მტკვარ-არაქსის კულტურის ლოკალური განვითარების თავისებურება საყდრისის მაგალითზე
არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევითი სამუშაოები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ტარდებოდა, გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ ეს გეოგრაფიული არეალი კულტურული თვალსაზრისით უდავოდ უძველესია და მასზე გადიოდა ცივილიზაციების წარმოშობა-განვითარების ვექტორები. აქ მოსახლე კულტურათა მწარმოებლურ-სამიწათმოქმედო მეურნეობაში კულტურულ-სოციალური გარდატეხა მეტალურგიის დამკვიდრებასთან ერთად იწყება. ლითონის მოპოვება-დამუშავება-რეალიზებამ განაპირობება სოციუმის სოციალური დიფერენცირება და ახალი სავაჭრო თუ პოლიტიკური ურთიერთობების გაჩენა.
რეგიონიდან ლითონის გადინების შესახებ პირველი ცნობები ძველ ასურულ (ტიგლათფილასარ I, სალმანასარ I-ის ლაშქრობები) და ურარტულ (მეფეების მენუას, არგიშტ I, სარდურ II ლაშქრობები დიაოხსა და კოლხაში) წყაროებში გვხვდება, რასაც მოსდევს ძველ ბერძნებთან დაცული (სტრაბონი, ვალერი ფლაკი) არაერთი საყურადღებო ცნობა. ძველი ბერძენი ავტორები ახსენებენ მელითონე ტომებს: ხალიბებს, მოსინიკებს, მუსხებს, ტაოხებს. მიჩნეულია, რომ ბერძნულ ენაში დამკვიდრებული ლითონის შესატყვისი სახელი „ხალუპსი,” (χάλυψ – ფოლადი; χάλχος – სპილენძი, რკინა), ასევე ხალიბების, აღმნიშვნელი ტოპონიმი უნდა იყოს [ჯავახიშვილი, 1979:23]. გამოყოფენ ხალიბების განსაკუთრებულ უნარებს მდინარიდან სასურველი მადნის მიღების და მისგან ზემდგრადი, უჟანგავი, ვერცხლივით მბზინვარე ლითონის იარაღის დამზადების, აგრეთვე მადნის სამთო წესით, მაღაროებში, მოპოვების შესახებ [გიორგაძე, 1988:91].
უძველესი მეტალურგიის თაობაზე ჩვენი ინტერესი ბევრად კონკრეტულია – შეეხება ოქროს, ოქროს მომპოვებელ ხალხებს, მათი ცხოვრების წესს. ამ მხრივ ძველი ბერძნული ლიტერატურული ძეგლები, რომლებშიც ოქრომრავალ კოლხეთზეა საუბარი განსაკუთრებულ ყურადრებას იქცევს. აპოლონიოს როდოსელი „არგონავტიკაში” აღწერს კოლხი მეფის ძლევამოსილებას, მის განსაკუთრებულ განძს, ოქროს საწმისს [როდოსელი, 1975:117-123]. მდინარეული ოქროს მოპოვება-დამუშავებაზე მოგვითხრობს აპიანე [აპიანე,1959:103]. მადნების მოპოვების შესახებ ფრაგმენტულია ელინური პერიოდის და შუა საუკუნეების ცნობები. განსაკუთრებით სრულყოფილია XIX საუკუნის მონაცემები, როდესაც რუსეთის იმპერიის მკვლევრები იწყებენ უძველესი მაღაროების მოძიებას, სწავლობენ ადგილობრივი მელითონეების ცხოვრების წესს, ადგენენ მაღაროთა რენტაბელობას პრეისტორიული ხანიდან მოყოლებული XIX სს. ჩათვლით. იკვლევენ ლითონის საჭიროებას ადგილობრივი და საგარეო ბაზრების თვალსაზრისით [Абих, 1850:314-324].
