გვიანანტიკური ხანის სამარხი გუდაბერტყადან
გუდაბერტყას არქეოლოგიური ველი მდებარეობს ქ. გორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 7კმ-ის მოშორებით, მდინარე ტორტლას მარცხენა ნაპირას, სოფლებს სვენეთსა და ახალშენს შორის.
გუდაბერტყას არქეოლოგიურ ველზე ადრებრინჯაოს და გვიანბრინჯაო-ადრერკინის პერიოდის ნამოსახლარებთან ერთად მიკვლეულია გვიანანტიკური პერიოდის სამარხებიც, რომელთა გამოვლენა XXს-ის სამოციან და სამოცდაათიან წლებში მოხდა, თუმცა სამარხები გამოუქვეყნებელი დარჩა.
გვიანანტიკური ხანის სამარხებიდან ყურადღებას იქცევს მრავალფეროვანი ინვენტარის შემცველი ორმოსამარხი, რომელშიც დაკრძალული იყო ერთი მიცვალებული. იწვა თავით დასავლეთით, მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი.
სამარხში აღმოჩნდა: თიხისგან დამზადებული ირმის ქანდაკება (ტაბ. 3); თიხის დოქი (ტაბ. 2); ბრინჯაოსგან დამზადებული მრგვალი სარკის ფრაგმენტი –ორნამენტირებულია: ნაპირებზე ურთიერთგადამკვეთი, ნახევარრკალისებრი პარალელურხაზოვანი არშია შემოსდევს (ტაბ.1.,სურ.3); ბრინჯაოსგან დამზადებული მინიატურული ქანდაკება ჯიხვის გამოსახულებით, საკიდრგოლიანი და მთლიანად სხმულია. მას რქები უკან აქვს გადაქნილი. სახე სტილიზებულია. ქანდაკება დგას ოთხ რგოლზე. ფიგურის სიგრძე 4,5 სმ, ხოლო სიმაღლე – 2,4 სმ-ია (ტაბ.1., სურ.1); ბრინჯაოს ზარაკი – მინიატურული, კონუსური ფორმის, დაფანჯრული. ზარაკის ყუნწი მრგვალი მოყვანილობისაა. მისი სიმაღლე 2 სმ-ია, პირის დიამეტრი – 1,2სმ (ტაბ.1., სურ.2); ბეჭედი-ელექტრუმის სარდიონისთვლიანი; ღილი მინის, დისკოსებრი; სარდიონისა და გიშრის მძივები (ტაბ.1., სურ.4).[1][2]
სამარხში აღმოჩენილი ინვენტარიდან ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თიხისგან დამზადებული ირმის ქანდაკება (სასმისი) – გამომწვარია მოწითალო-მოვარდისფროდ, ახასიათებს მოგრძო, ცილინდრული ფორმის ტანი, რომლის ბოლო ბრტყელია. ქანდაკება შიგნიდან ღრუა. ფიგურის ზურგზე დატანილია სითხის სასხმელი პირი (პირგადაშლილი და თხელკედლიანია), რომელიც ქანდაკების კორპუსისგან გამოყოფილია დაბალი, შეზნექილი ყელით. მცირე, ბრტყელგანივკვეთიანი ყური დაძერწილია სითხის სასხმელი პირის კიდესა და კორპუსის ბოლოზე. ყურის ზედა ნაწილზე დაძერწილია მცირე კოპი. ყურის ბოლოს, კორპუსზე მიერთების ადგილას გვხვდება მცირე მორჩისებური შვერილი, რომელიც კუდის იმიტაციას ქმნის. ქანდაკების კორპუსი დგას ოთხ მცირე შვერილზე, რომლებიც ირმის ფეხებს გამოხატავს. ფიგურის თავზე, თვალების ადგილას დაძერწილია ორი ბრტყელი კოპი, ხოლო მათ ზემოთ დასმული მცირე ზომის შვერილები ირმის ყურებს უნდა გამოხატავდეს. თავი ბოლოვდება ორი დატოტვილი რქით. სტილიზებულად გადმოცემულია ცხვირი და პირი. ფიგურის ღრუ კორპუსი შიგნიდან პირთან არის დაკავშირებული ძალიან ვიწრო სითხის სადინარით. როგორც ჩანს, მასში ჩასხმული სითხე წვეთ-წვეთობით გადმოდიოდა ჭურჭლის პირიდან.
