ტურიზმის როლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვაში
შესავალი
კულტურული ტურიზმი გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ტენდენციაა. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე დამთვალიერებლთა რაოდენობის მატება მრავალმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი, შემოსავალის მატება, ტრანსპორტირების იაფი საშუალებები, განათლებისა და ცნობიერების მზარდი დონე და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამა [Timothy… 2003; Timothy… 2009; Huang 2012].
აღსანიშნავია, რომ საქართველო მიეკუთვნება იმ განვითარებად ქვეყნებს, რომლებშიც ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა ქვეყანაში 17.5%-ით გაიზარდა.
კულტურული ტურიზმის ზრდა განვითარებად ქვეყნებში, ერთი მხრივ, სიღარიბის შემცირებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებად ითვლება. მიჩნეულია, რომ საერთაშორისო ტურიზმი ზრდის ეკონომიკურ პოტენციალს, ქმნის სამუშაო ადგილებს, მიმოქცევაში შემოაქვს უცხოური ვალუტა, ასტიმულირებს ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას და წარმოშობს საგადასახადო შემოსავლებს [Eilat…2004]. მეორე მხრივ, ტურიზმმა შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერ საზიანო ფიზიკური, ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლების ცვეთის გაზრდა, დაბინძურება, ხმაური, კულტურის კომერციალიზაცია, ფასების ზრდა, ცხოვრების წესის შეცვლა, ტრადიციების დაკარგვა და სხვა [Coccossis 2009:49]. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უკონტროლო ტურიზმისა და ვიზიტორთა არასათანადო მენეჯმენტის შემთხვევაში შესაძლოა გამანადგურებული შედეგი მივიღოთ.
ამრიგად, უმნიშვნელოვანესია, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ტურიზმის დადებითი და უარყოფითი გავლენების, მათი სათანადო რეგულირების საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი მექანიზმების დანერგვა. წინამდებარე სტატია ყურადღებას უთმობს საქართველოში ფაქიზი ზედაპირის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და მათთან დაკავშირებული კულტურული ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხებს. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების: უფლისციხის (ძვ.წ VI-IV სს), დავით გარეჯის (VI ს), ვანის ქვაბების (VIII-XVI სს) და ვარძიის (XII-XIII სს) ხუროთძღვრული კომპლექსები.
უკონტროლო ტურიზმის, ქვათა ცვენის და უსაფრთხოების ნორმების უქონლობის გამო, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, 2018 წლის ოქტომბერში, ვანის ქვაბების VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუში დამთვალიერებელთათვის დროებით დაიკეტა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2019 წლიდან ძეგლზე ჰიდროგეოლოგიური და არქეოლოგიური კვლევების ჩატარებას გეგმავს [ინტერნეტრესურსი 1]. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის დასრულდება ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობის გაუმჯობესება და როდის იქნება შესაძლებელი ძეგლზე დამთვალიერებელთა დაშვება.
საქართველოს სხვადასხვა მხარეში არსებული კლდეში გამოკვეთილი ზემოაღნიშნული ხუროთმოძღვრული კომპლექსები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის წინასწარულ ნუსხაში 2007 წლიდან არის წარდგენილი, შემდგომში მათი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ნომინირების მიზნით. „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანა ძეგლებს კიდევ უფრო მეტ ცნობადობას შესძენს, რაც ხშირად პირდაპირ აისახება დამთვალიერებელთა გაზრდილ რაოდენობაზე. სწორედ ამ და სხვა არსებითი მიზეზების გამო, აუცილებელია აღნიშნული ძეგლებისათვის მართვის გეგმების შედგენა, რომლთა მიზანია უზრუნველყოს თითოეული ძეგლის განვითარების ერთიანი ხედვის ისეთი სამოქმედო პროგრამების არსებობა, როგორებიცაა: მონიტორინგისა და მოვლის, ვიზიტორთა მართვის, მდგრადი ტურიზმის განვითარების, ტრანსპორტის მოძრაობის, საგანმანათლებლო და საზოგადოების ინფორმირების პროგრამები და ა.შ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია საერთაშორისო მაგალითების გაანალიზება ვანის ქვაბების, ვარძიის, უფლისციხის, დავით-გარეჯის ხუროთმოძღვრულ კომპლექსებში არსებული გამოწვევების კონტექსტში, ვინაიდან სტატიაში მოყვანილი მაგალითები ნათელს ხდის, თუ რა ასპექტებს უნდა მიექცეს ყურადღება ძეგლებზე მდგრადი კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის.
