სანდრო ცირეკიძის შეხედულება მინიატურული ჟანრის შესახებ

სანდრო ცირეკიძის შეხედულება მინიატურული ჟანრის შესახებ

 

მინიატურას გააჩნია გარკვეული სიუჟეტური ქარგა. არა ისეთი მასშტაბური, როგორც მოთხრობას ან მით უფრო რომანს, მაგრამ მაინც გააჩნია. ნაწარმოების სიუჟეტი მარტივია, რომელიც მოქმედების პროცესში თანდათნობით კი არ იშლება, როგორც ეს მოთხრობაში ან რომანში ხდება,  არამედ მოკლე თხრობის მეშვეობით და  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მწერლის ოსტატობას. ლაკონიზმის მუხედავად, მკითხველში იწვევსგარკვეულ ილუზიას დროისა და სივრცის შესახებ, რასაც ავსებს პაუზები და ქვეტექსტები. ეს მინიატურის ერთერთი არსებითი ნიშანია. ამიტომ შემთხვევითი არ არის სანდრო ცირეკიძის აზრი:,,მინიატურა წერტილებით იწერება. იმას ზანტი, მოზoმილი ხატვა უნდა... სადაც მინიატურაზე ფიქრობენ, იქ ცხოვრების ფერადი კარუსელი ისე უნდა ბრუნავდეს, როგორც არსად სხვაგან“ [ქართული მინიატურული პროზა, 1992:13].

 

თუმცა, როგორც სანდრო ცირეკიძე წერდა, ,,მინიატურის ფორმა არ შობილა ევროპაში, მისი აკვანი, როგორც ბევრი სხვა ფორმისა, აღმოსავლეთში დაირწა პირველად“ [ცირეკიძე, 1919: 21].

 

ლიტერტურული მინიატურის ძირები მართლაც უძველეს დროშია საძიებელი. ამ ჟანრის წარმოშობისა და შემდგომი მისი განვითარების საფუძველს ქმნიდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, მცირე ფორმის იგავები თუ ფოლკლორული თხზულებები.

და, როგორც ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, მისი სამშობლო მაინც სპარსეთია-მინიატურა სათავეს სპარსული ლიტერატურიდან იღებს.

 

საინტერესოა  დაწვრილებით განვიხილოთ თავად სანდრო ცირეკიძის  ლიტერატურული შეხედულებანი და, კერძოდ კი, თვალსაზრისი ამ ჟანრის თაობაზე. სანდრო ცირეკიძე, რომელიც ბოლომდე ერთგული იყო სიმბოლიზმის ესთეტიკური პრინციპებისა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა რიტმულ პროზას და ამ მხრივ მინიატურა მიაჩნდა სავსებით შესაფერის ფორმად, პოპულარულ ლიტერატურულ ჟანრად და კმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ,,ეს ფორმა ყველაზე უფრო შეიყვარა აწინდელმა ქართულმა ბელეტრისტიკამ“[ქართული ლიტერატურული ესსე, 1986:140]. ამასთან, უკმაყოფილოა იმით, რომ მას თანამედროვეთა შორის ზოგიერთი სათანადოდ  არ აფასებს.

 

მწერალი ამ ჟანრის ჩასახვას არ უკავშირებს ახალ ეპოქას ან ერთ რომელიმე ლიტერატურულ მიმართულებას. ის ერთგვარი გულისტკივილით წერს: ,,მეოცე საუკუნეში ყველაფერს მიზეზი უნდა მოეძებნოს და ჩვენში მინიატურასაც მოუნახეს მიზეზი. მის გენეზისს ელექტრონის ტრამვაის უკავშირებენ და ამბობენ: ევროპაში ელექტრონის და მოტორის ხანაა; იქ ცხოვრების ტემპი ძალზე აჩქარდა, გრძელი ამბებისთვის, დიდი მხატვრობისათვის აღარავის სცალია, ბუნებრივია, რომ ევროპაში მინიატურის წერა დაიწყეს რომანების მაგივრადო. დასძენენ: ჩვენში ცხოვრება ჯერ საკმაოდ ნელია, აქ მინიტურა ანორმალური მოვლენაა, ჩვენ ჯერ რომანები უნდა ვწეროთო. არაა ეს მართალი“ [ქართული ლიტერატურული ესსე, 1986: 140 ].

