პოლიტიკური ნეოლოგიზმები მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში და მათი ინგლისურიდან ქართულში ტრანსპოზიციის საკითხი

საკითხის ზოგადი მიმოხილვა

თარგმანი ყოველთვის იყო ერთა შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. შესაბამისად, მის საკითხებს ყოველთვის ცენტრალური ადგილი ეჭირა ლინგვისტურ კვლევებს შორის. ბოლო ათწლეულების განმავლობაში თარგმანმა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან მსოფლიო საზოგადოებას მუდმივად სჭირდება ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, რაც სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების, დიდი სოციალური ძვრების, ინტენსიური საერთაშორისო ურთიერთობების და გლობალიზაციის ტენდენციების პირდაპირი შედეგია.

იგივე მიზეზებს უკავშირდება ნეოლოგიზაციის ტენდენციების არნახული მასშტაბი. ტექნოლოგიური წინსვლის, სოციალური ცვლილებების, პოლიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების გააქტიურების ფონზე მუდმივად ჩნდება ცნებები, რომელთაც სჭირდებათ სახელდება. რამდენადაც სიტყვების ლექსიკონებში დაფიქსირება რთული და ხანგრძლივი პროცესია, თანამედროვე ენათა უმრავლესობაში არსებობს დიდი რაოდენობით სიტყვები ნეოლოგიზმთა სტატუსით.

თანამედროვე მსოფლიო ნომერ პირველ საკომუნიკაციო ენად ინგლისურს აღიარებს, რადგან ის მეცნიერების, განათლების, ინფორმაციის, ინტერნეტის ენაა. ამიტომ ყველაზე მძლავრი ნეოლოგიზაციის ტენდენციებიც სწორედ ინგლისურ ენას ახასიათებს. რამდენადაც ნეოლოგიზმები კომპლექსური ფენომენია, მათი თარგმანი ბევრ ნიუანსთან არის დაკავშირებული. თარგმნისას განსაკუთრებულ როლს თამაშობს ის, თუ რომელ თემატურ ჯგუფს მიეკუთვნება ნეოლოგიზმი, რადგან თარგმნითი სტრატეგიები და თარგმნის ზოგადი ტენდენციებიც სწორედ ამის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან.

წინამდებარე ნაშრომის ფოკუსში მოექცა პოლიტიკური ნეოლოგიზმები, როგორც თანამედროვე ეპოქის დამახასიათებელი მძლავრი ტენდენცია. რამდენადაც პოლიტიკა ლოკალურზე მეტად გლობალური მოვლენაა და ე. წ. „ნიუსები“ მუდმივად აშუქებს ამა თუ იმ ქვეყანაში, თუ  ქვეყნებს შორის მიმდინარე მოვლენებს, პოლიტიკური ნეოლოგიზმების თარგმნაც აქტუალური პრობლემაა. პოლიტიკური ტექსტების თარგმანი რთული საკითხია. ნეოლოგიზმების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მკვლევარის, პიტერ ნიუმარკის მიხედვით, პოლიტიკური ენის თარგმანის პრობლემა ის არის, რომ ის აბსტრაჰირების აბსტრაჰირებაა [Newmark, 1988, 141].

წინამდებარე ნაშრომში განვიხილავთ პოლიტიკურ ნეოლოგიზმებს და შევეცდებით დავადგინოთ, თუ რა მასშტაბით ხდება ინგლისურენოვანი პოლიტიკური ნეოლოგიზმების ქართულში გადმოტანა, და იმ თარგმნითი სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყოფა, რომლებიც მათი ტრანსპოზიციისათვის არის საჭირო. გამოყენებული რესურსები მოიცავს ინგლისურენოვან ტექსტებს და საგაზეთო სტატიებს ინტერნეტ სივრციდან. ქართულენოვანი თარგმნითი ეკვივალენტებიც ინტერნეტ მასალებს ეფუძნება.

 