XIX-XX საუკუნეებში განსაკუთრებული ინტენსივობით გამოკვლეული იქნა რაჭის მაღალმთიანი მონაკვეთი. აქ გამოვლინდა და აღიწერა 100-ზე მეტი მაღარო. შეფასდა მომპოვებელთა საქმიანობის სპეციფიკა და მადნის გადამუშავება-რენტაბელობის ხარისხი. ამ მაღაროთა უმრავლესობა აქტიურად გამოიყენებოდა შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში. მელითონე მადანს ზედაპირზევე პოულობდა და შემდეგ ეწეოდა მის დამუშავება-ექსპლუატაციას. პირველი, სადაც მადნის მოპოვების შახტურ მეთოდზეა საუბარი, ესაა ზემო სვანეთის ღულის 80 მ-იანი შტოლნა, საიდანაც გამოჰქონდათ სპილენძი. ყველა მეტალურგიული კერა თუ საბადო, წიდები, სადნობი ქურები და ერთეულ შემთხვევაში მათთან ერთად კერამიკული მასალა, რაც კი აქამდე მიკვლეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიულად იმ ეპოქას მიეკუთვნება, როცა მეტალურგია უკვე ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო იმ დროინდელ კულტურულ სამყაროში, მაგრამ ლითონის ნივთები ბევრად ადრე, ძვ.წ. VI_V ათასწლეულებიდან ჩნდება ქვემო ქართლისა და თრიალეთის ზეგანის სამარხებში[1]. ეს კი სავარაუდოდ, ბევრად ადრინდელი მეტალურგიული კერების არსებობას გვაფიქრებინებს.
მეტალურგიის საწყის ეტაპზე, თავდაპირველად მცირე კავკასიონის, ხოლო მოგვიანებით დიდი კავკასიონის საბადოების ათვისება ხდება. აღმოსავლეთ საქართველოში დღესაც აქტიურ სამთომომპოვებელ რეგიონს წარმოადგენს ბოლნისის რეგიონი, სადაც თანამედროვე გეოლოგიურ სამთო სამუშაოებს XXს. 80-იან წლებში ბიძგი სწორედ არქეოლოგიური არტეფაქტების სიუხვემ და მელითონეთა დასახლების აღმოჩენამ მისცა. ზედაპირზევე იყო მიმობნეული ქვის უროები და კერამიკა. სამწუხაროდ, ყველა ადრეული აღმოჩენა დღეს მოქმედი კარიერის მშენებლობას შეეწირა [Муджири, 1987:53]. ამავე პერიოდიდან იწყება რეგიონის არქეოლოგიური კუთხით შესწავლაც, მაგრამ სრული სიახლე იყო საყდრისის საბადოზე, ყაჩაღიანის ბორცვზე პრეისტორიული ოქროს სამთო მომპოვებელი არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენა. ერთია, ინფორმაცია ზოგადად ლითონის ნივთის შესახებ და მეორეა, უკვე მადნის მომპოვებელ-გადამამუშავებელი ობიექტისა და მომპოვებელთა დასახლების მიკვლევა.
თანამედროვე სამთო არქეოლოგია სამთო არქეოლოგების, სამთო ინჟინრების, გეოლოგებისა და სხვათა ერთობლივ კომპლექსურ კვლევას გულისხმობს. კომპლექსურობა იძლევა საშუალებას პასუხი გაეცეს ისეთ კითხვებს როგორებიცაა: როგორი ხასიათი ჰქონდა პრეისტორიულ ხანაში მეტალურგიას: შემოიფარგლებოდა იგი მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის სამყოფი ნედლეულის მიკვლევა-ამოღებით, იყო სპონტანური სეზონური, დროის მცირე მონაკვეთზე გათვლილი თუ მუდმივმოქმედი, ინტენსიური, დიდ ეკონომიკურ ბრუნვებზე ორიენტირებული და ა.შ. ყველა მკვლევარი, ვინც კი მსგავსი ობიექტების შესწავლით ოდესმე დაკავებულა, ხაზგასმით აღნიშნავდა სამთო-ობიექტების ბუნებრივ-ტექნოლოგიურ თავისებურებებს, დამუშავების დროსა და სივრცეში გაწელილ შესაძლებლობებსა და სამთო-მომპოვებელი-გადამამუშავებელი სამუშაოების ერთობლიობის აუცილებლობას [Боярский, 1997:8-17]. გაირკვა, რომ სინჯის აღების გარეშე, მეტალურგიის ადრეულ ხანაშიც კი, მადნის გამოღება არ ხდებოდა, თუ სინჯი მადანში ლითონის სასურველ რაოდენობას არ იძლეოდა, ძველი მეტალურგი ობიექტს ტოვებს და ბედს სხვა მისთვის უფრო მომგებიან ადგილას ცდის. საყდრისის მაღაროებთან, პირველადი გადამუშავების მოედნები იყო მოწყობილი. ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. პირველი ის, რომ პრეისტორიელი ადამიანი უფრთხილდება საკუთარ შრომას, და მეორე – იგი იცნობს მადნებს და ამუშავებს მხოლოდ იმ ობიექტებს, საიდანაც მეტ მოგებას ნახულობს. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს პროფესიონალ სამთოელებთან.