ფიგურა ჩარხზეა ნაკეთები, როგორც ზედაპირზე, ასევე მის შიდა პირზეც შეიმჩნევა ჩარხის კვალი. ოდნავ ასიმეტრიულია. დამზადებულია კარგად განლექილი და გამომწვარი თიხისგან. ზომები: სიგრძე – 25,5 სმ; სიმაღლე –16,2 სმ; მუცლის უდიდესი დიამეტრი – 10,7 სმ; ძირის დიამეტრი – 8 სმ; ზურგზე დატანილი სითხის სასხმელი პირის დიამეტრი – 6,3 სმ-ია.ფიგურის უკანა ფეხების სიმაღლე 3 სმ, ხოლო წინა ფეხების სიმაღლე – 3,9 სმ-ია (ტაბ. 3)[3].
სამარხში დადასტურდა მოწითალოდ გამომწვარი თიხის დოქი, რომლის ზედაპირი წითელი წერნაქით არის შეღებილი და ნაპრიალებია. ახასიათებს მრგვალი, გადაშლილი პირი, მაღალი ცილინდრული ყელი, ოვალისებური ფორმის მაღალი კორპუსი, ბრტყელი ძირი. ოვალურგანივკვეთიანი ყური მიძერწილია პირზე და მხარზე.
ყურის პირთან მიერთების ადგილზე დაძერწილია მცირე მორჩისებური შვერილი. ყელს წიბო შემოუყვება. დამზადებულია კარგად განლექილი და გამომწვარი თიხისგან. ზომები: სიმაღლე – 22 სმ, მუცლის დიამეტრი – 12 სმ, ძირის დიამეტრი – 7 სმ (ტაბ. 2).
სამარხს კარგად ათარიღებს ზემოთ აღწერილი ყელწიბოიანი დოქი, რომლის დამახასიათებელი მორფოლოგიური ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოში ახ.წ. III საუკუნის მეორე ნახევრიდან ან ბოლოდან ყალიბდება:
თუ ახ.წ. I ს-დან III ს-ის პირველი ნახევრის ჩათვლით ყელწიბოიანი დოქებისათვის დამახასიათებელია დაბალი პროპორციები (ფართო ძირი და ფართო მუცელი, დაბალი ყელი), ახ.წ. III ს-ის მეორე ნახევრიდან ყელწიბოიანი დოქების ფორმა ძირეულ ცვლილებას განიცდის და ბატონდება მაღალი პროპორციები: დოქის ყელი და კორპუსი შესამჩნევად მაღლდება, ამასთან. მხოლოდ III ს-ის ბოლოდან შეინიშნება ყურის თავის წიბოს ზემოთ – პირზე მიძერწვის ტენდენციის გაჩენა, მაშინ, როცა ახ. წ. I-III სს. ყელწიბოიან ხელადებს ყურის ზედა ნაწილი ყოველთვის ყელზე, ზუსტად წიბოზე აქვთ მიძერწილი [მირიანაშვილი, 1983:49].
გუდაბერტყას სამარხში აღმოჩენილ დოქს ანალოგები მოეპოვება აღმოსავლეთ საქართველოს ახ.წ. III ს-ის ბოლო – IVს-ის დასაწყისით დათარიღებულ მრავალ სამაროვანზე: ზღუდერის სამაროვანზე (ძამას ხეობა [ნემსაძე, 1991:125]; ახალი ჟინვალის სამაროვანზე [რამიშვილი, 1983:104;114]; არაგვისპირის სამაროვანზე [რობაქიძე, 1982:86]; ურბნისის სამაროვანზე [ჭილაშვილი 1964: 60-83]; ამავე პერიოდით დათარიღდა გრაკლიან გორაზე №2 სამარხში აღმოჩენილი მსგავსი მორფოლოგიური ნიშნების მქონე დოქი [კვირკველია... 2011:53];
III ს-ის მეორე ნახევრიდან თუ ბოლოდან ჩამოყალიბებული დოქების ეს ჯგუფი მთლიანად ცვლის I-III სს-ში არსებულ შედარებით დაბალი პროპორციების მქონე დოქებსა და ხელადებს და უკვე III-IV სს. მიჯნაზე აღმოსავლეთ საქართველოში მთლიანად ბატონდება დოქების მაღალი პროპორციები. სწორედ გვიანანტიკური პერიოდის ბოლო ეტაპზე ჩამოყალიბებული ამგვარი დოქების ჯგუფს განეკუთვნება გუდაბერტყას სამარხში აღმოჩენილი დოქიც.