 

როგორც აღვნიშნეთ, სანდრო ცირეკიძე შეცდომად თვლის  მინიატურის ჟანრის დაკავშირებას ერთ რომელიმე ლიტერატურულ დაჯგუფებასთან და გადაჭრით აცხადებს: ,,მინიატურა ფორმაა, ისე როგორც რომანი, ტროლეტი, სონეტი. შკოლას უმთავრესად ახასიათებს წერის მანერა და არა ფორმა. სონეტებს  წერდნენ კლასიკებიც, პარნასელებიც, სიმბოლისტებიც; და არავის მოსვლია ფიქრად სონეტის ავტორები ერთ რკალში, ერთ სახელში მოემწყვდია. პეტრარკა, პრიუდომი და მალარმე არ არიან ,,შკოლის მოზიარენი“[ქართული ლიტერატურული ესსე, 1986: 145].

 

ევროპაში ან ჟანრის განვითარებას სანდრო ცირეკიძე უკავშირებს შარლ ბოდლერის, სტეფან მალარმეს, კატულ მენდესის, ოსკარ უაილდის, ილიე დე ლილ ადანის, ხოლო რუსეთში – ტურგენევისა და რემიზოვის სახელებს, მაგრამ მიაჩნია, რომ მინიატურის ფორმა არ შობილა ევროპაში. მისი აკვანი, როგორც ბევრი სხვა ფოrმის, აღმოსავლეთში დაირწა პირველადო. იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ჟანრი ყველაზე უფრო მხატვრობაშია ცნობილი და დასძენს: ,,დიდიხანიაადიდებენსპარსულმინიატურებს. დასწორედაღმოსავლეთშიუნდაშობილიყომათიმინიატურიზმი, მიკროსკოპიზმი. დიდსურათსუნდაფართო, გაბედული კალმის მოსმა. ეს შეიძლება ჩქარ ქვეყნებში. მინიატურა წერტილებით იწერება. იმას ზანტი, მოზომილი ხატვა უნდა. მინიატურას მოცლილი სპარსელი უნდა ხატავდეს შუადღისას ჭადრის ჩრდილში. მონასტრის მშვიდ კედლებში ხატავდნენ მინიატურებს გელათის სახარებისთვის. სადაც მინიატურაზე ფიქრობენ, იქ ცხვორების ფერადი კარუსელი ისე ნელა უნდა ბრუნავდეს, როგორც არსად სხვაგან: მინიატურული ფორმა აღმოსავლეთის კანონიერი შვილია და ევროპაში ის მოგზაურობს მხოლოდ“ [ქართული ლიტერატურული ესსე, 1986: 147].

 

ასე განსაზღვრავს ჟანრის თავისებურებას სანდრო ცირეკიძე, რომელშიც, უდავოდ, შენიშნულია მინიატურის ზოგიერთი დამახასიათებელი ნიშანი. მისი აზრით, მინიატურიზმის გზა ძნელი, რთული გზაა. მას ადარებს ბეწვის ხიდს, რომელზეც წარმატებით გავლა არაა მხოლოდ რჩეულთა ხვედრი, არამედ – დროის მოთხოვნაც, რადგანაც ,,გრძლად“  თქმა, შედარებითი და აღწერითი ასახვა საგნებისა აღარ აკმაყოფილებს კულტურით დატვირთულ ადამიანს.

 

მეტაფორა თანდათან ფასდება და შეიძლება მინიატურიზმის გზას რომანიდან სათაურთან მივყავდეთ. შეიძლება წიგნების მაგივრად სათაურების წერა დავიწყოთ. ამის ნიშნები უკვე დადსტურებულია  ლიტერატურაში. მაგალითად შეიძლება დავიმოწმოთ ვალერი ბრიუსოვიც: ,,ო, დაფარე შენი მკრთალი ფეხები“.

რუსი ფუტურისტები კიდევ უფრო შორს წავიდნენ, ცარიელ ქაღალდებს ყიდდნენ წიგნებად.

 

მწერალი ცდილობს ამ უკიდურესს თვალსაზრისს ერთგვარი დასაბუთება მოუძებნოს  და ასეთ არგუმენტს იშველიებს: თუ ავტორი სათაურში რეზიუმეს უკეთებს მთელ ნაწარმოებს, მთელ წიგნს, მაშინ სათაური არის შემოქმედების მთავარი მომენტიო. მისი თქმით, ,,პოეტის მთელი ხელოვნება, მისი კულტურა სათაურს დააჩნდება პირველად. ის სახეები და ის სახელები, რომლებიც აწუხებენ პოეტს, პირველად მის სათაურში უნდა ვეძიოთ[ქართული ლიტერატურული ესსე, 1986: 149].