სტატიის ძირითადი ნაწილი შედგება ორი ქვეთავისაგან. პირველ ნაწილში „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის საიტების, პეტრას არქეოლოგიური პარკისა და მაჩუ-პიქჩუს ისტორიულ დასახლებათა მაგალითზე, განხილულია თუ რა უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უკონტროლო ტურიზმმა. მეორე ნაწილში წარმოდგენილია ტურიზმის დადებითი მხარეები და შესაძლებლობები საქართველოში არსებული ზემოაღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისათვის.
დასკვნით ნაწილში მსჯელობა მიმართულია იქითკენ, თუ როგორ შეიძლება ვიპოვოთ სასარგებლო ბალანსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ტურიზმის განვითარებას შორის. კვლევისათვის გამოყენებული მეთოდოლოგია ეფუძნება ლიტერატურის მიმოხილვას, შედარებით ანალიზსა და ავტორის დაკვირვებებს.
ტურიზმის უარყოფითი გავლენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე
რიგი ავტორების ცნობით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მრავალი ძეგლის ისტორიული ქსოვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული დიდი მოცულობის ტურისტული ნაკადების შედეგად [Comer, 2012: 3]. ისტორიულ ძეგლებზე ტურიზმის მავნე ზემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია პეტრას არქეოლოგიური პარკი იორდანიაში და მაჩუ პიქჩუს ისტორიულ-საკრალური დასახლება პერუში.
პეტრა – ნახევარად აშენებული, ნახევრად კლდეში გამოკვეთილი არქეოლოგიური პარკი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ძეგლს [UNESCO, 2013]. პეტრას, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საიტს მოსალოდნელია, რომ უნდა ჰქონოდა მართვის დეტალური გეგმა, ძეგლის კონსერვაციისა და ვიზიტორთა მენეჯმენტის საკითხების გათვალიწინებით. თუმცა, ქვეყნის ღარიბმა ეკონომიკამ და აღნიშნული ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანამ 1985 წელს, მაშინ, როდესაც მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის (1972) სამოქმედო სახელმძღვანელოებში ჯერ კიდევ არ იყო გაწერილი მკაფიო მოთხოვნები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვისათვის, განაპირობა ძეგლის მდგომარეობის უკონტროლობა და არასათანადო მართვა [Veleikis ... 2012].
მას შემდეგ, რაც 1994 წელს ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელსა და იორდანიას შორის და 2007 წელს პეტრა შევიდა „მსოფლიოს ახალი 7 საოცრების“ სიაში ვიზიტორთა რიცხვი მკვეთრად, 68% და 62%-ით, გაიზარდა [Akrawi, 2012: 59] შესაბამის წლებში. ველეიკის [2012] ცნობით, ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობის ანთროპოგენურმა ზემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია ძეგლის ფიზიკურ მთლიანობაზე.
ვიზიტორთა კონტაქტი და დამთვალიერებელთა მიერ გამოწვეული ცვლილებები არის ის ორი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე. როგორც აკრავი [2012] აღნიშნავს, პეტრას არქეოლოგიური საიტის თანდათანობითი დაზიანება გამოწვეულია ყოველწლიურად დიდი რაოდენობის ვიზიტორთა მიერ სამარხებისა და კანიონების კედლებზე შეხებით. ვიზიტორთა მენეჯმენტის არარსებობა და ტურისტების თავისუფალი გადაადგილება საიტზე სერიოზულად ართულებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიული ქსოვილის მდგომარეობას [Mustafa… 2011]. ამასთან ერთად, ტურისტებისათვის ინსტრუქციებისა და რიგი აკრძალვების არ არსებობის გამო, ხდება ისეთი ვანდალური შემთხვევები, როგორებიცაა – ისტორიული კედლის ქსოვილისა და ფერწერის ნიმუშებზე ტურისტების სახელისა და მათი ვიზიტის თარიღის ამოკაწვრა ან ისტორიული კედლების გრაფიტით დაფარვა [Akrawi, 2012]. მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება საქართველოში ზემოთ დასახელებულ ყველა ძეგლზე. ვანის ქვაბებში დაზიანებულია გამოქვაბულთა ბოლო სართულზე, კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესიის კედლებზე შემორჩენილი XV საუკუნის II ნახევარში შეხიზნული ადგილობრივი ფეოდალური საგვარეულოების ქალბატონების მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მწერლობის ისტორიისათვის. ისინი წარმოადგენენ ქართული ლირიკული პოეზიის, „ვეფხისტყაოსნისა“ და „როსტომიანის“ სტროფთა უძველეს ნიმუშებს [ოთხმეზური...2012, 149].
