ოქროს მძივები წინარეანტიკური ხანის კოლხეთში

საქართველოში უძველესი ოქროს ნივთები ძვ. წ. III ათასწლეულით თარიღდება. ისინი აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართველოში, ე. წ. ადრეყორღანული კულტურის სამარხებში. მომდევნო პერიოდში, შუაბრინჯაოს ხანის თრიალეთის ყორღანულ კულტურაში, იგი განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპს აღწევს.  გვიანბრინჯაოს ხანაში, ქართული ოქრომჭედლობა გარკვეულ დეგრადაციას  განიცდის. ამის ტენდენცია არა მარტო კოლხეთში, არამედ სხვა მოწინავე საოქრომჭედლო ცენტრებშიც შეიმჩნევა. ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცვლილებებით. გვიანბრინჯაო-ადრერკინის პერიოდი აზიისა და კავკასიის რეგიონისთვის არის  ძირეული ცვლილებების ხანა. ამ დროს არაერთი დიდი თუ პატარა სახელმწიფო და ტომი აღმოცენებულა და გამქრალა, ყოფილა ბევრი დამანგრეველი ბრძოლებიც, რაც შედეგად ხალხის მიგრაციას იწვევდა [Javakhishvili... 1987: 12].

თრიალეთის ბრწყინვალე კულტურის შემდეგ, ოქრომჭედლობის ხელახალი აყვავება წინარეანტიკური ხანის საქართველოში იწყება. ეს არის ოქრომჭედლობის განვითარების ის პერიოდი, რომლის საფუძველზეც შემდეგ  შეიქმნა ვანისა და საირხის შესანიშნავი ოქროს ნივთები.

ამ პერიოდის ოქროს ნივთები უკანასკნელ ათწლეულებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების საფუძველზე გახდა ცნობილი - მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიცია თ. მიქელაძის ხელმძღვანელობით და საფუძვლიანი კვლევა-ძიების ობიექტი სხვადასხვა ხასიათის ძეგლებთან ერთად გახდა კოლექტიური სამარხი-ორმოები. მათი უმეტესობა სწორედ ასეთ ორმოსამარხებშია აღმოჩენილი. მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ რამდენიმე ნივთი შემთხვევით აღმოჩენილი განძების სახით.

კოლხურ ოქრომჭედლობაში ყოველთვის იგრძნობოდა გარე სამყაროსთან საერთო იმპულსები, რაც განპირობებული იყო ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით კი კოლხეთის, აქტიური ჩართვით მსოფლიოს კულტურულ თუ სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში.

აღნიშნული პერიოდის ოქროს ნივთების აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ემთხვევა იმ პერიოდს, როცა კოლხეთი პირველად იხსენიება ბერძნულ და ურარტულ წერილობით წყაროებში, რაც ოქროს ნივთების აღმოჩენასთან ერთად, ამ რეგიონის აყვავების ხანაზე უნდა მიუთითებდეს.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია განვიხილოთ წინარეანტიკური კოლხეთის ოქრომჭედლობისთვის დამახასიათებელი ერთი კატეგორიის ნივთები –  ოქროს  მძივები.

მძივები ოქროს სამკაულის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სახეობაა. მათ ვხვდებით ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულის მსოფლიოს უძველეს ოქრომჭედლობის ნიმუშებში ვარნადან (ბულგარეთი). ძვ. წ. III ათასწლეულიდან ვრცელდება მესოპოტამიაში, ეგვიპტეში, მცირე აზიაში და შემდეგ, მძივების ზოგიერთი ფორმა მცირე აზიიდან (ანატოლიიდან) მიგრირებული ხალხის წყალობით აღწევს საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონში (კიკლადებთან, ელადაში) [Higgins, 1980: 76]. მსოფლიოს უძველეს მძივებს შორის ვხვდებით სამ ძირითად ფორმას - სფერულს, ბიკონუსურსა და ცილინდრულს. ტექნოლოგიის მხრივ, გრანულაციას და ფილიგრანს. მათ კარგად ფლობდნენ მესოპოტამიაში, სირიასა და მცირე აზიაში. ეგვიპტესა და საბერძნეთში იგი ცოტა მოგვიანებით, ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგიდან ვრცელდება [Higgins, 1980: 20-21].

წინარეანტიკური ხანის ოქროს ნაწარმში სწორედ ძველი ტრადიციების ამსახველი იმპულსები შეინიშნება. ტექნოლოგიის მხრივ აქაც ვხვდებით გრანულაციიათ, ფილიგრანითა და ფურცვლოვანი ოქროსგან დამზადებული მძივების ძალზედ მრავალფეროვან სახეობას. ფორმითაც გვაქვს სფერული, ბიკონუსური და ცილინდრული.

მათში  გამოვყოფთ ორ ტიპს – ჭვირულ და მთლიან მძივებს. ჭვირულ მძივებში კიდევ ვასხვავებთ ორ სახეობას – მავთულოვანი ღეროებისგან  დამზადებულ ჭვირულ მძივებს და ჭვირული ეფექტის მქონე მძივებს. ასევე, მთლიან მძივებშიც გამოირჩევა განსხვავებული სახეობები და მასზე ქვემოთ მექნება საუბარი.