ოლიტიკური ნეოლოგიზმები

ენა, რომელსაც პოლიტიკოსები იყენებენ და ასევე ის ენაც, რომელიც პოლიტიკური პირების თუ მოვლენების აღწერისა და შეფასებისათვის გამოიყენება, სპეციფიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. პოლიტიკის ენას ახასიათებს სიმართლის შენიღბვის, ნახევარი სიმართლის გამჟღავნების, ორაზროვანი გამონათქვამების, შერბილების, საზოგადოებრივ აზრზე ვერბალური საშუალებებით გავლენის მოხდენის ტენდენციები. ასევე პოლიტიკური ენის დამახასიათებელია ოპონენტებთან საბრძოლველად ვერბალური საშუალებების ოსტატური გამოყენება. იმისათვის, რომ ჩრდილი მიაყენონ, დასცინონ, დაამცირონ მოწინააღმდეგე მხარე, პოლიტიკოსები ძალას არ იშურებენ ეფექტიანი ტერმინოლოგიისა თუ ფრაზეოლოგიის გამოსაძებნად. ამას თუ დავუმატებთ თანამედროვე ეპოქის დამახასიათებელი მოვლენებისათვის სახელდების საჭიროებას, მივიღებთ ლექსიკის საკმაოდ სოლიდურ სეგმენტს, გაჯერებულს სხვადასხვა სემანტიკისა და მიზანმიმართულების ახალი ტერმინოლოგიით, რომელსაც ჯეროვანი თარგმანი სჭირდება იმისათვის, რომ ერთა შორის ინფორმაციის გაცვლა სათანადო დონეზე მოხდეს.

თითქმის ყველა პოლიტიკური ტერმინი ამა თუ იმ ეტაპზე პოლიტიკური ნეოლოგიზმი იყო. როგორც ცნობილია, მემარჯვენეობამ და მემარცხენეობამ პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა 1789 წელს საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ. ბოლშევიკობა, როგორც ცნება, არსებობს 1917 წლიდან, მას შემდეგ, რაც ლენინის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია უმრავლესობაში მოვიდა გასაბჭოებული რუსეთის ხელისუფლებაში. პოლიტიკურ ტერმინთა უმრავლესობას თავისი შექმნის ისტორია აქვს. მათი ენაში დამკვიდრება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნეოლოგიზმით აღნიშნული ცნება. პოლიტიკურ ნეოლოგიზმთა ის ჯგუფი, რომელიც ეროვნული ან საერთაშორისო თვალსაზრისით მეტ დატვირთვას ატარებს, ენის განუყოფელი ნაწილი ხდება. დღევანდელი ინტერნაციონალიზმების უმეტესობა ოდესღაც პოლიტიკური ნეოლოგიზმები იყო: Genocide – გენოციდი (1944), Meritocracy – მერიტოკრატია  (1958), homophobia  - ჰომოფობია (1969), heterosexualism – ჰეტეროსექსუალიზმი (1979) და ა.შ. 

ფრანგი ლექსიკოგრაფი ალან რეი თავის ნაშრომში Essai de definition du concept de neologisme” ხაზს უსვამს ლინგვისტური ნეოლოგიზაციის სოციალურ და პრაგმატულ ასპექტებს და გამოყოფს ერთ, პოლიტიკური ნეოლოგიზმებისათვის მეტად მნიშვნელოვან მახასიათებელს: “The creation of neologisms cannot be dissociated from individual creators who are integrated into a community and use it in discourse for expressing themselves in a particular situation” [Rey, 1995, 66]. როგორც ციტატიდანაც ჩანს, ნეოლოგიზმები უკავშირდება კონკრეტულ ინდივიდებს, რომლებიც კონკრეტული საზოგადოების წევრები არიან და, ამგვარად, კონტექსტს და ნეოლოგიზმის ავტორს სპეციფიკური მნიშვნელობა აქვს ამ მიმართებით. დღესდღეობით პოლიტიკური ნეოლოგიზმების შექმნის და ლექსიკაში დამკვიდრების  პრეროგატივა თვით პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ეკუთვნის. ბევრ პოლიტიკურ ნეოლოგიზმს აქვს არა მარტო ფორმირების თარიღი და კონკრეტული კონტექსტი, არამედ ჰყავს ავტორიც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ინგლისური ენა ძალიან დიდი რაოდენობით ითვლის პოლიტიკურ ნეოლოგიზმებს, თარგმანის კუთხით არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომელთაც ექსტრალინგვისტური მიზეზები აქვს. პირველ რიგში, ეს არის ნეოლოგიზმით აღნიშნული ცნების ან მოვლენის გაშუქების მასშტაბები. ლოკალური მასშტაბის მოვლენათა ამსახველი ნეოლოგიზმები ძირითადად უთარგმნელი რჩება, ხოლო თუ მოვლენა გლობალურია ან რეზონანსული, პოლიტიკური ნეოლოგიზმები არც თუ იშვიათად ინტერნაციონალიზმების სტატუსს იძენენ. პოლიტიკური ნეოლოგიზმების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია შეფასებითი კომპონენტი. იდეოლოგიურად დეტერმინირებული პოლიტიკური ნეოლოგიზმი არა მარტო კონკრეტული ცნების ან მოვლენის სახელდების, არამედ შეფასების მცდელობაცაა.