 

ბოდლერი: ,,ბოროტების ყვავილები“, ,,დონ ჟუანი ჯოჯოხეთში, ,,პარიზის სიზმარი“, ,,დედაბერები“, ,,ბრბო“, ,,ქვრივები“, ,,ბებერი პაიაცი“, ,,ნახევარი სამყარო თმებში“, ,,მოპატიჟება სამგზავროდ“,  ,,მთავრის საჩუქრები“, ,,ლიტანია სატანას“. ამ შემთხვევით ამოწერილ სათაურებშიც კი ცნაურდება ავტორი, რომელმაც შეხედა ქვეყანას ახალი ასპექტით და მოიტანა ახალი სახელები. ჟიულ ლაფორგის ირონია და მოწყენა, მისი კვირა დღეები ასე განათებულია მის ჩივილებში: ,,ჩივილი ორგანისტის წმ. ღვთისშობლის ეკლესიაში ნიცცაში“, ,,ჩივილი პროვინციულ მთვარეს“, ,,მაღალი ფიჭვების ჩივილი მიტოვებულ ვილლაში“, ,,სამგლოვიარო მარში მიწის სიკვდილზე,“, ,,ზამთრის დაისი“, ,,ახალი მთვარის ლიტანია“, ,,მთვარის სოლო“, ,,კვირადღეები“, ..კეთილი შემოდგომა“, და ყველა ერთად ,,ფეერიული სომბორო“. მარტო სათაურებიც რომ დაეტოვებინა ჟიულ ლაფორგს, მისი პოეზია ჩვენთვის მაინც იქნებოდა  ძვირფასი და გასაგები.

 

ცირეკიძის აზრით, მარტო სათაურების მიხედვით თითოეულ ავტორზე შეიძლება დაიწეროს სპეციალური გამოკვლევებიც, რომლებშიც წარმოჩენილი იქნება მწერლის გრძნობათა მოძრაობა, მისი განწყობა და მიზანდასახულობა. თანაც ეს მეთოდი იმითაც არის გამართლებული, რომ ახალ ეპოქაში წიგნთსაცავები ვეღარ იტევს გამოცემულ ლიტერატურას, ძნელი დასამახსოვრებელი გახდა მწერალთა სახელებიც, რომელთა წიგნების შინაარსის შეცნობა აღემატება ერთი ადამიანის სიცოცხლის შესაძლებლობებს. წერის მანერის შეცვლასთან ერთად, შეიძლება შეიცვალოს კითხვის მეთოდიც. ამიტომ ფიქრობს, რომ მომავალში მხოლოდ სათაურების ცოდნა იქნება სავსებით საკმარისი  ნებისმიერი ერუდიტისათვის.

 

საინტერესო, ფართო ინფორმაციის შემცველი სათაურების კულტურით, სანდრო ცირეკიძის თქმით, ჩვენი მწერლობა ღარიბია. ასეთი რამ კანტი-კუნტად გვხვდება და შემთხვევით ხასიათს ატარებს. ამ მხრივ გარკვეულ სიახლეებს ის ,,ცისფერყანწელებს“ უკავშირებს და სჯერა მომავალში ამ საქმის წარმატებისა.

 

 საერთოდ, სანდრო ცირეკიძე მსჯელობს რიტმული პროზის ანუ, როგორც თავად უწოდებს, პოეტური პროზის ტრადიციებზე ქართულ მწერლობაში და უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ,,ქართულმა პოეტურმა პროზამ დღემდე ვერ იპოვა მკითხველი და დეკანოზიშვილის მინიატურები ყოველდღიური პრესის ფურცლებზე იკარგებიან“. ეს მაშინ, როცა ევროპასა და რუსეთშიც მას დიდი რეზონანსი აქვს და დიდი ფორმების გვერდით ვითარდება მცირე ფორმის პროზაული ჟანრები. იგი ამის მაგალითად ასახელებს ევროპაში სტეფან მალარმეს, შარლ ბოდლერს, ოსკარ უაილდს, რუსეთში ანდრეი ბელის. მას საქართველოში რიტმული პროზის ნიმუშებად მიაჩნია ნიკო ლორქთიფანიძის, არისტო ჭუმბაძისა და სხვათა ნაწარმოებები.