ყველაზე მრავალფეროვან ჯგუფს წარმოადგენს მავთულოვანი ღეროებისგან შედგენილი ჭვირული მძივები. დღევანდელი მონაცემებით, ისინი აღმოჩენილია  დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცაიშის N1  [პაპუაშვილი... 2015: 16. სურ. 7412.13]  და N2  [პაპუაშვილი... 2015: 20. სურ.857,8,9] სამარხ-ორმოებში,  ნოსირისა [გაგოშიძე, 1972: 12-18] და ფარცხანაყანევის [გაგოშიძე, 1972: 20-22]  განძებში. აღმოსავლეთ საქართველოში მათ ვხვდებით ნარეკვავის [ნარეკვავი, 1999: 110-112] სამაროვანზე, ცხინვალის განძში (გაგოშიძე, 1972: 22-25)  და ურბნისის მე-16 უბანზე [გაგოშიძე, 1972: 26-27], სამარხის ნაშთში. რაც შეეხება ქრონოლოგიას, ყველაზე ადრეული კომპლექსი, რომელშიც მსგავსი მძივებია აღმოჩენილი გახლავთ ცაიშის N2 სამარხი ორმო, რომელიც  ძვ. წ. I ათასწლეულის I მეოთხედით არის დათარითებული (პაპუაშვილი, 2010: 32-42). ცაიშის N2 სამარხი ორმო კი ძვ. წ. VIII ათასწლეულის მიწურილითა და VII ათასწლეულით თარიღდება [პაპუაშვილი... 2015: 9-10].

ნოსირისა და ფარცხანაყანევის მძივებს მკვლევარი ბ. კუფტინი, სარდიონის წითელი, სფერული მძივების საფუძველზე (ორივე განძში მსგავსი მძივებია აღმოჩენილი) ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით ათარიღებს [Куфтин, 1949: 169, 177]. ამავე პერიოდით არის განსაზღვრული  ცხინვალის განძიც, რომელიც ერთ ასეთ ჭვირულ მძივს შეიცავს. რაც შეეხება ნარეკვავის N41 სამარხს, იგი ძვ. წ. VII-V საუკუნეებით არის დათარიღებული [ნარეკვავი, 1999: 110-112], თუმცა, ვფიქრობ, აღნიშნული ნაწარმიც, უდავოდ, წინარეანტიკურ ხანის ოქრომჭედლობის კუთვნილება უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ შემდგომი პერიოდის ოქრომჭედლოობაში ამ სახის მძივებს არ ვხვდებით. ამ აზრს ამყარებს თვითონ ოქროს შეფერილობაც – შედარებით ღია ფერი, რაც წინარეანტიკური ხანის ოქრომჭედლობისთვისაა დამახასიათებელი და იშვიათად ვხვდებით კლასიკური პერიოდის ნიმუშებში.  რაც შეეხება ურბნისის ძეგლის თარიღს,  ლ. ჭილაშვილი აღნიშნულ ნაწარმს  აახლოებს ახალგორის განძთან და მათ თანადროულად მიიჩნევს, თუმცა ი. გაგოშიძე, საკინძისმაგვარი ნივთის სტილისტური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სრულიად სამართლიანად, მათ წინარეანტიკური ხანის ოქრომჭედლობას აკუთნებს და VII-VI საუკუნის ნაწარმად თვლის [გაგოშიძე, 1972: 27].

ამ ტიპის ჭვირულ მძივებში ვხვდებით როგორც სფერულ, ისე ცილინდრული ფორმის მძივებს. ერთ შემთხვევაში მძივი შედგება ცილინდრული ფორმის მიკალზე დარჩილული ოქროს მავთულებისგან. მათ ვხვდებით ცაიშის N2 და N1 სამარხ-ორმოებში, ნოსირში და ნარეკვავზე. ზოგ შემთხვევაში, მძივებს ცილინდრული მილაკი არ აქვს დატანილი და ორ რგოლზეა დარჩილული. ნარეკვავის ერთ-ერთ მძივზე სფერო დაგრეხილი მავთულებისგან არის შექმნილი და იგი ფილიგრანული ტექნიკის ძალიან დახვეწილი გამოვლინებაა. მირჩილვის კვალი იშვიათად თუა შესამჩნევი და სიმეტრიულობაც თითქმის იდეალურია (თუმცა ისეთი იდეალური არა, როგორც შემდეგ, კლასიკური ხანის ოქრომჭედლობაში გვხვდება). ბიკონუსური ფორმის მძივებს შუაში გასდევთ სარტყელი და დამზადებულნი არიან როგორც სადა, ისე დაგრეხილი და წნული მავთულებისგან. ასევე ოდნავ განსხვავებულ ფორმას წარმოადგენს მოღუნული მავთულებისგან შედგენილი სფერო, რომელთა მავთულები შუაში ერთმანეთზე, ბოლოებში კი ორ რგოლზეა დარჩილული, მათაც ვხვდებით ნოსირში და ნარეკვავში დანარჩენ ჭვირულ მძივებთან კომბინაციაში (იხ. ტაბულა). ამ ტიპის მძივებში შეიძლება გავაერთიანოთ ურბნისში აღმოჩენილი მძივიც, მხოლოდ მას ბოლოებში, მათულის ნაცვლად ოქროს ფირფიტისგან დამზადებული და შუაში გახვრეტილი ნახევარსფეროები აქვს დატანილი. სფეროებზე, წრეწირის გასწვრივ, მირჩილულია ორმაგი მავთულის 4-4 ნახევარწრე, რომლებიც ერთმანეთშია ჩასმული და ამგვარად შექმნილია სფერო. ასევე ოდნავ განსხვავებული ფორმისაა  ცხინვალში აღმოჩენილი ერთი მძივი, რომელიც წარმოადგენს ღერძის ბოლოებზე დარჩილული მავთულებიდან გამომავალ, ბორჯღალისებურად მოხრილ 12-12 მავთულს.