მნიშვნელოვანია სამარხში აღმოჩენილი ბრინჯაოს ჯიხვის ფიგურა (ტაბ.1., სურ.1). ირემთან ერთად კავკასიასა და სხვა მრავალ ქვეყანაში ფართოდ იყო გავრცელებული ჯიხვის კულტი, რის გამოც არქეოლოგიურ მონაპოვარში მრავლადაა წარმოდგენილი ამ ცხოველის სხვადასხვაგვარი გამოსახულება. ჯიხვი, როგორც გამრავლების, ნაყოფიერებისა და ნადირთმფარველი ღვთაების ინკარნაცია, უფრო ფართოდ დასავლეთ საქართველოს მთის წინეთსა და მთაში იყო გავრცელებული. თუმცა ის უცხო არ იყო აღმოსავლეთ საქართველოშიც, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც ცხადყოფს [რამიშვილი, 2007:15].
ჯიხვის სკულპტურული გამოსახულებების უძველესი საკიდრგოლიანი ნიმუშები საქართველოში ძვ.წ. XIV-XII სს. თარიღდება. გვიანბრინჯაოს განვითარებულ საფეხურზე ჯიხვის საკიდიანი ფიგურები გვხვდება როგორც სამხრეთ, ასევე – ჩრდილოეთ კავკასიაში.
როგორც ჩანს, საკიდიანი ფიგურები ჯიხვის თუ ირმის გამოსახულებებით უკვე საკმაოდ მომრავლდა გვიანანტიკური პერიოდის ძეგლებზე (მცხეთაში, ჟინვალის სამაროვანზე, არაგვის აუზში, ლიახვის ხეობაში, ლეჩხუმში).
აღმოსავლეთ საქართველოს II-IV ს-ის პირველი ნახევრით დათარიღებულ სამარხებში აღმოჩენილი მსგავსი ფიგურები, როგორც ჩანს, ამ ტიპის გამოსახულებათა ფინალს წარმოადგენს, რადგან ადრექრისტიანული ხანის სამარხებსა და კულტურულ ფენებში არც ჯიხვისა და არც სხვა ცხოველის მთლიანი ფიგურები აღარ გვხვდება [რამიშვილი, 2007:18].
გუდაბერტყას სამარხში აღმოჩენილ კონუსური ფორმის ზარაკს (ტაბ.1., სურ.2) პარალელები ეძებნება აღმოსავლეთ საქართველოს გვიანანტიკური ხანის სამაროვნებზე: მსგავსი ბრინჯაოს ზარაკები აღმოჩენილია ჟინვალის სამაროვანზე, ახ.წ. I-IV სს. დათარიღებულ სამარხებში; ასევე – სამთავროში, კლდეეთში, კარსნისხევში, ერწოში და სხვა [ჩიხლაძე, 2015: 209]. სამთავროს სამაროვნზე ბრინჯაოს ზარაკები ძირითადად ახ.წ. III-IV ს-ის პირველი ნახევრით დათარიღებულ სამარხებში გვხვდება [მანჯგალაძე, 1985: 101-107].
ბრინჯაოს ზარაკები ძირითადად ანტიკური ხანის არქეოლოგიური კომპლექსებიდან მომდინარეობს და მათი უმეტესობა სამარხეულ ინვენტარს წარმოადგენს. ზარაკები სამი ნაწილისგან შედგება: ყუნწი, კორპუსი (ტანი) და ენა. ისინი ყუნწიანადაა ჩამოსხმული. მასალა ძირითადად ბრინჯაოა. ბრინჯაოს ზარაკების ენა კი უმთავრესად რკინაა, რომელიც ადვილად იჟანგებოდა, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ენა არ არის შემორჩენილი [ჭანიშვილი, 2005:19] (ენა არ შემორჩა არც გუდაბერტყას სამარხში აღმოჩენილ ბრინჯაოს ზარაკს, რომელიც რკინისგან უნდა ყოფილიყო ასევე დამზადებული).
როგორც ჩანს, კონუსურტანიანი ზარაკები აღმოსავლეთ საქართველოში ფუნქციონირებს საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში – ძვ.წ. VIII-VII სს. მოყოლებული ახ.წ. III-IV სს. ჩათვლით.
ზარაკები რიტუალური დანიშნულების ნივთებია და მათ, სავარაუდოდ, ავგაროზის ფუნქციაც ენიჭებოდათ. გამოთქმულია ასევე მოსაზრება, რომ ზარაკი გამოიყენებოდა როგორც ნივთი, რომელიც განასახიერებდა ცისა და მიწის სიმბოლურ კავშირს. ცა – ეს იყო ზარაკის ნახევარსფეროსებური ფორმა, რომლის კავშირი მიწასთან ხორციელდებოდა და გაიგივებული იყო ენასთან [აფაქიძე...1996: 32-33].
