„Robustos Viribus“ ქართველები და „Effeminatus“ ბერძნები

უილიამ ტვიროსელი, მთელი თავისი ისტორიის[1]  მანძილზე, უწყვეტად განაგრძობდა ბერძნების დახასიათებას, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობის წინარე პერიოდის, I ჯვაროსნული ლაშქრობის, იერუსალიმის სამეფოს დაარსებისა თუ II ჯვაროსნული ლაშქრობის მსვლელობის ფონზე. ნაშრომში ეს ბუნერივად მოჩანს იმდროინდელი საერთაშორისო ურთიერთობებიდან და გეოგრაფიული ფაქტორებიდან გამომდინარე. ამ პერიოდის ლათინების მსოფლმხედველობაში ანტიბერძნული განწყობა აშკარად შეიმჩნეოდა. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენდა ტვიროსელის მიერ ალექსი კომნენოსის, გარკვეულწილად, ბნელ ფერებში დახატვა (თუმცა, თვით ალექსის პოლიტიკა აძლევდა ამის საფუძველს). ამ უარყოფით დამოკიდებულებას გააჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი საფუძვლები, რომლის შესახებ უილიამი მოგვითხრობდა თავისი ისტორიის მეორე და მესამე წიგნებში. ავტორისათვის ყველაზე მიუღებელი იყო ბერძნების „ქალური სინაზე“ და „არამამაკაცური ხასიათი“. ამ კონტექსტში საინტერესოდ მიგვაჩნია, ავტორის ცნობების საფუძველზე, პარალელის  გავლება  ბერძენ-ქართველთა საომარ ღირსებებსა და სიძლიერეს შორის. როგორც უკვე ვთქვით, ბერძნები ტვიროსელის ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირები არიან,  საქართველოს[2] შესახებ, კი  უილიამი XI წიგნის 16-ე თავში მოგვითხრობდა. საკითხი საინტერესოა, რადგანაც ქართული ისტორიოგრაფიისათვის, ქართველების ხსენება ულიამ ტვიროსელთან, გარკვეულწილად სიახლეს წარმოადგენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პირველად ეს ცნობა ალექსანდრე თვარაძემ გამოაქვეყნა [თვარაძე, 2008:185], ხოლო შემდეგ დავით თინიკაშვილმა გამოიყენა თავის სადოქტორო ნაშრომში [თინიკაშვილი, 2015: 180-181].

ჩვენს შემთხვევაში ბერძენ-ქართველთა შედარება, მათ თვისებებზე მსჯელობა და ანალიზი  არამარტო ქართული, არამედ ევროპული ისტორიოგრაფიისთვისაც სიახლეს წარმოადგენს. წინასწარ გვინდა აღვნიშნოთ შემდეგიც: მართალია, ავტორისეული ცნობები ინფორმაციული თვალსაზრისით, პროპორციულად არათანაბარია, მაგრამ იგი მრავლისმეტყველია და საინტერესო. კერძოდ, უილიამმა ქართველთა სამხედრო უნარი და საბრძოლო თვისებები ამ მცირე ცნობაში ისე დადებითად წარმოაჩინა, რომ სწორედ ამან გვიბიძგა საკითხის აღნიშნული კუთხით დამუშავებაზე. ავტორი ბერძნების საბრძოლო თვისებების დახასიათებისას იყენებდა ისეთ ეპითეტებს როგორებიცაა: „სუსტი“, „ქალაჩუნა“, „ქალური ბუნების მქონე“. ქვემოთ ჩვენ გავაანალიზებთ იმ მოცემულ მონაკვეთებს, რომლებშიც ავტორი ბერძენთა ამ თვისებებზე მიუთითებდა. ის ბერძნების „უძლურებასა“ და „ლაჩრობას“, ერთგვარად  უპირისპირებდა ლათინების სიმამაცეს. ტვიროსელისთვის, კაცისთვის, რომელსაც განათლება ბოლონიასა და პარიზში ჰქონდა მიღებული, რომლისთვისაც რაინდული ღირებულებები და პრინციპები  ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ბუნებრივია, ის „მშიშრული“ და „ზარმაცული“ საქციელი, რომლითაც ბიზანტიელი ბერძნები გამოირჩეოდნენ, მიუღებელი იყო. ამიტომაც იყო, რომ ის ასეთ სიხარულს და გაოცებას გამოხატავდა, როდესაც იბერიაზე საუბრობდა.