პოლიტიკური ნეოლოგიზმების პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ, იდეის სიახლის მიუხედავად, მათი ბგერითი ფორმა ნაცნობია. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ ყველაზე უფრო წარმატებული პოლიტიკური ნეოლოგიზმები წარმოიქმნება: ა) უკვე არსებული პოლიტიკური ნეოლოგიზმების ან ტერმინების საფუძველზე; ბ) ჩვეულებრივი სამეტყველო ლექსიკური ერთეულების ერთმანეთთან უჩვეულო შეწყობით; გ) კლასიკური ენებიდან აღებული სიტყვის ფუძეების და აფიქსების უჩვეულო შერწყმით; დ) მნიშვნელობის გადააზრებით. ეფექტიანი პოლიტიკური ნეოლოგიზმის შექმნის აუცილებელი პირობაა გარეგნული და შინაგანი ფორმისა და სემანტიკის ჰარმონიზაცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ის იქცეს ნამდვილ შეტყობინებად, აზრის ფორმირების ხორცშესხმად.

 

ოლიტიკური ნეოლოგიზმების თარგმანში ტრანსპოზიციის საკითხი

პოლიტიკური ნეოლოგიზმების თარგმნისას გამოიყოფა ერთი ტენდენცია - მათი წყარო ენიდან სამიზნე ენაში გადატანა სხვა სფეროს ნეოლოგიზმებზე უფრო უმტკივნეულოა და ამის ძირითადი მიზეზია პოლიტიკურ ნეოლოგიზმთა ბგერითი ფორმის ნაცნობობა: ენის სტანდარტული ლექსიკის, ქვეყნების და ცნობილი ადამიანების საკუთარი სახელების, კლასიკური ენების ინტერნაციონალურ აფიქსებად ქცეული ლექსიკური ერთეულების ინტენსიური გამოყენება ნეოლოგიზმთა წარმოებისას. რადგან საკუთარი სახელები და კლასიკურ ენათა ლექსემები ტრანსლიტერაციული ეკვივალენტით გადადის ერთიდან მეორე ენაში, თარგმანი არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, იშვიათი გამონაკლისების გარდა.

კონკრეტული ნეოლოგიზმების განხილვისას პირველ ნიმუშად ავიღოთ ყველასთვის კარგად ნაცნობი Brexit, რომელიც ქართულში ბრეგზიტი სახით დამკვიდრდა და რომელმაც 2017 წლის სიტყვის სტატუსიც შეიძინა, რამდენადაც ტერმინმა საოცარი სისწრაფით მოიპოვა პოპულარობა და ახალი ნეოლოგიზმების წარმოების მხრივ საკმაოდ  პროდუქტიულია. ტერმინი უკავშირდება 2016 წლის დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს, სადაც მოსახლეობის 53%-მა დააფიქსირა ევროკავშირის დატოვების სურვილი. წარმოების მიხედვით Brexit ორი სიტყვის (Britain, Exit) შერწყმით, ე. წ. „ბლენდინგით“ მიღებული ფორმაა 2012 წელს შექმნილი Grexit-ის საფუძველზე (Greek, Exit). ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, Brexit იმდენად პოპულარული გახდა, რომ დასაბამი მისცა სხვა ახალ ნეოლოგიზმებს: Frexit (France, Exit) და Nexit (Netherlands, Exit) პოლიტიკაში და Bradxit და Mexit კულტურის და სპორტის სფეროში, სადაც პირველი ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის დაშორებას აღნიშნავდა, მეორე კი - ლაიონელ მესის დიდი ფეხბურთიდან წასვლას [https://www.theguardian.com/books/2016/nov/03/brexit-named-word-of-the-year-ahead-of-trumpism-and-hygge]. ამგვარად, სიტყვამ Exit შეიძინა ახალი - სუფიქსის - სტატუსი და შესაძლოა, შემდგომშიც აწარმოოს ბევრი ნეოლოგიზმი. კოლინსის ლექსიკონმა ახლახან ბრეგზიტი თავის სიტყვათა მარაგში შეიტანა. რაც შეეხება ქართულ თარგმანს, ის ტრანსლიტერაციით არის გადმოტანილი საქართველოში მოქმედი ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესდების მიხედვით, რომელიც 1989 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ დამტკიცდა [http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/35/]. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რამდენადაც ბლენდების შემთხვევაში კომპონენტების გაშლა და მათი თარგმანი ჩვეულებრივ არ ხდება.

