რთული უარყოფითი სახელური ლექსემები ქართულ ენაში: სტრუქტურა და ფუნქციური განაწილების პრინციპები

ქართულ სალიტერატურო ენაში განვითარების სხვადასხვა საფეხურზე დას­ტურ­დება უარყოფითი შინაარსის რთული სახელური ლექსემები, რო­მელთა ანალიზი მო­ითხოვს მათი ა. სტრუქტურის, ბ. ქრონოლოგიის, გ. ფუ­ნ­ქციური განაწილების პრინ­ცი­პების გარკვევას. ჩვენ მიერ საანალიზოდ შერჩეული რთული უარყოფითი სახელური ლექსემების სტრუქტურა ორ­კომპონენტიანია:[1] (I) არა-ძალი, არა-ჟამი, არა-­ღირსი, არა-­სა­მარ­თლიანი, არ-გაგონილი, არ-ნახული... ; (II) ვაი-მეცნიერი, ვაი-პატრიოტი, ვაი-კრი­ტი­კო­სი... , (III) ცრ­უ-­გმირი, ცრუ-მეცნიერება ... ; (IV) ანტი-გმირი,  ანტი-ანდაზა, ან­ტი­-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივი... . სახელური ლექსემების პირველი კომპონენტი წა­რ­მოშობით არ­ის: უა­რ­ყო­ფი­­­თი ნა­წი­ლა­კი (არა-/­არ-), შორისდებული (ვაი-), ზედ­სარ­თა­ვი სახელი (ცრუ-), პრე­­ფი­ქსი (ანტი-). სიტყვაწარმოებითი მორფემის დანიშ­ნულებით გა­მო­­ყე­ნე­ბულ არა-/­არ- ნა­წი­ლაკებს სამეც­ნიერო ლიტერატურაში მორფემოიდი ეწო­დე­ბა [ჯო­რ­ბენაძე...19­88­:­43­44]. შე­საძლოა ამგვარი კვალიფიკაცია მიეცეს მაწარ­მოებლებად ქცე­ულ სხვა ენ­ობ­რივ მო­ნა­­ცემებსაც (ვაი-, ცრუ-, ანტი-). მაშასადამე, ზემოთ რამდენიმე ჯგუფით (I – IV) წარმო­დგე­ნი­ლი რთული უარყოფითი სახე­ლ­უ­რი ლექ­სე­მების შედ­გე­ნი­ლობა შესა­ძლე­ბელია ერთ ენ­ობ­რივ სტრუქ­ტუ­რამდე დავიყვანოთ: მორ­ფე­მო­იდი + სა­ხე­ლი.

საინტერესოა, რა მიმართებაა ერთ მოდელში გაერთიანებულ რთულ სახე­ლ­ურ ლე­ქ­სემებს შორის ქრონოლოგიისა და სემანტიკის მი­ხედვით. მათგან ქრო­ნოლოგიურად  ყვე­ლაზე ძველი არა-/არ- ნა­წი­ლაკიანი წა­რ­მოებაა, იმის გათვა­ლისწინებით, რომ დას­ტ­უ­რ­­დება ჯერ კიდევ ძველ ქართულში. არა-/არ- ნაწილაკიან სახელთა გა­ვ­რ­­­ცელების ქრო­ნო­ლო­გი­ა­ზე, ამ ნაწი­ლ­ა­კ­­თა სახელთან შეხამების პრინციპებზე დაწ­ვრი­ლებით არის სა­უ­ბარი ლ. გელე­ნიძის სტატიაში [გელენიძე, 1984:167-174]; აღ­სა­ნიშ­ნავია, რომ ავტორი ძვე­ლი ქართულის მაგა­ლითებს იმოწ­მებს ი. აბულაძის ლექსიკონიდან [აბ­უ­­ლაძე, 1973].  ჩვე­ნს სტატიაში მაგა­ლითები მოყვანილია ზ. სარჯველაძის ლექსი­კო­ნიდან [სარ­ჯვე­ლა­ძე, 1995]. ცნობილია, რომ ამ ორ ლექსი­კოგრაფიულ ნაშრომში ერთი და იგივე ლექ­სიკური ერ­თეულები თითქმის არ დასტურდება და ამიტომ ისინი ავ­სებენ ერთ­მანეთს; ამდენად, არა-/არ- ნაწილაკიან უარყოფით სახელთა სტა­ტის­ტიკური მო­ნა­ცე­მ­ე­ბი, შეიძ­ლება ით­ქ­ვ­ას, ძველ ქარ­თულ­შივე იზრდება.