თუ ეს მოსაზრება სწორია, მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ზარაკი გამოყენებული უნდა ყოფილიყო საკრძალავ რიტუალში და, სავარაუდოდ, სიმბოლურად განასახიერებდა მიცვალებულის სულის გადასვლას ამქვეყნიურობიდან ზეციურ სამყოფელში.
გვიანანტიკური ხანის ბრინჯაოსგან დამზადებული მრგვალი სარკეები იშვიათ მონაპოვართა რიცხვს მიეკუთვნება. ისინი ცნობილია ქართლის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მცხეთაში, ახ.წ. II-IV სს. დათარიღებული სამარხებიდან. სარკეები შედარებით მრავლად გვხვდება სამთავროს ახ.წ. III-IV ს-ის პირველი ნახევრით დათარიღებულ სამარხებში [მანჯგალაძე,1985:101-107].
ბრინჯაოს სარკე აღმოჩენილია ასევე გრაკლიან გორაზე, 16-22 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სამარხში, რომელიც ახ.წ. III-IV სს. თარიღდება [კვირკველია… 2011: 53].
შესაბამისად, მოყვანილი პარალელების საფუძველზე, გუდაბერტყას სამარხი კარგად თარიღდება ახ.წ. III ს-ის ბოლო – IV ს-ის დასაწყისით.
სამარხში აღმოჩენილ ირმის ფიგურას ჯერჯერობით არ მოეძებნება ზუსტი ანალოგი საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ სინქრონულ ძეგლებს შორის, თუმცა რიტონები როგორც ირმის, ასევე სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებებით, მრავლადაა ცნობილი როგორც საქართველოს, ასევე – მახლობელი აღმოსავლეთის მატერიალური კულტურის ძეგლებიდან.
თიხისგან დამზადებული ირმის თუ ხარ-ირმის ფიგურები (სასმისები) დასტურდება ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე, გვიან ანტიკური ხანის მიწურულით დათარიღებულ ახაჩარხუს [Шамба, 1970:64-65] და აბგიძრახუს [Трапш, 1971:205] სამაროვნებზე. ისინი ახ.წ. IV ს-ის I ნახევრით თარიღდებიან.
ცხოველის გამოსახულებიანი ფიგურების დამზადების ტრადიცია აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ რკინის ფართო ათვისების პერიოდიდან იწყება: კერძოდ, თრელიგორების სამაროვანზე, ძვ.წ VIII-VII სს. დათარიღებულ ყორღანული ტიპის სამარხებში დადასტურდა თიხისგან დამზადებული ხარის დ ავერძის მოზრდილი ფიგურები [აბრამიშვილი...1975:19-20]. აღნიშნული ფიგურები წარმოადგენდნენ ტომის ბელადებისთვის შეწირულ ჭურჭელს, რომლებიც, სავარაუდოდ, გარკვეულ რიტუალთან იყო დაკავშირებული.
თიხისგან დამზადებული ცხოველის გამოსახულებიანი რიტონები ჯერ კიდევ გვიანნეოლითური ხანიდან არის ცნობილი მახლობელი აღმოსავლეთის ტერიტორიაზე [Mellaart, 1961: 66].
არქეოლოგიური მონაცემები ცხადყოფენ, რომ ანატოლიაში ირემი (ან ხარ-ირემი) საკრალურ ცხოველად ითვლებოდა, სადაც კერამიკული რიტონები ირმების, ლომებისა თუ ხარების გამოსახულებით გვიანენეოლითურ პერიოდში ჩნდება, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი წარმოება ხშირდება გვიან ბრინჯაოს პერიოდიდან. რიტონებს ამზადებდნენ ასევე კვიპროსში, მიკენში, ეგეოსურ სამყაროში [Cline, 1991: 134].
მსგავს ფიგურებს ვხვდებით ასევე ირანისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც, სადაც, ანატოლიის მსგავსად, ისინი რეგულარულად იწარმოება მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან მოყოლებული პართულ-სასანური პერიოდის ჩათვლით.
ჩრდილო-დასავლეთ ირანში, არდაბილის პროვინციაში, ქ. გერმიში პართული პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლზე დადასტურდა ვერძის (და სხვა ცხოველების) გამოსახულებიანი ფიგურები (სასმისები), რომელთაც, გუდაბერტყაზე აღმოჩენილი ფიგურის მსგავსად, სითხის სასხმელი პირი დატანილი აქვთ ზურგზე. ამგვარი ფიგურები დათარიღებულია ძვ.წ. I – ახ.წ. II საუკუნეებით [Haerinck, 1983].
ამავე პერიოდის ფიგურებს ვხვდებით ასევე ირანის სხვა პროვინციებში. დადასტურებულია ისინი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც და მათი თარიღი ძვ.წ.I –ახ.წ. II ს-ით არის განსაზღვრული[Haerinck, 1983].
თეირანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენილია პართული პერიოდით დათარიღებული, თიხისგან დამზადებული სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებიანი რიტონები, მათ შორის არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ირმის ფიგურაც. ის გამომწვარია წითლად. ფიგურის თავს აბოლოებს ორი დატოტვილი რქა. ზურგზე დატანილი აქვს შემაღლებული, ცილინდრული მოყვანილობის სითხის სასხმელი პირი.
მსგავსი ფიგურები ცნობილია ასევე აღმოსავლეთ ევროპის გვიანანტიკური პერიოდის არქეოლოგიური კომპლექსებიდანაც [Клейман, 1982: 267].
არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფს, რომ ირმის კულტს საკმაოდ ძველი და ღრმა ფესვები აქვს როგორც აღმოსავლეთ, ისე – დასავლეთ საქართველოში.
ქართველი და კავკასიელი ხალხის უძველეს რელიგიებში დიდი ადგილი ეჭირა ირმის სახეს. საქართველოს ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალა მეტყველებს, რომ ირემი მონადირეობასთან და ნაყოფიერების, ბუნების აღორძინების ძალებთან (ღვთაებასთან) იყო დაკავშირებული.
ქართულ ფოლკლორში ირემი ხშირად წარმოდგენილია როგორც ზებუნებრივ ნიჭთა მატარებელი და ღვთაების სამყაროსთან დაკავშირებული არსება. ნათლად ჩანს ირმის კავშირი ველური ბუნების ნაყოფიერების ღვთაებებთან. ირემი ასევე წარმოადგენს მიწის სიმბოლოს და ბუნების დიდი დედის კულტს უკავშირდება [სურგულაძე, 2003:33].
ხალხურ სიტყვიერებასა და სახვით ხელოვნებაში განსაკუთრებით აქცენტირებული იყო ირმის რქები, როგორც მათი ძირითადი, სპეციალური მსაზღვრელი ნიშანი. რქა ასევე აღნიშნავდა ვაზს ან რაიმე მცენარეულ წამონაზარდს. ამიტომ არის რომ ირმის რქები ხშირად სიცოცხლის ხესთან არის დაკავშირებული [სურგულაძე, 2003:23].
ირმის კულტის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური მასალის მიხედვით ენეოლითური ხანიდან ფიქსირდება. ირმის უძველესი გამოსახულებები ჯერჯერობით ცნობილია ქვემო ქართლიდან [ჯაფარიძე...1971].
გამოთქმულია ვარაუდი, რომ ენეოლითის დასასრულსა და ადრებრინჯაოს ხანაში, ირემი უკვე დაკავშირებული იყო ნაყოფიერების აგრარულ კულტთან და მისი სიმბოლიზება მიწათმოქმედების განვითარებას დაუკავშირდა [კიკვიძე, 1976: 190-191].
ირემი აქტიურად მოქმედებს საქართველოში ენეოლითის პერიოდიდან მოყოლებული ანტიკური ხანის ჩათვლით.
ირმის კულტი ფართოდაა გავრცელებული გვიანანტიკურ ხანაში. მისი გამოსახულებები დატანილია საბეჭდავებსა და გემებზე, კეთდება ირმის გულსაკიდები, მისი გამოსახულელბებით იმკობა სარტყლები, ბალთები, აბზინდები, დიადემები.
ქართულ წარმართულ პანთეონში ირმის კულტის სიძლიერეზე არქეოლოგიური არტეფაქტების გარდა ქართული წერილობითი წყაროებიც მეტყველებენ: „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ფარნავაზი, იბერიის სამეფოს დაარსებამდე, სწორედ ირმებზე ნადირობს. „ფარნავაზის ცხოვრებაში“ აღნიშნულია, რომ იგი პოულობს განძს, აღწევს მეფობას და აარსებს იბერიის სამეფოს. აღსანიშნავია, რომ განძთან ფარნავაზი სწორედ ირემს მიჰყავს [ლეონტი მროველი, 1955:21-22]. წყაროში მოყვანილი ცნობა მეტყველებს ირმის კულტის სიძლიერეზე ანტიკური ხანის საქართველოში.
ირმებზე ნადირობა რომ ყოველთვის დაკავშირებული იყო გარკვეულ რიტუალთან და რწმენა-წარმოდგენებთან, და ეს მოტივი რომ დიდიხნის განმავლობაში შემოინახა საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ქართველურმა ტომებმა, კარგად ჩანს სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური მასალიდანაც.
