„მომხმარებლის გზამკვლევების“ გაგებისათვის საბანკო სფეროში
ინფორმაციული საზოგადოების ფორმირების პროცესში ტექსტის გაგების ასპექტებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, განსაკუთრებით თუ ეს ეხება ცოდნის ტრანსფერს, როდესაც ურთიერთგაგება მიღწეულ უნდა იქნას დარგის სპეციალისტსა და არასპეციალისტს შორის. რეციპიენტს ინფორმაცია ისე უნდა მიეწოდოს, რომ მან ტექსტის შინაარსის გაგება საკუთარი გამოცდილებისა და კონკრეტულ დარგში არსებული ცოდნის საფუძველზე შეძლოს. არასპეციალისტისთვის დარგობრივი ცოდნის გადაცემის პროცესში ყველაზე დიდ პრობლემად სწორედ ტექსტის ენობრივ აგებულებას მიიჩნევენ.
საბანკო სფერო განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვითარდება, ბევრ შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირებულობა და ცოდნა დაბალია, ამას ემატება დარგის სპეციფიკა, რაც კიდევ უფრო ურთულებს მომხმარებელს მდგომარეობას. საფინანსო ინსტიტუტებთან კომუნიკაცია ხშირად გაუგებარია და მომხმარებელს აქვს იმის განცდა, რომ ინფორმაცია გამიზნულად არის გაუგებრად ფორმულირებული მოსალოდნელი რისკების დაფარვის მიზნით. შესაბამისად, დგება ამ დარგის ტექსტების შედგენის, მოდელირების, გაგების პრობლემა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა გერმანულენოვანი ტექსტების შედარება ქართულენოვანთან და გერმანიის, როგორც განვითარებული საბანკო სისტემის მქონე ქვეყნის, გამოცდილების გაზიარება.
ნაშრომის მიზანია საბანკო სფეროში არსებული გერმანულ- და ქართულენოვანი გზამკვლევების კონტრასტული ანალიზი, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია ტექსტის გაგების მოდელზე, რადგან საბანკო სფეროში არსებული ინსტრუქციული ტექსტების კვლევისას საქმე გვაქვს ტექსტის იმ ენობრივ მახასიათებლებთან, რომლებიც მკითხველისთვის გასაგები უნდა იყოს, რათა მან სამართლებრივად გამართული საბანკო ოპერაციები აწარმოოს.
ნაშრომის კვლევის შედეგები საინტერესოა დარგობრივი ტექსტის ლინგვისტიკისათვის, დარგობრივი თარგმანისათვის, თარგმანის სწავლების, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების ტექნოლოგიებისთვის. აგრეთვე დარგობრივი ენების სწავლების პროცესში, ინსტრუქციული ტექსტების ენობრივი და კულტურული მახასიათებლების განმარტებისა და გაგებისათვის.
გზამკვლევი განეკუთვნება სარეკომენდაციო, საკონსულტაციო ტექსტის სახეობებს და სხვა ტექსტის სახეობებთან შედარებით უფრო ახლოს არის ზოგად ენასთან. ინგლისურში ამ ტექსტის სახეობას შემდეგი სახელწოდებით ვხვდებით: booklet, guide, guideline; გერმანულში – Ratgeber, Ratschläge, Richtlinien; ქართულში კი – გზამკვლევი, მეგზური, ბროშურა, ბუკლეტი, გაიდი, გაიდლაინი. მათი მოცულობა, როგორც წესი, მერყეობს 12 - დან 30 გვერდამდე.
სარეკომენდაციო ტექსტის სახეობები [Fandrych... 2011: 250] გვხვდება სხვადასხვა კონტექსტში, იმ თემატიკის შესაბამისად, რომელთან დაკავშირებითაც გაიცემა რჩევები, საკომუნიკაციო სიტუაციის მიხედვით. ასეთი ტიპის ყველა ტექსტისთვის საერთოა ძირითადი პრინციპი - რჩევის მძებნელი პრობლემატურ სიტუაციაში მეორე პირს მიმართავს დახმარების თხოვნით. ეს რეკომენდაცია შესაძლებელია მოქცეული იყოს ინსტიტუციურ ჩარჩოში. მრჩველი შესაძლებელია იყოს ექსპერტი ან ჰქონდეს შესაბამისი განათლება (ძირითადად ამ კონკრეტულ სფეროში განათლებამიღებული ადამიანები; მაგალითად, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სამართლებრივი, ტექნიკური და ა. შ. რეკომენდაციების გაცემისას). რეკომენდაციები შეიძლება გაიცემოდეს საჯაროდ, რაც გულისხმობს როგორც უშუალო ადრესატს, ასევე სხვა ადრესატებსაც. განასხვავებენ გზამკვლევების სხვადასხვა მედიაფორმატს, მაგალითად, ბეჭდური, სატელეფონო, ასევე ინტერნეტგზამკვლევის ან სპეციალური რადიოგადაცემის სახით და ა. შ.