ძალიან ჰგავს თავისი შექმნის ისტორიით Brexit-ს პოლიტიკური ნეოლოგიზმი Watergate, ქართულში უოტერგეიტის ფორმით წარმოდგენილი. ინგლისური ნეოლოგიზმის წარმოშობა უკავშირდება აშშ დემოკრატიული პარტიის Watergate-ის სახელით ცნობილი ცენტრალური ოფისის ძარცვას და დიდ პოლიტიკურ სკანდალს 1972 წელს, ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში. მიუხედავად საკმაოდ ხანდაზმული ასაკისა, სიტყვა კვლავ ძალიან აქტუალურია. The Telegraph აღნიშნავს, რომ უოტერგეიტი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური სიტყვაა, დევიდ კრისტალმა კი ის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის ნუსხაში შეიტანა. უოტერგეიტ-ის საფუძველზე, ყველანაირი პოლიტიკური სკანდალისა და უხერხულობის სახელდებისთვის გაჩნდა სუფიქსი – gate (Spitzgate, Weinergate, Melaniagate). რაც შეეხება ქართულ ვარიანტს, ის, ისევე, როგორც Brexit-ის შემთხვევაში, ტრანსლიტერაციაა, ოღონდ არა „ბლენდის“, არამედ საკუთარი სახელის, რომელიც ისედაც არ ითარგმნება.

ტრანსლიტერაციის გზით არის გადმოტანილი ქართულში ასევე 2017 წლის პოპულარული ნეოლოგიზმების სიაში შესული Trumpism, რომელიც, სავარაუდოდ, აქტუალობას კიდევ დიდი ხანი არ დაკარგავს პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. სიტყვა აშშ პრეზიდენტის – ტრამპის – გვარზე ბერძნული ინტერნაციონალური პროდუქტიული -ism სუფიქსის დართვით მიიღება. შინაარსით ტრამპიზმი“ ნიშნავს ტრამპის ფილოსოფიურ ხედვას და მის მიერ გატარებულ „ამერიცენტრისტულ“ (Americentrism) პოლიტიკას, ან ზოგიერთ კონტექსტში – ტრამპის გამონათქვამებს.

ზუსტად ანალოგიური ვარიანტებია წარმოების და თარგმანის თვალსაზრისით ამერიკის და სხვა ქვეყნების ლიდერების გვარებზე -ism სუფიქსის დართვით მიღებული Clintonism, Obamaism, Bushism და Thatcherism.  ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა (Bushism),  ნეოლოგიზმები აღნიშნავენ ამ სახელმწიფო მოღვაწეთა გატარებულ პოლიტიკას და მსოფლმხედველობას. „ბუშიზმით“ კი აღინიშნება პრეზიდენტის არასტანდარტული, შეცდომით წარმოთქმული ფრაზები და გამოთქმები, რის გამოც ის ხშირად ხდებოდა მედიის და საზოგადოების კრიტიკის ობიექტი. ქართული ვარიანტები მოცემულ შემთხვევებშიც ტრანსლიტერაციულია.

ბერძნული სუფიქსის –phobia-ს პროდუქტიულობა და აქტუალურობა მრავალ ნეოლოგიზმში იკვეთება და ამისი მიზეზი დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკისა და სოციალური ურთიერთობების მახასიათებლებში უნდა ვეძებოთ. 1969 წელს შექმნილი homophobia-დან დაწყებული, მისი აქტუალობა არ განელებულა. 70-იანი წლებში გაჩნდა Islamophobia, რომელიც უფრო აქტუალური გახდა 2001 წლის 11 სექტემბრიდან. შემდეგ იყო Europhobia და სხვა მსგავსი ტერმინები. უფრო ახალი ტენდენციაა ამ სუფიქსის საკუთარ სახელებზე დართვით წარმოებული პოლიტიკური ნეოლოგიზმები, რომლებიც ცნობილი პოლიტიკური ფიგურების მიმართ არსებულ უნდობლობასა და სიძულვილს გამოხატავენ. ასეთებია: Baraknophobia, Obamaphobia, Palinophobia, Clintonophobia. რამდენადაც ამ სიტყვებს დატვირთვა აქვთ მხოლოდ აშშ-ს საშინაო პოლიტიკის კონტექსტში, ნეოლოგიზმების გადმოტანის აუცილებლობა არ დგას, განსხვავებით ზემოთ ნახსენები Islamophobia და Europhobia-სგან, რომელთა გლობალურმა მნიშვნელობამაც განაპირობა მათი ქართულში დამკვიდრებაც. თარგმნითი სტრატეგია აქაც ტრანსლიტერაციაა, რადგან სიტყვები ეფუძნება ენაში დიდი ხნის დამკვიდრებული ინტერნაციონალიზმებისა და კლასიკური სუფიქსის შერწყმას.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პოლიტიკური ნეოლოგიზმების მაწარმოებელ ცალკეულ სიტყვებს, მორფემებს და აფიქსებს თან ახლავს შეფასების ელემენტიც. ჩვენ მიერ აქამდე მოყვანილი ყველა ნიმუშის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, გარდა Brexit-ისა, შეფასების მხრივ ნეგატიურია და მათთან კომბინირებული ნებისმიერი სიტყვა ასევე ნეგატიურად აღიქმება. ამ ტენდენციის საპირისპიროა პროდუქტიული ბერძნული სუფიქსის - philia-ს (მეგობრობა, სიყვარული) კომბინირება სხვადასხვა ფორმასთან. სიტყვათა შერწყმის საფუძველზე წარმოიქმნება დადებითი შეფასების მატარებელი ნეოლოგიზმები: Obamaphilia, Baracaphilia, Palinaphilia. რადგან ეს ნეოლოგიზმები საკუთარი სახელისა და ინტერნაციონალური სუფიქსის კომბინაციაა,  თარგმანი ისევ ტრანსლიტერაციულია.