მსგავს ჭვირულ მძივებს პარალელები განსხვავებულ პერიოდსა და კულტურულ არეალშიც ეძებნებათ.  უადრესი პარალელი აღმოჩენილია ჯერ კიდევ ადრეელადური პერიოდის ერთ-ერთ ყელსაბამზე ტირეატისიდან, რომელიც ძვ. წ. XXII საუკუნით არის დათარიღებული [Higgins, 1980: Pl.1]. მიუხედავად ფორმის დიდი მსგავსებისა, საკმაოდ დიდი ქრონოლოგიური სიშორის გამო, მათი კავშირი კოლხურ მძივებთან, ალბათ, დაუშვებელია, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე მათი აქ ხსენება.  ეგვიპტეში მსგავს მძივებს ვხვდებით რამზეს II-ის შთამომავლის, დედოფალ ტაუსერტის სამკაულში (ძვ. წ. XII ს) [Lesko, 1966: 29-32]. საკმაო რაოდენობით გვხვდება ისინი სომხეთშიც: ძვ. წ. XII-IX საუკუნეებით დათარიღებულ მეწამორის N11 სამარხში [Khanzadyan, 2007: tab.LXVII]. ძვ. წ. IX-VIII საუკუნეებით დათარიღებულ ლორი-ბერდის N29 სამარხში [Khanzadyan, 2007: tab.LVII] და ძვ. წ. VII საუკუნის ლორი ბერდის  N62 [Khanzadyan 2007: tab.LXXVII], N56 [Khanzadyan, 2007: tab.LXXVIII], N63 [Khanzadyan, 2007: tab.LXXXIII] და N64-II [Khanzadyan, 2007: tab.LXXXVII] სამარხებში. შედარებით ადრეული პერიოდის ძეგლებზე, მეწამორის და ლორი ბერდის N29 სამარხებში, ისინი მცირე რაოდენობით (2-2 ცალი) დასტურდება. ამასთან, აქ აღმოჩენილი მძივები ფორმითაც უფრო არქაული ჩანს, ვიდრე ძვ. წ. VII საუკუნის სამარხებში აღმოჩენილი ნიმუშები. აქ ისინი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. ასევე  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ სამარხში (ლორი-ბერდის N56-II) სამარხი აღმოჩენილ მსგავსი ტიპის მძივებთან ერთად გამოვლენილია ამ პერიოდის კოლხური ოქრომჭედლობისთვის დამახასიათებელი სხვა სახის ნივთებიც - სამკუთხა საკიდები, საკინძისმაგვარი ნივთი და სხივანა საყურე.

ფორმის თვალსაზრისით, მეორე ტიპის ჭვირულ მძივს შეიძლება დავუკავშიროთ კვირაცხოველში აღმოჩენილი ძვ. წ.  XIV-XIII საუკუნეებით დათარიღებული საკინძის თავები [Гамбашидзе, 1985: 31-36]. კოლხეთში, შემდგომი პერიოდის ოქრომჭედლობაში, როგორც აღვნიშნე, მსგავსი ფორმის მძივებს აღარ ვხვდებით, თუმცა, ეს ჭვირული ფორმები არსებობას განაგრძობს ე. წ. ჭვირულბურთულებიან საყურეებზე. ამგვარი საყურეები აღმოჩენილია ვანის N9, 11 და N22 (Kacharava... 2009: 261; Kacharava... 2008:84] სამარხებში, ფიჭვნარის N1 და N5 სამარხებში [მახარაძე... 2007: 32-33, 50-56], ითხვისის N3 სამარხში [გაგოშიძე... 2006: 46-48] და ფიჭვნარის ბერძნულ ნეკროპოლისზე [კახიძე... 2014:91-92, სურ.54]. ორივეგან ისინი ძ. წ. V საუკუნის დასასრულითა და ძვ. წ. IV საუკუნით არიან დათარიღებულნი.

ამრიგად, როგორც ვნახეთ, ამგვარ მძივებს უადრესი და შორეული პარალელები ჯერ კიდევ ძვ. წ. XXII საუკუნის ადრეელადურ ეპოქაში ეძებნებათ, თუმცა მათი კავშირი კოლხურ მძივებთან, ვფიქრობ, გამოსარიცხია. საინტერესოა ასევე ფაქტიც, რომ მსგავს სახეობას არ ვხვდებით წინარეანტიკური ხანის კოლხეთის თანადროულ სხვა მოწინავე საოქრომჭედლო ცენტრებში – საბერძნეთი,  ეტრურია და სხვა.

