ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება
როგორც ცნობილია, 1991 წლის 31 მარტი საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩაატარა [რადიო თავისუფლება, 2016]. მალევე რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე დაყრდნობით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა [დოღონაძე, 2002:10]. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებიდან (საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას) აღიარება არ მოჰყოლია. აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო აქტიური და მიზანმიმართული დიპლომატია პოლიტიკური ურთიერთობების დასამყარებლად და გასავითარებლად. ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესს მხოლოდ 1991 წლის 12 დეკემბერს გამოეხმაურა. შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა ქალაქ პრინსტონში გამოსვლისას, პირველად ილაპარაკა წარსულ დროში საბჭოთა კავშირზე [დოღონაძე, 2002:18]. ჯეიმს ბეიკერმა განაცხადა: „საბჭოთა კავშირის დამხობის შემდეგ, ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ახალ ეპოქაში“[დოღონაძე, 2002:18].
ჩემი აზრით, ბეიკერის ზემოხსენებული პოლიტიკური გზავნილები მოწმობს იმას, რომ შტატები იძულებული იყო ახალ მსოფლიო წესრიგს შეგუებოდა და მოცემულ ვითარებაში პოლიტიკური ლავირების მეთოდისთვის მიემართა – საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნებთანაც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინა.
ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიხეილ გორბაჩოვს, საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტს, ბოლომდე უერთგულა. მიუხედავად ამისა, შტატებს ახალი გეოპოლიტიკური რეალიების იგნორირება აღარ შეეძლო. ვაშინგტონმა, ისევე როგორც დანარჩენმა მსოფლიომ, იცოდა, რომ პოლიტიკური ავანსცენიდან გაქრებოდა. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები მზად იყო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სოციალური აფეთქების თავიდან ასაცილებლად, გადაუდებელი ეფექტური უცხოური დახმარება გამოეყო [დოღონაძე, 2002:18]. რასაკვირველია, დასავლეთს სჭირდებოდა იმის დემონსტრირება, რომ ყოფილ საბჭოთა ხალხებს ისინი მარტო არ დატოვებდნენ და უკეთესი ცხოვრების პირობები წინ ჰქონდათ.
ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ერთგულება საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის ბოლო დღეებში, ჩემი აზრით, გასაკვირი არაა, რადგანაც ამერიკული მხარე კარგად ხედავდა სამხრეთ კავკასიის რთულ და მრავალფეროვან მდგომარეობას, რელიგიური, პოლიტიკური თუ გეოგრაფიული კუთხით. აქედან გამომდინარე, ალბათ, ის საფრთხეს ტერორიზმის რეგიონში გავრცელების, არეულობისა და დაპირისპირების სახით ხედავდა. რასაკვირველია, ამერიკის შეერთებულ შტატებს საფრთხის შემაკავებელი მთავარი გარანტი – საბჭოთა კავშირის სახით კვლავ სჭირდებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხი. ჯეიმს ბეიკერმა განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებდნენ ბირთვული იარაღისა და ტექნოლოგიების გადინებას საზღვარგარეთ. შტატები ასევე პასუხისმგებლობას იღებდა ექსპერტებისა და სპეციალისტების დასაქმებაზე, რათა მათი პოტენციალი ხელში არ ჩაიგდოთ „აღმოსავლეთის დიქტატორებსა“ და სხვა პირებს [დოღონაძე, 2002:19].
ჯეიმს ბეიკერის განცხადებით, რუსეთმა, უკრაინამ, ყაზახეთმა, სომხეთმა და ყირგიზეთმა გამოავლინეს დემოკრატიული იდეალებისადმი თავისი ერთგულება და, აქედან გამომდინარე, მათ დაიმსახურეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა [დოღონაძე, 2002:19]. საქართველო და აზერბაიჯანი კი „შავ სიაში“ მოხვდა. ჯეიმს ბეიკერის აზრით, ამის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტი – ზვიად გამსახურდია გახლდათ. შესაძლებელი იყო, საქართველოში კომუნიზმი ტოტალიტარულ რეჟიმს შეეცვალა [დოღონაძე, 2002:19]. ნათელია, რომ შეერთებული შტატების იმჟამინდელი მთავრობა საქართველოში ზვიად გამსახურდიას მმართველობის სტილითა და მეთოდებით კმაყოფილი არ იყო, ამიტომაც დამოუკიდებლობის ცნობისა და, აგრეთვე, საქართველოს დასავლეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესები ჭიანურდებოდა.