ხშირ შემთხვევაში მათი ადრესატები არიან არა მხოლოდ რჩევის მაძიებლები, არამედ ანონიმური საზოგადოება, გაზეთის, ჟურნალის მკითხველი, ინტერნეტის მომხმარებელი. ხშირად გამოგონილია ცალკეული ინდივიდები, რომელთა პრობლემაც განიხილება, განხილული პრობლემები კი ზოგადი ხასიათისაა და რეკომენდაციებიც, შესაბამისად, ფართო სპექტრზეა გათვლილი. რჩევის გამცემი, ხშირად სახელის გარეშე, რუბრიკის სათაურშივე არის მოხსენიებული.
წერილობით კომუნიკაციაში გზამკვლევებს განასხვავებენ დიალოგური სარეკომენდაციო ტექსტებისგან სტრუქტურის მიხედვით. ასეთ ტექსტებში გარკვეულ ვითარებასთან მიმართებით გასცემენ რჩევებს, თუმცა ისე, რომ კონკრეტული პრობლემა არ არის ვერბალიზებული, შესაბამისად, შეუძლებლია რჩევის მაძიებლის იდენტიფიკაცია.
ამ ტექსტის სახეობის საანალიზო კორპუსს შეადგენს 20 გერმანულენოვანი და 20 ქართულენოვანი გზამკვლევი, რომელთაგან ზოგი ბეჭდური, ზოგი ელექტრონული ფორმით გვხვდება. ამ ტიპის ტექსტებს გვთავაზობენ როგორც თავად ბანკები (ეროვნული და კერძო), მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ასევე მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები და კერძო პირები.
დ. ლიოფლერი გზამკვლევებს მიაკუთვნებს მედიატექსტების კლასს, კერძოდ, ჟურნალისტურ ტექსტებს, ხოლო ტექსტის სახეობის თვალსაზრისით მათ განასხვავებს სარეკომენდაციო ტექსტის მოკლე რჩევა/რეკომენდაციისგან და კითხვა-პასუხისგან [Löffler, 2007: 16].
ფანდრიხ/თურმაირის [Fandrych... 2011: 251] აზრით, სარეკომენდაციო ტექსტები გვხვდება ბეჭდური მედიის საჯარო კონტექსტში. რჩევის მაძიებელი პირი ეძებს კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად რთული სიტუაციიდან გამოსავალს, სურს პრობლემის დადებითად გადაჭრა, მაგრამ არ იცის, რა გზით უნდა შეძლოს ეს, რჩევის მიღების შედეგად კი მოსალოდნელია კონკრეტული სამოქმედო გეგმის და პრობლემური სიტუაციიდან გამოსავლის ჩვენება.
სხვადასხვა ვარიაციის მიუხედავად, სარეკომენდაციო ტექსტების ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ ისინი სტრუქტურულად ორი ნაწილისგან შედგება: პირველ ნაწილში მოცემულია რჩევის მაძიებლის პრობლემის ექსპლიკაცია, ახსნა შეკითხვის ფორმით, ხოლო მეორე ნაწილში რჩევის გამცემის მხრიდან შეთავაზებულია პრობლემის გადაჭრა პასუხის ფორმით. პირველ ნაწილში (ძირითადად ნარატიულად) წამოჭრილია პრობლემა, რომელიც ზოგჯერ კონკრეტული შეკითხვის ფორმატით არის წარმოდგენილი. მეორე, პრობლემაზე რეაგირების ნაწილში რჩევის მიმცემი ცდილობს სიტუაციის გაანალიზების საფუძველზე რეკომენდაციის გაწევას და პრობლემის გადაჭრას. ის რჩევის მიმღებს სთავაზობს სამოქმედო გეგმას (ან რამდენიმე ალტერნატივას), რომელიც ხშირად ინსტრუქციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს მომხმარებლის ქმედებაზე ზეგავლენას. ეს ინსტრუქციები, რა თქმა უნდა, არ არის ვალდებულებითი ხასიათის, ამა თუ იმ ქმედების განხორციელება მხოლოდ ადრესატზეა დამოკიდებული. ამ ტიპის ტექსტის სახეობების ფუნქცია ძირითადად არა ინსტრუქციული, არამედ სარეკომენდაციო-მორალისტური ხასიათის არის, რაც ზოგჯერ ტექსტში არც არის ექსპლიციტურად გამოხატული.