კოლხეთსა და სომხეთში აღმოჩენილი მძივები ქრონოლოგიურად ძალიან ახლოს დგანან ეგვიპტის კარგად დათარიღებულ ყელსაბამთან, ამიტომ სრულიად დასაშვებად მიმაჩნია, რომ ეგვიპტეში, სომხეთსა და საქართველოში აღმოჩენილი თითქმის ანალოგიური სახის ნივთები თანადროული იყოს და მათი გავრცელების ზოგად თარიღად გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა მივიჩნიოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ყველაზე მრავალფეროვნად და მრავალრიცხოვნად საქართველოს ძეგლებზეა წარმოდგენილი, შესაძლოა ვივარაუდოთ მათი ადგილობრივი წარმომავლობაც, სომხეთში გავრცელებული ნიმუშები კი კოლხური კულტურის სომხეთში ინფილტრაციის შეგედი უნდა იყოს და ეს არა მხოლოდ ორქომჭედლობაში, არამედ სხვა ტიპის ნაწარმითა და ფაქტებითაც დასტურდება [პაპუაშვილი 2003: 63-65].  კლასიკური პერიოდიდან, ამგვარ მძივებს არ ვხვდებით არც კოლხურ და არც სომხურ ოქრომჭედლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეპოქაში იწარმოება უამრავი, სხვადასხვა ფორმის მძივი, ამიტომ, ამგვარი მძივები თამამად შეიძლება მივიჩნიოთ წინარეანტიკური ხანის კოლხური ოქრომჭედლობისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ დეტალად. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის მძივებს, ჭვირული მოტივის თვალსაზრისით, ადრეული პროტორიპები გვიანბრინჯაოს ხანის ჭვირულთავიან საკინძებში (კვირაცხოველიდან), ხოლო შემდეგ – ვანის, საირხის, ითხვისისა და ფიჭვნარის ჭვირულბურთულიან საყურეეშში ეძებნებათ, მართებული იქნება, ვთქვა, რომ მათ გენეტიკური კავშირი აქვთ როგორც წინამორბედ, ისე, შემდეგი პერიოდის სამკაულთან.

 

ჭვირული მძივების მეორე ჯგუფს წარმოადგენს ფარცხანაყანევსა და ცხინვალში აღმოჩენილი ნიმუშები, რომლებზეც ჭვირულობა სულ სხვა ტექნოლოგიური ხერხით არის მიღებული. ფარცხანაყანევის განძში ასეთი მძივები აღმოჩენილია  ერთი ცალი, ხოლო ცხინვალის განძში – ხუთი. გაფორმების მხრივ – ცვარათი გამოყვანილი გეომეტრიული სახეები – ძალიან ახლოს დგას როგორც  თანადროული კოლხური ოქრომჭედლობის სხვა ნიმუშებთან, ისე თანადროული სხვა კულტურის ოქრომჭედლობის დეკორთან (ეტრურია, ფინიკია და საბერძნეთი და სხვ.).

ფარცხანაყანევის მძივი დამზადებულია მკრთალი ოქროს თხელი ფირფიტის ნახევარსფეროებისგან (იხ. ტაბულა), რომელიც შუაში, სარტყლის გასწვრივ, ერთმანეთზეა მირჩილული. მძივს დაყოლებული აქვს თეთრი ოქროს ფურცელშემოვლებული სპილენძის ან ტყვიის მილი, რომლის ბოლოებზეც შემორტყმულია ოქროს მავთულის რგოლები. ამ ამობურცულ რგოლებს გარედან, ძირში, მჭიდროდ ერტყმის წვრილი მავთული. მისგან 8 მმ-ის დაშორებით, მძივის ზედაპირზე, დარჩილულია ასეთივე წვრილი მავთულის რგოლი, რომელთა შორის არეში ჩასმულია გავარსით შესრულებული 9-9 სამკუთხედი, ფუძეებით გარეთა მავთულზე და წვერით ბოლოსკენ მიმართული. წვეროები  შიდა რგოლს ისე ებჯინებიან, რომ მის გარშემო იქმნება გავარსით შესრულებული ცხრასხივიანი ვარსკვლავი. მძივის მთელი ზედაპირი გავარსის მჭიდრო რომბულუჯრედოვანი ბადითაა დაფარული. რომელთა შორის  არე ჩაჩხვლეტილია  ოთხწახნაგაგანივკვეთიანი იარაღით და ამგვარად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მძივი მხოლოდ გავარსის ბურთულებისგანაა აგებული ფირფიტოვანი საფუძვლის გარეშე. იგი ჭვირული ხელობის სრულ შთაბეჭდილებას ახდენს [გაგოშიძე, 1972: 21].

როგორც აღვნიშნე, ზუსტად ასეთივე ტექნიკით დამზადებული ხუთი მძივია აღმოჩენილი ცხინვალის განძში [გაგოშიძე, 1972: 22-25], რომელთაგან სამი თითქმის ანალოგიურია  ფარცხანაყანევის მძივისა, ოღონდ აქ გავარსის ბადე, რომლითაც მძივის ზედაპირია დაფარული, უფრო დიდია. მეოთხე მძივიც თითქმის ისეთივეა, ოღონდ ინტერვალი  გავარსის რიგებს შორის აქ კიდევ უფრო გაზრდილია და ბადის ყოველი უჯრედი დამატებით გადაღობილია სამ-სამი მარცვლით ორ მართკუთხედად. ტიხარი მონაცვლეობით ხან მარცხნივაა დახრილი, ხან მარჯვნივ. ორნამენტი საბოლოოდ დიდ რომბებში ჩასმულ სვასტიკების სახეს იღებს. ყოველი უჯრედი აქაც ჩაჩხვლეტილია. ბოლოებში აქაც ვარსკვლავია გამოსახული, რომელიც ერთ მხარეს რვა სხივისგან შედგება, მეორე მხარეს კი ოსტატს ისეთივე ვარსკვლავის გამოსახვა უცდია, მაგრამ შედეგად მიუღია შვიდსხივიანი დეფორმირებული ვარსკვლავი.  მეხუთე მძივიც  ცოტა განსხვავებულია, თუმცა დამზადების ტექნიკა აქაც იგივეა. ისინი დამზადებულია ორი ნახევარსფეროსგან, რომლებსაც დაყოლებული აქვთ ღერძი, მათ ბოლოებზე მავთულის რგოლებია დარჩილული. მძივის ზედაპირზე შვიდ პარალელურ რიგად,  ერთმანეთისგან დაშორებით, დარჩილულია მსხვილი ბურთულები, რომელთა 3/4 -ს სფეროს ფორმა აქვს.