უშუალოდ საკითხზე გადასვლამდე, ორიოდ სიტყვით გვინდა ხაზი გავუსვათ თვითონ იმ ტერმინებს, რომლებსაც უილიამი იყენებდა ბერძნების უარყოფითი მხარის წარმოჩენისას. წყაროში, ბერძნების სახის შექმისას, ის იყენებდა ორ სიტყვას  „Effeminatus“  და „Molles“[3]. „Effeminatus[4]“ – ლათინურიდან ითარგმნება, როგორც: ქალივით განაზებული, დასუსტებული, ქალური თვისებების მქონე კაცი, ზედმეტად მგრძნობიარე, არამამაკაცური სუსტი, გაქალაჩუნებული, გადიაცებული. „Molles“ პირდაპირი თარგმანი არის სუსტი, რბილი. წყაროს შესწავლის შემდეგ, მარტივი მისახვედრია, რომ ავტორი ამ ტერმინებს სინონიმებად იყენებს და კონტექსტიდან გამომდინარე, ბერძნების სისუსტე-სილაჩრეზე მიუთითებს. ასე მაგალითად, II წიგნის მე-4 თავში და XXII წიგნის მე-11 თავში ის იყენებს ტერმინ- „Mollis“-ს.  XV წიგნის მე-3 თავში კი-„Effeminatus“-ს, ხოლო ამავე XVII წიგნის მე-17 თავში გვერდიგვერდ იყენებს ორივე ტერმინს [William of Tyre, 1949: 1.11, 2.4, 15.3, 17.17, 22.11.]. ავტორისათვის ეს ორი ტერმინი ერთსა და იმავეს ნიშნავს და ბერძნების გადიაცებას გულისხმობს.

როდესაც ბერძენთა გაქალაჩუნების შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გამოვყოთ ის ორი პრინციპი, რომლითაც უილიამი აფასებდა მათ. ეს იყო:

1. ბერძნების უუნარობა (რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ საკუთარ ტერიტორიებს ვერ იცავდნენ);

2. ბერძნების გაქალაჩუნება  (ყოველდღიურ ცხოვრებაში).

საინტერესოა, რომ ორივე ასპექტში, ქართველები, ულიამის თვალში ბევრად უფრო მაღლა იდგნენ. ავტორმა პირველად, ბერძნების უუნარობაზე I წიგნში დაიწყო საუბარი [William of Tyre, 1943: 1: 11], როდესაც პეტრე მეუდაბნოესა  და იერუსალიმის პატრიარქის, სიმონის დიალოგზე მოგვთხრობს. პატრიარქი ამბობდა: „ჩვენ არ გვაქვს იმედი, ბერძნების იმპერიისგან რამენაირი დახმარების მიღების, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან ჩვენთან სისხლით. ასევე, ბევრად უფრო მდიდრები არიან. ისინი საკუთარ თავსაც კი ძლივს იცავენ. ბერძნების ძალა იმდენად დაკნინდა, რომ, თქვენო უკეთილშობილესობავ, [მიმართავს პეტრეს-თ.გ.] როგორც გაიგებდით, რამდენიმე წელში, მათ საკუთრი იმპერიის ნახევარიც კი დაკარგეს“ [William of Tyre 1949: 83.]. საინტერესოა, რომ სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, სადაც უილიამი ბერძნების სილაჩრეზე საუბრობდა, ეს გამოირჩევა იმით, რომ აქ ავტორი არ აკრიტიკებდა მათ. თუმცა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ჯვაროსნებმა იმპერიის კუთვნილ მიწაზე დადგეს ფეხი. ლათინებს ბერძნებისადმი უარყოფითი დამოკიდებულობა ყოველთვის ჰქონდათ და ამას უილიამი თავისი საქმის გასაკეთებლად იყნებდა. როდესაც ტვიროსელზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ის იყო არა მარტო ისტორიკოსი, რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიას აღწერდა, არამედ ის იყო  ჯვაროსნული ლაშქრობების[5] იდეოლოგი და თეორეტიკოსიც. ბიზანტიამ, რომელმაც ვერ შეძლო ქრისტიანული ქვეყნებისა და სალოცავების დაცვა, გარკვეულწილად, განაპირობა ლაშქრობების დაწყება. ეს კარგად ესმოდა უილიამს და ცდილობდა, აღმოსავლეთში ბიზანტიელების ლათინებით ჩანაცვლების ლეგიტიმური საფუძველი შეექმნა. ავტორმა სულ მცირე ექვს ადგილას მიუთითა ბერძნების უძლურებასა და „გაქალაჩუნებაზე[6].“ ამითი შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ არც ალბერტ აახენელთან და არც ფულხერიუსთან,  არ ვხვდებით იერუსალიმის პატრიარქის სიმონისა და პეტრეს საუბარს. ჩვენ კი ვიცით, რომ იმ პერიოდის ამბების დასადგენად, უილიამი ამ ორი ისტორიკოსის ცნობებს იყენებდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს საუბარი ავტორს თავისი ინტერპრეტაციით და მოვლენების უდავოდ კარგი ცოდნის შედეგად ჩაემატებინა, თუმცა ეს ჩვენი პირადი ვარაუდია და რაიმე სახის მტკიცებულება არ გაგვაჩნია გარდა ისტორიკოსის ინტუიციისა.

