რამდენიმე რელიგიური სიმბოლო დ.ჰ. ლორენსის რომანში „ბუმბულიანი გველი“
დ. ჰ. ლორენსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგლისელი მოდერნისტი მწერალია, რომლის შემოქმედებას ზოგადად ახასიათებს ტრადიციული რომანის სტილი და თამამი ეროტიკული სცენების სიმრავლე. სწორედ ამ მახასიათებლების წყალობით მისი შემოქმედება მარტივად აღსაქმელი და პოპულარულია. თუმცა ტექსტისთვის დამახასიათებელია რელიგიური და ეზოთერული სიმბოლოებისა თუ თემატიკის სიმრავლე და მათი ლორენსისეული ინტერპრეტაცია, რომელთა გააზრება-განმარტებისას სრულად იკვეთება მწერლის სიღრმისეული მსოფლხედვა. წინამდებარე სტატიაში განვიხილავ ლორენსის ერთ-ერთ საკმაოდ ცნონილ რომანს „ბუმბულიანი გველს“ და მასში მოცემულ რამდენიმე რელიგიურ სიმბოლოს, რომელთა შინაარსობრივი დატვირთვა დამატებით მინიშნებებს იძლევა რომანის მთავარი პერსონაჟის მექსიკაში მოგზაურობის არსზე. მოგზაურობა კი ერთგვარი თვითგამორკვევისა და მაძიებლობის პროცესია.
რომანი ძირითადად მოგვითხრობს ევროპელი ქეითის მოგზაურობაზე მექსიკაში იმ დროს, როდესაც ორი მექსიკელი – კიპრიანო და რეიმონი – ცდილობს ხელახლა გააცოცხლოს აცტეკური ღმერთების კულტი, რათა ძველმა პრიმიტიულმა რელიგიამ დაიბრუნოს თავისი ბუნებრივი პოზიცია და განდევნოს დამპყრობლური ქრისტიანული რელიგია. შესაბამისად, რომანში ჩნდება სამი აცტეკური ღმერთი, „კეცალკოატლი“, რომელსაც რეიმონი ასახიერებს, „უიცილოპოჩტლი“ ანუ კიპრიანო და „მალინზი“ (მალინალჰოჩი) ანუ ქეითი.
დასრულებული რომანის სათაურად ლორენსმა სწორედ აცტეკური ღმერთის „კეცალკოატლის“ სახელი აირჩია, რაც თარგმანში „ბუმბულიან გველს“ ნიშნავს. აცტეკების რელიგიაში ამ ღმერთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მისი სახელი ქრისტეს შობიდან მე-7 საუკუნეში ჩნდება და უფრო მოგვიანებით აცტეკების ერთ-ერთი მეფის სახელს უკავშირდება. „Quetzal“ ცენტრალურ ამერიკაში გავრცელებული ჩიტის (Pharomachus mocinno) სახელია, ხოლო „Coatle“ ნიშნავს გველს, რაც ცისა და მიწის მეტაფორებს წარმოადგენს. ცისკენ მიმავალი გველი მკვდრეთით აღდგენის, ანუ ხელახალი დაბადების, აღდგომის სიმბოლოს წარმოადგენს [Kaplan, 1999]. აქვე არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ გველი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე იცვლის კანს, რაც ასევე მუდმივ განახლებაზე მიანიშნებს. ამ კუთხით ქართულ ლიტერატურაშიც მოიპოვება გრიგოლ რობაქიძის რომანი „გველის პერანგი“. ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს წრიულად დახვეული გველის სიმბოლო, რომელსაც თავისი ბოლო პირით უჭირავს, რაც სიმბოლურად მარადიულობის გამომხატველია. შესაბამისად, აცტეკური ღმერთის სახელწოდების „კეცალკოატლის“ შინაარსობრივი თუ სიმბოლური დატვირთვა გულისხმობს ადამიანის დაცემისა და ხელახალი აღდგენის ციკლის მარადიულობას. სწორედ ამ ციკლის მარადიულობის ერთ-ერთი გამომხატველი მაგალითია ქეითის მოგზაურობაც ევროპიდან მექსიკაში ანუ თანამედროვე ცივილიზაციიდან პრიმიტიულში. ლორენსთან თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია თავისი გადაჭარბებული რაციონალიზმით წყაროა მოშლილი ფასეულობებისა და დაკარგული ინდივიდუალობისა. მექსიკა კი თავისი მივიწყებული უძველესი რელიგიით ინახავს ცოდნას კაცობრიობის მიერ მივიწყებული უკიდურესად არარაციონალური არაცნობიერი ძალების შესახებ. სწორედ არაცნობიერში ჩაღრმავება და საკუთარი რეალური მე-ს პოვნა ანუ ხელახალი დაბადებაა ამ რომანის მთავარი იდეა. იმის აღწერა, თუ რა სიმბოლიკით გამოხატავს ავტორი ამ იდეას, წარმოადგენს ამ სტატიის მიზანს.