ფინანსურმა კრიზისმა განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია საბანკო სფეროზე. მის მომხმარებელს (ფიზიკურ პირებს) საბანკო პროდუქტების შინაარსის და რისკების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგებ ენაზე. ბანკებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ მომხმარებლის ნდობა ადვილად გასაგები და გამჭვირვალე ინფორმაციის საფუძველზე.
უკანასკნელ პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წერილობით ფიქსირებული, ინსტრუქციული ხასიათის ტექსტებს, რომლებიც როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით გვთავაზობენ დახმარებას ამა თუ იმ პროდუქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისა თუ მათი ეფექტიანი სარგებლობისთვის. შესაბამისად, გაზრდილია მოთხოვნები ამ ტიპის ტექსტის სახეობების მომხმარებლების, ასევე მათი შემდგენლების მხრიდან, რაც განპირობებულია სხვადასხვა სფეროში ახალი რეგულაციების დანერგვით, სტანდარტიზაციის მიზნით მსოფლიოში აღიარებული რეკომენდაციებით, შესაბამისი ტექსტების მომხმარებელთა მხრიდან გაზრდილი მოლოდინით.
ინტერნეტშიც შესაძლებელია დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის ონლაინ-გზამკვლევის პოვნა, როგორც ბანკების, ასევე ინტერნეტში წარმოდგენილი სხვადასხვა მედიასაშუალების ვებგვერდზე, რომლებსაც დამატებული აქვთ გზამკვლევის ფუნქცია.
მომხმარებლისთვის განკუთვნილი გზამკვლევები ხშირად საკომუნიკაციო ფუნქციას ვერ ასრულებენ, რადგან ისინი გასაგებად არ არის ფორმულირებული. ამ კვლევის მიზანია დავადგინოთ, თუ რამდენად გასაგებია გერმანულ- და ქართულენოვანი გზამკვლევები.
კვლევისთვის გამოყენებულია კარლსრუეს მოდელი, ე. წ. ს. გიოპფერიხის მოდელი [Göpferich, 2002], მის მიერ თეორიულად ჩამოყალიბებული ექვსი განზომილება, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გაუგებარი ტექსტური მახასიათებლების ახსნა და კატეგორიზაცია.
ს. გიოპფერიხის მოდელის მიხედვით, ტექსტის გაგების ექვსი განზომილებიდან ანალიზისთვის გამოყენებულია მხოლოდ ოთხი: სიმარტივე, სიცხადე/მკაფიოობა, სტრუქტურა, ტექსტის პერცეფცია (Simplizität, Prägnanz, Struktur, Perzipierbarkeit) [Göpferich, 2002].
„სიმარტივის“ განზომილება გულისხმობს სიტყვათა შერჩევისა და წინადადების აგებულების სიმარტივეს. მის დასადგენად აუცილებელია ლექსიკური და გრამატიკული სიმარტივის ანალიზი. ლექსიკურ სიმარტივეში იგულისხმება ის აუხსნელი, განმარტების გარეშე მოცემული ფორმულირებები და შემოკლებები, რომლებიც მკითხველისათვის გასაგებად მიიჩნევა და კონკრეტული ტექსტის სახეობისთვის არის დამახასიათებელი. სიმარტივის უზრუნველსაყოფად ასევე რამდენიმე კრიტერიუმი სახელდება: უცხოური სიტყვები ან დარგობრივი ტერმინები, რომელთა გამოყენება ტექსტში ეკონომიურობით არის განპირობებლი და საკმარისადაა ახსნილი. აქედან გამომდინარე, გამოსაკვლევია, ტექსტში მოცემული ესა თუ ის სინონიმი მკითხველისთვის ადვილად გასაგებია თუ არა [Göpferich, 2002: 176]; ტერმინი ყოველთვის ერთი და იმავე სახელწოდებით ანუ სინონიმების გარეშე უნდა იყოს მოხსენიებული; არასასურველია აბსტრაქტული ცნებები და გრძელი კომპოზიტები [Göpferich, 2002: 185].