II წიგნის მე-4 თავში, ავტორი ორ ადგილას ახსენებდა ბერძნების სისუსტეს. ის აღნიშნავდა, რომ ბერძნების უუნარობის ერთ-ერთი გამოხატულება ის იყო, რომ მათ საკუთარი მიწების დაცვა არ შეეძლოთ. მისი სიტყვებით, ბულგარეთის მიწები, ისეთი ადგილები იყო, სადაც ნებისმიერ სასურველ საგანსა და საქონელს იშოვნიდა ადამიანი.  უილიამის დროს კი ეს ყველაფერი უკვე გაჩანაგებული იყო [William of Tyre, 1949: 121-122]. საინტერესოა, რომ ავტორი ამას ორ მიზეზს უკავშირებდა. მისი აზრით, იმპერიის გაღარიბება და დაკნინება გამოიწვია ბიზანტიელების „ცოდვილობამ“, ხოლო მათი ცოდვაში ჩავარდნა მას შემდეგ მოხდა, რაც ბერძნულმა დინასტიამ ბიზანტიის სამეფო ტახტზე ჩაანაცვლა ლათინური დინასტია. „ადგილობრივმა ბარბაროსებმა უმალვე აიღეს უპირატესობა მიწებზე, რადგან შეამჩნიეს ბიზანტიელების უძლურება“ [William of Tyre, 1949: 121]. მოცემულ მონაკვეთში უილიამს იმის თქმა უნდოდა, რომ ახალმოსული ბერძნები, თავიდანვე სუსტები და უღონონი იყვნენ.

„იქ, სხვა პროვინციებიც იყო იმავე მხარეში, არკადია, თესალია, მაკედონია და თრაკიის სამი პროვინცია, რომლებიც ასევე ჩართულნი იყვნენ საერთო უბედურებაში. ესენი იმ პროვინციებისგან შორის იყვნენ, რომლებიც ბერძნებმა, თავიანითი სისუსტის გამო, დაკარგეს. მოგვიანებითაც კი, მას შემდეგ რაც ბერძენმა იმპერატორმა ბასილიმ[7] დაიმორჩილა ბულგარელი ხალხი, არავის არ ჰქონდა უფლება დაესაკუთრებინა  ან დაემუშავებინა ის მიწები, რომლებიც მოშორებული იყო პროვინციას. ეს განსაკუთრებით იმ ადგილებს ეხებოდა, რომლებიც საზღვართან იყო ახლოს. იგივე სიტუაცია არის დღესაც“ [William of Tyre 1949: 122].  ამით, უილიამი თავის აუდიტორიას აჩვენებდა, რამდენად სუსტები და უძლურები იყვნენ ბერძნები. მიწებს მიწებზე კარგავდნენ და იმის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, საზღვართან ახლოს მდებარე მიწები დაემუშავებინათ.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე საინტერესოა, რომ ქართველებს, უილიამი სრულიად განსხვავებულად აღიქვამდა. ნაშრომის XI წიგნში [William of Tyre 1949: 490] ის წერდა: „ადრე იბერიელებს ეშინოდათ სპარსელების, თუმცა ახლა მათ ბევრად აღემატებიან როგორც ძალით, ასევე – სამხედრო გამოცდილებით. ამგვარად, სპარსელები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე შიშის ზარს სცემდნენ შორეულ სამეფოებსაც კი, ახლა იმითიც კი კმაყოფილდებიან, რომ დროებითი მშვიდობა ჰქონდეთ საკუთარი სამეფოს ფარგლებში“ [William of Tyre, 1943: 11:16].