არა + სახელი

(1) არა-განსწავლული, (2) არა­-დამ­მალვე­ლი­, (3) არა-­დამ­ცვე­ლი, (4) არა-დიმდართაგანი, (5) არა­-მქონე­ბე­ლი­, (6) არა-­მქჳშ­რო­ვანი­, (7) არა-საეჭუელი, (8) არა­-ქონე­ბაჲ­, (9) არა­ქონებუ­ლი­, (10) არა­-შემნა­ნებე­ლი­, (11) არა-შეყვანებაჲ, (12) არა-­შეძ­რუ­ლად, (13) არა­-ცებ­ნ­აჲ,(14) არა­-ძი­ებაჲ, (15) არა-­ძლე­ბუ­ლ­ო­­ბ­აჲ­, (16) არა-წმიდათაგანი, (17) არა-წმინდაჲ, (18) არა­-წმინ­დებაჲ, (19) არა-ჯეროვნებაჲ [სარჯველაძე, 1995 : 3-4].

არ ნაწილაკი არა-ს გა­ც­ვე­თის შედეგადაა მიღებული[2], თუმცა ეს ქრო­ნო­ლო­გი­ურად ერთსა და იმავე დროში ხდება და არ ნაწილაკი რთული უარ­ყო­ფითი სახე­ლების შემად­გენ­ლობაში ძველ ქართულშივე დასტურდება:

არ + სახელი

(20) არ-დამლტვარი, (21) არ-თა­ნამ­ქცევი, (22) ა­რ-­­­მინ­დობაჲ, (23) არ­-მ­ნე­ბებლობაჲ, (24) არ­-მოÃსენებული, (25) არ-მყოფობაჲ, (26) არ-­მÃუმე­ვე­ლი, (27) არ-შეგინებული, (28) არ­შეყ­ვა­ნ­ე­­ბაჲ,(29) არ-­ცოდ­ნაჲ­, (30) არ-ძლებულობაჲ [სარ­ჯვე­ლა­ძე, 1995:4].

უნდა აღინიშნოს, რომ არა- ნაწილაკიანი სახელური ფორმები რაო­დენობით ჭარ­ბობს არ- ნაწილაკიანს. ეს მოვლენა უფრო ადრე შენიშნული აქვს ლ. გე­ლენიძესაც: „ილია აბულაძის ლექ­სიკონში უფრო მეტია არა- ნაწილაკიანი სიტყვები“ [გელენიძე, 1984:169]. ჩვენი დაკ­ვირვებით, არა- და არ- ნაწი­ლაკები ერთსა და იმავე ფუძეს ჩვეულებრივ არ ეხა­მე­ბი­ან, თუმცა იშვი­ათად ესეც შესაძლებელია:

არა + სახელი : არ + სახელი

(31)არა-ძლებულობაჲ : არ-ძლებულობაჲ, (32) არა-ოდეს : არ-ოდეს [სარჯველაძე, 1995:3-4].

ზემოხსენებული II, III, IV ჯგუფების რთული სახელები თანამედროვე ქართულშია გაჩენილი. ეს ჯგუფები ნაკლებად პროდუქტიულია იმდენად, რამდენადაც განსა­ზღვ­რ­უ­ლი რაოდენობის  სახელურ ფუძეებს დაერთვიან და სტატისტიკურად ცოტანი არიან.