ირმის კულტის სიძლიერეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ქრისტიანულმა რელიგიამაც კი ვერ მოახერხა მისი უგულებელყოფა, არამედ მოხდა მისი ტრანსფორმირება ქრისტიანულ სიმბოლოდ და ადრექრისტიანულ სიმბოლოებში ირემმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა [დიღმელაშვილი, 2010: 68].
ირმის, როგორც წარმართული კულტის ტრანსფორმირება ქრისტიანულ სიმბოლოდ კარგად არის ასახული ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში ჩართულ ,,ნინოს ცხოვრებაში“. წყაროს მიხედვით, ქართლის მეფის, მირიანის, მიერ წარგზავნილი ხუროები ჯვრების შექმნის მიზნით ჭრიან იმ სასწაულმოქმედ ხეს, რომლისგანაც იკურნებიან დაჭრილი ირმები [მოქცევაჲ ქართლისაჲ, 1963:159].
არ არის გამორიცხული, რომ წყაროში მოხსენიებული ხე, რომელიც კურნავს დაჭრილ ირმებს, დაკავშირებული იყოს წარმართულ სიცოცხლის ხესთან (სადაც ის ტრანსფორმირდება ქრისტიანულ ჯვრად). სიცოცხლის ხის ნაყოფი აქაც სიცოცხლის მომნიჭებლად გვევლინება. შესაბამისად, წყაროში გადმოცემული სიუჟეტი წარმართული კულტის (რაც ამ შემთხვევაში გაიგივებულია ირემთან და სიცოცხლის ხესთან) გაქრისტიანების პროცესს ასახავს [დიღმელაშვილი,2010:66].
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ გუდაბერტყაზე გამოვლენილ სამარხში დადასტურებული ირმის ფიგურა (ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ირმის თუ ხარ-ირმის ფიგურები) წარმოადგენს რიტუალურ სასმისს, ან რაიმე განსაკუთრებული, წმინდა სითხის საცავს.
ამგვარი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას იძლევა აღნიშნული ფიგურების საგრძნობი იშვიათობა გვიანანტიკური ხანის საქართველოს ტერიტორიაზე. ფაქტია, რომ ამ პერიოდში რიტონები სერიულად არ იწარმოებოდა და მათ მხოლოდ განსაკუთრებული (სავარაუდოდ სარიტუალო) შემთხვევებისათვის ამზადებდნენ.
ირმის ფიგურების დანიშნულება სამარხებში შესაძლებელია ყოფილიყო მიცვალებულის სულის თანხლება ზეციურ სამყაროში, რადგან, როგორც ჩანს, ირემი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთა წარმოდგენაში გარდაცვლილ სულთა წინამძღოლი იყო იმ ქვეყნიურობისაკენ.
ირმის ფიგურების სამარხში აღმოჩენის ფაქტი შესაძლებელია მეტყველებდეს ასევე პატრიარქალური გვარის რელიგიურ წარმოდგენებზე, როდესაც ოჯახის უფროსის გარდაცვალების დროს, მას სამარხში ატანდნენ იმ ღვთაება-ცხოველის (ამ შემთხვევაში ირმის) გამოსახულებას, რომელსაც თაყვანს სცემდა გარდაცვლილის გვარი [Шамба,1970:65]. ამგვარ რიტუალს საქართველოში დიდი ხნის ტრადიცია უნდა ჰქონოდა, რასაც არქეოლოგიური მასალაც ცხადყოფს.
საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ ირმის კულტზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია საგარეო ფაქტორებიც: კერძოდ, კულტურული თუ პოლიტიკური გავლენები მახლობელი აღმოსავლეთიდან, სადაც, როგორც ვნახეთ, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ირემი ასევე საკრალურ ცხოველად ითვლებოდა და მისი კულტის თაყვანისცემას დიდი ხნის ტრადიცია ჰქონდა.
მახლობელ აღმოსავლეთთან ჩამოყალიბებულმა მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკურმა და კულტურულმა კავშირებმა (რაც კიდევ უფრო გაღრმავდა ანტიკურ პერიოდში აქემენიდურ ირანთან, პართიასთან თუ სასანიდებთან, ასევე მცირე აზიასა და მესოპოტამიასთან), როგორც ჩანს, საგრძნობი გავლენა იქონია რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებზეც. არქეოლოგიურ თუ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვიანანტიკურ ხანაში მკვეთრად იზრდება ირანული კულტურის გავლენა ქართულ წარმართულ პანთეონზე [დუნდუა...2010]. ამგვარი გავლენების ნათელი დასტურია, თუნდაც, ცეცხლთაყვანისმცემლობის თუ მითრას კულტის სიძლიერე მთელს საქართველოს ტერიტორიაზე.