რაც შეეხება, ზვიად გამსახურდიასა და ჯორჯ ბუშის (უფროსი) ურთიერთდამოკიდებულებას, უნდა აღვნიშნოთ, რომ გამსახურდია ამერიკელი კოლეგის იდეას, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების აუცილებლობაზე კატეგორიულად არ ეთანხმებოდა [შურღულაია, 2011]. მეტიც, გამსახურდია ბუშს მიხეილ გორბაჩოვთან საიდუმლო გარიგებებში ადანაშაულებდა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, 1991 წლის 9 ნოემბერს, როდესაც ჯეიმს ბეიკერი ედუარდ შევარდნაძესა და მიხეილ გორბაჩოვს მოსკოვში შეხვდა, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას შტატები არ ცნობდა [შურღულაია, 2011]. ზვიად გამსახურდიას მთავრობის ურთიერთობაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამით დამთავრდა. საბოლოოდ, შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ცნობა თვენახევრიანი ინტერვალით დააგვიანა, თუმცა იმ დროისთვის საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, პოლიტიკური ვითარება უკვე მკვეთრად შეცვლილი იყო.
1991 წლის 25 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში (უფროსი), მიესალმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების სწრაფად დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა [დოღონაძე, 2002:22]. საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი – ზვიად გამსახურდია ამ უმნიშვნელოვანესს გადაწყვეტილებას პარლამენტის შენობის ბუნკერში შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში (უფროსი),ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნავდა: „ამერიკის შეერთებული შტატები დღეს, ასევე აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ექვს რესპუბლიკას – მოლდოვას, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, ტაჯიკეთს, საქართველოსა და უზბეკეთს. ჩვენ დავამყარებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს მათთან მაშინ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ მათ იკისრეს საპასუხისმგებლო ვალდებულებები უსაფრთხოების პოლიტიკისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი, ისევე როგორც, ეს გააკეთეს იმ სახელმწიფოებმა, რომლებსაც დღეს ვაღიარებთ“[დოღონაძე, 2002:22].
სწორედ, რომ 1991 წლის 25 დეკემბერია, ის საწყისი თარიღი, რომელიც საფუძვლად უდევს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. საქართველოს პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის შენობის ბუნკერში შეხვდა და მალევე ქვეყანა დატოვა. საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, რაც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე უარყოფითად აისახა.
1992 წლის თებერვალში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბეიკერი, საბჭოთა კავშირში შემავალ ყოფილ და ამჟამად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ესტუმრა. თუმცა, საქართველოში ის არ ჩამოსულა. 1992 წლის 19 თებერვალს მოსკოვში, სასტუმრო „ოლიმპიკ პენტაში“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ჯეიმს ბეიკერს შეხვდა. საქართველოს მთავარი მიზანი შეერთებული შტატების მხარდაჭერის მოპოვება და გაეროს უშიშროების საბჭოში გაწევრიანება იყო [ჩიკვაიძე, 2017].
უახლესი საქართველოს ისტორიაში, ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის ჯერ აღდგენა, ხოლო შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.
1992 წლის მარტიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება შტატებიდან დიპლომატიურ გზავნილს ელოდა, რათა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გაიხსნილიყო და პოლიტიკური ურთიერთობები დამყარებულიყო. ჩემი აზრით, ქართულ-ამერიკული პოლიტიკური ურთიერთობები საკმაოდ მალევე დამყარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თითქმის 4 თვეში, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სამხრეთ კავკასიაში დიპლომატიური მისიების გახსნა და მათ შორის პირველ ქვეყანაშიც, საქართველოში.