ქვემოთ მოყვანილია ნიმუში, როდესაც ტერმინოლოგია დამაბნეველია, სახელწოდება ძალიან ბევრი სინონიმის დახმარებით არის ახსნილი, რასაც საბოლოოდ გაუგებრობამდე მივყავართ:
„Der Ratenkredit ist das klassische Verbraucherdarlehen für Konsumzwecke. Banken und Sparkassen bieten Ratenkredite aus Verkaufsgründen unter unterschiedlichen Bezeichnungen wie Privatkredit, Onlinekredit, Sofortkredit, Kleinkredit oder Konsumkredit an. Dabei handelt es sich stets um dasselbe Produkt - eben einen Ratenkredit.“
სინტაქსური სიმარტივის მისაღწევად წინადადების კომპლექსურობა და სიღრმე უნდა შემოიფარგლოს მისი საკომუნიკაციო ფუნქციიდან და ტექსტის სახეობის პირობითობიდან გამომდინარე. რთული წინადადებები, შეძლებისდაგვარად, მოკლე და გრამატიკულად მარტივი წინადადადებით უნდა ჩანაცვლდეს, რაც თავიდან აგვარიდებს კომპლექსურ და ჩართულ წინადადებებს. ნაკლებად კომპლექსური იქნება წინადადება, თუ შევამცირებთ ნომინალიზაციის, ფუნქციური ზმნების, პასივის და დიდი რაოდენობით კავშირების გამოყენებას [Göpferich, 2002: 178-180].
შემდეგ მაგალითში მოცემულია ძალიან გრძელი რთული ქვეწყობილი წინადადება (45 სიტყვა) ექვსი კავშირით:
„Denn auch wenn das Sparkonto gut verzinst wird, muss man bedenken, dass die Zinsen für den Kontokorrentkredit im Schnitt zweieinhalb- bis dreimal höher liegen, was dann unterm Strich dazu führt, dass man draufzahlt, wenn man den Dispo über längere Zeit unausgeglichen im Minus stehen lässt.“
ლექსიკური სიმარტივე დაკავშირებულია დარგობრიობის ხარისხთან. გზამკვლევები ძირითადად დარგის არასპეციალისტებზეა გათვლილი, ამიტომ შიდადარგობრივი კომუნიკაციის ტექსტის სახეობებთან შედარებით მათში ნაკლებად უნდა გვხვდებოდეს დარგობრივი ტერმინოლოგია. თუმცა როგორც გერმანულ, ასევე ქართულ ტექსტებში დომინირებს სხვადასხვა სინონიმით წარმოდგენილი დამაბნეველი ტერმინები. გრამატიკული სიმარტივის თვალსაზრისით, ხშირად გვხვდება როგორც გრძელი, რთული ქვეწყობილი წინადადებები, ასევე ნომინალური სტილი. ეს განსაკუთრებით ეხება გერმანულენოვან გზამკვლევებს, ხოლო ქართულენოვან ტექსტებში წინადადებათა თანწყობა დომინირებს.
ტექსტი არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ ნაწილებს, მაგრამ არც მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნაკლებობა არის დასაშვები. ტექსტის ზედმეტ ნაწილებს მივყავართ რთულადგასაგებ ტექსტამდე. შესაძლოა ტექსტის ზედმეტი ნაწილები არ ართულებდნენ ტექსტის გაგებას, თუმცა გრძელი ტექსტის რეცეფციისთვის მკითხველს მეტი ძალისხმევა სჭირდება.
გიოპფერიხის თანახმად, არასაკმარისი ინფორმაციულობა ჩნდება, როდესაც გამოყენებულია სიტყვა ან დარგობრივი ტერმინის ასაღწერი ფორმულირება, რომელიც დარგის სპეციალისტისთვის გასაგებია, ხოლო არასპეციალისთვის უცხოა. იმისათვის, რომ ტექსტი არასპეციალისტისთვის გასაგებად იყოს აგებული, შინაარსი უნდა გადმოიცეს ექსპლიციტურად, მკაფიოდ. შიდადარგობრივი კომუნიკაცია წინარე ცოდნას მოითხოვს, არაპროფესიონალისთვის კი შეუძლებელია ტექსტის გაგება არასაკმარისი წინარე ცოდნის არარსებობის გამო.