ფარადაისის მტკიცებით, პეტრას კირქვისა და ქვიშაქვის თლილი სტრუქტურა და სამარხები ზიანს ნაწილობრივ ადგილობრივი მშრალი კლიმატის გამო განიცდის. თუმცა, ტურისტების მიერ ძეგლზე გამუდმებული შეხების, ცოცვისა და ზემოხსენებული ვანდალური ქმედებების შედეგად ხდება ძეგლის ზედაპირის ბუნებრივი რეცესიისა და ცვეთის ტემპის დაჩქარება [Paradise, 2009:81]. ფარადაისის თქმით, პეტრას რომაული თეატრის შესწავლამ აჩვენა, რომ ლითოლოგიის, ინსოლაციისა და ტენიანობის რეჟიმების გარდა, გამოფიტვის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის კონტაქტი. აღმოჩნდა, რომ ტურისტების გაზრდილმა რაოდენობამ დააჩქარა თეატრის მდგომარეობის გაუარესება [Paradise, 2012]. მონიტორინგის კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 15 წლის განმავლობაში, 1990 წლიდან 2005-მდე ქვისმთლელთა მიერ 2000 წლის წინ შესრულებული ნიშნების ხილვადობა ტურისტების შეხების შედეგად 10%-ით შემცირდა [Akrawi, 2012; Paradise 2012]. თუ მსგავს დაკვირვებებს ჩავატარებთ საქართველოშიც, შევნიშნავთ, რომ ძეგლების ზედაპირის მდგომარეობის გაუარესება, კლიმატური პირობების გარდა, ვიზიტორთა გამუდმებული კონტაქტის ბრალიცაა.
ამდენად, აუცილებელია, რომ შეიზღუდოს ვიზიტორთა დაშვება საიტის მნიშვნელოვან და, ამასთანავე, მყიფე, გაქრობის საფრთხის წინაშე არსებულ ადგილებზე, ნაცვლად ამისა, კი შესაძლოა ძეგლის შესახებ მრავალფეროვანი ინტერპრეტაციების შეთავაზება, რომლებიც ვიზიტორთა ყურადღებას გადართავს ძეგლზე ცოცვიდან მის შემეცნებისკენ.
კიდევ ერთი პირდაპირი გავლენა, რომელსაც პეტრას კულტრულ ძეგლზე მყოფი ტურისტული მასები ახდენენ, არის ტენიანობის ცვლილება პალატებში. პერიოდულმა აღწერამ აჩვენა, რომ 1997 წლიდან 2007 წლამდე, მაშინ როდესაც ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა, ურნის აკლდამაში ტენიანობა 6%-8%-დან 18%-25%-მდე გაიზარდა. კვლევების თანახმად, ტენიანობის მატება პატარა სივრცეში იწვევს მარილის წარმოშობას, ქვა ხდება უფრო გამტარი და ჩქარდება კირქვის გაუარესებისა და შლის პროცესი [Paradise, 2012:90].
პეტრაში განხორციელებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ტენიანობა განსაკუთრებით იზრდება, მაშინ, როცა 20-30-კაციანი ტურისტთა ჯგუფი შედის აკლდამებში და ყოვნდება 5-10 წუთზე მეტ ხანს. დაკვირვებების შედეგად, როგორც წესი, 10-30-კაციანი ჯგუფები სწორედ 10 წუთზე მეტ დროს ანდომებენ აკლდამის დათვალიერებას.
დამთვალიერებელთა სუნთქვის პროცესიდან გამოწვეული ტენიანობა და კონდენსაცია წარმოადგენს მრავალი ფაქიზი ზედაპირის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პრობლემას, მათ შორის ვარძიის, ვანის ქვაბების, დავით გარეჯის კომპლექსების და ა.შ.