მთავარი მოქმედი გმირის მოგზაურობა მექსიკაში და მექსიკელების მცდელობა გადავიდნენ ძველი აცტეკური რელიგიის რელსებზე, უკვე ერთგვარი მინიშნებაა დასავლური ცივილიზაციის ფასეულობების მოშლაზე და დაცემაზე, რომლისგანაც თავის დაღწევის აუცილებლობის შეგრძნება ჩნდება ინდივიდში. ამიტომ არის, რომ მწერალი რომანის დასაწყისში ხარების ორთაბრძოლასთან ერთად ქრისტეს მსხვერპლშეწირვის პაროდირებასაც ახდენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლორენსი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც შენიშნა მსგავსება ქრისტიანულ და სხვა უძველესი რელიგიების სიმბოლოთა შორის. იუნგი თავის ნაშრომების კრებულში „ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს“ აღნიშნავს, რომ თითოეული არქეტიპული სიმბოლო თავისთავად ფენომენს წარმოადგენს, მაგრამ მათ შორის არსებული შინაარსობრივი მსგავსება შეიძლება აიხსნას ადამიანის ფსიქიკაში ღრმად გამჯდარი საერთო ფესვებით: „Although the Mass itself is a unique phenomenon in the history of comparative religion, its symbolic content wound be profoundly alien to man were it not rooted in human psyche. But if it is so rooted, then we may expect to find similar patterns of symbolism both in the earlier history of mankind and in the world of pagan thought contemporary with it“ [1][Jung, 1958:222].
შირლი ბრიქუ თავის სტატიაში „ემოციების რიტუალიზაცია „კეცალკოატლსა“ და „ბუმბულიან გველში“ დეტალურად განიხილავს როგორც ხართა ორთაბრძოლის სიმბოლურ დატვირთვას, ასევე მის მსგავსებას ქრისტიანულ მსხვერპლშეწირვასთან. იგი აღნიშნავს, რომ რომანის დაწყებას ხარების ორთაბრძოლით თავისი დატვირთვა აქვს. ბრიქუ განმარტავს, რომ ხარების ორთაბრძოლას ერთგვარი მისტიკური დატვირთვა ჰქონდა, რაც გამოიხატებოდა მებრძოლ ხარსა და ტორეროს შორის მისტიკური კავშირის დამყარებით. ეს მისტიკური კავშირი კი ერთგვარ სულიერ მღელვარებას იწვევდა მაყურებელში და ამ კავშირის მონაწილედ აქცევდა მას. თუმცა რომანის პირველ თავში ლორენსი აშკარად ხართა ორთაბრძოლის პაროდირებას ახდენს და ამის არაერთი მაგალითია მოცემული: „She had always been afraid of bulls, fear tempered with reverence of the great Mithraic beast. And now she saw how stupid he was in spite of his long horns and his massive maleness Blindly and stupidly he ran at the rag, each time, and the toreadors skipped like fat-hipped girls showing off“’[2] [Lawrence, 1987:10]. შესაბამისად, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აღარ ხდება არც მისტიკური კავშირის დამყარება ხარსა და ტორეროს შორის და არც საერთო სულიერი მგზნებარების გამოწვევა: „As a consequence, the Lawrentian arena is no longer a place where passion is fulfilled, and where communion can take place, but rather a vortex of unleashed emotions that the parody of a ritual can no longer channe“l[3] [Bricout, 2011: 10, 1-3]. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მსგავსი სცენის ხილვა შოკურ გავლენას ახდენს ქეითზე და იქიდან გაქცევის სურვილს უჩენს: „Kate knew if she saw any more she would go into hysterics“[4] [Lawrence, 1987 :15]. შ. ბრიქუს აზრით, ეს სცენა მთავარი პერსონაჟის გაორებას იწვევს და ისტერიკაში აგდებს მას. სტატიის ავტორის მიხედვით, შიდა გვირაბი, რომლითაც ქეითმა უნდა დატოვოს შენობა, სიმბოლურად განასახიერებს ბილიკს ხელახლა დაბადებისაკენ, მაგრამ ამ პროცესს აფერხებს ძლიერი წვიმა. შ. ბრიქუს აზრით, წვიმა რომანში განწმენდის სიმბოლოდ წარმოგვიდგება, ხოლო ნაწარმოების დასაწყისში მთავარი პერსონაჟის წვიმის გამო გვირაბში შეყოვნება იმაზე მიუთითებს, რომ სულიერად არა არის მზად ხელახლა დაბადებისთვის: „the rain symbolizes purification, but in the opening scene Kate isn’t ready for rebirth just yet as she will be when she marries Don Cipriano“’[5][Bricout,2011:239-254] სასურველია, რომ საწყის ეტაპზე გაჩნდეს თავად განახლებისაკენ სწრაფვის სურვილი.
სტატიის ავტორი ასევე საინტერესოდ განაგრძობს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ხარების ორთაბრძოლის მისტერიიდან ვერ მიღებული სულიერი მღელვარების ტალღა უკვე პერსონაჟებში აჩენს რწმენის სიცარიელის განცდას და მისი შევსების სურვილს აღძრავს მათში. თუმცა სიცარიელის განცდა ინდივიდს არა მარტო მექსიკაში, არამედ ევროპაშიც გაჰყვება. ბრიქუს აზრით, ლორენსი არა მარტო ხარების ორთაბრძოლის, არამედ ქრისტეს მსხვერპლშეწირვის პაროდირებასაც ახდენს. ხარი ასოცირდება კრავთან ნაშრომში „აპოკალიფსი“ – „A Lamb it has to be: or with Mithras, a bull „[6] [Lawrence, 1980: 99] სტატიის ავტორი ასევე მიუთითებს რომანის დასაწყისზე „ It was the Sunday after Easter, and the last bull-fight of the season in Mexico“ [7] [Lawrence, 1987: 1], სადაც ალუზია აღდგომის მიმანიშნებელია და მსხვერპლშეწირვა თავისთავად დასასრულს არ ნიშნავს. ამიტომ არის, რომ ხარების ორთაბრძოლის ანუ მსხვერპლშეწირვის პაროდირების ეპიზოდის შემდგომ რომანში აღწერილია, თუ როგორ გაცოცხლდება ძველი ღმერთი „კეცალკოატლი“ და როგორ იკიდებს ფეხს ახალი რწმენა. არ უნდა დაგვავიწყდეს „კეცალკოატლის“ მნიშვნელობა, რომელიც, როგორც ზევით აღვნიშნე, განახლება-აღდგომის სიმბოლოს წარმოადგენს. რომანის მთავარ პერსონაჟ ქეითთან ერთად მექსიკელების სულიერი განახლებაც უნდა მოხდეს.