ფარცხანაყანევისა და ცხინვალის მძივებს ზუსტი ანალოგი არ აქვს, მაგრამ ფორმის მხრივ, ისინი ძალიან ახლოს დგანან ყაზბეგის ცვარათი შემკულ, სფერულბურთულიან საყურეებთან [ლორთქიფანიძე, 2015: 193, 206-207] რომლებიც, ოქროს შეფერილობიდან გამომდინარე, შესაძლოა ქრონოლოგიურად ძალიან ახლოსაც იყოს ფარცხანაყანევისა და ცხინვალის საყურეებთან. ერთი ცალი მსგავსი მძივი აღმოჩენილია საირხის ძვ. წ. V საუკუნით დათარიღებულ N1 სამარხში [მახარაძე... 2007:ტაბ.1]. დეკორის მხრივ, ისინი ძალიან ახლოს დგანან ამავე პერიოდის კოლხური ოქრომჭედლობის სხვა ნიმუშებთანაც. მძივების ცვარათი გაფორმების ტრადიცია არ არის უცხო არც წინარე (თრიალეთურ) და არც მომდევნო ეპოქის ოქრომჭედლობისთვის. ოქროს მავთულითა და გრანულაციით შემკულ მძივს ვხვდებით ძვ. წ. XV საუკუნის მიკენურ ოქრომჭედლობაშიც.   რაც შეეხება თვითონ ცვარათი გამოყვანილ გეომეტრულ სახეებს, ისინი აქტუალურია მათ თანადროულ  ეტრუსკულ, ფინიკიურ, იონურ და ურარტულ ოქრომჭედლობაში. მსგავსი მძივები, შემდეგ, აქტუალობას იძენს სარმატული პერიოდის ოქროს ნაწარმშიც.

ამრიგად, როგორც ვნახეთ, ჭვირული ეფექტის მქონე მძივები, უდავოდ წინარეანტიკური ხანის კოლხური ოქრომჭედლობისთვის სახასიათო სტილით არის შექმნილი, რომელშიც ასახულია თანადროული პერიოდის დასავლურ სამყაროში გავრცელებული ტენდენციები – გეომეტრიულობა და ცვარა.

მთლიანი მძივების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ცვარათი შემკული ცილინდრული ფორმის მძივები. მათში ვხვდებით როგორც ცვარას ბურთულებისგან შედგენილ, ისე ოქროს ფირფიტისგან დამზადებულ, ცვარას ბურთულებით ნაწილობრივ გაფორმებულ ნიმუშებს.

ცვარას ბურთულებით შეგდენილი ცხრა და ცვარათი ნაწილობრივ გაფორმებული ათი მძივია აღმოჩენილი ერგეტის I სამაროვნის N5  სამარხ ორმოში,  რომელიც ძვ. წ. VIII საუკუნის II ნახევრით და VII საუკუნის დასაწყისით არის დათარიღებული [Микеладзе... 1985: 37-40]. ერთი ცალი მსგავსი მძივია აღმოჩენილი ამავე პერიოდით დათარიღებულ ურეკის N3 სამარხ-ორმოში [მიქელაძე, 1985:9-10].

ასეთი მძივები შემდეგი პერიოდის კოლხურ ოქრომჭედლობაშიც განაგრძობს არსებობას.  ცვარათი შედგენილ ცილინდრული ფორმის სამ მძივს ვხვდებით საირხის ძვ. წ. V საუკუნის N1 სამარხში. განსხვავებით ადრეანტიკური ხანის მძივებისგან, საირხის მძივი  შედგენილია გაცილებით უფრო წვრილი და დახვეწილი გრანულებისგან.

ცილინდრული ფორმა მძივების ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. მათ ვხვდებით მესოპოტამიაში, სირიასა და ეგვიპტეში, სადაც ამგვარ მძივებს  ზოგჯერ „მუმიების მძივებსაც’’ უწოდებენ.  ძვ. წ. XV საუკუნის შემდეგ ისინი მოდაში შემოდის მიკენურ ოქრომჭედლობაში (ანაცვლებს სფერულსა და ბიკონუსურ ფორმას) და გავრცელებულია ძვ. წ. XI საუკუნემდე. აქ აღმოჩენილია როგორც ცვარათი ნაწილობრივ გაფორმებული, ისე ცვარათი შედგენილი, ცილინდრული ფორმის მძივები (მიკენის N103 სამარხი, ვაფეო, ტოლოსაზე, დანდრაში) [Higgins, 1080: 76].