მაშასადამე, ჩვენ მიერ წარმოდგენილი რთული უარყოფითი სახელური ლექ­სემები განსხვავებული ქრო­ნო­ლო­გი­ისა და ერთნაირი ენობრივი მოდელისაა; რაც შეეხება მათ შეფასებას სემანტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ერთ სემანტიკურ ველში გაე­რთი­ან­დ­ნენ ზოგადად უარ­ყო­ფი­თი კონოტაციის გამოხატვის თვალსაზრისით. სემანტიკური სი­ახლოვის მიუხედავად, ენა, ცალკეული ლექსიკური ერ­თე­ულების მაგალითზე მაინც, ეს­წრა­ფ­ვის ფორმობრივი და შინაარსობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენას; კერძოდ, შევუდაროთ ერთ­მა­ნ­ეთს უარყოფითი სახელები, რომლებიც არა- და ვაი-თია ნა­წა­რ­მო­ები. მაწარმოებლები, თითქმის ერთ­ნაირი სემან­ტიკის მიუხედავად, ცალკეულ სახე­ლ­­ურ ფუ­ძესთან განსხვავებულ მნიშ­ვნე­ლობას გვიჩვენებენ, თვით ამ სახელის მნიშ­ვნე­ლობის ცვლის შესაბამისად: ძველი ქართული: (33) მეცნიერი = მცოდნე ‒  არა­-მეც­ნი­ერი/­არ­-მეც­ნიერი [აბუ­ლაძე, 1973] = უვიცი, უცოდინარი. ახალი ქართული: (34) მეცნიერი = მეც­ნი­ერ­ების ამა თუ იმ დარგის სპე­ციალისტი, მკვლე­ვარი [ქეგლ-ი, V, 1958]; ვაი-მეცნიერი = არშემდგარი სპე­ცი­ალის­ტი/­მკ­ვლე­ვარი. როგორც ქართული ენის განმარტებითი ლექ­სი­კონიდან ჩანს, ახალ ქართულში ლექსემა მეცნიერის მნიშვნელობა დავიწროვდა; კონ­კ­რეტულ დარ­გში მოღვაწე ადამიანს დაერქვა; არშემდგარი სპე­ცი­ალისტის გადმო­სა­ცემად კი ენამ ახალი მორფემოიდი გამოიყენა (ვაი-) და სხვა ლექ­სიკური ერთეული შექმნა: ვაი-მეცნიერი. არა-მეცნიერი/არ-მეცნიერი ახალ ქართულში არ დასტურდება, მხო­ლოდ არა­მეც­ნიერული შეიძლება შეგვ­ხვდეს [ქეგლ-ი, I, 1950].

ცნობილია, რომ ქართველურ ენებში დასტურდება საერთო წარმო­მავლობის უქონ­ლობის აფიქსები: *უ‒არ, *უ‒ელ, *უ‒ო, *უ‒ურ [ფენრიხი... 2000:449-451]. შესაბამისად, ქა­რ­თველურ ენათა სიტყვა­წარმოებაში გამოიყოფა უქონ­ლობის სახელები, რომელთა ერთ-ერთი ძირი­თადი სემანტიკური მახასიათებელი უარ­ყო­ფითი კო­ნო­ტაციის გამო­ხატვაა. არა-/არ- ნაწილაკიანი სახელებისა და უქონლობის სა­ხე­ლების შედარება-შე­პი­რ­ის­პირება საინტერესო ენობრივ სურათს იძლევა. ყურად­ღე­ბა­მისაქცევია ის ფაქტი, რომ „ძველ ქარ­თულში უარ­ყო­ფი­თო­ბა იწარმოება როგორც ანა­ლი­ზურად, ასევე სინ­თე­ზუ­რ­ად“ [სუ­ხი­შვილი, 1984:176]. უარ­ყოფის ანა­ლიზური წარმო­ები­ს­თვის ძველი ქარ­თული იყე­ნებს თვი­ნიერ, გარეშე თან­დებულებს. ამ თან­დე­ბულთა აღნიშნული ფუნ­ქციის შესახებ ვრც­ლად არის საუბარი არ. მარტიროსოვის სტატიაში [მარ­ტი­როსოვი, 1946:239, 244].

სახარების  რედაქციებში ერთმანეთს ენა­ცვ­ლება ანალიზური და სინთეზური ფორ­მე­ბი, რომლებიც სამ ჯგუფად წარმოდგება, თანაც თითოეული ჯგუფი პარალელური ვარიანტებით ხასიათდება:

ა. ანალიზური წარმოება და სინთეზური წარმოება უ- . . . -ო  ცირკუმფიქსით:

(35) ... თვინიერ იგავისა არას ეტყოდა მათ (მათე, 13,34 DE)[3], შდრ.:

(36) -იგავ-- არას ეტყოდა მათ (C )[4];

ბ. ანალიზური წარმოების ფორმები სხვადასხვა თანდებულით:

(37) ... რამეთუ ვერ ეგების წინაწარმეტყუელი გარნა[5] იერუსალჱმს წარწყმედად (ლუკა, 13, 33, C), შდრ:

(38) რამეთუ ვერ ეგების წინაწარმეტყუელი გარეშე[6] იერუსალჱმის წარწყმედად (DE);

გ. სინთეზური არა- ნაწილაკით და უ- პრეფიქსითა და -ურ სუფიქსით ნაწარმოები ფორმებით:

(39) და განჰკურნებდა... არა-ძლებათა ერისათა (მათე, 4, 28 C) შდრ:

(40) და განჰკურნებდა ... -ძ­ლ-უ­რ-ებათა ერ­ი­სათა (DE).