იქიდან გამომდინარე, რომ მთელი რომანი წარმოადგენს მთავარი მოქმედი გმირის სულიერ მოგზაურობას განახლებისკენ, მუდმივად გვხვდება ამ პროცესის გამომხატველი სიმბოლოები, მაგალითად, ერთ-ერთი მათგანია „ტბა“. რომანის ერთ-ერთი თავის სახელწოდებაა „ტბა“, ადგილი, რომლის ახლოსაც ქეითი გადადის საცხოვრებლად. ტბას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს. ინდურ რელიგიაში ტბის ზედაპირი და სიღრმე სიმბოლურად ასახავს ადამიანის ცნობიერსა და არაცნობიერს. ასევე ის აღიქმება როგორც სარკე, რომელიც თავის თავში აირეკლავს ზეცას. იგი არის ასევე ღმერთების საცხოვრებელი ადგილი. სწორედ ამიტომ არის, რომ ტბის გადაკვეთის დროს წყლიდან ამოდის „კეცალკოატლის“ ხალხი და ღმერთის გაცოცხლებას ამცნობს ქეითს. ქეითი გრძნობს ტბის ჰარმონიულობას, რაც ქვეცნობიერში მისთვის სასურველი სულიერი ჰარმონიულობის ანარეკლს წარმოადგენს: „she sensed a certain delicate, tender mystery in the river, in the naked man in the water, in the boatman” [8] [Lawrence, 1987:67 ]. არ უნდა დავივიწყოთ წყლის ქრისტიანული სიმბოლიკაც, რომელიც გულისხმობს ადამიანის მონათვლას, ანუ ჭეშმარიტებასთან ზიარებას. ტბა კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რას ეძებს ქეითი თავის მოგზაურობაში. რომანში საინტერესო მინიშნებას იძლევა ასევე მენავე და ჩნდება პარალელი ბერძნულ მითოლოგიასთან, კერძოდ, მდინარე სტიქსთან და მენავე ქარონთან, რომელსაც გარდაცვლილის სული გადაჰყავს იქაურ სამყაროში, ან ქვესამყაროში. ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილია, რომ მიცვალებულს პირში ფულის მონეტას უდებდნენ, რაც სტინქსზე გადასვლის დროს ქერონის გასამრჯელოს წარმოადგენდა. რომანშიც ქეითი მენავეს გასამრჯელოს აძლევს მდინარის გადალახვისთვის. ყველა ეს სიმბოლო ასახავს ამ პერსონაჟის მოგზაურობას ქვეცნობიერის მდინარეში. ეს ერთგვარი ჯოჯოხეთური პროცესია, რომელიც ქეითმა უნდა გაიაროს, რათა ხელახლა დაიბადოს. ამ პროცესის ნაწილია ქვეცნობიერის ბნელი ენერგია, რომელიც მექსიკელებში ბუდობს და ფიზიკურ საფრთხეს უქმნის ქეითს. ღამე მოთარეშე მექსიკელი ბანდიტებისა თუ მკვლელებისგან მას იცავს ეზეკიელი, რომელსაც ჰყავს ძმა, სახელად იესო. შემთხვევითი არაა, რომ არჩევანი ეზეკიელზე გაკეთდა. შიში, რომელსაც ქეითი განიცდის, არა სულისშემძვრელი, არამედ სისხლის შემძვრელია. ლორენსთან სისხლის ცნობიერება კი ძველი ცივილიზაციის ადამიანს ჰქონდა. ეზეკიელი ხომ სწორედ ქრისტეშობამდე მცხოვრები წინასწარმეტყველი იყო. მისი სახელი ბიბლიიდან, ძველი აღთქმიდან მოდის და ნიშნავს „ღმერთი აძლიერებს“. სიმბოლურია, რომ ეზაკიელი არა მარტო ბანდიტებისგან, არამედ ღამის სიბნელისგანაც იცავს ქეითს, რაც ქვეცნობიერზე მიანიშნებს. საინტერესოა, რომ თავად ქეითი ღამე გადატანილ შიშს სისხლით განცდილ შიშს უწოდებს, რაც სრულიად განსხვავდება ევროპაში ომის დროს განცდილი შიშისაგან: „In England, in Ireland, during the war and the revolution she had known spiritual fear’….. ‘Now she knew the real heart-wrench of blood fear“’[9] [Lawrence, 1987: 127]. საკუთარი არაცნობიერი ბნელი ძალების არსებობის გაცნობიერება და მისით გამოწვეული შიშის დაძლევაც წარმოადგენს შინაგანი განახლების ერთგვარ პროცესს.