ამგვარად, გვიანანტიკური ხანის საქართველოს ტერიტორიაზე, ირმის ფიგურებისა და მათთან დაკავშირებული რომელიმე წარმართული ღვთაების თუ რელიგიური წარმოდგენების გავრცელების ერთ-ერთი წყარო შესაძლებელია ირანული სამყაროც ყოფილიყო.
მეზობელი რეგიონებიდან მომდინარე ამ გავლენებს, როგორც ჩანს, არ შეუტანია რაიმე მნიშვნელოვანი დისონანსი ადგილობრივი მოსახლეობის რწმენა-წარმოდგენებში, რადგან მათთვის ამ პერიოდში კარგად იყო ცნობილი ირანში გავრცელებული წარმართული ღვთაებები, რელიგიური წარმოდგენები და, შესაბამისად, მათთან დაკავშირებული რიტუალური ნივთებიც (გავიხსენოთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ქალაქში ცხოვრობდა ზოროასტრიული მოსახლეობა. გამოთქმულია ასევე მოსაზრება, რომ გაიმი მითრას კულტის ერთ-ერთი სახეობის გადამუშავებულ ვარიანტს წარმოადგენს, ანინა-ანაჰიტის, არმაზის კერპი შესაძლოა აჰურა-მაზდასთან იყოს კავშირში და. ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ირანული წარმოშობის ღვთაებებმა შეადგინეს ქართული წარმართული პანთეონის მთავარი ტრიადა [დუნდუა... 2010:77]).
მაგრამ, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ირმის კულტს ადგილობრივ წარმართულ პანთეონში უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ეჭირა მნიშვნელოვანი ადგილი და, შესაბამისად, მისდამი მიძღვნილ რიტუალებს უკვე დიდი ხნის ტრადიცია უნდა ჰქონოდა.
გუდაბერტყაზე და აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ირმის ფიგურები წარმოადგენენ სამარხის ინვენტარს, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი მხოლოდ სამარხში ჩასატანებლად არ იყვნენ დამზადებულნი. საფიქრებელია, რომ აღნიშნულ ირმის (ხარ-ირმის) ფიგურებს მათი პატრონები იყენებდნენ რელიგიური რიტუალების შესრულების დროს (რა თქმა უნდა, გამორიცხულია ამგვარი ჭურჭლის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში). შესაძლებელია, ირმის ფიგურებს იყენებდნენ დიდი დედის, ნაყოფიერების კულტთან მიძღვნილ დღესასწაულებზე, რაც ასევე მიწათმოქმედებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
წარმართული პანთეონის ხასიათიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, გვიანანტიკური ხანის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ცალკეულ თემს თუ სოფელს თავის სათაყვანო ღვთაება უნდა ჰყოლოდა და, შესაბამისად, მათთვის მიძღვნილი წარმართული რიტუალებიც უნდა შეესრულებინათ.
არქეოლოგიური მონაპოვარი ცხადყოფს, რომ ირმის კულტთან დაკავშირებული წარმართული რიტუალები თუ მთელს იბერიის სამეფოში არა, გარკვეულ სოფლებსა თუ თემებში მაინც უნდა ჩატარებულიყო კულტის მსახურის მიერ.
ამგვარი რიტუალების ჩატარებისას მნიშვნელოვანი ატრიბუტი უნდა ყოფილიყო სწორედ თიხისგან (ან სხვა მასალისგან) დამზადებული ირმის (ხარ-ირმის) ფიგურები (სასმისები). როგორც ჩანს, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა რიტუალში ასევე ბრინჯაოსგან დამზადებული ჯიხვის თუ ირმის მცირე ქანდაკებები, შესაძლოა ბრინჯაოს ზარაკებიც.
აღნიშნული ინვენტარის ერთ სამარხში აღმოჩენის ფაქტი კი შესაძლოა მეტყველებდეს იმაზე, რომ ისინი ერთი და იმავე წარმართულ კულტთან დაკავშირებული ნივთები უნდა იყოს და მათ კულტის რიტუალში, სავარაუდოდ, სამარხში დაკრძალული პირი იყენებდა.
ლოგიკური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ რიტუალის შესრულებისთვის აუცილებელი ატრიბუტები – თიხის ირმის ფიგურა, ბრინჯაოს მცირე ქანდაკება ჯიხვის გამოსახულებით, სარკე და ზარაკი უნდა ჩაეტანებინათ სწორედ იმ კულტის მსახურის სამარხში, რომელიც ირმის კულტთან დაკავშირებულ რიტუალებს აღნიშნული ნივთების დახმარებით ასრულებდა. შესაბამისად, სამახრში სარიტუალო ინვენტარის შესამჩნევი სიჭარბე, რომელიმე თემის კულტის მსახურის სამარხზე უნდა მიგვანიშნებდეს.