როგორც ვხედავთ, ძველ ქართულში სამივე ტიპის წარმოება სინონიმური მნიშ­ვნე­ლო­ბისაა. შემდგომი განვითარების დინამიკა გვი­ჩვე­ნებს, რომ ანალიზური წარმოება და­იკარგა, ხოლო უარყოფითნაწილაკიან და უქონ­ლობის სახელებს შორის  თანდათან და­ი­წყო სემანტიკური დიფერენციაცია, რამაც გან­საზღვრა მათი თანა­არსებობა: უარყოფის გამომხატველ ფორმათა პარალელური წარმოება ყოველთვის არ ქმნის სინონიმებს: . . .  -თა­ნას­წო­რ- არა-­თანასწორი“ [ჯორბენაძე, 1984:148-149]. ამ ტიპის მაგალითებია: (41) -კა­ც-­ ‒ არა-­კა­ცი, (42) -მ­სგავ­სი/-მსგავს-არა-მსგავსი, (43) -ღირსი ‒ არა-ღირსი [ქეგლ-ი, I, 1950; ქეგლ-ი, VI, 1960].

არა-/არ- ნაწილაკიანი სახელების გააქტიურების პროცესს ხელი შეუწყო რამდენიმე  ფაქტორმა, კერძოდ, არა/არ  ნაწილაკების მონაწილეობამ ანტონიმური ლექსემების წა­რ­­მოქმნაში: ზუსტი – არა-ზუსტი, სტაბილური – არა­-სტა­ბი­ლური, გამტანი – არ-გამტანი, ქო­ნა –არ-ქონა და სხვა. „თუკი უარყოფის გამომხატველი ანტონიმი ნაწარმოებია უშუალოდ დადე­ბითი ფორ­მისგან, გამოიყენება არ/არა ნაწილაკი“ [ჯორ­ბენაძე, 1984:146]. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქარ­თულ სა­ლიტერატურო ენაში არა/არ ნაწი­ლა­კი­ანმა (ძირითადად არა- ნაწი­ლა­კიანმა) ან­ტო­ნი­მურმა ლექ­სე­მ­ე­ბ­მა ჩამო­აყალიბეს სამეცნიერო ტერმინოლოგია. უარ­ყო­ფი­თი ნა­­წი­ლა­კ­ით მარ­კი­რე­ბული სახე­ლური ლექსემა ანტო­ნი­მური წყვილის მეორე, და­დებით, წევ­რ­თან ერ­თად ქმნის ტერ­მინს; მაგალითად: (44) დრეკადი – არა-დრეკადი, (45) მდგრადი – არა-მდგრადი, (46) თავსებადი – არა-თავ­სებადი, (47) არსებითი – არა-არ­სე­ბითი, (48) გამტარი  – არა-გამტარი, (49) ეკო­ნო­მიური  – არა-ეკონომიური, (50) ლე­გა­ლ­უ­­რი – არა-ლე­­გალური და სხვა. ტერ­მი­ნო­ლოგიური სის­ტემის შექმნა ამ ტიპის ფორ­მათა გა­აქ­ტი­უ­რების ერთ-ერთ მიზეზადაა დასახელებული  სამეცნიერო ლი­ტერატურაში [ჯ­ო­­რ­­ბე­ნაძე 1984, გელენიძე 1984, Tchumburidze... 2018].

უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითნაწილაკიანი წარმოება დასტურდება ქარ­თუ­ლი ენის დიალექტებში, განსაკუთრებით პროდუქტიულია ქარ­თულ ცოცხალ ­მეტყვე­ლე­ბა­ში, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი გან­ხილ­ვის საგანია არა მთლიანი მასალა (წარმოების ტი­პების მიხედვით), არამედ არა-/არ- უარ­ყოფითი ნაწილაკებისა და უქონლობის უ- პრე­ფიქსის მო­ნა­­წი­ლეობით შექმნილი თავისებური ფორმები, რომელთა ანალიზი წარ­მო­აჩენს ენის საშუალებით გამოვლენილ ადამიანის კოგნიტურ შესა­ძ­ლებ­ლობებს და ენ­ობრივ  შესაძ­ლებლობებსაც. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ დროს აუ­ცი­ლე­ბელია ყუ­რად­ღე­ბა გამა­ხვილდეს თავად ამგვარ ფორმათა შექმნის პრო­ცესზე, შემაპირობებელ ფაქ­ტო­რებზე, მათ  როლზე ინფორმაციის ჩამო­ყალიბებასა და გადაცემაში.