მსგავსი მძივები ასევე უხვად არის  სომხეთში, ჯერ კიდევ ძვ. წ. XV-XIV სს-ით დათარიღებულ ძეგლზე ვანაძორში, ძვ. წ.  XV-XIV სს-ით დათარიღებულ ლჭაშენის N2 და N10 ყორღანებში, მეწამორის ძვ. წ. XII საუკუნის დასასრულითა და IX საუკუნით დათარიღებულ N8 და N11 სამარხებში,  და ლორი-ბერდის ძვ. წ.  IX-VIII საუკუნეებით დათარიღებულ N45 სამარხში [Khanzadyan, 2007].

ისინი ფართოდაა გავრცელებული  ძვ. წ. VII-V საუკუნეების ფინიკიურ ოქრომჭედლობაშიც [Marshal, 1911:144, pl. 23] და ფინიკიელების კოლონიაზე კართაგენში [Quillard, 1979:1-3, pl.1]. ასევე ძვ. წ. VI საუკუნით დათარიღებულ ძეგლზე სარდისში [Özgen, 1966:187] და ძვ. წ. IV საუკუნის ბერძნულ დასახლებაზე პანტიკაპეიონში, ძვ. წ. V-VI საუკუნის სარმატულ ოქრომჭედლობაში, აქვე უნდ აღვნიშნოთ, რომ პანტიკაპეიონის და მსგავსი ტიპის კლასიკური ხანის მძივები, ისევე როგორც საქართველოში, სხვაგანაც გაცილებით წვრილი გრანულებისგან არის დამზადებული.  ფორმით მსგავსი მძივები,  შემდეგ, რომაულ ოქრომჭედლობაშიც არ კარგავენ პოპულარობას.

როგორც ვხედავთ, მათი ქრონოლოგია საკმაოდ დიდ დიაპაზონს მოიცავს. მიკენური სამყაროს შემდეგ, მათ დიდი რაოდენობით ვხვდებით სომხეთის გვიაბრინჯაოს (ვანაძორი, ლჭაშენი) და ადრერკინის ხანით დათარიღებულ ძეგლებზე. ლიდიაში მსგავსი მძივები ძვ. წ. VII საუკუნემდე არის გავრცელებული.  საინტერესოა ის ფაქტი, რომ მეწამორში აღმოჩენილი გვიანბრინჯაოს ხანის სამარხებში ასევე ვხვდებით ე. წ. ნალისებრი ფორმის საკიდს, რომელიც საქართველოში აღმოჩენილია გვიანბრინჯაოს ხანით დათარიღებულ, ბერიკლდეების სამარხში. გამომდინარე სომხეთისა და კოლხური ოქრომჭედლობის მსგავსებისა, შესაძლოა ერგეტაში აღმოჩენილი მძივებიც მათი თანადროული იყოს  და ზოგი მათგანი გვიანბრნჯაოს ხანითაც  თარიღდებოდეს.

ამ ტიპის ის მძივები, რომლებიც VI  საუკუნის მერე გვხვდება, გამოირჩევა უფრო დახვეწილი და პატარა ფორმებით – ისინი უფრო პატარა ზომის გავარსის ბურთულებისგან არის დამზადებული და უმეტესწილად აქვთ უფრო  ბიკონუსური ან მომრგვალებული  ფორმა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამგვარ ცილინდრული ფორმის ცვარათი შემკულ მძივებს შესაძლოა მოვამსგავსოთ ამავე და შემდეგ პერიოდში გავრცელებული პასტის ყვითელი კოპებით შემკული მძივები. შესაძლოა, ისინი ამ მძივების მიბაძვითაც მზადდებოდა. ზოგადად კი, ძვირფასი ლითონის მძივების ფორმათა გამეორება, მინისა თუ სხვადასხვა ნახევრადძვირფასი ქვებისგან დამზადებულ ნაწარმში უძველესი დროიდანვეა ცნობილი.

ამრიგად, როგორც ჩანს, ერგეტა I N5 სამარხსა და ურეკის N3 სამარხ-ორმოში მოპოვებული ცილინდრული მძივები ქრონოლოგიურად ძვ. წ. VII საუკუნეს არ უნდა სცდებოდეს და, თუ გავითვალისწინებთ მსგავსი მძივების გავრცელების ტენდენციას, იგი შესაძლოა გაცილებით უფრო ადრე, გვიანბრინჯაოს ხანაშიც მზადდებოდა.

მთლიანი მძივების კიდევ ერთ სახეობას  წარმოადგენს კოპებით შემკული  სფერული ან ბიკონუსური ფორმის მძივები, რომელთაგან 4 ცალია აღმოჩენილი ერგეტის II სამაროვნის N4 სამარხ ორმოში, ხოლო ერთი ერგეტის III სამაროვნის N2 სამარხ-ორმოში.  აღმოსავლეთ საქართველოში, მათ ვხვდებით დიღომში. ისევე როგორც ამ პერიოდის ოქროს სხვა კატეგორიის  ნივთები, ისინი მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი ლორი-ბერდის სამაროვანზეც. ერთი ამგვარი ბრინჯაოს კოპებიანი მძივი აღმოჩენილია ყობანშიც. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ისინი  ზოგიერთი სახის  თვალად მძივებსაც მივამსგავსოთ.