ცხადია, არასრული ინფორმაციის მიღებისას მკითხველი უკმაყოფილო დარჩება, რაც უარყოფით ზეგავლენას იქონიებს მის მოტივაციაზე. ქვემოთ მოყვანილ მაგალითში არასპეციალისტისთვის უმჯობესი იქნებოდა უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული განმარტება:
„კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის წესის მიზნებისათვის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო ინდექსზე და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული; საჯარო ინდექსი არის ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მაჩვენებელი, განაკვეთი ან ინდექსი, რომელზეც ბანკი ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას.“
აქვე მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს, რომლებიც ტექსტის მკაფიოობას, სიცხადეს აზიანებენ. არასაკმარისი ინფორმაციულობის მაგალითს წარმოადგენს ამონარიდი გერმანულენოვანი გზამკვლევიდან, რომელშიც მეორე წინადადება პირველის დამატებაა და მოცემულია სქოლიოში ძალიან მცირე ზომის შრიფტით და პირველ წინადადებაში გადმოცემულ ინფორმაციას სრულად ეწინააღმდეგება:
„Bei Abhebungen im Ausland an Geldautomaten mit BusinessCard mit PlusPaket entfällt das Bearbeitungsentgelt.“
„Das Entgelt für Fremdwährungsumsätze sowie für EUR-Umsätze in nicht zum EWR gehörenden Staaten ist hiervon unberührt.“
ხშირია აგრეთვე ტერმინების სიმრავლე ახსნა-განმარტების გარეშე:
„Der Kontokorrentkredit an Privatpersonen wird als standardisierter Dispositionskredit zur Verfügung gestellt und dient der Konsumfinanzierung (Konsumkredit).“
უმნიშვნელო და სრულიად ზედმეტი დეტალები დასახელებულია როგორც ქართულ, ასევე - გერმანულენოვან ტექსტებში, რომლებიც მკითხველს არავითარ ახალ და საჭირო ინფორმაციას არ აწვდის:
„Die GeldKarte ist die elektronische Schwester von klassischem Bargeld und Geldbörse – wer sie in den Händen hat, kann damit bezahlen.“
ქართულ გზამკვლევებშიც ვხვდებით ასევე ზედმეტ, არასაჭირო ინფორმაციას:
„ხარჯების ამ ორომტრიალში, მოდი, „ყველა კვერცხს ერთ კალათში ნუ მოვათავსებთ.
ოვერდრაფტი ძალიან ჰგავს საკრედიტო ბარათს. განსხვავება ისაა, რომ ოვერდრაფტი, ჩვეულებრივ, მიბმულია მოხმარებლის ხელფასზე და ათვისებულ თანხაზე არ მოქმედებს საშეღავათო პერიოდი.“
ვინაიდან ადრესატების დიდ ნაწილს საბანკო სფეროში მწირი წინარე ცოდნა აქვს, ეფექტიანი დარგობრივი კომუნიკაციის საწარმოებლად გზამკვლევები არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ტერმინებს. მათ ნაცვლად აუცილებელია მთელი რიგი განმარტებების და მეტაკომუნიკაციური ელემენტების დამატება. თუმცა, სამწუხაროდ, ნაკლებად გვხვდება ამ ტექსტის სახეობაში მეტაკომუნიკაციური ელემენტები და შემოიფარგლება მხოლოდ მითითებებით ან დარგობრივი ტექსტის ახსნა-განმარტებით.
„სტრუქტურის“ განზომილება ეხება ტექსტის შინაარსობრივ სტრუქტურირებას, როდესაც, მაგალითად, შინაარსობრივი შეუთავსებლობაა ტექსტსა და მის სათაურს შორის. სტრუქტურის განზომილებაში გიოპფერიხი განასხვავებს მაკრო- და მიკრო დონის სტრუქტურას. მაკროდონე ცდება ორ ერთმანეთის მოსაზღვრე წინადადებას, ანუ ეს დონე მოიცავს აბზაცებს და დიდ ერთეულებს, ხოლო მიკროდონე კი არ აღემატება ორ წინადადებას.
საბანკო სფეროს გზამკვლევების სტრუქტურა ვლინდება მაკროდონეზე აბზაცების დიდ რაოდენობაში. ეს აბზაცები ტექსტის შინაარსს ანაწევრებს ინფორმაციის იმ ერთეულებად, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება და რომელთა გადამუშავებაც კოგნიტიური თვალსაზრისით ერთად ხდება. აგრეთვე გვხვდება დიდი რაოდენობით სათაური (ქვესათაური), რომლებიც მომდევნო აბზაცის შინაარსზე მიგვანიშნებენ და ამით ინფორმაციის სწრაფ და ზუსტ დახარისხებას უწყობენ ხელს.
მაკროსტრუქტურის მიხედვით, საბანკო სფეროში გვხვდება სამი სხვადასხვა ტიპის გზამკვლევი: ე. წ. მეგზური, საბანკო/საფინანსო რჩევები და კითხვა-პასუხი. თვით ბანკების მიერ შემუშავებული გზამკვლევები ერთანეთთან მსგავსებით გამოირჩევა. მაგალითად, თიბისი ბანკი საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს ჟურნალ „Closer“_-ს (თქვენ გვერდით), რომლის შემადგენელი ნაწილია ხელოვნებისა და კულტურის სიახლეებთან ერთად, ფინანსები, კერძოდ, ფინანსური რჩევები. ჟურნალი არსებობს როგორც ელექტრონული, ასევე – ბეჭდური სახით. წარმოგიდგენთ ფინანსური რჩევების მაკროსტრუქტურას:
სათაური – „მზად ხართ მომავლისთვის? Are you prepared for the Future?“
ავტორი ფოტოსთან ერთად
„დაზოგვა Savings
1. „მომავალი შორსაა“ 1. The Future is Far Away
2. არ გვაქვს „ზედმეტი“ ფული დასაზოგად 2. We don´t have any money left over for savings
3. მოკლევადიანი ხედვა 3. Short-term Vision
4. მომავლის ოპტიმისტური შეფასება 4. Optimistic Assessment of the Future
5. ვიცით, მაგრამ არ ვაკეთებთ 5. We Know It, but We Don´t Do It
დაზოგვა და რისკების მართვა Savings and Risk Management
ფულის დაბანდების შეფასების ჩარჩო Investment Assessment“
საინტერესოა, რომ ტექსტი დაბეჭდილია როგორც ქართულ, ასევე - ინგლისურ ენაზე, ამ შემთხვევაში ბანკის ადრესატს წარმოადგენენ, აგრეთვე, ის უცხოელები, რომლებიც დაინტერესდებიან ამ დარგში არსებული სიახლეებით.