საყდრისის სამთო-მომპოვებელი ობიექტი. ბოლნისის მადნები შემადგენლობით რომ პოლიმეტალურია ადრიდანვე ყოფილა ცნობილი. აქ ერთმანეთს ერწყმის ვულკანური სულფიდების და ოქრო-ვერცხლის ეპითერმული საბადოები, რომლებიც ჰემატიტთან და კვარცთან ერთობლიობაშია წარმოდგენილი [ჰაუპტმანი... 2016:27-31]
საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვის არქეოლოგიური შესწავლა 2004-2005 წწ. დაიწყო. არქეოლოგები თავდაპირველად მხოლოდ წინა ეპოქებში მეტალურგების მიერ დატოვებული კვალის შესწავლით იყვნენ დაინტერესებულნი. საუბარი ოქროს მოპოვების, ან მაღაროთა სავარაუდო ასაკის შესახებ საწყის ეტაპზე არც ყოფილა. საწყისი კვლევებიდან ნათელი გახდა, რომ საყდრისის ბორცვის კვარცის ძარღვები ოქროს შეიცავს და პირველი აღმოჩენილი კერამიკული მასალაც ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურის კუთვნილებაა. საყდრისში მოძიებული მასალები და არტეფაქტები (მადანი, კერამიკა, სამთო იარაღი) ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ გამოვლენილი მაღაროები მცირე ინტერვალით, სავარაუდოდ, სეზონურად – გვიან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ოღონდ საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა.
საყდრისის გამონამუშევრების, ჯიბეებისა და ჩასასვლელების ეტაპობრივი გაწმენდა-გათავისუფლების დროს სამი ისტორიული პერიოდის – მტკვარ-არაქსის კულტურის, ელინისტური ხნისა და შუასაუკუნეების ეპოქის კერამიკული მასალა გამოვლინდა. აქედან 67% ეკუთვნის მტკვარ-არაქსის კულტურას. სამეცნიერო წრეებში მტკვარ-არაქსის კულტურით ცნობილი სოციალური ერთობა ფართო ტერიტორიას იკავებს და ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს დომინანტის როლს. პრეისტორიულ პერიოდში კულტურათა გაფართოების, მიგრაციისა და საერთო ნიშან-თვისებების ტერიტორულად დიდ მანძილზე გავრცობის მიზეზებს შორის, უპირველესად ეკონომიკური პრიორიტეტებისათვის საჭირო, სასურველი, ეკოლოგიური და გეოლოგიური გარემო უნდა ვივარაუდოთ. კულტურამ სერიოზული ძვრები განიცადა მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ლითონწარმოების, მეთუნეობის დარგებში, რასაც ტომთაშორის კავშირები უფრო შეკრული და ურთიერთდამოკიდებული უნდა გაეხადა. ამ ურთიერთსაჭიროებას უნდა შეეწყო ხელი ამიერკავკასიის და მისი მიმდებარე გეოგრაფიული არეალის საერთო კულტურულ-ისტორიული განვითარების საქმეში ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში და სწორედ აქ უნდა ვეძებოთ მიზეზი იმისა, რომ ასეთი სიხშირით სამხრეთ კავკასიის რეგიონი არ დასახლებულა არც ერთ სხავა ეპოქაში და არ ჰქონია მატერიალური კულტურის ასეთი ერთობა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მტკვარ-არაქსის კულტურას მიკუთვნებული საზოგადოებრივი გაერთიანება ქმნის საერთო სივრცით-კულტურულ-ისტორიულ ფენომენს [Археология, 1994.:146].