დიალექტური ფორმები

ა. არა- და არ- ნაწილაკებით:

 

(51) არა-წესი იყო, ექვსი წელწადი... ხმა არ გამიცია (უმძრახობა, სამ­ცხურ-ჯავახური; ჩაწერის ადგილი: სარო, ასპინძა, საქართველო; 1991; მთქმელი: მა­რუ­სა თოთაძე-ბერიძე, ტექსტის ჩამწერი: მა­რინა ბერიძე, გამოცემის ავტორი: მარინა ბე­რიძე „პირდაპირი რე­პორ­ტაჟები წარ­სუ­ლი­დან“)[7];

(52) ნინა არ-თვალი[8] ქალია (ს. ზედა საქარა); ცოტა არ-თვალი ჯობია ქალი (ს. ბო­რი­თი) [ძო­წენიძე, 1974: 30];

(53) არ-თვალი[9] კაცი მიდიოდა მისკენ [ღლონტი,  1974: 39];

(54) ლოყმან ჰაქიმმა...  არ-მააკდომელ წამალ იცოდნინა//იცოდინა (ლოყმან ჰაქიმ, კა­კ­უ­რი, ინგილოური; ჩაწერის ადგილი: მო­სული, საინგილო, აზერბაიჯანი; 1945; მთქმე­ლი: ნასიბ ბურჯალიოფ როსტომ ოღლი; ტექსტის ჩამწერი: გრიგოლ იმნაიშვილი; გა­მოცემა: გრი­გოლ იმნაიშვილი, ქართული ენის ინგილოური დიალექტის თავი­სებუ­რე­ბა­ნი; კორ­პუ­სული გამოცემის ავტორები: მარინა ბერიძე, მაია ბარიხაშვილი);

(55) არ-დანამუშავ მიწას გუთნით ჴნöნ... (ქდკ-ინ­გი­ლო­ური ლექსიკონი, შემდგენლები: მარინა ბერიძე, მაია ბარიხაშვილი, ელენე ნაპირელი, დიანა ამფიმიადი; წყარო: ქარ­თული ენის ინგილოური კილოს ლექსიკონი, შემდგენელი როგნედა ღამბაშიძე).

 

ბ. უ-  პრეფექსით:

(56) ...­ უ-გა­წყვეტ­ი­ლი ვიარ (მუჰაჯირის ნაამბობი, მუჰაჯირული-ზემო­აჭარული; ჩა­წე­რის ადგილი: თუ­­ფექჩი ქონაქი, ინეგოლის რაიონი, თურქეთი; 1989; მთქ­მე­ლი: მუნთაჰა ბა­ი­კოზოღლი-თავდგირიძისა; ტექსტის ჩამწერი: შუშანა ფუტკარაძე; გა­მო­ცემა: შუშანა ფუტკარაძე, ჩვე­ნე­ბუ­რე­ბის ქართული; კორპუსული გამოცემის ავტორი: ნარგიზა სურ­მავა);

(57) უ-გაკეთებული ის არი, რომე არ გიმიკეთებია...  (სოფლის ცხოვრება, მუჰა­ჯი­რული-ზემო­აჭარული; ჩაწერის ადგილი: ინეგოლი, თურქეთი; 1989; მთქმელი: მეჰ­მედ ოზბეგი (თავდგირიძე); ტექსტის ჩამწერი: შუშანა ფუტკარაძე; გა­მო­ცემა: შუშანა ფუ­ტ­კა­რა­ძე, ჩვე­ნებურების ქართული; კორპუსული გამოცემის ავტორი: ნარგიზა სურ­მავა);

 (58) გზიები კაია, უ-გაქანებული მივალ ჩემ სოფელში (საუბარი, მუჰა­ჯი­რული-ზემო­აჭა­რული; ჩაწერის ადგილი: ინეგოლი, თურქეთი; 1989; მთქმელი: ემინე ჩიბუკი (გოგი­ტი­ძე); ტექსტის ჩამწერი: შუშანა ფუტკარაძე; გა­მო­ცემა: შუშანა ფუ­ტ­კა­რა­ძე, ჩვე­ნებურების ქართული; კორპუსული გამოცემის ავტორი: ნარგიზა სურ­მავა).