სათაურები ტიპური ტექსტებია, რომლებსაც კომპლექსური ფუნქციური დატვირთვა აქვთ და შედარებით მარტივად არიან სტრუქტურირებული. ისინი, ტექსტის სახეობების მსგავსად, კონვენციონალურ და ინდივიდუალურ მახასიათებლებს შეიცავენ. ტექსტის ძირითადი სათაური მაკროპროპოზიციის გამოხატულებაა, ხოლო ქვეთავების სათაურები თემატურად არის ფორმულირებული და თემის განვითარებაზე მიგვანიშნებს. ვიზუალურად ისინი თვალშისაცემია მუქი ან გადიდებული შრიფტით.
გერმანულენოვან გზამკვლევებში ქვესათაურები შესაბამისი ტექსტის ნაწილის ფუნქციაზე მიგვანიშნებს. მაგალითად:
„Tagesgeld und Festgeld Angebote
Unterschiede bei den Girokontogebühren beachten
Worauf ist bei einer Tagesgeldanlage letztlich zu achten?“
ქართულ ტექსტებში კი ხშირ შემთხვევაში ქვესათაურები მოწოდებით ხასიათს ატარებს:
„დავიწყოთ დღეს და ახლა!
ვმართოთ ჩვენი ბიუჯეტი სწორად
შევადგინოთ ჩვენი ფინანსური ვალდებულებების სია“
ტექსტის დანაწევრების ფუნქციას ასრულებენ კითხვითი წინადადებები. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია გერმანულენოვანი ტექსტებისთვის, სადაც სწორედ კითხვითი წინადადებებით არის გადმოცემული ქვესათაურები. ეს მკითხველს უადვილებს, კონცენტრაცია მოახდინოს კონკრეტულ პრობლემაზე, არ ეძებოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია და ნაკლები ძალისხმევის შედეგად უშუალოდ კონკრეტული შეკითხვის პასუხზე გადავიდეს:
„Wie sieht es mit Tagesgeld und Festgeld aus?
Bietet das Bankinstitut auch eine kostenlose Kreditkarte an und wie sehen die Konditionen in Bezug auf einen potentiellen Kredit aus?
Wird mir ein gebührenfreies Girokonto angeboten?“
გიოპფერიხის თანახმად, „სტრუქტურის“ განზომილების დარღვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ტექსტი შინაარსობრივად სათაურს არ შეესაბამება, რამაც შესაძლებელია მკითხველის დაბნევა გამოიწვიოს და, აქედან გამომდინარე, მის მოტივაციაზე ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს.
სათაურსა და ტექსტის შინაარსს შორის ნაკლები კავშირის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ასეთი შემთხვევა:
სათაური: „Tausche Altersarmut gegen Armut schon in jungen Jahren.“
ტექსტი: „Doch wer auf der untergehenden „Titanic“ steht, hat kaum eine Wahl: wenn er springt, heißt übersetzt Dividendenpapiere kauft, kann er ertrinken beziehungsweise Geld verlieren, wenn er nichts unternimmt, geht er sicher unter beziehungsweise wird arm.“
შემდეგ მაგალითში კი ინფორმაცია არ არის თანმიმდევრულად გადანაწილებული და ასე ირღვევა სტრუქტურის განზომილება. მე-5 გვერდზეა მოცემული ჟიროანგარიშის ფუნქციები, მაშინ, როცა ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 28-ე გვერდზეა გადმოცემული:
„Funktionen des Girokontos – Der Dispositionskredit“ (S 5)
„Die Kontoeröffnung“ (S 28)
ზოგადად, დარგობრივი ტექსტის სპეციფიკური მაკროსტრუქტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკომუნიკაციო ხერხების კომბინაცია. საკომუნიკაციო ხერხები ანუ, თუ ლინგვისტური პრაგმატიკის ტერმინით ვიტყვით, ქმედების ტიპები შესაბამისად, დარგობრივი ტექსტის კოჰერენტულობას უზრუნველყოფენ. ისინი წარმოადგენენ იმ საკომუნიკაციო გეგმის სტრუქტურულ ელემენტებს, რომლებიც გარკვეული ინტენციის რეალიზაციას ემსახურებიან.