ჯერ კიდევ შესწავლის თემაა, თუ ვინ ჩაუყარა მას საფუძველი. ყველა მოსაზრება ამ კულტურის შემოქმედთა შესახებ (წინარე ქართველური ტომები - ო. ჯაფარიძე, პ. მუნჩაევი, გ. მელიქიშვილი, თ. გამყრელიძე, მ. გაჯიევი და სხვ., ინდოევროპული თუ ხურითულ-ურარტუული) ჯერ კიდევ ძალაში რჩება [Аексеев...1989:132-133]. აღსანიშნავია, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი სოციუმი ერთგვარად მარგინალია და ამავდროულად გააჩნია ყველა პირობა ცივილიზაციად გარდაქმნისა, ოღონდ მან ვერ მოახერხა ამ ზღვარის გადაბიჯება და სახელმწიფოებრივი სახის მიღება. სავარაუდოდ, სწორედ სოციალური ცვლილებებისათვის სრულყოფილად ფეხის ვერ აბმამ, გამოკვეთილი ქონებრივი ელიტის მხოლოდ ადგილ-ადგილ წარმოშობამ განაპირობა ის, რომ ერთ დროს პროგრესული, კულტურული ერთობა, რომელსაც შიდა ლოკალური განვითარების გამოკვეთილი მახასიათებლები გააჩნდა, სრულად ვეღარ ადაპტირდა. ითვლება, რომ მტკვარარაქსელთა შრომით საქმიანობაში წამყვანი როლი მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას უჭირავს [Риотровсккий, 1955:6; კიკვიძე, 1975:79], ამავდროულად იგი დამატებითი მეურნეობის სახით მონადირეობასა და მეთევზეობასაც მისდევს [ჯავახიშვილი...1965:46]. ამ ორი მიმართულების განვითარების შედეგად უნდა განვითარებულიყო ხელოსნობის ისეთი დარგები, როგორებიცაა: მეთუნეობა და მეტალურგია. წარმოქმნილიყო ვიწრო ხელობითი დარგები და სპეციალიზებული ხელოსანი. ხელოსნობა შრომის დანაწილების აუცილებლობას, გაცვლითი ურთიერთობების წარმოშობას, სპეციფიკური ურთიერთობების ჩასახვას, გაცვლითი კონტაქტების გაჩენას გულისხმობს [მინდიაშვილი, 1983:195], რასაც პარალელურ რეჟიმში მოსდევს გარკვეული გეოგრაფიული სივრცის კულტურული მონოპოლიზება, სადაც კულტურული უპირატესობა ეკუთვნის იმ ჯგუფს, ვის ხელშიცაა ტექნოლოგიური სიახლეები და ის ნედლეული, რაზედაც ეპოქა ქმნის მოთხოვნებს. სავარაუდოდ, ლითონი გახდა სწორედ ის წამყანი ნედლეული, რომლის მონოპოლიზებაც მტკვარ-არაქსის კულტურის საზოგადოებამ მოახდინა.
თანამედროვე კვლევების შედეგები. საყდრისის სამთო ობიექტზე აღმოჩენილი ქვის იარაღის მრავალფეროვნება და რაოდენობა აქ საზოგადოების ეტაპობრივ კონცენტრაციაზე მიგვითითებს. აქ აღმოჩენილი კერამიკული მასალა, ფრაგმენტულობის მიუხედავად, ქმნის შესაძებლობას როგორც რაოდენობრივად, ასევე თვისებრივად შეედაროს იგი საქართველოსა და მის მეზობლად არსებულ მტკვარარაქსულ სხვა ცნობილ ძეგლებზე მოპოვებულ არქეოლოგიურ არტეფაქტებს. საყდრისის კერამიკის ფორმა-დანიშნულებაზე საუბარი მხოლოდ სამთო ობიექტის გათხრისას გამოვლენილი არტეფაქტებით რთული იქნებოდა, რომ არა მისგან 2 კმ. დაშორებით სოფელ ბალიჭთან, ადგილ ძეძვებში, გამოვლენილი ე.