ამ კონკრეტული ცნობიდან, უილიამის კარგი განათლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ სამართლიანად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის კარგად იცნობდა პოლიტიკურ სიტუაციას და XII საუკუნის საერთაშორისო ურთერთობებში საკმაოდ კარგად გახლდათ ჩახედული. ამგვარი დამოკიდებულება შემთხვევითი არ არის. სავარაუდოა, რომ უილიამი ქართველებს იცნობდა. მან არამარტო იცოდა ქვეყნისა და ხალხის შესახებ, არამედ უშუალოდ შეხებაც შეიძლებოდა ჰქონოდა მათთან. როგორც ვიცით, ტვიროსელი ამალრიკს I-ის დროს [8] ორჯერ იყო გაგზავნილი ბიზანტიაში დიპლომატიური მისიით. მას საკმაო ხანს მოუხდა კონსტანტინოპოლში ცხოვრება  და შესაძლებლად მიგვაჩნია, ვიფიქროთ, რომ იქ პირადი ურთიერთობისა და დაკვირვების შედეგად შექმნოდა ეს აზრი ქართველებზე.  ასევე, ამ აზრს გვიმტკიცებს ის, თუ როგორ მოიხსენიებდა უილიამი ქართველებს: „ღმერთმა მოწყალე თვალით გადმოგვხედა, ჩვენი ტანჯვა შეამსუბუქა და სპარსთა თავდაჯერებული თავხედობის წინააღმდეგ აღაზევა სპარსთა მეტოქე სამეფო, იბერიის სახით. ღვთის წყალობით, თავიანთი შეუწყვეტელი წარმატებით გაძლიერებულმა იბერიამ, გაანადგურა სპარსეთის სიამაყე“[William of Tyre, 1943: 11:16].  XI წიგნი ბალდუინ I მეფობის შესახებ მოგვითხრობს, ეს კი ქრონოლოგიურად 1100-1118 წლებში იყო, შესაბამისად, 1054 წლის დიდი ქსიზმა უკვე მომხდარი იყო და, რა თქმა უნდა, ისეთი განათლების მქონე კაცისთვის, როგორიც უილიამი იყო, ბუნებრივია, ცნობილი იქნებოდა, რომ ქართველები ქრისტიანობის ბერძნულ ტრადიციას მისდევდნენ[9]. ეს, ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა თეოლოგიური განათლება, შეიძლება არც კი ჰქონოდა გააზრებული და გაცნობიერებული, ხოლო  სასულიერო წოდების მქონე კაცისთვის ეს შეუმჩნეველი არ  დარჩებოდა. შესაბამისად, უილიამი ქართველებზე წერის დროს ითვალისწინებდა როგორც რელიგიურ, ასევე –პოლიტიკურ კონტექსტს. ყოველივე ზემოაღნიშნული ჩვენთვის არგუმენტია უილიამის ქართველებისადმი დადებითი დამოკიდებულების წარმოსაჩენად. უფრო მეტიც, უილიამს, ალბათ, ამ განწყობას უფრო ისიც შეუქმნიდა, რომ ქართული სახელმწიფო, ბიზანტიის მსგავსად, ლათინებთან არ დაობდა თეოლოგიურ  დოქტრინებზე. ჯვაროსნული ომების ხანაში აღმოსავლელ ქრისტიან მოკავშირეებს შორის საქართველო დასავლელი რაინდებისათვის უპირობო მოკავშირე იყო და ქართველები ქრისტიანობას არ უყურებენ  ვიწრო პრიზმიდან. ჩვენი აზრით, ავტორისთვის ქართველების მიმართ დადებითი განწყობის გამოსახატავად  ეს ფაქტი ამოსავალი წერტილი იქნებოდა. ქართველებს, განსხვავებით ბერძნებისგან,  „ფილიოკვეს“ საკითხი არ მიაჩნდათ მნიშვნელოვნად, ბიზანტიამ კი მთელი საიმპერატორო პოლიტიკა გადააყოლა ამ თეოლოგიურ დავას. ჩვენი ეს ზოგადი დასკვნა კიდევ ერთი არგუმენტი უნდა იყოს უილიამ ტვიროსელის ქართველებისადმი დადებითი დამოკიდებულების გასაგებად.