უარყოფით და დადებით შეფასებებს შორის არ არსებობს მკვეთრი პოლარობა, ის შეიძლება შეიცვალოს. არსებითი სახელი -mania, რომელიც ლათინურის გავლით 1400 წელს ბერძნულიდან შევიდა ინგლისურში აღტკინებისა და ბოდვის მენტალური აშლილობის მნიშვნელობით, თავიდან ცალსახად უარყოფით დატვირთვას ატარებდა [https://www.google.ge/search?q=mania+etiymology&oq=mania+etiymology&aqs=chrome..69i57.5743j0j9&sourceid=chrome&ie=UTF-8]. მე-16 საუკუნეში ამ ფორმამ დამოუკიდებელი სიტყვის პარალელურად, სუფიქსის სტატუსი შეიძინა და გამოიყენებოდა შერწყმულ ფორმებში მეორე ელემენტის სახით. სიტყვა, რომელიც მისი დართვით იწარმოებოდა, თავისთავად უარყოფით შინაარსს ატარებდა. მე-20 საუკუნის ბოლოს სიტყვა – მანია-მ აზრი შეიცვალა, რამაც გამოიწვია მისი შეფასებითი ნაწილის შეცვლაც. 2008 წელს მაკმილანის ლექსიკონმა დააფიქსირა მანიის შემდეგი მნიშვნელობა: “An extremely strong enthusiasm for something, especially among a lot of people” [https://www.macmillandictionary.com/dictionary/british/mania_1].  საკუთარი სახელების და მანიის შეერთებით შეიქმნა ისეთი ნეოლოგიზმები, როგორებიცაა: Obamamania, Obamania და შემდგომ, Palinmania, Clinton mania, Romneymania. მოცემულ შემთხვევებში ეს სიტყვები არ იძლევა ცალსახად უარყოფით მნიშვნელობას. პირიქით, ისინი შინაარსით ახლოს არის ისეთ ნეოლოგიზმებთან, როგორებიცაა: ობამაფილია, კლინტონოფილია. ასე, ობამამანიას განმარტებაა: “The fervent enthusiasm demonstrated by some supporters of Senator Barack Obama during his campaign for the US Presidency in 2008”. [https://www.collinsdictionary.com/dictionary/english/obamamania]. ამიტომაა, რომ ნეოლოგიზმის თარგმნა ხშირად არ ნიშნავს, რომ ის სათანადოდ იქნება აღქმული და ეს ხაზს უსვამს პოლიტიკური კონტექსტის ცოდნის აუცილებლობას.

პორტმანტუს ანუ სიტყვათა შერწყმის (blending) ნიმუშებია AfPac, Chindia, Eurabia, სადაც პირველ შემთხვევაში გვაქვს გეოგრაფიულად ერთ სივრცეში მდებარე და საერთო პრობლემების მქონე ტერიტორია (ავღანეთი და პაკისტანი); მეორეში აქცენტირებულია ერთმანეთის მეზობლად მდებარე ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც ხასიათდება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკით. Eurabia კი - ევროპისა და არაბეთის ხელისუფლებების ვითომდა საფრანგეთის არაბიზაციისათვის ფარული მოლაპარაკების შესახებ შეთქმულების თეორიის სახელია. სამივე „ბლენდი“ ქართულში ტრანსლიტერაციული ვარიანტების შერწყმითაა მიღებული: ავპაკი, ჩინდოეთი, ევრაბია.