ყოველივე ზემოთქმული მეტყველებს გუდაბერტყაზე გამოვლენილ ახ.წ. III-IV სს. მიჯნით დათარიღებულ სამარხში დაკრძალული მიცვალებულის განსაკუთრებულ როლზე. ამასთან, სამარხში დადასტურებული ირმის ფიგურა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს არქეოლოგიური თვალსაზრისით. მის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტიც, რომ ფიგურა (სასმისი) ჯერჯერობით უნიკალურია და არ მოეპოვება ანალოგები საქართველოს სინქრონულ ძეგლებს შორის. სწორედ ამიტომ, რთულია ირმის ფიგურის კონკრეტული ფუნქციური დანიშნულებისა და მნიშვნელობის განსაზღვრა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი არქეოლოგიური აღმოჩენები და სამეცნიერო კვლევები ნათელს მოჰფენს ამ საკითხს.
[1] სამარხში აღმოჩენილი ინვენტარი გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ჩაბარდა 1973 წელს.
[2] სამარხეულ ინვენტარზე მუშაობის დროს დახმარებისათვის დიდ მადლობას ვუხდით გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელს – ზვიად შერაზადიშვილს.
[3]სამარხეული ინვენტარის გრაფიკული ტაბულები ეკუთვნის საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელს – რუსუდან ბერიძეს.
ლიტერატურა
ჭილაშვილი ლ. 1964 |
ნაქალაქარი ურბნისი. თბილისი. |
ნემსაძე გ. 1991 |
თიხის ჭურჭელი ძამის ხეობიდან. ს.ს.მ.მ. XI. თბილისი. |
დიღმელაშვილი ქ. 2010 |
ქრისტიანული სიმბოლიკა I-VI სს. საქართველოში. დისერტაცია. თბილისი. |
ჯაფარიძე ო., ჯავახიშვილი ალ. 1971 |
უძველესი მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე. თბილისი. |
კიკვიძე ი. 1967 |
მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში. თბილისი. |
მანჯგალაძე გ. 1985 |
სამთავროს სამაროვნის გვიანანტიკური ხანის სამარხები. მცხეთა ტ. VII. თბილისი. |
Mellaart J. 1961 |
Excavations at Hacilar (Fourth preliminary report). Anatolian Studies. Journal of the British Institute of Archaeology at Ankara. Vol. XI. Ankara. |
აფაქიძე ა. ნიკოლაიშვილი ვ. 1996 |
მცხეთის წარჩინებულთა განსასვენებელი ახ.წ. III საუკუნისა-აკლდამა 905. მცხეთა ტ. XI. თბილისი. |
რობაქიძე ც. 1982 |
არაგვისპირის სამაროვნის თიხის ჭურჭელი. არქეოლოგიური ძიებანი II-III. თბილისი. |
ლეონტი მროველი 1955 |
ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. I. თბილისი. |
მოქცევაჲ ქართლისაჲ. 1963 |
ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები I. საქ.სსრ. მეცნ. აკად. გამომცემლობა. თბილისი. |
სურგულაძე ი. 2003 |
მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში. თბილისი. |
ხიდაშელი მ. 2005 |
რიტუალი და სიმბოლო არქაულ კულტურაში. თბილისი. |
ჩიხლაძე ვ. 2015 |
წინაქრისტიანული ხანის ჟინვალის სამაროვანი. თბილისი. |
კვირკველია გ., მურვანიძე ბ., ნიკოლაიშვილი ვ., ორჯონიკიძე ა. 2011 |
არქეოლოგიური გათხრები გრაკლიანის გორაზე 2009 წელს. ძიებანი № 20. თბილისი. |
მირიანაშვილი ნ. 1983 |
შიდა ქართლის მატერიალური კულტურის ისტორიიდან. თბილისი. |
რამიშვილი ქ. 2007 |
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მცირე პლასტიკის ძეგლები. თბილისი. |
Клейман И. Б. 1984 |
Раскопки в Тире. Археологические открытия 1982 г.Москва. |
აბრამიშვილი რ. რამიშვილი ა. 1975 |
არქეოლოგიური გათხრები თბილისში. ძეგლის მეგობარი №39. თბილისი. |
ШамваГ.К. 1970 |
Ахаччарху-Древниймогильник нагорной Абхазии. Сухуми. |