გასაკვირი არაა, რომ ლორენსმა თავისი რომანის სათაურად შეარჩია ისეთი ღმერთი, რომლის სიმბოლიკა ყველა კულტურის მითებშია გადმოცემული და წარმოადგენს მუდმივი განახლების, აღდგომისა და მარადიულობის სიმბოლოს. მწერალმა გველის სიმბოლოს შესახებ იცოდა არა მარტო რელიგიურ-მითურ დონეზე, არამედ – ეზოთერულზეც. იგი თავის ნაშრომში „არაცნობიერის ფანტაზია“ ავლენს ენერგეტიკული ცენტრების, ე. წ. ჩაკრების კარგ ცოდნას. როგორც ცნობილია, ბოლო ჩაკრის გახსნისას ინდივიდუალური ცნობიერება ერწყმის მარადისობას. ე. წ. კუნდალინის გამოღვიძების სიმბოლოს წარმოადგენს სტატიის დასაწყისში ნახსენები ბერძნული გველის სიმბოლო, რომელიც დახვეულია და თავისი ბოლო უჭირავს პირით. მისი გამოღვიძებისა და ზევით აღმასვლის პროცესი ბოლო ჩაკრამდე გველის სიმბოლოთია გადმოცემული.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გველი ბიბლიაში ადამ და ევას დაცემის პირველი მიზეზია. ხოლო ნიცშეს ნაწარმოებში „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ მოცემულია გველი და არწივი, რომლებიც სიმბოლურად სიბრძნესა და სიამაყეს გამოხატავენ. ასევე ნიცშესთან მათ სიმბოლიკაში გულისხმობენ ადამიანის დუალობას: გველი ნიშნავს მიწიერს, ნგრევას, ხოლო არწივი – სამოთხეს, განახლებას, როგორც ჩინური ინი და იანი. ამ ორი საპირისპირო ენერგიის თანაარსებობა ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვისაა დამახასიათებელი. ნიცშესეული გავლენა ლორენსზე იგრძნობა არა მარტო სიმბოლიკის კუთხით, არამედ მწერლის შემოქმედებით მსოფლხედვაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, მჟღავნდება დასავლური ცივილიზაციის ფასეულობებში დაეჭვებით.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ის რელიგიური სიმბოლოები, რომლებსაც ლორენსი თავის რომანში იყენებს, როგორებიცაა – თავად გველის სიმბოლო, წყლის, წვიმის ან ტბის სიმბოლიკა, წარმოადგენს ადამიანის დაცემისა და აღდგომის მარადიული წრებრუნვის არქეტიპულ სიმბოლიკას. მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების ისტორიული ტრაგიკული პერსპექტივიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ლორენსის შემოქმედებაც სავსეა დასავლური ცივილიზაციის ფასეულობების მსხვრევით გამოწვეული ჭრილობების ასახვით, რომლებიც მწერალთან ინდივიდის სულიერი დაცემით ვლინდება, ხოლო განახლების მარადიული იდეა კი ერთგვარი მიზანია, ჩასაჭიდი იმედია თანამედროვე სამყაროში დაცემული ადამიანისა.
[1] მიუხედავად იმისა, რომ წირვა თავისთავად წარმოადგენს უნიკალურ ფენომენს შედარებითი რელიგიის ისტორიაში, მისი სიმბოლური შინაარსი სრულიად უცხო იქნებოდა ადამიანისთვის რომ არ ყოფილიყო ის ფესვგადგმული ადამიანის ფსიქიკაში. მაგრამ ის იმდენადაა ფესვგადგმული, რომ ველით მსგავსი სიმბოლური მოდელების აღმოჩენას როგორც კაცობრიობის უძველეს ისტორიაში, ასევე – მისი თანადროული წარმართული სამყაროს აზროვნებაშიც.