პეტრაში არქეოლოგიური ძეგლის დაზიანების მიზეზი ხდება, ასევე, ცხენებისა და ვირების, როგორც სატრანსპორტო საშუალების, გამოყენება ტურისტების გადაადგილების მიზნით. ამასათანავე, ვინაიდან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამქირავებლების შემოსავალი დამოკიდებულია შესრულებული გზის რაოდენობაზე, ისინი დაქირავების პუნქტამდე სრული ჭენებით ბრუნდებიან, რათა რაც შეიძლება უფრო ბევრჯერ მოახერხონ ტურისტის ან ტურისტთა ჯგუფების მიყვანა სასურველ ადგილამდე. შედეგად, როგორც კომერი [2012] აღნიშნავს, თავდაპირველი ნაბატური კიბეები, ძლიერ არის დაზიანებული წლების განმავლობაში ჩლიქების შეხებით. ცხენების ჭენება ასევე საფრთხეს უქმნის ფეხით მოსეირნე ტურისტებსაც.
აკრავის [2012:60] თქმით, პეტრაში ტურიზმის განვითარების უარყოფითი გავლენის შედეგებია, ვიზიტორებთან დაკავშირებული ნაგებობების, მათ შორის სველი წერტილების და სავაჭრო პუნქტების განთავსება, რაც არღვევს არქეოლოგიური ლანდშაფტის მთლიანობას და ხელს უშლის მის ესთეტიკურ აღქმას.
მანქანების მოძრაობა არქეოლოგიური პარკის ტერიტორიაზე, არასათანადო სანაგვე ყუთები და კულტურული ფასეულობებით უკანონო ვაჭრობა წარმოადგენს კიდევ სხვა ფაქტორებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ არქეოლოგიური ძეგლის შენარჩუნებაზე. ტურისტების დიდი ინტერესი ანტიკური ნივთების დაუფლების მიმართ, ხშირად ადგილობრივ მაცხოვრებლებს უბიძგებს უკანონო გათხრების ჩატარებისაკენ, შემდგომში აღმოჩენილი არტეფაქტების გაყიდვის მოტივაციით. ყოველივე ზემოაღნიშნული იწვევს არა მხოლოდ არტეფაქტების დაკარგვას, არამედ არქეოლოგიური სტრატიგრაფიისა და ისტორიის განადგურებას.
დაბინძურება და ნაგავი, როგორც ჩანს, ტურიზმის განუყოფელი ნაწილია თითქმის ყველა განვითარებად ქვეყნაში, სადაც სუსტი გარემოსდაცვითი რეგულაციები, უსახსრობა და თანამშრომლების არასაკმარისი რაოდენობა ართულებს დასუფთავების ძალისხმევას. საჭმლის მიმოფანტული ნარჩენები, კონტეინერები, პლასტმასისა და გამაგრილებელი სასმელების თუნუქის ბოთლები, სიგარეტის ნამწვავები, საღეჭი რეზინები, ქაღალდის პროდუქტები და ა.შ. წარმოადგენს ტურისტების ტიპურ ნაკვალევს [Timothy... 2009:58]. ამასთან, სიბინძურე არა მხოლოდ აკნინებს ძეგლის ესთეტიკურ ღირებულებებს, არამედ იწვევს ძეგლის კოროზიის პროცესს. ზოგიერთი ტიპის ნაგავი, მათ შორის საღეჭი რეზინა, სასმელი და სხვა ნარჩენები შეიძლება სამუდამოდ დარჩეს ძეგლის ზედაპირზე. გარდა ამისა, დასუფთავების მცდელობამ შესაძლოა უფრო მეტად დააზიანოს ისტორიული ქსოვილი.
ამდენად, ვიზიტორთა მოძრაობის რეგულაცია, გარემოს ცვალებადობის მონიტორინგი, უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება და ტურიზმით გამოწვეული ყველა ზემოაღნიშნული სირთულეების აღმოფხვრა წარმოადგენს გადამწყვეტ საკითხებს ძეგლის მენეჯმენტში, განსაკუთრებით კი დიდი ტურისტული ინტერესის მქონე ძეგლებისათვის.
მსოფლიო მემკვიდრეობის კიდევ ერთი საიტი განვითარებად ქვეყანაში, რომელიც ძლიერ განიცდის ტურიზმის გავლენას არის ისტორიული დასახლება მაჩუ პიქჩუში. ინკას იმპერიის გასაოცარი ქმნილება უზარმაზარი კედლებითა და ტერასებით, იუნესკოს ყოფილი დირექტორის, ირინა ბოკოვას. თქმით, საკუთარი წარმატების მსხვერპლი გახდა [The Independent, 2011]. დამთვალიერებელთა გადაჭარბებული რაოდენობის წნეხი მნიშვნელოვნად აურესებს კულტურული ძეგლის მდგომარეობას.