საბოლოოდ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 1992 წლის 23 აპრილს გაიხსნა. ამერიკული მხარე მოხარული იყო ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით და აღნიშნავდა, რომ გახსნაში მონაწილეობდა საქართველოს მთავრობის მეთაური ედუარდ შევარდნაძე და სხვა წევრები. ქართული მხარის გარდა, აღნიშნულ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკული საზოგადოების წარმომადგენლები და ამერიკელი სენატორი ალან კრანსტონიც [TutwilerA,1992]. ჩემი აზრით, ამერიკელი სენატორის სიმბოლური დასწრებაც იმის დასტური იყო, რომ ამ დიპლომატიურ ღონისძიებას ამერიკული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან მალევე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 1992 წლის 2 ივლისს საგარეო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კენტ ბრაუნი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოფიციალურად დაინიშნა [Bush,1992].
როგორც აღვნიშნე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირის დაშლის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების აღიარების შემდეგ,ზემოხსენებულ ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტები დაგეგმა. 1992 წლის 3 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ შტატების სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი რუსეთის ფედერაციას ესტუმრა [Tutwiler B.1992]. მიუხედავად ამისა, ამერიკული მხარე ჯერჯერობით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების ქვეყნებში ოფიციალურ შეხვედრებს არ გეგმავდა. ამერიკული მხარის ინტერესებში ამ ეტაპზე აზერბაიჯანი, მოლდოვა ან საქართველო არ შედიოდა. ამის მიზეზი კი, ჩემი აზრით, საქართველოში გაურკვეველი საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა იყო. ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება მძვინვარებდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჯერ ქვეყანა დატოვა, ხოლო შემდეგ მომხრეებთან ერთად დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა და იქიდან აგრძელებდა ბრძოლას. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარების პოლიტიკური ჰორიზონტი კი მხოლოდ 1992 წლის მარტში გამოჩნდა, როდესაც საქართველოში ედუარდ შევარდნაძე, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი,დაბრუნდა. ჩემი აზრით, სწორედ, ამ ფაქტმა დააჩქარა ამერიკის შეერთებულ შტატებსზ და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. ედუარდ შევარდნაძეს დიდი ხნის პოლიტიკური ურთიერთობები აკავშირებდა როგორც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან,ისე სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერთან. შევარდნაძე თავისი სამშვიდობო მიღწევებით საკმაოდ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე იყო საერთაშორისო ასპარეზზე. 1992 წლის 25 მარტს, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ ამავე წლის 15 აპრილისთვის საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ამერიკელი დიპლომატების პირველი ნაკადი ჩამოვიდოდა [Tutwiler C,1992].
1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ოფიციალური განცხადებების საფუძველზე, ნათელი გახდა, რომ ამერიკული მხარე ძალიან დაინტერესებული იყო საქართველოსთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობებით და ის მზად იყო, რომ ქვეყანას მტკიცე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, დემოკრატიის განმტკიცებისა და არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესშიც დახმარებოდა. ნათელია, რომ შტატები ცდილობდა ქართულ მხარესთან ორმხრივი და საერთო ღირებულებებზე დამყარებული დიპლომატია დაემყარებინა, რაც საერთო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საწინდარი იქნებოდა. შტატები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებშიც მხარდაჭერას უცხადებდა. შტატებს საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებები აინტერესებდა, რაც გამოიხატებოდა იმასი, რომ ქვეყანა რეალურად დადგომოდა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზას და განევითარებინა სახელმწიფო, რომელიც კანონის უზენაესობის პრინციპზე იქნებოდა ორიენტირებული. ამ რთულ, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მიზნისკენ მიმავალ გზაზე კი შტატები საქართველოს გვერდით იქნებოდა. ქვეყანას პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას გაუწევდა. საქართველოს კი, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი საერთაშორისო დონეზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისადმი ერთგულება მოეთხოვებოდა.
საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის და აღიარებისთვის აქტიურად იბრძოდა. უახლესი საქართველოს დიპლომატიურ ისტორიაში ბევრი გავლენიანი პირის თუ სახელმწიფო მოღვაწის სტუმრობაა გამორჩეული, თუმცა, ვფიქრობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამდე, რამდენიმე კვირით ადრე, ცივ ომში გამარჯვებული ქვეყნის პირველი დიპლომატის ვიზიტი და მხარდაჭერა მართლაც აღსანიშნავი გახლდათ.