 

გაზეთ ,,ბახტრიონის“ 1922 წლის 21-ე ნომერში სანდრო ცირეკიძე აქვეყნებს წერილს – ,,რიტმი პროზაში“. ის წარმოადგენს ფრაგმენტებს, სადაც კარგად ჩანს ავტორის დამოკიდებულება რიტმული პროზისადმი. რიტმს ის განიხილავს ფართო პლანში და, საერთოდ, მიაჩნია ხელოვნების ,,პირველ სამკაულად“ და თვლის, რომ, ლექსის რიტმისაგან განსხვავებით, „სხვაა რიტმები მთველმავი პროზაში“ და ,,წინადადებაში სიტყვების თავისებური დალაგების გამეორება ქმნის რიტმს გრძელს, მაგრამ სათუთს“[ქართული ლიტერატურული ესსე, 1986: 140 ].

რიტმი ერთმანეთთან აახლოებს პოეზიასა და პროზას, რადგანაც ის ,,ქმნის მარადიულის სიახლოვის ილუზიას, მიზომილ ინერციას, სულს განაწყობს მაღალისათვის, დაუსრულებლისათვის, საზღვრების გადალახვისათვის“. ამასთან, ,,პროზას ლექსზე უფრო უყვარს კიდევ ერთი კანონი-გამონაკლისები კანონებიდან. უცნაური მშვენებაა რიტმის ერთნაირ დენისას მის მოულოდნელ დარღვევაში“. ამიტომ ის მოითხოვს რომ ,,ლიტერატურაში უნდა მოვიდეს მკრთალი მშვენიერება პროზაში დაფარული რიტმებისა“ [ცირეკიძე,1919:23].

 

სანდრო ცირეკიძე ეხება რიტმის მონაცველობის საკითხს და ბგერათა გარკვეული ჯგუფების ინტენსიობას. ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და დასძენს, რომ  ,,თანხმოვნების ინტენსივობისა და ფერადოვნების რიტმი ჩუმია, მარგალიტივით მკრთალი და მშვიდი“. ამავე დროს თვლის, რომ ამ რიტმს ყველა როდის აღიქვამს: ,,მეტად მახვილი სმენა უნდა, რომ აითვისო წყნარი, მგლოვიარე დენა თანხმოვნების: ერთი ინტენსივობის და მგვანი ტონალობის ბგერები ხვდებიან ერთმანეთს მეზობლების აღმართ-დაღმართებში და სულის ქანაობას აბრუნებს ერთ სწორ ხაზზე მუსიკის ლეიტმოტივით“ [ქართული ლიტერატურურული ესსე, 1987; 107].

 

როცა რიტმულ პროზაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ფრანგი სიმბოლისტები შარლ ბოდლერი და სტეფან მალარმე, რომლებიც თამამად მიმართავდნენ პროზის ამ სახეობას და დიდი წარმატებითაც. მით უფრო, როგორც აღვნიშნეთ, ამ სფეროში მათ ღვაწლზე თავად მიუთითებს სანდრო ცირეკიძე.

საერთოდ, ქართველ სიმბოლისტთა შემოქმედებაზე ბოდლერისა და მალარმეს ზეგავლენას არა ერთი მკვლევარი აღნიშნავს. ამ გარემოებას ჯერ კიდევ ადრე, 1922 წელს, გაზეთ ,,ბარიკადის“ მე-4 ნომერში სანდრო ცირეკიძესადმი მიძღვნილ წერილში ვალერიან გაფრინდაშვილი შეეხო, როცა წერდა: ,,ცირეკიძემ უთუოდ გაიარა ბოდლერისა და მალარმეს სკოლა. მაგალითად, მის შესანიშნავ ,,მთვარეულში“ არის შორეული გავლენა ბოდლერის ,,მთვარის საჩუქრებისა“ [ქართული ლიტერატურული ესსე, 1987: 116].