ცნობილი პერუელი არქეოლოგის, ფრედერიკო კაუფმან დოიგის, თქმით, ინკას პერიოდში მაჩუ-პიქჩუ დასახლებული იყო არაუმეტეს 500 ფეხშიშველი ადამიანით [LaFranchi, 2001], დღეს კი ყოველდღიურად ქალაქს 2000-მდე ტურისტი სტუმრობს და შედეგად, მათ ანთროპოგენულ ზეგავლენას განადგურების პირას მიჰყავს კულტურული ძეგლი [Larson, 2012]. გარდა ამისა, ტრანსპორტირების სუსტი სისტემა ზღუდავს ენთუზიასტ ტურისტებს ალტერნატიული გზების ძიებაში, განმარტოებულ ადგილზე გაშენებული ანტიკური ქალაქის სტუმრობისათვის. ლარსონის [2012] თანახმად, ტურისტები უმეტესად ფეხით მიემართებიან ყველაზე ახლოს მდებარე სამანქანო გზიდან ისტორიულ ქალაქისაკენ და ამ მარშრუტის გავლით საშუალება ეძლევათ, დატკბნენ კულტურული ლანშაფტით. თუმცა, ასეთ სასიამოვნო გამოცდილებას ისტორიული ბილიკების განადგურებაში შეაქვს წვლილი, რომლებიც საკმაოდ მგნობიარე ჩანს ხშირი გამოყენებისთვის. გარდა ამისა, როგორც მაჩუ-პიქჩუს, ისე მის მიმდებარე ლანდშაფტს ანაგვიანებენ ტურისტები [Timothy...2009:58].
ალტერნატიულად, ერთი მხრივ, თუ მაჩუ პიქჩუს ისტორიულ ქალაქში მისასვლელად პირდაპირი ტრანსპორტი შესაძლოა იყოს გამოსავალი ისტორიული ლანდშაფტის შენარჩუნებისათვის, მეორე მხრივ, ტრანსპორტის გამონაბოლქვმა და ჰაერის დაბინძურებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ზიანი. მანქანების, ავტობუსებისა და ვერტმფრენების გამონაბოლქვი ქიმიურ რეაქციებს წარმოშობს ისტორიული შენობების მასალების ფიზიკურ შემადგენლობაში [Timothy... 2009:59]. ამ ფაქტის გათვალისწინებით არქეოლოგებმა და გარემოს დამცველებმა უარყვეს ვერტმფრენის, როგორც სატრანსპორტო საშუალების, მაჩუ-პიქჩუში გამოყენების იდეა [Higgins, 2006].
ზემოაღნიშნული მაგალითები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კულტურული ტურიზმის საზიანო გავლენების ილუსტრაციაა. მსგავსი სიტუაციაა განვითარებად ქვეყნებში არსებულ მრავალ ძეგლზე. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმს აქვს ძლიერ საზიანო გავლენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, კულტურული ტურიზმი არ წარმოშობს მხოლოდ უარყოფით შედეგებს. სინამდვილეში, კულტურული მემკვიდრეობის საიტებმა შესაძლოა გარკვეული სარგებელი მიიღონ ტურიზმისაგან.
ტურიზმის დადებითი როლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში
მიუხედავად იმისა, რომ დამთვალიერებელთა ყოფნა კულტურული მემკვიდრეობის საიტებზე ხელს უწყობს ისტორიული ადგილების ფიზიკური მდგომარეობისა და გარემოს გაუარესებას, სავარაუდოა, რომ ტურისტების გარეშე კულტურული ძეგლები იქნებოდა მიტოვებული ადგილები, მცენარეული საფარისა და უკონტროლო კლიმატური პირობების მსხვერპლი, გასაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, სადაც ფინანსები მცირეა და პრიორიტეტი ენიჭება უფრო მომგებიანი სფეროებისა და პროექტების დაფინასებას. როგორც ტიმოთი [2009] აღნიშნავს, განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოკლებულია როგორც კერძო, ასევე საჯარო დაფინანსებას, მათი გადარჩენა ძირითადად დამოკიდებულია ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე. უფრო მეტიც, კულტურული ტურიზმის პირდაპირმა და არაპირდაპირმა ეკონომიკურმა შემოსავალმა შესაძლოა ბიძგი მისცეს მთავრობას, რათა უფრო მეტად იზრუნოს ქვეყანაში არსებულ მემკვიდრეობაზე, როგორც ტურიზმის განვითარების ფაქტორზე [Timothy… 2003:19]. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტურიზმის მაპროვოცირებელი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – როგორც ტურისტული პროდუქტი, წარმოადგენს საერთაშორისო ინტერესის საგანს. ამდენად, ტურიზმმა თავისუფალად შეიძლება განაპირობოს საჯარო დაფინანსების გამოყოფა კულტურული ძეგლებისათვის.