1992 წლის 21 მაისს ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი საქართველოს ესტუმრებოდა. აშკარაა, რომ ვაშინგტონი დაინტერესებული იყო თბილისთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით. შტატები ასევე მზად იყო საქართველოს თავისუფალი ბაზრისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაარსებასა და გაძლიერებაში აქტიურად დახმარებოდა. რაც მთავარია, ჯეიმს ბეიკერი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ედუარდ შევარდნაძესაც, შეხვდებოდა [Boucher,1992]. აღნიშნული ვიზიტი, ასევე მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშაც მოექცა. დასავლური პრესა ხშირად წერდა, რომ ბეიკერი საქართველოში პირადი მეგობრის მხარდასაჭერადაც ჩამიოდა, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა [Crossette,1992].
მართლაც, 1992 წლის 25 მაისს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ესტუმრა. ედუარდ შევარდნაძემ უმაღლესი ამერიკელი დიპლომატის ვიზიტი დადებითად შეაფასა. ედუარდ შევარდნაძე იხსენებდა თბილისის აეროპორტში ბეიკერთან საუბარს: „ჩვენ ჩამოვიტანეთ იმ ძალისხმევის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც ეწევა თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა, გვწამს, რომ საქართველო დარჩება დემოკრატიული გარდაქმნების გზაზე“[შევარდნაძე,2006:326]. რასაკვირველია, ბეიკერის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა იყო საქართველოსთვის დამოუკიდებლობის პირველ წლებში. გელა ჩარკვიანი თავის მემუარებში წერს, რომ ბეიკერმა, თუ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ჰანს დიტრიხ გენშერმა, შეიძლება ითქვას, რომ შევარდნაძეს პოლიტიკურად მხარი „ავანსად“ დაუჭირეს [ჩარკვიანი, 2016:14]. დასავლეთი აუცილებლად თვლიდა, რომ პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად უნდა მომხდარიყო ხელიუფლების ლეგიტიმაცია. ეს პროცესი კი მხოლოდ არჩევნების ჩატარების გზით იყო შესაძლებელი. 1992 წელს ედუარდ შევარდნაძე აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტისა და სახელმწიფოს მეთაურად. ბუნებრივია, მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში მყოფ შევარდნაძეს ძალიან სჭირდებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. თანამდებობაზე არჩევიდან მალევე, მან მილოცვა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, ჯორჯ ბუშისაგან (უფროსი).
შევარდნაძე ასევე იხსენებდა, რომ ბეიკერის განცხადებით, შტატების მიზანი იყო, ახალი საქართველოს მშენებლობაში თავიანთი წვლილიც შეეტანათ. გარდა ამისა, ბეიკერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა, ისევე როგორც სხვა საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკებისა, საკმაოდ მცირე დროში აღიარა. [შევარდნაძე, 2006:327]. ბეიკერის აზრით, ორი საუკუნის მანძილზე, ამერიკა მყარად იცავდა დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებს, ამიტომაც მათთვის სხვა ქვეყნების დამოკიდებულება ამ ღირებულებებისადმი სულერთი ნამდვილად არ იყო. თუკი უწინ, შტატები ეჭვს გამოთქვამდა, საყოველთაოდ აღიარებული ამ პრინციპების საქართველოს მხრიდან მხარდაჭერაში, ახლა ისინი უკვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქართველო თავისუფლებისა და მსოფლიოში აღიარებული ყველა ნორმის ერთგული მხარდამჭერი იყო [შევარდნაძე, 2006:327]. განსაკუთრებით მაშინ კი, როდესაც ასაქართველოში ედუარდ შევარდნაძე იმყოფებოდა [შევარდნაძე, 2006:327]. ეს იყო 25 მაისი, მეორე დღეს კი საქართველო 26 მაისს – დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის 74 წლისთავს, ზეიმობდა.