საგარეო პოლიტიკის ნეოლოგიზმები სახელმწიფოს განვითარების კონკრეტულ პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მიუთითებს. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა და „გეოპოლიტიკური კატასტროფა“ ყოველთვის ხასიათდება პოლიტიკური ნეოლოგიზმების სიუხვით. საბჭოთა კავშირის ნგრევის და მსოფლიოს ბიპოლარული სისტემის დაშლის შემდეგ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ამსახველი გახდა ისეთი პოლიტიკური ნეოლოგიზმები, როგორებიცაა: Multipolar Worldმრავალპოლარული სამყარო და The Clash of Civilisationცივილიზაციათა შეჯახება. მოცემული ნეოლოგიზმები ენის სტანდარტული ლექსიკური ერთეულების  ახალი შინაარსით დატვირთვის საფუძველზე წარმოიშვა. თარგმანიც თავისთავად ეფუძნება ერთი ენის ლექსიკური ელემენტების მეორე ენის ელემენტებით სტანდარტულ დენოტაციურ ჩანაცვლებას.

9/11-ს შემდეგ ამერიკულ ინგლისურში გაჩნდა მთელი რიგი პოლიტიკური ნეოლოგიზმები, რომლებიც აშშ-ს ადმინისტრაციის ახალ პოლიტიკურ კურსს ასახავდნენ. მათგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტერმინი გახდა Axis of Evil – ჯორჯ ბუშ უმცროსის 2002 წლის 29 იანვარს გაჟღერებული ნეოლოგიზმი, რომელმაც დააბრუნა ცივი ომის დაპირისპირებულობისა და მსოფლიო ბიპოლარულობის განცდა. Axis of Evil ასახავს შტატების დამოკიდებულებას „არადემოკრატიული სახელმწიფოების“ მიმართ და ასევე უკავშირდება Rogue state-ის ცნებას, რომელიც დღემდე დიდ როლს თამაშობს შტატების პოლიტიკური კურსის დაგეგმვასა და ანალიზში. Axis of Evil ასოციაციურად უკავშირდება ნახევარი საუკუნით ადრე შექმნილ ცნებას მკვეთრად გამოხატული ნეგატიური სემანტიკით - Evil Empire. Axis of Evil-ში ჩადებული იდეის აღქმის გამარტივებისათვის და საშიშროების ეფექტის გასაძლიერებლად მისი ფორმირებისას აღებულ იქნა ასევე Axis Powers-ის შემადგენელი კომპონენტიც, რომლებიც, თავის მხრივ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ალიანსის მოწინააღმდეგე ქვეყნებს – გერმანიას, იაპონიას და იტალიას აღნიშნავდა. ძველი ნეოლოგიზმების კომპონენტების გაერთიანებით და ალუზიური კავშირებით ახალ ნეოლოგიზმში – Axis of Evilჩაიდო ბოროტების იდეა, თავის მხრივ კი, ამ ნეოლოგიზმმა დასაბამი მისცა სხვა ნეოლოგიზმებს. ესენია: Axis of the Willing, Axis of Weasels, Axis of Eve, Axis of the Medieval. რაც შეეხება Axis of Evil-ის ქართულ შესატყვისს, ის, ისევე როგორც  Evil Empire ბოროტების იმპერია, ნასესხები თარგმანით არის წარმოდგენილი – ბოროტების ღერძი.

არსებული სიტყვების ძველი მნიშვნელობების გადააზრება და მათთვის ახალი მნიშვნელობების მინიჭება პოლიტიკური ნეოლოგიზმების მნიშვნელოვანი წყაროა. მრავალკომპონენტიანი ისტორიული ტერმინის გადააზრების საშუალებით შეიქმნა ნეოლოგიზმი Tea Party, რომელიც აღნიშნავს პოპულისტურ კონსერვატიულ-ლიბერალურ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც 2009 წელს დაიწყო შტატებში ბარაკ ობამას მიერ განხორციელებული პოლიტიკის წინააღმდეგ. ნეოლოგიზმი 1773 წლის ბოსტონის ჩაის სმის ალუზიაა. ქართულ ბეჭდურ მედიაში და ინტერნეტ სივრცეში მოცემული ნეოლოგიზმი გადმოვიდა სტანდარტული თარგმნითი ეკვივალენტით, როგორც ჩაის წვეულება. მოცემული ნეოლოგიზმი იმდენად ფართოდ გამოიყენებოდა აშშ-ში, რომ მალე თავად გახდა ახალი სიტყვათშეთანხმებების საფუძველი. ასეთებია: Tea Party GOP, Tea Party Movement, Tea Party Patriots, Tea Party Rebellion, Tea Party Candidates, Tea Party Extremists და ა. შ.