წ. „ბალიჭი-ძეძვების“ მტკვარარაქსული ნამოსახლარი, სადაც ნამოსახლარებისათვის დამახასიათებელ არტეფაქტებთან ერთად აღმოჩნდა სამთო საქმისათვის საჭირო ინვენტარი: ქვის საფქვავები, სასრესები, სანაყები, ქურები და თიხის ტიგელები. ეს ორი არქეოლოგიური ობიექტი ფუნქციურად ერთმანეთთან დაკავშირებულია. ბალიჭი-ძეძვების ნამოსახლარსა და საყდრისის მაღაროს ერთ კომპლექსად მოაზრების ვარაუდის გასამყარებლად საყდრისის მაღაროს, ძეძვების ნამოსახლარის, აგრეთვე შიდა ქართლის ერთ-ერთ გამორჩეულ გუდაბერტყას ნამოსახლარის კერამიკულ მასალაზე რენტგენის ტალღის ფლუროსცენციული სიგრძის (რფა) Pilips PW 2404 აპარატის მეშვეობით ჩატარდა ქიმიური კვლევა. ცდამ შესაძლებელი გახადა საკვლევი მასალის შემადგენელი მცირე და მიკროელემენტები ატომის მეცხრედის დონეზე ყოფილიყო გამოკვლეული. კერამიკის კლასიფიცირების შესაძლებლობას იძლევა ძირითადი კომპონენტების გამოყოფა და ანალიზი. გამოიკვეთა, რომ ძეძვებ-საყდრისის თიხებს SiO2-ის, მაღალი და AL2O3, ასევე CaO+MgO-ს დაბალი შემადგენლობა ახასიათებს. ხოლო გუდაბერტყას მასალაში კვარცის, ანორტიტისა და დიოფსიდის სიჭარბეა. ეს პირდაპირ მიუთითებს საკვლევ ერთეულებში გამოყენებული ნედლეულის გეოლოგიურ სხვაობაზე. საყდრისისა და ძეძვების კერამიკა ნაწილობრივ ერთმანეთის მსგავსია და კალციუმით ღარიბი კერამიკაა. საყდრისის კერამიკა ორ ჯგუფად გაიყო: ერთი, რომელიც სრულად ემთხვევა ბალიჭი-ძეძვების ნამოსახლარის მასალას და მეორე, რომელსაც SiO-ის გაცილებით მაღალი და Al2O3-ის დაბალი შემცველობა ახასიათებს [ოთხვანი...2015:9-10]. საყდრისის კერამიკის ერთი ჯგუფი თიხის შემადგენლობით თანხვედრაშია ძეძვების ნამოსახლარის მასალასთან და ადასტურებს ძეძვების ნამოსახლარზე მცხოვრები და საყდრისის სამთო ობიექტზე მომუშავე ადამიანების საერთო ინტერესებს. რაც შეეხება განსხვავებულ ჯგუფს, რომელშიც MgO-ის და CaO-ის დაბალი შემცველობით ხასიათდება, მათი საცხოვრებლის ახლომახლოდ აღმოჩენა მომავლის საქმეა – საჭირო ნედლეულისათვის მტკვარარაქსელი შორს არ უნდა მიდიოდეს. მეთუნეობისათვის, ზოგადად, ტრადიციული, კონსერვატული მეთოდებია სახასიათო. მათი საშუალებით ნარჩუნდება რეგიონის ნედლეულის სპეციფიკა. ამდენად, თიხის ყველა კარიერში ლოკალური სამეთუნეო წესის, ჩვევის, მიმართულების არსებობა შეგვიძლია ვივარაუდოთ [ოთხვანი, 2012:94-95]. თანამედროვე მეთუნე საყდრის-ძეძვებსა და გუდაბერტყაშიც ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. გამომდინარე აქედან, თვით კულტურის შიგნით ლოკალური ერთეულების არსებობა არ უნდა გამოირიცხოს. მტკვარ-არაქსული კერამიკა საყდრისის მაღაროში სხვადასხვა დონეზე, როგორც ზედაპირზე ნაშალ ფენებში (#10015, 10042, 10042-1, 10101), ასევე მაღაროს ყველაზე ღრმა, ხელუხლებელ 10101-1 მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული პერიოდით დათარიღებულ ფენაში გვხვდება [Stöllner…2011:190-193].
საქშენი მილი. საქშენი მილი მელითონეობისათვის აუცილებელი ინსტრუმენტია, მისი მეშვეობით მადნის დნობის დაჩქარება და ტემპერატურის დარეგულირება ადვილდება. საყდრისის მაღაროს A ჩასასვლელთან ნაპოვნი კონუსური ფორმის, მსხვილმარცვლოვანი თიხისაგან დამზადებული, საქშენი მილი რომელიც ხელითაა დამზადებული და ნაკლულია (ტაბ.I 1). ამიერკავკასიასა და ანატოლიაში სამთო ობიექტზე მისი აღმოჩენა სიახლეა. საყდრისში მადნის მოსანგრევად გამოყენებულ ქვის იარაღებთან ერთად სახეზეა მადნების პირველადი დამუშავების მოედნები, კლდეში ამოკვეთილი სანაყები და მადნის გასარეცხი კლდეშივე ამოჭრილი აუზი. საქშენი მილის აღმოჩენა ამ მხრივ აგრძელებს სამთო წარმოებისათვის აუცილებელ ლოგიკურ ჯაჭვს.