კიდევ ერთ სახეობას წარმოადგენს ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად დაღარული სფერული და ბიკონუსური ფორმის მძივები. ისინი აღმოჩენილია ცაიშის N2 სამარხ-ორმოში. იგი სამკაულის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. მათ ვხვდებით ჯერ კიდევ ძვ. წ. XV-XVII საუკუნეების მესოპოტამიურ ოქრომჭედლობაში (ურის მდიდრულ სამარხებში). ისინი აქტუალურია ბერძნულ სამყაროში ძვ. წ. XV საუკუნემდე (თუმცა თითქმის ყველა პერიოდის ოქრომჭედლობაში ვხვდებით მეტნაკლები სიხშირით). ძვ. წ.  IX-VII საუკუნეებში გავრცელებულია აღმოსავლეთ საბერძნეთის ტერიტორიაზე, ლიდიასა და ფინიკიაში. ასევე აღსანიშნავია მსგავსი ფორმების გამეორება სხვადასხა ნახევრადძვირფასი ქვებით დამზადებულ მძივებში როგორც საქართველოში, ისე – მის საზღვარს გარეთ.

 საქართველოს ტერიტორიაზეც მათ ვხვდებით როგორც წინარე, ისე შემდგომი პერიოდის (ალგეთის, ვანისა და საირხის მდიდრულ სამარხებში) ოქომჭედლობაში. როგორც აღვნიშნე, ისინი ასევე მრავლადაა აღმოჩენილი სომხეთშიც.

ამრიგად, ვფიქრობ, ასეთი ფორმის მძივები აღმოსავლური სამყაროდან შემოსული ფორმაა რომელიც, ალბათ, დღემდე აქტუალურად გამოიყენება.

მძივების კიდევ ერთ ჯგუფს წარმოადგენს ოქროს ფოლგისგან დამზადებული მძივები, რომლებიც  რაღაც მასით იყვნენ ამოვსებულნი (ან გადაკრული იყო რაღაც მასაზე).

ოქროს ფოლგის გარსაკრავები გავრცელებულია  წინარე პერიოდის, თრიალეთურ ოქრომჭედლობაშიც. ამგვარ მძივებს, რამდენიმე ერთეულის სახით ვხვდებით თლიას ადრერკინის ხანის სამარხებში, სადაც ისინი პასტაზეა გადაკრული. დამზადების ეს ტექნიკა შემდგომი პერიოდის ოქრომჭედლობაშიც განაგრძობს არსებობას (აქაც ძირითადად მძივის შიგთავსად პასტაა გამოყენებული.  

საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამგვარ ოქროს ფოლგით დაფარულ, სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ მძივებს ვხვდებით ძვ. წ. XXX-XX საუკუნეებში, კრეტაზე, სადაც ისინი გადაკრულია ქალცედონის ან ფაიანსის შიგთავსებზე. ისინი გავრცელებულია მიკენის ძვ. წ. XV-XI საუკუნის სამარხებში. გვაქვს ერთი ოქროს ფოლგით გადაკრული კალის მძივი საბერძნეთშიც.  თუმცა, თვითონ ოქროს ფურცლით ნივთის დაფარვა  ალბათ უფრო სირიიდან გავრცელებული ტრადიციაა, რადგან პირველად აქ ვხვდებით მსგავს ტექნიკას.

ამრიგად, როგორც ვნახეთ, წინარეანტიკური ხანის კოლხური ოქრომჭედლობა მოიცავს საკმაოდ მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან მძივს, რომლებშიც მეტნაკლებად კარგად არის ასახული აღმოსავლური თუ დასავლური კულტურის ტენდენციების შერწყმა ადგილობრივ ტრადიციებთან და ამავდროულად, საკუთარი, ინდივიდუალური სტილიც. მიუხედავად იმისა, რომ იგი საგრძნობლად განსხვავდება წინარე და მომდევნო კულტურის ოქრომჭედლობისგან, მაინც შეიძლება მათში გარკვეული გენეტიკური  კავშირის დაჭერა როგორც ტექნოლოგიის, ისე ფორმების მხრივ.