[2] მას ყოველთვის ეშინოდა ხარების, შიში, მომდინარე დიადი მითრას ცხოველისადმი პატივისცემით. და ახლა მან დაინახა, თუ რამდენად სულელი იყო ის, მიუხედავად თავისი გრძელი რქებისა და მასიური მამაკაცურობისა. ბრმად და სულელურად უტევდა ნაჭერს ყოველ ჯერზე და ტორეადორები დახტოდნენ როგორც სქელბარძაყა მოტრაბახე გოგონები (თარგმანი აქაც და შემდგომშიც ეკუთვნის სტატიის ავტორს).
[3]შესაბამისად, ლორენსისეული არენა აღარ წარმოადგენს ადგილს, სადაც სულიერი მგზნებარება ხორციელდება და ზიარება სრულდება, არამედ მორევია მოუთოკავი ემოციებისა, რომელსაც პაროდირებული რიტუალი ვეღარ გადმოსცემს.
[4] ქეითმა იცოდა, თუ კიდევ უყურებდა, ისტერიკაში ჩავარდებოდა.
[5] წვიმა სიმბოლოა განწმენდისა, მაგრამ დასაწყის სცენაში ქეითი არ არის მზად განახლებისთვის, როგორც მაშინ არ იყო მზად, როცა ის ცოლად გაჰყვა კიპრიანოს.
[6] კრავი უნდა იყოს: ან მითრასთან, ხარი.
[7] აღდგომის შემდგომი კვირა იყო და ხართა ორთაბრძოლის ბოლო სეზონი მექსიკაში.
[8] მან იგრძნო გარკვეული მგრძნობიარე, ნაზი საიდუმლოება მდინარეში, შიშველ მამაკაცში, მდინარესა და მენავეში.
[9] „ინგლისში, ირლანდიაში, ომის და რევოლუციის დროს, მან იცოდა სულიერი შიში.. ახლა მან იცის ნამდვილი სისხლის შემაძრწუნებელი შიში“.
@font-face { font-family: Sylfaen; }@font-face { font-family: "Cambria Math"; }@font-face { font-family: Calibri; }p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal { margin: 0cm 0cm 10pt; line-height: 115%; font-size: 11pt; font-family: "Calibri", sans-serif; }p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin: 0cm 0cm 0.0001pt; font-size: 10pt; font-family: "Calibri", sans-serif; }span.MsoFootnoteReference { vertical-align: super; }p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph { margin: 0cm 0cm 10pt 36pt; line-height: 115%; font-size: 11pt; font-family: "Calibri", sans-serif; }p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst { margin: 0cm 0cm 0.0001pt 36pt; line-height: 115%; font-size: 11pt; font-family: "Calibri", sans-serif; }p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle { margin: 0cm 0cm 0.0001pt 36pt; line-height: 115%; font-size: 11pt; font-family: "Calibri", sans-serif; }p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast { margin: 0cm 0cm 10pt 36pt; line-height: 115%; font-size: 11pt; font-family: "Calibri", sans-serif; }span.apple-converted-space { }span.FootnoteTextChar { }.MsoChpDefault { font-size: 11pt; font-family: "Calibri", sans-serif; }.MsoPapDefault { margin-bottom: 10pt; line-height: 115%; }div.WordSection1 { }
ლიტერატურა
Jung.C.G 1958 |
Psychology and Religion: west and east. Bollingen Series xx. Pantheon books, New York. |
Kaplan,R.D 1999 |
The New York Times: ‘It's a Bird! It's a Snake! (https://www.nytimes.com/1999/02/07/books/it-s-a-bird-it-s-a-snake.html) |
Lawrence, D.H. 2004 |
Fantasia of the Unconscious. Cambridge: Cambridge University Press. |
Lawrence, D.H. 2009 |
Mornings in Mexico and Other Stories. Cambridge: Cambridge University Press. |
Lawrence, D.H. 1987 |
The Plumed Serpent. Cambridge: Cambridge University Press |
Bricout.S * |
The Ritualization of Emotions in Quetzalcoatl and The Plumed Serpent (https://lawrence.revues.org/130) |