ტაბ. I. საქშენი მილები ამიერკავკასიიდან: 1. საყდრისის მაღარო; 2. ფიჩორის ნამოსახლარი; 3. ისპანის ნამოსახლარი (საქართველო); 4. ბაბადერვიში II; 5. მიშარჩაი; 6. იანიკ თეფე; 7. ქიულ თეფე (აზერბაიჯანი); 8. ჯაგაცატეხი (სომხეთი).
საქართველოს ტერიტორიაზე თავშევიწროებული და ბოლოგაგანიერებული, ე.წ. „კონუსური“ საქშენი მილები ცნობილია ფიჩორის ნამოსახლარის VII-VIII ფენებიდან (ტაბ.I. 2), რომლებიც ძვ.წ. III ათასწლეულის I ნახევრით თარიღდება [ფხაკაძე...2008. ტაბ. 4-11,12; ფხაკაძე, 1993:103-128. სურ. 25-26.; ჯიბლაძე, 2007: 60-75,191. ტაბ. CI 8; ღამბაშიძე... 2010: 489; ტაბ. LIV 872,873]. ამავე პერიოდისაა ამირანის გორის აღმოჩენაც [ჩუბინიშვილი, 1971:57-58. ტაბ. XXIV ტაბ 3], ხოლო ძვ. წ. III ათასწ. II ნახევრითაა დათარიღებული ისპანის (ტაბ.I 3) ნამოსახლარის კონუსური ფორმის, სადა ბოლოებგაგანიერებული, ხელითნაძერწი, გამომწვარი საქშენი მილი [ღამბაშიძე... 2010:486-487. ტაბ. # 029-862[121], გვ.218]. სხვა პარალელების მოყვანა საქართველოს ტერიტორიიდან სადღეისოდ არ ხერხდება. რაც შეეხება აზრებაიჯანის და სომხეთის ტერიტორიას (ტაბ.I 8), ეს ტერიტორიაც საქართველოსთან ერთად ერთ კულტურულ სივრცეს წარმოადგენდა მტკვარ-არაქსის კულტურაში. საყდრისის საქშენ მილს პარალელი ეძებნება აზერბაიჯანში (ტაბ.I 4-7) ბაბადერვიშის, მიშარჩაისა და ქულთეფე II-ის [Махмудов, 1968:19], ხოლო სომხეთის ტერიტორიაზე (ტაბ.I 8) ჯაგაცატეხის ნამოსახლარებზე [ღამბაშიძე...2010:214,229.ტაბ.034,#61].
ტაბ. II საქშენი მილების კლასიფიკაცია ანდრეას მიულერ-კარპეს მიხედვით
საქშენი მილი ანატოლიაში ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევრიდან ჩნდება. არის შემთხვევები მათი ყალიბებთან და სხვა აუცილებელ ატრიბუტებთან ერთად პოვნისა. აღსანიშნავია, რომ გარკვეული რაოდენობა ანატოლიური არტეფაქტებისა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ან დაიკარგა, ან განადგურდა და მხოლოდ გამთხრელების მიერ დანატოვარ დოკუმენტაციას უნდა ვენდოთ [Schlimann,1881:650 #1338]. ყველაზე ადრეული ნიმუში ბეიჯესულტანის XVIII ფენიდან გვაქვს, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევრით თარიღდება [Efe,1988:117]. ქრონოლოგიურად მას მოჰყვება ტროა II ფენაში ნაპოვნი საქშენი მილი, ხოლო ყველაზე კარგად დაფიქსირებული in situ ნივთი ბოღაზქოის ბეიუკკალეზე აღმოჩნდა. შემდეგ ტროა III და ბოლოს ტროა V [Müller-Karpe,1994:189], ქრონოლოგიური ჩარჩო ყველა ამ არტეფაქტისა ძვ. წ. III ათასწ. I ნახევრიდან მის მიწურულამდე მერყეობს. ამავე პერიოდის ანატოლიური ნივთებიდან მაქსიმალურ მსგავსებას საყდრისის საქშენ მილთან ვპოულობთ ტროა V-ის ფენაში, ნაგებობა 50-ში აღმოჩენილ, ფორმით იმავე ძაბრისებურ, გვერდებშებერილ ეგზემპლართან (ტაბ. II 24-26). ამით ამოიწურება ჩვენთვის საინტერესო ეპოქის მასალები ანატოლიაში. მასვე შეიძლება მიეკუთვნებოდეს ნორშუნთეფეს სამხრეთ ტერასაზე აღმოჩენილი ეგზემპლარიც [Hauptmann,1982:62].