ამასთანავე, იმის მიუხედავად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არიან თუ არა ტურიზმის წნეხის ქვეშ, მათ ნებისმიერ შემთხვევაში ესაჭიროებათ მოვლა-პატრონობა და კონსერვაცია, რაც ფინანსური რესურსების გარეშე წარმოუდგენელია. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, მთავარი შემოსავალის წყარო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისათვის განვითარებად ქვეყნებში უმეტესად არის ტურიზმი. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო დაფინანსების გამოყოფა ძალიან იშვიათად ხდება კულტურული მემკვიდრეობის იმ ძეგლებისათვის, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს ტურისტების მოზიდვას. მაშასადამე, ერთი მხრივ, მაშინ როცა ტურიზმი მიჩნეულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამანადგურებელ ფაქტორად, მეორე მხრივ, ის წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას კულტურული ძეგლის მომავალში შენარჩუნებისათვის.
ამდენად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მენეჯერების ამოცანაა არა მხოლოდ საფრთხეების არიდება კულტურული მემკვიდრეობის საიტისათვის, მათი უკეთ დაცვის მიზნით, არამედ მუშაობის წარმართვა იქითკენ, თუ როგორ შეიძლება გახდეს ძეგლზე გატარებული დრო ვიზიტორებისათვის უფრო მეტად სასიამოვნო და საინტერესო. ეს კომპოზიცია შესაძლოა ძალიან რთული ჩანდეს, მაგრამ წარმაოდგენს რეალურად განხორციელებად იდეას.
ხშირ შემთხვევაში დამთვალიერებელთა სურვილები ჰარმონიაშია კონსერვაციის საჭიროებებთან. ვიზიტორთა რაოდენობის რეგულირება, ძეგლზე მყოფი ტურისტების სიმჭიდროვის შემცირება, უსაფრთხოება, სისუფთავე და მრავალი სხვა ასპექტი წარმოადგენს იმ საკითხებს, რომელებიც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ძეგლის ადმინისტრაციისათვის, ასევე –ტურისტებისათვის.
გასაკუთრებით აღსანიშნავია ძეგლის ინტერპრეტაციისთვის მდიდარი აუდიო და ვიზუალური საშუალებები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობენ ვიზიტორთა განათლებასა და გართობას, მეორე მხრივ კი, ამცირებენ მნახველთა ფიზიკურ წნეხს ძეგლზე [Timothy…2009; Timothy… 2003:197]. ამის მაგალითია ინგლისში მდებარე ცნობილი პრეისტორიული ძეგლის, სტოუნჰენჯის, ვიზიტორთა ახალი მენეჯმენტი. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ახალი ვიზიტორთა ცენტრი და მუზეუმი აშენდა ძეგლიდან 2.5 კმ-ის დაშორებით, შეიზღუდა მანქანების პარკირება ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე და გამოიყო მუზეუმიდან ძეგლამდე სპეციალური განრიგით მოძრავი ეკომეგობრული ტრანსპორტი.
დასკვნა
ამდენად, კულტურული ტურიზმის უარყოფით გავლენასა და ამავდროულად მის პოტენციალს მივყავართ ტურიზმის სუსტი და ძლიერი მხარეების, საფრთხეებისა და შესაძლებლობების გაანალიზებამდე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სათანადოდ მართვის მიზნით.
განვითარებად ქვეყნებში ფინანსური შესაძლებლობების სიმცირე უბიძგებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მენეჯერებს, იპოვონ ბალანსი ტურიზმის დადებითსა და უარყოფით მხარეებს შორის, რომელიც მიიღწევა მემკვიდრეობის მდგრადი მართვის პირობებში. ეს კი გულისხმობს, ერთი მხრივ, ისტორიულ ძეგლებზე ვიზიტორთა ნეგატიური გავლენის შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, დადებითი შთაბეჭდილებების, ემოციებისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობის გაზრდას სხვადასხვა საინტერესო მეთოდით. ეს სწორედ ის მიდგომაა, რომელიც ფართოდ უნდა დაინერგოს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რათა თავიდან ავიცილოთ ის სავალალო შედეგები, რომლებიც აღწერილია სტატიაში პეტრასა და მაჩუ-პიქჩუს მაგალითებზე.