 

გ. ორმაგი - პრეფიქსით:

(59) ... უ-მო-û[10]-კითხელა მისმეს რამეს ნუ მისცემ! (ბაჰლული და სა­წყალ კაცი, ალი­აბა­თური, ინგილოური; ჩაწერის ადგილი: მოსული, საინგილო, აზერ­ბა­იჯანი; 1945; მთქ­მე­ლი: ისმაილ ისმაილოვი ასადუღალა ოღლი; ტექსტის ჩამწერი: გრი­გოლ იმნაიშვილი; გა­მო­ცემა: გრიგოლ იმნაიშვილი, ქართული ენის ინგილოური დი­ა­ლექტის თავი­სებუ­რე­ბანი; კორპუსული გამოცემის ავტორები: მარინა ბერიძე, მაია ბა­რი­ხაშვილი).

(60) ... უ-მო­-უ-ფიქრე­ვე­ლა ისხნის დანას... (არსენაჲ და ვასილი ნადიროვან წასûლაჲ, კაკური, ინგილოური; ჩაწერის ადგილი: კა­ხი,  საინგილო, აზერბაიჯანი; 1946; მთ­ქ­მელი: არ­ჩილ ჭირიტაშვილი; ტექსტის ჩამ­წე­რი: როგნედა ღამბაშიძე; გამოცემა: როგ­ნედა ღამ­ბაშიძე, ინგილოური ტექსტები; კორ­პუ­სუ­ლი გამოცემის ავტორი: როგნედა ღამ­ბაშიძე);

 (61) ...უ-და-û-ლეველა... ფლავ-ხორაგ შეჰჭამნენ? (ძველი დრო, კაკური, ინ­გი­ლოური; ჩაწერის ადგილი: ალა­თე­მუ­რი, კახი, საინგილო, აზერბაიჯანი; 1982; მთქმელი: ბესარიონ ოქროჯანაშვილი; ტექსტის ჩამწერი: ვასილ აბაშვილი (კუზი­ბაბაშვილი); გამო­ცემა: ვა­სილ აბაშვილი (კუზიბაბაშვილი), ქართული ენის ინგილოური დიალექტი;  კორ­პუ­სუ­ლი გამოცემის ავტორები: მარინა ბერიძე, მაია ბარიხაშვილი);

(62) მე ფაჰჩაჲ პირ უ-და-û-ნახელა არ წავალ! (ერ სალდათ, კაკური, ინგილოური; ჩაწერის ადგილი: სამთ­ა­წყა­რო, დედოფლისწყარო, კახეთი, საქართველო; 1945; მთქმელი: მოსე პა­პიაშვილი; ტექსტის ჩამწერი: გრიგოლ იმნაიშვილი; გამოცემა: გრიგოლ იმნაიშვილი, ქა­რ­თული ენის ინგილოური დიალექტის თავისებურებანი; კორპუსული გამოცემის ავ­ტორები: მარინა ბერიძე, მაია ბარიხაშვილი).

 

ქართული ცოცხალი მეტყველების ნიმუშები [11]:

 

ა. არა-, არ-  ნაწილაკებით:

(63) საზოგადოება არა-დადებითად ლაპარაკობს მასზე;

(64) არა-დადებითი მუხტი მოდის მისგან;

(65) თავი უნდა აგრძნობინო არა-დაჩაგრულად;

(66) ამის ფონზე განაგრძო არა-პატიოსანი საქმე;

(67) ეს მოიტანა არა-კომუნიკაციამ;

(68) ინტერესების არ-დაცვა არ ეპატიება;

(69) მუცალის მკლავის არ-მოჭრით თემს გამოუცხადა პროტესტი;

(70) ამ საქმის არ-გაკეთების შემთხვევაში კაი დღე არ დაადგებოდა;

(71) სასჯელის არ-მოხდის შემთხვევაში ოჯახს მოთხოვდნენ პასუხს.

 

ბ. - პრეფიქსით:

(72) საქმე ადამიანის უ-ინტერესობაშია;

(73) უ-კომფორტოდ გრძნობს თავს (შდრ: არა-კომფორტულად).