  ლათინი ისტორიკოსი ქართველებში ხედავდა იმ ჯვაროსნულ სულსა და სამხედრო ხელოვნებას, რომელიც ასე მისაღები იყო მისი რაინდული მენტალიტეტისათვის. ტვიროსელისთვის ბევრად უფრო ახლობელი  ვაჟკაცური სულისკვეთების იყო იბერია, თავისი ბიზანტიური ტრადიციით (უნდა გავიგოთ მართლმადიდებლური მრწამსით), ვიდრე ასევე მართლმადიდებელი (თუმცა სქიზმაში მყოფი) „ქალაჩუნა“ ბიზანტია. ჩვენი აზრით, ამიტომ მოიხსენიებს ავტორი  ქართველებს, როგორც „Robustos Viribus“ – „მამაც კაცებს“ და „Multa Strenuitate Commendabiles“ – „ძალიან ძლიერებს სამხედრო საქმეში“.

  საინტერესოა, ასევე პარალელი გავავლოთ ბიზანტიელებისა და ქართველების თავდაცვის უნარიანობას  შორის. როგორც იერუსალიმის პატრიარქი სიმონ II და თვით უილიამი ამბობდნენ, ბიზანტიამ რამდენიმე წელიწადში სამეფოს ნახევარი დაკარგა. ამის მიზეზად ავტორმა ბერძნების „გაქალაჩუნებასა“ და საომარი თვისებების დაძაბუნება დაასახელა. მაშინ, როდესაც ქართველებმა, განუწყვეტელი ბრძოლის შედეგად, სპარსელებს, არამც თუ ძალა გამოაცალეს, არამედ სხვა ქვეყნებს აღმოსავლეთში საშუალება მისცეს შვებით ამოესუნთქათ. აქ ჩვენ ბიზანტიის საპირისპირო სახეს ვხედავთ.  ემჩნევა, უილიამს გააზრებული ჰქონდა ის ფაქტი, რომ ქართველებს განსხვავებით ბერძნებისგან, ზუსტად ესმოდათ ჯვაროსნული ლაშქრობის იდეის აზრი. უილიამი ქართველებს ჯვაროსნებს არ უწოდებდა, ეს ბუნებრივიცაა, რადგან უშუალოდ იერუსალიმის გასათავისუფლებლად ქართველები არ წასულან, მაგრამ აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ მათ სხვა სამეფოები გადაარჩინეს სპარსთა ტყვეობას და ამოსუნთქვის საშუალება მისცეს მათ [William of Tyre, 1943: 11:16]. უილიამი ქართველებში ხედავდა აღმავალ ქრისტიანულ სახელმწიფოს, რომელსაც წმინდა მიწის დასაცავად ჯვაროსნების მოკავშირედ აღიქვამდა, ხოლო მათი ბრძოლა ჯვაროსანი რაინდების სადარი თვისებების მატარებელი იყო. ამ პერიოდის ქართველების დახასიათებაში, ავტორი ნამდვილად ზუსტი და ობიექტური იყო.

 

 


[1] უილიამ ტვიროსელის წყაროს ზღვის მიღმა სამეფოთა ისტორიის შემოკლებული ფორმა.

[2] კერძოდ, იბერიის შესახებ.

[3] ასევე ვხვდებით სხვა სიტყვებს, რომლებიც ითარგმნება როგორც სუსტი. თუმცა უმრავლეს ადგილას ეს ორი ტერმინი განსაზღვრავს ბერძნებს.

[4] ტერმინების ამგვარ გამოყოფაა მოცემული ლუკა პოლიარიჩთანაც.

[5] ამ ნაშრომს, როდესაც წერდა ტვიროსელი, ჯერ მხოლოდ პირველი ორი ჯვაროსნული ლაშქრობა იყო მომხდარი.

[6]აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მათგანი გარდა ერთისა  1182 ლათინთა ხოცვა-ჟლეტამდელ პერიოდს განეკუთვნება.