გზამკვლევებისთვის დამახასიათებელი საკომუნიკაციო ხერხებია: აღწერა, ახსნა-განმარტება, დეტალურად გადმოცემა, დასაბუთება, შეკითხვა, არგუმენტირება. დღევანდელ გზამკვლევებში გვხვდება აგრეთვე დეფინიცია და გაფრთხილება. აქვე წარმოგიდგენთ დეფინიციის მაგალითს:
„ფიშინგი არის ყალბი მეილი, რომელიც ცდილობს მოიპოვოს თქვენი პირადი და კონფიდენციალური ინფორმაცია, თაღლითობის ჩასადენად ან კომპიუტერზე საზიანო პროგრამის დასაყენებლად.“
გაფრთხილების მაგალითები გვხვდება როგორც გერმანულ-, ასევე ქართულენოვან ტექსტებში:
„Doch auf versteckte Gebühren muss auch hier besonders geachtet werden, denn die einzelnen Angebote unterscheiden sich massiv bei Guthaben und Sollzinsen.“
„დაბოლოს, კარგად დაფიქრდით, სანამ სესხის ვალუტას აირჩევდეთ: გაიაზრეთ, თუ რა ვალუტაში გაქვთ შემოსავალი, და დაიმახსოვრეთ, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი უცხოური ვალუტის სესხის შენატანების ღირებულება ლარში.“
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება გზამკვლევების ტექსტების სტანდარტიზაცია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სულ უფრო ხშირია ამ ტექსტის სახეობის მაკროსტრუქტურის კითხვა-პასუხის ფორმატში გადაყვანა, რაც, ალბათ, ვიზუალური თვალსაზრისითაც მომგებიანია, რადგან ადრესატი ფოკუსირებულია კონკრეტულ შეკითხვაზე, განსხვავებით იმ დიდი მოცულობის მქონე ტექსტებისგან, რომელთა მაკროსტრუქტურა არც ისე მარტივად აღსაქმელია.
განზომილება „ტექსტის პერცეფცია“ ფოკუსირებულია ტექსტის მაკრო- და მიკროტიპოგრაფიულ მახასიათებლებზე. აქ გაგება/გააზრება ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად არის შესაძლებელი ტექსტის აღქმა შეგრძნების ორგანოებით (სისტემით, რომელიც პასუხისმგებელია შეგრძნებების წარმოქმნაზე). მკითხველმა ადვილად უნდა შეძლოს ტექსტის შინაარსობრივი სტრუქტურის შეცნობა, მაგალითად, არავერბალური საშუალებებით.
დარგობრივი შინაარსის კოგნიტიურად გადამუშავებისთვის როგორც გერმანულენოვანი, ასევე ქართულენოვანი ტექსტები ნაკლებად აკმაყოფილებენ პერცეფციის პრინციპებს, ფოტოები და ვიდეორგოლები კი მიმართულია პრობლემის ვიზუალიზაციისკენ და არა პრობლემის გადაჭრისკენ.
რაც შეეხება ქართულენოვან ტექსტებს, ბეჭდური ფორმატით არსებულ ტექსტში, კერძოდ, ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულ მასალაში ხშირად ძნელად აღსაქმელია მცირე შრიფტი.
გზამკვლევები ადრესატის ემოციურ დონეზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ გრაფიკული ელემენტებით, ინტენსიური ფერებით, სხვადასხვა სახის შრიფტით, სურათებით. მათი ვიზუალური გაფორმება ძირითადად შედარებით მოკრძალებულია. სურათებს მასტიმულირებელი და ინფორმაციული დატვირთვა აქვს. ვიზუალიზაციის საშუალებებიდან ძირითადად დომინირებს ფოტოები, რომლებიც ტექსტის ემოციონალურ აგებულებას უწყობენ ხელს. იშვიათად გვხვდება ვერბალური ტექსტი.