 

გ. არა- ნაწილაკითა და უ- პრეფიქსით:

(74) გლობალური პრობლემაა, თუმცა არა-აღმო-უ-ფხვრელი;

(75) მაპატიე, არა-უ-მიზეზო ვერმოსვლა!

 

ემპირიული მასალის განხილვის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არა-/ არ- მაწარმოებლებს აქვთ მიდრეკილება და შესაძლებლობა ძირითადი და­ნიშ­ნულების გვერდით განივითარონ დამატებითი, ფაკულტატური მნიშვნელობაც, რაც გა­მო­იხატება ერთდროულად უარ­­ყო­ფითი სახელური ფორმების წარმოებასა (ძი­რი­თა­დი დანი­შ­ნუ­ლება) და მათ აქტუ­ალი­ზებაში (ფაკულტატური მნიშვნელობა). დი­ალექ­ტ­ებ­ში ძირი­თადი და და­მატებითი ფუნქციით უ- პრე­ფიქ­სიც არის და­დას­ტურებული და არა-/არ- ნა­წი­ლა­კიც, ხოლო ცოცხალ მეტყველებაში ძირი­თადად არა-/არ- ნაწილაკია მო­ცე­მული. უ- პრე­ფიქ­სი­ანი და არა-/არ- ნაწი­ლაკიანი ფორმების შედარება გვიჩვენებს, რომ უ- პრე­ფიქსი ყო­ველ­თვის ვერ ახ­ერხებს ერთდროულად ორივე ფუნქციის შესრულებას; გან­სა­კუთრებით მაშინ, როცა რანგით ზმნისწინის შემდეგ დგას. ლექსემაში ან მეორე უ- პრეფიქსი უნდა გაჩნდეს აქ­ტუ­ალი­ზატორის ფუნქციით სიტყვის თავში, იხ. მაგალითები (59), (60), (61), (62), ან არსებულმა უ-მ თავად უნდა გაუც­ვა­ლოს ზმ­ნ­ი­­ს­­წინს ად­გი­ლი და დაწინაურდეს, იხ. მაგალითები (56), (57), (58), ან კიდევ: უ- პრეფიქსიანმა ფორმამ სი­ტყვის თავში არა- ნაწილაკი უნდა დაირთოს, იხ. მაგალითები (74), (75). რაც შეეხება არა-/არ- ნა­წი­ლა­კებს, ორივე ფუნქციის ერთ­დროულად შეთავსების შესა­ძლებ­ლობა გან­პი­რობებულია ორი გა­რე­მო­ებით: 1. პოზიციით (იგი ყოველთვის სიტყვის თავ­შია [ომ­ი­ა­ძე 2016], ინ­ფორ­მაციის სტრ­უ­ქ­­ტურირებისას კი დიდი მნიშ­ვნელობა ენიჭება ფო­კუსი­რე­­ბული წევრის თავ­კი­დურა პოზიციას), 2. სემანტიკით (სახელურ ლექსემებში არა-/არ- ნა­წი­ლა­კი ყო­ვ­ე­ლ­­თვის კა­ტე­გორიული უარყოფის გამო­მხატველია. არა-/არ- მორ­ფემო­ი­დ­ით წა­რ­­მოქმნილი უარ­ყო­ფითი სახელი (resp. ანტონიმური ლექსემა) უმოკ­ლესი გზაა მოქ­ნი­ლი და ტევადი ინ­ფორ­მაციის გადასაცემად.

 


[1] თვალსაჩინოებისთვის, ყველა ქვევით დამოწმებულ მაგალითს წარმოვადგენთ დეფისით.

[2] არა- და არ- ნაწილაკიან სახელებს ცალ-ცალკე ჯგუფად არ გამოვყოფთ სწორედ ამ ნაწილაკთა ერთგვარი წარმო­მავ­ლო­ბის გამო.

 

[3] DE - ჯრუჭისა (936 წლის) და პარხლის (973 წლის) ოთხთავები.

[4] C - ადიშის (897 წლის) ოთხთავი.

[5] მოცემულ კონტექსტში გარნა გამოყენებულია გარდა თანდებულის ფუნქციით.

[6] მოცემულ კონტექსტში გარეშე = გარეთ.

[7] დიალექტური მაგალითები, 52-ე და 53-ეს გარდა, აღებულია ქართული ენის დიალექტური კორ­პუ­სიდან: http://www.corpora,co/#/ ; მითითების წესები დაცულია.