[7] ბასილ II ბულგართმმუსვრელი ბიზანტიის იმპერატორი 976-1025 წლებში. თანამედროვეები ბასილ უმცროსს და ბასილ პორფიროგენეტს უწოდებდნენ, რათა განესხვავებინათ მისი წინაპრის ბასილ მაკედონიელისგან. მისი მმართველობის პირველი ეტაპი იყო დომინირებული სამოქალაქო ომებით მცირე აზიაში, რომლის ჩახშობა მან მოახერხა. ამის შემდეგ იმპერიაში მშვიდობა დამყარდა. მუდმივი ომების მიუხედავად, მან თავი გამოიჩინა როგორც ძლიერმა მმართველმა და გააფართოვა ბიზანტია. ბასილმა 40-წლიანი ომი გააჩაღა ბულგარელების წინააღმდეგ. ომში გამარჯვების შედეგად მთლიანად დაიმორჩილა და იმპერიას მიუერთა ბულგარეთის იმპერია. მისი ბრძანებით, ბიზანტიელებმა 15 ათასი ბულგარელი ტყვე დააბრმავეს. ამ სისასტიკის გამო იმპერატორს „ბულგართმმუსვრელი“ (იგივე ბულგართმჟლეტი) უწოდეს. ბასილის წყალობით 1018 წელს ბულგარეთი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

[8] იერუსალიმის მეფე 1163-1174 წლებში.

[9] მართლმადიდებლები იყვნენ.

ლიტერატურა

Comnena A.
1969
The Alexiad, Dr. Edgar R. A. Sewter. Harmondsworth: The Penguin Classics. 1st edition.
Latin Edition
2010
Historia Rerum in Partibus Transmarinis Gestarum: Libri I - XII (). CreateSpace Independent Publishing Platform.
თვარაძე ალ.
2008
იბერები გიიომ ტიროსელის ქრონიკაში საქართველოს შუასაუკუნეების ისტორიის საკითხები, N. 9.
*
1977
История крестовых походов в документах и материалах.
Abulafia D.
The New Cambridge Medieval History. Volume 5: c.1198–c.1300. Cambridge University Press.
Cambridge University Press.
2015
The New Cambridge Medieval History: Volume 4. c.1024-c.1198. Part 1. Reprint edition.
თინიკაშვილი დ.
2015
ქართველებისა და დასავლეთ ევროპელთა რელიგიურ- პოლიტიკური ურთიერთობა XI-XIII საუკუნეებში, სადისერტაციო ნაშრომი.
Latin Edition
2010
Historia Rerum in Partibus Transmarinis Gestarum: Libri XIII – XXIII, Createspace Independent Publishing Platform.
William of Tyre
1943
A History of deeds done beyond the sea, Vol. 1. Columbia University Press.
William of Tyre
1943
1943 A history of deeds done beyond the sea, Vol. 2 Columbia University Press.
Brand Charles M.
1968
1968 Byzantium Confronts the West, 1180-1204, Harvard University Press
Devis Ralph H. C.
1973
1973 William of tyre, In Relations between East and West in the Middle ages, ed. Derek Baker, 64-76, Edinburgh, Edinburgh University Press.
Abulafia D.
2008
2008 The New Cambridge Medieval History,Volume 5: c.1198–c.1300, Cambridge University Press.
Edbury P. W., Rowe J. G.
1988
1988 William of Tyre: Historian of the Latin East, Cambridge; New York: Cambridge University Press.
Knight J.
2001
2001 Middle Ages: Primary sources, UXL.
Magdalino P.
1993
1993 The Empire of Manuel IV Comnenos 1143-1180, Cambridge, Cambridge Universrity Press.
Melicharova P.
2004
2004 William Of Tyre: Shaping of anti-byzantine sentiments in the period preseding the fourth crusade, Studia historica Brunensia, vol. 53.
Price J
2005
2005 An Analysis of the Strategy and Tactics of Alexious I Komnenos, MA thesis, Texas Tech University.
Riley-Smith J.
2009
2009 The First Crusade and the Idea of Crusading (The Middle Ages Series), University of Pennsylvania Press.
Riley-Smith J.
1994
1994 The Oxford Illustrated History of the Crusades (Oxford Illustrated Histories),Oxford University Press
Riley-Smith J.
1998
1998 The First Crusaders, 1095-1131,Cambridge University Press.
Riley-Smith J.
2002
The Oxford History of the Crusades,Oxford University Press
Riley-Smith J.
2006
The Crusades: A History, Yale University Press; 2 edition
Špoljarić L.
2015
William of Tyre and the Byzantine Empire: The Construction and Deconstruction of an Image, Master thesis, CEU, 2008.

2015
The New Cambridge Medieval History: Volume 4, c.1024-c.1198, Part 1, Reprint edition.
Заборов М. А.
1980
Крестоносцы на Востоке, М.: Наука.
История крестовых походов в документах и материалах
1977
ред. М. А. Заборов. М.: Высшая школа.