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [PhD_F_17_52].
ლიტერატურა
UNESCO 2014 |
Petra. ინფორმაცია მოძიებულია 2017 წლის 29 იანვარს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://whc.unesco.org/en/list/326 |
Akwari A. 2012 |
Forty-Four Years of Management Plans in Petra. Comer, D. C. [ed.] in Tourism and Archaeological Heritage Management at Petra: Driver to Development or Destruction. New York: Springer. |
Higgins M. 2006 |
A faster way: New helicopter service to Machu Picchu. Retrieved from World Wide Web on 23 September 2018: http://travel.nytimes.com/2006/07/09/travel/09transmachu.html |
2018 |
|
The independent 2011 |
ინფორმაცია მოძიებულია 2018 წლის 24 სექტემბერს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.independent.co.uk/travel/news-and-advice/machu-picchu-victim-of-own-success-un-2222900.html |
ოთხმეზური, გ. ქართული კულტურა XIII-XV საუკუნეებში.საქართველოს 2012. |
ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე ტომი III. თბილისი. |
Mustafa, M. H., Sultan, N., Tayeh, A., 2011. |
The Impacts of Tourism Development on the Archaeological Site of Petra and Local Communities in Surrounding Villages, Asian Social Science, 7/8, 88-96. ინფორმაცია მოძიებულია 2017 წლის 27 იანვარს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.ccsenet.org/journal/index.php/ass/article/view/11492/8060 |
Coccossis H. 2009 |
Sustainable development and tourism: opportunities and threats to cultural heritage from tourism. Girard L.F, Nijkamp P. [eds.]. Cultural tourism and sustainable local development. Farnham: Ashgate. |
Eilat Y., Einav L. 2004 |
Determinants of international tourism: a three-dimensional panel data analysis. Applied Economics. 36/12. Retrieved on 28 January 2017 from World Wide Web: http://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/000368404000180897#.UyuWTfl_tzs |
LaFranchi H. 2001 |
Machu Picchu’s slide. Christian Science Monitor. 93 [112].7. Retrieved on 28 January 2017 from World Wide Web: http://www.csmonitor.com/2001/0504/p7s1.html |
Timothy D., Boyd S. 2003 |
Heritage Tourism. Harlow: Prentice Hall. |
ინტერნეტრესურსი 1 2018. |
https://1tv.ge/news/vanis-qvabebi-turistebistvis-iketeba/ |
Comer, D. C., 2012 |
Tourism and Archaeological Heritage Management at Petra: Driver to Development or Destruction. Springer: London, New York. |
Huang, C., Tsaur, J., Yang, C., 2012 |
Does world heritage list really induce more tourists? Evidence from Macau. Tourism Management 33/6, 1450-1457. ინფორმაცია მოძიებულია 2017 წლის 28 იანვარს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0261517712000179?via=ihub |
Larson, L. R., C. Poudyal, N. C., 2012 |
Developing sustainable tourism through adaptive resource management: a case study of Machu Picchu, Peru, Journal of Sustainable Tourism, 20:7, 917-938. ინფორმაცია მოძიებულია 2017 წლის 28 იანვარს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/09669582.2012.667217 |
Paradise, T. R., 2012 |
Architecture and Deterioration in Petra: Issues, Trends, and Warnings, Comer, D. C. [ed.] in Tourism and Archaeological Heritage Management at Petra: Driver to Development or Destruction. Springer: London, New York. 79-104 |
Timothy, D. J., Nyaupane G. P., 2009 |
Cultural heritage and tourism in the developing world: a regional perspective. Abingdon and New York, Routledge. |
Vileikis, O., Cesaro, G., Quintero, M. S., |
Documentation in World Heritage conservation: Towards managing and mitigating change – the case studies of Petra and the Silk Roads, Journal of Cultural Heritage Management and Sustainable Development, 2/2,130 – 152. |
Balen, K.V., Paolini, A., Vafadari, A., 2012 |
ინფორმაცია მოძიებულია 2017 წლის 29 იანვარს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.emeraldinsight.com/2044-1266.htm |