 

ა. გომართელის თქმით, ,,სტილის სიფაქიზით და პოეტურობით სანდრო ცირეკიძის მინიატურები ბოდლერისა და მალარმეს პოეტურ პროზას მოგვაგონებს... გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ სანდრო ცირეკიძის პოეტურ პროზაში მართლაც არის განხორციელებული ფრანგი სიმბოლისტის განზრახვა. ,,მთვარეულები“ გადმოგვცემენ მისი სულის მოძრაობასა და ოცნების ქროლვას. პოეტურობა ფრაზის სინატიფით მიიღწევა – საგანგებოდ შეღწეული მეტრისა და მკვეთრი რიტმის გარეშე“ [გომართელი,1991:6].

 

მწერალი მტკიცედ მისდევს ბოდლერის აზრს, რომელიც მან გამოთქვა თავისი ,,პარიზის სპლინის“ წინათქმაში, სადაც ის აცხადებს: ,,რომელ ჩვენგანს არ ჰქონია ამბიციური ოცნება პოეტური პროზის სასწაულის შექმნისა, რომელიც მუსიკალური იქნება. მეტრისა და რიტმის გარეშე, ამასთან იმდენად მოქნილი, რომ გადმოსცემს ლირიულ მოძრაობებს სულისას, ოცნების ქროლას, სინდისის ქენჯნას?

 

დიდი ქალაქის ცხოვრებასთან ზიარება, მის მრავალფეროვან გამოვლინებებთან შეხლა, – აი, საიდან იშვის, ძრითადად, ეს აკვიატებული ოცნება, ნუთუ არ გიცდიათ, ძვირფასო, სიმღერით მიბაძვა მუშების გამყინავი ხმისათვის და გადმოცემა ლირიკულ პროზაში იმ სევდისმომგვრელი განწყობილებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში ეს ძახილი, მანსარდებამდე რომ აღწევს ქუჩის ქსელი ნისლიდან?“ [ბოდლერი,1991: 6].

 

როგორც ვხედავთ, სანდრო ცირეკიძის თეორიული შეხედულება მინიატურაზე აშკარა ნათესაობას ამჟღავნებს ბოდლერის თვალსაზრისთან, რაც შემთხვევითი არ არის. ვალერიან გაფრინდაშვილი შენიშნავდა, ,,რომანი ცირეკიძემ მინიატურად აქციაო“. შეიძლება ითქვას, ამის ილუსტრაციას წარმოადგენს მისი მინიატურა ,,რომანი“, რომელიც ა. გომართელის მართებული შენიშვნით ,,გამოძახილია სანდრო ცირეკიძის თეორიული შეხედულებისა ეპიკური ჟანრის კვდომის შესახებ და მინირომანის დამკვიდრების მწერლისეულ წადილზე მიგვანიშნებს“ [გომართელი,1991:45]. მართლაც, ეს მინიატურა სხვებთან შედარებით ვრცელია, მაგრამ ამბავი, რომელიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ ფრაზებადაა დაშლილი, მხოლოდ წარმოსახვაში აღადგენს ეპიკური სურათის მთლიანობას.

 

მინიატურა, როგორც ჟანრი, იყო სანდრო ცირეკიძის  შემოქმედების სტიქია, რომლის დამკვიდრებისათვის იღვწოდა ის არა მარტო თავისი მხატვრული პრაქტიკით, არამედ – თეორიულადაც. ამას კარგად ხედავდნენ და სათანადოდ აფასებდნენ კიდეც მისი თანამედროვენი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პროზაში იმ დროს ეს ფორმა დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, ჰყავდა თავისი მოწინააღმდეგები. მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერილ წერილში შალვა დადიანი აღნიშნავდა: ,, ის იყო ნამდვილი მინიატურისტი ამ სიტყვის უზენაესი მნიშვნელობით. იგი უფრთხოდა დიდ ქვებს, დიდ მარმარილოს, დიდ ბრინჯაოს გამოსაკვეთად, მაგრამ მისი სევდიანი რევადო კეთილშობილ გიშერზეოსტატურად ამოჭრილი, მისი კაეშნიანი ზარნიში მოელვარე ოქროზე მიმოვლებული, ქარვა და მარგალიტი და სხვა პატარა ლითონები ქალწულად ჩამორიგებულნი მის ჩუქურთმებში იყო დიდი ნახელოვნევი, იყო ამ ნაზ ჭურჭლის ჰაეროვანი წართქმა“.[ქართული ლიტერატურული ესსე, 1986: 137 ].