საბანკო სფეროს გზამკვლევებში „სიმარტივის“ განზომილების თვალსაზრისით, განსაკუთრებით გერმანულენოვანი ტექსტებისთვის დამახასიათებელია გრძელი, რთული ქვეწყობილი წინადადებები, ნომინალური სტილი, ასევე ხშირად გვხვდება დარგობრივი ტერმინოლოგია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ტექსტის გაგებას. სინონიმები მკითხველისთვის არ არის ადვილად გასაგები, ტერმინი ყოველთვის ერთი და იმავე სახელწოდებით არ არის მოხსენიებული, გერმანულენოვან ტექსტებში განსაკუთრებით ხშირია გრძელი კომპოზიტები.
გზამკვლევი - როგორც გერმანული, ასევე ქართული - ხშირად ვერც „სიზუსტის“ განზომილების საკომუნიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. იგი შეიცავს ზედმეტ ინფორმაციას, მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნაკლებობა. უცხოური სიტყვები და დარგობრივი ტერმინები, სამწუხაროდ, საკმარისად არ არის ახსნილი.
„სტრუქტურის“ განზომილების კრიტერიუმების დაკმაყოფილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გზამკვლევებისთვის, რადგან ის ამარტივებს ტექსტის რეცეფციას და ხელს უწყობს ინფორმაციის ათვისებას. საბანკო სფეროს გზამკვლევებში ტექსტის ნაწილების შედარებით თავისუფალი წყობაა, რაც განსაკუთრებულად შეინიშნება ქართულ გზამკვლევებში. გვხვდება შინაარსობრივი შეუთავსებლობა ტექსტსა და მის სათაურს შორის, ინფორმაცია არ არის თანმიმდევრულად გადანაწილებული და ამით ირღვევა „სტრუქტურის“ განზომილება.
გზამკვლევების ვიზუალური გაფორმება ძირითადად შედარებით მოკრძალებულია, სურათებს მასტიმულირებელი და ინფორმაციული დატვირთვა აქვს. როგორც გერმანულენოვანი, ასევე ქართულენოვანი ტექსტები ნაკლებად აკმაყოფილებს „პერცეფციის“ პრინციპებს, ფოტოები და ვიდეორგოლები მიმართულია პრობლემის ვიზუალიზაციისკენ და არა პრობლემის გადაჭრისკენ. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის გარემოება, რომ უკანასკნელ პერიოდში ძნელი გასაგებია, სარეკომენდაციო ტექსტს ვკითხულობთ, თუ - სარეკლამო ხასიათისას. ბანკის მიერ გაცემული რჩევები არის ძალიან ზოგადი ხასიათის, არც პრობლემის ექსპლიკაცია ჩანს და არც მისი გადაჭრის კონკრეტული გეგმა.
საბანკო ტექსტების, კერძოდ კი, გზამკვლევების გაგების ასპექტებთან დაკავშირებული, ლინგვისტური კვლევის ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი მეთოდოლოგიისა და მკაფიო საანალიზო კრიტერიუმების შემუშვება. კვლევების ჩატარება აუცილებელია საბანკო ტექსტებისა და გზამკვლევების გაგების გამარტივების მიზნით, ასევე კომუნიკაციის გასამარტივებლად. გამარტივება ემსახურება ტექსტის გამჭვირვალებას. გამჭვირვალედ და გასაგებად ჩამოყალიბებული ტექსტი მომხმარებელს უნდა აცნობდეს მოსალოდნელი „სიკეთეების“ პარალელურად (რაც ბანკის ინტერესია) იმ რისკ-ფაქტორებს, რომლებიც მოჰყვება კონკრეტულ საბანკო აქტივობას მომხმარებლის მხრიდან.
ლიტერატურა
Böttcher S. 2013 |
Analysen zur Verständlichkeit medizinischer Fachtexte - Dargestellt an Beispielen der Fachtextsorten Ratgeber, Lehrbuch und Übersichtsarbeit. In: Angewandte Linguistik aus interdisziplinärer Sicht, Band, Verlag Dr. Kovac |
Fandrych, Ch./Thurmair, M. 2011 |
Textsorten im Deutschen. Linguistische Analysen aus sprachdidaktischer Sicht, Stauffenberg Verlag |
Göpferich, S. 2001 |
Von Hamburg nach Karlsruhe: Ein kommunikationsorientierter Bezugsrahmen zur Bewertung der Verständlichkeit von Texten. Fachsprache/International Journal of LSP 3-4, S.117-138 |
Göpferich, S. 2002 |
Textproduktion im Zeitalter der Globalisierung. Tübingen: Stauffenburg-Verlag |
Löffler, D. 2007 |
Eine Analyse von Textsorten in verschiedenen Formaten von „Ratgeberzeitschriften“ Masterarbeit, Greifswald https://germanistik.uni-greifswald.de/fileadmin/uni-greifswald/fakultaet/phil/germanistik/Mitarbeitende/Gansel/Loeffler_Doreen_2007_.pdf [20.11.2018] |