[8] ართვალი (იმერ.) –  ულამაზო, შეუხედავი.

[9] ართვალი (იმერ., ლეჩხ.) – შესახედავად  უშნო, არმოსაწონი, უთვალადო ადამიანი.

[10] û <

[11] მაგალითები აღებულია ყოველდღიური მეტყველებიდან, სოციალური ქსელიდან.

ლიტერატურა

აბესაძე მ.
2017
უქონლობისა და უარყოფითნაწილაკიან ფორმათა სემანტიკური ანალიზი ქარ¬თული ენის დიალექტებში, მოხსენება წაკითხულია თბილისის სა¬ხ¬ე¬ლ¬მწიფო უნი¬ვერ¬სიტეტში აკადემიკოს აკაკი შანიძის 130 წლის¬თავი¬სა¬დმი მიძღვნილ სამეცნიერო კონ¬ფერენციაზე. სტუდენტური სექცია (სა¬მე¬ც¬ნიერო ხელმძღვანელი ასოც. პროფ. რ. ზექა¬ლა¬შვი¬ლი) 26.02.2017: https://www.¬tsu.ge/ge/faculties/¬hu¬manities/news/aQq678-2F2i¬Gu-ia¬co/?p=1
აბულაძე ი.
1973
ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი.
გელენიძე ლ.
1984
არ/არა-ნაწილაკიანი სახელები ქართულში, ქართული სიტყვის კულ¬ტუ¬ რის საკითხები, ტ. VI, თბილისი, 1984.
მარ¬ტი¬როსოვი ა.
1946
თანდებული ქართულში, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ტ. I.
ომიაძე ს.
2016
უარყოფითი ნაწილაკებით ნაწარმოებ მიმღეობათა სტილისტიკური ფუნ¬ქცი¬ის შესახებ, მოხსენება წაკითხულია აკად. აკაკი შანიძისადმი მიძ-ღ¬ვ¬ნ¬ილ ტრადიციულ სა¬ჯარო სხდომაზე თბილისის სახელმწიფო უნი-ვერ¬სიტეტში (ხელნაწერი).
სარჯველაძე ზ.
1995
ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი.
სუხიშვილი მ.
1984
უარყოფითი წარმოების ერთი შემთხვევისათვის ქართულში, ქარ-თული სიტყვის კულტურის საკითხები, ტ. VI, თბილისი.
ფენრიხი ჰ., სარჯველაძე ზ.
2000
ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბილისი.
ქეგლ-ი
1950
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, პროფ. არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით, ტ. I, თბილისი.
ქეგლ-ი
1958
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, პროფ. არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით, ტ. V, თბილისი.
ქეგლ-ი
1960
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, პროფ. არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით, ტ. VI, თბილისი.
ქურდაძე რ., თვალთვაძე დ., ლომია მ., მარგიანი ქ., ზექალაშვილი რ., ომიაძე ს.
2016
ნაწი¬ლა¬კებითა და აფიქსებით ნაწარმოებ უარყოფით ფორმათა სე¬მან-ტი¬კური ანა¬ლიზი ქარ¬თვე¬ლურ ენებში, VII საერთაშორისო ქართვე¬ლო-ლო¬გი¬ური სი¬მ¬პო¬ზიუმის მასალები, თბილისი.
ღლონტი ალ.
1974
ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა I, თბილისი.
ძოწენიძე ქ.
1974
ზემოიმერული ლექსიკონი, თბილისი.
ჯორ¬ბენაძე ბ., კობაიძე მ., ბერიძე მ.
1988
ქარ¬თუ¬ლი ენის მორფემებისა და მოდალ¬უ¬¬რი სიტყვების ლექსიკონი, თბი¬ლისი.
ჯორ¬ბენაძე ბ.
1984
უარყოფის გამომხატველ ფორმათა ნაირსახეობებისათვის ქართულში, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, ტ. VI, თბილისი.
Tchumburidze N., Lomia M., Kurdadze R.
2018
The Nominal Models Expressing Absence-Negation in the Literary Georgian and the Role of Translation in their Differentiation. In¬ter¬na¬ti¬onal Conference General and Specialist Transla¬tion/¬In¬ter¬¬pretation: Th¬e¬o¬ry, Met¬hods,Practice:http://er.nau.¬edu.¬ua/-bitstream¬/¬NAU/¬33¬301/1/¬сбор¬н¬икН¬АУ20¬18.pdf