 

ასევე საყურადღებოა ჟურნალ ,,კავკასიონის“ 1924 წლის 1-2 ნომერში დაბეჭდილი ალი არსენიშვილის წერილი, რომელშიც დახასიათებულია სანდრო ცირეკიძის შემოქმედება. მისი მინიატურების გამოჩენას ქართულ მწერლობაში ადარებს დიდი განცდით ნაკურთხ წუთებს, როდესაც ,,ოსტატის სული პირველად შეარხევს მშვენიერების ხარბ მზვერავის მთვლემარე სულს“. ასე სანდრო ცირეკიძის ,,გობელენურმა ქსოვილებმა უეცრად გაახარა მისი პირველი მკითხველები თავის ფერწასულ იდუმალებით“, მაგრამ ხანმოკლე სიცოცხლემ არ მისცა საშუალება ბოლომდე განევითარებინა თავისი ოსტატობაო. მისი რწმენით, მწერალი იბრძოდა ,,პროზისა და პოეზიის საზღვრების აღმოჩენისათვის...და თავისი სუსტი ბეჭებით მან მოინდომა უმძაფრეს და ურთულეს ლიტერატურულ პრობლემების აწევა“, რასაც განხორციელება არ ეწერა. თუმცა ,,მისი პოეზია დარჩა როგორც გაწყვეტილი და დაუსრულებელი სევდა ზღაპრისთვის“[ცირეკიძე, 1919:32].

 

ალ. არსენიშვილის წერილიდან ჩანს სანდრო ცირეკიძის როლის შეფასება ქართული მინიატურული პროზის განვითარებაში. მაგრამ, ამავე დროს, არ არის გაზიარებული მისი ზოგიერთი შეხედულება, კერძოდ, ,,ამაო იმედი მარტო სათაურით დამშვიდებისა“.

 

მინიატურული ჟანრის საუკეთესო წარმომადგენელმა სანდრო ცირეკიძემ  თავისი ესეებით გაამდიდრა ქართველ სიმბოლისტთა თეორიული წარმოდგენები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. მან, ერთი მხრივ, გააგრძელა ქართული კლასიკური პროზის ტრადიცები, მეორე მხრივ, ხორცი შეასხა ახალ პოეტურ შეხედულებს, რომლებიც საკმაოდ მკვეთრად განსხვავდებოდა ტრადიციული მხატვრული აზროვნებისგან.

 

სანდრო ცირეკიძე ქართული მინიატურის ფუძემდებლად ვაჟა-ფშაველას მიიჩნევდა და წერდა, რომ ,,ყველაზე ადრე ჩვენში მინიატურიზმის გზას ვაჟა-ფშაველა დაადგაო“, ხოლო თანამედროვე მინიატურისტებად ნიკო ლორთქიფანიძე და ჯაჯუ ჯორჯიკია მიაჩნდა.

 

სანდრო ცირეკიძის შეხედულებები მინიატურულ ჟანრზე მეტად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მწერალმა გარკვეულად ჩამოაყალიბა მინიატურის მხატვრულ-ესთეტიკური პრინციპები და სცადა მინიატურა გაემიჯნა სხვა მცირე პროზაული ჟანრისაგან.

ლიტერატურა

აბულაძე მ.
1997
ლიტერატურული მიმდინარეობათა ისტორიიდან, თბილისი.
ჩხეიძე რ.
2000
ქართული მინიატურული პროზა, თბილისი ლიტერატურული თეორიის საფუძვლები, თბილისი.
ჯალიაშვილი მ.
1990
წარმოსახვა და რეალობა (სანდრო ცირეკიძის მინიატურების მიხედვით) ჟურნალი ,,მნათობი“ N12, თბილისი.
პაიჭაძე თ.
2018
მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა, თბილისი.
სიგუა ს.
2002
ქართული მოდერნიზმი, გამომცემლობა ,,დიდოსტატი“, თბილისი.

1919
ცირეკიძე ს.
1919 ს.
მინიატურა, თბილისი.
ჯალიაშვილი მ.
2006
ქართული მოდერნისტული რომანი(XX საუკუნის 20-იანი წლები), თბილისი.
ჯალიაშვილი მ.
1994
თაობიდან თაობამდე (მონოგრაფია სანდრო ცირეკიძესა და ქართულ სიმბოლიზმზე, ლიტერატურული წერილები, თბილისი.