შევარდნაძე თავის მემუარებში იხსენებდა, რომ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე შტატების სახელმწიფო მდივანმა წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც, ჩემი აზრით, ნამდვილად აღსანიშნავია და პოლიტიკური ელფერის გარდა, მხარდაჭერის, გამხნევების ელემენტებსაც შეიცავდა. ბეიკერი საქართველოს ულოცავდა დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და სახელმწიფოებრიობას. თუკი 70 და მეტი წლის წინ შტატებმა არ ისურვა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება, დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ზეიმობდა ამ ღირსშესანიშნავ თარიღს [შევარდნაძე, 2006:328].
ედუარდ შევარდნაძე აღწერდა, თუ როგორ აშუქებდა დასავლური მედია ჯეიმს ბეიკერის ვიზიტს. „პატარა ქვეყანამ, საქართველომ, რომელიც ძლიერი მეზობლებით არის გარშემორტყმული, გადაიტანა უამრავი შემოსევა და ყოველთვის დამარცხების შემდეგ, ფენიქსის მსგავსად ფერფლისაგან აღდგა“, წერდა რობერტ პარსონი[შევარდნაძე, 2006:327].
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, განცხადებით, რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურ იზოლაციაში იყო და ახლა იწყებოდა ეტაპი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ საერთაშორისო და პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა [ჩიკვაიძე, 1992.]. ალექსანდრე ჩიკვაიძე ასევე ხაზს უსვამდა, საქართველოს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და ურთულეს სავალუტო კურსს. მისი აზრით, საქართველოში მძიმე ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას, მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება ვერ და არ გადაჭრიდა, ამიტომაც საჭირო იყო ეკონომიკური სისტემის რეკონსტრუქცია და ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია [ჩიკვაიძე,1992.].
მართალია, ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი საქართველოში 24 საათს გაგრძელდა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო გზავნილი საქართველოსადმი, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყანა ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესების არეალში ნამდვილად შედიოდა.
1992 წელი აღსანიშნავია იმითაც, რომ იგი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უფროსის) მმართველობის ბოლო 365 დღე იყო. მიუხედავად ამისა, სულ რაღაც რამდენიმე თვეში საქართველოსა და შტატებს შორის რეალური დიპლომატიური შედეგები დადგა.
ნათელი გახდა, რომ საქართველო-შეერთებული შტატების პოლიტიკური ურთიერთობები საკმაოდ დინამიკურად და ეფექტურად ვითარდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უფროსის) მმართველობის ბოლო წელი ახალი ქართულ-ამერიკული დიპლომატიური და ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისი აღმოჩნდა, რამაც მომდევნო წლებში განსაზღრა შემდგომი დიპლომატიური ურთიერთობები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული აღმოჩნდა სამხრეთ კავკასიაში.
ლიტერატურა
რადიო თავისუფლება. |
2018 31 მარტის რეფერენდუმი – ერის დაბადების ტოლფასი მოვლენა, www.radiotavisupleba.ge,2016.https://www.radiotavisupleba.ge/a/otsdakhuti-tseli-damoukideblobis-agdgenis-referendumidan/27646279.html. 7.Boucher Richard, US Department of State Daily Briefing #10:Thursday, 1/16/92; http://dosfan.lib.uic.edu/ERC/briefing/daily_briefings/1992/9201/010.html |
შევარდნაძე ე. 2006 |
„ფიქრი წარსულსა და მომავალზე“, პალიტრა L, თბილისი. |
შურღულაია თ. 2011 |
ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ სივრცეში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი. |
Bush G. 1992. |
Executive Order 12809—Waiver Under the Trade Act of 1974 With Respect to Albania, Azerbaijan, Georgia, Kazakhstan, Moldova, Ukraine, and Uzbekistan, June 3, 1992, http://www.presidency.ucsb.edu/ws/index.php?pid=23629. |
New York Times 1992 |
Baker Visits Georgia to Help a Friend; www.nytimes.com, https://www.nytimes.com/1992/05/26/world/baker-visits-georgia-to-help-a-friend.html. |
1991 |
|
ჩარკვიანი გ. 2016 |
„ნაცნობ ქიმერათა ფერხული“, ინტელექტი, თბილისი. |
დოღონაძე შ. 2002 |
საქართველოს: გზა საერთაშორისო აღიარებიდან საერთაშორისო თანამეგობრობისაკენ. მეცნიერება, თბილისი. |