარხთა განხილვამ გვიჩვენა, რომ სანელსაცხებლე ჭურჭელი დაკრძალვის რიტუალისთვის აუცილებელი ატრიბუტია.  N136 სამარხში სანელსაცხებლე ერთადერთი ნივთია,  N245 სამარხში ოთხი ნივთიდან ოთხივე (1 თიხის, 3-მინის), N205 სამარხში თორმეტიდან ოთხი  და N230-ში 44 ნივთიდან 23  სანელსაცხებლეა (1-თიხის, 22 მინის).

  თიხის სანელსაცხებლეების ტიპოლოგიურ-ქრონოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით ძვ.წ. V-II საუკუნეების ჭურჭლების ქუსლი უშუალოდ შემსხვილებული ტანისგან არის გამოყვანილი, ხოლო ძვ. წ. I - ახ.წ. III საუკუნეების თიხის სანელსაცხებლეები მსხლისებური ფორმისაა და ბრტყელი ძირი აქვს. ამ დროისათვის ისინი უკვე მინის ჭურჭლის მიბაძვით მზადდება [Алексеева, 1982:105-122]. ურბნული სანელსაცხებლეები ფორმით გამოირჩევა და არ თავსდება  ზემოხსენებული კლასიფიკაციის ტიპოლოგიურ და ქრონოლოგიურ ჩარჩოში. საქართველოში აღმოჩენილი ძეგლებიდან ყველაზე ახლო და თანადროულ ძეგლს ურბნისისთვის დედოფლის გორა წარმოადგენს, სადაც აღმოჩენილი თიხის სანელსაცხებლე ჭურჭელიც ბრტყელძირაა და საერთოდაც არ ჰგავს ურბნულ ჭურჭელს [Chanishvili, 2008:77-80]. 

  N136 სამარხში აღმოჩენილი თიხის სანელსაცხებლე (ტაბ. 1) წააგავს ძვ.წ.  II საუკუნით დათარიღებულ ვანის თიხის სანელსაცხებლეს, თუმცა ვანში აღმოჩენილი ჭურჭლის ძირი შედარებით ვიწროა [თოლორდავა, 1983: 75-76, კატ. N378]. ჭურჭელი თავისი ტიპოლოგიური ნიშნებით თითქოს შუალედური ფორმაა და აერთიანებს ელინისტური ხანის სანელსაცხებლეებსა და ურბნისში აღმოჩენილ ჭურჭლებს. სამარხში ჭურჭელს თანმხლები მასალა არ ახლდა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ის ძვ.წ. II საუკუნის შემდეგ დამზადდა და ურბნულ სანელსაცხებლეებს შორის ყველაზე ძველია. ამასთან, თიხის სანელსაცხებლეებიანი სამარხები შესაძლოა სამაროვნის ყველაზე ადრეული ჯგუფი იყოს, რამდენადაც მათში აღმოჩენილი ერთი ტიპის სანელსაცხებლეები  აგრძელებს ჭურჭლის დამზადების ელინისტურ ტრადიციას.

  რაც შეეხება ჭურჭლის წარმომავლობას, მათ ანალოგიებს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ. სანელსაცხებლეების ტიპოლოგიური მსგავსება და თიხის ფაქტურით განსხვავება გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ისინი სხვადასხვა სამეთუნეო ცენტრში დამზადდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დ. ქორიძე ჭურჭლებს ადგილობრივ ნაწარმად მიიჩნევს  [ქორიძე, 1965:52-53].

  ამრიგად, ჩვენ მიერ განხილული სამარხეული კომპლექსების თარიღი ძვ.წ. I – ახ.წ. I საუკუნეებით შეიძლება განისაზღვროს.

ლიტერატურა

საგინაშვილი მ.
1970
ურბნისის სამაროვნის მინის ჭურჭელი, „მეცნიერება“,თბილისი.
თოლორდავა ვ.
1983
თიხის სანელსაცხებლეები, ვანი VII, თბილისი.
Vanderhoeven M.
1961
Verres Romains (I-er 3-me siècle). Journèes Internationales du Verre, N69, Liége.
Максимова М. И.,
1962
Амулет из Горгиппии и так называемые «шарики-подвески», Советская археология, N2., академия наук СССР, Москва.
Anderson-Stojanović V.R.
1987
The chronology and function of ceramic unguentaria, American Journal of Archaeology, vol. 91, N1, Boston.
Chanisvili T.
2008
Iberia and Rome, The excavations of the palace at Dedoplis Gora and the Roman influence in the Caucasian kingdom of Iberia, Langenweißbach
გოგიბერიძე ნ.
1999
ეგვიპტური ფაიანსის ამულეტები დედოფლის გორიდან, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე 43-ბ, თბილისი.
ჯინჯიხაშვილი გ.
1980
ძვ. წ, I და ახ.წ. I ს. ქვევრსამარხები საყარაულო სერის სამაროვნიდან, თბილისი.
ჯავახიშვილი ქ.
1972
ურბნისის ნაქალაქარის გლიპტიკური ძეგლები, „მეცნიერება“, თბილისი.
ქორიძე დ.
1965
ურბნისის სამაროვანზე აღმოჩენილი გვიანანტიკური ხანის ძეგლების პერიოდიზაციის საკითხისათვის, (ხელნაწერი) თბილისი.
საგინაშვილი მ.
1982
შემთხვევით აღმოჩენილი მინის ჭურჭელი ურბნისიდან, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XXXVI-B, თბილისი.
Алексеева Е. М.,
1975
Античные бусы Северного Причерноморья, Археология СССР, Свод Археологических источников, вып. Г1-12., «Наука», Москва.