აშშ და მსოფლიო პოლიტიკის თვალსაზრისით გარდამტეხი აღმოჩნდა რესპუბლიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის,  გაპრეზიდენტება დემოკრატი ბარაკ ობამას შემდგომ. როგორც საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რადიკალური აზრებით და მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური დამოკიდებულებებით, ტრამპი მრავალფეროვან ემოციებს აღძრავს როგორც ამერიკელ, ისე – მსოფლიოს სხვა ხალხებშიც. საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მისმა მოქცევამ თავისი შედეგი გამოიღო ენობრივი თვალსაზრისითაც და გაჩნდა მრავალი ნეოლოგიზმი ტრამპის ფიგურის, მისი დამოკიდებულებების და მიზნების, მისი მხარდამჭერების აღსანიშნავად. პროცესი იმდენად მასშტაბურია, რომ ოქსფორდის ლექსიკონი ტრამპთან დაკავშირებული ნეოლოგიზმების ლექსიკონში დაფიქსირებასაც კი განიხილავს [https://www.theguardian.com/books/2017/jan/30/oxford-dictionary-donald-trump-neologisms]. ეს ნეოლოგიზმები მრავალფეროვნებით გამოირჩევა: Trumpistanტრამპისტანი (ტრამპის მიწა), Trumposphere - ტრამპოსფერო, Trumpanzees ტრამპანზეები (ტრამპის პოლიტიკის ბრმად მოტრფიალენი), Trumpistsტრამპისტები, Trumpettesტრამპეტები (ტრამპის მხარდამჭერი ქალები), Trumponomicsტრამპონომიკა და მრავალი სხვა. თარგმანის თვალსაზრისით ეს ნეოლოგიზმები, რამდენადაც თავად პორტმანტუებია და რადგანაც გვარისა და ინტერნაციონალური სტატუსის მქონე სტანდარტული ენობრივი ერთეულის ნაწილის შერწყმაა, თარგმანშიც საკმაოდ მარტივად გადადის. ფორმები ქართველი ადამიანისთვისაც არ ტოვებს შეკითხვებს გაგების თვალსაზრისით გარდა ერთი ფორმისა – Trumpettesტრამპეტები (ტრამპის მხარდამჭერი ქალები), სადაც აღქმისა და თარგმანის სირთულეს წარმოადგენს მდედრობითი სქესის სუფიქსის უთარგმნელობა ქართულში.

განვიხილოთ კიდევ ერთი ნეოლოგიზმი, ასევე სტანდარტული ენობრივი ერთეულებით შედგენილი Political Correctness. მისი პოლიტიკურ სფეროში გამოყენება 1990-იანი წლებში The New York Times-იდან იწყება. ტერმინში იგულისხმება ისეთი საუბრისა და მოქმედებისგან თავის შეკავება, რომელმაც შესაძლოა გაანაწყენოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ან ეთნიკური და სექსუალური უმცირესობები. შესაბამისად, საჭირო ხდება სიტყვებისა და ქმედებების მუდმივი კონტროლი იმისათვის, რომ ვინმემ თავი დისკრიმინირებულად არ იგრძნოს. ტერმინის ქართული თარგმანი ორ ვარიანტად არის წარმოდგენილი და  ნატურალიზებული ტრანსლიტერაციაა – პოლიტიკური კორექტულობა ან  პოლიტკორექტულობა. პირველი მათგანი არის ნასესხები თარგმანი და მეორე – ნასესხები თარგმანის შერწყმული ვარიანტი – ე. წ. „ბლენდი“.

ძალიან სწრაფად მოიპოვა მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა ნეოლოგიზმმა Alternative Facts. მისი წარმოქმნა უკავშირდება პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლის, კელიენ კონვეის, სახელს, რომელმაც პრესასთან შეხვედრისას 2017 წლის 22 იანვარს ინტერვიუში დაიცვა თეთრი სახლის პრესმდივანის, შონ სპაისერის, ცრუ განცხადება ტრამპის ინაუგურაციაზე დამსწრეთა რაოდენობის შესახებ. როდესაც ჟურნალისტმა ჩაკ თოდმა ჰკითხა, თუ რატომ თქვა სპაისერმა ასე ადვილად გადასამოწმებელი სიცრუე, კონვეიმ განაცხადა, რომ სპაისერს მოჰყავდა „ალტერნატიული ფაქტები“.  თოდმა კი უპასუხა, რომ ალტერნატიული ფაქტები არ არის ფაქტები, ისინი სიცრუეა. კონვეის განმარტებას კრიტიკა და ბევრი ირონიული შეფასება მოჰყვა. ფრაზას უწოდეს ორუელისეული. საინტერესოა, რომ ინტერვიუდან 4 დღეში ჯორჯ ორუელის „1984“-ის გაყიდვა 9500%-ით გაიზარდა, ამაზონზე კი ბესტსელერი გახდა.