ასევე აღსანიშნავია, რომ წინარეანტიკური ხანის კოლხურ ოქრომჭედლობის ერთ-ერთ სახასიათო დეტალად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ბევრი ნივთი დაბალი სინჯის ოქროსგან არის დამზადებული. ამგვარი ტენდენცია შეინიშნება თანადროულ კულტურებშიც – ბერძნული და ლიდიური ოქრომჭედლობის განხილვისას ავტორები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ ძვ. წ. VI  საუკუნემდე ვხვდებით უფრო ღია შეფერილობის (ლიმონისფერ) ოქროს, რაც მიუთითებს, რომ მათი შემადგენლობა 75%-ზე მაღალი არ უნდა იყოს. ძვ. წ. VI-V საუკუნეების შემდეგ კი სიტუაცია რადიკალურად იცვლება. როგორც ცნობილია, ოქრო ბუნებაში სუფთა სახით არ მოიპოვება. მათ ვხვდებით კვარცის ვენებში ვერცხლის, სპილენძისა თუ სხვა ლითონის მინარევთან ერთად (უმეტესად ვერცხლთან). რაც შეეხება მდინარეულად მოპოვებულ (ალუვიურ) ოქროს, იგი ქანურისგან შედარებით უფრო გაწმენდილი სახით გვხვდება, რადგან დროთა განმავლობაში მისი მინარევები ოქსიდირდება და რჩება შედარებით სუფთა სახის ოქრო. ძვ. წ. VI საუკუნიდან აქტიურად შემოდის ოქროს რაფინირების ტექნიკა (მას შემდეგ რაც ყალიბდება  სამონეტო მიმოქცევა). ამ პერიოდიდან ვხვდებით უფრო ნატიფ და რთული ორნამენტული სახეებით გამოყვანილ ფორმებს (გრანულები, ოქროს ფურცელი, ფილიგრანი), რისი მიღებაც გაცილებით უფრო ადვილია რაფინირებულ, მაღალი სინჯის ოქროზე. წინარეანტიკური ხანის კოლხური ოქრომჭედლობის  უმეტესობა სწორედ ასეთი, ღია შეფერილობის ოქროთი არის დამზადებული, თუმცა, ვხვდებით შედარებით მაღალი სინჯის ოქროს ნივთებსაც, რაც შესაძლოა ალუვიურად მოპოვებული ოქროსგან იყოს დამზადებული. ზოგი  მათგანის შემადგენლობა სპექტრული ანალიზის შედეგადაც არის დადგენილი, თუმცა მათი უმეტესობა ჯერ კიდევ შესასწავლია, რაც შემდეგ უფრო ნათელ სურათს მოგვცემს მათი შესწავლისთვის. რაც შეეხება კლასიკური ხანის ოქრომჭედლობას, ძვ. წ. VI საუკუნიდან ოქროს დამუშავების და რაფინირების ტექნიკა იმდენად მაღალ დონეზე იყო, რომ კოლხი ოქრომჭედელი სხვადასხვა შეფერილობის ოქროს გამოყენებით ნივთებს გარკვეულ ფერადოვან ეფექტსაც კი უქმნიდა.

ლიტერატურა

Marshall F.
1911
Catalogue of the Jewellery - Greek, Etruscan and Roman. London.
პაპუაშვილი რ.
2010
კოლხურ სამაროვანთა აბსოლუტური ქრონოლოგიისათვის, არქეოლოგიური ჟურნალი V.
Kacharava D., Kvirkvelia G.
2008
Wine, Worship, and Secrifice: the Golden Graves of Ancient Vani.
Kacharava D., Kvirkvelia G.
2009
Ancient Civilizations from Scythia to Siberia 14.
Quillard B.
1979
Bijoux Carthaginois. I. Les Colliers. Institut Supérieur d'Archéologie et d'Histoire de l'Art.
გაგოშიძე ი., გოგიბერიძე ნ., მახარაძე გ.
2006
ითხვისის სამაროვანი, არქეოლოგიური ჟურნალი IV, თბილისი.
Higgins R.
1980
Greek and Roman Jewellery, Berkeley and Los Angeles.
კახიძე ა., ვიკერსი მ.
2014
ფიჭვნარი VI - კოლხები და ბერძნები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობის შედეგები (2003-2007 წწ.), ბათუმი-ოქსფორდი.
Lesko L. H.
1966
A Little More Evidence for the End of the Nineteenth Dynasty. Journal of the American Research Center in Egypt. Vol. 5.
მიქელაძე თ.
1985
კოლხეთის ადრერკინის ხანის სამაროვნები, კაეშ, II, თბილისი.
Journal. V.
2003
The Export of Colchian Bronze. Researches. N 12. Tbilisi.
Куфтин Б.А.
1949
Матеряли к археологии Колхиды. I. Тб.
Javakhishvili A., Abramishvili G.
1986
Jewellery and Metalwork in the Museums of Georgia. Leningrad.
გაგოშიძე ი.
1976
მასალები ქართული ოქრომჭედლობის ისტორიისთვის (ჩვენს წელთაღრიცხვალმე I ათასწლეულის I ნახევარი), საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XXXII –B მეცნიერება, თბილისი.
Khanzadyan E.
2007
The Gold of Ancient Armenia (III mill. BCE–14 cent. AD). Yerevan.
ლორთქიფანიძე ნ.
2015
ძველი ქართული სამკაული. თბილისი.
აფაქიძე ა.
1999
1999 ნარეკვავი I (მცხეთა, 1998 ) საქ. მეცნიერებათა აკადემია. თბილისი.
მახარაძე გ., წერეთელი მ.
2007
საირხე, თბილისი.
პაპუაშვილი რ., ესებუა თ., ჯიქია ლ., პაპუაშვილი ი.
2015
ცაიშის სამაროვანი, თბილისი, ზუგდიდი.
პაპუაშვილი რ.
2010
კოლხურ სამაროვანთა აბსოლუტური ქრონოლოგიისათვის, არქეოლოგიური ჟურნალი V.
პაპუაშვილი რ.
2003
კოლხური ბრინჯაოს ექსპორტი, ძიებანი N12 , თბილისი.
Гамбашидзе О. С.
1985
Отчет о работе Месхет-Джавахетской экспедиции в 1982. - ПАИ, 1982, сс.31-36.
Микеладзе Т. К., Мигдисова Н. П., Папуашвили Р. И.
1985
Исследования Колхидской Археологической експедиции, ПАИ в 1982 Году.
Leonard H. Lesko
1966
A Little More Evidence for the End of the Nineteenth Dynasty, Journal of the American Research Center in Egypt, Vol. 5.
Özgen I.
1966
The Lydian Treasure, Istanbul.