უცხოური პარალელებიდან ერთადერთი გამონაკლისი საქშენი მილის სამთო ობიექტზე პოვნისა არის ალპების აღმოჩენა (ტაბ. III.3,4,5). როგორც საყდრისის შემთხვევებში, აქაც საქშენი მილი უშუალოდ სამთო ობიექტზე, სამთო საქმიანობისათვის აუცილებელ ნივთებთან (სანგრევი უროები, saსანაყები და. ა.შ.) ერთად გვხვდება (ტაბ. III 1,2) და ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო ხანებით თარიღდება[2] [Hauptmann, 1982:62].
ტაბ.III. ქვის სამთო იარაღები და თიხის საქშენი მილები ბრინჯაოს ხანის სპილენძის მაღაროდან (მერშტაინი, ავსტრია).
აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში საქშენი მილები აღმოჩენილია სამარხებშიც. თავდაპირველად ისინი საკრავი ინსტრუმენტის დაბოლოებად იყო მიჩნეული. მოგვიანებით სამთო ობიექტზე და შემდეგ ნამოსახლარებზე მათმა ინტენსიურმა გამოჩენამ მთლიანად შეცვალა მათდამი დამოკიდებულება. სამარხებში საქშენი მილების ჩატანება მიცვალებულის სტატუსის განმსაზღვრელი უნდა ყოფილიყო და უკვე გარკვეული რიტუალის სახე უნდა ჰქონდა.
ძნელი სათქმელია, თუ რამდენად საკუთარი ბაზრისთვის მოიპოვებს საყდრისის მაღაროელი ნედლეულს. ბალიჭი-ძეძვების ნამოსახლარზე აღმოჩენილი სამარხები სიმდიდრით არ გამოირჩევა. სავარაუდოდ, იგი დაკვეთის შემსრულებლის რანგში უნდა განვიხილოთ. აზერბაიჯანის ჰასანსუს ყორღანში აღმოჩენილი ოქროს ხვიის მიკროელემენტები სრულად ემთხვევა საყდრისის მადნის არქეომეტრიული კვლევების შედეგებს [შტოლნერი,2016:105], რაც ნედლეულის მიგრაციაზე და ეკონომიკური ურთიერთობების არსებობაზე მეტყველებს.
[1] რაც შეეხება კონკრეტულად თრიალეთის კულტურის – ძვ.წ. II ათასწ. ნივთებს ეს უკვე მაღალმხატვრული ღირებულების მქონე, დიდი ოსტატობით დამზადებული საბრძოლო თუ საიუველირო ნაწარმია, რომელთა შექმნას დიდი ცოდნა და ტრადიცია სჭირდება.
[2] ალპების მაღაროებში ძველი სამთოელები ძირითადად სპილენძის მოპოვებით იყვნენ დაკავებულნი.
@font-face { font-family: Sylfaen; }@font-face { font-family: "Cambria Math"; }@font-face { font-family: Calibri; }@font-face { font-family: AcadNusx; }p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal { margin: 0cm 0cm 10pt; line-height: 115%; font-size: 11pt; font-family: "Calibri", sans-serif; }p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin: 0cm 0cm 0.0001pt; font-size: 10pt; font-family: "Calibri", sans-serif; }span.MsoFootnoteReference { vertical-align: super; }span.FootnoteTextChar { }.MsoChpDefault { font-size: 10pt; font-family: "Calibri", sans-serif; }div.WordSection1 { }
ლიტერატურა
აპიანე 1959 |
მითრიდატეს ომები. თბილისი. |
აპოლონიოს როდოსელი 1975 |
არგონავტიკა. თბილისი. |
გიორგაძე გ. 1988 |
ათასი ღვთაების ქვეყანა. თბილისი. |
კიკვიძე ი. 1975 |
მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო ძველ საქართველოში, თბილისი. |
მინდიაშვილი გ. 1983 |
მტკვარ-არაქსული საზოგადოების სოციალური სტრუქტურის შესწავლისთვის. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, #1, თბილისი. |
ოთხვანი ნ., ღამბაშიძე ირ., შტოლნერი თ., იანსენი მ. 2015 |
ადრე ბრინჯაოს ხანის კერამიკა საყდრისის მაღაროსა და ძეძვების ნამოსახლარიდან. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე VI (51-B), თბილისი. |
ოთხვანი ნ. 2012 |
თიხის, როგორც სამეთუნეო მასალის დახასიათება და დიაგნოსტიკის საკითხი. კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები. XXVII. თბილისი. |