გარკვეულმა ნეოლოგიზმებმა ძალიან მოკლე დროში მოიპოვეს დიდი პოპულარობა. ეს ტერმინი არა მარტო ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის აქტუალური გახდა, რადგან ის ზუსტად ასახავს პოლიტიკის ბუნებას, დაფარვის, შელამაზების, მოტყუების ტენდენციებს და, ამდენად, გლობალური მოვლენაცაა. ნეოლოგიზმი ქართულში ტრანსლიტერაციული ვარიანტით არის გადმოტანილი. მისი კომპონენტები ენაში დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ინტერნაციონალიზმებია. ტერმინი მორგებულია ქართული ენის მორფოლოგიურ პრინციპებს. ის, რომ ამ სიტყვამ ქართულ მედიაშიც მოახდინა ტრამპის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის რეალიზაცია დასტურდება იმით, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მუხტარლის გაუჩინარების შესახებ დაიწერა სტატია სახელწოდებით „მუხტარლის გაუჩინარება - ალტერნატიული ფაქტები და მანიპულაცია „მოამბეში“, რომელშიც ნეოლოგიზმი სიმართლის შენიღბვის მნიშვნელობით არის გამოყენებული  [https://www.mediachecker.ge/ka/analizi/article/47731-mukhtarlis-gauchinareba-alternatiuli-faqtebi-da-manipulacia-moambeshi].

 

მრიგად, წინამდებარე სტატიაში მიმოვიხილეთ მსოფლიო პოლიტიკის ნეოლოგიზმების ნიმუშები, გამოვყავით პოლიტიკური ნეოლოგიზაციის მიმდინარე ტენდენციები და თარგმანის საკითხები. სხვადასხვა ტიპის ნეოლოგიზმის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია, გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები:

პოლიტიკური ნეოლოგიზმების წარმოშობა დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური მოვლენების გამოძახილია, ისინი ასახავს მსოფლიო რეალობას და გარდა ცნებების და მოვლენების სახელდებისა, ხშირად მათი შეფასების ფუნქციასაც ატარებენ. მათი ფორმების საწარმოებლად შემთხვევათა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში იყენებენ სტანდარტულ ლექსიკას ახალი მნიშვნელობით.

სიტყვაწარმოების ტიპის მიხედვით, პოლიტიკურ ნეოლოგიზმებში ჭარბობს ორსიტყვიანი კომპოზიტები და დერივაცია, შემდგომ ეპონიმები, პორტმანტუები (სიტყვათა შერწყმა) და უფრო ნაკლებად, აკრონიმია.

პოლიტიკურ ნეოლოგიზმებს ხშირად ალუზიური ბუნება აქვთ, ისინი ხშირად ასოციაციურად უკავშირდებიან პოლიტიკურად მსგავს სხვა მოვლენას ან ცნებას, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული პროდუქტიულობით გამოირჩევა და თავის მხრივ დასაბამს აძლევს სხვა ნეოლოგიზმებს.

თარგმანის თვალსაზრისით, პოლიტიკურ ნეოლოგიზმებს თითქმის არ უკავშირდება პრობლემები. რადგან ისინი ძირითადად სტანდარტულ ლექსიკას, საერთაშორისო სტატუსის სიტყვებს ან საკუთარ სახელებს ეფუძნება, თარგმანის პროცესი საკმაოდ უმტკივნეულოა. თარგმნით სტრატეგიებში ძირითადად დომინირებს ორი. ესენია: ნასესხები თარგმანი (კალკი) და ტრანსლიტერაციული სესხება – წყარო ენის ნეოლოგიზმის მიმღები ენის შესაბამისი ფონოლოგიური ან მორფოლოგიური მოდიფიკაცია.

ლიტერატურა


http://agora.ge/new/10884-oqsfordis-leqsikonis-versiit-tslis-sityva-postsimartleaCollinsis-mikhedvit-Brexit-da-trampizmi
Algeo John
1991
Fifty Years Among the New Words: A Dictionary of Neologisms 1941-1991, Cambridge University Press
Crystal David
2003
English as a Global Language, Cambridge University Press
Newmark Peter
1988
A textbook on translation, Shanghai Foreign Language Education Press
Rey Alan
1995
Essays on Terminology, John Benjamins Publishing Company, Amsterdam/Philadelphia
Woodhouse S. C.
1972
English-Greek Dictionary, A Vocabulary of the Attic Language, Routledge

2015
Longman Dictionary of Contemporary English, Pearson Education