ფხაკაძე გ. 1993 |
დასავლეთ ამიერკავკასია ძვ.წ. III ათასწლეულში. თბილისი. |
ჯიბლაძე ლ. 2007 |
კოლხეთის დაბლობის ძვ.წ.III-II ათასწლეულების ნამოსახლარები. თბილისი. |
ღამბაშიძე ირ., მინდიაშვილი გ., გოგოჭური გ., კახიანი კ., ჯაფარიძე ი. 2010 |
უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში ძვ. წ. VI-III ათასწლეულებში. თბილისი. |
შტოლნერი თ., 2016 |
საყდრისის ოქრო – როგორ და რა რაოდენობის ოქრო იქნა მოპოვებული? სამთო წარმოება, როგორც საზოგადოებრივი პროცესი. საყდრისის ოქრო – კაცობრიობის პირველი ოქროს სამთო წარმოება. ბოხუმი. |
ჯავახიშვილი ალ., ღლონტი ლ. 1965 |
ურბნისი, თბილისი. |
ჯავახიშვილი ივ. 1979 |
ქართველი ერის ისტორია, თბილისი. |
ჰაუპტმანი ა., იანსენი მ, შტოლნერი თ., 2016 |
საყდრისის ოქრო – მადნეული საბადოს გეოლოგია. საყდრისის ოქრო - კაცობრიობის პირველი ოქროს სამთო წარმოება. ბოხუმი. |
Абих Г. 1850 |
Соображения о важности рудных месторождений Нижнего Кавказаб. Горный Журнал, кн V., Москва. |
Аексеев В.П., Мкртчян Р.А. 1989 |
Палеоантропологический материал из погребений в Армении и вопросы генезиса населения куро-аракской культуры, Москва. |
Археология 1994 |
Эзоха бронзы Кавквза и Средней Азии, Москва. |
Боярский А. 1997 |
Состояние и очередные задачи ииспедований истории отечественного горного дела. – В сб., История горной науки и техники. Тбилиси. |
Махмудов Ф.А., Мунчаев Р.М., Нариманов И.Г. 1968 |
О древнейшей металлургии Кавказа, СА- Советская археолгиа №4, Москва. |
Муджири Т. 1987 |
Влиание памятников горнорудного производства Грузии эпочи поздней бронзы-ранного железа. Тбилиси |
Риотровсккий Б.Б. 1955 |
Развитие скотоводство в древнейшем Закавказье, СА XXIII, Москва. |
Чубинишвили Т.Н. 1971 |
К древней истории Южного Кавказа. Тбилиси. |
Efe T. Demirchihüzük. 1988 |
Die Keramik 2 c. Die frühbronzezeitliche Keramik der jüngeren Pfasen - ab Phase H – Ergebnisse Ausgr. 1975-19781 III, 2. Mainz |
Hauptmann H. 1982 |
Die grabungen auf der Norschuntepe. in Ebd. 1, 7. 1974 Ankara. |
Huijsman 1. Melita, Krauss Robert # Stibich Robert, 2004 |
Prechistorische Fahlerzbergbau in der Grauwackenzone: In “Anschnit Alpencupfer Rame delle Alpei, Zeitschrift für Kunst und Kultur im Bergbau, Bericht 17, HGW Gerd Weisberger und Gert Goldenberg, Bochum |
Müller-Karpe 1994 |
Anatolisches Mettalhandwerk, Nevmünster |
Pkhakadze G., Baramidze M. 2008 |
The Setelment of Pichori and Colchien Bronze Age Chronology. Acient near Erstes Supliment 19, Archaeology in Southern Caukasus:Perspectives From Georgia, Edited bu Antonio Sagona and M. AbramiShvili.Peeters, Leuven-Paris-Dudli, M.A. |
Roden Ch. 1988 |
Blasrohrdüyen. Ein arxäologischer Exkurs zur PIrotehnologi des Chalkolithikums und der Bronyeyeit. Der Anschnitt 40. |
Schlimann H. 1881 |
650. # 1338. Ilios. Stadt und land der Tryaner. Forschungen und Entdekungen der Troas und bezonderes auf der Baustelle von Trya, Leipzig |
Stöllner Thomas & Gambashidze Irina. 2011 |
Gold in Georgia II : The Oldest Gold Mine in the World, in: Anatolian Metal V,Herausgeber:Ünsal Yalçın , Bochum. |